Georgian (Georgia)English (United Kingdom)
კოტე მარჯანიშვილი - დავით კაკაბაძის თანამდგომი

ნათია ასათიანი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

დავით  კაკაბაძის თეატრთან  შეხვედრა მისი საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ მოხდა.  1927 წ. ოპერა „ამირანის“ მხატვრული გაფორმებისათვის კოტე მეღვინეთუხუცესმა  დავით კაკაბაძე მიიწვია. მართალია, სპექტაკლი არ განხორციელებულა, მაგრამ შემორჩენილია კოსტიუმების შესანიშნავი ესკიზები.
1928 წელს სასტუმრო „ორიენტში“ გახსნილ დავით კაკაბაძის გამოფენაზე, ძირითადად, მისი აბსტრაქტული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. კატალოგის შესავალი წერილი თავად  მხატვარს ეკუთვნოდადავით კაკაბაძის სურათების გამოფენა თბილისში, 1928 წლის 28 მაისს. (პარიზი 1920-27წწ. კატალოგი). ასე რომ, გამოფენის დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ კაკაბაძის აზროვნებას, ჩასწვდომოდნენ მისი შემოქმედების არსს, ზიარებოდნენ მის თეორიულ მოსაზრებებს ხელოვნებაზე.
კუბისტურ-კონსტრუქტივისტული ნამუშევრების გამოფენამ საზოგადოების ფართო ინტერესი გამოიწვია. გამოფენა ზოგმა უარყო, მცირე ნაწილმა მოიწონა, უმრავლესობამ კი ვერ გაიგო კაკაბაძის ხელოვნება. დავით კაკაბაძე თავის ძმას, სერგოს სწერდა: „შენ იცი, რომ ჩემმა გამოფენამ, რომელიც ტფილისის სასტუმრო „ორიენტში“ ამა წლის მაისში მოეწყო, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია... უნდა ვაღიარო, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო, ან არ ისურვა გაეგო ჩემი ნახატები. ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა ოფიციალური პრესაც: „გამოფენილი სურათები გაკვირვებას იწვევენ. გასაგებიც არის, რადგან ასეთი გამოფენა, ჩვეულებრივი ევროპული გაგებით, ტფილისში პირველად ეწყობა და კედლებზე არ ჩანს გართობის, ნუგეშისა და მორალის გადმომცემი სურათები. სამწუხაროა, რომ მნახველმა დავით კაკაბაძის სურათებში ვერ აღმოაჩინა დიდი გემოვნების მხატვარი“.გაზ. „კომუნისტი “09/05-1928 კერძო გამოსვლებში ჩემს შემოქმედებას  უწოდეს „უსაგნო“, მე კი - „ფორმალისტი“მ. ნაცვლიშვილი, ცოტა ვრცლად დ. კაკაბაძის შესახებ. სერია ქართველი მხატვრები..
მსახიობების გათვითცნობიერებისა და, საერთოდ, ხელოვნებაში ღრმად წვდომის მიზნით, კოტე მარჯანიშვილს წესად ჰქონდა შემოღებული მათთან ერთად გამოფენების დათვალიერება, სიმფონიურ კონცერტებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებზე დასწრება. დავით კაკაბაძის გამოფენასთან დაკავშირებით მოვიყვანთ იმ დროის რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობის - თამარ წულუკიძის მოგონებას, რომელიც მხატვრის ნამუშევრების მარჯანიშვილისეულ შეფასებას გადმოგვცემს: „ეს არ არის სიუჟეტური ფერწერა, ეს არის სანახაობრივი ფერწერა, სადაც არის ფერები, რომელიც გვატკბობს თავისი ლივლივით“თამარ წულუკიძესთან  დიალოგი შედგა 1984 წ..
კოტე მარჯანიშვილისა და დავით კაკაბაძის პირველ შეხვედრასთან დაკავშირებით, კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი წერდა: „...1928 წლის გაზაფხულია. მხატვარ დ.კაკაბაძის გამოფენა (კონსტრუქტივიზმი). საზოგადოება ალმაცერად უყურებს ტილოებზე კომპოზიციებს. მათი მასალა (რეალური საგნები სურათში) უჩვეულო, მიუღებელია მისთვის. მხატვარი შემოტევებს მარტო იგერიებს - საცაა დაამარცხებენ. შემოდის კ. მარჯანიშვილი ქალების თანხლებით, თავმოღუნული ჯოხი მხარზე უდევს. თან მოაქვს სიცილი, სიხარული. დიდი ყურადღებით დაათვალიერა გამოფენა. აქა-იქ ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილი მხატვრები ელიან მის სიტყვას. მარჯანიშვილი მიდის კაკაბაძესთან, ულოცავს ბრწყინვალე გამარჯვებას და მხატვარს თეატრში მუშაობას სთხოვს“.თეატრის სამყაროში.ნათელა ურუშაძე.დავით კაკაბაძე. თეატრის სამყაროში. საქართველოს თეატრალური საზოგადოება,1979, გვ.17-18.
კოტე მარჯანიშვილისა და დავით კაკაბაძის პირველი ერთობლივი სპექტაკლი იყო „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“,რომელიც 1928 წელს ქუთაის-ბათუმის, საქართველოს მეორე სახელმწიფო თეატრში დაიდგა.
მთავარი როლის შემსრულებელი ვერიკო ანჯაფარიძე, ამ სპექტაკლთან დაკავშირებით,  იხსენებს: „...სწორედ სართულების კონსტრუქციული მასის თემამ უკარნახა რეჟისორს ყოველგვარი პაუზების გარეშე მიზანსცენების შეუმჩნეველი ცვლა, რაც სპექტაკლს შეკრულ რიტმულობას ანიჭებდა“დიალოგი  ვერიკო ანჯაფარიძესთან შედგა 1984 წელს..   „...ძალზე მარტივი, უბრალო მონაცრისფრო კუბები. ასეთივე უბრალო ჯვალოს ქსოვილისაგან შეკერილი ნაცრისფერი კოსტიუმები სინათლის მეშვეობით არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას ახდენდა...აქვე იმასაც დავუმატებთ, რომ კოტე მარჯანიშვილი ამ სპექტაკლში ხშირად ცვლიდა მიზანსცენებს, რაც, შესაძლოა, მხატვრის რჩევით ხდებოდა.“ - გვიამბო სესილია თაყაიშვილმასაუბარი  სესილია თაყაიშვილთან  ჩაწერილია 1984 წელს..
1929 წელს კოტე მარჯანიშვილისა და დავით კაკაბაძის მეორე  და უკანასკნელი ერთობლივი სპექტაკლი იყო დია ჩიანელის „ბაილი“. ბ-ნი შალვა მაჭავარიანი წერდა: „...სპექტაკლ „ბაილის“ წარმატებას დიდად შეუწყო ხელი დავით კაკაბაძის მხატვრულმა გადაწყვეტამ. ოთხი მოქმედების განმავლობაში სცენაზე ერთი დაზგა იდგა,    დამშვენებული სვანური კოშკებითა და ტიპიური კოლორიტული სვანური პეიზაჟით“მაჭავარიანი შ. ქართული საბჭოთა თეატრი, ლიტ. და ხელოვნება. თბ.,1986.
„მხატვრული გაფორმების დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს დავით კაკაბაძის მიერ გაფორმებული მეორე სპექტაკლი დ. ჩიანელის პიესა „ბაილი“, რომელიც სვანეთის მთებს ასახავდა. მთები, კოშკები გადმოცემული იყო ახალ, თანამედროვე კონსტრუქციებში. დავით კაკაბაძემ შექმნა სცენოგრაფია სვანეთისათვის დამახასიათებელი - აბსტრაქტულიც და თანამედროვეც“- აღნიშნა ჩვენთან საუბარში თეატრის იმჟამინდელმა დირექტორმა, პოეტმა და დრამატურგმა ბ-მა კარლო კალაძემ.  ის, რომ ფუნქციონალურთან ერთად, განათებას სრული ემოციური დატვირთვა ჰქონდა სპექტაკლში, ადასტურებს დიალოგის შემდეგი ნაწილიც: „... ოთხივე მოქმედების განმავლობაში ერთი და იგივე დეკორაცია, განათების მოხდენილი განაწილების გამო, სულ სხვადასხვა შთაბეჭდილებას ახდენდა მაყურებელზე“კარლო კალაძესთან  დიალოგი შედგა 1984 წელს.
1934 წელს რეჟისორ დოდო ანთაძესთან ერთად დადგმულ სპექტაკლში  „ნინოშვილის გურია“,  შალვა დადიანმა, მის მიერ ინსცენირებულ პიესაში, ეგნატე ნინოშვილის გურიის ცხოვრების შესახებ შექმნილი თითქმის ყველა ნაწარმოები გააერთიანა. თავად შალვა დადიანმა ამ ნაწარმოებს, რომელშიც 19 ეპიზოდი თამაშდებოდა, ერთ საერთო ძაფზე ასხმული „თეატრალური მძივები“ უწოდა. ასე, რომ რეჟისორისა და მხატვრის ამოცანა საკმაოდ რთული იყო: 19 ეპიზოდი მათ ისე უნდა გაეერთიანებინათ, რომ არ დარღვეულიყო სტილისტური მთლიანობა, სპექტაკლის გამომსახველობითი ენა, რიტმი, დინამიკა.
„სპექტაკლის დეკორაციული გაფორმება ყოველმხრივ ეხმარება მსახიობთა მოქმედების გაშლას. დეკორაცია, აგებული ფერადებისა და სივრცის განაწილებაზე, ბუნებრივად შექმნიდა მაყურებელში იმ დიდი კონტრასტების შთაბეჭდილებას, რომლის ფონზედაც იხლართებოდა და იხსნებოდა სცენური ინტრიგები“ნაწყვეტი ბ-ნი დიმიტრის  დასახელებული ინტერვიუდან ჩაწერილია 1984 წელს.- ბრძანა ბ-მა მიხეილ თუმანიშვილმა.
გინატრეს როლის შემსრულებელმა ქ-ნმა ვერიკო ანჯაფარიძემ სპექტაკლთან დაკავშირებით გვიამბო: „...სპექტაკლში „ნინოშვილის გურია“, აბსოლუტურად განტვირთულ სცენაზე, სიუჟეტისათვის საჭირო მხოლოდ აუცილებელი, ძალზე ძუნწი, ლაკონიური საგნები ისე ოსტატურად და მახვილგონივრულად იყო შესრულებული, რომ ძალზე ადვილი იყო მსახიობისათვის მოძრაობა და მოქმედება“საუბარი ვერიკო ანჯაფარიძესთან შედგა  1984 წელს.
იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დავით კაკაბაძე მსახიობის შემოსვას,  ძალზე საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ბ-ნმა დიმიტრი ჯანელიძემ, რომელიც, იმხანად, თეატრის სალიტერატურო ნაწილს ხელმძღვანელობდა: „...1934 წელი. „ნინოშვილის გურია“ იდგმებოდა. დავით კაკაბაძე სპექტაკლის დამდგმელ რეჟისორ დოდო ანთაძესთან ერთად, სცენაზე სხვადასხვაგვარ განათებაში მსახიობების ჩაცმულობასა და   გრიმს ამოწმებდნენ.  სიმონას - ტყეში ფირალად გასული უღარიბესი გლეხის როლს პიერ კობახიძე თამაშობდა. რასაკვირველია, სცენიდან იგი ღარიბულად ჩაცმული გვეჩვენა. დავით კაკაბაძემ შენიშნა: „სიმონა გმირია, ხალხის რჩეული შვილი, რა ვუყოთ, რომ ღარიბია. მას მშვენიერების, შნოსა და ლაზათის გრძნობა მოსდგამს. განა არ გინახავთ გლეხი კოხტად ამოსხმული ქალამნებით, ჩოხაც ალაგ-ალაგ დაკერებული, მაგრამ ტანზე ლამაზად მორგებული“... პიერ კობახიძე უმალ მიუხვდა მხატვარს და მისი სიმონა სცენიდან ამაღლებულის, გმირულის, ხალხური მშვენიერების განსახიერება იყო, თანაც, უაღრესად მართალი და მიწიერი. დავითი იყო მხატვარი, რომელსაც შეეძლო სპექტაკლის ყოველ დეტალში და მსახიობის ჩაცმულობაშიც კი განეხორციელებინა რეალისტურისა და რომანტიკულის შერწყმა, მშვენიერების საიდუმლო ამოეხსნა უფერულისა და ღარიბულის საფარველიდან“ნაწყვეტი ბ-ნი დიმიტრის  დასახელებული ინტერვიუდან. ჩაწერილია 1984 წელს..
სპექტაკლ „ესკადრის დაღუპვის“ დეკორაციებთან დაკავშირებით  ისევ ბ-ნი დიმიტრის ნაამბობს  გთავაზობთ: „...იმისათვის, რომ ნათლად, სრული ცოდნით გადმოეცა დეკორაციის დამატებითი ატრიბუტის - მატარებლის შიდა ინტერიერი, მან სპეციალურად ნახა სადგურში მატარებლის საერთაშორისო ვაგონი და მისი სურათიც კი გადაიღო. დავითს წარმოსახვის უდიდესი უნარი ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის სჭირდებოდა დასაყრდენად სინამდვილე“აღნიშნული დიალოგი, იქვე.. .„...ტაიგა, თავისი თვალუწვდენელი პერსპექტივით, მაღალი მცენარეებით, იგრძნობა მხატვარ დავით კაკაბაძის ნამუშევარში. სადა, რეალისტურ დეკორაციებს, ბუნების ნათელ სურათებს (განსაკუთრებით მეორე მოქმედებაში) მაყურებელი ადვილად გადაჰყავს შორეულ ტაიგაში“. თეატრალი „შერეული“ მარჯანიშვილის თეატრში. გაზ. „კომუნისტი“, 1963, 1 ივნისი .  ბატონი დიმიტრის სიტყვები ნათლად დასტურდება ესკიზზე, ჭრილში მოცემული სარკმლებიანი ვაგონის (რომელსაც სპექტაკლში აზრობრივი დატვირთვა ჰქონდა) ნახვისას.
1937 წელს დოდო ანთაძე   სპექტაკლის  „იცკა რიჟინაშვილის“ მხატვრული გაფორმებისათვის  დავით კაკაბაძე მიიწვია. გადმოგცემთ ბ-ნი დიმიტრი ჯანელიძის ნაამბობს: „დავით კაკაბაძე ებრაელთა ცხოვრების შესასწავლად ქუთაისში გაემგზავრა, სადაც მის მეზობლად ცხოვრობდა ღარიბი ებრაელის ოჯახი. მხატვარი აკვირდებოდა თითოეულ პიროვნებას, მათ ყოფა-ცხოვრებას, ზნე-ჩვეულებებს, ატმოსფეროს, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ.  მხატვარმა ესკიზში გამოსაყენებლად ქუთაისში ფოტოც კი გადაიღო და ჩაიხატა ერთ-ერთი საინტერესო „ტიპაჟი“დ. ჯანელიძის აღნიშნული მოგონება ავტორთან..კაკაბაძემ  გონებამახვილურად გამოიყენა ებრაელის ოჯახში ნანახი, კედელზე გაკრული დახეული ჭრელი ფარდაგი. განსაკუთრებული ფანტაზიით უჩვენა მაყურებელს მხატვარმა ის დიდი ხალხური კულტურა, რომელიც ღარიბი ხალხის სახლშიც კი სათუთად იჩენს თავს“იქვე. ხალიჩის დამზადებასთან დაკავშირებით  კვლავ ბ-ნი დ. ჯანელიძის (ამჯერად როგორც თვითმხილველის) საუბრიდან გთავაზობთ ორ ძალზე საინტერესო მოგონებას: „..,დავით კაკაბაძემ იცკა რიჟინაშვილის ღარიბული სახლის გამოხატვას განსაკუთრებული ელფერი შეუქმნა. სპექტაკლამდე მუშაობა დაიწყო თუ არა, განკარგულება გასცა, სამკერვალოდან სანაგვეში გადასაყრელი ნაირფერი ნაჭრები მოეგროვებინათ... მერმე თეატრის თანამშრომლები დასხა და მუყაოსაგან კვადრატული ფორმის 500-მდე ფირფიტა დაამზადებინა. შემდეგ ბრძანა, მათზე სხვადასხვა ფერის ქსოვილების გადაკვრა.  როცა ყოველივე დაამზადეს, დავითმა იატაკზე დაალაგებინა უკვე ნაირფერადი ფირფიტები და ლურსმნიანი ჯოხით დაიწყო მათი ფარდაგივით განლაგება-აწყობა. როცა ყოველივე დამთავრებულად ჩათვალა, ისე შეაკერვინა, რომ გამოვიდა ბრწყინვალე პანო - სამუზეუმო ექსპოზიცია, სადაც ფერთა ურთიერთთან შეთანხმებით თვალისმომჭრელი ფერადოვანი სიმფონია აჟღერდა, რაღაც ისეთი საოცარი, მხოლოდ დავით კაკაბაძის ფერმეტყველების გენიას რომ შეეძლო შეექმნა.  ფარდის ახდისას, სიბნელეში ჩნდებოდა იცკას სახლი, რომელსაც უცბად სინათლეს მიანათებდნენ და მაყურებელთა თვალწინ ზღაპრული, თვალშეუდგამი სილამაზე გადაიშლებოდა, რასაც დარბაზი ოვაციებით ხვდებოდა“იქვე. აღნიშნული დავით კაკაბაძის გასაოცარი მახვილგონივრობისა და გამომგონებლობის ნათელი ნიმუშია, რომლის სადა მეტყველებიდან ჩანს, რაოდენ დიდი მშვენიერების აღმოჩენა შეეძლო მხატვარს ხალხურობის მახასიათებლებში და როგორ შესძლო ამგვარი კეთილშობილური და ადამიანური ღირსებით შეემკო უკიდურესად ღარიბული ფარდაგის მხატვრული „გამომსახველობა“.
„ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სურათის  - საიდუმლო სტამბის ესკიზის მოტანას მხატვარი აგვიანებდა. რეჟისორის თანაშემწემ, დამდგმელის რისხვისაგან თავდასაღწევად, თეატრის მახლობელი სტამბიდან საბეჭდი მანქანა, ასოთკასები მოზიდა და რეპეტიციისათვის სცენაზე განალაგა. დავითმა ეს რომ ნახა ელდა ეცა, საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. მუდამ დინჯი და აუღელვებელი მოთმინებიდან გამოსული ყვიროდა:  „ეს ვინ მოიფიქრა, თქვენი აზრით პორტრეტი დამაჯერებელი რომ გამოვიდეს,  ცოცხალ კაცს თვალი უნდა ამოთხარო და ტილოზე ნახატს ჩაუდგა. უკვე ერთი თვეა ვსწავლობ,  საიდუმლო ქვაბულის კედლების, იქ განლაგებული მანქანის და ასოთკასებისათვის ურთიერთშეთანხმებული ზომა და ფერი ვერ მიპოვია, თქვენ კი ასე იოლად გინდათ ყოველივე გადაწყვიტოთ, თქვენც იტყვით ხელოვნებას ვემსახურებითო“ - ძლივს დამშვიდდა.  დავით კაკაბაძემ იპოვა, რასაც ეძებდა. და, მართლაც, ვისაც უნახავს მისი „საიდუმლო სტამბა“, არასოდეს დაავიწყდება სინესტით მოცული, შავ-ლურჯში ჟანგ გარეული ფერებით, ზემოდან ჩამოწოლილი ჭერით, მთელი ფართობის სიგანით და სიმაღლით საოცრად მომცველი, სხვადასხვა საჭირო რეკვიზიტით ძლიერ ემოციურ დატვირთვას რომ ატარებდა სპექტაკლში.“  ბ-ნი დიმიტრის მოგონების ამ ნაწილშიც მკაფიოდაა გამოკვეთილი დავით კაკაბაძის, როგორც ჭეშმარიტი შემოქმედის შეხედულება და მრწამსი ხელოვნებაზენაწყვეტი ხსენებული ინტერვიუდან..
„...მხატვართა შორის, ამ პიესასთან ყველაზე ახლოს იდგა შესანიშნავი შემოქმედი დავით კაკაბაძე. დავითმა ბევრი რამ მომიწონა და თანაც დიდი ტაქტით მომცა მთელი რიგი შესწორებები, მამცნო თავისი მოსაზრებანი. ჩვენი - რეჟისორის, მხატვრისა და კომპოზიტორის მიზანი იყო შეგვექმნა რეალისტური სპექტაკლი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არა ვიწრო-ყოფითი ანდა ნატურალისტური...“დ. ანთაძე  „დღეები ახლო წარსულიდან“. „ლიტერატურა და ხელოვნება“ თბ.,1966 წ.
„...გასაოცარი გატაცებით მუშაობდა დავით კაკაბაძე ფილმზე „აკაკის აკვანი“,  - იხსენებდა ფილმის მუსიკის ავტორი, კომპოზიტორი ალექსი მაჭავარიანი, - „ყველა ის ადგილი, რაც ფილმშია, იქნება ეს იმერული ფერდობების მზით აბრიალებული მთების ქანობები, სოფლის ცხოვრების შესანიშნავი დეტალების, ღარიბი ქართველი გლეხის ოჯახის ყოფითი პირობების გამოსახვა, ყოველივე, ძალზე გულმოდგინედ, კაკაბაძისეული დახვეწილი გემოვნებით იყო შერჩეული სავანესა და სხვიტორის რაიონებში. მხატვრის მიერ მონახულ ნატურას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მხატვრული სიტყვის სიმართლისათვის. ფილმის გადაღება ხდებოდა ნაწილობრივ ნატურიდან, ნაწილობრივ კი პავილიონში აშენებულ დეკორაციებში“ალექსი მაჭავარიანთან  დიალოგი შედგა 1984 წელს.
„დავით  კაკაბაძე იმდენად გამორჩეული პიროვნება იყო, იმდენად გამოკვეთილია მისი შემოქმედება, რომ უდავოა მისი გავლენა მომდევნო თაობის ყველა შემოქმედზე, მათ შორის თეატრის მხატვრობზეც“ხსენებული ინტერვიუ რობერტ სტურუასთან.. რობერტ სტურუა
ცხოველხატულობა, ფერწერულობისაკენ სწრაფვა, გაცილებით  „რეალური“ კონსტრუქციები,  ნაცვლად ადრინდელი პირობითი, გეომეტრიზირებულ-კუბის-ტური ფორმებისა, თავს იჩენს, კაკაბაძის მიერ მხატვრულად გაფორმებულ სპექტაკლში „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1937 წ. დადგმა შალვა ღამბაშიძისა).
„არ შეიძლება წაიკითხოთ დავით კლდიაშვილი და მისი მოთხრობების ფონზე, ცნობიერებაში დავით კაკაბაძის „იმერეთის პეიზაჟები“ არ წარმოიდგინოთ, იმდენად ენათესავება ერთმანეთს მათი შემოქმედება. მისი „ იმერეთის პეიზაჟები“,  ჩემი აზრით, საოცრებაა. საინტერესოა, ასეთი ძუნწი, მარტივი ხერხებით ნაცნობი ყოფითი ელემენტებისგან დიდების მიღწევა. დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირში“ და „უბედურებაში“ფონად ჩავსვი დავით კაკაბაძის „იმერეთის პეიზაჟები“ - გვიამბო ბ-მა თემურ ჩხეიძემთ. ჩხეიძე. ნაწყვეტი დასახელებული ინტერვიუდან..
ორი ხელოვანის შემოქმედების ურთიერთობაზე იგივე აზრი გამოთქვა რეჟისორმა შალვა გაწერელიამ: „მე, როგორც რეჟისორს, ძალიან მიყვარს დრამატურგი დავით კლდიაშვილი, ამიტომ, არ შეიძლება არ მიყვარდეს დავით კაკაბაძის შემოქმედება. გარდა ამისა, დავით კაკაბაძე თავისი აზროვნებით, მსოფლმხედველობით ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა“. „სცენაზე, საგნები, პეიზაჟთან ერთად, იძლევა დამახასიათებელ კოლორიტს. იმერეთის ბუნება შესაფერ ფერებშია წარმოდგენილი. კოლხურ იოდები, მთა-გორები, მინდორი და ხეები მხატვარს მოფიქრებულად აქვს სცენაზე გადმოტანილი“საუბარი ბ-ნ შალვა გაწერელიასთან შედგა 1984 წელს..
სპექტაკლ „სამანიშვილის დედინაცვალთან“ დაკავშირებით არ შეიძლება არ გავიხსენოთ ამავე თემაზე გადაღებული კინოფილმი „დაკარგული სამოთხე. მოგეხსენებათ, თუ რა დიდ გასაქანს მისცემდა კინო მხატვარს და როგორი სიძლიერით გამოავლენდა იგი თავის შესაძლებლობას. „დავით კაკაბაძის მიერ შესანიშნავად, მეტიც, ბრწყინვალედ შესრულებული ფერწერული პეიზაჟები გაჟღენთილია  იმერული კოლორიტით. მისმა სტილმა, შემოქმედებითმა კრედომ ბევრად განსაზღვრა ფილმის „დაკარგული სამოთხე“  გამარჯვება.“ - გვიამბო  ბ-მა გიგა ლორთქიფანიძემდიალოგი ბ-ნ გიგასთან ჩაწერილია 1984 წელს. „...როდესაც მე ვდგამდი შექსპირის პიესას „აურზაური არაფრის გამო“,- იხსენებს ჩვენთან საუბარში ცნობილი ქართველი რეჟისორი ქალბატონი ლილი იოსელიანი, - რომელიც არატრადიციული ფორმით მქონდა გადაწყვეტილი, განუწყვეტლივ თვალწინ მედგა დავით კაკაბაძის ტილოები. განსაკუთრებით  მისი პორტრეტები და იმერეთის პეიზაჟები, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ კაკაბაძის უჩვეულო აზროვნება ზუსტად მიესადაგებოდა შექსპირის მსოფლმხედველობას და, ვფიქრობ, რომ მხატვარი ლაკონიური, მრავლისმეტყველი, არასქემატური, პლასტიკური ხერხებით შეძლებდა გამოეხატა სპექტაკლის მთავარი მამოძრავებელი ძალა“საუბარი ქ-ნ ლილი იოსელიანთან შედგა 1984 წ.  .
იმის შესახებ, თუ როგორ უჭირდა ფინანსურად საქვეყნოდ ცნობილ მხატვარს და მის ოჯახს, მოვიყვან ქალბატონი სესილია თაყაიშვილის ნაამბობს დასახელებული ინტერვიუდან: „ბატონ დავითს თეატრამდე ვიცნობდი. იგი სკოლაში ხატვას გვასწავლიდა. არ დამავიწყდება ვერის ბაზართან მასთან შეხვედრა. რომ ვკითხე „როგორ ბრძანდებით ბატონო დავით?“ - მან ასწია ბადურა, რომელშიც სამად-სამი კარტოფილი ეწყო და „ასეო“ მიპასუხა.
დასასრულ, გავიხსენებ დავით კაკაბაძის მეუღლის, ქალბატონ ეთერ ანდრონიკაშვილის ნაამბობს, დაკავშირებულს მხატვრის გარდაცვალებასთან:
„ჩვენს ქუჩაზე ღამით მანქანა რომ ამოივლიდა, საოცრად ნერვიულობდა. სულ ეგონა, რომ მას მოაკითხეს დასაჭერად. სწორედ ერთ-ერთი მანქანის ასეთი ამოვლის შემდეგ, 1952 წლის 10 მაისს, დავითი გულის შეტევით გარდაიცვალა.“

ილუსტრაციები:
ე. ტოლერი. „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“, დეკორაციის და ქალის კოსტიუმების ესკიზები, ქუთაის-ბათუმის, საქართველოს მეორე სახელმწიფო თეატრი, 1928

დ. ჩიანელი. სპექტაკლი „ბაილ“ესკიზი და დეკორაცია.  რეჟ. კოტე მარჯანიშვილი ქუთაის-ბათუმის, საქართველოს მეორე სახელმწიფო თეატრი1929 წ.





ნანახია: 576-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani