Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ზაქარია მაისურაძის სამეცნიერო მოღვაწეობა

ლეილა ხუსკივაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

ზაქარია მაისურაძე ქართველ ხელოვნებათმცოდნეთა პირველი თაობის წარმომადგენელია, იმ თაობისა, რომელიც გიორგი ჩუბინაშვილმა შემოიკრიბა თავის გარშემო და რომელმაც მტკიცე საფუძველი დაუმკვიდრა ჩვენში ხელოვნების მეცნიერული შესწავლის საქმეს. ეს იყო თანამოაზრეთა მცირე ჯგუფი, რომელთა თითოეულ წევრს, მათი განსხვავებული ტემპერამენტისა თუ უნარის მიუხედავად, აერთიანებდა საქმისადმი უდიდესი სიყვარული და ერთგულება, ის ფანატიზმი საქმეში, რაც ჩვენთვის, მათი შემდგომი თაობისათვის დიდი მაგალითის მომცემი იყო. სწორედ ეს იყო ის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რამაც ბევრი სიძნელე და დაბრკოლება გადაალახვინა მათ. ზაქრო მაისურაძეც თავისი საქმის ფანატიკოსი იყო. ალბათ, ამიტომაც, პირველ რიგში, ის გიორგი ჩუბინაშვილის დიდ პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებდა.
ზაქრო მაისურაძის მეცნიერული მოღვაწეობის ძირითადი სფერო კერამიკაა – ძველი და ახალი, თანამედროვე კერამიკა. ამასთანავე, მას აქვს ნაშრომები, რომლებიც ეხება თანამედროვე ქანდაკებას, ქვის რელიეფს თუ ქსოვილებს. ასეთია, მაგ., მონოგრაფია მოქანდაკე კოტე მერაბიშვილზე.З. Маисурадзе, Коте Мерабишвили, Тбилиси, 1958აქ ავტორი განიხილავას მოქანდაკის ცხოვრებას და შემოქმედებას, საუბრობს იმ გარემოზე, რომელშიც ჩამოყალიბდა მერაბიშვილი, როგორც ხელოვანი – ეს იყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში იმ დროისათვის დამკვიდრებული სიტუაცია, სწავლების მაღალი დონე, პროფესორ-მასწავლებლების გამორჩეულობა (ცნობილი მხატვრები გიგო გაბაშვილი, ევგენი ლანსერე, იოსებ შარლემანი, არქიტექტორები ნიკოლოზ სევეროვი, ანატოლი კალგინი და აკადემიის პირველი რექტორი გიორგი ჩუბინაშვილი) და მერაბიშვილის უშუალო პედაგოგის, იაკობ ნიკოლაძის ფიგურა – რა თქმა უნდა, ყოველივე ამას არ შეიძლებოდა კვალი არ დაემჩნია მოქანდაკის შემოქმედებითი გზის არჩევანზე. ნაშრომში პირველადაა გაანალიზებული მერაბიშვილის ქმნილებები მხატვრულ–სტილისტიკური კუთხით. მართალია, ზაქრო მაისურაძე არ იძლევა დიდ განმაზოგადებელ დასკვნებს, მაგრამ მის მიერ ასახული მერაბიშვილის მოღვაწეობის ცოცხალი პროცესი ნათელ წარმოდგენას გვაძლევს ამ მოქანდაკის შემოქმედებითი პოტენციალის შესახებ. ამასთანავე, ავტორს არ ერიდება გამოთქვას თავისი კრიტიკული დამოკიდებულება ამა  თუ იმ ძეგლის მიმართ, რაც მეტად მნიშვნელოვნად მეჩვენება ახალი ქართული პლასტიკის ფორმირების პირობებში.

1

ზაქრო მაისურაძის განსაკუთრებული ინტერესის საგანია ხალხური შემოქმედება. თავის დროზე ის დიდი გატაცებით შეუდგა საფლავის ქვების შესწავლას, სამწუხაროდ, მას აღარ დასცალდა ბოლომდე ხალხური შემოქმედების ამ თავისებური ძეგლების მეცნიერული დამუშავება. მან გამოაქვეყნა მხოლოდ პატარა ინფორმაციული ხასიათის წერილი ქართლის სოფლებში შემორჩენილი ადრინდელი დროის საფლავის ქვების შესახებ (ახალსოფლისა და გოხნარის ძეგლები), სადაც კარგად ჩანს მათი მხატვრული ღირსებები.იხ. „ძეგლის მეგობარი“, №20, 1970მაგრამ მის არქივში შემონახულია დიდძალი ფოტოსურათი. როგორც ადრინდელი, ისე გვიანი დროის მასალაში მთელი სიცოცხლით არის წარმოჩენილი ის სპეციფიკურად ქართული ნიშნები, რომლებიც, ერთი მხრივ, აკავშირებს მას ძველი ქართული ხელოვნების ეროვნულ ხალხურ ფორმებთან, ხოლო მეორე მხრივ, იხილვება ფიროსმანის თვითმყოფად ხელოვნებაში. საფლავის ქვებით დაინტერესება ზაქრო მაისურაძის უტყუარ მეცნიერულ ალღოსა და მხატვრულ გემოვნებაზე მიუთითებს. მათი კვლევა დღევანდელ დღემდე აქტუალური რჩება.
ხალხური შემოქმედების თემა ზაქრო მაისურაძის სხვა წერილებშიც გაჟღერდა. ერთ–ერთი მათგანი თუშურ ხალხურ საფენებს ეძღვნება.იხ. „ძეგლის მეგობარი“, №22, 1970 სხვა შემთხვევაში ის სვამს ქართული ხალხური ტრადიციების დაცვის საკითხს.იხ. „ძეგლის მეგობარი“, №5, 1965ავტორი მაღალ შეფასებას აძლევს ამ სახის ნაწარმის ესთეტიკურ მხარეს  და მოუწოდებს ხელოვანთ ხალხური ტრადიციების აღდგენისაკენ და მათ საფუძველზე შექმნილ ნაწარმოებთა დამკვიდრებისაკენ ქართველი ხალხის თანამედროვე ყოფაში. აქ ნათლად გამოჩნდა მისი დამოკიდებულება მემკვიდრეობისადმი. ზაქრო მაისურაძე ხალხური შემოქმედების დიდი დამფასებელი იყო, იქნებოდა ეს ხეზე კვეთილობა, დაღესტნური ვერცხლი თუ ბალხარის კერამიკა. ის დიდი სიყვარულითა და რუდუნებით წლების მანძილზე აგროვებდა ამ ნივთებს. ბატონი ზაქრო შემოქმედის თვალით უყურებდა თვითოეულ საგანს და თითქმის ფიზიკურად აღიქვამდა მათ – არა მარტო თვალით, არამედ შეხებით, ყნოსვით და, შეიძლება, გემოთიც. მის შესანიშნავ კოლექციას, რომელიც მან დატოვა, დიდი ესთეტიკური ფასი აქვს, როგორც მოგვიანებით მისი ქალიშვილი, ხელვნებათმცოდნე მაკო მაისურაძე წერდა, „ქართული ხალხური შემოქმედება ის უშრეტი წყაროა, რომლითაც საზრდოობდა მხატვარი მთელი თავისი შემოქმედების მანძილზე“.მარინე მაისურაძე, „ფერადოვანი დეკორატიული პანოები“, ჟურნ. ,,საბჭოთა ხელოვნება“, №12, თბ., 1988, გვ. 97ქართული ხალხური ზღაპრების და იგავ–არაკების მიხედვით შექმნილ მცირე პლასტიკის ნაწარმოებსა თუ კერამიკულ პანოებში ჩანს მისი მისწრაფებები პოეტურობისა და უშუალობისაკენ.

2

ზაქრო მაისურაძის დამსახურება კერამიკის შესწავლის სფეროში განსაკუთრებულია. შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, მან დაუდო სათავე საქართველოში ხელოვნების ამ დარგის კვლევას. მისი ნაშრომი „ქართული მხატვრული კერამიკა  XI – XIII სს.“ (დმანისის ანგობიანი კერამიკა) (თბ., 1953) ფუძემდებლური გამოკვლევაა, სადაც მრავალფეროვანი მასალაა წარმოდგენილი და სწორედ ხელოვნებათმცოდნეობითი პოზიციებიდან განხილული და გაანალიზებული. ზაქრო მაისურაძემ გამოწვლილვით შეისწავლა დმანისის ანგობიანი კერამიკა, შეეხო დმანისის ისტორიასაც, მის ამაღლებასა და დაწინაურებას, რასაც, უდავოდ, ხელს უწყობდა ე.წ. „აქლემის გზა“ – საქარავნო გზა საქართველოდან სომხეთისაკენ, ისაუბრა მის როლზე  XIII საუკუნეშიც, როდესაც საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერე სუსტდება. დმანისის მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ნაწარმის კვლევის შედეგად ავტორმა გამოავლინა ნივთების დანიშნულება, ტექნოლოგიური პროცესები, მათი მხატვრული შემკობის ხერხები და მეთოდები, მკვლევარი განიხილავს ყველა მოტივს, რაც კი დმანურ კერამიკაზე გვხვდება, სადაც ნატურალური სახე დაყვანილია „ორნამენტულ–სტილიზებულ სახემდე, რომელშიც „ხაზგასმულია ყოველი მოტივის შინაგანი ბუნება“.ზ. მაისურაძე, ქართული მხატვრული კერამიკა, გვ. 37ის ამ ნაწარმის კომპოზიციურ აგებასაც ეხება. მოხატული და მოუხატავი მონაკვეთების  ურთიერთშეფარდების გარკვეული კანონზომიერება, ცენტრისა და გვერდების სხვადასხვანაირი შემკობა – ცენტრში, უმთავრესად, სიუჟეტურ კომპოზიციას გამოხატავდნენ, ხოლო გვერდებზე კი – ორნამენტს, ხელს უწყობს ჰარმონიული და დახვეწილი კომპოზიციის შექმნას. დმანური კერამიკის პარალელები მან მოიპოვა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში – თბილისში, იყალთოსა და წალკაში, სამშვილდესა და რუსთავში და სხვ. ამ მასალის შედარებამ დმანურთან მისცა მკვლევარს საშუალება განეზოგადებინა ის დასკვნები, რომლებიც მან დმანისის კერამიკის შესწავლის შედეგად გამოიტანა. ამრიგად, დმანური მასალა მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა XI – XIII საუკუნეების ქართული კერამიკის განვითარების საერთო სურათის წარმოსაჩენად. ამიტომაცაა, რომ ზაქრო მაისურაძის ეს ნაშრომი, ფაქტობრივად, ამ პერიოდის ქართული მხატვრული კერამიკის ამსახველია. ქართული კერამიკის განვითარებას ავტორი უკავშირებს როგორც მუსლიმანური აღმოსავლეთის, ასევე, ქრისტიანული ბიზანტიის  ხელოვნებებს. მაგრამ მას აინტერესებს ისიც, გამოირჩევა თუ არა ქართული კერამიკა სხვა ქვეყნების ამ დარგის თანადროული ნაწარმისაგან. ამის პასუხად მას მოჰყავს ცალკეული მაგალითები, აღნიშნული თავისებურებებით. მაგ., ასეთებად უნდა ჩაითვალოს ქართულწარწერიანი ჭურჭლის ფრაგმენტებიზ. მაისურაძე, ქართული მხატვრული კერამიკა, ტაბ. 30, 36ან კიდევ, ფრაგმენტი ადამიანის სახის გამოსახულებით, რომლის შესახებაც ზ. მაისურაძე წერს: „თუმცა ადამიანის სახის ასეთი კომპოზიციური გამოსახულება აღმოსავლური ტრადიციების მატარებელია, მაგრამ ჯერჯერობით ამის პარალელები არც ანისისა და დვინის, არც განჯის განათხარ კერამიკულ მასალაში არ მოიპოვება“.ზ. მაისურაძე, ქართული მხატვრული კერამიკა, გვ.29, ტაბ. 5ამას ისიც ემატება, რომ ორნამენტულ მოტივებში ავტორი ბევრ საერთოს პოულობს ქართულ ფრესკებსა და ჭედურ გამოსახულებებთან. ასეა თუ ისე, მისთვის ქართული კერამიკა შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ორგანული ნაწილია. აღნიშნული მასალის კვლევის შედეგად ზაქრო მაისურაძემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა დადო: ანგობიანი ნაწარმის მიღების ტექნოლოგიური პროცესები თითქმის ისეთივეა, როგორც დღეს არის, თუ არ მივიღებთ მხედველობაში დღევანდელი ქარხნების ტექნიკურ მოწყობილობათა სრულყოფას.ზ. მაისურაძე, ქართული მხატვრული კერამიკა, ტაბ. 36, 37ამ აზრის გავრცობა-განვითარებას წარმოადგენს ზაქრო მაისურაძის სტატია „ქართული საბჭოთა მხატვრული კერამიკის საკითხისათვის“.ზ. მაისურაძე, „ქართული საბჭოთა მხატვრული კერამიკის საკითხისათვის“, Ars Georgica, ტ. IV, თბ., 1955აქ ავტორი საუბრობს ზემოაღნიშნული ქართული მხატვრული კერამიკის მოხატვის ხერხების აღდგენაზე, რაც თბილისის კერამიკული კომბინატისა და დულევოს ქარხნის საღებავების გამოყენებით შეიძლება განხორციელდეს. ჭიქურზედა კერამიკულ საღებავებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად მან შესაძლებლად მიიჩნია ამ საღებავების გამოყენება დაბალი დნობის ჭიქურების ქვეშაც. ხოლო ის საღებავები, რომლებიც ვერ იტანენ ჭიქურის ზემოქმედებას, მისი აზრით, უნდა ჩაიძიროს ან შეიდნოს მასში – ჭიქურქვეშ ისინი იძენენ ფერის ინტენსივობას, გამჭვირვალობას, სიღრმეს, მექანიკურ სიმტკიცესა და მდიდარ ნიუანსებს. ზაქრო მაისურაძის მეტად ყურადსაღები რეკომენდაციები კერამიკული მხატვრული პანოს აგებაზეც ვრცელდება. მის მიერ შემოთავაზებული ხერხის თანახმად, პანო კომპოზიციის მიხედვით და არა ბადისებრ უნდა დაიჭრას, რათა არ დაირღვეს დაუნაწევრებელი აგების მთლიანი აღქმა.ზ. მაისურაძე, „ქართული საბჭოთა მხატვრული კერამიკის საკითხისათვის“, Ars Georgica, ტ. IV, თბ., 1955, გვ.32

3

ზაქრო მაისურაძის კიდევ ერთი, მეტად საყურადღებო და აქტუალური რჩევაც აქვს – ავტორი თანამედროვე ქართველ არქიტექტორებს მოუწოდებს კერამიკული პანოების გამოყენებისაკენ. ფაქტობრივად, ის სვამს საკითხს არქიტექტურისა და კერამიკის სინთეზის შესახებ. არქიტექტურულ ძეგლებზე კერამიკის გამოყენების ტრადიცია საქართველოში შუა საუკუნეებიდან არსებობდა. განვიხილოთ ცისფერი ფილებით გამოყვანილი სახურავი კვეტერაში (X ს.), ან ტიმოთესუბნის გუმბათის ყელში ჩასმული მხატვრული აქცენტები (XII-XIII სს.). ქართული აგურით აშენებულ ოზაანის ეკლესიაში კი (IX-X სს. მიჯნა) საკურთხევლის იატაკი კერამიკული ფილებით იყო მოფენილი. ეს პირველი და უჩვეულო მაგალითი ქართულ ისტორიულ არქიტექტურაში სხვა ქვეყნებისათვისაც იშვიათია. არსებობს მოხატული ფილები ბულგარეთიდან, პრესლავიდან, უფრო ადრინდელები, დაახ. X– XI სს. ისინი მცირერიცხვოვანია და დანიშნულებითაც – სხვადასხვა. ამ ფონზე ოზაანის კერამიკა დიდ მნიშვნელობას იძენს. ზაქრო მაისურაძემ სპეციალური მონოგრაფია მიუძღვნა ამ მეტად საინტერესო ძეგლს.ზ. მაისურაძე, ოზაანის კერამიკა, თბ., 1959ეკლესიის ფრესკებსა და ორნამენტულ სახეებთან შედარების გზით მან დააზუსტა ოზაანის კერამიკული იატაკის თარიღი და ის XII საუკუნის მიწურულს მიაკუთვნა. ერთფერი და მოხატული ფილების მხატვრული და ტექნოლოგიური ანალიზის შედეგად ავტორმა გამოავლინა ამ მასალის სიახლოვე XI-XIII საუკუნეების ანგობიანი კერამიკის ნაწარმთან. აქედან გამომდინარე, მკვლევარი სერიოზულ დასკვნებამდე მიდის – ოზაანის კერამიკა შესრულებულია არა მეაგურე თუ მეკრამიტე ოსტატთა მიერ, არამედ მეჭურჭლე ოსტატის ხელით. ისტორიული ცნობებისა და ლიტერატურული წყაროების მიხედვით ავტორი ვარაუდობს, რომ ოზაანის მაგალითი გამონაკლისი არ უნდა ყოფილიყო.
4

არქიტექტურულ კერამიკას ეძღვნება ზაქრო მაისურაძის შრომები: „ქართული შორენკეცების საკითხისათვის“ და „VIII-XI საუკუნის ქართული არქიტექტურული კერამიკა“.ზ. მაისურაძე, „ქართული შორენკეცების საკითხისათვის“ Ars Georgica, №3, თბ., 1950; ზ. მაისურაძე, „VIII-XI საუკუნის ქართული არქიტექტურული კერამიკა“, ძეგლის მეგობარი, №9, თბ., 1969პირველ ნაშრომში საუბარია სამწევრისის ეკლესიის მახლობლად მდებარე პატარა აგურის შენობაზე, რომელიც ავტორის დაზუსტებით, XVI საუკუნის ცნობილი ფეოდალის, მერაბ ფანასკერტელ–ციციშვილის მეუღლისა და შვილის მიერ დაკვეთილ საძვლეს წარმოადგენს. ამ პერიოდს მიაკუთვნებს ის შენობის დეკორში შემავალ კერამიკულ რელიეფებსაც (ტერაკოტა), რომლებიც სპარსეთის მოძალების პირობებში ქართული კულტურული ტრადიციების დაკნინების ნიშნებს ატარებს. ამავე დროს, ამ შენობის სამკაულისადმი ინტერესი აშკარად დიდია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ არქიტექტურაში, მის ექსტერიერსა თუ ინტერიერში, კერამიკული შორენკეცების გამოყენება მეტად იშვიათია.
მეორე ნაშრომში ზაქრო მაისურაძე განიხილავს ყანჩაეთის კაბენისა და წირქოლის კერამიკულ ფილებს, რომლებზეც წმინდანთა თავები და ბიბლიური სცებებია („დანიელი ლომებს შორის“, „ბრძოლა დავითისა და გოლიათისა“) გამოსახული, ზაქრო მაისურაძის მიერ ჩატარებულმა მხატვრულ-სტილისტურმა ანალიზმა გამოავლინა ის ძირითადი მახასიათებლები, რომლითაც ეს კერამიკული ფილები უკავშირდება VIII–IX საუკუნეების ქართული პლასტიკის ძირითად ტენდენციებს და, აქედან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს აღნიშნული გარდამავალი პერიოდით. ავტორმა დაადგინა, აგრეთვე, ამ კერამიკული ფილების დამზადების წესი ყალიბის საშუალებით, რაც მათ მასობრივ წარმოებაზე მიუთითებს, მით უფრო, რომ ისინი იაფი მასალისაა.

5

ზაქრო მაისურაძეს დიდი დამსახურება მიუძღვის მცხეთაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მრავლად აღმოჩენილი შავი და რუხი კრიალა ჭურჭლის მხატვრული შემკობის ტექნიკური ხერხებისა და მისი ტექნოლოგიის გამოვლენის საქმეში. ამ საკითხებმა ნათელი ასახვა ჰპოვა მის ორ ნაშრომში.სამთავროს სამაროვნის ორმო–სამარხების შავი და რუხი ჭურჭლის მხატვრულად შემკობის ტექნიკური ხერხების შესახებ, საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, ტ. XVIII, №1, 1957; სამთავროს ორმო–სამარხების შავი და რუხი კრიალა ჭურჭლის ტექნოლოგია, საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, ტ. XIII, №4, 1952სამთავროს გათხრების დროს მოპოვებული ნაირგვარი მასალა მთლიანად მხატვრულია. მის მორთულობას გეომეტრიული ნახატი წარმოადგენს. ზემოხსენებული ნაშრომებიდან ერთ–ერთში ზაქრო მაისურაძე ადგენს ამ ჭურჭლის მხატვრული შემკულობის ტექნიკურ ხერხებს, რომლებიც დიდ მსგავსებას იჩენს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოპოვებულ მასალასთან, რომელიც მოსკოვის ისტირიულ მუზეუმშია გადატანილი. მათი შედარებისას ავტორმა ისიც აღმოაჩინა, რომ სამთავროს ჭურჭელში გამოყენებული ერთ-ერთი ხერხი – ე.წ. „ობსიდიანის სარკმელი“ მოსკოვის მუზეუმის მასალაში არ ჩანს. მეცნიერი დაწვრილებით აღწერს ამ ,,სარკმლის“ ნაწარმში  ჩატანების წესსაც. მისი თქმით, ასეთ ნაწარმს რიტუალური დანიშნულება ჰქონდა. დადგენილია ქართული მასალის თარიღიც – ის, ისევე, როგორც მოსკოვის მუზეუმის ჭურჭელი, ძვ. წელთაღრიცხვის XV-IV სს. განისაზღვრება. სამთავროს მასალის მიხედვით მკვლევარი ადასტურებს მცხეთის ტერიტორიაზე ამ პერიოდში მცხოვრები ხალხის შინამრეწველობის მაღალ დონეს. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ზაქრო მაისურაძის მეორე ნაშრომი, სადაც ის აღნიშნული ჭურჭლის მეტად თავისებურ ტექნოლოგიას ეხება. მთავარი აქ ისაა, რომ მან გაშიფრა სამთავროს ამ ნაწარმის შექმნის ტექნოლოგიური პროცესი. მკვლევარი თვლის, რომ შავკრიალა ჭურჭელი მიიღება შეკვამლის გზით. ზოგიერთი მეცნიერი (ფ. იეგერი, რ. ვირხოვი, პ. უვაროვა) ასე შეღებილ ნაწარმს შემთხვევითობას მიაწერს, თუმც, ზაქრო მაისურაძე თვლის, რომ ეს პროცესი სრულიად შეგნებული იყო. ის არ ეთანხმება არც გ. ნიორაძის აზრს, რომ აღნიშნული ნაწარმი შავად შეღებილი ჩანაჟონი წყლის შედეგად არის მიღებული. ზაქრო მაისურაძემ ჩაატარა ექპერიმენტები სამთავროს შავი ჭურჭლის ფრაგმენტებზე. ამ ექსპერიმენტების შედეგად, რომლებმაც დაადასტურა მკვლევარის მეცნიერული მსჯელობები და მიგნებები, ავტორი შემდეგ დასკვნებამდე მიდის: ჯერ ხდენა ნაწარმის გამოწვა – შეკვამლა, შემდეგ ის იფარება ცვილით, რასაც მოჰყვება მისი გაკრიალება. მკვლევარი გვთავაზობს, აგრეთვე, ამ კერამიკული ნაწარმისათვის გათვალისწინებული ღუმლისა და დასაყალიბებელი ჩარხის სავარაუდო აღდგენას. მეცნიერი რუხი კრიალა ჭურჭლის ტექნოლოგიური პროცესის აღწერასაც იძლევა. ზაქრო მაისურაძემ გაითვალისწინა ის პეტროგრაფიული ანალიზიც, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ კერამიკული ნაწარმის მისაღებად ძველად თიხის იგივე კარიერები იყო გამოყენებული, რასაც დღეს მიმართავენ. მან მცხეთის თიხისგან გამოწვა–შეკვამლის გზით გააკეთა პატარა ჯამები, რომლებიც მხატვრული ეფექტით არ გამოირჩეოდა უძველესი ნიმუშებისაგან. აღნიშნულ ნაშრომში ხაზგასმული ეს ფაქტი კიდევ ერთი დამაჯერებელი საბუთია მისი მეცნიერული კვლევის წარმატებისა. ყოველივე ეს დაედო საფუძვლად იმ ნოვატორულ ძვრებს, რომლებიც XX საუკუნის 50–იანი წლების ბოლოსთვის შავი კერამიკის ორიგინალური და მოხდენილი ჭურჭლის შექმნით დაგვირგვინდა. ეს მართლაც დიდი მოვლენა იყო მაშინდელ მხატვრულ ცხოვრებაში. აქეთკენ გზა კი, უპირველესად, ზაქრო მაისურაძემ გაკვალა. სწორედ მის უნიჭიერეს მოწაფეს, რევაზ იაშვილს ამ საქმეში განსაკუთრებული როლი განეკუთვნება. ზაქრო მაისურაძემ ადრევე დაინახა ამ შემოქმედის დიდი პოტენციალი. ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც ეძღვნება ქართულ მხატვრულ კერამიკას, მეცნიერი მაღალ შეფასებას აძლევს დამწყები შემოქმედის სადიპლომო ნაშრომს და განსაზღვრავს მას, როგორც დიდი მხატვრული გემოვნებისა და ტექნიკური ოსტატობის ნაწარმოებს.З. Маисурадзе, Грузинская  художественная керамика, журн. Декоративное искусство СССР, М., 1957 (юбилейный номер), ст. 38

6

ქართული კერამიკის კვლევას ზაქრო მაისურაძე აწარმოებს სხვა ხალხების შუა საუკუნეების კერამიკასთან მჭიდრო კავშირში. მისი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო აფრასიაბის კერამიკამ. ყოფილ სამარყანდის ნაქალაქარის, აფრასიაბის ანგობიანი კერამიკა ნაკლებად იყო შესწავლილი. არადა, ამ მასალის შესანიშნავი მცოდნის, იაკუბოვსკის თქმით, „ფეოდალური აღმოსავლეთის მხატვრულ კერამიკას შორის აფრასიაბის კერამიკას ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს.“З. П. Маисурадзе, Керамика Афрасиаба,  Тб., 1958, ст.9 თავის მოგონებებში, რომლებიც ამ კერამიკულ ნაწარმს ეძღვნება, ზაქრო მაისურაძე შეეცადა ამ მეტისმეტად საინტერესო მასალის მეცნიერული კვლევა ჩაეტარებინა. აფრასიაბის კერამიკა სამარყანდის მხატვრულ-ისტორიული კერამიკის ნაწილია. სამარყანდის კერამიკის სამი ჯგუფიდან, რომლებიც სტილისა და ტექნიკური ხერხების მიხედვით სხვადასხვა ეპოქას მიეკუთვნებოდა, აფრასიაბის კერამიკა ყველაზე ადრინდელია.
ის განისაზღვრება სამანიდების პერიოდით (IX-XI სს.). ამ დროის კერამიკის მაღალი ტექნიკა და ოსტატობა სოგდიური კულტურიდან მოდის. ამდენად, აფრასიაბის კერამიკა ამ სახელითაცაა ცნობილი. ზაქრო მაისურაძემ ამ კერამიკის ის ნაწილი შეისწავლა, რომელიც დაცული იყო მოსკოვის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის აღმოსავლური კულტურის ფონდებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მან თვითონ შეასრულა ოცდაცამეტი ექსპონატის ფერადი ტაბულები. აფრასიაბის კერამიკაში გამოყენებულია კარგად ცნობილი ჭიქურქვეშა ფერადი ანგობის ფართოდ გავრცელებული ტექნიკა. დიდ ყურადღებას იმსახურებს ზაქრო მაისურაძის მიერ ჩატარებული მხატვრული კომპოზიციების მეცნიერული ანალიზი და მათი პარალელების მოძიება. ამან მისცა მას საშუალება გამოევლინა ამ კომპოზიციების თავისებურებაც – „თეთრი ანგობის საშუალებით შავ ფონზე გამოყვანილია მხატვრული სახეები, რომლებზედაც თეთრი ანგობის წერტილები მარგალიტებად არის მიმოფანტული, ხოლო წითელი წერტილები თეთრი გამონათებებით ცენტრში ლალის მძივებივითაა აკინძული“.З. П. Маисурадзе, Керамика Афрасиаба,  Тб., 1958, ст.23  ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მეცნიერის დასკვნა, რომ შუა აზიის კერამიკის ეს თავისებურება აღმოსავლეთის სხვა ქალაქებში არ ჩანს.
აფრასიაბის კერამიკამ ფართო გავრცელება პოვა შუა აზიის სხვა რეგიონებში, რაც მკვლევრის თქმით, მის სახალხო ხასიათზე მიანიშნებს. ის ანისშიც იქნა აღმოჩენილი. ამ კერამიკებისთვის დამახასიათებელი მხატვრულ-ტექნიკური ხერხები ზაქრო მაისურაძემ დაადასტურა იმ ფრაგმენტებზეც, რომლებიც მოპოვებულ იქნა ქ. თბილისში 1948 წელს, ბალნეოლოგიური კურორტის მახლობლად. ამაში მეცნიერი ხედავს ჩვენი ქვეყნის გაძლიერების პერიოდში იმ სავაჭრო ურთიერთობის შედეგს, რომლის დროსაც შუა აზიის ქალაქური კუსტარული წარმოების ნაწარმი, კერძოდ, კერამიკა უნდა მოხვედრილიყო საქართველოშიც. ნაშრომში განხილულია, აგრეთვე, ისეთი საკითხები, როგორიცაა ისტორიული ფონი – მოკლე ექსკურსი აფრასიაბის აღზევებისა და შემდგომი დაცემის შესახებ, საუბარია შუა საუკუნეების კუსტარულ კერამუკილ წარმოებაზე და სხვ., რაც ამ კვლევას მეტ სიფართოვეს და სიღრმეს ანიჭებს.
თანამედროვე ხელოვნებაშიც ზაქრო მაისურაძე ინტერესს იჩენს ამჯერად რუსული საბჭოთა ფაიფურის ოსტატებისადმი და მათ ცალკე სტატიას უძღვნის.З. Маисурадзе, Героика Отечественной войны в советской фарфоровой скульптуре, Ars Georgica, №5, თბ., 1959   თვითონ სამამულო ომის მონაწილეს, მას დიდად აღელვებს და გულთან ახლოს მიაქვს ეს თემა. მისი განხილვის ობიექტია დიმიტროვის (ვერბილკა, რუსეთის ფედერაცია) და „პრავდის“ (დულევო, რუსეთის ფედერაცია) სახელობის ფაიფურის ქარხნების მხატვრული პროდუქცია. ზაქრო მაისურაძის აღნიშვნით, ამ ნაწარმის ოსტატები არიან უშუალო მემკვიდრეები და გამგრძელებლები იმ შესანიშნავი რუსული ტრადიციებისა, რომლებიც გარდნერისა და კუზნეცოვის ყოფილი ქარხნებიდან წამოვიდა და რომლებსაც დიდი ისტორია აქვს. ავტორი მაღალ შეფასებას აძლევს ამ ნაწარმს მისი იდეურობის და ტექნიკური დახვეწილობის მხრივ, მაგრამ არც მის კრიტიკას ერიდება. ეს ის პოზიციაა, რომელიც მხოლოდ ხელს თუ შეუწყობს ახალ ხელოვნებას მისი განვითარების პროცესში.
დაბოლოს, ორიოდე სიტყვა თვით ზაქრო მაისურაძის პიროვნებაზე. საოცარი სიყვარული და ერთგულება იცოდა არა მხოლოდ საქმეში, არამედ ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც. ეს ბრგე მამაკაცი, ჯანითა და ღონით სავსე, ამავე დროს, იყო ნაზი გრძნობის მატარებელი და ზოგჯერ არც კი ერიდებოდა ამ გრძნობათა  გამჟღავნებას – მე არაერთხელ მინახავს, როგორ მორევია მას ცრემლი. ასე უყვარდა თავისი დიდი მასწავლებელი – გიორგი ჩუბინაშვილი, ლენკო მუსხელიშვილი, თავისი კოლეგები და მოწაფეები, გულის ტკივილამდე უყვარდა თავისი მშვენიერი ოჯახი – ღირსებითა და თავშეკავებით გამორჩეული მეუღლე, ირინე ჯაფარიძე, გულწრფელი და მოყვარული შვილები – ულამაზესი ვაჟი ზურიკო და მაკო. ანთებული თვალებითა და აღელვებული ხმით ის უშუალოდ და ტემპერამენტით გამოხატავდა თავის აღფრთოვანებას. ხანდახან ის ხმამაღლა წაიოცნებებდა კიდეც, რა თქმა უნდა, ახლობლებთან, და მაშინ, სადღაც შორს მიმართული მზერით, ნახევარტონებში ის გვიჩურჩულებდა თავის წარმოსახვებზე. ახალგაზრდობა უყვარდა, მისი სტუმართმოყვარე სახლი ყოველთვის ღია იყო მისი შვილების მეგობრებისთვის. ხოლო მისი სახელოსნო, საკუთარი ხელით გამართული ხალხურ სტილში, იყო მისი მოწაფეებისა და ახალგაზრდა კოლეგების თავშეყრის ადგილი. აქ ბატონი ზაქროს ხელმძღვანელობით ჩვენ ვხატავდით, ვსაუბრობდით, ვკამათობდით, ძირითადად, ქართული ხელოვნების საკითხების ირგვლივ. ყველაფერი კი „სუფრით“ მთავრდებოდა. ეს იყო განსაკუთრებული „სუფრა“, შედგენილი ბატონი ზაქროს ხელით დამზადებული იშვიათი კერძებით. ყველაფერი გამოსდიოდა იმიტომ, რომ ყველაფერს დიდი სიყვარულით აკეთებდა. შრომა უყვარდა და დიდ სიამოვნებასაც ნახულობდა მასში.
ზაქარია მაისურაძემ თავისი წვლილი შეიტანა ქართული ხელოვნების ისტორიის შესწავლის საქმეში. ის ახალი ქართული კერამიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ასე მოხდა, რომ დღეს ჩვენ არ გვყავს ქართული კერამიკის ისეთი თავდადებული მკვლევარი, როგორიც ზაქარია მაისურაძე იყო. მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების რიგებიდან ზოგიერთი მაინც დაადგება ზაქარია მაისურაძის გაკვალულ გზას.

ნანახია: 12798-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani