Georgian (Georgia)English (United Kingdom)
დავით კაკაბაძის ცხოვრება და შემოქმედება ზოგად ისტორიულ ფონზე

გიორგი ხოშტარია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ვგონებ, არც თუ ისე ბევრი გვეგულება პატარა ქვეყანა, ისეთი, როგორც საქართველო, რომელიც ასეთი მდიდარი და, რაც მთავარია, ასეთი მაღალი ხარისხის მქონე ვიზუალური ხელოვნებით იყოს წარმოდგენილი მსოფლიო ხელოვნების უსაზღვრო სამყაროში.
ამ დიდ და ლამაზ პანორამაში ღირსეული ადგილი უკავია მე-19 საუკუნის მიწურულის და მე-20 საუკუნის პირველი ათწლეულების ქართულ მხატვრობას. კერძოდ, ვგულისხმობ ორი თაობის ქართველი მხატვრების შემოქმედებას მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან მე-20 საუკუნის 40 წლებამდე. პირველ რიგში, ეს არის ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედება, რომელზეც, ამ შემთხვევაში, არ შევჩერდებით. ჩვენი ინტერესების სფერო იქნება ქართველ „პარიზელთა“ თაობის აშკარად გამორჩეული და ძვირფასი მემკვიდრეობა. პირველ რიგში, ესენი არიან: დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი და ელენე ახვლედიანი. აგრეთვე, ამ ეპოქაში ჯდება მოსე თოიძის შემოქმედება 900-იან წლებში და ვ. სიდამონ-ერისთავი. შესაძლოა, პარიზელ მხატვართა გვერდით მოვიხსენიოთ შ. ქიქოძე, მისი შემოქმედება ძალზე ხანმოკლე იყო, მაგრამ, საერთო სურათში ერთი საინტერესო ფენომენია.
ამ მხატვართაგან, ამჯერად, ჩვენი ყურადღება შეჩერდება დავით კაკაბაძეზე. კარგად ვიაზრებ იმ ფაქტს, რომ დავით კაკაბაძე მაღალ დონეზეა შესწავლილი და საზოგადოებისთვის წარმოდგენილი მაღალი დონის პროფესიონალების მიერ. საკმარისია, დავასახელოთ გაიანე ალიბეგაშვილი. მე მაინც ვეცდები, რამდენიმე საინტერესო შტრიხი, თავისებურება, წყობისეული სპეციფიკა აღვნიშნო დავით კაკაბაძეს შემოქმედებაში. ამ ნაშრომში გამოვყოფ ინტერესთა ორ მიმართულებას, ერთი - უშუალოდ დავით კაკაბაძის წყობისეულ სპეციფიკას, მის მხატვრულ მეთოდს ეხება, ხოლო, მეორე მიმართულება ისაა, რის გამოც ეს სხვა მხატვრები დავასახელე. მათი ისტორიული ბედი, ხშირად, ძალზედ ტრაგიკულია, მიუხედავად იმისა, აღიქვამდნენ ისინი ამ ტრაგედიას, როგორც დავით კაკაბაძე, თუ არა - როგორც მოსე თოიძე. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ხაზი უნდა გავუსვათ იმ უზარმაზარ ტკივილს, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, რაც მოჰყვა ცხოვრების ყველა სფეროში და მათ შორის ხელოვნებაში პირდაპირ დამღუპველ იდეოლოგიზაციას. მიჩნდება სურვილი ამის ხაზგასმისა, ვინაიდან თითქოს მიივიწყეს ქართული სულიერი ცხოვრების ეს ტრაგედია. როდესაც ამ პერიოდზე ვფიქრობ, თვალწინ მიდგას ის დეგრადაცია, რასაც განიცდიდა ჩვენი კულტურა.
დავით კაკაბაძეს ბადალი არ ჰყავს მრავალფეროვნებაში (იქნება ეს თემატიკური, მეთოდოლოგიური და მთლიანად მისი ფართო ინტერესების სფერო) ჯერ მარტო მხატვრობაში, ესაა: პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი, აბსტრაქტული ნიმუშების მთელი სერია, ქანდაკება, გარდა ამისა, ის არის სტერეო კინოს გამომგონებელი, რაც 14  ქვეყანაში იყო დაპატენტებული, გარდა საბჭოთა კავშირისა. ცალკე მინდა გამოვყო მისი მოღვაწეობა კინო მხატვრად: „მარილი სვანეთს“, რეჟისორი მ. კალატოზიშვილი, 1930; „დაკარგული სამოთხე“, რეჟისორი დ. რონდელი, 1936. რომლის წარმატება დიდწილად განსაზღვრა დ. კაკაბაძემ. აქ მჟღავნდება მისი ინდივიდუალურობის, გენიალურობის თავისებურება. ერთი მხრივ, იგი თითქოს ცივი გონებით იაზრებს ყველაფერს, რაც იძლევა საფუძველს, ილაპარაკონ მის რაციონალიზმზე, მითუმეტეს, რომ იგი პეტერბურგში ფიზიკა-მათემატიკურზე სწავლობდა. მაგრამ, მარტო რაციოს გამოყოფა იქნებოდა ცალმხრივობა, ასევე ისიც, რომ არ დავინახოთ მხატვრის ძალიან მახვილი თვალი სწორედ ხასიათის, ტიპაჟის, გარემოს გადმოცემისას. ამიტომ, გამომდინარე ზემოთქმულიდან, მისი, როგორც პიროვნების და მხატვრის თვისებებიდან ძალიან მკაფიოდ ჩანს კონცეპტუალური მიდგომა მისი შემოქმედების  ცალკეულ ჟანრულ თუ თემატურ ჯგუფებში. ერთი მხრივ, სახასიათო ასახვის საგანი - სურათ გარეშე რეალობა, იქნება ეს იმერეთის პეიზაჟი თუ სრულიად განსხვავებული ბრეტანი, თუ ავტოპორტრეტი და, მეორე მხრივ, ყოველთვის მონახული ენობრივი სუბსტრატი ანუ სიბრტყე, ხაზი, ფორმა, ტექტონიკა თუ ლაქა, განზოგადება - მეტად თუ ნაკლებად. დავით კაკაბაძე ყოველთვის უზადოა შესრულებაში. ცხადია, ამაში ავლენს იგი თავის პიროვნულ ხედვას და ეს შეგვიძლია სქემით წარმოვიდგინოთ:

საოცარია, მაგრამ აღნიშვნათა ამ მოდელს, ამ სქემას ვხედავთ მის აბსტრაქციებშიც. აბსტრაქტული ნამუშევარი მისთვის არის სწორედ სურათი და არა დეკორატიული მოტივი (დეკორატიულ მოტივად მოიხსენიებდნენ მას პირველი გამოფენის შემდეგ 60-იან წლებში, გასაგები მიზეზის გამო, იმ პერიოდში აბსტრაქციას ვერ დაწერდნენ). ეს ნამუშევრები  სწორედ იმიტომ არის მხატვრობა, რომ არის სურათი, როგორც ნიშანი, იქ რაღაც ხდება, აბსტრაქტულია, მაგრამ სურათოვანი. კერძოდ, რაღაცა მოძრაობს, ფეთქავს. ხანდახან, ამ აბსტრაქციებს, ემბრიონალურ ფორმებს ან თავისებურ კოსმოსს ადარებენ. ანუ, ეს არ არის დეკორის სტატიკურობა, თუნდაც, ძალიან ლამაზის, არამედ, სწორედ ეს არის სურათი თავისი ბუნებით. სხვა საქმეა, ესთეტიკურად ეს მეტად მოგვწონს თუ ნაკლებად. პირადად ჩემთვის უფრო ახლოა იმერეთის პეიზაჟები და მისი ორივე კინო.
გვაოცებს, რამდენად განსხვავებული მიდგომები შეუძლია, მხატვარს, წარმოადგინოს. ერთგვარად კუბიზმის გამოძახილი ჩანს მის იმერულ პეიზაჟებში, სადაც მიწის ნაკვეთების გეომეტრია არაჩვეულებრივ ხასიათში ქმნის ზუსტ ხალიჩას. პირადად მქონდა საშუალება, მენახა იმერეთის პეიზაჟები ვერტმფრენიდან და არაჩვეულებრივად ზუსტია. ყველაზე ცნობილ იმერეთის პეიზაჟებში არის „იმერეთი დედაჩემი“, სადაც ძალიან ოსტატური სინთეზია პორტრეტის და პეიზაჟის. როდესაც პეიზაჟი არის არა უბრალოდ ფონი, ხოლო პორტრეტი პეიზაჟში ჩასმული ფიგურა კი არ არის, არამედ ორივე დამოუკიდებელი ხატია, ნიშანია და, ამავე დროს, მოითხოვენ ერთმანეთს, სინთეზში არიან და ქმნიან ერთიან პოლიფონიურ სურათს. საოცარია, არავითარი ხელოვნურობის გრძნობა არ წარმოიქმნება, ყველაფერი ხატოვნად ზუსტია, ანუ ვერაფერს ვერ მიუმატებ და ვერც გამოაკლებ (ლეონ ბატისტა ალბერტის არისტოტელეს რიტორიკიდან აღებული განმარტება რომ ვიხმაროთ).
აქვე მინდა, ჩემი აზრი გამოვთქვა საერთოდ აბსტრაქციის მიმართ. ერთი მხრივ, აბსტრაქცია მხატვრობის აბსოლუტურად ლეგიტიმური მეთოდია  და ამ მიდგომით ბევრი მაღალი დონის სურათია შექმნილი. საკმარისია ისეთი სახელები, როგორიცაა: პოლაკი, ვილიამ დე კუნინგი, მაგრამ, ამავე დროს, მე ვერაფრით ვერ ჩავთვლი, რომ აბსტრაქცია არის მხატვრობის უმაღლესი გამოვლინება. მეორე მხრივ, ვთვლი, რომ აბსტრაქციას  გარკვეული ნაკლოვანება აქვს, რადგანაც ასახვის საგანთან სინთეზი მკაფიო არაა, აბსტრაქტულია და, ამდენად, ბინარული ოპოზიცია სურათგარეშე რეალობის აღნიშვნასა და ენობრივ სუბსტრაქტს შორის სიმძაფრეს ვერ იძენს. ცალკე აღსანიშნავია დავით კაკაბაძის კოლაჟები. სასურათო წყობაში  სხვადასხვა საგნობრივი მასალის შემოტანით (მავთული, ლინზა), ჩარჩოც სურათის ორგანული ნაწილი ხდება. მინდა ერთ ნამუშევარზე შევაჩერო ყურადღება, სადაც არის გამოყენებული მრგვალი ლინზა/სარკე. აქ ჩანს სურათის ორი ბუნება: სიბრტყე და სიღრმე; ლინზის სუფთა მატერიალურ-ფიზიკური თვისებები და სარკისებური ასახვა, ანუ სიღრმის გარკვეული სარკისებური ილუზია თავისებურ ბინარულ ოპოზიციას იძლევა.
არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ, რომ თითოეულ ამ ჟანრულ-თემატურ ჯგუფს მასალის თავისი ენობრივი სპეციფიკა ახასიათებს. ასე მაგალითად, პარიზის ჩანახატებში ეფექტურია ქაღალდზე შავ-თეთრი ლაქების გათამაშება. ბრეტანის პეიზაჟებში აღსანიშნავია ოპოზიცია ძალიან დამაჯერებელ სახვით ფუნქციას (ზღვის ნოტიო ჰაერი) და ენობრივ სუბსტრაქტს (ქაღალდი, საღებავის ლაქა) შორის. ამ სერიაში იგი ძალიან თავისუფლად ოპერირებს - თითქმის სრული აბსტრაქციიდან ძალიან კონკრეტულ სურათებამდე.
ვლაპარაკობთ რა დავით კაკაბაძის უაღრესად მრავალფეროვან, მდიდარ და, ამავე დროს, ერთიან შემოქმედებაზე, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ის ტრაგიკული განცდა, რომელიც ყოველთვის გვიჩნდება კაკაბაძის შემოქმედების აღქმისას. საქმე უბრალოდ იმაში არ არის, რომ მას ელემენტარულად დევნიდნენ, როგორც ფორმალისტს, არამედ იმაში, რომ ეს იდეოლოგიური პრესი გავლენას ახდენდა, კლავდა მის შემოქმედებით ძიებებს. ამის მკაფიო მაგალითია მრავალი ნამუშევარი, რომლებშიც გარკვეულ კომპრომისს ეძებდა. განსაკუთრებით გამოვყოფდი იმერულ პეიზაჟში ჩასმული რიონჰესის პატარა შენობას, ბელადების სამი პლაკატით (ლენინი, სტალინი და ბერია. ამ უკანასკნელის ლიკვიდაციის მერე, მისი პორტრეტი წაიშალა). აღსანიშნავია, მისი ელევატორი ფოთში, ე.წ. სოც-რეალისტური მეთოდით გულმოდგინედ შესრულებული სურათი, სადაც ერთ-ერთი მთავარი აღნიშვნა - ენობრივი სუბსტრაქტი, წყობა გამქრალია და მიღებულია აბსოლუტურად ბანალური ფოტოსმაგვარი სურათი. მახსოვს, დიდი ხნის წინ, როდესაც განიხილავდნენ დავით კაკაბაძის შემოქმედებას, ამბობდნენ, რომ მას შეეძლო თანაბრად კარგად დაეხატა ტიპიური იმერეთის თუ ბრეტანის პეიზაჟი მკაფიოდ გამოვლენილი ბინარული ოპოზიციით და, ასევე, რეალისტურად გაეკეთებინა ელევატორი. სინამდვილეში ეს იყო სიკვდილი, მისი როგორც ხელოვანის.
მსგავს დეგრადაციას ვხედავთ მის მეგობრებთანაც: ელენე ახვლედიანთან, ქეთევან მაღალაშვილთან მოჩანს თუ თანდათანობით როგორ კვდება მხატვრული ენა საგნების ნატურალისტური გამოწერისას. როგორ ქრება მაღალაშვილის ალა პრიმა, ანდა ახვლედიანის ნამუშევრებში - საოცრად ცოცხალი, უტრილოს მაგვარი ზედაპირები. ამ მხატვრებმა, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ე.წ. დათბობის პერიოდში სცადეს ძველის დაბრუნება, მაგრამ ხელოვნების ფასი და ღირებულება სწორედ ისაა, რომ ერთხელ დაკარგულს ვეღარ ინაზღაურებ. რაც შეეხება ლადო გუდიაშვილს, მას ცოტა სხვაგვარი „სენი შეეყარა“. იგი წავიდა თავის სამყაროში, თავის თავში. მინიმალურად ხატავდა ე.წ. სოც-რეალიზმში ან საერთოდ არ ხატავდა, მაგრამ დაკარგა მთავარი - ცოცხალი ხასიათის განცდა.
თავი რომ დავანებოთ დახვრეტილ მხატვრებს - პეტრე ოცხელს, დიმიტრი შევარდნაძეს. განადგურებულ იქნა მთელი ეპოქა. ამას ახლაც მტკივნეულად განვიცდი.


ნანახია: 2128-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani