Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ერთი მნიშვნელოვანი უზუსტობა ვახტანგ VI-ის პორტრეტთან მიმართებაში

There are no translations available.

გიორგი კალანდია
ქართული ფართო თუ სამეცნიერო საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი ქართლის სახელოვანი მეფის, ვახტანგ მეექვსის პორტრეტი, რომელიც 1709 წელს ტფილისში დაბეჭდილ სახარებაშია ჩართული. აქ ტახტზე მჯდომ ვახტანგს, რომელსაც ჯვრით გამშვენებული კვერთხი უპყრია, დაბალი, ორნაკეციანი მომრგვალებული ქუდი ახურავს, რომელიც წინიდან რაჟამითაა გაფორმებული. ამ ტიპის თავსაბურავს, სვეტიცხოველში, დედის წინ მდგარი ოტია დადიანის თავზეც ვხედავთ, თუმცა, ვახტანგისა უფრო გაევროპელებულია, ანაკეცებით წინ გახსნილი ქუდი ძალიან ჰგავს ევროპაში XVI საუკუნეში გავრცელებულ თავსაბურავებს. ფორმით ამ ტიპის, თუმცა, გაფორმებით განსხვავებული ქუდები ახურავთ ლუკას კრანახ უფროსის ნახატზე საქსონიის თავადს იოანეს (1468-1532) და ანოლო ბრონზინოს (1503-1572) მიერ დახატულ ახალგაზრდა ბიჭს. სახარებაში ჩართული პორტრეტი რომ მეფე ვახტანს ეკუთვნით, ეს შესაბამისი წარწერითაცაა გამყარებული: „ქ.მადიდებელი წმიდისა სამებისა ერთარსებისა, ძე გვარტომობით დავითაინ, სოლომონიან, პანკრატიონი. ძე ძირთაგან კეთილოვანთა, ძის ძე მეფეთა, გამგებელი ქართლისა, ბატონისშვილი ვახტანგ, მომღები ბეჭდის ამის, უფალო, დაიცევ ორთავე შინა ცხოვრებასა, მეუღლით, ძით და ასულით“.
საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ვირტუალურ სივრცეში, ცნობილია ვახტანგ მეექვსის კიდევ ერთი პორტრეტი, რომელზეც პირველი ინფორმაცია 1948 წელს „ლიტერატურული ძიებანის“ IV ტომში თორნიკე ჭყონიამ გამოაქვეყნა. ნახატის აღმომჩენი წერს, რომ „ვახტანგ მეექვსის ამგვარი სხვა პორტრეტი არ არის ცნობილი“. ტილოზე უკანა მხარეს წარწერა რუსულ ენაზეა გაკეთებული, რომლის მიხედვითაც გამოსახული პირის იდენტიფიცირება ხდება. წარწერაში ნათქვამია: „Вахтанг  VI  Царь Карталинский.“
1
აღმომჩენი აქვე განმარტავს იმ უხერხულობასა და შეუსაბამობას, რაც პორტრეტზე აშკარაა: „როგორ მოხდა, რომ ქართლის მეფე ვახტანგ VI რუსული სამეფო მანტიით არის გამოსახული?
როგორც ცნობილია, ვახტანგ VI მიღებულ იქნა რუსეთის მეფის კარზე სამეფო პატივით. ალბათ, ამ საზეიმო მიღებისას ებოძა მას რუსული სამეფო მანტია. სამხედრო დახმარების სათხოვნელად მისული ვახტანგ მეექვსე, ბუნებრივია, საზეიმო მიღების დროს გამოწყობილიყო რუსულ სამეფო მანტიაში.“
მკითხველს, ალბათ, გაუჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომაა ლოგიკური ქართლის მეფის რუსულ მანტიაში გამოწყობა?! თუმცა, ამაზე მოგვიანებით...
აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი, 1971 წელს წიგნში „ქართული ხელოვნების ისტორია“ პორტრეტთან დაკავშირებით წერს: „ვახტანგ VI დახატულია რუსეთის მეფეთა საზეიმო სამოსელში, რომელშიც  ჩვეულებრივ ხატავდნენ მეფე ალექსი მიხეილის ძეს. უაღრესად დამახასიათებელია ის გარემოება, რომ ვახტანგ VI გამოსახულია ძველი რუსული ფერწერის ტრადიციის... მიხედვით.“
ამდენად, შალვა ამირანაშვილის ამ ფრაზას კარგად თუ გავიაზრებთ, დავინახავთ რომ ქართლის სახელოვანი მეფე, რატომღაც, რუსეთის მეფეთა საზეიმო სამოსელში დაუხატავთ და ისიც, ძველი რუსული ფერწერის ტრადიციის მიხედვით.
2
პორტრეტის ყურადღებით შესწავლა და არსებული მასალის გაანალიზება საშუალებას გვაძლევს დანამდვილებით განვაცხადოთ, რომ დღემდე ვახტანგ VI-ის პორტრეტად მიჩნეულ ტილოზე სულ სხვა ისტორიული პირია გამოსახული. ეს აზრი ჯერ კიდევ 2019 წელს გაგვიჩნდა, როდესაც გამოსახული პირის სამოსი და გვირგვინი შევისწავლეთ, მაშინ ამ საკითხთან დაკავშირებით წიგნში „ქსოვილი საქართველოდან - ქართველთა თავსაბურავი“ ვწერდით: „ვახტანგს მარჯვენა ხელში ევროპული ტიპის კვერთხი უჭირავს, მარცხენა მკლავის უკან კი, წითელ ფონზე, ოქროსფერი დიდი სფეროთი დაბოლოებული სამეფო გვირგვინი მოჩანს. მსგავსი ფორმის თავსაბურავი, ქართველ ხელმწიფეთა აღკაზმულობაში, მანამდე არ დაფიქსირებულა. ის ძალიან ჰგავს რუსეთის იმ  დიდ საიმპერიო გვირგვინს, რომელიც 1762 წელს დედოფალ ეკატერინა II-ის კორონაციისთვის შეიქმნა. თუმცა, ტილოზე გამოსახული გვირგვინი რუსულს მხოლოდ ფორმით ჰგავს, მასავით ორსფეროიანია  და თავზეც დიდი სფეროსებრი ბურთი ედგა, მაგრამ ეკატერინას გვირგვინისგან განსხვავებით, ძვირფასი თვლებით მორთვა აქ  საერთოდ არ მოჩანს. ვფიქრობთ, მხატვარმა მეფის გვირგვინი მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობით, ვახტანგის ვინაობის ხაზგასასმელად არ დახატა, ქართლის მეფეს, შესაძლოა, რუსეთში დაუმზადეს კიდეც იმ დროს იმპერიაში პოპულარული ფორმის გვირგვინი“ ეს მოსაზრება მთლიანად შეგვეცვალა მას შემდეგ, რაც 2020 წელს საშუალება მოგვეცა გავცნობოდით რუსი ხელოვნებათმცოდნის, ი. შოკოლოს პუბლიკაციას „პატრიარქ ფილარეტის XVIII-XIX საუკუნეების პორტრეტები, როგორც ისტორიული პორტრეტის მაგალითი“. ჩვენდა გასაოცრად, სტატიაში გამოქვეყნებულია ფოტო მასალა, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ ნახატთან დაკავშირებით აბსოლუტურად ცვლის დამკვიდრებულ აზრს.
კერძოდ, შოკოლოს მიერ დაბეჭდილია პეტერგოფში, კუსკოვოს კერამიკის მუზეუმში და სახელმწიფო ერმიტაჟში დაცული უცნობი მხატვრის მიერ შესრულებული პატრიარქ ფილარეტის პორტრეტები, აქვე გამოქვეყნებულია პ.ბორელის მიერ 1853 წელს დახატული პატრიარქ ფილარეტის კიდევ ერთი სახება. თუმცა, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ოთხივე შემთხვევაში, რუსეთში არსებულ ტილოებზე გამოსახული პირი აბსოლუტურად იდენტურია იმ ადამიანისა, რომელსაც ჩვენ დღემდე ვახტანგ მეექვსედ მივიჩნევდით, საყურადღებოა ისიც, რომ მსგავსება არა მარტო  სამოსსა და ტილოზე  არსებული ატრიბუტიკაშია, არამედ, სახის ნაკვთებსა და ზოგად გამომეტყველებაში. ჩვენ, ასევე, საშუალება გვქონდა გვენახა რომანოვთა სახლის მცველის, ვლადიმერ ტრუტოვსკის წიგნი „Патриарх Филарет Никитич и некоторые памятки его в Москве“. აქ, პირველი ტაბულის პირველ ფოტოზე დაბეჭდილია პორტრეტი, რომელიც ჩვენში აქამდე ცნობილი ვახტანგ მეექვსის სახების იდენტურია, უფრო მეტიც, შეგვიძლია ვთქავთ, რომ ტრუტოვსკის წიგნში ის ტილოა გამოქვეყნებული, რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული. ფოტოზე არსებული მინაწერის მიხედვით, აქ რუსეთის მეფე თევდორე მიხეილის ძეა გამოსახული.
3
ეს რეალობა უკვე ლოგიკურს ხდის მანამდე აუხსნელ გარემოებას, თუ რატომ იყო ქართლის მეფე რუსი ხელმწიფის სამოსში გამოსახული და რატომ მოჩანდა უკანა ფონზე ვახტანგ VI თანადროული ქართული რეალობისათვის შეუსაბამო სახელმწიფო ინსიგნიები - პასუხი მარტივია, იმიტომ, რომ აქ ქართველი ისტორიული პირი, მით უფრო, მეფე არ არის დახატული.
პორტრეტზე გამოსახული თეოდორე ნიკიტის ძე 1554 წელს დაიბადა, იყო განათლებული და კარგი ფიზიკური მონაცემების ახალგაზრდა, ატარებდა ბოიარინის ჩინს და თეოდორე იოანის ძის მეფობის დროს სასახლის მთავარი ვოევოდას თანამდებობა ეკავა. თეოდორე იოანის ძის სიკვდილის შემდეგ, ტახტისათვის ატეხილ ბრძოლაში თეოდორე ნიკიტის ძე  ივანე მრისხანესთან ახლო ნათესაური კავშირის გამო, ტახტის რეალურ პრეტენდენტად და ბორის გოდუნოვის შესაძლო მეტოქედაც განიხილებოდა (სწორედ ამიტომ აწერია  რომანოვთა სახლის მცველის, ვლადიმერ ტრუტოვსკის წიგნში მის პორტრეტს „მეფე“), თუმცა, მან ეს ბრძოლა წააგო, 1600 წელს გადაასახლეს და მოგვიანებით, ბერად იძულებით აღკვეცეს. 1619 წლის 24 ივნისს, იერუსალიმის პატრიარქმა თეოდორე ნიკიტის ძე,  აწ უკვე სახელად ფილარეტი, მოსკოვის პირველ პატრიარქად აკურთხა.
ფილარეტის პორტრეტები იმდროინდელ და მომდევნო პერიოდის რუსეთში საკმაოდ პოპულარული იყო. დღეისათვის რუსეთის სახელმწიფო კოლექციებში ამ მოღვაწის 6 ფერწერული და XVIII-XIX საუკუნეების 5 გრავიურაა შემორჩენილი. ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ერმიტაჟის, კუსკოვოსა და პეტერგოფის კოლექციებში დაცული ის ნახატები, რომლებიც საქართველოში ვახტანგ VI-ის პორტრეტად მიჩნეული ტილოს იდენტურია, როგორც ჩანს, ყველა ამ ნამუშევრის პირველწყარო (მათ შორის, საქართველოში შენახული ნაწარმოებისაც) კუსკოვოში დაცული უცნობი მხატვრის მიერ შექმნილი ტილო იყო. ის გრაფ შერემეტევების ბრძანებით შექმნილა, ამის დასტურად, ნახატის უკანა მხარეს მცველის თანადროული წარწერაა, საიდანაც ვიგებთ, როგორც გამოსახული პირის ვინაობას, ისე შერემეტევების გალერეაში პორტრეტის ექსპონირების ადგილსა და რიგითობას.
4
ამდენად, ცხადია, რომ დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის პატრიარქის, ფილარეტის პორტრეტი შეცდომით ვახტანგ მეექვსედ მიიჩნეოდა. საბედნიეროდ, ჩვენ შემორჩენილი გვაქვს ქართლის სახელოვანი მეფის მინიმუმ სამი ნამდვილი პორტრეტი, პირველი მათგანი 1709 წელსაა დაბეჭდილი და მასზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. მეორე პორტრეტი შემორჩენილია პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში დაცულ „ქილილა და დამანას“ მდიდრულად მოხატულ ნუსხაში. აქ ვახტანგი სულხან-საბა ორბელიანის წინ ხალიჩაზე ფეხმორთხმით ზის, თავზე მაღალი, შავი, წამახული და საფასადო მხრიდან თეთრი, ნაქარგითა და სამკუთხა ანაკეცით დამშვენებული ქუდი ახურავს. ზუსტად ასეთი თავსაბურავი მოუჩანს გიორგი ლიპარტიანს წალენჯიხის ტაძრის ფრესკაზე.
ქართლის მეფის კიდევ ერთი გამოსახულება შემორჩენილი ყოფილა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ის შეუსრულებია მხატვარ პიოტრ როსსის  (1781-1831) - რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარს, საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის წევრს სამინიატიურო ხელოვნების განხრით. პროფესორ ზაზა სხირტლაძის ვარაუდით, როსსის ასლი უნდა შეექმნა 1820-იანი წლების მიწურულს, სახელდობრ, 1827 წლის მერე (ანუ მას შემდეგ, რაც გადაწყდა სვეტიცხოველში განახლების სამუშაოების განხორციელება), 1831 წლამდე  - გარდაცვალებამდე. ზაზა სხირტლაძემ ამავე ასლის ფერადი ასლი პირველად გამოაქვეყნა და აქვე მოგვცა ჩვენთვის საინტერესო აღწერილობა: „მეფე გამოსახულია ღია ცისფერ ფონზე, მთელი ტანით, ფრონტალურად,  ქვემოთ მიმართული, ოდნავ გაშლილი ხელებით.... ვახტანგ VI-ის მრგვალ სახეს რელიეფური ღაწვები, მრგვალი, წაბლისფერი თვალები, ოდნავ აზიდული მუქი წაბლისფერი წარბების რკალი, პატარა, მოკუმულ ბაგეებთან ერთად, რამდენადმე მიამიტ, ბავშვურ იერს აძლევს. შენაოჭებულ მაღალ შუბლს ყავისფერი, მსუბუქად ხვეული თმის კულულები გარს ტალღებად ევლება. მოკლე, ხვეულ წვერს განივად კვეთს თხელი და გრძელი, ოდნავ დაშვებული და გაწკეპილი ულვაშები. სახის მცირედ დარღვეული პროპორცია, ისევე, როგორც ოდნავ მოჭუტული მარჯვენა თვალი, მეფის გარინდებულ მეტყველებას სიცოცხლესა და გამომსახველობას სძენს. მეფეს თავს ადგას სამთაღოვანი ოქროს გვირგვინი, რომელსაც კიდეებში და გვერდებზე - ორნამენტული თაღედების გამოსაკვეთად - მარგალიტთა მწკრივები მიუყვება. გვირგვინის ცენტრალურ არეებზე ლალები და ზურმუხტები, მარგალიტის თვლებთან ერთად, ყვავილოვან ორნამენტს ქმნის. ტანთ მეფე ვახტანგ VI-ს მუქი ცისფერი, წელში გამოყვანილი კაბა მოსავს. იგი მსუბუქ ნაოჭებად ეშვება და წვივის შუამდე სწვდება. მრგვლად მოჭრილი ლურჯი ღილით შებნეული სადა საყელო მეფის მაღალ ყელს ებჯინება, ხოლო გრძელი ვიწრო სახელოები ვიწრო, ოქროქსოვილი ყოშებით ბოლოვდება. კაბის ქვედაბოლოდან მეფეს განზე გადგმული, პროფილში გამოსახული, ქუსლიანი წაღებით შემოსილი ფეხები მოუჩანს. ასლის შესრულებისას ფრესკის ქვედა ნაწილი გადახუნებული ყოფილა და მისგან მხოლოდ სარჩულიღა იყო დარჩენილი - ამდენად, სამეფო წაღებს ნაცრისფერი ადევს, კაბის კალთა კი ადგილ-ადგილ გადათეთრებულია. კაბის ზემოდან ვახტანგ VI-ს სამეფო ქულაჯა მოსავს. მოოქროსფრო-ყავისფერი ქულაჯა წელში ოდნავ გამოყვანილია და თეძოს ქვემოთ თითქოს მუხლამდე ეშვება. მას ამკობს წითელი და ლურჯი ფერის, წვრილი, გვირილისებრი ყვავილების დეკორი, რომელთა მწვანე კლერტები მთელ ფონს რკალებით ქსელავს. ქულაჯის კალთები გახსნილია, მისი ფართო საყელოს მხრებზე გადაფენილი სამკუთხა ბოლოები ფართო სამხრეულებს წააგავს. ქულაჯა შიგნიდან ოქრომკერდით ნაქსოვი თარაზული ზორტებითაა შებნეული - შუაში თითო მარგალიტით. სამოსის კალთებს აქეთ-იქით ბოლომდე ჩამოსდევს წაბლისფერი ბეწვის ქათიბი, რომელიც მკერდზე, ნაპირებში ნაზ ოქროსქსოვილში ჩასმული ცალფა მარგალიტის მწკრივებითაა გამშვენებული. ქულაჯის მოკლე სახელოები, შუაში ოთხთვლიანი მარგალიტის რიგით, ბეწვის ქათიბით ბოლოვდება. ვახტანგ VI-ს მარჯვენაში უჭირავს ლომისთავიანი, მოთეთრო-ფოლადისფერი მახვილი, რომელიც წვერით ქვემოთ, ოდნავ ირიბად ეშვება.“
პროფესორი ზაზა სხირტლაძე სამართლიანად შენიშნავს, რომ  ვახტანგ მეფის სვეტიცხოვლის სახის ტიპი და სამოსი ზოგადად იმეორებს, როგორც ნაბეჭდი წიგნების გრავიურებზე აღბეჭდილ, ისე შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ ვახტანგ VI-ის მინიატიურის სახებას, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით იმ პორტრეტზე, რომელიც რუსეთიდან ჩამოიტანეს და რომელსაც შალვა ამირანაშვილი 1724 წელს დეკანოზ, მხატვარ გრიგოლ მესხიშვილის მიერ შესრულებულად მიიჩნევდა.

ნანახია: 3019-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani