Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ორნამენტი ქართულ საერო არქიტექტურაში

There are no translations available.

სამსონ ლეჟავა
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და
ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


ხალხური ხელოვნების ნიმუშებში ნათელყოფილია სამყაროს ხედვის მთლიანობითი,
ორგანული ხასიათი და ერთგვარი საიდუმლოსმიერობა.А. Зотов, Ю. Мельвиль, Философия середины XIX-начала XX в. М. 1968. იგი აღიარებულად „ჰოლისტური“ სახის მქონეა. რაც შეეხება საკუთრივ ორნამენტს, მის საზრისს: თავად ტერმინის ანალიზი გვიხსნის შინაარსს: ლათინურად ornare აუცილებლით უზრუნველმყოფელს, ხოლო dekorare - განდიდებითს შემკობას გულისხმობს.А. Салтыков. Самое близкое искусство. М. 1968. უაღრესად ინფორმაციულია სპარსული ხალიჩის განმმარტებელი ცნებებიც, სადაც ფონის აღმნიშვნელი zeinan - სივრცეს, ხოლო ნაყშის მგულვებელი zemin - დროს მიანიშნებს.Л.Лелеков. Искусство древней Руси и Восток. М.1986. მთლიანობაში, ორნამენტი მაღალორგანიზებული, წინარეურბანული, წინარედამწერლობითი სისტემაა, ერთგვარი სულიერი „კონსტრუქცია“, სოციუმში სიმდგრადის შემომტანი, რომელშიც გვეძლევა სამყაროს შინაწყობისა და მასში გავრცობილი დინამიკის ფუნდამენტურად არაიმიტაციური თარგმანება. იგი წმინდა წყლის გეომეტრიული „თაურფორმების“, ზოგან, რადიკალურად სახეცვლილი ბიომორფული სტრუქტურებისა და „დაწურულად“ ასტრალური კონფიგურაციების სამერთიანობას გვაწვდის. მასში სიმეტრიულობის პრინციპი ეკონომიურობის შემომტანია, ხოლო დიფერენცირებულობას ინტეგრალურობა გადაწონის - რაც საყოველთაოობისადმი მიკუთვნებას იგულვებს და, შესაბამისად, - ინდივიდუალური საწყისის გამოვლენილობა მიზანმიმართულად დამცხრალია ჩუქურთმაში, თუმცა, არაა გამქრალი. მის წყობას ეკოსისტემის უკუკავშირთა მგვანებაც კი ახასიათებს და ყოვლისმომცველი, ნაირსახოვანი, მრავალგან ძალზე ცოცხალი რიტმულობაც მსჭვალავს. მასშივე სუფევს დიალექტიკური თანაყოფნა კონტინუუმურობისა და დისკრეტულობისას. ლეჟავა, ქართული ხალხური ხუროთმოძღვრების აღნაგობის კანონზომიერებანი და ორნამენტული სისტემები (XIXს-XXს-ის დასაწყისი), სადოქტორო დისერტაცია. თბილისი, 2004. - ყოველივე ნატურალური კი, ორნამენტში, არქიტექტონიკურადაა იერცვლილი.Гегель. История Эстетики. Т.3.М.1971.   
სახელდობრ, საქართველოშიც, ტრადიციული ხალხური  საცხოვრისის ნიმუშები იმკობოდა იმ სახის მორთულობით, რომელიც ამ ნაგებობათა საზრისის, მათი შინა წყობის განმმარტებელი, გამათვალსაჩინოებელი და, უთუოდ,  გამაძლიერებელიც იყო. მაგალითად, კოლხური ოდა-სახლის ორნამენტი, სუბორდინირებულად რომ ერთვებოდა საცხოვრისის, როგორც სამყაროს მოდელის სტრუქტურაში, მას კიდევ სხვა დატვირთვის მქონე, მეტ სიღრმით განზომილებას სძენდა. ამ ულამაზესად „დაქარგულ“, ერთი მხრივ - ლამის საზეო სიმწყობრითა და მეორე მხრივ - გულმისავალი უბრალოებით გამორჩეულ სამშვენისებს, მრავალფუნქციურობა გამოარჩევდა. ძირეულად, მათში ღვთის სახოტბო ინტონაციებიც შეიგრძნობოდა. მართლაც, ამ საცხოვრისს, უამისოდაც კეთილაღნაგს, ორნამენტული მოტივები გეგონება, „აამაღლებდა“ კიდეც... აღნიშნულ შენობაში „ბუნება-კულტურა“ საწყისები იმდენად ორგანულ მხვედრობას ავლენდა, რომ ვრწმუნდებით: უბრალო ხითხურონი კოსმოსის საზრისის „ამოცნობას“, თითქოსდა, დაუძაბველადაც კი ახდენდნენ და თვით სიბრძნესაც აქსოვდნენ ჩუქურთმის ქმნაში. აქ ისიც საგულისხმოა, რომ მაგ. რაჭაში ჭვირულ ფარდათა  ნაყშს „მოჭიკჭიკებულს“ უწოდებდნენ, რაც ტრადიციულ მელოსთან „შეხმიანების“ უტყუარ განცდასაც აღმოაცენებს ჩვენში! აქ ხის შეუბღალავი, სწორედაც პირველქმნილი ფაქტურა-ტექსტურის ხელშეუხებლობითაც, მართლაც უცნაური შინაგანი სითბოს მატარებელი თაღები, თითქოს, საკუთარ წიაღში „მიიხმობდა“ ძირისძირეულ გამოვლინებებს კაცთსამყოფელისა და გარესამყაროს ურთიერთშეგებებისა. ჩვენ ამ გზით მივეახლებით მაგ. რაჭის სოფელ ბაჯში, ერთ-ერთი სახლის მისტიკური „მსხმოიარობის“ ფენომენს. ოდა სახლთა ჩუქურთმის მოქნილად „მდინარი“, ვეგეტაციური კონფიგურაციები ცოცხალი ჰელიოტროპულობის შთაბეჭდილებასაც სტოვებდა, მართლაც, უტყუარია, რომ სოლარული მოტივები თავისკენ „მიიზიდავს“ მაგ. ვაზის ლერწთა ხვიებს, რომელთაც  „თვითმოძრავი“ მიზანსწრაფვა „ასულდგმულებს“. ... გვესახება, რომ ჩუქურთმაში თავად ვაზი, ეს საკულტო მცენარე, გარდუვალად „მიესწრაფვებოდა“ მზიურ საწყისს, ხოლო, თავის მხრივ, მზის ხატებაც, პირობითად თუ ვიტყვით, „ემპედოკლესეული“ გულგახსნილობით თავადაც „სიყვარულს გამოხატავდა“ მცენარისადმი... ემპედოკლე ხომ გვაუწყებს: „სიყვარულია, დაბადებითვე რომ თან დაჰყვება მოკვდავ არსებას. მისი წყალობით იბადება ერთსულოვანი ზრახვა, სრულდება კეთილი საქმე.“პლატონი, ტიმეოსი. თბილისი, 1994. (თარგმანი და კომენტარები ბაჩანა ბრეგვაძისა)    
ამგვარი ხედვა ოდის მეჩუქურთმისა, ჩინებულად ესადაგება მარტინ ბუბერის მიდგომას, რომლისთვისაც „მე-შენ“ ურთიერთობანი იყო გადამწყვეტი...
ამიტომაც არის, რომ მთელი ეს ორნამენტი ჰბადებს სრულ შეგრძნებას იმისა, რომ აქ მორთულობა ცოცხალია, მფეთქავი, არაამაოსაკენ „მიზანმიმართული“; არა ოდენ ფიზიკურად, არამედ, განსულიერებულად „მიმსწრაფველი“; მრავალგან - მდენია, ნაკადიანი, ხოლო განწყობა ისეთია, რომ მთელი დინამიკა, ხანდისხან კი, როგორც მიიჩნევენ, ერთგვარი „დროისეული“ სვლა თუ კოსმიური წრებრუნვაც - იმავდროულად მარადისობის აურას ატარებს, გამყვანია „მარადმყოფელის სფეროში“.М. Елиаде, свяшенное и марское. М. 1994. გვხვდება მოტივები, რომლებშიც გარინდების მეტი წილი ამოიცნობა: ამგვართა შორის, რაჭის სოფელ ღადიშში, მიმზიდველია მზის, მთვარისა და ცისკრის ვარსკვლავის „თანადროულად მყოფი“ ხატებანი, სადაც დღე და ღამე,  თითქოსდა, გაერთიანებულია (გიორგი შატბერაშვილი) და „ზეჟამიერებაში“ ურთიერთშეხმობილიც... ასეთ დროს, ცნობიერებაში ამოტივტივდება სტრიქონები: „მზე დედაა ჩემი, მთვარე მამა ჩემი, ეს წვრილ-წვრილი ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი“! შესაძლოა, ამ მორთულობასა და ვან-გოგისეულ „კვიპაროსებს“ შორის საზიარობის ხილვაც  - მხატვარმა ლამის უსასრულოდ შორი ვარსკვლავეთი „მახლობლებად“, ახლოს მოსულებადაც კი გარდაგვისახა. როგორც ჩანს, გალაკტიონისეული „სიშორის შენის სიახლოვის“ სულისკვეთებაა ოდა-სახლის მგვან დეკორშიც... გვაქვს სხვაგვარი მაგალითებიც: ერთ-ერთ საცხოვრისში, რაჭის სოფელ ჭელიაღელეში, ბორჯღალას ცენტრში ბოლნური ჯვარია, რომლიდანაც „აღმოსხივოსნდება“ სწორედაც ეს ბორჯღალა. აღნიშნული მოტივი. არებითად. - კოსმოგონიურია! ასევე, ამ დეკორში, ჭვირული ფარდის კუთხეებში უზღვარო ენერგიის „ინტერფერენციული“ გავრცობის განცდას კონცენტრული „წრეები“ ჰბადებს, რომელნიც „ეფინება“ ზედაპირს. ზემტკიცეა მხების პარალელური ძალხაზებიც, საღოლაშენის ლორფინთა სიღონივრეს რომ არ დაუდებს ტოლს. მთლიანობაში, ეს მოტივი, მიუხედავად ტექნოლოგიური სხვაობისა, ძველებურ სკივრ-კიდობანთა მორთულობის მიმართ სავსებით იზომორფული ჩანს.
არსებობს, ასევე, ძალზე შთამბეჭდავი (სოფელი ჟოშხაში - რაჭა), თუმცაღა, „სხვარიტმოვანი“ ნიმუშიც, რომელიც კრეტული ცივილიზაციის დარად, საკვირველად ლაღ, დაუოკებელ და იქვე, - შვებისმომგვრელ რბოლას გვთავაზობს ჩუქურთმისა. ეჭვი არაა, რომ მასში სტილი „მოდერნის“ გამოძახილია, თუმც კი, ეს დეკორი გაცილებით ორგანული და სრულია, ვიდრე „სეცესიონის“ ნებისმიერი ნიმუში, კულტურული მეხსიერების გაცილებით ტევადი მრავალშრიანობის გამო... არაჩვეულებრივად ტექტონიკური და ცარგვალის გასხივოსნების მჩენია ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში (აგრეთვე, სოფელი ბაჯიდან), ხოლო, სოფელ პატარა ონის შენობაში კი დეკორი ამზეურებს ერთი მხრივ, გამჭვირვალებას, ხსნილობას, თავისუფლების სულით აღვსილობას სიმწყობრისას, მაგრამ მასშივე, მეორე მხრივ, ხის მასალის შეხებადობაც არაა განქარვებული და ნივთიერი მხარე ინარჩუნებს მნიშვნელოვანებას, რის გამოც,  ჩუქურთმა არაა სრულად „გამდინარი“ ბუნებაში, არამედ, „თვითობასაც“ ატარებს. შესაბამისად, დაბალანსებულია ნივთიერი და უსხეულო, „აქ მყოფი“ და ხალვათი, დემატერიალიზებული... კ. გ. იუნგის „არქეტიპთა“ თეორიის ერთგვარი დასტური უნდა იყოს სოფელი სორის (რაჭა) სახლის მორთულობა, სადაც კიდეებში ჩენილი, აქცენტირებულად ვაზისებრი, მოქნილად „ჩახვეული“ სპირალისებრი მოტივი მოჩარჩოებულია კონტრასტულად გახშირებული, მომცრო კონფიგურაციებით. მასში შორეული „გადაძახილია“ წინარექრისტიანულ, ძველებურ ბრინჯაოს ბალთებთან, თავისი ელასტიკური და ნაირმიმართულებიანი მონახაზებით.არქეტიპების თეორიის საწყისები „იუნგამდელია“, გაცხადებული მაგ., ფილონ ალექსანდრიელის ნააზრევში. А. Лосев, История Античной Эстетики. Поздний Эллинизм. М.1980.    
მთლიანობაში ოდა-სახლი, ეს ფართო აღიარებით, ტექტონიკური გამართულობის ჩინებული ნიმუში, არა მხოლოდ მდიდრდება საკუთარი მორთულობით (რომელიც „განასრულებს“ მას), არამედ, მისი გამშვენებულობა „აღმომდინარეობს“ თავად შენობის სტრუქტურიდან, სწორედ მისგანაა „აღმოცემებული“. ამ თვალსაზრისით, აშკარაა სიღრმითი მგვანება ჩვენებურ სატაძრო ხუროთმოძღვრებასთან, რაც საგანგებო კვლევას ითხოვს...
თუკი მსუბუქი, ჰაეროვანი, მისანდობელად „შემგებებელი“ ოდა-სახლი, უპირატესად, მაინც იერგამშვენებულია და იმთავითვე თვალმიმზიდავიც, დარბაზული საცხოვრისის ინტერიერი ცნობილია, რომ პირველ ყოვლისა, საკუთრივ, შიდა სივრცული თავმოყრილობით გამოირჩევა - მასში „შუაგულისეულია“ კერიდან „აღმოცენებული“ დედაბოძი (იგივე, გულთაბოძი), რომელიც გადამწყვეტი მედიატორიც არის კერასა და არსით გუმბათისებრ, ოღონდაც, სხვა კონსტრუქციული სახის მქონე გვირგვინს შორის, ზენა სფეროს რომ განასახიერებს. დედაბოძის ქვემოდან ზემოთ გაგანივრება, მისი შემართული „აღმასწრაფვა“ და ბოლოს, დ. კაკაბაძის თქმით, „ჯვარისებრი“ განშლა, წარმოაჩენს გრავიტაციის ძლევას და უმწყობრეს, მაღალწესრიგოვან დინამიკას. დედაბოძი კონსტრუქციულ-სემანტიკური განუყოფლობის სისრულით დამადასტურებელია! შესწავლილი ი. სურგულაძის მიერ.ი. სურგულაძე, ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა. თბილისი 1986.    
სრულებით განსაკუთრებულად ძლევამოსილია მისი დეკორი, რომელიც დედაბოძისავე მთელი საზრისის გამომხატავი და გამორჩეულად განმამტკიცებელიც არის. ორნამენტი აქ „სასტიკადაა შემოსალტული“ და, ამავწილად, - ფეთქებადი ენერგიის მქონეა, თითქოსდა, „ჩაწნეხილიაო“ დედაბოძში! იგი, თვისი მოძრავი სულისა და იმავდროული ხელმტკიცობისას, დედაბოძისავე რიტმს ამძაფრებს და მის სიმბოლურ  დატვირთვასაც აღმატებულობას სძენს - თავისი ი. სურგულაძით, მზის, მთვარისა და ცისკრის ვარსკვლავთა ტრიადით, გადამწყვეტი დატვირთვის მატარებელი ჯვარითა და უსასრულობის რვიანისებრი ნიშნით, რომელსაც მეგრულის საფუძველზე, ჩვენ რიცხვი „რვის“ დასახელება - „ბრუო“ შეიძლება ვუწოდოთ. როტაციული რიტმები  დედაბოძის დეკორისა გვირგვინის აღმამსწრაფველობის შედარებით რთულ ვერსიებთანაც შეთანახმიერებულია, რაც განსაკუთრებულ ერთსულოვანებას ანიჭებს დარბაზის სივრცეს. ძალუმი თავმოყრილობა და მკაფიო აგებულობა დარბაზისავე მორთულობისა, გაცილებით სადა, ლაკონიური და ფოკუსირებულია, ვიდრე, ოდა-სახლში, რომლის ორნამენტაცია მონახაზთა ნაირსახეობა-მრავალტრაექტორიანობით, შედარებით რთული სახისაა, გამომდინარე ტექნოლოგიიდანაც, თუმცაღა, საზიარო მახასიათებლებიც უხვად ვლინდება: პირველყოვლისა, ესაა მასალის „ხელშეუხებელი“, ბუნებითი პირველქმნილობაც და ხის, როგორც „აღმნაგობის“ პირობის ნივთიერი მხარეც, რაც ორსავ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ოღონდაც: თუკი ოდაში გაცილებით მეტია მისი ჭვირულობისას, თვით „ვიტრაჟისებრი“ მანათობელობა აივნის შიდა სივრციდან და თავისებური „მსუნთქველობაც“ კი, დედაბოძში ხის პირველადობა კიდევ უფრო მეტად არის გათვალსაჩინოებული. ამასთანავე, ჩვენ ორსავ შემთხვევაში ვხედავთ ნივთიერი მხარის არსებით გარდასახვასაც, მეტიც - ზენივთიერისაკენ სწრაფვას, თუმცაღა, სხვადასხვა მიდგომებით, რაც სწორედაც ორნამენტის მეშვეობით ხორციელდება.
ოდა-სახლში გამოხერხვის შესაძლებლობა აყალიბებს, ხანდახან, მოხდენილად „ტალღოვან“, ნიუანსირებულ კონფიგურაციებს, თავისი ნაირგვარი „მიმოხვრებით“. დედაბოძის ჩუქურთმა, ამ მხრივ, გაცილებით მკაცრსტრუქტურიანია, რაც, საკუთარ კონტექსტში სრულებით გამართლებული და ტექნოლოგიურად მიზანშეწონილიც არის. ოდის შემკულობა კი ჩვენ გვთავაზობს ერთგვარ „სივრცესშეზიარებულობას“. ხაზგასასმელია, რომ დედაბოძის დეკორი დედაბოძისავე „სხეულშია“ შერთული და კი არ არღვევს მის ერთიან „შენივთულობას“, არამედ, „ჩანაკვთულია“ მისსავ ზედაპირში. ამასთან ერთად, ხაზგასასმელია, რომ ჩვენ ორივეგან, თუმც კი, სხვაობრივ, მაგრამ დიდწილად, ურთიერთგამზიარებელ, „პლაზმურ“ ენერგეტიკას აღვიქვამთ: მართლაც, თუკი, დედაბოძის „სხივმოსილი“ ორნამენტი ესადაგება არათუ მხოლოდ ერდოდან შემოსულ შუქს, არამედ, კერის ცეცხლსაც, ოდა-სახლის მორთულობაში მზესთან „შეგებებას“ უფრო მეტად აივნის სივრციდან ვხედავთ, როდესაც მზის სხივთა ჭავლი „მსჭვალავს“ ამ დეკორს, რომელიც, იმავდროულად, ვიტრაჟისებრ, „გრაფიკულად“ დემატერიალიზებულ „ხილვად გარდაისახება, თუმცა,  მწუხრის ჟამს,  ამ ჩუქურთმას კიდევ სხვაგვარი ენიგმატურობაც შეეძინება. აპოტროპეული ფარდები თავისებურ დიალოგში ერთვება გარემოცვასთან და ერთგვარ „ჩარჩოსაც“ კი უქმნის ლანდშაფტს. ასეთ დროს, ადამიანი გარეთმზირალია და ორნამენტის მეშვეობითაც ებაასება ხილულ ბუნებას. მთლიანობაში, ემოციური ეფექტი ჩვენ შინაგანად აღგვავსებს გარკვეული თერაპიული დატვირთვაც. თავის მხრივ, როდესაც ვუმზერთ დედაბოძის შემკულობას, გაცილებით ცხადად შევიგრძნობთ მის თავმოყრილობა-კვინტენსენციურობას, მისსავ ნაჯერ, „დაკუმშულ“ ორნამენტში ჩენილს. განაცადი აქაც ძალზე პოზიტიურია, სასიცოცხლო ენერგიით უზრუნველმყოფელი, ოღონდაც, უკეთუ ლ. სუმბაძის თანახმად, ოდის წყობა შედარებით „ლირიკულია“ და ზოგან, სისათუთის მატარებელიც, დარბაზისა - მაგ., თავისი დედაბოძის შინააღვსილობით, ძალუმ ეპიკურობას ატარებს...ლ. სუმბაძე, ჩუქურთმა ხეზე ქართულ ხუროთმოძღვრებაში, ძეგლის მეგობარი, N12. 1967.

ნანახია: 4031-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani