Georgian (Georgia)English (United Kingdom)
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგობრივი იდენტობები, წარდგენილი ეროვნულ განცხადებაში ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მოსაპოვებლად

მერი ქეი ჯუდი
თანამედროვე არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის
კონსერვაციის დამოუკიდებელი ექსპერტი (აშშ)

2003 წელს, ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ,   საქართველოს „მოდერნიზებისა“ და თანამედროვე მსოფლიო სცენაზე ქვეყნის ფართო წარდგენის აგრესიული კამპანია წამოიწყო. მოდერნიზების პროგრამა მოიცავდა მასშტაბურ ინფრასტრუქტურას, ახალ მშენებლობებსა და კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციას.
„მოდერნიზების“ მოტივაციას  საქართველოს საერთაშორისო პოზიციის ამაღლება,  რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უცხოური ინვესტიციების  დახმარებით ეკონომიკის განვითარება წარმოადგენდა. ამ მიზნების მისაღწევად ხელისუფლება ააქტიურებს ურთიერთბებს ევროკავშირისა და ნატოს სტრუქტურებთან   დასავლეთთან ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესების გასაძლიერებლად.

წინაპირობები: საბჭოთა დროისა და დამოუკიდებლობის პერიოდის ცვალებადი პოლიტიკა
საბჭოთა პერიოდის საქართველოში, მთელი ქვეყნის მასშტაბით,  სახელმწიფოს მხრიდან  ფინანსურად უზრუნველყოფილი კვლევითა და  რესტავრაციით, მემკვიდრეობის დაცვისა და მისი მართვის ძლიერი ტრადიცია არსებობდა. ყოველივეს მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებით - რესტავრატორებით, არქიტექტორებით, ისტორიკოსებით დაკომპლექტებული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო საბჭოს თბილისისა და რეგიონალური ორგანიზაციები ახორციელებდა.
თუმცა, ამ პროფესიონალების მუშაობის პირობები, დღევანდელი გადმოსახედით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროსთვის, რაც უნდა ფუფუნებად მივიჩნიოთ,  მოკლებული იყო თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას. პროფესიონალთა მუშაობას   საქართველოს მემკვიდრეობაზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული პასუხისმგებლობა ედგა გარანტად. ყველანაირ ქონებაზე საკუთრება, მშენებლობა,  ნგრევა-დაშლა და რესტავრაცია სახელმწიფოს მიერ იყო გაკონტროლებული, რაც მნიშვნელოვანი განსხვავება იყო პოსტ-საბჭოთა, დამოუკიდებლობის დროს ტრანსფორმირებული უძრავი ქონების ბაზრთან შედარებით.
1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ახლადდამოუკიდებლობამოპოვებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა თუ ძეგლთა დაცვა მართვის ოფიციალური სტრუქტურებისა და სახელმწიფო დაფინანსების გარეშე აღმოჩნდა.  ე. შევარდნაძის მმართველობის დროს ამ სფეროს მენეჯმენტი, ფინანსების თითქმის უქონლობის გამო, ფაქტობრივად, სტაგნაციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იმავდროულად, თუმც მცირე, მაგრამ მაინც გამოიძებნა ადგილობრივი ეკონომიკური რესურსი, რამაც მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია განაშენიანებაში და რამაც  არაკეთილსასურველი შედეგი იქონია კულტურულ მემკვიდრეობაზე.
ირონიაა, მაგრამ ქვეყნისთვის ამ გარდამავალ პერიოდში, გლობალურ ცნობიერებაში, საქართველო,  დიდწილად, სწორედ   თანამედროვე სამყაროს მიმართ საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის წარდგენის გზით მოექცა.    დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სულ რამდენიმე წელიწადში საქართველომ საერთაშორისო პოზიცია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში სამი ძეგლის წარმატებული ნომინაციით დააფიქსირა: ბაგრატის კათედრალი და გელათის მონასტერი - 1994 წელი, მცხეთა - 1994 წელი და ზემო სვანეთი - 1996 წელი. ძველი თბილისი მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარ სტატუსს, ასევე, 1990-იან წლებში იძენს. 1998 წელს საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც თავისი კულტურული მემკვიდრეობის გამო მსოფლიო ბანკის სესხსს ღებულობს. მსოფლიო ბანკის ამგვარი სესხი, სადღეისოდაც, სრულიად უპრეცედენტოა და ეს საქართველოს აუთენტური კულტურული მემკვიდრეობის ცხოველმყოფელობისა და მნიშვნელობის აღიარების დადასტურებას ნიშნავდა.

1

ეს პერიოდი, აგრეთვე, კულტურული მემკვიდრეობის სფეროშო არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნითა და მათი აქტიური მოღვაწეობით აღინიშნება;  ასეთებია, მაგალითად, ICOMOS საქართველო და ქართული ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი (GACC), რომლებიც, უმთავრესად, მანამდე სახელმწიფო სტრუქტურებში დაკავებული პროფესიონალებით დაკომპლექტდა. ამ ორგანიზაციების საქმიანობა სტაბილიზაციისა და რესტავრაციის პროექტებს, მათ განსახორციელებლად უცხოური დაფინანსების წარმატებულ მოპოვებას უკავშირდება. მათი მოღვაწეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ დროისათვის, რამდენადაც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფი სახელმწიფო სტრუქტურები, ამ მხრივ, ვერ ავლენდნენ ქმედითუნარიანობას. ქართველმა პროფესიონალებმა, შესაძლოა ყველაზე მეტი წარმატებით, ვიდრე სხვა რომელიმე პოსტ-საბჭოთა  ქვეყანაში, შეძლეს საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზება და გამყარება საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველსაყოფად. მეტიც, პროექტების განსახორციელებლად მათ მიერ მოპოვებული დაფინანსების რაოდენობა,  ასევე, უპრეცედენტოდ შეიძლება მივიჩნიოთ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

მსოფლიო  სცენაზე  საქართველოს  ადგილის ხელახალი განსაზღვრა ნატოსა  და  ევროკავშირში  გაწევრიანებისთვის  წარდგენილი  წინადადების  მიხედვით
ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2003 წლიდან, სააკაშვილის ხელისუფლების ძალისხმევა ფოკუსირებულია, რომ დაძლიოს ეკონომიკური უკუსვლა, უზრუნველყოს ტერიტორიული მთლიანობა და გააძლიეროს საერთაშორისო ურთიერთობები დასავლეთთან. ამ მიზნების მისაღწევად  სახელისუფლებო სტრატეგიის ამოსავალ წერტილად ევროკავშირისა და ნატოს წევრობის სტატუსის მოპოვება განისაზღვრა. ნატო ფართო რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, თავდაცვის გაუმჯობესებული სისტემის შექმნისა და დასავლეთთან მეტი ინტეგრაციის  შესაძლებლობებს, ევროსაბჭო კი ევროპასთან მეტი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ინტეგრაციის პირობებს შეუქმნიდა საქართველოს. 
2003-2008 წლებში ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ორივე ორგანიზაციასთან დასაახლოებლად. უდავოდ, ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაცია  საქართველოს მეტ უსაფრთხოებას, მისი ეკონომიკის განვითარებას - მეტ შესაძლებლობებს მოუტანდა, რაც გამოცხადდა კიდეც ქვეყანის უმაღლეს და გრძელვადიან პრიორიტეტებად.

საქართველო - „ევროპული ქვეყანა“, როგორც  ამოსავალი სტრატეგია ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად
ორივე კამპანიის საფუძვლად ნაგულისხმევი იყო თემა, რომ საქართველო „ევროპული“ ქვეყანაა და, ამდენად, ბუნებრივი იყო მისი კანდიდატობაც.  ავტორი ეთანხმება იმას, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, თუმცა, ყოველ ევროპულ ქვეყანას საკუთარი იდენტობა აქვს და არც არსებობს ჰომოგენური კულტურული იდენტობა მთელი ევროპისათვის. „ევროპული იერის“ მეტად ხაზგასასმელად და საქართველოს დამსახურებული კანდიდატობის არგუმენტის გასაძლიერებლად, როგორც ამ კამპანიების ნაწილს, ხელისუფლება    საქართველოს „მოდერნიზების“ პოლიტიკას იწყებს. მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ ამ „მოდერნიზებათაგან“ ბევრი, პოსტ-საბჭოთა პერიოდის დასაწყისიდანვე, აუცილებელი იყო ქვეყნის ინფრასტრუქტურისთვის. მაგრამ „მოდერნიზების“ პოლიტიკამ საგზაო ინფრასტრუქტურიდან დაწყებული კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციაც მოიცვა.  „მოდერნიზების“ პროგრამის ყველაზე თვალშისაცემი გამოხატულება ფართომასშტაბური სამშენებლო პროექტებისა და  მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფინენსებული  სარესტავრაციო პროექტების ის სერიები იყო, რომლებმაც ევროკავშირისა და ნატოში წევრობის კანდიდატად გახდომის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განსაზღვრა.
მოდერნიზების სტრატეგია, ძველი თბილისის დაცვასთან მიმართებით, 2007 წელს თბილისის საკრებულოში პრეზიდენტის გამოსვლაშიც აისახა:  „ეს, აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. გვახსოვდეს, რომ გამწვანებული, განვითარებული და ნორმალური ქვეყნის ხელყოფა ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე  დაშლილისა და დანგრეულის“. იმავე 2007 წელს, მიუთითებდა რა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სიღნაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე, მან უფრო ფართო მასშტაბით დააფიქსირა თავისი ხედვა: „ბევრი რამაა აღსადგენი, საქართველო მნიშვნელოვნად დაზიანდა წინა წლებში. ჩვენ, ყველანი წყვდიადიდან გამოვდივართ. ქვეყნის ნაწილი ომის დროს განადგურდა, ნაწილი - უბრალოდ თავისით ჩამოიშალა“.
შემდეგ, იმავე სიტყვაში პრეზიდენტმა გაიხსენა ევროპელი კოლეგის ნათქვამი, ის, თუ როგორ აღფრთოვანებას იწვევდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა.  სააკაშვილის ეს განაცხადი ნათლად აჩვენებს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგობრივ ბუნებას.
სახელმწიფო პოლიტიკამ უნდა მხარი დაუჭიროს, პატივი სცეს და დაიცვას  უნიკალური ქართული ძეგლები, ხელი შეუწყოს მათ აღიარებას. საქართველოს ევროპულ ქვეყნად წარდგინება არ უგულებელყოფს განსხვავებულ ქართულ თავისებურებათა მნიშვნელოვანებას. ბოლოს, კულტურული მემკვიდრეობა შეიძლება იყოს ქართულიც და, იმავდროულად, ევროპულიც. მაგალითად, მემკვიდრეობა შეიძლება აღიქვა, როგორც  გერმანული, იტალიური ანდა ფრანგული და შეაფასო მისი უნიკალური იდენტობა ევროპული კონტექსტის შიგნით. სინამდვილეში, სწორედ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის  უნიკალური იდენტობაა ის, რაც საქართველოს მთავრობას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესის წარმართვაში შეეშველება.

ქართული იდენტობის „რე-ბრენდირება“ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის მოსაპოვებლად
საქართველოს ევროპულ ქვეყნად წარმოჩენის სახელისუფლებო სტრატეგიის შედეგად,  ქვეყნის ურბანული გარემო და ლანდშაფტი საქართველოს სახის, ე.წ. იმიჯის,  ტოტალურ ცვლილებას - „რე-ბრენდინგს“ დაექვემდებარა.  საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასა და მის  „რე-ბრენდირებულ იმიჯს“ შორის შეუთავსებლობა სწორედ აქ იჩენს თავს.
„რე-ბრენდირების“ ამ პროცესში ხელისუფლებას გამორჩა ქართული იდენტობის განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი წახნაგი - მისი მაღალ-ღირებული, ორიგინალური და აუთენტური კულტურული მემკვიდრეობა. ქართული ესთეტიკა სრულიად უნიკალურია მსოფლიო მემკვიდრეობაში, მოიცავს რა დასავლეთ-ევროპულ ნიშნებს, მისი წარმომავლობა ბევრად უფრო კომპლექსურია.   ქართული ესთეტიკის განსაზღვრა რთულია ათასწლეულების განმავლობაში მასში ასახულ სტილთა მრავალფეროვნების გამო.
მაგრამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას ისევე, როგორც მის მნიშვნელოვანებას,  ალბათ, სწორედ ის განაპირობებს, რომ მდებარეობს რა მსოფლიოს ერთ უნმიშვნელოვანეს გეოგრაფიულ გზაჯვარედინზე, მას აქვს თვისება, გააერთიანოს და შეითვისოს გავლენათა მულტიკულტურული კონვერგენცია.
მაგალითისთვის ძველი თბილისი ავიღოთ, სადაც ძველი ქუჩების მთა-გორიან სტუქტურას მიყოლებული მე-19 საუკუნის ხის აივნიანი სახლები ძველ ქარვასლათა რიგს, ისტორიულ სინაგოგას, ეკლესიებსა და ადრეულ ზოროასტრულ ქვის ტაძარს ეთავსება. 
ძველი ქალაქი, ევროპის დედაქალაქების მსგავსი, თავისუფლების ღია მოედნისა და რუსთაველის გამზირის მოგვიანო პერიოდის განაშენიანებით ვრცელდება,  რის გამოც, ქალაქს, მე-19 საუკუნის შუა ხანებში „კავკასიის პარიზი“ ეწოდა.  ეს სახელი ქალაქის კოსმოპოლიტურ,  არაერთმნიშვნელოვან და, ამასთანავე, ეგზოტიკურ ბუნებას გულისხმობს, და, იმავდროულად, კავკასიის რეგიონში მის უნიკალობას უსვამს ხაზს - იმ თვისებებს, რომელთა მნიშვნელობის წარმოჩენა სწორედაც რომ უნდა მომხდარიყო ხელისუფლების მიერ ქვეყნის საერთაშორისო სცენაზე წარდგენისას. 

2

2008 წლის  აგვისტოს  ომის  გავლენა  კულტურული  მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკასა და ევროკავშირისა და ნატოში გაწევრიანების პროცესზე

მსხვერპლისა და ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი გართულებების გარდა, აგვისტოს ომის სამწუხარო მემკვიდრეობა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კამპანიების შედეგების შესუსტებაც იყო, რაც კონფლიქტის პირდაპირ რეზულტატად უნდა ჩაითვალოს.
აღმოჩნდა რა, რომ გაწევრიანება ომის შემდეგ იმაზე უფრო შორეული მიზანი გახდა, ვიდრე ეს ომამდე იყო,  ხელისუფლებამ კანდიდატობისთვის აუცილებელი სამართლებრივი ნორმების იგნორირება დაიწყო. მაგალითად, უგულვებელყოფილ იქნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოდერნიზების, პროგრესისა და უცხოური ინვესტიციების სახელით. მცდარი იქნებოდა იმის დაჯერება, რომ პრეზერვაცია ვერ შეეთავსებოდა ამ მიზნებს. მეტიც, ევროკავშირში შემავალი ისტორიული ცენტრები არასოდეს დაუშვებდნენ კულტურული მემკვიდრეობის უგულებელყოფას ან მის მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას. ამ გაიგივების უკან დგას ომის შემდეგ დისკრეციული ფინანსების მასიური შემოდინება ქვეყნის დასახმარებლად. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ კრიტიკულ დამოკიდებულებას საჭიროებს ის ქვეყნები, რომელთაც არ აქვთ ჩამოყალიბებული ომისშემდგომი დაფინანსების განკარგვის კრიტერიუმები.

3

ამ ორივე რეალობის - მართვის ნორმების არარსებობისა და თავისუფალი, უკონტროლო ხარჯვის - შედეგი ბაგრატის კათედრალისა და მცხეთის ისტორიული ძეგლების შემთხვევებში ჩანს. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი (შესაბამისად, 2009 და  2010 წლებიდან) ეს ორივე ძეგლი  ახლა საფრთხეშია შეუსაბამო რესტავრაციისა და ისტორიული აუთენტობის მიმართ ჩადენილი სერიოზული კომპრომისების გამო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნუსხაში შეტანილ სამ ქართულ ძეგლთაგან ორი ახლა ამ სიიდან ამოღების საფრთხის წინაშე დგას. 
პოლიტიკის ცვლილებაზე საუბრისას განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბაგრატის კათედრალის გუმბათის რეკონსტრუქცია, რომელიც ომამდე, 2007 წელს დაიწყო. სააკაშვილმა წარადგინა  გუმბათის რეკონსტრუქციისა და ტაძრის გადახურვის წინადადება. ტაძრის აღდგენა სიმბოლურად დავით აღმაშენებლის მიერ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაერთიანებასა და საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის  გამაერთიანებელ სტატუსს უკავშირდებოდა. ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ მასშტაბური რესტავრაციისათვის ხელისუფლების მიერ ქრისტიანობის ამ უმნიშვნელოვანესი სიმბოლოს, საერთაშორისო პოზიციის მქონე ძეგლის შერჩევა, აგრეთვე, ევროკავშირისა და ნატოს კამპანიის ნაწილი იყო.
თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა (ევროპისა და შუა აზიის გზაჯვარედინი) და სამი, უმეტესწილად, ისლამური მეზობლის - თურქეთის, ირანისა და აზერბაიჯანის გამო, ქრისტიანობა მეტად დააკავშირებდა საქართველოს დასავლეთ ევროპასთან. 
არაერთი ადგილობრივი პროტესტისა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის ჩარევის შემდეგ, საერთაშორისო მოლაპარაკებები შეთავაზებული სამუშაოების მართებულობის შესახებ შენელდა. 2008 წლის ივლისამდე, ზუსტად ომამდე, ძეგლზე მნიშვნელოვანი სამუშაო არ ჩატარებულა, რამდენადაც მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. თუმცა, ომის შემდეგ, ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიული საზოგადოების რეკომენდაციების მიუხედავად, ხელისუფლებამ სამუშაოები განაახლა.


4

მეორე ცვლილება მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკაში საბჭოთა პერიოდის სიმბოლოების აკრძალვა და შენობებიდან მათი მოცილება-ჩამოხსნის წინადადება იყო. ამ პოლიტიკით ხელისუფლება ცდილობდა ისტორიის ხელახლა დაწერას - გადაწერასაც და საქართველოს ისტორიიდან მისი  ერთი პლასტის ამოღებასაც. თბილისის არქიტექტორმა, ვლადიმერ ვარდოსანიძემ BBC- ს განუცხადა, რომ ეს პოლიტიკა „წარსულის გაწმენდის“ მცდელობა იყო. მანამდე, სანამ საბჭოთა სიმბოლოები და შენობები არ დაექვემდებარება გრძელვადიან დაცვას, როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ყოველი მათგანი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, ვიდრე მათზე გამოსახულ სიმბოლოებს მოხსნიდნენ ან მათ დაანგრევდნენ.
საბჭოთა პერიოდში ცნობილი ქართველი არქიტექტორების მიერ ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი შენობაა აგებული,   რომლებიც დაცული უნდა იქნას. საკითხავია, თუ რა არის ამ პოლიტიკის მოტივაცია - ის ხომ არა, რომ უფრო ევროპული გამოჩნდე და პოსტ-საბჭოთა ქვეყნად ყოფნის ხანგრძლივი სტიგმა მოიშორო?
ომის შემდგომ  ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და უცნაურ ფაქტად არქიტეტურაში არ ნუვოს სტილის „გამოყენება“ გამოიკვეთა. არ ნუვო  მე-19 საუკუნის ბოლოს იქმნება ევროპაში და თბილისშიც ვრცელდება. ადრე ეს სტილი ზედმეტად „მოდერნულად“ თუ არა-საკმარისად „ქართულად“ მიიჩნეოდა საიმისოდ, რომ მის დასაცავად სერიოზული ძალისხმევა გამოეჩინათ. ნესტან თათარაშვილი, წლების მანძილზე, ინდივიდუალურად, ფაქტობრივად, მარტო ცდილობდა, რომ წინ წამოეწია არ ნუვოს პრეზერვაციის საკითხი საქართველოში. ირონიულად ჟღერს, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, სააკაშვილმა სწორედ ეს სტილი შეარჩია ახალი ნაგებობების დიზაინისთვის. ეს ტიპური დასავლური სტილია და საქართველოს ისტორიის იმ პერიოდს წარმოადგენს, როდესაც ქვეყანა „კავკასიის პარიზად“ იწოდებოდა, ეს საბჭოთა ოკუპაციამდე იყო. ამ სტილის მიმართ განახლებული ინტერესის გარდა, გაჩნდა მეორე საინტერესო ხაზი რუსთაველის გამზირზე მდებარე ახალ ნაგებობსა და ბათუმის ახალ მშენებლობებში - პოსტ-მოდერნული „წესით“ ახალი საუკუნის ელემენტების გამოყენება.  

56

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის როლის შესაძლებლობის გამოყენება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ იდენტობას, თბილისს გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონალური თავისებურებებით გამორჩეული არქიტეტურა ქმნის. ეს თავისებურებები და მრავალფეროვნება საქართველოს უძლიერეს რესურსად უნდა განიხილებოდეს; ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კამპანიის დროს სწორედ ამას უნდა გაესვას ხაზი,  დასავლეთ ევროპული სტილის დანერგვის, არაპროფესიული სარესტავრაციო მცდელობებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის კანონების უგულებელყოფის საპირისპიროდ.

7

ნამდვილად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ჯერაც შეუცვლელი, მძლავრი წყაროა საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისა და განვითარებისათვის. მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა გადასახედია მართვისა და სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, რათა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის მომგებიანი რესურსის სრულად გამოყენება,  გარდა იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობაზე ზრუნვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნაციონალური ისტორიისა და იდენტობის დასაცავად, იგი, მთელი ქვეყანის მასშტაბით, უზარმაზარი რესურია საქართველოს ეკონომიკის სამომავლო წინსვლის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

2011 წლის ოქტომბერი

ტექსტი ინგლისურიდან თარგმნა ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა თეა ტაბატაძემ

ნანახია: 11990-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani