Georgian (Georgia)English (United Kingdom)
დიალოგისათვის დავით კაკაბაძესთან

There are no translations available.

პარმენ მარგველაშვილი

დავით კაკაბაძის შემოქმედების მასშტაბი, მისი აზროვნებისა და ცხოვრების წესი ნამდვილად არის კულტურული თუ ცივილიზაციური პროცესების წარმომჩენი და სამომავლოდ გასათვალისწინებელი ფენომენი. მისი ყოველი თანმიმდევრული ხილული ნაბიჯი ეფუძნებოდა რწმენად ქცეულ თვალსაზრისს, რომ კაცობრიობა ესწრაფვის ამქვეყნადვე მოიპოვოს საუკუნო ცხოვრების საყრდენი და მუდმივ ძიებაში ჩართული, რელიგიის, ხელოვნებისა და მეცნიერების ენათა მეშვეობით წარმართავს ცხოვრებას.
ამასთან, სხვადასხვა ადამიანში, სხვადასხვა ხალხში და სხვადასხვა ეპოქის სააზროვნო სამყაროში დომინირებს და შემოქმედებისათვის წამყვანია ხოლმე ან რელიგია, ან ხელოვნება, ან მეცნიერება. მაგალითად, ის თვლიდა რომ XIX საუკუნიდან მოყოლებული დასავლეთის ქვეყნებში ხელოვნებას აქვს წამყვანი პოზიცია და „მხატვრული მხედველობის საშუალებით ჩვენ ვუახლოვდებით ბუნებას, და ამავე დროს, ხელოვნების არსებასაც. მისი საშუალებით ჩვენ ბუნების საიდუმლოების კარებს ვხსნით, რომლის იქით მუდმივი  სიცოცხლის წყარო იწყება“. მაგრამ, მისივე რწმენით, უკვე დგება დრო, როცა მეცნიერების ბატონობა გარდაუვალი ჩანს და რომ მალე მეცნიერება იქნება კაცობრიობის ცხოვრების განმსაზღვრელი, მით უფრო რომ, არამარტო ტექნიკასა და ტექნოლოგიებში, არამედ ხელოვნებაშიაც მეცნიერულ აზროვნებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

სწორედ ასეთი აქცენტი აქვს გაკეთებული მას თავის კრედოში, „რა მინდა ვთქვა მხატვრული ნაწარმოებით“:
1. უპირველეს ყოვლისა დიდი და ხანგრძლივი მუშაობა;
2. ხალხის, მისი ზნე-ჩვეულებების და ცხოვრების შესწავლა;
3. გაცნობა ხელოვნების ნაშთებისა, რათა შეიგნო, რაში გამოიხატებოდა წინათ „მხატვრული ენა“;
4. რაც შეიძლება მეტი ცოდნა _ გაეცნო ხელოვნების სხვადასხვა პრინციპებს (შექმნილს სხვადასხვა ერის მიერ);
5. მხატვარს უნდა ახსოვდეს, რომ ხელოვნება _ მეცნიერებაა;
6. საუკეთესო მასწავლებელი ქართული „მხატვრული ენის“  მიგნებისათვის არის ბუნება, სადაც აღიზარდა და ცხოვრობს ქართველი ერი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ დავით კაკაბაძე, სრულიად გაცნობიერებულად და თანმიმდევრულად განიხილავს ხელოვნებას, როგორც ზოგადსემიოტურ უნივერსალურ ენას, რომლითაც გამოითქმის საკომუნიკაციო დანიშნულების ტექსტი თუ შეტყობინება და, ამასთან, შეგნებული აქვს, რომ ხელოვნება არის ეროვნული ხასიათის, ანუ, მართალია ხელოვნებას ქმნიან ინდივიდები, მაგრამ ხელოვნების ნაწარმოები გათვალისწინებულია სოციუმისათვის, ხალხისათვის და ემსახურება, როგორც შესაბამისი ეპოქის, ისე კონკრეტული ერის შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზების საქმეს. თავის ნაწერებში დავით კაკაბაძე რელიგიურ თემებს არ განიხილავდა, მაგრამ სწამდა, რომ ყოველი ერი, საკუთარი ღვთითბოძებული სააზროვნო სამყაროს რესურსით უნდა აღასრულებდეს ღვთიურ დანიშნულებას და ფუნქციას და, როგორც ჩანს, ამ რწმენას უკავშირდება ის ფაქტი, რომ მისი ინდივიდუალური სააზროვნო სამყარო პატრიოტიზმითა და სამშობლოს სიყვარულით იყო გათვალსაჩინოებული. ეროვნული იდენტობისათვის სამსახურს ის ხელოვნებისა და მეცნიერების ენით გამოთქმული და ხილულად წარმოჩენილი ნიმუშებით გამოხატავდა და სხვასაც მოუწოდებდა: „ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ საქართველო მიდიოდეს კულტურულ შემოქმედებაში თანამედროვე მოწინავე ქვეყნებთან ერთად ისე, როგორც შუა საუკუნეებში ქართველი ხალხი შეადგენდა ერთ მოწინავე რაზმს იმ დროის კულტურულ ერთა შორის. და ეს მაგალითი უნდა გვარწმუნებდეს იმაში, რომ ქართველი შემოქმედი კვლავ შეძლებს ამაღლდეს ხელოვნების მწვერვალებამდე, თუ ის სავსებით შეითვისებს თანამედროვე კულტურის სულს“.
თანამედროვე კულტურის სულის ათვისების გზაზე დავით კაკაბაძისათვის განმსაზღვრელი იყო ჯერ 900-იანი წლების ქუთაისის და შემდეგ, 910-იანი წლების პეტროგრადის პატრიოტული და რევოლუციური სულისკვეთება, რამაც მასში ჩამოაყალიბა და განამტკიცა ახლის გარდუვალობის რწმენა _ პოლიტიკურად პასიური, ის ხელოვნებაში ეძებს რევოლუციურ, ეპოქის შესაფერ ფორმებს და იდეებს, 1913-1914 წლებში იწყება მისი კუბისტური იდეებით დაინტერესება, ერთიანდება მხატვართა ჯგუფში „Сделанные картины“, თანაავტორია ჯგუფის მანიფესტისა, მონაწილეობს გამოფენებში, მაგრამ თვლის, რომ თანამედროვე კულტურის სულის შესათვისებლად აუცილებელია გაცილებით მეტი ცოდნა და ამიტომ მტკიცედ გადაწყვიტა პარიზში წასვლა.
მისი ავტოპორტრეტი ბროწეულებით (1913 წ.) ასახავს პროფესიული ზრდის სურვილსა და დიდების თაღისაკენ სწრაფვას, ადგილმონაცვლეობის გადაწყვეტილების განწყობას კი გადმოგვცემს მომდევო ავტოპორტრეტი სარკესთან (1914 წ.), მაგრამ ოქტომბრის რევოლუციამ განაპირობა ეროვნული დამოუკიდებლობის სამსახურისათვის თითქმის სამხედრო მზაობის გამომხატავი ბოლო ავტოპორტრეტის შექმნა (1917 წ.) და დააჩქარა მისი საქართველოში დაბრუნება, სადაც ის, როგორც ბუნებისმეტყველების მასწავლებელი და თანამედროვე ქართული მხატვრული ენის მაძიებელი ხელოვანი, მთელი არსებით ერთვება დამოუკიდებელი საქართველოს ცხოვრებაში.
1919 წლის მაისში მოწყობილ ქართველ მხატვართა გამოფენაზე მან წარადგინა სამოცამდე ნაწარმოები, ყველა მნიშვნელოვანი მხატვრული ტექსტი, რაც კი მას ამ მომენტისათვის შეუქმნია, მათ შორის მითო-პოეტური ხასიათის ტილო, სახელწოდებით „იმერეთი _ დედაჩემი“, რომელმაც, პრაქტიკულად, სრულად დაიტია მისი სათქმელი.
ამ მხატვრულ ტილოზე გამოსახული ამოუძირკვავი ხის გადანაჭერი და მისი ამონაყარის ღონიერი ტანი, გადანაჭერზე ჩამომჯდარი ქსოვის პროცესით დაკავებული დედა და მცირე რეალისტური სახეებით დატვირთული წინა პლანი ქმნის სიცოცხლის სიხარულით და იმედით სავსე შრომის პროცესის, შრომის ნაყოფისა და ცოცხალი ბუნების ჰარმონიულ ნაზავს. აწმყოს ამ ცოცხალი სურათის ფონად, უკანა პლანზე, დახატულია ზეციური სამშობლოს სიმბოლოდ მოაზრებული იმერეთის პეიზაჟი, სადაც, თითქოს დედის ფიქრებს მიყვებაო, ჭიშკრის გარეთ იწყება და მისი თვალების დონეზე ზეაღმავალ მკვეთრ მოსახვევში, მარადისობაში იკარგება წითელი გზის დინება.
სულიერი ცხოვრების წითელი გზის მონაკვეთები წამყვან თემას წარმოადგენს დავით კაკაბაძის ავტოპორტრეტებშიაც და იმერეთის პეიზაჟებშიც, ყველაფერი სამოთხის ცხოვრების ხესთან სიმბოლურ მიმართებას და საუკუნო ცხოვრებასთან წუთისოფლისეულ გზაზე სვლის კავშირს მიუთითებს, მიუთითებს სვეტიცხოვლის მისტერიაზე, რომელიც 1908 წელს ნიკოლოზ გულაბერიძის „სვეტიცხოვლის საკითხავის“ გამოქვეყნების შემდეგ, განსაკუთრებით კი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ფონზე, მეტად აქტუალური უნდა ყოფილიყო. ეს ბიბლიური თემა ღვთიური განგებულების ფარგლებში მიმდინარე მუდმივად განახლებადი ცხოვრების გზას უნდა გულისხმობდეს.
პარიზში წასვლის ოცნება კი 1919 წლის შემოდგომაზე განხორციელდა _ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ ის და ლადო გუდიაშვილი, ქართველ მხატვართა საზოგადოების რეკომენდაციით, თანამედროვე მხატვრობის შესასწავლად მიავლინა პარიზს, რადგან ითვლებოდა, რომ პარიზში გაჩნდა უნივერსალური ახალი აზრები და მხატვრობაში რევოლუციური მოქმედება კუბიზმით სწორედ იქ წარმოჩინდა _ „კუბიზმის დასაწყისი იყო ნამდვილი რევოლუციონური ხასიათისა, როდესაც მხატვრული ახალი შეგნება ნათლად დაუპირდაპირდა წარსულს. ეს იყო დრო დიდი ენთუზიაზმისა, ახალგაზრდობრივი გატაცებისა. აღფრთოვანებისა, და, ამავე დროს, დიდი შემოქმედების ძალისა. ამ დროს იწყება შეგნებული მოძრაობა ხელოვნების ახალი ფორმალური მხარეების დასამკვიდრებლად. მეტად საყურადღებოა, რომ ახალი ფორმულების აღმოჩენას დიდად ხელს უწყობდა სხვა ქვეყნების შორეული წარსულის ხელოვნების გაცნობა და განსაკუთრებით აღმოსავლეთის ხალხების და აფრიკის (ზანგების) ხელოვნება. კუბიზმმა დაიყვანა მხატვრულ ემოციური განცდები  ხელოვნების ნამდვილ წყაროსთან, ესე იგი, მან განამტკიცა საგნის, ფორმის გრძნობიერების გადმოცემა და უარყო ჩვენი გრძნობების გამოსახვა. სურათის კონსტრუქციული სახეც სავსებით იქნა გარკვეული. განსაკუთრებული ყურადღება იქნა  მიქცეული ხაზის და ფერის ანალიზს. აღდგენილ იქნა ლოკალური ფერი. ამავე დროს, მხატვრობის ფორმალური საკითხების გარდა, კუბიზმმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია დღევანდელი ცხოვრების ტეხნიკის მიღწევების შინაარსს და მაშინიზმი, როგორც ცხოვრების ახალი აზრი, მისთვის გადაიქცა გამოსახულობის ერთ მნიშვნელოვან საგნად“.
სამწუხაროდ, მოკლე ხანში, ის იძულებულია კვლავ დაუბრუნდეს მისთვის უკვე ამოწურულ მხატვრულ ენას და ქმნის მითოპოეტური ხასიათის ორ ახალ ტექსტს _ „წურბლების გამყიდველი“ და „ბანანების გამყიდველი“, რომლებიც სიღრმისეულ კავშირს ამჟღავნებს საქართველოს გასაბჭოებით გამოწვეულ პრობლემებთან. ეს ტილოები მან 1921 წლის აპრილში ლადო გუდიაშვილთან და შალვა ქიქოძესთან ერთად, ლიკორნის გალერეაში გამართულ ჯგუფურ გამოფენაზე, თავის სხვა უსიუჟეტო ნაშრომებთან ერთად წარმოადგინა. წარმოადგინა მაშინ, როცა პარიზი უკვე სავსე იყო ანექსირებული საქართველოდან ემიგრირებულებით.
საქართველოს გასაბჭოების უმალ დავით კაკაბაძეს შეუწყდა დაფინანსება, თუმცა, ის საქართველოში არ დაბრუნებულა და ოფიციალურ წერილში აღნიშნავს: „მოგეხსენებათ ჩემი საფრანგეთში წამოსვლის მიზანი იყო მხატვრული საქმის შესწავლა. იმ ხნის განმავლობაში, როდესაც საქართველოს ყოფილი მთავრობა მე დახმარებას სტიპენდიის სახით მაძლევდა (1921წ. აგვისტომდე) მე სისტემატურად ვმუშაობდი მხატვრობაში. ყოველგვარი დახმარების მოსპობის შემდეგ (აგვისტოდან 1921წ.) მხატვრული მეცადინეობა უეცრად შევწყვიტე და მთელი ჩემი ღონე კი იყო მიმართული იმისკენ, რომ კერძო მუშაობით თავი დამერჩინა. დღემდის, თითქმის აგერ ორი წელიწადია, ვარ ამნაირ მდგომარეობაში და ჩემი  მხატვრული საქმის, ერთხელ შეწყვეტილის, დამთავრება ვერ მოვახერხე. დამრჩა შეუსწავლელი მხატვრობის ზოგიერთი უმთავრესი საკითხები, რომლის არშესწავლა უვარგისობაა. ამ რიგად დღემდის ვერ დავამთავრე  ეს მუშაობა დროის და შეძლების უქონლობის გამო. დაუმთავრებელ სწავლით კი საქართველოში დაბრუნება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად“.
დავით კაკაბაძემ პარიზში სარჩოს ძიების პროცესიც კი ძიებასთან და მოწინავე შემოქმედებასთან დააკავშირა. ამ გზაზე  მან პირველმა მიაგნო უსათვალო სტერეოკინოს შექმნის მეთოდს და მრავალ ქვეყანაში დააპატენტა უსათვალო სტერეოკინემატოგრაფიის პრინციპული სქემა. მატერიალურმა გაჭირვებამ უბიძგა მას უსათვალო სტერეოკინემატოგრაფის იდეის პრაქტიკული განხორციელებისათვისაც თავადვე ეზრუნა, თორემ სახელისა და დიდებისათვის გამოგონებათა ის პატენტებიც იკმარებდა, მოწინავე კაპიტალისტური ქვეყნების საპატენტო ბიუროებმა რომ გასცეს 1922 – 1925 წლებში.
პირველ ყოვლისა, დავით კაკაბაძემ ააგო სტერეოფოტოწყვილის საჩვენებელი დანადგარი. 1923 წლის 20 სექტემბერს ის ძმას ატყობინებს: „უმოძრაო სურათის  გაშუქებისათვის აპარატი უკვე გავაკეთეთ, და შედეგი კარგი გამოვიდა. ხელახლავე დაუძახეს ექსპერტებს, შედეგი ვნახეთ და ძლიერ მოიწონეს. ახლა დადგა რიგი სინემის აპარატის გაკეთებისათვის. ამას ბევრი დროც უნდა და ბევრი ფულებიც, საჭიროა სპეციალისტები _ ინჟინრები, რადგან მარტო მე არ შემიძლია ტექნიკურ საქმეს გავუძღვე“. უკვე 1923 წლის 1 დეკემბერს კი სარგისისადმი მოწერილ წერილში ვკითხულობთ: „ძმაო სერგო! მე კარგად ვარ. ჩემი საქმე ახლა მიდის ასე: შესდგა ანონიმური საზოგადოება ჩემი გამოგონების (ახალი სინემატოგრაფისა) მოსაწყობად, საცდელ ნამდვილი აპარატის გასაშენებლად და შემდეგში საექსპლოატაციოთ. საზოგადოების აქციები ბევრი არ არის (სულ 15 კაცია მონაწილე), აქციები 900 000 ფრანკის საფასურისა, და რეალურ თანხას კი შეადგენს ერთი  მეოთხედი, ესე იგი 225 000 ფრანკს. გვყავს ორი სპეციალისტი ინჟინერი, რომლების საშუალებით უნდა იქნეს აშენებული აპარატი. გასაკეთებელია ორი აპარატი. ერთი ფილმის გადასაღების, და მეორე კი პროეკციისა. რასაკვირველია, ფული ცოტაა და საბოლოოდ კარგად არ ვიცით თუ აპარატების დამთავრებამდე გვეყოფა. მაგრამ თუ ეკონომიურად მოკიდეს ხელი, შეიძლება ეყოთ. მაინც თუ არ ეყოთ, მე მგონი კიდევ იშოვიან ფულს. რასაკვირველია, მეც ბევრი  მუშაობა მჭირდება, თითქმის „ინჟინერი“-სპეციალისტი გავხდი _ ეს არაა ჩემი ხელობა, მაგრამ რას იზამ, ვსწავლობ.“
უსათვალო სტერეოკინოს გამოგონებით, მოკლე დროით, გარკვეულად გაუმჯობესდა დავით კაკაბაძის ეკონომიური მდგომარეობა. 1923-1924 სასწავლო წელს ის ამთავრებს პარიზის ლუვრის ხელოვნებათ¬მცოდნეობის ერთწლიან კურსებს. მუდმივად მონაწილეობს „დამოუკიდებელთა სალონის“ საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებში და ყოველთვის ახალ იდეებს აწვდის მნახველს. ამ პირობებში მოახერხა მან საკუთარი ხარჯებით ქართულ ენაზე გამოეცა წიგნი „პარიზი, 1920, 1921, 1922, 1923 წლები“ (პარიზი, 1924 წელი, ენკენისთვე). რომლის წინასიტყვაობაშიაც აღნიშნავს: „საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა მოითხოვს გაორკეცებულ კულტურულ მუშაობას და, შეიძლება ამ შრომით რამდენიმედ მაინც განხორციელებული იყოს ჩემი მიზანი: მხატვრული აზრის და სამხატვრო მწერლობის საქართველოში განმტკიცება“.
პარიზში ქართულ ენაზე გამოცემული წიგნი, ცხადია, საქართველოსთვის იყო განსაზღვრული და სწრაფადაც გავრცელდა იგი აქ. ერთია ოღონდ, აქაური პრესის გამოხმაურებამ გული ატკინა პარიზში მყოფ მხატვარს. ჟურნალ „ახალი კავკასიონი“ (1925 წლის # 1_2) ასე ეხმიანება გამოცემას: „ქართული მწერლობა ღარიბია სპეციფიკურ სამხატვრო ლიტერატურით. არც ფერადებით ნახატებზე, არც ქანდაკებაზე ჩვენში წიგნი არ არსებობს, და დ. კაკაბაძის „შრომას“, პარიზში დაბეჭდილს, მოუთმენლად ველოდით. მაგრამ მოლოდინი არ გაგვიმართლდა. წიგნი საუცხოოდ არის გამოცემული, იაპონურ ქაღალდზე დაბეჭდილი, მშვენიერი კლიშეებით, საუცხოო ყდით. გარეგნობის მიხედვით შინაარსიც შესაფერი გგონიათ, და სამწუხაროდ გრჩებათ, რომ ძვირფას სამკაულში აზროვნების სიღარიბე გახვეულა“ <…> „და გვრჩება სინანული, რომ პარიზს გავგზავნეთ მხატვარი, და იქიდან გვიბრუნდება გზადაკარგული მოაზროვნე, რომელსაც საქართველოში „მხატვრული აზროვნების განმტკიცება“ მოუწადინებია. არა, ჩვენ გვინდა მხატვარი დავ. კაკაბაძე, და მოაზროვნეებს სხვებს ვიშოვით“.
ცხადია, დავითი დარწმუნებული იყო თავისი საქმის სიკეთეში, მაგრამ მაინც ძალზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მის რწმენას ექვთიმე თაყაიშვილის დიდი თანადგომა განამტკიცებდა და მხარს უჭერდა. უთარიღო წერილში ბატონი ექვთიმე დავითს წერს:
„ბატონო დავით, შენი წერილი მივიღე. პასუხი დამიგვიანდა. მინდოდა პირადად მენახე, მაგრამ ვეღარ მოვახერხე. პარიზში იშვიათად ვარ ხოლმე და როდესაც მოვდივარ, საქმეებს ვერ ვასწრობ. ეხლა კიდევ ტარიფი გაგვიძვირეს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ მოკლე დროში გნახავ და მაშინ მოვილაპარაკებთ. ეხლა მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ შეუძლებლად მიმაჩნია, ვინმემ გისაყვედუროს შენი წიგნის გამოცემის შესახებ, პირიქით, ეს დიდი, ფრიად დიდი ღირსებაა და დიდად მოსაწონი საქმე, რომ ასეთი წიგნის გამოცემა შესძელი. ამა თუ იმ მიმართულებას ხელოვნებისა შეიძლება საზოგადოება, დიდი თუ მცირე ნაწილი, სულერთია, არ თანაუგრძნობდეს, მაგრამ ეს მიმართულება ახსნილი და განმარტებული უნდა იყოს და მისი წარმოშობა და ევოლუცია გარკვეული. ამას გვიხსნის და გვირკვევს შენი წიგნი და ამასთან აშკარათ ყოფს, რომ შენ დიდად

ნაყოფიერად გიმუშავია. ნუ მიაქცევ ყურადღებას იმ მკაცრ რეცენზიას, რომელიც ერთს ტფილისის გამოცემაში წავიკითხე შენი წიგნის გამო; განაგრძე ისე მუყაითად, როგორც დაიწყე ხელოვნების შესწავლა იმ სახელმწიფოებისა და ხალხებისა, რომელთ ქონდათ გავლენა ქართულს ხელოვნებაზე, ასეთია ხელოვნება ბაბილონურ-ხეთურ-ეგვიპტურ-ბიზანტიური, სასანიდურ-სპარსული და საზოგადოდ მცირე აზიისა. ამით დიდ სამსახურს გაუწევ და ბევრის გამორკვევა შეგეძლება ქართული ხელოვნების დარგებში“.
სამწუხაროდ, პარიზში სტერეოკინოს აპარატის საექსპლოატაციო ვარიანტზე მუშაობა 1925 წლის ბოლოს უსახსრობის გამო შეწყდა. დავით კაკაბაძე კი მანამდე რჩება პარიზში, სანამ პირველ ავტოპორტრეტში მონიშნული დიდების თაღით არ დადასტურდება მისი შემოქმედებითი პოტენციალის მზაობის ხარისხი. და როცა ასეთი აღიარება შედგა, მხოლოდ ამის შემდეგ, 1927 წლის გაზაფხულზე ბრუნდება სამშობლოში თანამედროვე კულტურის სულის დამკვიდრებისათვის. დავით კაკაბაძის შემოქმედება ამ დროისათვის უკვე წარმოადგენდა თანამედროვე ხელოვნების მწვერვალს. და ამის უდავო დასტურად ჩანს 1926 წელს, ვასილი კანდინსკის 60 წლისთავთან დაკავშირებით, ამერიკაში მოწყობილ საგანგებო გამოფენაში დავით კაკაბაძის მონაწილეობის პატივი, Arp, Braque, Albert Gleizes, Max Ernst, De Chirico, David Burliuk, Kandinski, Juan Gris, Miro, Piet Mondrian, Paul Klee, Picasso, Severin--თან ერთად. და არანაკლები მნიშვნელობის ფაქტი, გამოფენის ენციკლოპედიური ხასიათის კატალოგის შესავალი წერილის წინ, მთელ გვერდზე მისი აბსტრაქტული პოლიქრომიული სკულპტურული ფორმის ფოტორეპროდუქციის განთავსება.
ამიტომ, ცხადია, პრინციპული ხასიათის იყო მისი საბჭოთა საქართველოში დაბრუნების ფაქტი.
დავით კაკაბაძის პატრიოტიზმი მნიშვნელოვნად აისახა არამარტო მისი ცხოვრების წესზე, არამედ შემოქმედებაზეც და ეს იმდენად დაუფარავი და აშკარა იყო, რომ სოსიეტე ანონიმე-ს ერთ ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი ქეთრინ დრაიერი საგანგებოდ და ხაზგასმით აღნიშნავს, იელის უნივერსიტეტის სამხატვრო გალერეის საიუბილეო კატალოგში: „ის (დავით კაკაბაძე) იყო ერთი ყველაზე საინტერესო ყველა თანამედროვე მხატვართა და მოქანდაკეთა შორის, ნაწილობრივ, მისი საქართველოს უსაზღვრო სიყვარულისა და ნაწილობრივ, მისი მეცნიერული წვრთნის გამო, რომელმაც ის აქცია არაჩვეულებრივი ხარისხის შემოქმედ ხელოვნად.
იგი განუწყვეტლივ ეძებდა ახალ ფორმებს, თვალის ახალ შეგრძნებებს და იყო ერთი ყველაზე იმედის მომცემი მოქანდაკე. მან მიაღწია რიგ შესანიშნავ შედეგებს სკულპტურაში, სკულპტურულ რელიეფსა და ფერწერაში, როგორც აკვარელით, ისე, ზეთით. ის იყო იმ პირველ ხელოვანთა შორის, ვინც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პოლიქრომია შემოიტანა თავის აბსტრაქტულ სკულპტურულ ფორმებში.“
ნიშანდობლივია, რომ მოდერნისტული ხელოვნების ერთ-ერთი ენციკლოპედიის მონაცემებით, დავით კაკაბაძე 1927 წლის შემდეგ, ანუ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გარდაცვლილად ითვლება. როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ამ წლიდან აღარ მონაწილეობს გამოფენებში და, ამდენად, როგორც თანამედროვე ხელოვნების უნივერსალური ენის შემდგომი განვითარებისათვის მებრძოლი, ის გარდაცვლილია, ამ დროიდან მოყოლებული, დასავლეთის ხელოვნებამ ნამდვილად დაკარგა ნოვატორი და გზის გამკვლევი დიდი შემოქმედი.
სამაგიეროდ ის მთელი არსებით ჩაერთო იმ პოლიტიკურ და სოციალურ რეალობაში, რომელიც ისტორიული წრებრუნვით ერგო საქართველოს და კეთილი სამსახური გაუწია ქართული სააზროვნო სამყაროს განმტკიცებასა და განვითარებას. აქტიური და ინტენსიური მოღვაწეობით თეატრში, დოკუმენტურ თუ მხატვრულ კინოში,  სამხატვრო აკადემიაში, წლების განმავლობაში სახელისუფლებო აღლუმებისა და საჯარო სივრცეთა მთავარი მხატვრის ფუნქციის ასრულებითაც კი, და, უბრალოდ, თავისი ყოველდღიური გმირული ცხოვრებით, უსაზღვროდ პატიოსანი და მართალი ღვაწლით, მან შეძლებისდაგვარად შეუწყო ხელი ქართულ საბჭოთა სინამდვილეში თანამედროვე ჭეშმარიტი ხელოვნების უნივერსალური ენის დამკვიდრებასა და განვითარებას. დაზგური ფერწერის ნიმუშებით კი დაგვიტოვა ზოგადსემიოტური უნივერსალური მხატვრული ენით გამოთქმული მნიშვნელოვანი შეტყობინებები.
დავით კაკაბაძის შეტყობინებათა ამოკითხვა განსაკუთრებით საშურია დღევანდელ ცივილიზაციურ პროცესთა ტურბულენტური მდინარების პირობებში. და, ჩვენი აზრით, შეტყობინებათა დეკოდირებისას, მითო-პოეტურ ბიბლიურ ტექსტებთან ერთად, უნდა მოვიმარჯვოთ 1927 წელს ტუშით შესრულებული იმერეთის პეიზაჟის ტექსტიც, რომელიც „ინდუსტრიულ პეიზაჟად“ არის კატალოგებში სახელდებული, და რომელიც წინ უძღვის საქართველოში დაბრუნების უმალ გაკეთებულ კონცეპტუალური ხასიათის მოხსენებებს.  რომელთაგან მხოლოდ ერთ ამონაწერს მოვიტანთ:
„...დასავლეთ ევროპის კულტურის შესახებ თითქმის ყველგან გავრცელებულია აზრი, რომ ვითომც ეს კულტურა გადაგვარების გზას ადგია. მაგალითად, გერმანიაში ამ აზრის საუკეთესო გამომხატველი არის ცნობილი მოაზროვნე შპენგლერი, რომელმაც გამოაქვეყნა ამ საკითხზე ყველასათვის ცნობილი ღირსშესანიშნავი წიგნი: „დასავლეთის დაბნელება“, ამ აზრების ანარეკლი მოიპოვება ჩვენს ლიტერატურაშიც.
ხმარობენ შემდეგ გამოთქმას: რომ ევროპის კულტურა ნგრევის პერიოდშია, რომ მისგან ჩვენ არაფერს არ უნდა ველოდეთ. რომ იქ ჩვენ არაფრის შეძენა-შესწავლა შეგვიძლია, და ჩვენ უნდა გაურბოდეთ მას, როგორც გახრწნილ ლეშს. ამრიგად, ვინაიდან დასავლეთ ქვეყნის გახრწნილ კულტურას ჩვენთვის არაფრის მოცემა შეუძლია, ჩვენ პირი უნდა ვიბრუნოთ აღმოსავლეთისაკენ, აზიისაკენ და ხსნა ამ მხარეში ვეძიოთ.
ამნაირი წარმოდგენა დასავლეთ ქვეყნის კულტურაზე არის მხოლოდ თავისთავის მოტყუება და გარემოების ნამდვილი სახის არცოდნა. ეს შეხედულება, უკვე დრო არის, მიტოვებული იქნეს და ჩვენთვის სასარგებლოდ საჭიროა სინამდვილე იქნეს აღიარებული“.

ილუსტრაციების ნუსხა:
1. ავტოპორტრეტი - 1913
2. იმერეთი-დედაჩემი - 1918
3. ინდუსტრიული პეიზაჟი - 1927
4. წითელი მთა - 1944

ნანახია: 2113-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani