Georgian (Georgia)English (United Kingdom)
Home
1900-1920-იანი წლების ქართული არქიტექტურა
User Rating: / 4
PoorBest 

ნინო ასათიანი

მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულებში გრძელდება ის უაღრესად საინტერესო პროცესი არქიტექტურის განვითარებისა და ქალაქების ფორმირებისა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან ქვეყნის მშვიდობიან, მაგრამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით ძალზე რთულ პერიოდში იღებს სათავეს და რომელიც სრულიად ახლებურ იერს ანიჭებს ამ დროისთვის მნიშვნელოვნად დაკნინებულ ქალაქებს. შემოტანილი დასავლური თუ აღმოსავლური არქიტექტურა თავიდანვე ისე სწრაფად განიცდის ასიმილაციას და ქართული გემოვნებისა და ბუნების შესაბამისად ისე სწრაფად მკვიდრდება ყოფაში, რომ შიდა ეზოები, სათავსოების „ანფილადური“ განლაგება, დაკიდული რიკულებიანი აივნები და სხვა მრავალი მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი ელემენტი, წმინდა ქართულ მოვლენად აღიქმება, ისევე, როგორც დასავლეთ საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელებული „ოდა“ სახლები. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ხსენებული მოვლენების ქართული არქიტექტურის ორგანულ, შინაგანად განპირობებულ მოვლენად შეფასება, რაც არაერთხელ გვხვდება ლიტერატურაში, საკმარის საბუთიანობას და დამაჯერებლობას არის მოკლებული, ქართული არქიტექტურის ისტორიის ჯაჭვს აქ ნამდვილად აკლია რგოლი.
მეოცე საუკუნის დასაწყისში, წინამორბედ წლებთან შედარებით, იზრდება მშენებლობისა და კეთილმოწყობის მასშტაბები, რაც მთავარია, უმჯობესდება ნაგებობის არქიტექტურის ხარისხი. ამ პერიოდში აგებული მრავალი შენობა დღესაც ქალაქების უკეთეს სამკაულთა შორისაა.
არქიტექტურული შემოქმედება კი კვლავ ეკლექტიზმის და სტილიზაციის გზით მიდის, უმთავრესად - კლასიკური არქიტექტურის ფორმების ვარიაციებით, უფრო იშვიათად კი - გუთური, ისლამური, ბიზანტიურ-რუსული ტრადიციული არქიტექტურის ელემენტებით. საყურადღებოა, რომ ამავე დროს ჩნდება ინტერესი ქართული ხუროთმოძღვრების მემკვიდრეობის მიმართ, რაც პრაქტიკულ მოღვაწეობაში ცალკეული არქიტექტურული, უმთავრესად, საეკლესიო არქიტექტურული ფორმების თუ დეკორატიული ელემენტების გამოყენებაში ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და სტილიზაციის ფარგლებს ვერ სცილდება, ფაქტი მაინც მნიშვნელოვანია, რადგან მიმდინარეობს ამ მიმართულებით ინტერესის გაღრმავება და ცოდნის დაგროვება.
საუკუნის დასაწყისში გამეფებული სტილისტური სიჭრელის ფონზე უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი ფაქტი ჩვენში ახალი სტილის შემოსვლისა, რომელიც რუსეთის იმპერიაში მიღებული სახელწოდებით - „მოდერნი“ გახდა ცნობილი საქართველოში. ამ ახალმა სტილმა (Art Nouveau), გასაოცარი სისწრაფით გავრცელებულმა თითქმის მთელ მსოფლიოში, თვალსაჩინო ადგილი დაიკავა საქართველოს ქალაქების არქიტექტურაში და შესამჩნევი კვალი დაამჩნია მათ  იერს. როგორც ჩანს, ეკლექტიზმის და კლასიკური არქიტექტურის სტილიზაციის ხანგრძლივი პროცესი არქიტექტურისათვის უკვე მძიმე ტვირთად იქცა და ამიტომ ასე ფართოდ გაუღო კარი „ახალს“ - საოცრად მთლიან, ადვილად საცნობ, მრავალი ფორმალური ხერხით მდიდარ, მრავალფუნქციურ, კონსტრუქციულ და მხატვრულ სიახლეთა მომტან სტილს; სტილს, რომელიც ხელოვნებათა სინთეზს და ინდივიდუალიზაციის უდიდეს შესაძლებლობას შეიცავდა. ამ სოლიდური, ქალაქური, მასშტაბურად დახვეწილი არქიტექტურის ნიმუშების ხილვა საქართველოს ყველა ქალაქში შეიძლება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ახალი სტილი თანაარსებობდა სხვა, ზემოთ აღნიშნულ სტილთა თუ სტილიზაციის პარალელურად და მისი გამოვლინების „სუფთა“ ნიმუშთა გვერდით, სხვა სტილის ელემენტებთან მისი აღრევის თუ შეთავსების მაგალითებიც ბევრია, ვინაიდან ხანგრძლივი ისტორიის მქონე ეკლექტიკური აზროვნების ტრადიცია ჯერ კიდევ ძლიერი იყო. არიან არქიტექტორები, რომლებიც თავის შემოქმედებაში მოდერნის ერთგულნი რჩებიან და, აგრეთვე, ისეთებიც - მათ შორის მაღალი კვალიფიკაციის არქიტექტორები - რომლებიც ეპიზოდურად მიმართავენ მას ისევე, როგორც იმ დროს გავრცელებულ სხვა კლასიკურ არქიტექტურულ სქემებს.
ხელოვნების სხვა, მომიჯნავე დარგთაგან განსხვავებით, სადაც ეროვნულ ხელოვნებას უკვე მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, არქიტექტურაში, ისევე, როგორც მეცხრამეტე საუკუნეში, ჯერ კიდევ მოღვაწეობენ არაქართველი, რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ეროვნების არქიტექტორები, მეტწილად - სოლიდური აკადემიური ცოდნით აღჭურვილი მაღალი კვალიფიკაციის პროფესოინალები. გამონაკლისია მხოლოდ სიმონ კლდიაშვილი, პირველი ქართველი არქიტექტორი, რომელსაც სპეციალური უმაღლესი განათლება პეტერბურგში ჰქონდა მიღებული. საქართველოში ჯერ კიდევ არ ჩანს არქიტექტურული სკოლის ჩამოყალიბების საწყისები, არც რაიმე გაერთიანება ან საზოგადოება, თუმცა, საუკუნის დასაწყისში თბილისში შექმნილ სამხატვრო სკოლაში ხატვასთან ერთად ცნობილი ოსტატები არქიტექტურასაც ასწავლიდნენ.
რაც შეეხება ნაგებობათა დანიშნულებას, საქართველოში ყველა იმხანად გავრცელებული ტიპის ნაგებობა შენდება და ამ მხრივ XX საუკუნის დასაწყისის ქართული  არქიტექტურა სრულ შესაბამისობაშია მის თანამედროვე რუსეთისა და დასავლეთის განვითარებული ქვეყნების არქიტექტურასთან. უპირველეს ყოვლისა, ეს კვლავ კერძო მფლობელთა საცხოვრებელი სახლებია, რომლებიც როგორც „ტიპობრივი“, ასევე ინდივიდუალური პროექტებით შენდება. მათ შორის განსხვავება, არქიტექტურის მხრივ, თვალსაჩინოა, რაც დამოკიდებულია, როგორც დამკვეთის სოციალურ-ქონებრივ დონეზე, ასევე, არქიტექტურის კატეგორიაზეც. მდიდართა სახლებს უფრო კვალიფიციური არქიტექტორები აშენებენ, წვრილ ნაგებობების პროექტებს კი, მეტწილად, ნაკლებად ცნობილი არქიტექტორები ან ინჟინერ-ტექნიკოსები ასრულებენ. ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში, ჩვენშიც უდიდესი მნიშვნელობა აქვს გასაქირავებლად აშენებულ, მრავალბინიან, მსხვილ შემოსავლიან სახლებს, განსხვავება მეცხრამეტე საუკუნის სახლებისგან მათი მოცულობის და სართულიანობის მომატებაა. ეს სახლები მდიდარი არისტოკრატიის, უფრო მეტად კი მსხვილი ბურჟუაზიის კუთვნილებაა.
საქართველოს ქალაქებში, ამავე დროს, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ნაგებობათა მრავალი ტიპი შენდება. მათ შორისაა: ბანკები, სასწავლებლები, სასტუმროები, საავადმყოფოები, ეკლესიები, მაღაზიები, საგამოფენო პავილიონები, თეატრი და კინო.
საუკუნის პირველ ორ ათწლეულში მოღვაწე არქიტექტორთა შორის, რომელთაგან ზოგი მეცხრამეტე საუკუნეში დაწყებულ მოღვაწეობას აგრძელებს, ზოგიც აღნიშნულ პერიოდში იწყებს მუშაობას, გამოირჩევიან: ლეოპოლდ ბილფეlდი, კორნელი ტატიშჩევი,  ალექსანდრე შიმკევიჩი, ზურაბიანი, ალექსანდრე ოზეროვი, გაბრიელ ტერ-მიქელოვი, ანატოლი კალგინი, ღაზარ სარქისიანი, მიხეილ ოჰანჯანოვი, ალექსანდრე როგოისკი, მიხეილ ნეპრინცევი და სიმონ კლდიაშვილი. პროექტირებასა და მშენებლობაში მოღვაწე ინჟინერთაგან აღსანიშნავია გ. ქურდიანი და პ. მამრაძე. არქიტექტორთა მკვეთრი გამიჯნვა მათ მიერ აგებულ ნაგებობათა ტიპოლოგიის თვალსაზრისით იშვიათად ხდება. სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს, უმთავრესად, ერთი და იგივე ავტორები თანაბრად აპროექტებენ და აშენებენ.   
საცხოვრებელი სახლის დაგეგმარებას და არქიტექტურას, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევართან შედარებით, რაიმე არსებითი ცვლილება არ განუცდია, გარდა ზემოთ აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლებისა, რაც თავს იჩენს ბინების მეტად მოხერხებულ დაგეგმარებასა და ფასადთა გადაწყვეტაში. გეგმები რთულდება, დამხმარე სათავსოები ბინებთანაა მიახლოებული, ხშირად, ერთსა და იმავე სახლში ბინები განათების, განიავების, ზომების მხრივ მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ტერიტორიების უკეთ ათვისებისთვის მცირდება ეზოები. სახლების სადარბაზოები, ვესტიბიულები მდიდრულად არის გაფორმებული მარმარილოთი, მოზაიკით, ნაძერწი დეტალებითა და მხატვრული პანოებით. მდიდრულადაა მორთული, უმთავრესად, ფასადები ხშირად დანაწევრებული რიზალიტებით, აივნებით, ფართო სარკმლებით, რუსტიკითა და პილასტრებით. ძლიერდება ფასადების დატვირთვის ტენდენცია. ფასადები გადაწყვეტილია როგორც კლასიკური არქიტექტურის სქემების მიხედვით, ასევე „მოდერნის“  სტილით. გვხვდება, აგრეთვე, ქართული ისტორიული არქიტექტურის დეკორატიული ელემენტების გამოყენების მაგალითებიც. იმხანად საქართველოში აშენებულ საცხოვრებელ, კერძო და შემოსავლიან სახლთაგან ნიმუშებად შეიძლება დავასახელოთ სახლები კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე (1901 წ.), ბესიკის ქუჩაზე (1904 წ.), წინამძღვრიშვილის ქუჩაზე (1901 წ.), გრიბოედოვის ქუჩაზე (1903 წ.), ასევე, გრიბოედოვის ქუჩაზე ქობულაშვილების სახლის კაპიტალური გადაკეთება (1902 წ., არქიტ. ს. კლდიაშვილი), ასათიანის სახლი წინამძღვრიშვილისა და ბაქოს ქუჩის კუთხეში (1905 წ., არქიტ. ს. კლდიაშვილი) აგრეთვე, სახლები ზაქარია ერისთავისა თაბუკაშვილის შესახვევში (1903 წ.), უზნაძის ქუჩაზე (1904 წ., გრ. ქურდიანი), გ. ერისთავის (1914 წ. არქიტ. ს. კლდიაშვილი), ძმები ფორერების აღმაშენებლის პრისპექტისა და ტოვსტონოგოვის ქუჩის კუთხეში (1910-იანი წწ., არქიტ. ა. ოზეროვი) მდებარე სახლები, სარაჯიშვილის სახლი ნიკოლაძის ქუჩის კუთხეში (1910 წ., არქიტ. ა. ოზეროვი), ძმები მილოვებისა (1914 წ., არქიტ. გ. ტერ-მიქელოვი) ქიქოძის ქუჩაზე. სახლების სიმაღლე უმთავრესად ორიდან ოთხ სართულამდე მერყეობს, ყველა მათგანი მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებული კაპიტალური შენობაა, ქუჩის მასშტაბის და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით აგებული. 
არქიტექტურის წამყვანი ტენდენციები მეოცე საუკუნის პირველ ათწლეულებში საცხოვრებელი სახლების თანაბრად - და ეს საგანგებოდ აღსანიშნავია, წარმოჩენილია სახელმწიფო, საზოგადოებრივ თუ საეკლესიო არქიტექტურაში, რომლის საყურადღებო ნიმუშთა შორისაა: თბილისის სახაზინო თეატრი, ანუ, საარტისტო საზოგადოების შენობა (1901 წ., არქიტ. კ. ტატიშჩევი, ა. შიმკევიჩთან ერთად), სამუსიკო სასწავლებელი (1904 წ., არქიტ. ა. შიმკევიჩი), სათავადაზნაურო სასწავლებელი (1906 წ., არქიტ. ს. კლდიაშვილი),

1

სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი (1913-16 წწ., არქიტ. ა. კალგინი), სასტუმრო „მაჟესტიკი“ (1910-იანი წწ., არქიტ. გ. ტერ-მიქელოვი), ქვაშვეთის ეკლესია (1904-1910 წწ., ლ. ბილფელდი), ზუბალაშვილის სახალხო სახლი (მარჯანიშვილის თეატრი; 1909 წ., ს. კრიჩინსკი), უნივერმაღის შენობა (1910-იანი წწ., ა. როგოისკი), ოფიცერთა სახლი (1910-იანი წწ., არქიტ. დ. ჩისლიევი), ბანკები ლეონიძის ქუჩაზე და გუდიაშვილის ქუჩაზე (1910-იანი წ.), კინოთეატრი „აპოლო“ (1909 წ.); ასევე მრავალი სხვა ინდივიდუალური იერითა და ქალაქური, სოლიდური არქიტექტურით გამორჩეული ნაგებობა, რომლებიც დღევანდელი ქალაქის არქიტექტურაში კვლავ ღირსშესანიშნავ როლს ასრულებს. ზოგიერთი მათგანი, თვალსაჩინოების მიზნით, შეიძლება გამოიყოს როგორც არქიტექტურის გარკვეული მიმართულების ნიმუში.
აღნიშნულ პერიოდში „კლასიკური“ არქიტექტურის ნიმუშები მაინც უფრო მრავალრიცხოვანია. ამ ტრადიციის ფარგლებში უნდა განვიხილოთ თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის (ახლანდელი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის) შენობა. მისი პროექტის შესადგენად მოწვეული იყო არქიტექტორი ს. კლდიაშვილი. მშენებლობა, რომელსაც თვითონ ავტორი ხელმძღვანელობდა, 1906 წელს დასრულდა და გიმნაზიამ ფართო, ნათელ კლასებში დაიწყო ფუნქციონერება. ნაგებობის ფუნქცია იმთავითვე მიზანშეწონილად და მოხერხებულად იყო გააზრებული ისევე, როგორც მისი ქალაქმშენებლობითი მნიშვნელობა. სიმეტრიული, წარმოსადეგი სამსართულიანი შენობა, თავისი ქალაქური მასშტაბით, დახვეწილი პროპორციული წყობით, სოლიდურობით, ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ნაგებობაა, თუმცა მისი ფასადების გადაწყვეტაში ორიგინალური არაფერია, ის სავსებით თავსდება რენესანსულ-ბაროკული ეკლექტიკის ფარგლებში და ევროპისა და რუსეთის სასწავლებლების ტრადიციულ გადაწყვეტას მოგვაგონებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდა ავტორი აქ უკვე საკმაოდ მაღალ პროფესიონალიზმს ავლენს.
ასევე, კლასიკური ტრადიციის ხაზის გაგრძელებაა სასტუმრო „მაჟესტიკი“ (ყოფილი სასტუმრო „თბილისი“, დღევანდელი „მარიოტი“).

2

არქიტექტორ გ. ტერ-მიქელოვის ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილება სასტუმრო „მაჟესტიკი“ დღესაც რუსთაველის პროსპექტის განაშენიანებაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი შენობაა. იგი, როგორც სივრცის მაორგანიზებელი მძლავრი კომპონენტი, თავისი მდებარეობითა და მოცულობის საერთო კონფიგურაციით პროსპექტს მნიშვნელოვანწილად ანიჭებს იმ მომხიბვლელ პლასტიკას, რაც ასევე მისი (შენობის) ერთ-ერთი მთავარი ღირსებათაგანია. თავის დროზე თბილისის ყველაზე დიდი სასტუმროს ხუთსართულიანი იმპოზანტური შენობა, კარგად მონახული მასშტაბით, კლასიკური არქიტექტურის კანონებს ემყარება. როგორც ფასადების, ასევე ინტერიერის კომპოზიციური გადაწყვეტის წამყვანი თემაა კორინთული ორდერი. ოსტატურადაა მონახული ფასადების რიტმული დანაწევრება და არქიტექტურულ ფორმათა დახვეწილი ნახატი, რომელთა ზომიერი გამოყენება ხელს უწყობს მთლიანობის შთაბეჭდილებას.
ამავე მიმართულების ერთი ადრეული ნიმუშთაგანია არტისტული საზოგადოების სახლი, რუსთაველის თეატრი (დღეს - რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა),

3

რომელიც 1901 წელს აშენდა არქიტექტორების - კ. ტატიშჩევისა და ა. შიმკევიჩის  პროექტით. თეატრის დარბაზი რვაას ათი მაყურებლისთვის იყო განსაზღვრული. აქვე იყო დიდი და მცირე საკონცერტო დარბაზი. შენობის არქიტექტურა უაღრესად ეკლექტიკურია, თუმცა ფასადების გადაწყვეტაში წამყვანი თემა, როკოკოს დეკორატიულ ელემენტებთან ერთად, ორდერული ფორმებია. თეატრის შენობა ქუჩის განაშენიანებაშია ჩართული, მაგრამ მისი ინდივიდუალური, ძალზე „ჟღერადი“ არქიტექტურული იერი მას თვალნათლივ გამოარჩევს მისი მეზობელი ნაგებობებისგან. ეს სავსებით ევროპული, დედაქალაქური ნაგებობაა, ორიგინალური კომპოზიციითა და პროფესიულად მაღალ დონეზე გადაწყვეტილი ფასადით. ასეთი ეფექტური შედეგის მიღწევა, შესაძლოა, ეკლექტიკის ფარგლებში უფრო დიდ სიძნელესთან იყო დაკავშირებული, ვიდრე ჩამოყალიბებული, სტაბილური, ერთი სტილის ფარგლებში, რადგან აქ მრავალ ნიმუშთა წინაშე არქიტექტორის ალღოს და გემოვნებას უფრო რთული გამოცდა უნდა ჩაებარებინა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეოცე საუკუნის დასწყისში პრაქტიკოს არქიტექტორთა მოღვაწეობაში თვალსაჩინოდ იზრდება ქართული ისტორიული არქიტექტურის მიმართ ინტერესი. ამ პროცესს დიდად შეუწყო ხელი ექსპედიციებმა  და ამ ექსპედიციების მიერ ქართული ძეგლების შესახებ მოძიებულმა მასალამ. სრულიად ბუნებრივია, რომ ეს ნაგებობები, რომლებიც აღნიშნული ტენდენციის ფარგლებში თავსდება, იმხანად, თავისი არქიტექტურით, ეკლექტურობას ვერ ასცდებოდა, მაგრამ ეროვნული არქიტექტურული ტრადიციის გაცოცხლების ცდები თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანი იყო, მათ რომ მომავალში სათანადო განვითარების შესაძლებლობა მისცემოდათ და, მეოცე საუკუნის შესატყვისად, ფორმალურად კი არა, არამედ არსობრივად  გაეგრძელებინათ გზა.  ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტყველი მაგალითია სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის, ანუ, ქართული ბანკის შენობა (ამჟამად ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი)

4

რომელიც 1913-1916 წწ. აშენდა არქიტექტორ ა. კალგინის პროექტით (მხატვარი ჰენრიკ ჰრინევსკი, ჩუქურთმა შესრულებულია ნიკიფორე, ვლადიმერ, ნიკოლოზ და ლავრენტი აგლაძეების მიერ) ნიშანდობლივია, რომ პროექტის შექმნამდე ანატოლი კალგინი მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ სამხრეთ საქართველოში მოწყობილ ექსპედიციაში და თავად აზომა მრავალი ძეგლი. ასე, რომ მას უშუალო კონტაქტის საშუალება ჰქონდა ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ცოცხალ ნიმუშებთან. ბანკის პროექტი შერჩეული იყო 1912 წელს ჩატარებული კონკურსის შედეგად, რადგანაც იგი მკვეთრად გამოირჩეოდა სხვა დანარჩენი პროექტებისაგან და აკმაყოფილებდა კონკურსის პირობებს. პირობების თანახმად შენობა „ქართული სტილისა“ უნდა ყოფილიყო. შენობა გამორჩეულია მთლიანი მოცულობისა და ფასადთა გადაწყვეტის ძალზე საინტერესოდ გააზრებული თავისუფალი კომპოზიციით, განსხვავებული სიძლიერის აქცენტების განაწილების ოსტატობით, პროპორციულ შეფარდებათა კარგად მონახული სისტემით, მასალის ბუნების გამოვლენითა და ტექტონიკურობით. ყოველივე ეს შთამბეჭდავ, მონუმენტურ იერს ანიჭებს მას და ისტორიული არქიტექტურული ფორმების, აგრეთვე დეკორის ეკლექტური ნაკრების მიუხედავად, მთლიანობაში უდაოდ ქართულ არქიტექტურულ ტრადიციასთან სიახლოვეს ამჟღავნებს.
ამავე ტრადიციას ეხმიანება ქვაშვეთის ეკლესია, რომელიც არქიტექტორ  ლ. ბილფელდის პროექტით აშენდა.

6

იგი დამკვეთთა - ქვაშვეთის ეკლესიის მამულების კომიტეტის, მისი თავმჯდომარის, ივანე ამილახვრისა და მაშინდელი წინამძღვრის, მარკოზ ტყემალაძის სურვილის თანახმად, ძველი ტაძრის ადგილას აიგო. დამკვეთის ნებითვე, აგრეთვე, ქართული არისტოკრატიის სურვილითა და შემწეობით ეკლესია ქართული ტაძრის, კერძოდ, სამთავისის (1030 წ.) ასლი უნდა ყოფილიყო. ტაძრის მშენებლობა 1910 წელს დასრულდა. არქიტექტურული დეკორი ე. ანდრეოლეტის ნახატის მიხედვით ნ. აგლაძემ შეასრულა. ქვაშვეთის ეკლესია მართლაც იმეორებს დიდებული ქართული ტაძრის არქიტექტურას, მაგრამ მას, ორიგინალთან შედარებით, ერთგვარ სიმშრალესთან ერთად, მრავალი განმასხვავებელი ნიშანი აქვს როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის გადაწყვეტის თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ქვაშვეთის ეკლესია უაღრესად კარგად არის ჩაწერილი პროსპექტის განაშენიანებაში და მასშტაბურად შეთანხმებული მის სივრცესთან. ამავე დროს, ის არ აღიქმება როგორც განაშენიანების რიგითი კომპონენტი, არამედ აქტიურად „მუშაობს“ როგორც მნიშვნელოვანი აქცენტი ალექსანდრეს ბაღის ფონზე. აქ უთუოდ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეოცე საუკუნის ბოლო წლებში აგებულ ქართულ ეკლესიათაგან, რომლებიც კვლავ ისტორიული პროტოტიპების მიმსგავსებით შენდება, ქვაშვეთი დიდად გამოირჩევა - თავისი არქიტექტურის ხარისხითა და სივრცის გააზრების თვალსაზრისით იგი ბევრად უფრო „ქართულია“.

7

არქიტექტურაში მაღალ პროფესიონალიზმსა და „სკოლას“ ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან დიდი შემოქმედებითი ტალანტი არც ისე ხშირი მოვლენაა და მას მშენებლობის მთელი პროცესის წარმართვაში მხოლოდ შუქურის როლის შესრულება შეუძლია.
საქართველოს დიდ თუ მცირე ქალაქს „მოდერნის“ სტილის მრავალი მაღალმხატვრული ნიმუში ამშვენებს. ამ ნაგებობათა არქიტექტურაში საკმაოდ ადვილად შეიძლება მოდერნის ნიმუშების წარმომავლობის ამოკითხვა -  იქნება ეს ჩრდილოეთ თუ სამხრეთ ევროპის ანდა რომელიმე სხვა ქვეყნის მოდერნის სკოლის ნიმუში, ფორმალური განსხვავებები ცალკეული ქვეყნის ან სკოლის ნიმუშებში მაინც არსებობს და ზოგ შემთხვევაში საკმაოდ დიდიც (როგორც, თუნდაც, ინგლისისა და კატალონურ მოდერნს შორის სხვაობა). ამ ნაგებობათა შორის ყველა ტიპის შენობა გვხვდება: კერძო საცხოვრებელი და შემოსავლიანი სახლები, ბანკი, თეატრი, კინო, სავაჭრო და სხვა დანიშნულების ნაგებობები. ისინი გამოირჩევიან დინამიკური გეგმარებითა და კომპოზიციით, მეტ-ნაკლები სიუხვით შემკული ნაძერწი თუ სხვა მხატვრული ელემენტებით, ფართო ღიობებით, პარადული შესასვლელებითა და დარბაზებით, სადაც ფერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გვხვდება როგორც მდიდრული, იმპოზანტური, ასევე, მცირე საცხოვრებელი ან საზოგადოებრივი შენობები. მოდერნის სტილის თბილისურ  შენობათაგან  აღსანიშნავია ბანკები ლეონიძისა და გუდიაშვილის ქუჩებზე, სადაც ექსტერიერისა და ინტერიერის გადაწყვეტის მთელი პროგრამა სრულად და მაღალ პროფესიულ დონეზეა წარმოდგენილი, თუმცა, ორივე შენობა, ისევე როგორც მოდერნის ყველა ნიმუში, მკვეთრად ინდივიდუალურია.

ფოტოები : მაია მანია

ლიტერატურა       

ბერიძე ვ., თბილისი. 1801-1917, ტ. I, (1960), თბ., „საბჭოთა საქართველო“
ბერიძე ვ., თბილისი. 1801-1917, ტ. II, (1963), თბ., „საბჭოთა საქართველო“
ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. I.,
(1983), თბ.
კომახიძე დ.,     ბათუმი, (1968), თბ.
ნიკოლაძე ნ.,     მოგონებები, (1984), თბ., უნივერსიტეტის გამომცემლობა
საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. V, (1970), თბ., „საბჭოთა საქართველო“
საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. VI, (1972), თბ.,  „საბჭოთა საქართველო“
სუმბაძე ლ.,     გორი, (1950), თბ.
ჯაოშვილი ვ. (რედ.), თბილისი, (1989), თბ., „საბჭოთა საქართველო“
ჯაოშვილი ვ., ქუთაისი, (1989), თბ., „მეცნიერება“
Вахтанг Цинцадзе, Тбилиси, архитектура сторого города и жилые дома первой половины XIX столетия, (1958), Тб., „Мецниереба“
Асатиани Н., Грузинское советское гродостроительство 1920-30-х годов, (1989), Тб., „Мецниереба“

 
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani