Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ქართული პროფესიული მხატვრული მინის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიისათვის

There are no translations available.

სოფიო ჩიტორელიძე

მინის წარმოებას საქართველოში უძველესი ტრადიცია აქვს, რასაც ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არაერთი არტეფაქტი ადასტურებს. არქეოლოგიურ მასალაში გვხვდება როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტული ნივთები. მათ შორისაა დეკორატიულ-გამოყენებითი ფუნქციის ნიმუშები და მონუმენტურ-სივრცობრივი დანიშნულების არქიტექტურის გასაფორმებელი დეტალები. მინის წარმოებას საქართველოში, როგორც ჩანს, ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა. შუა საუკუნეების შემდგომი ისტორიული ძნელბედობის ჟანმს, წარმოების ბევრი ცენტრი სრულიად გაქრა და დაიკარგა ტექნოლოგიური დამუშავების ბევრი მეთოდიც. ეს პროცესი, ფაქტობრივად, XX საუკუნის შუა წლებამდე გაგრძელდა.
1-1
თანამედროვე ქართულ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების პროფესიული დარგების ჩამოყალიბებას და განვითარებას ახლად დაარსებულ თბილისის სამხატვრო აკადემიაში XX ს-ის 20-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. 1927 წელს, ქანდაკების ფაკულტეტთან კერამიკის განყოფილება გაიხსნა, რომლის ბაზაზე მალევე კერამიკის ფაკულტეტი შეიქმნა. ხოლო 1950-იანი წლების ბოლოს, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების კათედრის დაარსებას  სხვადასხვა მიმართულების განყოფილებებისა და სპეციალობების გახსნა მოჰყვა. მათ შორის, 1959 წელს ჩამოყალიბდა ქსოვილების მხატვრული გაფორმების, ტანსაცმლის მხატვრული მოდელირების, ხის და ლითონის ნაკეთობათა და სამრეწველო ხელოვნების განყოფილებები. 1962 წლიდან პლასტმასის მხატვრული დამუშავების განყოფილებასთან მინის მხატვრული დამუშავების განყოფილებაც დაარსდა, რომელიც 1964 წლიდან კერამიკის კათედრას დაექვემდებარა. კათედრას მხატვარი-კერამიკოსი გიორგი (გოგი) ქართველიშვილი ხელმძღვანელობდა. სათანადო კვალიფიკაციის მიღების შემდეგ, მინის მხატვრული დამუშავების პედაგოგებად კათედრაზე მოიწვიეს მოქანდაკეები: თეიმურაზ (თენგიზ) გიგაური და გივი მიზანდარი, ტექნოლოგად - დოცენტი ალექსანდრე ფიცხელაური, ხოლო 1967 წლიდან, მოსკოვის უმაღლესი სამხატვრო სამრეწველო სასწავლებლის (ყოფილი სტოგანოვი) ასპირანტურის დამთავრების შემდეგ - კერამიკოსი შოთა ციციშვილი. ასევე, კერამიკის ექსპერიმენტული სახელოსნოდან გადმოყვანილ იქნა კერამიკოსები შოთა ნარიმანიშვილი და ცოტა მოგვიანებით, 1978 წლიდან გივი ფაჩუაშვილი. 1971 წლიდან სტუდენტთა პრაქტიკული მეცადინეობისათვის აკადემიაში მოეწყო მცირე მასშტაბის მინის დასამუშავებელი სახელოსნო, სადაც მუშაობა დაიწყეს აკადემიის მინის განყოფილების ახალკურსდამთავრებულმა მინის მხატვრებმა: სახელოსნოს გამგედ - ჯემალ ჩხაიძემ, ოსტატებად - ბიძინა სიჭინავამ, ჟუჟუნა რუსიამ, ნანა ხეჩუაშვილმა და ტექნოლოგად  - ოლღა ქუთათელაძემ.ციციშვილი შ. „ქართული მინის განვითარებისთვის საქართველოში“. ძიებანი ქართულ სახვით ხელოვნებაში, თბილისი 1980. გვ. 93  
ასე ჩაეყარა საფუძველი საქართველოში ქართული ეროვნული მინის ახალ სიცოცხლეს, მის აღორძინებას, რომლის ინიციატორებად და დამაარსებლებად აკადემიის მაშინდელი რექტორი, პროფესორი აპოლონ ქუთათელაძე და პროფესორი დავით ციციშვილი უნდა ჩაითვალონ.
2-2
მინის მხატვრული მრეწველობა, ისევე, როგორც დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სხვა დარგები, ომისშემდგომ წლებში, მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით რეკონსტრუქციის გზას დაადგა, რომლის წარმოების გეოგრაფია დასავლეთ უკრაინისა და ბელორუსიის ოლქების შემოერთების შედეგად, მკვეთრად გაიზარდა. საბჭოთა მინის წარმოებას შეუერთდა ბელორუსიაში არსებული ქარხნები „ნემანი“ და დერჟინსკის სახელობის მინის საწარმო, დასავლეთ უკრაინის ქარხნების ჯგუფი - ლვოვის, სტრიის, ნესტეროვის და სხვები. ბალტიისპირეთში ჭურჭლის გამოშვება ტალინის ქარხანა „ტარბეკლაასში“, ხოლო რიგაში - ილგუციემის ქარხანაში ფოკუსირდა. მინის ქარხნებმა კიევში, ასევე მინისტარის საწარმოებმა: არზინის  (ერევანთან ახლოს), ტულონის (ირკუტკსკასთან ახლოს), როსტოვის, ტაშკენტის (ქარხანა „მიკონდი“) და მათ შორის ქუთაისის ქარხანამ და სხვებმა სორტირებული მინის  ჭურჭლის გამოშვება დაიწყო.
საწარმოებში მინის ნაწარმის რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, მხატვრული მინის წარმოების საკითხიც დაისვა. შესაბამისად,  მინის ქარხნებთან სამხატვრო ლაბორატორიის ჩამოყალიბების საჭიროება გაჩნდა, რამაც, თავის მხრივ,  მინის მხატვრების კადრების მძაფრი მოთხოვნილება განაპირობა. პროფესიულ კადრებს გამოყენებით-დეკორატიული ხელოვნების მიმართულებით, ამ დროისათვის,  მოსკოვის გამოყენებითი და დეკორატიული ხელოვნების ინსტიტუტი ამზადებდა. მინის მხატვრულად დამუშავების სპეციალური კათედრა II მსოფლიო ომამდე  ტალინის სამხატვრო ინსტიტუტში არსებობდა. ხოლო 1953 წელს, მინის კათედრა ა. ლ. შტიგლიცის სახ. ლენინგრადის ხელოვნებისა და მრეწველობის სახელმწიფო აკადემიაშიც ჩამოყალიბდა. 1960 წელს მსგავსი კათედრა მოეწყო უმაღლეს მხატვრულ-საწარმოო სასწავლებელში (ყოფილი სტოროგანოვი) მოსკოვში, ხოლო 1962 წელს - ლვოვში და თბილისში.Советское декоративное искусство 1945-1975. М.: «Искусство», 1989. Стр. 128-129
3-3
თბილისის სამხატვრო აკადემიაში მინის განყოფილება 1964 წლიდან რექტორ აპოლონ ქუთათელაძის ინიციატივით კერამიკის კათედრას დაექვემდებარა და იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკისა და მინის წარმოების კათედრად იწოდებოდა.  1971 წელს აკადემიაში გახსნილმა მინის სახელოსნომ, სადაც მცირე ზომის მინის სახარში ღუმელიც არსებობდა, გარკვეულწილად, შეუწყო ხელი აღნიშნული დარგის განვითარებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ისეთი დარგისთვის, როგორიც მინის წარმოებაა, რომელიც მძლავრ, გამართულ ტექნიკურ ბაზას მოითხოვს, ეს საკმარისი ვერ იქნებოდა, შესაბამისად, სამხატვრო აკადემიაში სწავლის პროცესი უფრო თეორიული მიმართულებით მიმდინარეობდა. მასალის ტექნოლოგიური თვისებების გაცნობა-ათვისება, მინის ნიმუშების მასალაში განხორციელება, მხატვრებს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მინის წარმოებით ცნობილ ქარხნებში უხდებოდათ. აქედან გამომდინარე, ნაკეთობების უმრავლესობა, მათ შორის საკურსო და სადიპლომო ნამუშევრები, ძირითადად, იქ მზადდებოდა. ამასთან დაკავშირებით, მინის მხატვარი, დარეჯან ჭილაშვილი იხსენებს: „მეორე კურსზე ვიყავით და ჩვენ სწორედ ამ დროს ვიწყებდით ამ საინტერესო დარგის გახსნას. მაშინ არც კი ვიცოდით არაფერი მინის ტექნოლოგიის შესახებ  და რექტორ აპოლონ ქუთათელაძის ძალიან დიდი მონდომებითა და ძალისხმევით ჩვენ, მინის ფაკულტეტის სტუდენტები, წავედით ლვოვში შემოქმედებით-სასწავლო პრაქტიკაზე. ლვოვში არის ფერადი მინის ვიტრაჟების კომბინატი, სადაც ქარხნის შემოქმედებით სახელოსნოში სამუშაოდ საბჭოთა კავშირისა და მსოფლიოს მასშტაბითაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიოდნენ მინის მხატვრები. აპოლონ ქუთათელაძემ შეძლო, რომ აკადემიის ხარჯებით გავეშვით სტუდენტები პრაქტიკაზე. ჩვენთან ერთად იყო ბატონი შოთა ციციშვილი. იქ ძალიან ბევრი რამ ვნახეთ და უცებ მივხვდით, რა არის მინა. ქაღალდზე ესკიზის ხატვა - ეს, რა თქმა უნდა, არაფერია. მაშინ დავინახეთ ამ მასალის ძალიან დიდი მხატვრულ-ესთეტიკური შესაძლებლობა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ  თითოეულმა უდავოდ დიდი ნაბიჯი გადავდგით ჩვენს შემოქმედებაში. ეს შემოქმედებითი პრაქტიკები, ფაქტობრივად, მინის ტექნოლოგიისა და დარგის ძირითადი მხატვრული პრინციპების ათვისების საშუალებას იძლეოდა“.  
4-4
მხატვრული მინის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივი წარმოების განვითარებას, სადაც მხატვრები მინის მასალით მუშაობას შეძლებდნენ. გარკვეული როლი, ამ მიმართულებით,  ქუთაისის მინისტარის ქარხანამ შეასრულა, სადაც 1960 წელს ბროლის ჭურჭლისა და თეთრი ფიგურული მინების წარმოება დაიწყო. ქართული მინისა და ბროლის წარმოებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი ნედლეულის შესწავლა და მისი  წარმოებაში დანერგვა. ამ მიზნით, საშენ მასალათა მრეწველობის სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტში, აღნიშნულ წლებში, ადგილობრივი მასალის ინტენსიური შესწავლა დაიწყო და ცდების შედეგად გამოიკვეთა, რომ კვარცის ქვიშის საბადოებიდან, რომლებიც მრავლადაა წარმოდგენილი ჩვენს ტერიტორიაზე (ზესტაფონის, მარნეულის, დმანისის, ყაზბეგის, დუშეთის, ონის რაიონებში, აგრეთვე, აჭარაში, აფხაზეთში, სვანეთში), სპეციალური დამუშავების (მასალის გამდიდრებითა და მავნე მინარევების მოშორების გზით) შემდეგ შესაძლებელი იყო  ე. წ. თეთრი მინის მიღება. 1950 -ანი წლების ბოლოს ჩატარებული ცდების შედეგად,  პირველი ქართული ბროლი დაამზადეს, დადგინდა სათანადო ტექნოლოგია და  ქართული ბროლის საცდელი ნიმუშებიც გამოუშვეს.
5-5
ქართული ბროლის ჭურჭლის საწარმოებლად აქვე მუშაობა დაიწყო ახალმა საამქრომ, რომელიც სპეციალურად იქნა მოწყობილი, სადაც აიგო ბროლის სახარში ქოთნიანი ღუმელი (სამასი კილოგრამის წარმადობით დღეში). გაიმართა საწარმოო ხაზები  ნახევრადფაბრიკატებიდან დაწყებული, სრულქმნილი ჭურჭლის გამოშვებით დამთავრებული. აქვე ხდებოდა ნაწარმის საბოლოო  გაწმენდა-გაპრიალება და სხვადასხვა ორნამენტით მხატვრული გაფორმება. ბროლის დამზადების რთული ტექნოლოგიური პროცესების შესასწავლად და კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, 1960 წელს ბროლის წარმოებით ცნობილ ქარხანაში „გუსხრუსტალში“ მივლინებული  იყო ქარხნის პერსონალი.მათ შორის სხვადასხვა სპეციალობას დაეუფლნენ: ოსტატი ს. უგრეხელიძე - შეისწავლა მინის მხარშავის სპეციალობა, ბ. სოფრომაძე და ი. ზანთარია დაეუფლნენ მინის ამოღება-დამუშავებას, ო. ჩადუნელი - მინის წახნაგების გაკეთებას, ჯ. ლომთაძე -  მხატვრულ გაფორმებას და ა. შ. სხვადასხვა დროს ქარხნის სპეციალისტები მივლინებაში იყვნენ, აგრეთვე, მოსკოვში, კიევში და სხვაგან, სადაც კონკრეტულად გაეცნენ ბროლის ჭურჭლის დამზადების გამოცდილებას და მასის გადამუშავების ტექნოლოგიას. იხ. ირაკლიშვილი, გ., სწრაფი ტემპით წავმართოთ მზადება ბროლის ჭურჭლის გამოშვებისათვის. გაზ. სტალინელი. 1960 წლის 19 ივნისი.
თანამედროვე პროფესიული ქართული მხატვრული მინის პირველ ნიმუშად კი, 1958 წელს მხატვარ შოთა ციციშვილის მიერ  შექმნილი ბროლის დეკორატიული ლარნაკია  მიჩნეული (ვ. ი. ლენინის სილუეტით), რომელიც იმავე წელს მოსკოვში, ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების მეორე დეკადაზე სახვითი ხელოვნების ექსპოზიციაში გამოიფინა. შოთა ციციშვილის ბროლის მეორე მონუმენტური დეკორატიული ლარნაკი (ვ. ი.ლენინის პორტრეტით) ქუთაისის მინისა და ბროლის ქარხანამ ჩამოასხა. 1960-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ქუთაისის საწარმოში არაერთი საკურსო თუ სადიპლომო ნაშრომი განახორციელეს მინის მხატვრებმა. მათ შორის აქ შეიქმნა მხატვარ ვალენტინა სოლნიშკინას „სერვიზი“, მხატვარ დარეჯან ჭილაშვილს „ნაყინისა და გამაგრილებელი სასმელების სერვიზი“, მხატვარ ნოდარ აფციაურის კონიაკის სერვიზის კომპლექტი „მზე“ და სხვა.
6-6
1960-იანი წლებიდანვე მინის განვითარება ორი მიმართულებით წარიმართა. ძირითადი აქცენტები მიმართული იყო საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ფორმებისა (იური წერეთლის და ალექსანდრე მინასიანის - „სერვიზები“, ზელიმხან კობიძის - „ღვინის სერვიზი“), და დეკორატიული ლარნაკების შექმნაზე (რობიზონ იმერლიშვილი - „დეკორატიული ლარნაკების კომპლექტი სპორტულ თემებზე“, იური კასრაძესა და რეზო ფერაძეს - „დეკორატიული ლარნაკები“). ძიებები წარიმართა ვიტრაჟული ხელოვნების განხრით (მზია გვეტაძე - ვიტრაჟი „განთავისუფლებული ვიეტნამი“, მედეა იაკობიშვილი - „ქართული ანბანის შემქმნელი ფარნავაზ მეფე“, ია არდიშვილი - ვიტრაჟი „დედობა“ და სხვ.).ნაციაშვილი ს., ბროლ-მინა საცნობარისა ... გაზ. სამშობლო, 1974 წლის იანვარი.
მასალის თვისებიდან გამომდინარე (იგულისხმება მექანიკურად ადვილად დაზიანება, მასალის სიმყიფე), მხატვრული მინის ადრეული ნამუშევრებიდან არც თუ ბევრი ნიმუშია დღემდე შემორჩენილი. მხატვრულ ფონდში დაცული ნამუშევრების დიდი ნაწილი მხატვრის სახლთან ერთად განადგურდა. ნაწილი სადიპლომო ნამუშევრებისა დაცულია სამხატვრო აკადემიის მუზეუმში და დაახლოებით 470 ერთეული მინის ექსპონატი ინახება ეროვნული გალერეის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მინა-კერამიკის ფონდსაცავში. აქ წარმოდგენილი ნაკეთობებით შესაძლებელია გარკვეული, უფრო ნაწილობრივი წარმოდგენა შეგვექმნას მხატვრული მინის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ, იმ ტექნოლოგიურ თუ მხატვრულ-სტილისტურ ძიებებზე, რასაც მინის მხატვრები ამ პერიოდში მიმართავდნენ. კოლექცია მოიცავს 1960-იანი წლების ბოლოდან - 1990-იანი წლებამდე შესრულებულ ნაკეთობებს. ძირითად ნაწილს საყოფაცხოვრებო ჭურჭელი და დეკორატიული ლარნაკები შეადგენს. წარმოდგენილია დეკორატიული ფორმებიც.
ნიმუშები შესრულებულია ბროლისა და მინის მასალით, წამყვანი როლი  ფერადი მასალის გამოყენებას უკავია. ტექნოლოგიური დამუშავების მხრივ გამოყენებულია როგორც ცხელი, ისე მასალის ცივი დამუშავების მეთოდები. ნიმუშებზე ორნამენტები დატანილია ალმასური კვეთით, გრავირების, დაწამვლის და ფერწერული ხერხებით. ორნამენტული სახეები, ძირითადად, გვხვდება უფერული მინისა და ბროლის მასალაზე.
როგორც კერამიკოსი ნანა კიკნაძე აღნიშნავს: „პირველ ეტაპზე მინის ნაკეთობები ფორმებითა და დეკორირების ხასიათით ტრადიციული ქართული კერამიკისა და ლითონის ნამუშევრებთან გარკვეულ მსგავსებას ავლენდა, რაც, ერთი მხრივ, მინისთვის ეროვნული ხასიათის მიცემის სურვილით და, მეორე მხრივ, მასალის შესაძლებლობების ნაკლები ცოდნითა და საწარმოო პირობების არარსებობით აიხსნებოდა“. მსგავსი ტიპის ნიმუშად შეიძლება დავასახელოთ შოთა ნარიმანიშვილის დოქები, რომლებიც, როგორც ფორმით, ისე დეკორით და შეფერილობით, ერთი შეხედვისთანავე კერამიკულ ჭურჭელთან ასოცირდება.  
როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ამ პერიოდის ნამუშევრების უმეტესობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკების მინის ქარხნებში სრულდებოდა და ახალბედა მხატვრებისთვის, რომლებიც, ფაქტობრივად, იქ სწავლობდნენ და ეცნობოდნენ მინის ტექნოლოგიურ და მხატვრულ შესაძლებლობებს, იქაური ნამუშევრების გავლენა გარდაუვალიც კი იყო, რაც განსაკუთრებით ადრეულ მინის ნამუშევრებზე  ნათლად ჩანს.
მომდევნო, 1970-იანი წლების ბოლოსა და 1980-იან წლებში, დეკორატიული ფორმის ჭურჭელში უკვე  ახალი შემოქმედებითი პროცესები შეიმჩნევა. თანდათან იკვეთება მასალის  ტექნოლოგიური  და მხატვრული დამუშავების ინდივიდუალური, ახალი მეთოდების შემუშავებისკენ სწრაფვა.  დეკორატიული ელემენტების გაძლიერების თვალსაზრისით,  მხატვრები, სულ უფრო ხშირად მიმართავენ მასალის პლასტიკური დამუშავების ხერხებს, რაც, უმეტეს შემთხვევაში, ფორმის დეფორმაციაში გამოიხატა. ჭურჭლის დეკორატიული ფორმის ათვისების შემდეგ, მინის ხელოვნებაში საფუძველი ჩაეყარა „ფორმადქმნადობის“ ახალ პრინციპებს, გააზრებულ იქნა მასალის ფერად-პლასტიკური თვისებები. სწორედ ფერად-პლასტიკურობა გახდა აღნიშნული პერიოდის ნამუშევრების მხატვრული გამომსახველობის მთავარი საშუალება. ამასთანავე, დეკორატიულ მოტივებში გაჩნდა ეროვნული თემები, რაც, თავის მხრივ,  1980-ანი წლების მხატვრული მინის კიდევ ერთი მახასიათებელია.
1980-იანი წლების დასაწყისში ქართული მინის ხელოვნებაში უკვე გამოჩნდა ინდივიდუალური ხელწერის მქონე ხელოვანები. აღნიშნულ წერილში ყურადღებას რამდენიმე მაგალითზე -  სამ მხატვარზე შევაჩერებთ.ავტორები შერჩეულია  დ. შევარდნაძის სახელობის სურათების გალერეის მინა-კერამიკის ფონდში დაცული ნამუშევრების მიხედვით. მათ შორის არის მხატვარი ბიძინა სიჭინავა, რომლის შემოქმედებას თვითმყოფადი ადგილი უკავია ქართული მხატვრული მინის ისტორიაში. იგი გამორჩეულ დონეზე ფლობდა მინის ტექნოლოგიური და მხატვრული დამუშავების მეთოდებს, რაც მის ადრეულ ნამუშევრებშიც გამოჩნდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მან თავად შეიმუშავა მინის მხატვრულად დამუშავების არაერთი ტექნოლოგიური ხერხი. მის სახელთანაა დაკავშირებული მინის ზედაპირის მოხატვა სპეციალური შემადგენლობის პასტით, რომელსაც შემდგომ ქვიშის შეფრქვევის ტექნოლოგიით ამუშავებდა. მსგავსი ტიპის ნამუშევრებს „ფერწერულობა“ გამოარჩევს. მხატვრის შემოქმედების საინტერესო ნამუშევარს წარმოადგენს გალერეის ფონდში დაცული დეკორატიული ფორმა „აბასთუმანი“. ნივთის ფორმას ყელისკენ მსუბუქად შევიწროებული ცილინდრული მოცულობა წარმოადგენს, რომელიც არაერთგვაროვნად გადმოკეცილი, დეფორმირებული ყელითაა დასრულებული. მსგავსი გადაწყვეტით მიღწეულია საერთო სილუეტის დინამიკურობა. თითქმის  გაუმჭვირ, რძისფერი მინის ზედაპირზე მკაფიოდ აღიქმება პირობით ფერებში (ლურჯი, წითელი) შესრულებული არქიტექტურული პეიზაჟი. მთლიანობაში, ნაკეთობაში ჩანს ახლებური მიდგომა იდეისა და შინაარსის გახსნის თვალსაზრისით. მთავარი თემაა საგანი და გამოსახულება, რაც მხატვარმა მინის დამუშავების განსხვავებული ტექნიკით გადაწყვიტა.
რევაზ (ჯუდუ) ფერაძის შემოქმედებას ერთგვარი პოეტური განწყობა გამოარჩევს. მისი ნამუშევრების მთავარი მახასიათებელი ძუნწი და, ამავდროულად, გამომსახველი დეკორია, სადაც არ არის საზღვარი ორნამენტსა და გამოსახულებას შორის, იგი ორგანულად ერწყმის ერთმანეთს. მხატვარი ხშირად მიმართავს გამჭვირვალე და ფერადი მინის შეპირისპირებით მიღებულ მხატვრულ ეფექტს, სადაც ასევე დატანილია გრაფიკული მანერით შესრულებული მცენარეული გამოსახულება. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა გალერეის ფონდში დაცული დეკორატიული საყვავილე ლარნაკი. ძოწისფერი მინის ნაკეთობის გამჭვირვალე ზედაპირზე ქვიშა-შეფრქვევით თეთრი პატარა, ნაზი ყვავილებია გამოყვანილი.
ყურადღებას შევაჩერებ მხატვრის მიერ შესრულებულ ლარნაკების კომპლექტზე - „ცისფერი კლდეები“. იგი 1981 წლის საუკეთესო ნამუშევრად იქნა დასახელებული. კომპოზიცია სამი განსხვავებული ზომის დამოუკიდებელი ფორმისგან შედგება. საგნების დეფორმაციითაა და უსწორმასწორო, ალაგ-ალაგ მომრგვალებულ, ალაგ-ალაგ წახნაგოვანი შვერილებით რთული სილუეტური გამოსახულება და მოცულობითად აქტიური ფორმაა შექმნილი. ბროლის მასალის ცისფერი და უფერული ფაქტურის შერწყმითა და, ამავდროულად, ერთგვარი შეპირისპირებით, გამჭვირვალობითა და ძლიერი სხივის არეკვლის ეფექტით, მასალის სახასიათო თვისებების მაღალი ესთეტიკური გამომსახველობაა მიგნებული.
ფერწერულ-პლასტიკური ძიების პროცესი ჩანს მხატვარ დარეჯან ჭილაშვილის შემოქმედებაში. მას თვითმყოფადი ხელწერა და ხედვა გამოარჩევს. ის, ძირითადად, გამობერვის ტექნიკით მუშაობს. თვლის რა „გამჭვირვალობას“ მინის მასალის მთავარ თვისებად, იგი ნიმუშებს ქმნის, როგორც უფერულ, ისე ფერად გამჭვირვალე მინაში, რომლებსაც, ხშირ შემთხევაშ,ი ფაქტურული ნაირგვარობა ახასიათებს. ნაკეთობებზე ფერწერული მეთოდის გამოყენებით ქართული მინის ხელოვნებაში, მან ერთ-ერთმა პირველმა  დაუდო საფუძველი ეროვნული მოტივების გამოსახვას. ამ ტიპის ნამუშევრებში ვხედავთ დეკორატიული და სახვითი საწყისების ერთგვარ შერწყმას. მაგალითად გამოდგება მხატვრის დეკორატიული კომპოზიცია „გელათის ფრესკები“. ეს არის უფერული გამჭვირვალე მინისგან შექმნილი დეკორატიული ფორმები. მინის ზედაპირის ფაქტურა დამუშავებულია ე. წ. კრაკლეს ტექნიკის გამოყენებით და მოხატულია მინის საღებავებით გელათის ფრესკებიდან  აღებული კომპოზიციების ფრაგმენტებით.
ფერწერულ-პლასტიკური გადაწყვეტით გამორჩეულია დ. შევარდნაძის სახელობის სურთების ეროვნულ გალერეაში დაცული მხატვრის კიდევ ერთი დეკორატიული კომპლექტი „ლილეო“. განსხვავებული ზომის ცილინდრული „წაგრძელებული“ ფორმების სვანური კოშკების კონსტრუქციასთან ასოციაციას საგნების თავზე შემოყოლებული „ქონგურები“ ქმნის. გამჭვირვალე ზედაპირზე ფერწერული მოტივები მოცემულია მსუბუქი, ესკიზური მანერით, ისინი აძლიერებენ ნამუშევრის ემოციურ განწყობას და მნიშვნელოვან ელემნტს წარმოადგენს თემის გახსნის თვალსაზრისით.  
1960-იანი წლებიდან მოყოლებული, არაერთი პროფესიონალი მინის მხატვარი გამოვიდა შემოქმედებით ასპარეზზე. მათი შემოქმედება თვითმყოფადობით, ფორმებისა თუ ტექნოლოგიური მრავალფეროვნებით ხასიათდება. შეიძლება ითქვას რომ, ქართული პროფესიული მხატვრული მინა ისეთივე მრავალმხრივი, მაღალმხატვრული და ეროვნული ხასიათის მატარებელია, როგორც დანარჩენი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დარგები. აღნიშნული წერილი მხოლოდ წინასწარული კვლევის შედეგია და  დ. შევარდნაძის სახელობის სირათების ეროვნულ გალერეაში დაცული რამდენიმე ნიმუშის ჩვენება-განხილვით შემოიფარგლება. აღნიშნული დარგის დაარსებისა და შემდგომი განვითარების ისტორია უფრო ღრმა შესწავლას და სათანადო პოპულარიზაციასაც კი საჭიროებს. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 1990-იან წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკურმა პირობებმა მინის მხატვრულ წარმოება მკვეთრად შეაფერხა და, ფაქტობრივად, დარგის არსებობის  საფრთხეც შექმნა.  ეს პრობლემა დღემდე აქტუალურია.

ნანახია: 2799-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani