Georgian (Georgia)English (United Kingdom)
კულტურული ინტეგრაცია და ქართული ხელოვნება

მზია ჩიხრაძე (პროექტის „ინტეგრცია და იდენტობა“  სამეცნიერო ხელმძღვანელი)
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

მარიამ შერგელაშვილი (პროექტის „ინტეგრცია და იდენტობა“ სამეცნიერო ჯგუფის წევრი)
ხელოვნებათმცოდნე, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო კურატორი

სტატია დაწერილია სამეცნიერო კვლევის - „ინტეგრაცია და იდენტობა“ საფუძველზე, რომელიც დააფინანსა შოთა რუსთაველის ეროვნულმა  სამეცნიერო ფონდმა ფუნდამენტური კვლევების ფარგლებში, რისთვისაც კვლევითი ჯგუფი დიდ მადლობას უხდის მას.


შესავალი

2016 წელს მეცნიერთა ჯგუფმა - მზია ჩიხრაძის, ქეთევან შავგულიძის, მარიამ შერგელაშვილის, მარიტა სახლთხუციშვილისა და ლანა ქარაიას შემადგენლობით, თსუ-ს სახელით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან მიიღო ფუნდამენტური კვლევების გრანტი. საგრანტო თემაა „ინტეგრაცია და იდენტობა“, რომელიც შეეხება უცხოეთში მიგრირებულ და იქ მოღვაწე ქართველ შემოქმედებს.
ზემოთ აღნიშნული თემის პრობლემატიკა საკმაოდ აქტუალურია, რადგან უახლესი ქართული ხელოვნების ისტორიის მრავალი მოვლენა დღესაც სამეცნიერო კვლევების მიღმა რჩება, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიცაა ქართველი მხატვრებისა და არტისტების შემოქმედება უცხოეთში, მოვლენა, რომელიც მრავალწილად განაპირობებს საქართველოს კულტურულ ინტეგრაციას დასავლეთთან და, იმავდორულად, ამდიდრებს ლოკალურ სახელოვნებო სივრცეს განსხავებული, დასავლეთიდან შემოსული მხატვრული ღირებულებებით.
1990-იანი წლებიდან საქართველოდან დასავლეთში ხელოვანთა მიგრაციის ტენდენცია ვლინდება. ამ ხელოვანთა ასაკი განსხვავებულია, ისევე, როგორც მათი წასვლის მოტივაცია და მიზეზები. 1990-იან წლებში საზღვარგარეთ მათი წასვლის ეკონომიკური მიზეზი, შესაძლოა, უფრო მეტად ხვდება თვალს, ვიდრე მოგვიანებით, მაგრამ შემოქმედებითი თუ შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოება, პროფესიული სრულყოფა, თანამედროვე დასავლეთის სახელოვნებო სივრცესთან ინტეგრაციის სურვილი ამ პროცესის უმთავრეს მოტივაციად ისახება. ამას მრავალი მათგანის წარმატებული სახელოვნებო კარიერა – მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში, ბიენალეებსა და გამოფენებში მონაწილეობა, ხელოვნების კრიტიკოსთა შეფასებები, დასავლეთის სხვადასხვა სახელოვნებო სასწავლებელში მათი პედაგოგიური პრაქტიკაც ადასტურებს.
მართალია, ამ ხელოვანების პროფესიური კარიერა და შემოქმედება დასავლეთში ყალიბდება და მათი შემოქმედებაც საერთაშორისო სახელოვნებო სივრცის ნაწილად მიიჩნევა, მაგრამ თანამედროვე ქართული ხელოვნება მათ მიერაც იქმნება. მეტიც, თანამედროვე ქართული ხელოვნების დღევანდელი მდგომარეობის შეფასება ამ ხელოვანების გამოცდილების გათვალისწინების გარეშე არასრულფასოვანია. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ამ მხრივ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი პროფესიული-სახელოვნებო საქმიანობა, არამედ ამ შემოქმედთა ფასეულობითი ასპექტები, ისევე, როგორც მათი მსოფლმხედველობრივი დამოკიდებულებები და სოციალური გამოცდილება. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ყოველივეზე ჩვენ მხოლოდ ფრაგმენტული, ხშირად - შემთხვევითი ინფორმაცია გვაქვს.
ჩვენი კვლევის ინტერესების სფეროში მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული ხელოვნებაც (აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის თანამედროვე ქართულ ხელოვნებას მოკლე ისტორია აქვს) მოექცა, როცა ხელოვანთა მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ, უმეტესად, პარიზში მოღვაწეობს. მათი გარკვეული ნაწილი სასწავლებლად და გამოცდილების მისაღებად სახელმწიფოს მიერ იგზავნება (დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ქეთევან მაღალაშვილი), ზოგი – საკუთარი ინიციატივით მიდის (მაგალითად, დიმიტრი შევარდნაძე და ილია ზდანევიჩი), ნაწილი სამშობლოს უბრუნდება, ნაწილი კი ემიგრაციაში რჩება (ილია ზდანევიჩი, ფელიქს ვარლამიშვილი, მიხეილ ბილანიშვილი და სხვ.). ეს ის შემოქმედებია, რომლებმაც მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების უმნიშვნელოვანესი მოვლენის – ქართული მოდერნიზმის სახე განსაზღვრეს.
ჩვენი ინტერესი ქართული ხელოვნების ისტორიის ამ ფაქტების მიმართ შემდეგმა მიზეზებმა განაპირობა: 1990-იან წლებამდე ახალი და უახლესი ქართული ხელოვნების ისტორიაში, დასავლურ სახელოვნებო სივრცეში ქართველ შემოქმედთა ინტენსიური მიგრაციის პირველი და ერთადერთი ეტაპი სწორედ ეს პერიოდია. საბჭოთა პერიოდში, რომელიც ხელოვანთა პირველი ნაკადის უცხოეთში წასვლის შემდეგ მალევე დადგა (1921წ.), საქართველოდან ხელოვანთა მიგრაცია აღარ ხდებოდა 1990-იან წლებამდე. თანაც, აუცილებლად აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ქართული თანამედროვე ხელოვნების განვითარების ლოგიკური პროცესი, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყო და ქართველი მოდერნისტი მხატვრების ხელოვნებაში გაიშალა, მათ შორის, 1919 წლიდან პარიზში წასულ მხატვართა ხელოვნებაში, სწორედ საბჭოთა დიქტატურის ქვეშ, 1930-იანი წლებიდან შეწყდა და მხოლოდ 1980-იანი წლებიდან, ანუ, როცა საბჭოთა სახელმწიფოს წნეხი საგრძნობლად შესუსტდა, დაიწყო თანამედროვე ხელოვნების ლოგიკური განვითარების გარკვეული ტენდენციები. ეს პროცესი, განსაკუთრებით, 1990-იანი წლებიდან გააქტიურდა, მას შემდეგ, რაც საქართველომ კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა. თანაც, სწორედ ამ პერიოდიდან გახდა შესაძლებელი შემოქმედთა საქართველოდან უცხოეთში წასვლა, თანამედროვე დასავლურ მხატვრულ-კულტურულ პროცესებთან მათი უშუალო ზიარება და იმ კულტურულ გარემოში საკუთარი ხელოვნების განვითარება.
ამიტომ, 1990-იანი წლებში დაწყებული აღნიშნული მოვლენის მახასიათებლების, რაც ჩვენი კვლევის ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს, უკეთ წარმოსაჩენად, ვფიქრობთ, აუცილებელიცაა ქართული ხელოვნების ისტორიის ამ ორ ფაქტს შორის ურთიერთმიმართების გამოვლენა – ესთეტიკური, მსოფლმხედველობრივი და სოციალური  კუთხით. საბოლოოდ კი, უნდა გაკეთდეს შერჩეული თანამედროვე ქართველი ემიგრანტი მხატვრებისა და არტისტების შემოქმედების მხატვრული და ფასეულობით-მსოფმხედველობრივი შეფასება; იმის დადგენა, თუ რამდენად ორგანულად ერწყმიან საქართველოდან იმიგრირებული ხელოვანნი დასავლურ გარემოს, როგორია მათი ცნობიერი დამოკიდებულება ქართული მხატვრული ტრადიციის მიმართ; მეორე მხრივ კი, რეალურად, რამდენად სპეციფიკურად – „ქართულად“ წარმოჩინდება მათი ხელოვნება ასეთი კულტურული ინტეგრაციის პირობებში; რაოდენ წარმოჩინდება მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქართველი ხელოვანების დასავლეთში პირველი ინტენსიური მიგრაციის მხატვრულ-ესთეტიკური შედეგები; რაოდენ გამოვლინდება ურთიერთმიმართებები მე-20 საუკუნის დასაწყისისა და 1990-2000-იანი წლების ქართველ არტისტთა მიგრაციის ვითარებებს შორის. საბოლოოდ კი, უნდა დადგინდეს ემიგრანტ მხატვართა როლი ქართული თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში, გამოიკვეთოს, რაოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ და დღესაც თამაშობენ ეს მხატვრები და არტისტები საქართველოს დასავლეთთან კულტურული ინტეგრაციის მიმართებით.
კვლევის ეფექტურად წარმართვისათვის სამეცნიერო ჯგუფმა შეადგინა იმ ქვეყნების სია, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი ხელოვანი მოღვაწეობს. ასევე, გაკეთდა თავად ამ ხელოვანთა სიები. შემდგომ, სამეცნიერო ჯგუფის წევრები გავემგზავრეთ გერმანია-ავსტრიასა და შვეიცარიაში, სადაც შევხვდით ქართველ ხელოვანებს, გავეცანით მათ ცხოვრება-მოღვაწეობას, მათ შემოქმედებას და ადგილზევე ჩავატარეთ ინტერვიუ-სოციოლოგიური გამოკითხვები.
ქართველ ემიგრანტ ხელოვანებთან აღებული ინტერვიუებისა და მათთან საუბრების შედეგად მივიღეთ სრული ინფორმაცია ჩვენი საკვლევი თემის მთავარ კითხვებზე - რატომ, რა პირობებში მოხდა მათი ემიგრირება უცხოეთში, როგორ მოხდა მათი დამკვიდრება ახალ ადგილზე, როგორ ხდება მათი ინტეგრირება დასავლურ გარემოში, რა კავშირებს ამყარებენ ისინი ადგილობრივ მხატვრულ ძალებთან და რა კავშირებს ინარჩუნებენ ქართულ სახელოვნებო გარემოსთან, რამდენად თვლიან საკუთარ შემოქმედებას ქართული სახელოვენებო სივრცის ნაწილად და როგორ აფასებენ დღეს მიმდინარე მხატვრულ პროცესებსა და საქართველოს მსოფლიო სახელოვნებო სივრცესთან ინტერგირების საკითხებს. ამ ინტერვიუების ზოგადი ანალიზისა და წარმართული სამუშაოების საფუძველზე გაკეთდა გარკვეული სამეცნიერო დასკვნები, რაზეც სტატიის ძირითად ნაწილში მოგახსენებთ.

მზია ჩიხრაძე


თანამედროვე ქართული სახელოვნებო პროცესების  გაანალიზებისათვის უმნიშვნელოვანესია იმ ხელოვანთა მოღვაწეობის განხილვა, რომლებიც დღესდღეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ. პროექტი „ინტეგრაცია და იდენტობა“ თანამედროვე ქართული ხელოვნების კვლევის ფარგლებში ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე არტისტების შემოქმედების გაანალიზებით  ქართული უახლესი ხელოვნების განვითარების ტენდენციებს უფრო სრულყოფილად წარმოადგენს და, ასევე, განავრცობს იმ მწირ ინფორმაციულ მასალას, რომელიც რიგ შემთხვევაში მოიპოვება საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ხელოვანების შესახებ.
პროექტის პირველ ეტაპზე სამივლინებო ვიზიტისა და კვლევის ფარგლებში ევროპის მასშტაბით (ავსტრია, გერმანია, შვეიცარია) მიგრირებულ ხელოვანებთან გასაუბრების, მათი ინტერვიურების საფუძველზე 31 რესპოდენტი გამოიკითხა, რომელთა უმრავლესობა მოღვაწეობს გერმანიაში (18), 9 ავსტრიაში, 4 შვეიცარიაში. გამოკითხულთა ასაკი მერყეობს 64-25 წლებს შორის, თუმცა, საგულისხმოა, რომ მთელ რიგ შემთხვევებში ასაკობრივი სხვაობების მიუხედავად, ზოგადი დამოკიდებულება  ემიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მეტ-წილად თანაზიარია. ამდენად, სხვადასხვა მედიაში მოღვაწე, სხვადასხვა კულტურულ  გარემოში მცხოვრები განსხვავებული ხედვის, გამოცდილებისა და ასაკის მქონე  შემოქმედები ქვეყნის დატოვებასა და უცხოეთში მოღვაწეობის შესახებ ძირითად საკითხებს ერთნაირად აღიქვამენ და აფასებენ. სწორედ ამ საერთო მახასიათებლების გაანალიზებით, ასევე, არსებული განსხვავებების გამოკვეთით, შესაძლებლობა გვაქვს ზოგადი მსჯელობის ფარგლებში ჩამოვაყალიბოთ მიგრირებულ შემოქმედთა  წასვლის და უცხოეთში მოღვაწეობის სხვადასხვა ძირითადი ფაქტორი, რომელიც დაგვეხმარება გავიღრმაოთ წარმოდგენა მათ შემოქმედებაზე, მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე, თვითდამკვიდრების, თვითგანვითარების ალტერნატიულ გზებზე და შევაფასოთ ამ პროცესების მნიშვნელობა ადგილობრივი, ქართული დისკურსის გათვალისწინებით. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე, ასევე, საინტერესოა გამოვკვეთოთ ემიგრაციაში მყოფი ხელოვანთა ჯგუფის დამოკიდებულება ქართულ კულტურულ სივრცესთან, რამდენად აღიქვამენ ისინი თავს ქართული თანამედროვე ხელოვნების ნაწილად, არის თუ არა კავშირი, ლოგიკური განგრძობითობა საქართველოსთან - სწორედ ამ საკითხის ძიებისას განზოგადდება ეროვნულობის ცნება თანამედროვე ხელოვნების   საერთაშორისო/გლობალურ კონტექსტში.
ისევე როგორც მთელ რიგ ქვეყნებში, საქართველოშიც კულტურულ-პოლიტიკურ განვითარებას, მნიშვნელოვანწილად, მუდმივად განაპირობებდა სხვადასხვა გარემო ფაქტორი - ერთის მხრივ, ლოკალურად განვითარებული მოვლენები, მეორე მხრივ, უცხო კულტურიდან შემოდინებული გავლენები გარდაისახებოდა და ავთენტურად ყალიბდებოდა ქართულ მულტიკულტურულ რეალობაში. ამ გავლენების, ღია ურთიერთობების, გარე სამყაროსთან მუდმივი კავშირის სურვილი განპირობებული იყო ქვეყნის გეო-პოლიტიკური მდებარეობით, რაც ისტორიულად ქვეყანაში აღმოსავლური და დასავლური გავლენების შერწყმით აისახა ხელოვნების სხვადასხვა დარგში, ქართული ხელოვნება და კულტურა საუკუნეების განმავლობაში იყო ამ გავლენების, ღია ურთიერთობების „გამტარი“. შესაბამისად, იზოლაციის  ხანგრძლივი 70-წლიანი პერიოდი, რომელიც საბჭოთა რეჟიმის დამკვიდრებით გადაიტანა საქართველომ, ბევრი წინააღმდეგობის, დაბრკოლებისა და  მრავალი  სავალალო შედეგის გათვალისწინებით,  ამ პროცესის შემაფერხებელ ფაქტორად განიხილება. სწორედ საბჭოთა იდეოლოგიამ, ცენზურამ და ფსევდოეროვნული თემების აქტუალიზაციამ ხელი შეუშალა ქართული ხელოვნების შემოქმედების ბუნებრივად განვითარებას საერთაშორისო მასშტაბით.  ინფორმაციული ვაკუუმი/იზოლაცია/ჩაკეტილობა იყო ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომლის გადაჭრის ქაოტური და არასტაბილური გზების ძიება შემოქმედი და მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფებისთვის აუცილებელ, გარდუვალ რეალობად იქცა „რკინის ფარდის“ რღვევის, საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე. არსებულმა რეალობამ საზღვრების გახსნის, ინფორმაციის შემოდინების და გაცვლის თვალსაზრისით კულტურული პროცესების განვითარების კალაპოტი რადიკალურად შეცვალა, მაგრამ ამ ცვლილებებში, საწყისი ეტაპიდან დღემდე, პოზიტიურად მიმდინარე მოვლენებთან ერთად, მრავალი ხარვეზი, ქაოტური, მერყევი  და არასტაბილური მდგომარეობა იგრძნობა.
ეს არასტაბილურობა, ქვეყანაში შექმნილი არამდგრადი პოლიტიკური სიტუაცია განსაკუთრებით მთელი სიმძაფრით 1990-ინ წლებში აისახებოდა - სამოქალაქო ომის, ეკონომიკური სიდუხჭირის მძიმე, ნეგატიური შედეგები გავლენას ახდენდა როგორც ზოგადად საზოგადოების სოციალურ-კულტურულ განვითარებაზე, ისე, კერძო ინდივიდების პერსონალურ თვითგანვითარებაზე. სწორედ აღნიშნული მდგომარეობა  გახდა ხელოვანებისათვის ბიძგის მომცემი, რათა თავი დაეხსნათ 1990-იანებში დამკვიდრებული ქაოსისა და მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ფონისათვის და, ასევე, საკუთარი პერსონალური თუ კარიერული განვითარება ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაეგრძელებინათ. იზოლაციის რღვევა და კულტურული კავშირების დამყარება აქტიურად ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის დაშლამდე 1980-იანი წლების ბოლოს რუსეთის „underground“ ჯგუფებში დაიწყო. ამ მოძრაობებს უერთდებოდნენ და იზიარებდნენ იმ დროის ქართველი არტისტებიც, როგორც ამ პერიოდში მოღვაწე ერთ-ერთი რესპოდენტი აღნიშნავს: „პერესტროიკა იყო დაწყებული, თბილისში არაფერი არ ხდებოდა. მაგრამ რუსეთში - კი: დიპლომატებს აინტერესებდათ ხელოვნება, დადიოდნენ სარდაფებში. მეც ხშირად ჩავდიოდი მეგობრებთან ერთად იქ და ვიცნობდით კულტურის ატაშეებს, რომლებიც ეხმარებოდნენ ხელოვანებს საზღვარგარეთ გაეტანათ ნამუშევრები, გაეცნოთ გალერისტები და, ფაქტობრივად, მაშინ გაიხსნა დასავლეთი ჩვენთვის.“ ამდენად, სწრაფვამ დასავლეთისკენ, თავისუფლებისა და თვითრიალიზების სურვილმა 1990-იან წლებში, ერთის მხრივ, რეგრესიულ ფონზე, პროტესტისა და კრიტიკული დამოკიდებულების მოზღვავებით ნაყოფიერი და ალტერნატიული გზით  საფუძველი ჩაუყარა უახლესი ქართული  ხელოვნების განვითარებას; ამავე დროს, მომზადდა ნიადაგი საბჭოთა იზოლაციის შემდგომ დაწყებული მიგრაციის პირველი ნაკადისათვის, აღნიშნული კვლევის ფარგლებში რესპოდენტთა ნაწილმა სწორედ 1990-იან წლებში დატოვა საქართველო.
საზღვრების გახსნის შემდგომ, ხელოვანთა მიგრაცია ეტაპობრივად მუდმივად მიმდინარეობს. ზოგადი დამოკიდებულება ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით პირადი თითგანვითარების მოტივაციითაა ნაკარნახევი, თუმცა, ამას ამძაფრებს სხვადასხვა პერიოდში ქვეყანაში არსებული მუდმივად არასტაბილური ეკონომიკურ-პოლიტიკური სიტუაცია. 2000-იან წლებში მიმდინარე ემიგრაციის ფაზები ხაზგასმულად 2008 წლის ომის მწვავე სოციალურ ფონს უკავშირდება. 2010-იანი წლებიდან იკვეთება, ასევე, სწავლის მიზნით პროგრამებისა და გაცვლითი პროექტების მეშვეობით წასული ახალგაზრდების ნაკადი. ამდენად, გასული საუკუნის 80-90-იანი წლებიდან დღემდე მიგრაციის მთავარ მიზეზებად შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ პიროვნული სწრაფვა პროფესიული განვითარებისაკენ, თვითრეალიზაციის სურვილი, რომელიც რიგ შემთხვევაში განპირობებულია საქართველოში არსებული ნაკლებპერსპექტიული რეალობით, საგანამანათლებლო სისტემის ხარვეზებით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის არასტაბილური სოციო-პოლიტიკური მდგომარეობით. ცალკეულ შემთხვევაში ქვეყნის დატოვება კონკრეტული ინდივიდების პირადი არჩევანია, თუმცა, საგულისხმოა ხელოვანთა წრეები და ჯგუფები („სველი წრე“, მხატვართა ჯგუფი თამუნა სირბილაძესთან ერთად), რომლებიც ერთობლივად გაემგზავრნენ, თუმცა, შემდგომ გაიყვნენ და პირადი გეზით განაგრძეს საერთაშორისო სახელოვნებო ასპარეზზე მოღვაწეობა. ხელოვანთა ჯგუფური წასვლა არა მხოლოდ ერთპიროვნულ ან კოლექტიურ მიზანმიმართულ დაგეგმილ გადაწყვეტილებად შეგვიძლია განვიხილოთ, არამედ შემოთავაზებისა და მნიშვნელოვანი კონტაქტების შედეგადაც, 1990-იან წლებში მიქელანჯელო პისტოლეტოს ვიზიტი გადამწყვეტი აღმოჩნდა მთელი რიგი მხატვრებისათვის, ხოლო „სველი წრის“ შემთხვევაში ბიძგის მომცემი გახდა პროფესიული კონტაქტები შვეიცარიასა და ჰოლანდიაში (მედიატორი და დამაკავშირებელი ფიგურა იყო კოკა რამიშვილი).
საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე გამოკითხულ არტისტთა უმრავლესობას უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში აქვს მიღებული, თუმცა, არიან ხელოვანები, ვისაც არ დაუსრულებია აკადემიაში სწავლა და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ განაგრძეს ან აპირებენ გააგრძელონ ის უცხოეთში  სხვადასხვა ქვეყნის  სახელოვნებო სასწავლებლებში. მიგრირებული ხელოვანების უმრავლესობა სწორედ სწავლისა და ძიების პროცესში იცვლიდა პროფილს, სტილს თუ მედიუმს. გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევაც, როდესაც ხელოვნების სფეროს - „არტს“ ჩამოშორდნენ და მომიჯნავე სპეციალობით განაგრძეს მოღვაწეობა (მაგ.: რესტავრაცია).
საგულისხმოა და კომპლექსურ სურათს იძლევა დამოკიდებულება ემიგრანტი არტისტებისა ისეთი საკითხისადმი, როგორიცაა ხელოვანის როლი, ხელოვანის აკადემიური განათლება, უმრავლესობისათვის განათლება და აკადემიური ხარისხი არა ცოდნის მიღების პირდაპირი წყაროა, არამედ მნიშვნელოვანი კონტაქტების მოძიებას გულისხმობს, ცოცხალ პროცესს, აზრთა გაცვლას, რაც ინტელექტის და მისი გაზიარების პერსპექტივებთანაა დაკავშირებული. უნდა აღინიშნოს, რომ  უმრავლესობა ფარგლებს გარეთ მოღვაწე შემოქმედისათვის მნიშვნელოვანი როლი,  ასევე, პედაგოგიურ მოღვაწეობას ენიჭება. მათი საგანმანათლებლო საქმიანობა  საქართველოსთან კავშირშიც შეგვიძლია განვიხილოთ. მათი აბსოლუტური უმრავლესობისთვის  ქვეყანაში  მუდმივად დაბრუნება წარმოუდგენელია, მაგრამ ურთიერთობის შენარჩუნება, სამეგობრო წრე ან პედაგოგიური მოღვაწეობის, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ქართულ სივრცეში გაზიარება სხვადასხვა ტიპის პროექტების სახით, საკუთარ მოვალეობად მიაჩნიათ და, ამგვარად, ფიქრობენ, რომ შეძლებენ საკუთარი რესურსის გამოყენებას სამშობლოში! ასეთი მიდგომა განზოგადებულად განვრცობილია არტისტების მოსაზრებებში ხელოვანის როლის და ფუნქციის შესახებ. თითოეული მათგანი სხვდასხვაგავრად მსჯელობით, მაგრამ თანაბარმნიშვნელოვნებით საუბრობს ხელოვნების და, შესაბამისად, ხელოვანის როლზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია საზოგადოების განვითარებასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმაციასთან. კრიტიკული პოზიციების, ეკლექტურობის, მულტიდისკურსული და კონტრავერსიული იდეების მიუხედავად, თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესები სოციუმის ზოგად განვითარებაზე უდიდეს გავლენას ახდენს.  გამოკითხულ რესპოდენთა ზოგადი ხედვაც ადასტურებს ამ მოსაზრებას - სოციალურად აქტიური ხელოვნება იქნება ეს, პოლიტიკური მნიშვნელობის, თუ უფრო დისტანცირებული და პოეტური აღქმა ხელოვნებისა, ამ ზოგად მსჯელობაში ყველა აღნიშნავს იმ ძალას, რაც ხელოვან ადამიანშია, პროცესების, მოვლენების აღქმის განსხვავებული პერსპექტივა, რომელიც ზოგ შემთხვევაში წინსწრებით, ზოგ შემთხვევაში მედიატორის ფუნქციით,  საზოგადოებას სხვადასხვაგვარ თემაზე ფიქრის შესაძლებლობას აძლევს. „ხელოვნებას მსჯელობა გადააქვს ხელოვნების ენაზე. ცხოვრება, რომელიც ამაოებაა, ივსება ხელოვნებით, კულტურით და ამაში მხატვარს დიდი მნიშვნელობა აქვს.“ - აღნიშნავს ერთ-ერთი რესპოდენტი.  გამოხატული ფიქრი, ფორმამიცემული ნებისმიერ მედიაში, ნებისმიერი დამოკიდებულებით არის დიალოგისკენ მიმართული ჟესტი,  ხელოვნების ფუნქცია, რომელიც ერთგვარად ქაოსურ მდგომარეობაშია დღესდღეობით, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ სასაუბრო ველს ქმნის, იქნება ეს პერვერსიული მონოლოგი, ეგოცენტრული ექსპრესია, პოლიტიკური ჟესტი თუ ფილოსოფიური განაცხადი -  ის მიმართულია ქმედითი აუდიტორიისკენ, აზროვნებისკენ. სწორედ ხელოვნების, აზროვნების და ყოველდღიური გარემომცველი რეალობის ურთიერთკავშირზე საუბრობენ სხვადასხვა შეხედულების, სტილის და ხელწერის მქონე საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ხელოვანებიც. თითოეული მათგანისთვის უცხოეთი გამოწვევებთან ერთად, სწორედ აზრობრივი მოდელის, სტრუქტურის და თავისუფლების ხიბლის შემგრძნები შესაძლებლობაა!   ამავდროულად,  ხელოვანი საკუთარი თავისუფლებითა და ანალიზის მიხედვით, მუდმივად დაპირსპირებაშია არსებულთან, როგორც ერთ-ერთი არტისტი აღნიშნავს: „ხელოვანი ყოველთვის ოპოზიციაში უნდა იყოს, ის უნდა დარჩეს ესთეტად, ისედაც უშნოა ეს სამყარო, ხოლო მან კი უნდა შექმნას კრიტიკული სილამაზე.“ კრიტიკული სილამაზე  საგულისხმო განსაზღვრებაა, რომელიც ხშირად კომერციულ, ზედაპირულ და დიზაინერულ მოტივებზე ორიენტირებულ რეალობაში სრულიად უგულებელყოფილია. ხელოვანის ძალასა და როლზე მსჯელობისას ამგვარი შეფასებებით, კრიტიკული პოზიციით გამოიკვეთა რესპოდენტთა მიმართება თანამედროვე სახელოვნებო პროცესებთან, რომლებიც, ერთი მხრივ, ქაოტური, ეკლექტური და გამოწვევებით სავსეა, ხშირად კომერციული და ღირებულებებისა და ესთეტიკური კატეგორიებისგან დაცლილი, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია განვითარების უწყვეტობა, როგორც აღინიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში: „დღეს ხელოვნებაში ძალიან არეული სიტუაციაა. მაგრამ ხელოვანს აქვს საშუალება თქვას ის, რაც უნდა, სადაც უნდა  და იმ დროს, როცა საჭიროა. ეს არის თავისუფლება და, იმავდროულად, ცოდნა, სად, რა და როდის თქვა. ხელოვნება სულ ვითარდება.“
ხელოვანის როლსა და ხელოვნების განვითარების თანამედროვე დისკურსზე მსჯელობაში საინტერესოა გამოვკვეთოთ თავად უცხოეთში მოღვაწე ქართველი არტისტების თვითგანვითარების და ძიების გზა. როგორც აღვნიშნეთ, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი,  ხშირად, ერთი და იმავე მოტივით ტოვებს ქვეყანას: პირადი განვითარება, თავისუფლების მოპოვება, რეალიზაციის  შესაძლებლობა და ინტელექტუალური ბაზისი, საინტერესო კონტაქტები ის ჩამონათვალია, რომელიც გამოიკვეთა სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით მოღვაწე შემოქმედების გამოცდილების გაცნობის შედეგად! ზოგიერთი მათგანი აღნიშნავს, რომ უკვე საკმაოდ დამკვიდრებული იყო საქართველოში, იქ საინტერესო პროცესებსაც ხედავდა ელექტრონული მუსიკის, მოდის სფეროში განსაკუთრებით, მაგრამ დამოუკიდებლობის და სიახლის ინტერესით მაინც გადაწყვიტა უცხოეთში წასვლა. ზოგად მოტივებთან ერთად, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად დიდი ინტერესისა, უამრავი საინტერესო ფაქტისა და ინფორმაციის ფლობის შესაძლებლობისა, საკმაოდ რთულია, ახალ სოციო-კულტურულ რეალობაში თავი დაიმკვიდრო. ამ წინააღმდეგობებზე უმრავლესობა ღიად საუბრობს. მნიშვნელოვანია, რომ პირადი ემოციური ფაქტორების გარდა, თვითგადარჩენა და, მით უმეტეს, წარმატების მიღწევა სხვადასხვა გზით, მაგრამ დიდი შრომისუნარიანობის შედეგად გახდა შესაძლებელი. მთავარი გამოწვევები და პრობლემები უკავშირდება ენობრივ ბარიერს, ინტეგრაციის პრობლემას, საკუთარი სოციუმის შექმნას და ადაპტაციას სრულიად უცხო სამყაროსთან. ამავდროულად, იკვეთება ფინანსური პრობლემებიც, თუმცა, პროექტებზე მუშაობა ან დამატებითი სტაბილური შემოსავლის წყარო,  ხშირად, მიგრირებული ხელოვანების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია! თავის დამკვიდრების საკითხი და რეალიზაცია, ასევე, უმრავლესობისთვის შინაგანი ძიების პროცესთან იგივდება, რაც მხოლოდ უცხო გარემოსთან ადაპტირების შედეგად გამოუმუშავდათ! ამ პროცესში რამდენიმე მხოლოდ პოზიტიურ მხარეს ხედავს და არ საუბრობს სირთულეებზე.  თუმცა, მაინც ძალზე  ინდივიდუალურია ის, თუ როგორ განიხილავენ და აფასებენ ისინი საერთაშორისო გამოცდილების დაგროვების შემდეგ ემიგრაციის პირველ ეტაპს -  ზოგი მას იხსენებს, როგორც „თავგადასავალს“, ზოგისთვისაც „იმდენად რთული იყო, რომ დაივიწყა!“ უმრავლესობა ნეიტრალურად აფასებს სირთულეებს, რომლებიც დროთა განმავლობაში გადაილახა და შემოქმედებით იმპულსადაც იქცა!
მნიშვნელოვანია მიგრირებული ხელოვანების დამოკიდებულება, მათი შემოქმედებითი იმპულსების, ძიებისა და დამკვიდრების საკითხების ურთიერთმიმართება საქართველოსთან, ქართულთან, როგორც ლოკალურ სივრცესთან ურთიერთკავშირი თუ როგორც კოდირებულ, მაიდენტიფიცირებელ კულტურულ გარემოსთან? ამ ორი მიმართების შეპირისპირებით იკვეთება, ასევე, ზოგადი საკითხი ეროვნული თვითშეგნების შესახებ თანამედროვე უახლეს ხელოვნებაში. რას გულისხმობს გლობალურობა, საერთაშორისო ნარატივი, ერთი შეხედვით, ის გაბატონებული ვიზუალური კატეგორიები, რაც უახლესის, თანამედროვეს განსაზღვრებას ქმნის? კონტექსტები, დისკურსული ანალიზი, რომელიც უკვე განვსაზღვრეთ ხელოვანის როლზე მსჯელობისას, ეკლექტურობა და სუბიექტივიზმი, რომელიც, ასევე, თანამედროვე ხელოვნების მახასიათებლებად წარმოვადგინეთ, სწორედ  საერთაშორისო სახელოვნებო პროცესების განვითარების გამოწვევად გვესახება. ამ მხრივ, უცხოეთში მოღვაწე ხელოვანთა  მნიშვნელოვან განაცხადად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ქართველობა, როგორც ეგზოტიკური წყარო და მძიმე ისტორიულ-პოლიტიკური რეალობის ვიქტიმიზაცია, დიდი საფრთხეს შეიცავს. გამოკითხულ ხელოვანთა უმრავლესობისათვის მიუღებელია ცხადი, პირდაპირი და, ამგვარად, ეგზოტიზირებული მუხტით საერთაშორისო სცენის დაინტერესება! ამგვარი დამოკიდებულება უკვე მოიცავს საკუთარ თავთან ერთგვარ პასუხისმგებლობას, ობიექტურად შეაფასო წარსულის ფაქტი, გახდე დამკვირვებელი, რომელიც ანალიტიკურ-შეფასებითი მიდგომით ლოკალურ კონტექსტს საერთაშორისო შინაარსთან აკავშირებს. ამგვარი „ტრანზიტული ღიაობა“ დიალოგის მცდელობის მიმართ, ეროვნულობის მაიდენტიფიცირებელი კოდის კვლევით  უნივერსალურ ღირებულებათა მნიშვნელობაზე გვაფიქრებს. საქართველო, როგორც შთაგონების წყარო, ერთგვარ შინაგან ბმად ყალიბდება. რესპოდენტთა უმრავლესობა საუბრობს  ქართულ კვალზე, როგორც ფარულ, მაგრამ გარდაუვალ რეალობაზე, უცვლელ მდგომარეობაზე, ხოლო თვითონ საქართველოს ფენომენი ზოგიერთი მათგანისთვის განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფისა და განსხვავებულ მედიებში (ვიდეო, პერფორმანსი, ინსტალაცია, ფერწერა, ფოტოგრაფია, კინო) მომუშავე შემოქმედებისთვის კვლევის, ინსპირაციის უდიდესი წყაროა. ამგვარი დამოკიდებულებით მჟღავნდება საქართველოს, როგორც კულტურული კოდის, ხოლო ქართველობის,  როგორც მაიდენტიფიცირებელი ნიშნის  განსაზღვრა, რაც, ხშირად, არტისტის წინაშე არსებული ამოცანების მიხედვით სხვდასხვაგვარ ფორმაში ვლინდება. ერთი მხრივ, ამგვარი პოზიცია შესაძლოა გამოწვეულია არტისტის დისტანციური მდგომარეობით, მისი გამიჯვნით  საკუთარი ქვეყნის ყოველდღიურობისა და ცხოვრების რიტმისგან. გამიჯვნა, გაორება, ნოსტალგია ის ცნებებია, რაც ღიად თუ დაშიფრულად საგრძნობ გავლენას ახდენს ემიგრანტი ხელოვანების მოღვაწეობასა და ფორმირებაზე. განსხვავებული კულტურული ველი და უცხო სამყაროში რეალიზება უბიძგებს მათ საკუთარი იდენტობის, შემოქმედებითი უნიკალური ენის ძიებისკენ. ამ პროცესში ენის, როგორც  ვერბალურ-საკომუნიკაციო ბარიერის გადალახვასთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ენის მეტაფორულ-სიმბოლური  ათვისება. როგორც ერთ-ერთი ხელოვანი აღნიშნავს: „ინდივიდუალური ენები მთავრდება და კომუნიკაციაზე გადავიდა ყველაფერი. თანამედროვე ადამიანს უკვე ესმის ნიშნების ენა. ის როგორც ენა, გაფორმდა. მიმდინარეობს კომუნიკაცია სხვადასხვა დონეზე. ესაა ყველაზე მთავარი ტენდენცია დღეს. ყველაფერი არეულია, ენები მუშაობს და შენ რაზეც გინდა, იმაზე ილაპარაკებ და რანაირი ენითაც გინდა, იმით გამოხატავ. ენა ისევ ინტერსუბიექტური გახდა, რასაც უწუნებდნენ მოდერნიზმს.“ ამგვარად ინტერსუბიექტურობა, რომელიც ასე სახასიათოა დღეს ვიზუალური ხელოვნების ესთეტიკური და კონცეპტუალური გააზრებისათვის, იმპერსონალურ საწყისებს მოდერიზმის წიაღში ავითარებდა. დღევანდელი ვითარება, თავისი იდეოლიგიური მასშტაბებით, მაინც უპირისპირდება მოდერნისტულ ხედვას, რადგან, ხშირ შემთხვევაში, უკიდურესად პერსონალურ, პირად გამოცდილებას, დაკვირვებასა და შინაგანი მდგომარეობის რეფლექსიას ასახავს. თანამედროვე ხელოვნების სამეტყველო და ვიზუალურ ენაზე მსჯელობა, ისევე, როგორც თავად თანამედროვე ხელოვნება, ერთ მყარ მოდელს აღარ ეყრდნობა - როგორც ინტერვიუებშიც გამოიკვეთა, „ინდივიდუალურად დანახული ისტორია დაიკარგა“, ხოლო ამ დაქსასულ, მაგრამ მაინც კოლექტიური, ინფორმაციული დინამიზმით სავსე ეპოქაში „თვითრეპრეზენტაცია არა ახალი ფუნდამენტური რაიმეს შექმნას, არამედ არსებულის გადააზრებას, ახლებურად წარმოდგენას გულისხმობს.“  ზემოხსენებულ საკითხებთან კავშირში კომპლექსურია დამოკიდებულება იმისადმი, თუ რას ნიშნავს შემოქმედისთვის, იყოს ქართველი ხელოვანი და  რას განსაზღვრავს, იყო ემიგრანტი. ზოგისთვის ეს არავითარ მნიშვნელობას არ შეიცავს, რადგან თანამედროვე ხელოვნება გლობალურად ვითარდება. მაგრამ საგულისხმოა, ამ გლობალურ პროცესებში ჩართული, უცოხეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანები რამდენად ხედავენ საკუთარ თავს ქართული სახელოვნებო სივრცის ნაწილად. გამოიკვეთა ორგვარი დამოკიდებულება - ერთი მხრივ, აბსოლუტური გამიჯვნა და ხელოვანის, ზოგადად ადამიანის, მსოფლიო მოქალაქედ წარმოდგენა, მეორე მხრივ კი,  თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სტანდარტებში განსხვავებული, კულტურული იდენტობების გამოკვეთა. ზოგიერთისთვის ეს მუდმივი გაორების ფაზაა, რომელიც ხანდახან რთულია, მაგრამ, ხშირად, სწორედ ეს გაორება გარდაიქმნება შემოქმედებით, საინტერესო მოცემულობად.  ამდენად, სირთულეების მიუხედავად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობა უმრავლესობისათვის აუცილებელ ალტერნატივად ისახება, რომელიც, ზოგადად, უპირატესობებს მოიცავს, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღინიშნა:  „მთავარი უპირატესობაა განსხვავებული მხრიდან შეხედო საკუთარ თავს, დაიწყო დამკვიდრება, კომფორტის ზონიდან გამოხვიდე და გახდე უცხოელი. ამას გარკვეული რისკ-ფაქტორები აქვს, რომელიც მერე, განვითარების თვალსაზრისით გეხმარება.“
განვითარება და ძიება - ესაა ის მთავარი მოტივაციისა და რეალიზაციისთვის აუცილებელი პროცესები, რომლებსაც სხვადასხვა დისკურსით პირადი დაკვირვებების, პროექტების სახით, სახელოვნებო მედიების ცვლილებების ფარგლებში ახორციელებენ საზღარგარეთ მოღვაწე ქართველი ხელოვანები. რამდენიმე მათგანს აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო  წარმატება(ვენეციის ბიანალეზე მონაწილეობდა გამოკითხულთაგან 3 რესპოდენტი, სხვადასხვა  დროს მხატვრებთა ნაწილი თანამშორმლობდა ისეთი ცნობილ საგამოფენო სივრცეებთან, როგორცაა ვენის კუნსტჰალე, დოკუმენტა, მომა პროჯექთს, ვენის სეცესიონი, თეით მოდერნი,  ლოსთ გალერი, ჰამბურგერ-ბანჰოფი). რეალიზაცია მიგრირებული ხელოვანებისათვის მაინც არ უკავშირდება პირდაპირად მხოლოდ წარმატებულ კარიერას, ის უფრო განზოგადებული ასპექტით დაახასიათეს, როგორც შემოქმედებითი ძიების პროცესი, რაც საქართველოს ლოკალურ კონტექსტში ვერ განხორციელდებოდა.  მთავარი უპირატესობა და განსხვავება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობას სწორედ ეს აქვს - მეტი ღიაობა და გლობალურობა. თუმცა, ამ პროცესში საკმაოდ ფრთხილია ხელოვანთა დამოკიდებულება გალერეებთან თანამშრომლობის მხრივ,რადგან თავს არიდებენ კომერციულ გალერეებს ან კონტრაქტის გარეშე თანამშრომლობენ. გერმანია - ავსტრია - შვეიცარიის მასშტაბით დასახელებული პარტნიორი გალერეებია: MICKY SHUBERT; SPRUTH MAGERS; KAUFMANN REPETTO; FREWEIN- KAZAKBAEV GALERIE; PETRA RINCK GALLERY; ჰოისლერ დე კონტემპორარი (მიუნხენი, ციურიხი); ევა მაერის გალერეა (პარიზი) „გალერიპაშო“; „ოდელალედაპარანს“; ზოგიერთი მათგანი თანამშრომლობს საქართველოში არსებულ გალერეებთანაც: პოპიაშვილი-ღვაბერიძის გალერეა; გალერეა „ნექტარი“; MOMA , თიბისი გალერეა, გალერეა „კონტეინერი“; ბაია გალერეა; გალა გალერეა.
რესპოდენტთა უმრავლესობა აღნიშნავს ქართული არტ-ბაზრის არ არსებობას, ლოკალურობის პორბლემას, რაც ხელოვანის, როგორც პროფესიონალის განვითარებისათვის საკმაოდ შემზღუდველია! პრობლემატურია ასევე, კრიტიკის ნაკლებობა ქართულ სივრცეში, თეორიული ბაზისის არარსებობა განათლებაში! ამის საპირისპიროდ, თეორიული ანალიზი და მიდგომა განსაკუთრებით აქტუალურად გამოიხატა ბერლინში „UDK“-ში მოღვაწე არტისტთა შემოქმედებაში (ჰიტო შტაერის გავლენა და პოლიტიკურად აქტიური სახელოვნებო მოღვაწეობა!).  განსხვავებები გამოიკვეთა, როგორც საქართველოს და უცხოეთის სახელოვნებო სივრცეებზე მსჯელობისას, ასევე, ფარგლებს გარეთ არსებულ  ქვეყნებს შორის. რესპოდენტთა უმრავლესობისთვის გერმანიაში ბერლინი სრულიად სხვა საერთაშორისოდ გახსნილი სივრცეა, სადაც რეალიზება, საინტერესო კონტაქტების მოძიება ადვილია, მაგრამ ამის საპირისპიროდ, ავსტრია უფრო პატარა ქვეყანაა და ვენაში ბიუროკრატიული მექანიზმი მეტად თვალსაჩინოა!
საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ხელოვანები ამჟამად განაგრძობენ აქტიურად მოღვაწეობას, მათი სამომავლო გეგმები,  ძირითადად, კვლავ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, საგამოფენო და საპროექტო წინადადებების შემუშავებასა და განხორციელებას უკავშირდება, თუმცა, რამდენიმე მათგანი, თავისი მუშაობის პროცესში, საქართველოს უბრუნდება და აქაურ სახელოვნებო წრეებთან აქტიურ კონტაქტს ინარჩუნებს!  ეს გაცვლა-გამოცვლა, მოძრაობა და ღიაობა არის ის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც აისახება შესაძლოა, არაპირდაპირად, მაგრამ, მნიშვნელოვანწილად, ქართული ხელოვნების განვითარებისა და საერთაშორისო არენაზე დამკვიდრების ფაზაში. მნიშვნელოვანია, რომ თავად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ხელოვანები ინტეგრაციას აუცილებელ და უკვე მიმდინარე პროცესად მოიაზრებენ, მით უმეტეს დღევანდელობაში, სადაც ინტერნეტი, ინფორმაცია საზოგადოებისთვის ამდენად ღია და ხელმისაწვდომია! თუმცა, ამავე დროს, როგორც ერთ-ერთი რესპოდენტი აღნიშნავს:  „ხშირად ეს ინტეგრაცია, დასავლეთისკენ სწრაფვა  მიმბაძველობაში გადადის და საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნის შემთხვევაში უფრო პრობლემატურია ხოლმე. მეორე მხრივ, აუცილებელია, ფლობდე თანამედროვე ენას, რომ გლობალურად გაგიგონ.“  აქაც ეროვნულობის გააზრება თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ენის კომპლექსურად გაგებას უკავშირდება. ქართული ლოკალური სივრცის ისტორიიდან გამომდინარე, ხშირად აღქმის, გაგების პრობლემა  პოსტსაბჭოთა გამოცდილებასთან პირდაპირ კავშირშია: უახლესი სახელოვნებო პროცესების დაგვიანებულმა შემოდინებამ, ქაოსურმა დინამიკამ სწორედ ხელოვნების ზედაპირულ, არასიღრმისეულ განვითარებას შეუწყო ხელი. მიმბაძველობის საფრთხე სტანდარტიზაციის, ტენდენციურობის სასიშროებას ბადებს, საგულისხმოა ერთ-ერთი რესპოდენტი არტისტის პოზიცია ამ საკითხზე : „რაც შეიძლება იყოს ნეგატიური, არის ერთ ენაში აღრევის, დაკარგვის საფრთხე (ნაციონალურის დაკარგვას არ ვგულისხმობ). ვიზუალური ენის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. რადგან საზღვრები აღარ არის, არსებობს საზღვრების მიღმა გასვლის საშიშროება.“  ამგვარად, ინტეგრაციის პროცესი, გლობალური მოვლენები ოპოზიციურ მნიშვნელობებს ატარებს, ერთი მხრივ, ეს არის უნივერსალური, გარდაუვალი და მნიშვნელოვანი მოვლენა, მეორე მხრივ, ასიმილირება დასავლურთან საკუთარი იდენტობის ობიექტურ შენარჩუყნება-ათვისებას, ფასეულობების სიღრმისეულ გადააზრებას მოითხოვს, რაც თანამედროვე ხელოვნების კოსმპოლიტურ, საერთაშორისო რეალობას არაერთგვაროვან, საინტერესო, შრეობრივ დატვირთვას სძენს.
ამდენად, საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ გერმანიაში, შვეიცარიაში, ვენაში მოღვაწე ხელოვანთა  ინტერვიუებზე დაყრდნობით იკვეთება, რომ თანამედროვე სამყაროში მათი სახელოვნებო მიგრაცია არის ღია პროცესი, რომელიც ხელოვანს საკუთარი როლისა და შესაძლებლობების გააზრებაში ეხმარება, მუდმივად უბიძგებს თვითანალიზისკენ და, ასევე, საკუთარი ქვეყნის დისტანციიდან შეფასების შესაძლებლობას აძლევს. მათი მხრიდან პედაგოგიური მოღვაწეობა და ცოდნის გაზიარება ახალი კონტექსტის შექმნას შეუწყობს ხელს. თანამედროვე ხელოვნების ენის, ესთეტიკური და იდეური კატეგორიების გააზრება, ადგილობრივ პრობლემატიკასთან, ინდივიდუალურ ძიებებთან დაკავშირება გულისხმობს იმ სამომავლო პოტენციალს, რომელსაც შეუძლია გარდამტეხი გავლენის მოხდენა თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებაზე - იმ უახლეს სფეროზე, რომელიც აქ და ახლა იკრებს ძალას, იკვლევს გზას და ცდილობს, ლეგიტიმაცია მოიპოვოს ქვეყნის კულტურული განვითარების ასპექტში.

მარიამ შერგელაშვილი

ნანახია: 9577-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani