Georgian (Georgia)English (United Kingdom)
დავით კაკაბაძის საერთაშორისო აღიარების შესახებ

ხათუნა ხაბულიანი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი


დავით კაკაბაძის საერთაშორისო აღიარების ისტორია ყველასათვის ცნობილი, 1926 წელს ბრუკლინის მუზეუმში გამართული მოდერნული ხელოვნების დიდი საერთაშორისო გამოფენიდან იწყება. გამოფენა,რომელიც  ქეთრინ  დრაიერის, მარსელ დიუშანისა და მენ რეის ხელმძღვანელობით „ანონიმურმა საზოგადოებამ“ მოაწყო,  საზოგადოების საპატიო ვიცე-პრეზიდენტის - ვასილი კანდინსკის სამოცი წლისთავს მიეძღვნა. მასზე კაკაბაძის ცხრამეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. მათ შორის, სკულპტურა „Z, განგმირული თევზი“  (1925). სკულპტურა დავით კაკაბაძის თექვსმეტ აკვარელთან ერთად, ამჟამად, იელის უნივერსიტეტის სამხატვრო გალერეაში ინახება.
ბრუკლინის მუზეუმის ამ გამოფენის მნიშვნელობა უამრავ კვლევასა და მოდერნისტული ხელოვნების ისტორიისადმი მიძღვნილ თითქმის ყველა ნაშრომში აღინიშნება. დავით კაკაბაძის შესახებ ინფორმაცია, რასაკვირველია, შესულია ბრუკლინის მუზეუემის კატალოგში, მაგრამ, ის, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამ გამოფენის ინიციატორები და ორგანიზატორები ამ პროექტში დავით კაკაბაძის მონაწილეობას,  უფრო ცხადად, 1950 წელს გამოცემულ კატალოგში -  Collection of the Societé Anonyme (Yale University. Art Gallery) - ჩანს)Collection of the Societé Anonyme.New Haven : Yale University Art Gallery, published for the Association in Fine Arts. 1950. Catalogue compiled and planned by Katherine S. Dreier and Marcel Duchamp .
01
კატალოგის შედგენაზე ქეთრიენ დრაიერმა და მარსელ დიუშანმა იმუშავეს. 2012 წელს კი მისი ციფრული ვერსია  მეტროპოლიტენის ბიბლიოთეკის საბჭომ დააფინანსა. ამ გამოცემით კიდევ უფრო მეტად გაესვა ხაზი ბრუკლინის გამოფენის მნიშვნელობას.  დროითი დისტანციიდან, სავარაუდოდ, ავტორებმა უკეთ დაინახეს საკუთარი პროექტის ადგილი იმ პროცესში, რომელიც მოდერნისტული ხელოვნების ლეგიტიმაციას გულისხმობდა. ამერიკელთა როლი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაც ისეთი გარდამტეხი გამოფენების ორგანიზებაში გამოვლინდა, როგორსაც არმორი შოუ / The Armory Show (1913) წარმოადგენდა.უფრო ნათელი სურათისათვის აუცილებელია ამ გამოფენის რამდენიმე პრინციპული მახასიათებლის აღნიშვნა. არმორი შოუ, რომელიც 1913 წლის 17 თებერვალს ნიუ–იორკში გაიხსნა, მოდერნისტული ხელოვნების პირველი მასშტაბური გამოფენა იყო ამერიკაში. ამ მოვლენით დაიწყო ქვეყანაში მოდერნისტული ხელოვნების აღიარება. ექსპოზიცია ამერიკის ნაციონალური გვარდიის არსენალის სივრცეში მოეწყო და სათაურიც - The Armory Show - აქედანვე მიიღო. მისი ორგანიზება ამერიკელ მხატვართა და მოქანდაკეთა ასოციაციამ განახორციელა.  გამოფენის სლოგანი კი ასე ჟღერდა – „ახალი სული“ (The New Spirit), რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხელოვნებაში არ გულისხმობდა რევოლუციურ განწყობას; ეს იყო ახალი დროების, ეპოქის დასაწყისის განცდა, დამუხტული ენერგიითა  და თავისუფლების მოლოდინით. გამოფენის ლოგოდ  ფესვებიანი ფიჭვის ხე შეირჩა, რომელიც ამერიკული რევოლუციის დროს მასაჩუსეტის დროშაზე იყო გამოსახული. გამოფენაზე დაახლოებით 1300 ნამუშევარი გამოიტანეს და, მათგან, რამდენიმემ ამერიკული საზოგადოების  შოკი გამოიწვია. ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობისა იყო ის ფაქტიც, რომ, სწორედ ამ დროს, მეტროპოლიტენ მუზეუმმა თავისი კოლექციისათვის  სეზანის ტილო შეიძინა და  გზა გაუხსნა მოდერნისტული ხელოვნების სათავეებში მდგომ მხატვართა შესვლას ოფიციალურ ინსტიტუციებში, რომელთა კოლექციებშიც მანამდე მხოლოდ ისტორიული ექსპონატები, ტრადიციული ფერწერა და ამერიკული რეალიზმის ნამუშევრები იყო დაცული. ევროპაში, მოდერნისტული ხელოვნების მიმღეობა უკვე ნელ–ნელა იწყებოდა. The Armory Show–მდე სამი წლით ადრე, ბრიტანელმა მხატვარმა და არტ კრიტიკოსმა, როჯერ ფრაიმ, რომელიც, ასევე, ავტორია ტერმინისა პოსტ იმპრესიონიზმი,  ლონდონში მოაწყო ფრანგი მხატვრების დიდი გამოფენა – მანე და პოსტ იმპრესიონიზმი.აქ გამოფენილ მხატვრობას ბევრი ჯერ კიდევ აგრესიულად აკრიტიკებდა და „ხელოვნებადაც“ არ თვლიდა, თუმცა მისი მიღების პროცესი უკვე დაწყებული იყო. The Armory Show  კი უკვე სხვა მასშტაბის გამოფენა იყო და მის გახსნაზე დაახლოებით 4000 ვიზიტორი მივიდა. სიტყვა „ავანგარდი“, აქ, პირველად დაუკავშირდა ხელოვნებას, ხოლო მატისის „ცისფერი შიშველი ნატურა“ და „წითელი სტუდია“პუბლიკისათვის სრულიად გამაოგნებელი აღმოჩნდა.  ამერიკელ დამთვალიერებელს, რომლის თვალი აკადემიურ - ანტიკური ქანდაკებების მოდელის მიხედვით შესრულებულ შიშველ ნატურას იყო მიჩვეული,  აქამდე მსგავსი რამ არ ენახა –  პლასტიკურობის სრულიად ახლებური ხედვა, კაშკაშა ფერების მძაფრი ექსპრესიულობა. განსაკუთრებული ხმაური გამოიწვია მარსელ დიუშანის კუბისტურ და ფუტურისტულ მოტივებზე შესრულებულმა ფერწერამაც – „სხეული, რომელიც ეშვება კიბეზე“.  ეს მისი  პირველი წინააღმდეგობრივი ნამუშევარი იყო.   როგორც „არასაკმარისად კუბისტური“, იგი  ჯერ კიდევ კუბისტებმა დაიწუნეს და დიუშანს სათაურის შეცვლა მოსთხოვეს, რაზეც მან უარი განაცხადა და, მისივე თქმით, მას შემდეგ საერთოდ დაკარგა არტისტთა ჯგუფებში მონაწილეობის ინტერესი. დიუშანის ამ ნამუშევარს, რომელზეც მოძრავი გამოსახულების ეფექტის მქონე ფრაგმენტირებული ფორმა იყო მოცემული, The Armory Show –ზე, „აფეთქება სახურავების ქარხანაში“ უწოდეს. მოძრავი გამოსახულება, ზოგადად, ახალი საკვლევი თემა იყო იმ პერიოდის ვიზუალური ხელოვნების სფეროსათვის. ეს გამოფენა, მთლიანად, ხელოვნების აღქმასა და მის გააზრებაში დაწყებული ცვლილებების ილუსტრირებას ახდენდა. აშკარა იყო, რომ  ეს რადიკალურად მოაზროვნე მხატვრები სხვა მშვენიერებასა და ახალ ჭეშმარიტებას ეძებდნენ. გამოფენა შემდეგ ჩიკაგოში გადაიტანეს, მანამდე კი ის უამრავმა ადამიანმა მოინახულა. გამოფენის მიმართ დილერების დაინტერესებაც გაჩნდა. დღეს რთული გასაგებია, თუ რა იყო ასეთი გამაოგნებელი ამ ხელოვნებაში – თანამედროვე ადამიანი ვიზუალური ინფორმაციის ძალიან დიდსა და მრავალფეროვან ნაკადს არის მიჩვეული და მის მიმართ ერთგვარ იმუნიტეტსაც ფლობს. იმუნიტეტსაც ფლობს. მაშინ კი განსხვავებული ფორმების შემოსვლა მტკივნეულად ხდებოდა. ტრადიციული აკადემიური მხატვრობა საუკუნეების მანძილზე ავითარებდა რეალობის ისეთი ილუზიის შექმნას, როდესაც ტილოს მონასმის კვალიც არ უნდა დამჩნეოდა და გამოსახული „ნამდვილისაგან“ ვერ უნდა გაგერჩია. ტექნიკური ოსტატობის მაღალი ხარისხი, საუკუნეების განმავლობაში, მნიშვნელოვან ფასეულობად ითვლებოდა და გარკვეულ მსოფლმხედველობასთან, იდეალისა და მშვენიერების საყოველთაოდ აღიარებულ ცნებებთან ერთად განიხილებოდა. ახალი ხელოვნება კი ტრადიციასთან სრულ დაშორებას ნიშნავდა. მისი შემქმნელები ხაზგასმით ტოვებდნენ ტილოზე “დახატულის“ კვალს, არ ცდილობდნენ  შეუმჩნეველი და დახვეწილი გრადაციებით ნახევარტონების მიღებას. პირიქით, საღებავისა და ფუნჯის კვალი აგრესიულად ხილული იყო და აღარავინ ცდილობდა, რომ სურათის ჩარჩოს საზღვრებში უსასრულო სივრცის ილუზორული ეფექტისათვის მიეღწია. ახალი ხელოვნება, მაშინ, ტრადიციასთან სრულ დაშორებას ნიშნავდა, ტრადიციული აკადემიური მხატვრობა კი საუკუნეების მანძილზე ავითარებდა რეალობის ისეთი ილუზიის შექმნას, სადაც მონასმის კვალიც არ უნდა ყოფილიყო და ტილოზე გამოსახული „ნამდვილისაგან“ ვერ უნდა გაგერჩიათ. ტექნიკური ოსტატობის მაღალი ხარისხი დაფასებული ღირებულება იყო საუკუნეების განმავლობაში და რასაკვირველია, გარკვეულ მსოფლმხედველობასთან ერთად განიხილებოდა იდეალისა და მშვენიერების საყოველთაოდ აღიარებულ ცნებებთან ერთად.  ახალი ხელოვნების შემქმნელები კი ხაზგასმით ტოვებდნენ “დახატულის“ კვალს, არ ცდილობდნენ შეუმჩნეველი და დახვეწილი გრადაციებით მიეღოთ ნახევარტონები, პირიქით, საღებავისა და ფუნჯის ნაკვალევი აგრესიულად ხილული იყო და აღარავინ ცდილობდა, რომ ჩარჩოს შიგნით უსასრულო სივრცის ილუზორული ხილვის ეფექტისთვის მიეღწია. მოკლედ, როგორც ხშირად განსაზღვრავენ მოდერნისტულ მხატვრობას – მხატვრობის საგანი თვითონ მხატვრობა გახდა. ეს იყო ეპოქა, როცა ახალი ტექნოლოგიების, ინდუსტრიის, კინოსა და ფოტოგრაფიის ფართო საზოგადოებისათვის მისაწვდომობამ ვიზუალური სახეების დიდი ნაკადები წარმოშვა. ადამიანები კი კიდევ უფრო მეტს ელოდნენ მომავლისაგან და დიდ იმედებს ამყარებდნენ  ტექნოლოგიურ პროგრესზე,  ქმნიდნენ ფოტო მონტაჟებს და აცხადებდნენ, რომ დაზგური ფერწერა მოკვდა. 1920 წელს დადას საერთაშორისო გამოფენაზე ერთ–ერთ პოსტერზე ეწერა –  „ მხატვრობა მოკვდა. გაუმარჯოს ტატლინის მანქანურ ხელოვნებას!“. ეს,  რა თქმა უნდა,  განსხვავებული ეპოქის დასაწყისი იყო: დრო დაჩქარდა, სხვა ტემპით ამუშავდა და ხელოვნებასაც ახალი დროის შესაბამისი გამოხატვის ფორმები უნდა მოეძებნა. რადიკალური ხედვების დიდი ნაწილი, რასაკვირველია, უტოპიური იყო, მაგრამ საკმარისი ენერგიის მატარებელი,  საიმისოდ, რომ მთელი მეოცე საუკუნის არტისტული ტენდენციები განესაზღვრა.
02
დღეისათვის,The Armory Show–ს სახელს მოდერნისტული და უახლესი ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ატარებს, რომელიც ყოველწლიურად იმართება მანჰეტენზე. აქ XX და XXI საუკუნეების ყველაზე გამორჩეულ ნამუშევრებს აჩვენებენ და მსოფლიოს ცნობილი გალერეები და მოქმედი მხატვრები მონაწილეობენ. კრიტიკულ კომენტარებთან ერთად, დამთვალიერებელი არც თანამედროვე The Armory Show–ს აკლია და ტრადიციულად შთამბეჭდავია მისი მასშტაბებიც, თუმცა, ის ეპოქა, როდესაც მხატვრობას შეეძლო ისეთივე მღელვარება გამოეწვია, როგორც ეს ასი წლის წინ ხდებოდა, უკვე წარსულს ჩაბარდა. დღეს სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე. 1913 წლის გამოფენის შემდეგ ხელოვანებმა და ზოგადად მოდერნისტული კულტურის წარმომადგენლებმა ცხადად  დაინახეს, რომ ძირითადი წინააღმდეგობა დაძლეული იყო და ამ ხელოვნების, როგორც ეპოქის არსის გამომხატველის მნიშვნელობა, უფრო და უფრო დიდი აუდიტორიის მიერ იქნა გააზრებული.
თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბრუკლინის გამოფენა 1913 წლის The Armory Show-ს ლოგიკურ გაგრძელებასა და მომდევნო საფეხურს წარმოადგენდა. იგი მოდერნისტულ ცენტრებში შექმნილი ხელოვნების ამერიკაში აღიარებისა და საერთაშორისო მასშტაბით მისი დაკანონების ტენდენციებს აგრძელებდა. 1950 წლის ნახსენები ალბომი ანონიმური საზოგადოების კოლექციით იწყება. მის ფორზაცზე  კონსტანტინე ბრანკუშის სკულპტურის რეპროდუქციაა მოცემული. რამდენიმე გვერდის შემდეგ, ალბომის შესავალ ნაწილს აგრძელებს ქეთრინ დრაიერის ტექსტი, რომლის მთავარ ილუსტრაციას დ. კაკაბაძის „განგმირული თევზი“ წარმოადგენს. იელის უნივერსიტეტის გალერეის ელექტრონულ გვერდზე გამოქვეყნებულ საპრეზენტაციო კომენტარში ასევე აღნიშნულია კაკაბაძის სკულპტურის მსგავსება ბრანკუშის ნამუშევართან: „ყველაზე ინოვაციური და აქტიური წლები კაკაბაძემ პარიზში გაატარა. ეს პერიოდი მან ავანგარდული მოძრაობის შესწავლას დაუთმო. ის რეგულარულად იფინებოდა Salon des Indépendants-ში, სადაც, ასევე, Z  -ის (განგმირული თევზის) დებიუტი შედგა. სწორედ აქ ნახა ქეთრეინ დრაიერმა ეს სკულპტურა, როდესაც იგი ბრუკლინის საერთაშორისო გამოფენისათვის ნამუშევრებს არჩევდა. Z მაშინვე Société Anonyme-ის იკონურ სიმბოლოდ იქცა. მისი ილუსტრაცია სხვადასხვა ბროშურებისა და პუბლიკაციების ყდებზე იბეჭდებოდა. მინის ნაწილებიანი, მეტალით გამსჭვალული ხის ნაკვეთი ასიმეტრიული ფორმა მბრწყინავი და ამრეკლავი ზედაპირების სრულყოფილ ჰარმონიას ქმნის. თევზის თავშესაქცევი ფორმა კონსტანტინე ბრანკუშის „ყვითელ თევზს“ წააგავს და ბანის გასაღებს ან სიმებიან ინსტრუმენტსაც  ემსგავსება. სამწუხაროდ, კაკაბაძე 1928 წელს საქართველოში დაბრუნდა, სადაც რუსულმა მთავრობამ აბსტრაქტული ხელოვნება კანონგარეშედ გამოაცხადა. იქ მას მხოლოდ რეალისტური ნამუშევრების შექმნის უფლება ჰქონდა. დღეისათვის, Z  მისი ერთადერთი შემორჩენილი ქანდაკებაა.“ სტრიქონებს შორის სინანულიც იკითხება იმის მიმართ, რომ ხელი შეეშალა დავით კაკაბაძის, როგორც მოქანდაკის განვითარებას. 1950 წლის კატალოგში ის მოხსენიებულია როგორც „მოდერნისტ მხატვრებსა და მოქანდაკეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურა, რომლის დაუოკებელმა ინტერესმა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის მიმართ, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, მეცნიერულმა საფუძვლებმა, იგი უჩვეულო ხარისხის კრეატიულ ხელოვანად ჩამოაყალიბა. იგი დაუღალავად ეძებდა ახალ ფორმებსა და თვალის ახალ შეგრძნებებს და იყო ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოქანდაკე.  მან მშვენიერ შედეგებს მიაღწია ქანდაკებაში, ბარელიეფსა „მოდერნისტ მხატვრებსა და მოქანდაკეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურა, რომლის დაუოკებელმა ინტერესმა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხის მიმართ, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, მეცნიერულმა საფუძვლებმა, იგი უჩვეულო ხარისხის კრეატიულ ხელოვანად ჩამოაყალიბა. იგი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში აბსტრაქტულ სკულპტურულ ფორმებში პოლიქრომია  შემოიტანა. კაკაბაძის თვითგამოხატვა ზედაპირებზე მინის ნაწილების ძლიერი შეფერილობისა და სხვა მასალების დაპირისპირებით შედგა; როგორც მეცნიერი, იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მოსკოვში, პარიზში ჩამოსვლამდე. მისი დაწერილია მნიშვნელოვანი მანიფესტი (1926), რომლის ასლის მოპოვებას Société Anonyme ეცადა, მაგრამ უშედეგოდ.“ 1950 წლის კატალოგი, რომელშიც ანონიმური საზოგადოების კოლექცია შესაბამისი კომენტარებით იყო შესული და სადაც  უკვე შეფასებული იყო სახელოვნებო სამყაროსათვის ამ კოლექციის მნიშვნელობა, იმ დროს გამოიცა, როდესაც საბჭოთა სახელმწიფოს იზოლაცია და ცენზურა  ყველანაირი კავშირის შესაძლებლობას უხშობდა აქ მცხოვრებ ხელოვანებს დანარჩენ სამყაროსთან. საბჭოთა სისტემის მხრიდან დავით კაკაბაძის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ ყველასთვის ცნობილია. იგი იმ ხელოვანთა შორის იყო, რომლებიც მუდმივად რეპრესიებს განიცდიდნენ და გამუდმებით საფრთხის მოლოდინში უწევდათ ცხოვრება.  ბრუკლინის გამოფენის ორგანიზატორებს უკვე აღარ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად დაკავშირებოდნენ დავით კაკაბაძეს და აღნიშნულ გამოცემაში მისი ნამუშევრის აქცენტირებით, სავარაუდოდ, თავიანთი მხარდაჭერა გამოხატეს მის მიმართ.
მკვლევრები, ბრუკლინის გამოფენას და მის მონაწილეებს, ჩვენს საუკუნეში კვლავ დაუბრუნდნენ. 2006 წელს  გამოვიდა წიგნი The Société Anonyme: Modernism for AmericaThe Société Anonyme: Modernism for America. Edited by Jennifer R. Gross. Yale University Press / 2006. მისი რედაქტორია ხელოვნების ისტორიკოსი, მწერალი, Hauser & Wirth Institute-ის დირექტორი ჯენიფერ გროსი. წიგნში შესულია ვრცელი მასალა, სადაც ანონიმური საზოგადოების კოლექცია დახასიათებულია როგორც მეოცე საუკუნის დასაწყისის ევროპული და ამერიკული ხელოვნების გამორჩეული ანთოლოგია, რომელიც, თავის დროზე, ქეთრინ დრაიერმა, მარსელ დიუშანმა და მენ რეიმ იმ მიზნით შეადგინეს, რომ ამერიკულ საზოგადოებაში მოდერნისტული ხელოვნების პოპულარიზაცია მოეხდინათ; ეს იყო ექსპერიმენტული  მუზეუმი, რომელიც ეძღვნებოდა იდეას, რომ მოდერნული ხელოვნების ისტორია თავად ხელოვანებს უნდა მოეთხროთ.
03
ალბომს ძალიან კარგი გამოხმაურებები ჰქონდა და მან თანამედროვე ადამიანებს მოდერნიზმის მნიშვნელობა დაანახა. რედაქტორის - ჯენიფერ გროსის კურატორობითვე მოეწყო გამოფენების სერია იგივე სათაურით The Société Anonyme: Modernism for America; 2006 წელს კოლექცია გამოფენილი იყო ჰამერის მუზეუმში (ლოს-ანჯელესი),  2007 წელს ფილიფსის კოლექციის საგამოფენო სივრცეში (ვაშინგტონი), დალასის მუზეუმსა და ნეშვილის ვიზუალური ხელოვნების ცენტრში, 2013 წელს კი თავად იელის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეაში.
საქართველოში დავით კაკაბაძის მემკვიდრეობის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისათვის 2012 წლიდან მუშაობს დავით კაკაბაძის ფონდი, რომელსაც ხელმძღვანელობს ხელოვნებათმცოდნე მარიამ კაკაბაძე, მხატვრის შვილიშვილი. ფონდის მიერ უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ მან ელექტრონულ ჟურნალ At.ge-სთან ჩაწერილ ინტერვიუში ისაუბრა: „2012 წელს ჩამოვაყალიბეთ „დავით კაკაბაძის ფონდი“ და პირველი გამოფენა გავაკეთეთ მისი გარდაცვალებიდან 60 წლისთავზე, ქუთაისში. ეს გახლდათ  წლების შემდეგ პირველი გამოფენა დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის გალერეაში, სადაც ათი ნამუშევარი გამოიფინა. ძალიან სიმბოლური იყო ისიც, რომ გამოფენა ქუთაისში გაიმართა, რადგან დავითმა  სწორედ აქ დაამთავრა გიმნაზია, სანამ სასწავლებლად პეტერბურგში წავიდოდა. გამოფენის პარალელურად, ასევე გაიმართა მუსიკალური პერფორმანსი, სადაც რეზო კიკნაძემ მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი “ჯიმშვანთე”, რომლის მხატვარიც დავითი გახლდათ, მუსიკალურად გააფორმა.
2013 წელს მოეწყო  უკვე დიდი გამოფენა, ესეც ჩვენი ფონდის ფარგლებში, „ცისფერ გალერეაში“, სადაც ორივე სართულზე, ყველა დარბაზში  იყო გამოფენილი ნამუშევრები. ერთ-ერთი ნამუშევარი, სარკეებიანი კოლაჟი, რომელიც ლისაბონში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, „ბერარდოში“ მუდმივ ექსპოზიციაშია დაცული, ამ გამოფენისთვის ჩამოვიტანეთ. ასევე, ყველა დარბაზს ჰქონდა საკუთარი ლოგო და ტექსტი, სადაც გაეცნობოდით ნებისმიერ მიმართულებას, რომელშიც დავითი მუშაობდა. „ცისფერი გალერეის“ გამოფენაზე ძალიან მცირე  გუნდმა ვიმუშავეთ: მე ვიყავი კურატორი, თეორიულ ნაწილში ქეთი კუნწურაშვილი იყო ჩართული და დიზაინერი გვყავდა დავით ჯანიაშვილი. ძალიან დაგვეხმარა მარინე მიზანდარი.
2014 წელს „სილქნეტის“, გიორგი რამიშვილისა და სახელმწიფოს თანადგომით, გამოფენა უკვე პარიზში, ძალიან პრესტიჟულ „მაიოლის“ მუზეუმში გავაკეთეთ და მას „დაბრუნება“ დავარქვით. გამოფენა გრძელდებოდა ხუთი თვე. წაღებული გვქონდა ორმოცი ნამუშევარი ჩვენი ოჯახის კოლექციიდან. ამ დროის განმავლობაში „მაიოლის“ მუზეუმში პირველ და მეორე სართულზე ბორჯიას უძვირფასესი რენესანსის პერიოდის გამოფენა მიმდინარეობდა, სადაც წარმოდგენილი იყო მიქელანჯელოს, ტიციანის, კრანახის და სხვების  ნამუშევრები, მესამე სართულზე კი დავითის.“ მარიამ კაკაბაძე „დავით კაკაბაძის ფონდის“ შესახებ
დავით კაკაბაძის საერთაშორისო აღიარების გზაზე, რასაკვირველია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქეთევან კინწურაშვილის მიერ შედგენილი აკადემიური ხარისხის რამდენიმე ორენოვანი გამოცემა, ასევე დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილეს ფარგლებში გამოცემული ალბომი (დავით კაკაბაძის ფონდი&თიბისი ბანკი). ასევე მნიშვნელოვანია ინტერნეტ სივრცეში არსებულ პლატფორმა Modernism.ge-ზე არსებული მასალა.
დავით კაკაბაძის შემოქმედების მასშტაბისა და მისი არა მარტო ლოკალურ, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხზე მოფიქრალ საზოგადოებას, რომლის წარმომადგენლები მხოლოდ ხელოვნების ისტორიკოსები არ არიან, მუდმივად აქვთ უკმარისობის განცდა, რომ ეს ხელოვანი ჯერ კიდევ არ არის დანახული და „წაკითხული“ მთელი სისავსით, რაც კიდევ უფრო გაამდიდრებდა ქვეყნის კულტურულ ისტორიასა და გაამყარებდა მის კავშირს თანამედროვე სახელოვნებო სამყაროსთან. თავისი შემოქმედებით, ზოგადად,მთელი მემკვიდრეობით, დავით კაკაბაძე ძალიან დიდი რესურსს წარმოადგენს დღევანდელი სახელოვნებო სფეროს აქტუალური საკითხების ინტერპრეტაციისათვის, მათი საფუძვლებისა და კონტექსტების დასანახად და გასააზრებლად.
2021, მაისი.

ნანახია: 510-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani