Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ფუტურისტული წიგნი საქართველოში Array ბეჭდვა Array

მარინა მეძმარიაშვილი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი


ფუტურიზმი – XX საუკუნის კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და არაერთგვაროვანი მხატვრული მოვლენაა. ლიტერატურასა და ხელოვნებაში ძველი ტრადიციებისა და ფორმების რღვევისაკენ მისწრაფება და ახლის შექმნა გამიზნული იყო არა მხოლოდ ესთეტიკის გარდასაქმნელად, არამედ, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდა ახალი სამყაროს და ახალი თავისუფალი ადამიანის შექმნას.
უტოპიური იდეა მომავალში „გადახტომის“ შესაძლებლობაზე, რადიკალური გარდატეხების საშუალებით გამოხატული იყო იტალიელი პოეტის ფილიპო ტომაზო მარინეტის მიერ შექმნილ  ფუტურიზმის პირველ მანიფესტში: „ჩვენ გვინდა ქება შევასხათ შეტევით მოძრაობას, დაძაბულ უძილობას, ტანვარჯიშის ნაბიჯს, საშიშ ნახტომს, სილასა და მუშტის დარტყმას“ (1909 წ.). 1912 წელს „ტექნიკურ მანიფესტში“, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ფუტურისტების პოეზიასა და შემოქმედებაში, მარინეტი გამოხატავს საკუთარ კონცეფციას „სიტყვები თავისუფლებაში“ – რომელიც მდგომარეობს სინტაქსის, ზედსართავი სახელების და პუნქტუაციის ნიშნების განადგურებაში. სიტყვები, მთელი წინადადებები და ფრაზები კარგავენ ჩვეულ მნიშვნელობას და იქცევიან ვიზუალურ ნიშნად. ფუტურისტების მოსაზრებით, ასე გამოიხატება ახალი რეალობის ესთეტიკა, სადაც დომინირებს ძლიერი პიროვნება და სამანქანო ცივილიზაცია. მარინეტის იდეები აიტაცეს საკმაოდ შორს იტალიის საზღვრებიდან და მისი მიმდევრები გამოჩნდნენ ესპანეთში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, რუსეთში, აშშ-ში, იაპონიაში და მრავალ სხვა ქვეყანაში.
რუსეთში „ფუტურიზმის მანიფესტი“ გამოქვეყნდა 1909 წლის  მარტში გაზეთ „ვეჩერ“-ში და მალე, ტიფლისის I ვაჟთა გიმნაზიის ხატვის მასწავლებლის ბ. ლაპოტინსკის დამსახურებით მოხვდა საქართველოში. საქართველოში ერთ-ერთი პირველები, ვინც გაიტაცა ფუტურისტულმა იდეებმა იყვნენ ლაპოტინსკის მოსწავლეები - ძმები  პოეტი ილია და მხატვარი კირილ ზდანევიჩები. 1911 წელს ზდანევიჩები სასწავლებლად რუსეთში გაემგზავრნენ და განაგრძეს ლიტერატურასა და ხელოვნებაში ახალი ფორმების ძიება რუსული ავანგარდის ლიდერებთან. მხატვრებმა მ. ლედანტიუმ, მ. ლარიონოვმა, ნ. გონჩაროვმა, ვ. ტატლინმა და ფუტურისტმა პოეტებმა: დ. ბურლიუკმა, ა. კრუჩენიხმა, ვ. მაიაკოვსკიმ, ვ. ხლებნიკოვმა 1912 წელს გამოსცეს ფუტურიზმის კონცეფციის ფორმირებისათვის მნიშვნელოვანი მანიფესტი „სილა საზოგადოებრივ გემოვნებას“, სადაც ლიტერატურული ტრადიციების უარყოფასთან ერთად ცხადდებოდა პოეტის მიერ „მანამ არსებული ენის სიძულვილის“ უფლება. შემდეგ „სიტყვის დეკლარაცია, როგორც ასეთი“-ში და რიგ სხვა მანიფესტსა და დეკლარაციაში ყალიბდებოდა სიტყვის შინაარსისაგან გათავისუფლების თეორიული პოსტულატები, ხორციელდებოდა სიტყვის ახალი მნიშვნელობების გაჩენა და მათი ვიზუალური შესაძლებლობების გამოყენება. პრაქტიკულად ამ იდეებს, ფორმის მიხედვით, ხორცი შეესხა ახალ ფუტურისტულ წიგნებში. 1912 წელს დაიბეჭდა ა. კრუჩენიხისა და ვ. ხლებნიკოვის პირველი წიგნები ნ. გონჩაროვისა და მ. ლარიონოვის ლითოგრაფიით: „Старинная любовь“, „Игра в аду“, „Мир с конца“, რომლებიც შესრულებული იყო თვითნაწერის უნიკალური ტექნიკით.

010203

მიუხედავად იტალიურ ფუტურიზმთან სიახლოვისა, რუსულ საფუძველზე ამ მოძრაობამ მიიღო განმასხვავებელი ნიშნებიც, სადაც იკვეთება ნეოპრივიტიზმისა და კუბო-ფუტურიზმის გავლენა. რუსი პოეტები და მხატვრები, საკუთარი დამოუკიდებლობის ხაზგასმის მიზნით, საკუთარ თავს უწოდებდნენ „будущники“, ვ. ხლებნიკოვმა ახალ პოეტურ ენას ზუსტად შეარქვა-ЗАУМЬ, ხოლო ილია ზდანევიჩი, რომელიც რუსეთში ჩამოსვლისას მალევე გახდა ავანგარდის ერთ-ერთი იდეოლოგი, ამუშავებდა თეორიას ერთ მხატვრულ ნაწარმოებში მრავალი სტილისა და მიმართულების ჩართვის აუცილებლობის შესახებ. მან ამას შეარქვა „ВСЕЧЕСТВО“, ხოლო ამგვარი მეთოდით შესრულებულ ნაწარმოებს „ОРКЕСТРОВЫМИ“. ილია ზდანევიჩმა და მიხაილ ლარიონოვმა 1913 წელს გამოაქვეყნეს „დიახ-მანიფესტი“ და „რატომ ვიღებებით“. ძმები ზდანევიჩები აქტიურად მონაწილეობდნენ რუსი ფუტურისტების ყველა აქციაში – გამოფენებში, დებატებში, პოეტურ საღამოებში, სადაც მიღებული იყო მაყურებელთა ეპატაჟი, მათი ჩართვა შემოქმედებით პროცესში და სკანდალური სიტუაციის შექმნა. ილია ზდანევიჩის მოხსენებამ  „ამერიკული ჩექმა მილოსელ ვენერაზე ლამაზია“ მას ხმაურიანი წარმატება მოუტანა, ხოლო კირილმა ხელი მოაწერა მანიფესტს „სხივოსნებო და მომავლისტებო“ – მომავალი ჩვენზეა ... ჩვენ ვაცხადებთ: მთელი დღევანდელი გენიალური სტილი – ჩვენი შარვლები, კოსტიუმები, ფეხსაცმელები, ტრამვაები, ავტომობილები, აეროპლანები, რკინიგზები, გრანდიოზული გემები – ასეთი მომხიბვლელობა, ამგვარი დიადი ეპოქა, რომლის მსგავსი არაფერი ყოფილა მსოფლიო ისტორიაში“.
მნიშვნელოვან მხარედ, რამაც ლოგიკურად გააგრძელა ფუტურისტების საზოგადეობრივი მოღვაწეობა, მალე იქცა წიგნების გამოშვება. „კრუჩენიხი წიგნს თითქმის ყოველ კვირაში უშვებდა“. წიგნები შპალერის ფურცელზე, წიგნები სხვადასხვა ზომის ფურცლებზე, წიგნები შესაფუთ ჭილობზე, ლითოგრაფირებული წიგნები. ოღონდ „არანორმალურები“ (რუსული ფუტურიზმი. მოსკოვი,1999, გვ.427).
1916 წლიდან ა. კრუჩენიხის პოეტური და საგამომცემლო მოღვაწეობა გაგრძელდა თბილისში. 10-იანი წლების შუა პერიოდიდან თბილისი გახდა ავანგარდული მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა. აქ ნახეს თავშესაფარი ნგრევის, შიმშილის, პოლიტიკური კატაკლეზმებისაგან თავის დასაღწევად რუსეთიდან გამოქცეულმა მსახიობებმა, პოეტებმა და მხატვრებმა: ს. გოროდეცკიმ, იუ. დეგენმა, ა. კრუჩენიხმა, ი. ტერენტიევმა, ს. სუდეიკინმა და სხვებმა. რუსეთიდან წამოსული შემოქმედი ინტელიგენცია გულითადად მიიღო ქართველმა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობამ – ცისფერყანწელმა პოეტებმა ტ. ტაბიძემ, პ. იაშვილმა, ვ. გაფრინდაშვილმა, მწერალმა ტ. რობაქიძემ და მხატვრებმა: ლ. გუდიაშვილმა, ზ. ვალიშევსკიმ, ა. ბაჟბეუკ-მელიკოვმა და რა თქმა უნდა სამშობლოში დაბრუნებულმა ილია და კირილ ზდანევიჩებმა. „შემოქმედებითი ძალების სიმრავლემ ხელი შეუწყო საქართველოს დედაქალაქის ევროპულ კულტურულ ცენტრად გადაქცევას“ (ტ. ნიკოლსკაია „ფანტასტიური ქალაქი“). 1917 წლიდან დაწყებული, თბილისში დაიწყეს ახალი თეატრებისა და სტუდიების, თეატრალური კაფეების გახსნა, გაჩნდა ლიტერატურული სალონები, წრეები და სამხატვრო გაერთიანებები.

040506

1917 წლის შემოდგომაზე ილიასა და კირილეს ინიციატივით შეიქმნა გაერთიანება „ფუტურისტების სინდიკატი“, რომელშიც შევიდნენ: ა. კრუჩენიხი, ლ. გუდიაშვილი, ნ. ჩერნიავსკი, კარა-დარვიში, ზ. ვალიშევსკი. სინდიკატის უმთავრესი ამოცანა საგამომცემლო საქმიანობა იყო. 1918 წლის დასაწყისში ა. კრუჩენიხმა, ვ. ტერენტიევმა და ილია ზდანევიჩმა შექმნეს ჯგუფი „41 გრადუსი“ და გამოსცეს ამ ჯგუფის მანიფესტი, სადაც დეკლარირებული იყო ამბიციური და ფუტურისტებისათვის დამახასიათებელი ამოცანა - „თანამშრომლების ყველა მნიშვნელოვანი აღმოჩენის გამოყენებით მსოფლიო ახალ ღერძზე დატრიალება“.  („ჩვენ გვინდა ვუმღეროთ ადამიანს, რომელსაც უჭირავს  მქნევარა, რომლის იდეალური ღერძი გადის მიწაში...“ ტ. მარინეტი „ფუტურისტული მანიფესტი“.) საკუთარი ჯგუფის დასახელებას - „41 გრადუსი“ მისი დამფუძნებლები ხსნიდნენ იმით, რომ ტიფლისი, ისევე, როგორც ახალი მსოფლიო კულტურის სხვა ცენტრები - ტოკიო, ნიუ-იორკი და მილანი მდებარეობს ამ გეოგრაფიულ განედზე. თუმცაღა, ესეც შეიძლება იქნას მიჩნეული ფუტურისტებისათვის დამახასიათებელ სიმბოლოებით თამაშის მომენტად. 
მარინეტი და მისი მიმდევრები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ციფრებს, ფორმულებს და ციფრ 11-ს საკუთარ თალისმანად თვლიდნენ. იტალიელი ფუტურისტების თითქმის ყველა მანიფესტი შეიცავდა 11 პუნქტს და ხელმოწერილი იყო 11 რიცხვით მიუხედავად მათი შექმნის რეალური თარიღისა. „ჯგუფმა „41“ ტიფლისში გამოსცა ა. კრუჩენიხის, ი. ზდანევიჩისა და ი. ტერენტიევის მრავალი წიგნი ... ილია ზდანევიჩი წერდა: „ახლახანს დაარსებული ორგანიზაცია – 41 – დუღს. დაარსდა წიგნების გამომცემლობები, თეატრები, უნივერსიტეტები და სამაგალითო ფერმა ...“ ორგანიზაციას არ ჰქონდა საკუთარი ტიპოგრაფია და წიგნები იბეჭდებოდა სხვადასხვა გამომცემლობაში. ესენი იყო როგორც ახალი, ასევე, ადრე მოსკოვსა და პეტერბურგში გამოცემული წიგნები. ა. კრუჩენიხმა ტიფლისში 1917-1919 წლებში გამოშვებული საკუთარი წიგნების ბიბლიოგრაფიული სია შეადგინა. მასში წარმოდგენილია 40-ზე მეტი გამოცემა. ყველა ეს წიგნი გამოიცემოდა მცირე ტირაჟით შერეული ბეჭვდითი და ხელით ნაწერი  ტექნიკით და მალე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. 1917 წელს ა. კრუჩენიხმა  გამოსცა კრებული „Учитесь худоги“. კრებულში შევიდა კრუჩენიხის 8 ლექსი, რომელთაგან რამდენიმეს ილუსტრაცია თვითონ გააკეთა, კირილ ზდანევიჩის 17 ნახატი და ს. ვალიშევსკის ლექსები –„Кушай, худоги, говядину Рубенса - заедай булкой Сезанна! Осторожно,не обжирайся.Сыт не будешь“. ამავე წელს გამოსცეს ალბომი „1918“ ლექსებით და კრუჩენიხის, კამენსკისა და ზდანევიჩის კოლაჟებით, ხოლო, 1918-ში კი - „Малохолия в капоте“ ასევე კ. ზდანევიჩის ნახატებით.
ეს გამოცემები, ისევე, როგორც ფუტურისტული წიგნების დიდი უმრავლესობა, გამოშვებულ იქნა შესაფუთ ქაღალდზე, შეიკერა ხელით; ცალკეულ გვერდებზე განთავსებული კ. ზდანევიჩის ნახატები შესრულების დაუდევარი მანერით, კომპოზიციის ნერვული დინამიკით შეესაბამება წიგნის საერთო იერს – რომელიც ხელით არის დაწერილი "უსწორ-მასწორო" ასოებითა და ნაკლებად გასაგები ტექსტით. თუმცა, სწორედ ეს იყო ავტორებისა - პოეტისა და მხატვრის მთავარი ამოცანა, რომელთაც აირჩიეს აბსურდის გზა და ბგერებითა და ფორმებით თამაში. მათი სტილისტიკა ახლოსაა ნეოპრივიტიზმის ფერწერასთან და დადას  შემოქმედებასთან მათთვის დამახასიათებელი მისწრაფებით გაუხეშებასა და "ბავშურ" უშუალობამდე ფორმების გამარტივებისაკენ... ფუტურისტების ზოგიერთ სხვა წიგნში, მაგალითად, როგორიცაა ილია ზდანევიჩის „Янко круль албанский“, „миллиорк“, ა. კრუჩენიხის „Лакированое трико“და სხვ. (ყდა გაფორმებულია ი. ზდანევიჩის მიერ), ი. ტერენტიევის „Рекорд нежности.Житие Ильи Зданевича“, „Трактат о сплошном неприличии“, ტექსტი აკრეფილია ტიპოგრაფიული მეთოდით, თუმცა, სხვადასხვა ზომის ასოებისა და შრიფტის ტიპების შეთავსება და სტრიქონების არათანაბარი გადანაწილება ქმნის გარკვეულ მხატვრულ-დეკორატიულ გამოსახულებას, სადაც ვიზუალური დინამიკა სრულიად ადეკვატურად შეესაბამება ფუტურისტულ „зауми“-ს. ი. ტერენტიევი აცხადებს, რომ ფუტურისტების პოეზია – მასალაა ენაზე ცდების ჩასატარებლად.

0708

ქართულ საფუძველზე ფუტურიზმი იძენს საკუთარ განსაკუთრებულ ხასიათს. ფუტურიზმის  ფუძემდებლები ქადაგებდნენ ძალის კულტს, აგრესიას და ქალის, როგორც სუსტი არსების უგულვებელყოფას. ისინი უარყოფდნენ წარსულის ყველა მორალურ და ეთიკურ ღირებულებას: თანაგრძნობას, პატივისცემას, რომანტიკულ სიყვარულს და აცხადებდნენ, რომ ლითონის ან ხის ნაჭრის სითბო ბევრად უფრო ამაღელვებელია, ვიდრე ქალის ღიმილი ან ცრემლები, ხოლო, ვ. მაიაკოვსკიმ, რომელსაც სურდა, რაც შეიძლება მეტად მოეხდინა მკითხველის ეპატირება, დაწერა კაფე პიტორესკის კედელზე  - „Я люблю смортеть как умирают дети“. ფუტურიზმი ტიფლისში იყო ნაკლებად აგრესიული, ლექციები და სხვა საზოგადოებრივი გამოსვლები იწვევდა საზოგადოების გაოცებას, თუმცა, იმ დროინდელი პრესის მიხედვით ისინი არ სრულდებოდა ჩხუბითა და სკანდალებით ... შესაძლებელია რუსულ რეალობაში არსებული მოვლენები იმდენად დრამატული აღმოჩნდა, რომ გადაფარეს ხელოვნურად შექმნილი აგრესია, თუმცა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართველი პოეტებისა და მხატვრების კეთილგანწყობა და სტუმართმოყვარეობა აცხრობდა ვნებების …მხურვალებას. მადლიერების გრძნობა ქართველი მეგობრებისადმი   და იმ მიწისადმი, რომელმაც რთული განსაცდელის ჟამს შეიფარა რუსი თანამოძმეები ვლინდება პოეტი სატირიკოსის ნ. აგვნივცევის ლექსში „ქართველებს“:

Мы в гости пришли к вам из нашего края
С запыленным сердцем и мертвой душой
От ветра, штыков и плевков прикрывая
Огарок искусства дрожащей рукой.

(ტ. ნიკოლსკაია - „ფანტასტიური სამიკიტნოდან“ „ქიმერიონამდე“)

რუსი და ქართველი ავტორი-პოეტების, მწერლებისა და მხატვრების ერთობლივი შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ დოკუმენტს წარმოადგენს კრებული, რომელიც მიეძღვნა ილია ზდანევიჩის მუზას, მსახიობ სოფია მელნიკოვას (1919წ.). ნაკრებში შევიდა სამ ენაზე – რუსულად, ქართულად და სომხურად დაწერილი ნაწარმოებები და მათი ავტორები იყვნენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები: ქართველები, რუსები, სომხები, პოლონელები, რომლებიც ეკუთვნოდნენ სხვადასხვა მხატვრულ მიმდინარეობას: ფუტურისტები ილია და კირილ ზდანევიჩები, კარადარვიში, ი. ტერენტიევი, ზ. ვალიშევსკი, ცისფერყანწელები ტ. ტაბიძე და პ. იაშვილი და სხვა. ი. ზდანევიჩის პოემა „Осел напрокат“, ილუსტრირებულია რუსული ავანგარდის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ლიდერის - ნ. გონჩაროვის მიერ; მისივე თხზულება „Яд кармолан“, ზდანევიჩის კუბო-ფუტურისტული ნახატებით, კუბო-ფუტურისტული მანერით შესრულებული ს. ვალიშევსკის ნახატებით და ლ. გუდიაშვილის ტუშით შესრულებული ნახატებით – ატარებს სიურრეალისტურ ხასიათს ... ტიპოგრაფიული  ანაწყობი სხვადასხვა ზომის ასოებით, ასევე გამოხატავს ნაკრების სხვაობას წიგნის ტრადიციული, სტანდარტული გადაწყვეტისაგან. „სოფია მელნიკოვას ნაკრები“ - ბოლო წიგნია, რომელიც შეიქმნა ფუტურისტების მიერ საქართველოში. 1919 წელს ა. კრუჩენიხის ბაქოში, მერე კი ძმების საფრანგეთში გამგზავრების შემდეგ ორგანიზაცია „41“-მა შეწყვიტა თავისი მოღვაწეობა და ფუტურისტული წიგნები, საქართველოში, აღარ გამოცემულა. თუმცა, რუსი და ქართველი ავანგარდისტების ერთობლივი მოღვაწეობა გაგრძელდა ქართველი ფუტურისტების მოღვაწეობით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ს. ჩიქოვანი.

0910

1922 წლის აპრილში თბილისში შედგა ქართველი ფუტურისტების პირველი საღამო, ხოლო, მაისში გამოქვეყნდა მათი პირველი მანიფესტი „საქართველო-ფენიქსი“, 1924 წელს გამოიცა ქართველი ფუტურისტების ბეჭდვითი ორგანო „Н2SO4“, სადაც დაიბეჭდა ლექსები, დეკლარაციები და თეორიული სტატიები, ამ გამოცემაში გამოყენებულია შერეული შრიფტები, სქემატურად გახლეჩილი ტექსტები ... ყდის მონტაჟი ეკუთვნის ი. გამრეკელს – მკვეთრი, დაწყვეტილი ხაზები, დიდი შრიფტით გამოყოფილი ციფრები და ფორმულები ქმნიან ფუტურისტული შემოქმედებისათვის დამახასიათებელ რიტმსა და დინამიკას, გამოცემაში ასევე შევიდნენ ი. გამრეკელისა და ბ. გორდეზიანის კუბო-ფუტურისტული ნახატები. გამოიცა მხოლოდ ერთი ნომერი „Н2SO4“, შემდეგში გამოვიდა ფუტურისტების სხვა ბეჭვდითი ორგანოები - „ლიტერატურა და სხვა“, „დროული“, „მემარცხენეობა“, თუმცაღა, მათი გამოცემა მხოლოდ რამდენიმეჯერ განხორციელდა და მალევე შეწყვიტა არსებობა. ყველა ეს გამოცემა ატარებდა პერიოდულ ხასიათს და მათი მხატვრული სახე და მიზნები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ფუტურისტული წიგნების ხასიათისაგან. საქართველოს მხატვრულ ცხოვრებაში მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში გამოცემული წიგნები იყო უჩვეულო, ექსცენტრული მოვლენა. ამ მოვლენის ფენომენი ვლინდება კომპლექსურად, სოციალურ, პოლიტიკურ, ესთეტიკურ და მორალურ ასპექტთა რთულ და დღემდე ბოლომდე ამოუხსნელ გადახლართვაში.


ლიტერატურა:

M. Chikhradze, The futurist book, Tbilisi 1917-1919. Tbilisi, 2009.
Великая утопия. Русский и сов    етский авангард 1915-1932. Москва, Берн,1993.
Iliazd, Paris,1978
შ. გაგოშიძე, ლიტერატურულ-პუბლიცისტური ეტიუდები. თბ.,1989.
კ.ზდანევიჩი, ი.ზდანევიჩი-გამოფენის კატალოგი. ტბილისი-პარიზი, 1999.
Литературная Грузия, 1-6, Тб., 2002.
Т,.Никольская, Фантастический город. Москва, 2000.
ქართული მოდერნიზმი 1910-1930. თბ., 2003.
Русский футуризм. Москва, 1999.           

ნანახია: 18249-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani