Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ხელოვანის თვალით დანახული 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენები

There are no translations available.

მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების
ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი


პედაგოგის, მთარგმნელის, მხატვარისა და საზოგადო მოღვაწის ლადო (ვლადიმერ) ჯაფარიძის (1887-1981) მოგონებების წიგნში ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტებია დაფიქსირებული, რომლის მომსწრეც და თვითმხილველიც თავად გახლდათ. (ილ. 1)
1
2004 წელს გამოცემული წიგნი დავით მაჭავარიანისა და შოთა ხოდაშნელის მიერაა შედგენილი და ლადო ჯაფარიძის არქივში დაცულ ძალზე მნიშვნელოვან მასალებს გვაცნობს. ესაა მოგონებები და სხვადასხვა ტიპის ჩანაწერები, რომლებიც თავად ბატონი ლადოს ცხოვრების ნაწილია, ჩვენთვის კი უშუალო თვითმხილველისგან მოწვდილი, ისტორიული, დოკუმენტური ფაქტები.
ლადო ჯაფარიძის მამა მალაქია ჯაფარიძე ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ. მან ხუთი ვაჟი აღზარდა, რომელთა შორის უმცროსი საქართველოს სახლხო მხატვარი უჩა ჯაფარიძე იყო. ხატვისადმი განსაკუთრებული ინტერესი ბატონი უჩას უფროსი ძმებისთვისაც არ იყო უცხო. (ილ. 2)
2
შოთა ხოდაშნელის მიერ დართულ წიგნის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „1922 წელს, როდესაც საქართველოს სამხატვრო აკადემია გაიხსნა, ლადო ჯაფარიძემ სწავლა გრაფიკის ფაკულტეტზე დაიწყო. მასთან ერთად სწავლობდნენ: ვახტანგ კოტეტიშვილი (მისი ქალიშვილის ნათლია), ნიკოლოზ კანდელაკი, ელენე ახვლედიანი, ირაკლი თოიძე და სხვა ცნობილი მხატვრები. ლადომ, მართალია, გარემოებათა გამო აკადემია მიატოვა, მაგრამ მხატვრის ფუნჯი და ფანქარი არასოდეს გადაუდია გვერდზე“.
ლადო ჯაფარიძისა და მისი ტყუპისცალი ძმის გრიგოლის (გრიშა) სახელს უკავშირდება, შოთა რუსთაველის პორტრეტის ახლებური პროტოტიპის შექმნა, რომელიც პირველად 1912 წელს, გრ. დიასამიძის მიერ გამოცემულ გაზეთ „თემში“ დაიბეჭდა  და იმავე წელს პაოლო იაშვილის მიერ გამოცემულ ჟურნალ „ოქროს ვერძის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა. (ილ. 3)
3
1940-იან წლებში კი ეს პორტრეტი   ტირაჟირებული ღია ბარათების სახით გავრცელდა  და  საყოველთაო აღიარება მოიპოვა.
როგორც აღვნიშნეთ, ზემოთხსენებული წიგნი მრავალ საინტერესო ისტორას გვიყვება, მაგრამ მცირეტირაჟიანი გამოცემა ფართო საზოგადოებისთვის იოლად ხელმისაწვდომს არ ხდის მასალას. სწორედ ამ მიზეზით, გვინდა ჩვენი ელექტრონული ჟურნალის საშუალებით გავაცნოთ მკითხველს 1921 წლის თებერვლის მოვლენები, იმ თებერვლის, რომელსაც შეეწირა ჩვენი სახელმწიფოს, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობა და რომელსაც სრულიად გამრუდებული საბჭოური იდეოლოგიის წყალობით ლამის 80 წელი, „სიხარულით“ აღნიშნავდა არაერთი თაობა.
ვფიქრობთ ბატონი ლადოს ეს მცირე მოგონება გამოააშკარავებს და ნათელს მოჰფენს 1921 წლის 25 თებერვლის ისტორიის ტრაგიკულ ფაქტს და დაგვეხმარება საქართველოს ერთსაუკუნოვანი წარსულის სწორად გააზრებაში.
2021 წლის თებერვალი
(ილ. 4)
4
ლადო ჯაფარიძე
დამოუკიდებლობის დაკარგვა
1981 წ. თებერვალი
რა მდგომარეობა იყო თბილისში ამ სამოცი წლის წინათ, სანამ ბოლშევიკები შემოვიდოდნენ, - უფრო იმხანად, როცა ამიერკავკასიის კომიტეტი იდგა თბილისში და ქვეყანას დამოუკიდებლად მართავდა, რადგან მოსკოვთან თითქმის აღარ იყო ურთიერთობა.
იყო ერთი ამბავი, პარტიათა შეხლა-შემოხლა. ამას დაემატა უთანხმოებები ეროვნებათა შორისაც.
ამით ისარგებლა ომში დამარცხებულმა თურქეთმა და რუსეთის ჯარების მიერ დაპყრობილი ტერიტორია ბათუმიდან ტრაპიზონამდე, რომელიც უპატრონოდ მიატოვა ფრონტზე  მდგომმა ჯარებმა, თოფის გაუსროლელად  კვლავ დაიკავა და ძველ საზღვრებს მოადგა. ულტიმატუმიც გამოგზავნა,  ბათუმიც დაცალეთ, ის ჩვენიაო. გადაწყდა ოსმალეთთან მოსალაპარაკებლად დელეგაციის გაგზავნა, მაგრამ თურქეთმა, როგორც ამბობდნენ, ამიერკავკასიის დელეგაცია არ მიიღო, მე კავკასია არ ვიცი, მელაპარაკოს საქართველოს მთავრობაო. ამიტომ ამიერკავკასიის კომიტეტს გამოეყო საქართველოს წარმომაგდენლობა და საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
ამასთან ერთად ცალკ-ცალკე დარჩნენ სომხეთიც და აზერბაიჯანიც. აზერბაიჯანელები ბაქოში გაემგზავრნენ, ხოლო სომხეთის წარმომადგენლებმა მოულაპარაკებლად ერევანში წასვლა არ ისურვეს. ლაპარაკი ეხებოდა თბილისს, რომელიც მათი წინადადებით, თავისუფალ ქალაქად უნდა გამოცხადებულიყო, საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი იქნებოდა, ხოლო სომხეთის - ერევანი.
მაგრამ საქართველოს დელეგაციამ ძალიან შორს დაიჭირა ეს აზრი, დედაქალაქად თბილისი გამოცხადდა და დაიკავა სასახლე თავის ადგილსამყოფელად.
ამგვარად, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ოსმალეთთან მოლაპარაკება შესაძლებელი გახადა. მოგვარდა საზღვრების საკითხიც.
მთავრობის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს, როგორც ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი პარტიის ლიდერი. ირგვლივ უზომო სიხარული სუფევდა, ხუმრობა ხომ არ იყო: ერმა თოფის გაუსროლელად, უბრძოლველად და უსისხლოდ მოიპოვა თავისუფლება. მაგრამ ამას ხომ შენარჩუნება უნდოდა და აკი ყველაფერი კეთდებოდა საამისოდ... საზღვარგარეთ წავიდნენ რესპუბლიკის წარმომადგენლები - საგარეო სქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჩკორი და აკაკი ჩხენკელი, რათა იქ ე.წ. „უმაღლეს საბჭოში“ იურიდიულად ეცნოთ საქართველო, როგორც სახელმწიფო. გამოვუშვით საკუთარი ფული; შეიქმნა ჯარი და სხვა საჭირო სახელმწიფოებრივი ორგანოები... ავად თუ კარგად, ასე ვიცხოვრეთ სამ წელიწადს, დამოუკიდებლად, ჩვენივე თავის პატრონად. მაგრამ ამას ვერაფრით ვერ ეგუებოდნენ გარეშე მტრული ძალები. ყველაფერს აკეთებდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის ძირის გამოსათხრელად. გზავნიდნენ აგენტებს, ჯაშუშებს, აწყობდნენ ვითომ აჯანყების ინსცენირებებს... რაშიც თავი, განსაკუთრებით, ოსებმა გამოიჩინეს. მაგრამ მენშევიკური მთავრობა არ მოერიდა თავის სოციალისტობას და სასტიკად გაუსწორდა მათ, რომ იტყვიან - ცეცხლითა და მახვილით... ამას გარდა, აქტიურობდნენ დენიკინელები, მაგრამ მტრებმა ვერაფერი წაიღეს, პირიქით, გენერალ მაზნიაშვილის რაზმმა კრასნოდარამდე სდია მათ და კუდით ქვა ასროლინა... მოსვენება კი მაინც არ იყო: ახლა სომხებმა წამოყვეს თავი, ვითომ უსამართლო საზღვრის გამო და ფიცხლად შემოგვიტიეს, მაგრამ ჩვენმა ჯარმა ისინიც მოიგერია და დიდხანს სდია დამარცხებულს, სანამ ინგლისელები არ ჩაერივნენ და ჩვენს მთავრობას არ მოსთხოვეს ქართული ჯარის შეჩერება.
ერთი სიტყვით, მოუსვენარი და დაულაგებელი ცხოვრება იყო... თუმცა არც სხვაგან სუფევდა მშვიდობა, უფრო მეტიც, ე.წ. რევოლუციის შემდეგ რუსეთის მთელ იმპერიაში ისეთი უბედურება ტრიალებდა, რომ ყველა ისევ საქართველოსკენ მორბოდა, აქ ეძებდა შედარებით დაწყნარებულ ცხოვრებას და პოულობდა კიდეც. ვის არ ნახავდით თბილისის ქუჩებში, განსაკუთრებით, რუსებს - მწერლებს, მეცნიერებს, ხელოვნების მოღვაწეებს.
ჩვენი დამოუკიდებლობა ერთ-ერთმა პირველმა რუსეთმა ცნო. ჟორდანიამ გრიგოლ უროტაძე გაგზავნა ლენინთან. მან აღიარა საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ოფიციალურად მიიღო ჩვენი რესპუბლიკის ელჩი - გერასიმე მახარაძე. რუსეთის ელჩად თბილისში კიროვი გამოგზავნა. მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ევროპის სახელმწიფოების მიერ ცნობას და მართლაც, 1920 წლის დასაწყისში ასეც მოხდა.
ჩემს ქაღალდებში გრიშას გაგზავნილი წერილი აღმოვაჩინე. გრიშა იმხანად ოჩამჩირეში გიმნაზიის დირექტორი გახლდათ, მე თბილისში ახლანდენი პირველი მაისისახლა გია აბესაძისქუჩაზე ვცხოვრობდი და მომრიგებელ მოსამართლედ ვმუშაობდი. ბევრი რამე გამახსენა იმ წერილმა. მინდა მოკლედ გიამბოთ, დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო დღეებზე. 1919 წლის შემოდგომაზე მე ბაქოში წავედი სამუშაოდ ჩვენი რესპუბლიკის საელჩოში პირველი მდივნის თანამდებობაზე. გაბრიელ ხუნდაძე დაინიშნა იქ სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე გრიგოლ ალშიბაიას ნაცვლად და აღარ მომეშვა, - წამოდი და წამოდიო. გაბო ჩემი ამხანაგი იყო მოსკოვის უნივერსიტეტიდან, იშვიათი კეთილშობილი, უშიშარი ვაჟკაცი და შესანიშნავი ორატორი. ბოლშევიკი იყო, ლენინის მიმდევარი და მეგობარიც. ცნობილი იყო, როგორც ალექსეი მოსკოვსკი და პოპულარული გაუტეხელი მებრძოლი, ბაქოს „ბაილოვკის“ და მოსკოვის ბუტირკის ხშირი „სტუმარი“. ასე, რომ გამობრძმედილი რევოლუციონერი იყო და, თანაც, მეტად პოპულარული. მის ბინაზე მოსკოვში სტოლეშნიკოვის შესახვევში ხშირად იმალებოდა სტალინი.
საელჩოს „советник“-ად გაბომ მიშა ჩოჩია წამოიყვანა, ჩვენი საერთო ამხანაგი მოსკოვის უნივერსიტეტიდან, ხოლო საფინანსო განყოფილების გამგედ - მიშა გერმანოვიჩი, ქუთაისელი.
ბაქოში ჩვენი საელჩოს თანამშრომლები საბჭოთა დაწესებულებების კოლეგებთან შედარებით უკეთ ცხოვრობდნენ, რადგან ხელფასს იღებდნენ საქართველოს ვალუტით - ფულის ნიშნით, რომელიც საბჭოთა ფულზე მეტად ფასობდა და დიდი მოთხოვნილებაც იყო. ამიტომ მე იქ ჩემი ხელფასით ბევრი კარგი ნივთი შევიძინე და ზოგიერთივით კომერციული ნიჭი რომ მქონოდა, კიდევ უფრო მეტს შევიძენდი, მით უფრო, რომ წამოსვლისას ცალკე ვაგონი მომცეს, ხოლო ჩემს ბარგს თან ხელშეკრულების სათანადო საბუთები ახლდა. მე ამ უპირატესობით რასაკვირველია არ მისარგებლია და თბილისში დიდი სიხარულით ჩამოვედი, რადგან თავი ცოცხალი ჩამოვიტანე. არ დაგავიწყდეთ, მეთერთმეტე არმიის საქართველოს საზღვრისაკენ დაძვრისთანავე ბაქოში ჩვენი საელჩოს ყველა თანამშრომელი დააპატიმრეს და მხოლოდ თებერვალში გაანთავისუფლეს, როცა აქაც კომუნისტური ხელისუფლება დამყარდა.
თბილისში ჩამოსვლისას წარვუდექი საგარეო საქმეთა მინისტრს - ევგენი გეგეჩკორს, მოადგილეს კონსტანტინე საბახტარაშვილს გადავეცი ელჩის მოხსენება და პირადადაც მოვახსენე ჩვენი რესპუბლიკისადმი ბაქოს დამოკიდებულების შესახებ. სამინისტროში ბევრი კარგი მეგობარი მყავდა. ყველაზე უფრო ახლობელი იყო საშა აბაშელი (ჩოჩია), ჩვენი ცნობილი პოეტი, აგრეთვე, არტურ ლაისტი, დიდი ილიას მეგობარი გერმანელი მწერალი. თვითონ კ. საბახტარაშვილიც, - ის ხომ საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ფოთში ცხოვრობდა; ევგენი ხომ თავისთავად, როგორც ჩემს დროს მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი. მოკლედ, ყველა ახლობელი იყო. ყველას  დიდი შიში ჰქონდა ჩვენს რესპუბლიკაზე მეტერთმეტე არმიის თავდასხმისა. ნოე ჟორდანიას მთავრობა ყოველმხრივ ემზადებოდა ამისათვის და ხალხსაც ამზადებდა ფსიქოლოგიურად: კაციჭამია ბოლშევიკები უღმერთოები არიან და არავის ზოგავენო, რაც ნამდვილად იყვნენ. შიშით ყველანი ვცახცახებდით. კომუნისტების პროპაგანდა კი, პირიქით, მენშევიკებს აგინებდა, ჩვენ - მოსახლეობას, სამოთხის ბედნიერებას გვპირდებოდა, პირველ რიგში, პურის თეთრ ფქვილს. ეს უფრო იმიტომ, რომ ჩვენს მთავრობას პურის ფქვილი აკლდა და მოსახლეობისათვის უმეტესად სიმინდს იყენებდნენ, რასაც თბილისელები ცუდად ეგუებოდნენ. მაგრამ ბოლშევიკები ფქვილს საიდან მოგვიტანდნენ, როცა თვითონაც არ ჰქონდათ და მთელს რუსეთში შიმშილი მძვინვარებდა.
ნაიანვრევს დავბრუნდი ბაქოდან იმის გამო, რომ ვეღარ გავუძელი საშინელ პირობებს. „საშინელი“ იმიტომ იყო, რომ ახლად დამყარებული კომუნისტური რეჟიმი მკაცრდებოდა, ბაქო კი ვერ ეგუებოდა ცხოვრების ასეთ პირობებს, რაც ვერ წარმოედგინა მანამდე. ამიტომ ყველაფერი არეული და აშლილი იყო... ქალაქის მაშინდელი მდგომარეობა ენით არ აიწერებოდა: ყველაფერი ჩაბნელებული და ჩალეწილი, მაღაზიები დახურული, ბაზრებშიც არაფერი იშოვებოდა. ყველა გარბოდა ქალაქიდან, სად? საქართველოში, თბილისში, რომელსაც სამოთხეს ეძახდნენ. ნახევარი ბაქო ჩეკაში იჯდა - ზოგი სიმდიდრისათვის, ზოგი საბოტაჟისათვის, ვითომ სპეკულაციისათვის და, რა ვიცი, კიდევ რისთვის.  ჩეკა ნამდვილი რისხვა იყო ყველასათვის.
მეც კი დამაპატიმრეს, სრულიად უდანაშაულოდ, რასაკვირველია. როგორც მერე გამოვარკვიე: - თბილისში აზერბაიჯანის საელჩოს პირველი მდივანი  დაუპატიმრებიათ. სამაგიეროდ  (в отместку) ბაქოში გადაწყვიტეს, მე დავეპატიმრებინე - საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი. მაშინებდნენ კიდეც ჩეკაში, თქვენო, მძევლად გვყავხართ და რა სასჯელსაც ჩვენს მდივანს გამოუტანს საქართველოს ხელისუფლება, იმ სასჯელს მიიღებთ თქვენცო. ასე რომ, ჩემი ბედი ჩემზე კი არ იყო დამოკიდებული, არამედ სხვაზე. მე თუგინდ უდანაშაულო ვყოფილიყავი და „აბრაამის ბატკანი“, სასჯელს მაინც ვერ ავცდებოდი, თუ თბილისში დაპატიმრებულს დასჯიდნენ. ჰოდა, რა გული დამიდგებოდა ამის შემდეგ ბაქოში. ამიტომ, როგორც კი გამანთავისუფლეს, იმ დღესვე შევეხვეწე ჩვენს ელჩს, გაბრიელ ხუნდაძეს, გავეთავისუფლებინე სამსახურიდან.
ბაქოს კომუნისტები ძალიან ცუდად გვიყურებდნენ საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს; მათ წინააღმდეგ მებრძოლებად გვთვლიდნენ, თუნდაც იმისთვის, რომ სხვებთან შედარებით, ცოტად თუ ბევრად უკეთ ვცხოვრობდით, ბინა კარგი გვქონდა, ულუფებიც კარგი გვეძლეოდა და მზარეულიც ცალკე გვყავდა. თანაც, ჩვენი ფული დიდად ფასობდა და იქ ოქროს ვალუტასავით გადიოდა. თან, მშვენიერი მანქანაც გვქონდა, რომელზედაც ჩვენი ეროვნული ალამი ფრიალებდა. მანქანები ამ დროს მხოლოდ დიდი თანამდებობის პირებს ჰქონდათ.
ყველაფერი ეს ლურსმანივით ესობოდათ იქაურ მაშინდელ ხელისუფალთ თვალში და სულ მიზეზს ეძებდნენ ჩვენს წინააღმდეგ; გაზეთებში სულ საქართველოსა და მისი მთავრობის გინება ეწერა, - „ყვითელი“ საქართველოსი, სადაც „მუშებს სისხლის ღვარში“ ახრჩობდნენ „აწვალებდნენ“.
ბაქოს დაკავების შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგა. ორჯონიკიძე იმ დროს ბაქოში იყო  და მეთერთმეტე არმიით საქართველოზე გამოსალაშქრებლად ემზადებოდა. ის იქ არა მარტო სარდალი და კომუნისტების მეთაური, არამედ, ერთპიროვნული მბრძანებელიც ბრძანდებოდა.
მაგრამ საქართველოს, ანუ დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარს უმიზეზოდ ხომ ვერ გადმოლახავდა, არადა, საქართველოში შემოსვლა უზომოდ სწყუროდა. საზოგადოებას ფსიქოლოგიურად ამზადებდა: ვითომ საქართველოში მუშებს ავიწროებენ, აწამებენ და აჯანყება აჯანყებას მოსდევსო და ნუთუ მუშურ-გლეხური ხელისუფლება ასე გულგრილად უნდა მისჩერებოდეს მათ ტანჯვას. ჩვენი ლოზუნგი ხომ ერების თვითგამორკვევააო... ეს ლოზუნგი ჩვენს მუშებს დიდხანს ჰქონდათ საანეგდოტოდ, მათ შორის ასეთი ლექსიც: „თვითგამორკვევა ერების ლოზუნგად ჰქონდათ ქცეული, საქმით კი ყველა გასრისეს, ვინც ნახეს გამორკვეული.“ ასე მოუვიდა ჩვენს ქვეყანასაც, კრემლის ნებართვითვე, მეთერთმეტე არმია საქართველოსკენ დაიძრა.
მაშინვე მთელი ამერ-იმერი ფეხზე დადგა. დიდი, პატარა, მუშა თუ მრეწველი, პარტიული თუ უპარტიო, ყველა თოფ-იარაღს მოითხოვდა ფრონტზე წასასვლელად - თვით ბოლშევიკებიც კი, ქართველი ბოლშევიკები, რადგან მათაც სწამდათ, რომ ჯარებით ნამდვილი ბოლშევიკები კი არ მოდიან, რომლებიც ერის თავისუფლებისთვის იბრძვიან ყველგან და ყოველთვის, არამედ რუსები, და ისიც მხოლოდ შოვინისტური ნაწილი, შოვინისტები „დიდი და განუყოფელი რუსეთის“ „წარმომადგენლები“, რომლებიც ვერ ითმენენ რომელიმე ერის რუსეთიდან გამოყოფას. მუშებთან მათ არაფერი აქვთ საერთო და პირწავარდნილი იმპერიალისტები არიან.
ასე იყო თუ ისე, წამოვიდა მეთერთმეტე რუსის არმია. ორი კვირა გრძელდებოდა ბრძოლა. განსაკუთრებით გააფთრებით ქართველი მუშები იბრძოდნენ, იბრძოდა ახალგაზრდობა, მოწაფეებიც კი, ბიჭებიც, და გოგოებიც. თავს არავინ ზოგავდა. ნამდვილი სახალხო ბრძოლა გაუმართეს ოკუპანტებს. მე იმ დროს თბილისში ვიყავი და გულის ფანცქალით ვადევნებდი თვალს შექმნილ მდგომარეობას. ცოლ-შვილი გახიზნული მყავდა ქუთაისში და მთელი დღეები, ისე როგორც თითქმის ყველა თბილისელი, ფრონტიდან ახალი ამბების მომლოდინე რუსთაველის პროსპექტზე, სასახლის წინ ვიდექი. ფრონტზე კი გაცხარებული ბრძოლები მიმდინარეობდა. იმდენად გაცხარებული, რომ იყო მომენტები, როცა მტერი უკვე დამარცხებულიც კი გვეგონა. მახსოვს გაზეთი „Боръба“ - თბილისის იმდროინდელი რუსული გაზეთი - 20 თებერვლის  ნომერში წერდა: თუ როგორ დაამარცხეს ჩვენმა ჯარებმა კარზე მომდგარი მტერი: „Победа!“ - იყო სათაური ჩვენი გენერალური შტაბის ცნობისა.
მაგრამ მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ჩვენმა მცირერიცხოვნებამ ვერ გაუძლო რიცხვმრავალ მომხდურს. ისინი სხვადასხვა მხრიდან მოადგნენ რესპუბლიკის საზღვრებს. თვით მამისონის გადმოსავალიც კი არ დაუტოვებიათ გამოუყენებელი. იქ ჩვენი ჯარი არ იდგა, რადგან ბუნებრივად დიდი  თოვლით იყო გამაგრებული, რომლის გადმოლახვას არავინ მოელოდა.
ვთქვი, იმ დღეს თბილისში ვიყავი-მეთქი, და ჩემი თვალით ვიხილე ის ჯოჯოხეთი, რომელიც შემოსულებმა დაატრიალეს.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მოსახდენი მოხდა! მერე და მერე, რუსის ურდოებმა თბილისს აღა-მაჰმად-ხანი დაავიწყა.
გამოვედი ქუჩაზე, ირგვლივ სიცარიელეა. ბოლოს ერევნის მოედანზე რომ ამოვედი, ორიოდე უძილობისაგან  თვალებჩაღამებული მოხუცებული დავინახე, ერთს წითელი ქსოვილი შემოეხვია მკლავზე. მითხრეს ჯარებმა დატოვეს ქალაქი და სულ მალე რუსის ჯარები შემოვლენო. ესენი თურმე ჩემსავით შემორჩენილები ყოფილან და „სეირის“ საყურებლად მოსულან.
მე გულშემოყრილი ვიდექი და წასვლას არ ვაპირებდი. ან სად უნდა წავსულიყავი? სახლში? - სამსახურში ხომ სულ არავინ აღარ იქნებოდა. ვიდექი და ვუცდიდი ჯარების შემოსვლას. აქა-იქ გამოჩნდნენ ჩემსავით შემორჩენილები - ორი-სამი კაცი - და, ბოლოს, რუსის ქალების ერთი პატარა ჯგუფიც. დამლაგებლები იყვნენ თუ კერძო ოჯახის მოსამსახურენი, მხიარულად მოდიოდნენ პროსპექტის მხრიდან და მზესუმზირას აკნატუნებდნენ, ცხადია ჩენჩოს ქუჩაში აფურთხებდნენ. ძალიან გახარებულნი იყვნენ, - ეტყობოდათ და უცდიდნენ თავიანთი ძმების შემოსვლას. იცინოდნენ, ხარხარებდნენ ამ უსაზღვრო ნაღველითა და წუხილით შეპყრობილ გარემოში.
- Ха-ха-ха! А помнится Груня, ерти, ори, ერთი, ორი, - სიცილით ერთმანეთს ასკდებოდნენ.
ჩვენ - მე და ჩემსავით დამუნჯებული ის ორიოდე მოხუცი - ახლანდელი აღმასკომის შენობის წინ ვიდექით. ამ დროს ერთი ინტელიგენტი მოვიდა და ისიც ჩვენთან დადგა. რომ შემატყო დაღონება, გამომელაპარაკა. პოლონელი ვარო მითხრა. ისიც ძალიან შეწუხებული იყო - ჩემზე არანაკლებ, მაგრამ თავს ინუგეშებდა და მეც მარწმუნებდა, რომ სამ თვეში ჟორდანიას მთავრობა ისევ თბილისში იქნებაო. ესენი აქ მეტს ვერ გაძლებენო და უგუნურად მოხითხითე რუსის ქალებს ბრაზმორეული  მისჩერებოდა.
ამასობაში ახლანდელი ლესელიძის ქუჩიდან, რომელიც იმ დროს მეტად ვიწრო იყო, ცხენოსანთა რაზმი გამოჩნდა. დაღლილ-დაქანცულობისა და უძილობის გამო თვალებჩაღამებული მხედრები, განუყრელი ბუდიონოვკებით თავდამშვენებულნი, მშიერ-მწყურვალნი ძლივს მოლასლასებდნენ. ერთნაირ მაზარამოსილთაგან მეთაურს ვერ გამოარჩევდით. აღმასკომის წინ კიდევ მოეყარა თავი რამდენიმე კაცს. რაზმი მცირე ხნით აღმასკომის შენობის წინ შედგა და დაიძახა, -  Да здравсвтвует советская власть, ура! მაგრამ საპასუხო „ურას“ მთქმელი არავინ იყო, გარდა რამდენიმე რუსი ქალისა.
- Да здравсвтвует Советская Грузия! - დაიძახა ერთმა მათმა მეთაურთაგანმა და ჩვენც გამოვფხიზლდით. ცოტა მომეშვა გრუზია რომ ახსენეს. რუსის ქალებმა კი გაკვირვებაც გამოხატეს. ვინმე ეფიმოვი უსირცხვილოდ „იგონებს“ „Заря“-ს ფურცლებზე: „На улицах масса народа, красные флаги, много цветов, приветственные возгласы“ და რაც მთავარია, Повсюду радости! - გვარწმუნებს, თითქოს მართლა ვინმეს რამე უხაროდა, გარდა იმ მზესუმზირაჭამია რუსი გოგოებისა.
კარგა ხანს ვიდექი ქალაქის გამგეობის შენობის წინ, ჯარები თავის გზას  გაუდგნენ. მე სახლისაკენ წავედი, იქნებ ვინმე ნაცნობს გადავყროდი და გამეგო, რა უბედურება იყო ჩვენს თავს. ზოგი ამბობდა, ჩვენი ჯარები მცხეთის სიმაღლეებზე გამაგრებულანო და უბრძოლველად წითელ არმიას დასავლეთისაკენ არ გაუშვებენო, ზოგი კიდევ რას. პროსპექტზე დამფრთხალი ხალხი დაბორიალობდა. ამ დროს შევხედე და... „ზემელის“ მხრიდან რუსი ჯარისკაცების კონვოის  მოჰყავდა ჩვენი ჯარის ნაწილები, დატყვევებულნი. იქ ოფიცრებიც ერივნენ, მათ შორის ჩემი ნაცნობებიც. ისინი შტაბში მიჰყავდათ.
უაზროდ დავბორიალობდი ნახევრადდაცარიელებულ პროსპექტზე მთელი დღე და ნაცნობებთან გამოლაპარაკებისას ხავსივით ვებღუჭებოდი, ვინმე რამე საიმედოს თუ იტყოდა. იმ დღეს შევხვდი აბელ ენუქიძეს, თბილად ეცვა, თავზე ფაფახი  ეხურა, გვერდზე ვიღაც მოჰყვებოდა. გამაცნო. ალიოშა სვანიძე გამოდგა, შემდგომში ჩვენი რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი წევრი - ფინანსთა მინისტრი (სტალინის ცოლისძმა). აბელი, როგორც მითხრა, ნოე ჟორდანიასთან შესახვედრად ჩამოსულიყო, ლენინის დავალებით, მაგრამ ვეღარ ჩამოასწრო და იმავე დღეს ქუთაისისაკენ გაემგზავრა, იქნებ სადმე წამოსწეოდა.
ამონარიდი წიგნიდან: ლადო ჯაფარიძე. მოგონებები, ჩანაწერები. თბ., „ნაკადული“, 2004, გვ. 355-364


ნანახია: 7598-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani