Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ქართული ცივილიზაციური იდენტობა რეტროსპექტულ და თანამედროვე რეალიების ჭრილში Array ბეჭდვა Array

ემზარ კახიძე
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

აღმოსავლეთი, ანტიკური სამყარო, სუბკონტინენტური და კონტინენტთაშორისი ცივილიზაციები

ქართული სახელმწიფოებრიობა თუ მისი წანამძღვრები, შესაბამისად, კულტურულ-ცივილიზაციური იდენტობის თავდაპირველი მონახაზი (მატრიცა), ჯერ კიდევ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში ჩამოყალიბდა და, ბუნებრივია,
იმ პერიოდისთვის მოწინავე ძველაღმოსავლური სამყაროს ზეგავლენის ქვეშ მოექცა.
თუმცა, ქართველური სამყარო არ გამხდარა აღმოსავლეთის ორგანული ნაწილი. ყველაზე ნიშანდობლივია, რომ ჩვენში არ განვითარებულა დესპოტური მმართველობის სტილი, რაც ალტერნატიული პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი კი არ ყოფილა, არამედ უფრო ჩვენი მსოფლმხედველობის არქაიზმისკენ მიდრეკილებით, სახელმწიფოებრიობის სუსტი განვითარებითა და აღმოსავლური ცივილიზაციის პერიფერიაზე ყოფნით უნდა აიხსნას (პრინციპში, ბოლო ორი ფაქტორი ძველი ქართული კულტურის მართლაც გასაოცარი კონსერვატიზმითაა განპირობებული, რაც კარგად ჩანს, თუნდაც, არქეოლოგიური მასალის მიხედვით, როდესაც ესა თუ ის მასალა, მაგალითად, კერამიკა საუკუნეების განმავლობაში თითქმის  უცვლელი ფორმითაა შენარჩუნებული).
დაახლოებით იგივე განმეორდა ანტიკურ სამყაროსთან მიმართებითაც. ურთიერთობების პირველ ეტაპზე, რომელიც დიდი ბერძნული კოლონიზაციის შედარებით გვიანდელ ფაზას დაემთხვა, ჩვენი მხრიდან ამ კონტაქტებში მხოლოდ კოლხეთი იყო ჩართული. ელინისტური, განსაკუთრებით კი რომაული ხანიდან ამ ურთიერთკავშირებს იბერიაც შეუერთდა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღმოსავლურქართული სახელმწიფოებრიობის ფარნავაზისეული მოდელი, განსაკუთრებით, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული და რელიგიურ-კულტურული შემადგენელი, სპარსულ-წინააზიურ სამყაროს გამოცდილებაზე იყო დაფუძნებული. 
მიუხედავად დასავლეთ საქართველოს ანტიკურ სამყაროსთან სერიოზული და ღრმა ურთიერთობებისა, მოსახლეობის ფართო ფენებში ადგილობრივი კულტურული ფასეულობები ფუნდამენტურად არ შეცვლილა. როგორც ყველგან, ანტიკური ცივილიზაცია, თავდაპირველად, თავის ზეგავლენას ელიტებზე ახდენდა; ზღვისპირა კოლონიებისა თუ საფორტიფიკაციო ნაგებობების საშუალებებით ქმნიდა საქალაქო ცენტრებს; ამყარებდა მჭიდრო სავაჭრო და პოლიტიკურ კავშირებს ადგილობრივ მოსახლეობასთან. აკულტურიზაციის მეორე ეტაპი ამგვარი ინფრასტრუქტურის ჰინტერლანდში გადატანით ხასიათდებოდა.
ხმელთაშუა და შავიზღვისპირეთის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, საქართველოს სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ  ანტიკური ცივილიზაციის გამავრცელებელი „მანქანა“ სწორედ ამ ეტაპზე შეჩერდა. შემთხვევითი არაა, რომ საქართველოში დაარსებული ყველა კოლონია, სავაჭრო ფაქტორი თუ ციხე-სიმაგრე მეტროპოლიაში წარმოჩენილ კრიზისებთან ერთად „ავადდებოდა“ და უშფოთველად გადიოდა ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური ცხოვრების ავანსცენიდან. ეს, უპირველეს ყოვლისა, ამ ცენტრების არაორგანულობასა და მეტროპოლიაზე ზედმეტად მიჯაჭვულობაზე მეტყველებს, რაც თავისთავად მათი სისუსტით იყო განპირობებული. დაახლოებით იგივე ვითარება განმეორდა პოსტანტიკურ, ანუ ადრებიზანტიურ ხანაში, როდესაც ადგილობრივი სახელმწიფოების (მაგალითად, ლაზიკა და აფხაზეთის სამთავრო) გაძლიერებისთანავე ზღვისპირეთში განლაგებულმა თითქმის ყველა სამხედრო თუ საეკლესიო ცენტრმა ჰინტერლანდისკენ გადაინაცვლა.
უნდა ითქვას, რომ ანტიკური კულტურის მიმართ ერთგვარი გაუცხოება სხვა აღმოსავლური რეგიონებისთვისაც მეტნაკლებად იყო დამახასიათებელი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამ პირობებშიც, თუნდაც შავიზღვისპირეთის სხვა რეგიონებთან შედარებით, აკულტურიზაციის დონე ჩვენში არ იყო იმდენად ღრმა, რომ მას სერიოზული თვისეობრივი ცვლილებები მოეხდინა და ათასწლოვანი იდენტობა შეეცვალა,  ან ამის წინაპირობები შეექმნა. შემთხვევითი არაა, რომ რეგიონში არსებულ თანამედროვე სახელმწიფოებს შორის ანტიკური ხანის დროინდელი თუნდაც ენობრივი იდენტობა მხოლოდ საქართველოშია შემორჩენილი. კახიძე ე.,  ხალვაში მ., ქართული ცივილიზაციური იდენტობა ანტიკურ ხანაში, სამეცნიერო კონფერენციის: ”იდენტობისა და კულტურათა დიალოგის თანამედროვე პრობლემები” მასალები (ბათუმი, 26 ნოემბერი), 2010, გვ. 18-19.       
თუმცა, მიუხედავად ზემოთ თქმულისა, შეუძლებელია არ დაინახო ანტიკურ სამყაროსთან ურთიერთობების უდიდესი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, რომაელების მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის დატოვების შემდეგ გამოჩნდა.  მარტო ერთიანი იმპერიის გავლენის ქვეშ მოქცევამ უდიდესი ცივილიზაციური გარღვევა მოახდიანა - ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის გაქრისტიანებას. მამულაძე შ., ხალვაში მ., კახიძე ე., რომაელები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კულტურის ისტორიის საკითხები, 2001, 10, გვ. 176; კახიძე ე., სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი გვიანანტიკურ და ადრებიზანტიურ ხანაში) (ანტიკურ სამყაროსთან ურთიერთობის შედეგები), საისტორიო მაცნე, 2002, 11, გვ. 117; Kakhidze E., The Christianization of Georgia, Abstracts of the reports of the conference: The Black Sea Region: Past, Present and Future (Istanbul, 14-16 October), 2004, გვ.51; Varshanidze N., Kakhidze E., Western Georgia in the 5th-6th centuries AD: a choice of civilizations between Byzantium and Persia, Summaries of papers of the 4th International Congress on Black Sea Antiquities: The Bosporus: Gateway Between the Ancient West and East (1st Millenium BC-5th Century AD) (Istanbul, 14-18 September), 2009, გვ.100-101.
ეს ქართული ცივილიზაციისთვის გადამწყვეტი ეპოქა იყო. შემთხვევითი არაა, რომ ამ და მომდევნო საუკუნეების განმავლობაში ხან ლაზიკა, ხანაც ქართლი ბიზანტიასა და აღმოსავლეთს შორის ცივილიზაციურ არჩევანს აკეთებს (გაიხსენეთ ბრძოლა ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ, ბიზანტია-სპარსეთის ომები დასავლეთ საქართველოსთვის და არაბობა. ნაწილობრივ ამ არჩევანის კონტექსტში ჯდება დიოფიზიტობასა და მონოფიზოტობას შორის დაპირისპირება და მასთან დაკავშირებული პერიპეტიები ქართლში).
აღმოსავლეთის აქტივობა მხოლოდ იმდროინდელ გეოსტრატეგიულ კონიუნქტურას ან ამ სამყაროსთვის „დამახასიათებელ“ აგრესიულობას არ უნდა მივაწეროთ. ჩვენ ბუნებრივად გვეჩვენება იმდროინდელი აღმოსავლეთის მესვეურთა ყოფილი პერიფერიის დაბრუნების სურვილი, მითუმეტეს, რომ ის მოწინააღმდეგე მხარის ორგანულ ნაწილად არ აღიქმებოდა, რასაც ობიექტური, ზემოთ დახასიათებული მიზეზები ჰქონდა (სავარაუდოდ, მსგავსი ვნებები ამოძრავებს თანამედროვე რუსულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და არამარტო მას).
დავუბრუნდეთ ისევ ცივილიზაციურ არჩევანს. ვიმეორებთ, ეს იყო გადამწყვეტი მომენტი ქართული მსოფლმხედველობის ფორმირების ხანგრძლივ პროცესში, როდესაც ჩვენმა წინაპრებმა პირველ რიგში სერიოზული შიდა, სულიერი ბრძოლების შედეგად არჩევანი „დასავლეთზე“ გააკეთეს და აღმოსავლური ქრისტიანული სამყაროს ნაწილად იქცნენ. ქართული სახელმწიფოებრიობის შემდეგდროინდელი წარმატებები სწორედ ამ არჩევანის გაკეთებამ განაპირობა. დავით აღმაშენებელის სახელმწიფო მოდელი ქართულ გამოცდილებასთან ერთად სწორედ ბიზანტიურს ეყრდნობოდა, რაც იმდროინდელ აღმოსავლურქრისტიანულ სამყაროში მოწინავე იყო და მან, რიგი ჩავარდნების მიუხედავად, სამი საუკუნის განმავლობაში წარმატებით იმუშავა.
ალბათ დამეთანხმებით, რომ სამი საუკუნე საკმაოდ დიდი დროა ისტორიაში ნებისმიერი, თუნდაც, გენიალური იდეისათვის. ამასთანავე, ესა თუ ის სახელმწიფო წყობა აპრიორი არ შეიძლება იყოს მუდმივი და მისი მსხვრევა გარდაუვალია. XV ს. შემდეგ საქართველო, რომელიც ვერაფრით შეეგუა დავითის, საერთოდ, ბიზანტიური მოდელის დასასრულს, ფაქტობრივად, მსოფლიო ისტორიული პროცესების მიღმა დარჩა. როგორც ხდება ხოლმე, დროში ორიენტაციის დაკარგვა ავტომატურად სივრცობრივ პრობლემებს ქმნის და ჩვენი ტერიტორიული დანაკარგებიც ამის შედეგია.
როგორც აღმოჩნდა, აღმოსავლეთს ჩვენი თავი „არ დაავიწყდა“ და ის გაორმაგებული ძალებით შეეცადა ყოფილი პერიფერიის რეინტეგრაციას. არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ საკუთრივ ბიზანტიაც არ ყოფილა „სუფთა დასავლეთი“. აღმოსავლური ელემენტი მისი ერთ-ერთი ორგანული ნაწილი იყო ქრისტიანობასა და ანტიკურ მემკვიდრეობასთან ერთად. აქედან გამომდინარე, ქვეყნის ნაწილობრივი ისლამიზაციაც შემთხვევითობა კი არა, არამედ ობიექტური ისტორიული პროცესის შედეგია, რომლის ბოლომდე გააზრებაც დღევანდელ დღემდე გვიჭირს.
კავკასიაში რუსეთის გამოჩენა საქართველოსთვის ძველი, ბიზანტიური იდეის აღორძინების ტოლფასი აღმოჩნდა. ობიექტურად თუ შევხედავთ მოვლენებს, გავიგებთ, რომ ერს, რომელმაც დაკარგა ისტორიული დროის შეგრძნება, პირველ რიგში ფსიქოლოგიური მომენტის გათვალისწინებით, არ შეეძლო უარი ეთქვა „მესამე რომთან“ კავშირზე და ამის მეშვეობით საუკუნოვანი მტრების მოშორება გაენაღდებინა. თუმცა, საკუთრივ რომისა და, განსაკუთრებით, ბიზანტიისგან განსხვავებით, მოსკოვთან ურთიერთობებმა, ეროვნული სხეულის გამთლიანების მიუხედავად,  არ გამოიწვია სახელმწიფოებრივი აღზევება. ამის მთავარ მიზეზად იმდროინდელ რუსეთთან შედარებით ნაკლები საერთო კულტურულ-ისტორიული ფასეულობების არსებობა, საკუთრივ, რუსული სახელმწიფოს სპეციფიკა და, რაც მთავარია, „მინავლებული“ ქართული ეროვნული იდეის არაქმედითუნარიანობა გვესახება კახიძე ე., ამერიკა-რუსეთის დაპირისპირება სამხრეთ კავკასიაში: ისტორიული პარალელები და პერსპექტივები, IV საერთაშორისო კონფერენცია ამერიკათმცოდნეობაში (ქუთაისი, 27-28 ოქტომბერი), 2008, გვ. 274-280; კახიძე ე., საქართველო: ორი დაპირისპირებული ძალის მარადიული ბრძოლის ობიექტი?, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის შრომები, 2008, 1, გვ. 235-244; კახიძე ე., ვარშანიძე ნ., რუსული იმპერიული პოლიტიკა და ქართული იდენტობის პრობლემები, სამეცნიერო კონფერენციის: „იდენტობისა და კულტურათა დიალოგის თანამედროვე პრობლემები“ მასალები) (ბათუმი, 26 ნოემბერი), 2010, გვ. 49-50.
თუმცა, რუსეთთან ორსაუკუნოვანი თანაცხოვრება მაინც საოცრად ნაყოფიერი აღმოჩნდა. საკუთრივ ამ, ლამის, სუბკონტინენტურ წარმონაქმნთან ურთიერთობების შედეგად წარმოქმნილი ნოვაციების გარდა (პირველ რიგში აღსანიშნავია ეროვნული კონსოლიდაცია), არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში რუსეთის გავლით თითქმის მთლიანად მივიწყებული დასავლური ტალღა შემოიჭრა. ამ, შეიძლება ითქვას, მეორე ცივილიზაციური არჩევანის სიმბოლო, უდავოდ, ილია ჭავჭავაძე გახდა. მისი მკვლელობა ამ იდეის დუალიზმზე მიგვანიშნებს, რომელსაც პროგრესულთან ერთად დესტრუქციული საწყისიც აქვს ქართულ-რუსულ ურთიერთობების შესახ.იხ. Suny R.G., The Making of the Georgian Nation, London, I.B. Tauris & Co Ltd Publishers (1989), გვ.63-112 .
თანამედროვე ეტაპი სწორედ ამ დუალიზმითაა დეტერმინირებული. მესამე დასის თუ დღევანდელი მმართველი კლასის გზა, ფაქტობრივად, იმეორებს ანტიკური ხანის ელიტების არაორგანულობასა და არაკონტექსტურობას, როდესაც ხდება ამა თუ იმ იდეის იმიტაცია და არა შემოქმედებითი გადამუშავება. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამან უკვე საერთო-ეროვნული ხასიათი მიიღო. ეს არცაა გასაკვირი, XXI ს. ხომ გლობალიზმის ეპოქაა, როდესაც ცალკეულ ინდივიდს ჯერარნახული შესაძლებლობები მიეცა და მის არჩევანზე ხშირად კაცობრიობის ბედიც კია დამოკიდებული.
აქ ორიოდე სიტყვით შევჩერდები გლობალიზმზე, რაც, უდავოდ, ისტორიული კანონზომიერების შედეგია და წინა, რომაული გლობალიზაციის მსგავსად, ჩვენი ქვეყნისთვის ეპოქალური ცვლილებების მომასწავებელია. თანამედროვე ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ, გლობალიზაციის პირობებში პრიორიტეტი უნდა იყოს რეგიონალური ინტეგრაცია, საკუთარი და არა სხვების ინტერესების დაახლოება. საერთოდ, ეს პარადიგმა უნივერსალურ მოდელად მეჩვენება. ბუნებრივია, რომ ინტეგრაციის პირველ ეტაპზე ერთმანეთს უკავშირდებიან გეოგრაფიულად და, შესაბამისად, კულტურულ-ისტორიულად ახლო მდგომი ხალხები და მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრობენ უფრო დიდ სივრცეებზე. აქედან გამომდინარე, განსახილველია ახალი, სუბკონტინენტური და კონტინენტთაშორისი ცივილიზაციების შესაძლო ფორმირების იდეა. ბუნებრივია, ეს საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივის საგანია და მას გარკვეული წინაპირობები გააჩნია.
რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, აქ საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, თუმცა, ამისთვის ისტორიის ობიექტიდან მის სუბიექტად უნდა გადავიქცეთ, რის შესახებაც ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ. აქ მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ამ საკმაოდ რთული სტრატეგიული მიზნის მიღწევამდე საჭიროა ძალზედ ფრთხილი და მოქნილი ტაქტიკური ნაბიჯები. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ნორმალური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან და ამის საშუალებით ბალანსის დაცვა სხვა მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით თურქეთთან. ღრმად გვწამს, რომ საქართველოს, წინა საუკუნეებისგან განსხვავებით, შეუძლია რუსეთსა და თურქეთს შორის გახდეს დამაკავშირებელი რგოლი და არა ცილობის საგანი. გამორიცხული არაა, ამ ტანდემმა საშუალო პერსპექტივის ვადაში სათავე დაუდოს ახალ, არაპუტინისეულ რეგიონალურ წარმონაქნს, რომელიც ჩვენი ქვეყნებისთვის ე.წ. ევროპული არჩევანის ალტერნატივა იქნება. ამის შესახებ ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. იხ. ავალიანი ზ., ნეოლიბერალიზმი და მართლმადიდებლობა,  საქართველოს რესპუბლიკა, 2011.03.22, გვ. 3; შდრ. ხვიჩია ე., ქართული „გორდიას კვანძი“, 31.07.2011, http://www.presage.tv/?m=politics&AID=6098; ლობჟანიძე დ., აგვისტოს ომის სამი წლისთავზე, ანუ ახალი ქართული სამხედრო პოლიტიკის აუცილებლობა, 08.08.2011 http://european.ge/?id=219.
მივუბრუნდეთ ისევ გლობალიზმის გამოწვევებს. უბრალოდ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მიმაჩნია, რომ ეს გამოწვევა ძალზედ „მარტივია“ - ეპოქათა გზის გასაყარზე მცხოვრები ჩვენი წინაპრების მსგავსად შევძლებთ თუ არა მსოფლიო-ისტორიული მოვლენების არსში გარკვევას და ქვეყნის სასიკეთოდ ტრანსფორმაციას. ამ მხრივ მე ოპტიმისტი ვარ და მეჩვენება, რომ ცდებიან ისინი, ვინც ჩვენი ერის ე.წ. დაბერებასა და თავის ამოწურვაზე საუბრობენ. Кахидзе Э., Перспективы Кавказа в условьях глобализации исходя из исторического опыта, Материалы международного конгресса: «Кавказ и Центральная Азия в процессе глобализации», кн. 3 (Баку, 2-5 Май), 2007, გვ.1289-1293; Кахидзе Э., Некоторые соображения об исторической перспективе Южного Кавказа, Актуальная политика, 2008, 3, Ереван, გვ.13-17; კახიძე ე., ზოგიერთი მოსაზრებანი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ისტორიულ პერსპექტივაზე, საქართველო: დემოკრატიული განვითარების პრობლემები და თანამედროვე გამოწვევები, 2008, თბილისი, გვ.7-12; Kakhidze E., Georgia in the face of the global challenges, Conflict and Transformation: State Rhetoric, Search for Identity and Citizenship in the South Caucasus (Tbilisi, 3-4 September), 2009, გვ. 71-79
საყოველთაოდ მიღებული აზრია, რომ თანამედროვე საქართველოს გზა ილიას გზაა, ოღონდ დღესაც ეს გზა ქართული ცივილიზაციის მემკვიდრეობის სრულ ათვისებაშია და არა ფრაგმენტაციაში, რაც არსებულის, ანუ ე.წ. პროგრესული იდეების გაუმჯობესებისკენ უნდა იყოს მიმართული და არა მზა რეცეპტების ბრმა გადაღებაში. საქართველო უნდა იქცეს „დაწუნებული“ მულტიკულტურიზმის ახალ მოდელად, სადაც სხვადასხვა ენის, რელიგიისა და კულტურის თანაცხოვრებაა და არა ნიველირება. ეს აკვიატებული აზრი კი არაა, არამედ ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური აღმასვლის უებარი რეცეპტი, თუნდაც, ეროვნული უშიშროების ქვაკუთხედი, რომელსაც ყველაფერთან ერთად პრაგმატული გათვლის ელემენტებიც ახლავს (ესეც დროის მოთხოვნაა), ვინაიდან 11 სექტემბერს აგორებულ ქარიშხალში, რომელმაც 2011 წლის დასაწყისისთვის ცუნამის ნიშნები მიიღო, ჩვენი ხომალდის გადარჩენის ყველაზე სწორი კურსი ორდინალურ განზომილებათა მიღმა სამყაროა. ეს ფიზიკოსების მიერ ასე ნანატრ დამატებით განზომილებაში არ აგერიოთ, ეს სწორედ რომ ფიზიკური, გინდა ისტორიული განზომილებების დაძლევისკენ მოწოდებაა. ამაზე დაწვ.იხ. Бердяев Н., Смысл истории, Москва, Мысль (1990), გვ. 25-27, 144-160
თუმცა, „ისტორიის დაძლევამდე“ ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. უკვე საუკუნეებია, სააკაძისა და ილიას მარცხით დასრულებულ მცდელობებს თუ არ ჩავთვლით, სიახლეებისადმი ტოტალური ანტაგონიზმი, უცხოსაგან დადებითი გამოცდილების არმიღების მავნე „ტრადიცია“ ქართული ცხოვრების შემადგენელ ნაწილად იქცა. როგორც უწინ, ახლაც უპირობოდ ვართ ჩამოკიდებული გარე ფაქტორებზე, რაც შიდაპოლიტიკური სტაგნაციის პირდაპირი შედეგია. Braund D., Georgia in Antiquity. A History of Colchis and Transcaucasian Iberia 550 BC - AD 562, Oxford, Clarendon Press (1994), გვ. 6; კახიძე ე., ნაშვილები ქალაქის ვნებები ანუ აზიზიედა ბათუმში, 05.05.2011, http://kalmasoba.com/konkursis-meore-safekhuri/459-nashvilebi-qalaqis-vnebebi-anu-azizieda-bathumshi.html .
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აუცილებელია ისტორიის ობიექტიდან მის სუბიექტად ტრანსფორმაცია. ამისთვის კი პოლიტიკური „ახლომხედველობის“ მოჯადოებული წრის გარღვევა, ანუ უცხო ძალების იმედად ყოფნაზე უარის თქმა და საკუთარი თავისადმი რწმენის აღდგენაა საჭირო. პირველი ნაბიჯი, რისი გაკეთებაც გარდაუვალია - უნდა  „დავუბრუნდეთ“ რეგიონს, მეზობლებს, რომლებიც ჩვენთვის უფრო ახლო და მნიშვნელოვანია მარტო იმიტომ, რომ საუკუნეების განმავლობაში ერთად თანავცხოვრობთ და, აქედან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად საერთო მენტალიტეტი გვაქვს. ღრმად ვარ დაეწმუნებული, რომ ქართული საზოგადოებრიობა, თავისი კულტურული თუ პოლიტიკური მახასიათებლებით, გაცილებით ახლოს დგას ე.წ. პოსტსაბჭოთა სივრცესთან, ვიდრე დასავლეთთან. უახლესი მოსაზრებები ამ თეზის ირგვლივ, იხ.  ზარდიაშვილი დ., საქართველო ერთიან პოსტსაბჭოთა სივრცეში, 09.08.2011, http://www.presage.tv/?m=politics&AID=6238 .
ალბათ, ამ შეუსაბამობის „გადაფარვის“ მცდელობით აიხსნება ჩვენი ელიტის აშშს-თან მკვეთრად ხაზგასმული სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობა და, შესაბამისად, მისი მოწინააღმდეგის მიმართ კონფრონტაციული პოლიტიკა. ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ ისევე როგორც ძველ პერიოდში, ქართული ელიტა უფრო მეტად ორიენტირებულია არა კონკრეტულ ფასეულობებზე, არამედ პირადი ძალაუფლების განმტკიცებაზე, რაც ამა თუ იმ ცივილიზაციის განაპირა რეგიონებისთვის დამახასიათებელი სენია.
თუმცა, დასავლური გამოცდილების სრული უგულებელყოფა დიდი შეცდომა იქნებოდა, ოღონდ, ის არა როგორც საბოლოო მიზანი, არამედ ჩვენი მიზნისკენ მიმავალი საშუალება უნდა გამოვიყენოთ. ვფიქრობთ, ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების დაფუძნება, რომელიც, სავარაუდოდ, ნებისმიერმა ისტორიული პერსპექტივების მქონე ერმა უნდა გაიაროს. ღრმად გვწამს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის შემთხვევაში, საქართველოს, მისი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, შეუძლია ტოლერანტული საზოგადოების მართლაც სანიმუშო მოდელი შესთავაზოს მსოფლიოს და, უპირველეს ყოვლისა, თავის მეზობლებს, როდესაც შეიქმნება ჭეშმარიტად მულტიკულტურული და არა პოლიტკორექტული ერთობა, რომელშიც თითოეული ეროვნული თუ რელიგიური უმცირესობა არ დადგება საკუთარი იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე. თუმცა, შუა საუკუნეებისგან განსხვავებით, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს სხვადასხვა ჯგუფის, როგორც მთლიანის ნაწილების თანაცხოვრებას. სწორედ ამიტომ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს არა ეთნიკურ თუ რელიგიურ იდენტობას, არამედ სამოქალაქოს, რაც არ ნიშნავს ეროვნული თუ რელიგიური განსხვავებულობების მოშლას.
კარგად დავუკვირდეთ, საქართველოს ევროპულ ოჯახში წარმატებული ინტეგრაციის შემთხვევაშიც კი, ისტორიულად განპირობებული პერიფერიული როლი არ აგვცდება. ჩვენ, არ ვიქნებით რაიმე ახლის ინიციატორი, შემქმნელი, არამედ უკვე არსებულზე მიტმასნილი, უკეთეს შემთხვევაში ბულგარეთის, რუმინეთისა და თუგინდ, საბერძნეთის სტატუსის მქონე ქვეყანა. ჩვენი ღრმა რწმენით კი, ყველა ადამიანი და მით უმეტეს, ერი კრეატიული სულით უნდა იყოს გაჟღენთილი, მუდმივი განახლებისკენ უნდა ისწრაფვოდეს და მარტო ამ მუხტის არსებობაც კი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მომავალში გარდაუვალ გამარჯვებებს.
დიადი ცივილიზაციების უკვლებლივ ყველა შემქმნელი არა მხოლოდ გეოგრაფიული, დემოგრაფიული თუ სხვა ფაქტორების ხელსაყრელი განლაგების საშუალებით აღწევდა წარმატებებს, არამედ ერთი შეხედვით გიჟური და დაუჯერებელი ოცნებებისა თუ ლეგენდების მუდმივი და დაუღალავი გავრცელებით, მომავალი თაობებისადმი გადაცემით, მათ რეალობაში საკუთარი თავის და სხვების დარწმუნებით და ა.შ. ამ მხრივ ქართველები, მართლაც, შეუდარებელნი ვართ და მჯერა, რომ საბოლოო სიტყვა ჯერ არ გვითქვამს. მაშ, საუკუნოვანი რიტუალებითა და ღრეობებით გადაღლილებმა დავიჯეროთ, რომ ისტორიის სანაგვეზე კი არ დავრჩებით, არამედ როგორც „კეთილგონიერი ქალწული“ სწორედ XXI საუკუნისთვის „ვინახავდით თავს“.








ნანახია: 17327-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani