Georgian (Georgia)English (United Kingdom)
მოქანდაკე გულდა კალაძე (1932.29.08 - 1974.15.08) | Print |

There are no translations available.

მერი მაცაბერიძე
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და
ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი


გულდა კალაძის შემოქმედება სავსეა ძიებებით, სხვადასხვაგვარი, ხშირად ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავებული მიგნებებით, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, აქ ჩანს ერთი მხატვრული ხედვა, გამოვლინებული თავის მრავალგვარობაში. ის გამოდის რეალობიდან, მაგრამ ყოველთვის აზოგადებს მას. მის მიერ შექმნილი კომპოზიცია მკაფიოდ აგებული, ტექტონურია - იქნება ეს გამოქანდაკებული ტორსი თუ წიგნის დეკორი. განზოგადებულად მოცემული  ფორმები   პლასტიკური  ხასიათისაა კონტურული ნახატით გადმოცემის და მკვრივი მასალით ძერწვის დროსაც. მშვიდი განწყობით შესრულებული ნაწარმოების გვერდით ვხედავთ ემოციურს, რეალისტურ-პლასტიკური ფორმის გვერდით კი - მკაფიოდ სტილიზებულ და დეკორატიულ ფორმებს. 
გულდა კალაძე ფართო დიაპაზონის შემოქმედი იყო. მის ქანდაკებაში ერთმანეთს ენაცვლება მონუმენტური, დაზგური და დეკორატიული ხასიათის ნაწარმოებები. მაგრამ მისი შემოქმედება ქანდაკებით არ იფარგლება და სახვითი ხელოვნების სხვა დარგებსაც მოიცავს. იგი იყო ნახატის ოსტატი, ბრწყინვალე გრაფიკოსი.  აქაც მისი ფართო დიაპაზონი  მჟღავნდება - სპეციფიკური წიგნის გრაფიკით დაწყებული,  ფერწერული, კერამიკული და რელიეფური ნამუშევრებით დამთავრებული.
როგორც ცნობილია 1930-იანი წლების მიწურულიდან 1950-იან წლებამდე საბჭოთა, კერძოდ, ქართულ ხელოვნებაში გავრცელდა ერთგვარი ვიწრო გაგება რეალიზმის ცნებისა, როდესაც აქტუალური თემატიკა ხშირად არ პოულობდა შესაბამის მხატვრულ ფორმას, ხოლო ნატურალისტურად გადმოცემული რეალობა რეალიზმთან იყო გაიგივებული. ხშირად მხატვრულ ძიებას ფორმალიზმად ნათლავდნენ. ცხადია, ამ პერიოდშიც იქმნებოდა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, მაგრამ მთლიანობაში ეს ცალმხრივი ტენდენციები აფერხებდა ხელოვნების განვითარებას. 1950-იანი წლებიდან დაიწყო ამ ტენდენციის დაძლევა. ბუნებრივი იყო, რომ სახვითი ხელოვნების უფროსი თაობის წარმომადგენლებთან  ერთად, ახალი ეტაპის ჩამოყალიბებაში, დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდა შემოქმედთა  მთელმა პლეადამ,  რომლებმაც თვისებრივად ახალი პრობლემები წამოჭრეს  ხელოვნებაში. ისახავენ რა წმინდა სკულპტურულ და ფორმის ძიების ამოცანებს, ისინი დიდ ადგილს უთმობენ ძველი ქართული ხელოვნების შესწავლას, რის საფუძველზეც აღდგა ისეთი მივიწყებული დარგები, როგორიცაა ჭედურობა, კერამიკა და რელიეფი. მეტ პლასტიკურობას მიაღწია ქანდაკებამაც, წინ გამოდის საკითხი მონუმენტური ქანდაკების დეკორატიულად გადაწყვეტისა, ჩნდება მოთხოვნილება ქანდაკებაში განზოგადებული, განყენებული იდეების ჩაქსოვისა, რამაც განავითარა გამოსახვის თავისებური სახე - ე.წ. ალეგორიული ქანდაკება. მცირე ზომის პლასტიკაში შეიმჩნევა სწრაფვა განზოგადებისკენ, აგების მკაფიობისაკენ, ფორმების მონუმენტურობისაკენ. სახეები ხშირად იძენენ ემოციურ, რომანტიკულ, ფსიქოლოგიურ ხასიათსაც კი. ნაწარმოებისათვის ემოციური ჟღერადობის მისანიჭებლად მხატვრები, ხშირად, ფორმათა შეგნებულ დეფორმაციას მიმართავენ.
1960-იანი წლების ბოლოს ქალის შიშველი ფიგურის კომპოზიციას თავისთავადი მხატვრული დანიშნულება ეძლევა. გახშირდა შიშველი ფიგურის თემა კამერულ ქანდაკებაში. ხშირად იყენებენ  შიშველ ფიგურებს, რომლებიც თავისი გადაწყვეტითა და დეტალების  დამუშავებით საბაღო ქანდაკების მოთხოვნილებას პასუხობს. სწრაფად ვითარდება მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნება. გახშირდა ქვის რელიეფით არქიტექტურული ობიექტების შემკობა. იზრდება ხუროთმოძღვრულ ანსამბლთა, კომპლექსთა როლი და ამ ანსამბლებში ძეგლთა მნიშვნელობა.
1960-იანი წლების შუაში უკვე ნათელი ხდება, რომ ქართულ   ხელოვნებაში ძირითადი  წამყვანი ძალაა ახალგაზრდობა, რომელთა შემოქმედებაში იგრძნობა ტენდენცია ახლის ძიებისაკენ. ახალგაზრდა მხატვართა შორის იყო გულდა კალაძე, რომელიც მისი თაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენალია ქანდაკებასა და გრაფიკაში.
საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი, საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატი გულდა კალაძე დაიბადა 1932. 29. 08 ქალაქ თბილისში გამოჩენილ მოღვაწეთა და ხელოვანთა ოჯახში. მამა  პოეტი – მწერალი კარლო კალაძე, დედა მოქანდაკე – მხატვარი  თამარ აბაკელია.
1951 წელს აბარებს  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე და ამთავრებს  მას 1957 წელს.
მის შემოქმედებაში წამყვანი თემა შიშველი ქალის ალეგორიულ გამოსახულებას უჭირავს. იგივე თემა გვხვდება გრაფიკაშიც. ზოგიერთი ამ ნამუშევრთაგანი გარკვეულად, წინასწარი ნახატია, ესკიზია ქანდაკებისთვის.

01

გულდა კალაძის შემოქმედების დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს 1957 წელი, როდესაც მან შეასრულა სადიპლომო  ნამუშევარი  „ყურძნის მტევანი“ .  /ხელმძღვანელი ნიკოლოზ კანდელაკი. ბრინჯაო 150 x 46 x 36/ ამ ადრეულ ნამუშევარში ჩანს, რომ მოქანდაკე სავსებით დაუფლებულია პროფესიულ ოსტატობას და, რაც მთავარია, აქ უკვე მკაფიოდაა გამოვლენილი მისი, როგორც შემოქმედის  მხატვრული ინტერესები, მიდრეკილება გარკვეული თემისადმი.
ქანდაკება „ყურძნის მტევანი“ თავისი განწყობით სიმშვიდის, პოეტურ  შთაბეჭდილებას ქმნის. ქანდაკებას, რომელიც წარმოგვიდგენს ფეხზე მდგომ  ახალგაზრდა შიშველ ქალს ყურძნის მტევნით ხელში, ალეგორიული ხასიათი აქვს. ყურძნის მტევანი აძლიერებს ამ ალეგორიულობის შთაბეჭდილებას, გარკვეულ ასოციაციებს ბადებს, მაგრამ მთავარი, რაც ამ ქანდაკებას სიჯანსაღის, ახალგაზრდობის  განსახიერების გარკვეულ სიმბოლოდ აქცევს, ესაა განზოგადება, რომელიც მასშია მოცემული. ქანდაკებას საფუძვლად უდევს რეალური, ქალის სიცოცხლით სავსე სხეულის სიმშვენიერე. ეს არის წამყვანი ამ და, ასევე, სხვა დანარჩენ მის მიერ შექმნილ ქანდაკებაში. მაგრამ აქ არის მოცემული არა რომელიმე კონკრეტული  მხარე გამოქანდაკებული სხეულისა, არამედ თავისებური ტიპი, მხატვრის იდეალი. ქანდაკება არის არა მარტო განზოგადებული, არამედ ოდნავ უტრირებულიც. ხაზგასმულია, პირველ რიგში,  სხეულის სისავსე, თეძოები, ფეხები ერთგვარად დამძიმებულია, ფორმები მთავარის ხაზგასმით, ზოგადი, დიდი მასებით, მკვრივი მოცულობებითაა გამოძერწილი. მძლავრად არის დამრგვალებული მთლიანი ფორმა, რაც ქანდაკებას ხელშესახებს ხდის, მდგრადობის, მატერიალურობისა და მონუმენტურობის  ელემენტებს ანიჭებს. მაგრამ, ამავე დროს, ფიგურა გრაციოზულობითაც ხასიათდება. ქალის ფიგურა მკაფიოდ იკითხება, ქმნის დსრულებულ, დენად და მეტყველ სილუეტს, ამავე დროს, სხეული ისე დამაჯერებლად არის გამოძერწილი, ისეა დამრგვალებული ფორმები, რომ თვალნათლივ აღიქმება მასების სივრცეში არსებობა. მოდელირება პლასტიკურია, ფორმების დამუშავება რბილია,  რბილია გადასვლებიც.  ქანდაკებაში ძირითადად მოცემულია ხელოვანის, როგორც მოქანდაკის პრინციპები: შიშველი ქალის სიმშვენიერის გადმოცემა, ზოგადობა, პროპორციები, პოზის ძალდაუტანლობა და, ამავე დროს, კომპოზიციის ნათელი გადაწყვეტა, რაც ტიპიური იქნება მისი მთელი რიგი ქანდაკებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ  გულდა კალაძის  შემოქმედებისთვის სახასიათოა ერთი მხატვრული მიდგომა, რის გამოც მისი ნამუშევრები ერთმანეთის განუყოფელ ნაწილად აღიქმება,  ყოველი მათგანი გამოირჩევა თავისებური ხასიათით და სხვადასხვა განწყობას ქმნის.   მაგ., „რთველი“ /ბრინჯაო, 56X 21 X 13/, სადაც წარმოდგენილია ალეგორიული შიშველი ქალის ფიგურა. კომპოზიციის შეხედვისას იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მხატვარი უმღერის  მიწიერ სიყვარულს, სიცოცხლეს, შრომის  ზეიმს, რის შეგრძნებასაც, პირველ ყოვლისა, ქმნის კომპოზიციური აგება. ფიგურის დგომა ამაყია, შემართული. ქალს  თავი მაღლა აქვს აწეული და გვერდზე იყურება. მარცხენა,  სიმძიმისაგან დაწეულ მხარზე ყურძნით სავსე კალათა უდგას, რომელსაც მარჯვენა, თავზე  რკალისებურად გადადებული ხელით იჭერს.
ერთი შეხედვითვე შესამჩნევი ხდება, რომ თუკი კომპოზიცია „ყურძნის მტევანში“ პირველ პლანზეა სიმშვიდე, პოეტურობა  და ადგილი აქვს რბილ მოძრაობას, აქ წინ გამოდის დინამიკურობა, მფეთქავი, გაძლიერებული რიტმი. მიუხედავად მცირე ზომებისა, ქანდაკება მონუმენტურობის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც გამოწვეულია ფორმების ფართო, ზოგადი დამუშავებით.

03

სხვაგვარ განწყობას ქმნის გულდა კალაძის მიერ შექმნილი კომპოზიცია „შემოდგომა“ /1962, ბრინჯაო, 180x70x38/. „რთველისაგან’’ განსხვავებით  აქ გადმოცემულია არა შრომის  მომენტი, არამედ ზეიმის განწყობა, რასაც ქმნის თვით კომპოზიციური აგება, ამ შემთხვევაშიც ალეგორიულად გადაწყვეტილი ქალის ფეხზე მდგომი  ფიგურაა გამოსახული, სიმეტრიულად  მაღლა აწეული ხელებით, რომლებშიც ყურძნის მტევნები უჭირავს. ფიგურის აგების მკაფიო ტექტონიკურობა, სიმკვრივე და სავსე ფორმები ქანდაკებას მონუმენტურობას ანიჭებს. ქალის სხეული რამდენადმე დაძაბულია, რაც გამოწვეულია ზეაწეული ხელებით, მაგრამ ამგვარი პოზით გაძლიერებულია წარდგენითობის ელემენტი და ქანდაკებას სწორედ ეს მატებს საზეიმო განწყობას.   (1981 წ. ,,შემოდგომა“ დაიდგა ქ.ქუთაისში ,,შრომის დიდების“ მემორიალზე აქ აღინიშნება პლასტიკური საწყისის გაძლიერება ძერწვისას, და მნიშვნელოვანი ყურადრება ეთმობა ფორმათა მოდელირებას. ეს  განსაკუთრებით ეტყობა ფიგურის ტორსის დამუშავებას. მკერდის  და მუცლის არე  (ზემოთგანხილულ ქანდაკებებთან შედარებით)   დანაწევრებულია, ხაზგასმული და გამოვლენილია ფორმები. იგივე ამოცანა დგას მხატვრის წინაშე, (il.#6 ) როდესაც  იგი 1963 და 1967  ქმნის  შიშველი ქალის ტორსებს.

04

ალეგორიულობა მისი ქანდაკებების მუდმივი მახასიათებელია, მაგრამ, ამასთანავე, ხელოვანი ეძებს სხვადასხვაგარ გამომხატველობით ხერხებს: მიმართავს დეკორატიულობას, სტილიზებას, აძლიერებს დინამიკურობასა და ექსპრესიას, ამ მხრივ ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია კომპოზიცია „განთიადი“ /1960 , თაბაშირი/ აქ ჩანს,  თუ რაოდენ მრავალფეროვნად შეუძლია ჭეშმარიტ ხელოვანს ერთი და იმავე სახით /ამ შემთხვევაში ქალის ფიგურით/  მოგვაწოდოს სხვადასხვა ემოციური დატვირთვა. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველი ნიმუშია „განთიადი“  სადაც ისევ ქალის სხეულია მოცემული ზოგადი პლასტიკური ფორმების მეშვეობით, ოღონდ, სხვაგვარი კომპოზიციური გადაწყვეტით. ალეგორიულად გამოსახული შიშველი ქალის ფიგურის მოძრაობა უეცრად წამოჭრილი ზღვის ტალღის მოძრაობას მოგვაგონებს. ქანდაკებაში ამ დინამიკური პოზით ემოცია, სიმძაფრეა შეტანილი. ქვის უხეშად დამუშავებულ, ოდნავ დაქანებულ საყრდენზე გაწოლილია ქალი. იგი მხოლოდ ნაწილობრივ ეყრდნობა ქვას, ხოლო, მშვილდივით გაზნექილი ტორსი, თეძოს  ზედა ნაწილიდან დაწყებული, მძლავრად არის უკან გადაქანებული. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ქალი ეს-ესაა გაიღვიძებს. ამგვარი პოზით კარგადაა გადმოცემული ახლად გაღვიძებული ქალის სხეულის მოქნილი მოძრაობა, რომელიც მართლაც განთიადის ასოციაციას იწვევს. დინამიკური პოზა ემოციურ სიმძაფრეს მატებს ქანდაკებას.

05

მოქანდაკის ბოლო ნამუშევარი  „გაზაფხული“, რომლის დამთავრება მან ვერ მოასწრო, შექმნილია 1974 წელს.  ქანდაკებას ხელები არა აქვს. იგი ისეთივე ალეგორიული ხასიათისაა, როგორც სხვა ქანდაკებები. მოცემულია ფეხზე მდგომი შიშველი ახალგაზრდა ქალის ფიგურა, რომელიც წინ, სივრცეში იყურება. ეს ქანდაკება, თავისი ხასიათით, თვისებრივად  განსხვავდება სხვა დანარჩენი ქანდაკებებისაგან. მისგან დიდი ემოციური მუხტი მოდის, მასში გამოსჭვივის ქალწულებრივი სინაზე და ქალური კდემამოსილება.
ქალი მშვიდად დგას მარტივი ოთხკუთხა ფორმის ქვესადგომზე, დგომა მსუბუქია, ფორმებიც მსუბუქი და დახვეწილი. თუმცა,  მოქანდაკე  მაინც ახდენს თეძოსა და ფეხის სიმძიმის აქცენტირებას. ქანდაკების ფაქტურა ნაზია და გლუვი,  ამასთანავე, ფორმა მკვრივია და სავსე. ფორმა შექმნილია რბილი ძერწვის საშუალებით მოცულობათა მკაფიო გამოვლენით. ამ ქანდაკებას სილუეტის, კონტურის, ხაზის უაღრესი სისუფთავე და დახვეწილობა ახასიათებს. გოგონა სივრცეში იყურება, თვალები მსუბუქი ამოზნექილობით გუგების გარეშეა მოცემული,  რაც საკმარისი ხდება მზერის მიმართულების  გადმოსაცემად. სახე მოცემულია ზოგადად. ძერწვა რბილია.

06

აღსანიშნავია, რომ არც ერთ ქალის გამოსახულებას არ აქვს ინდივიდუალური სახე. ყველა ქალი სახით ერთმანეთს ჰგავს. როგორც ჩანს, მოქანდაკემ შეიმუშავა გარკვეული ტიპი ქალის სახისა, რომელიც იდეალად, კრედოდ  რჩება მის შემოქმედებაში (ეს მომენტი აღინიშნება გრაფიკაშიც). მაგრამ ქანდაკებები განსხვავდება ერთმანეთისაგან იმ განწყობით, რომელსაც მათ შემოქმედი ანიჭებს და რომელიც ასე მძაფრ განცდას იწვევს მაყურებელში. ქალის ალეგორიული ფიგურები მოქანდაკის მიერ მინიჭებული მხატვრული სახის საშუალებით იკვრებიან და განუყოფელნი არიან ერთმანეთისგან. მათ პოზებში ვხედავთ ერთი პრინციპის სხვადასხვა ვარიაციებს. საინტერესოა, რომ  ამ ტიპის ქალის თემა დღესაც კი ერთ-ერთ წამყვან მოტივად რჩება ბევრი მოქანდაკისათვის  გულდა კალაძეს,  ამ მხრივ, ყოველთვის გამოარჩევს ზომიერების გრძნობა. მოქანდაკის ფიგურები, იქნება ეს მათი პროპორციები თუ ფორმები, გადაჭარბებული უტრირების შთაბეჭდილებას არ ტოვებს,  ფეხის სიმძიმის აქცენტირებაც, მის მიერ ყოველთვის ზომიერადაა გამოყენებული და არაა თვითმიზნური. გულდა კალაძემ ერთ-ერთმა პირველმა აუღო  ალღო ამ ტენდენციას  ჩვენს ქანდაკებაში (იგულისხმება შიშველი ქალის ალეგორიული გამოსახულება, სადაც ემოციური ჟღერადობის მისაღწევად ხშირად მიმართავენ ფორმათა შეგნებულ დეფორმაციას).
ამგვარად, როგორც დავინახეთ, თავისი ერთიანი მხატვრული მრწამსის ფარგლებში, გ. კალაძე, მისთვის სახასიათო მხატვრული ხელწერით ქმნის კომპოზიციებს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება განწყობით და, ამავე დროს, შემოქმედის ერთიანი მხატვრული მიდგომის გამო განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენს.
თუ შიშველი ქალის სხეულის გამოსახვა უძველესი თემაა ქანდაკებაში, შეიძლება - უადრესიც კი,  მის ამგვარ გადაწყვეტას, პირველად, XX  ს-ის  უდიდეს მოქანდაკე არისტიდ მაიოლთან ვხვდებით.  ის, რომ ჩვენი მოქანდაკეები და, პირველ რიგში, გულდა კალაძე ასე ხშირად მიმართავენ მას, ამაში გარკვეული კანონზომიერებაა, ეს მეტად მიმზიდველი მოტივია მოქანდაკისათვის, სადაც განზოგადება და კონკრეტულობა ჰარმონიულ ერთიანობაშია მოცემული. ამავე დროს, ეს, თავისი მდიდარი შესაძლებლობით თითქოს საფუძველია პლასტიკური დაოსტატებისაკენ, შემდეგი ზრდისათვის. შემთხვევითი არ არის, რომ გულდა კალაძემ სწორედ აქედან დაიწყო. ეს ქანდაკებები ხდება მისი, როგორც პროფესიონალი მოქანდაკის ჩამოყალიბების საფუძველი.
გულდა კალაძის ქანდაკებები თავისი სტილით, გარკვეულწილად, მოგვაგონებს მაიოლის ნამუშევრებს. აქ შექმნილია ფორმები რომელიც მოცულობაში აღიქმება. სივრცეში აღქმისას, ქანდაკების დასათვალიერებლად აუცილებელ მოთხოვნად ჩნდება მის გარშემო შემოვლა. შექმნილი ნაწარმოებები პლასტიკის საუკეთესო ტრადიციებითაა ნაკარნახევი.
მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „სამაია“, „ზღვა“ (რომლებიც ბიჭვინთის სანაპიროს ამშვენებს). საპარკო ქანდაკებები: „ლედა“, „თმის ტალღა“, სასტუმრო ივერიის შენობის ფასადისთვის შექმნილი რელიეფური ფრიზი, რელიეფურ დეკორატიული ქანდაკება მარუხის მემორიალური ძეგლისათვის.

09

საპარკო ქანდაკება „ლედა“ /1971, ქვა/ ქალის სხეული თითქოს ამოზრდილია ქვის ბლოკიდან. იგი მისი ნაწილიცაა და, ამავე დროს, უპირისპირდება კიდეც მას. ქვის ტეხილი ფორმებიდან იკვეთება ქალის პლასტიკური, მოქნილი სხეული. ალაგ-ალაგ დატოვებული საჭრისის კვალი მკაფიოდ წარმოაჩენს ქვის მასალას, მის მყარ, ხორკლიან ზედაპირს. საინტერესოა  თვით პოზა ფიგურისა, რომელიც ოსტატურადაა მხატვრის მიერ მოძებნილი და მოძრაობაც კარგადაა გამოვლენილი. ქალი თითქოს წამომჯდარია ქვის ბლოკზე, მისი ფეხები არ ჩანს, რადგან ქვასთან არის შერწყმული. ჩანს მხოლოდ მუხლზედა  ნაწილი, რომელიც მარცხნივ არის მიმართული, ხოლო, სხეული ნელ-ნელა ტრიალდება მარჯვნივ. ქალის სახე ზოგადადაა მოცემული, იგი მარჯვნივ იყურება, რაზეც თავის მობრუნება მიგვანიშნებს. მარჯვენა ხელი მჭიდროდ აქვს სხეულზე მიდებული, სხეულის გასწვრივ დაშვებული და ქვას უერთდება, ხოლო, მარცხენა ხელით თითქოს თმას ისწორებს კისერთან. ორიგინალურადაა გამოყენებული თმის გადაწყვეტა: დიდ კლაკნილ ტალღად დაშვებული, იგი  მარცხენა ხელს უერთდება, ქვემოთ ჩამოედინება, ქვას ერწყმის და ერთ მთლიანობად კრავს კომპოზიციას. ამავე დროს, თმას დეკორატიული ნიუანსი შემოაქვს, რაც საპარკო ქაანდაკების ფუნქციას შეესაბამება, თან ერწყმის სხეულის საერთო პლასტიკურ მოძრაობას. დასრულებული, მდიდარი, მეტყველი, ფორმები ყოველგვარი დეტალიზაციის გარეშე, ზოგადადაა მოცემული. ხელის მტევნები, სახე ძირითად მასებად, ზოგადი ფორმებითაა გადმოცემული. მშვენივრადაა გადაწყვეტილი მჯდომარე ფიგურის კომპოზიცია სივრცესთან მიმართებაში. სივრცეში ძალდაუტანებლად, თავისუფლადაა გაშლილი კომპოზიცია, ასევე  თავისუფალია ქალის მოძრაობაც. ფიგურაში ძალზე ჰარმონიულადაა შეხამებული ძალა და გრაცია, ქვის მასალა,  ბლოკის შეგრძნება და ქალის სხეულის განცდა.

10

გულდა კალაძეს თავისებურად აქვს გადაჭრილი დეკორატიულ ამოცანებთან პლასტიკურ გადაწყვეტათა შერწყმის პრობლემა. ნაწილობრივ ეს ჩანს თაბაშირის „ლედა“-ში /1971, 20 X 28 X 14/ სადაც თმის კლაკნილი ფორმა, მოძრავ მასად ეშვება და ფიგურას ქვეშ ეფინება, თავისებურად ეს დეკორატიულ მოტივსაც ქმნის და, იმავდროულად, ფიგურისათვის ერთგვარ საყრდენსაც წარმოადგენს. თაბაშირის „ლედა“  და ქვისგან გამოკვეთილი „ლედა“ ერთმანეთისაგან თითქმის არ განსხვაებავდება კომპოზიციით, მხოლოდ თაბაშირის ლედაში დეკორატიული საწყისი უფრო გაძლიერებულია. ქანდაკება თვითონ ემსგავსება ან უახლოვდება დეკორს, ხოლო, კლაკნილი თმა თავისი ფორმით პლასტიკურია და რაღაც ცოცხალი, სხეულებრივ-მცენარეული მასის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომაცაა, რომ ქანდაკება ბუნებასთან აუცილებელ კავშირს მოითხოვს. მსგავსი ამოცანაა დასმული „თმის ტალღაში“ /1971, ბრინჯაო/. მაგრამ აქ დეკორატიულობის მომენტი გაძლიერებულია. თმის ხაზის პლასტიკური  „თამაშით“ შექმნილ „ტალღაზე“  წამოწოლილია  შიშველი ქალის ფიგურა. სხეულის დამუშავება გამოირჩევა რბილი მოდელირებით. თმის ტალღის კლაკნილი ხაზი უპირისპირდება ფიგურის რბილ კონტურებს. ამ კონტრასტით უფრო საგრძნობი ხდება დინამიკურობა და კომპო ზიციის  დეკორატიულობა.

11

შემდეგ მაგალითს ქანდაკებისა და ბუნების სინთეზისა წარმოადგენს საქართველოს შავიზღვისპირა კურორტის, ბიჭვინთის სანაპიროზე დადგმული ქანდაკებები „ზღვა“, რომელიც წამოწოლილი ქალის ფიგურის სახითაა გადაწყვეტილი და „სამაია“ /1967, შამოტი/, სადაც ფიგურათა გამეორება და დაპირისპირება თავისებურ რიტმს ქმნის. „სამაია“  მოცემულია არა ტრადიციული  კომპოზიციით, სადაც მანდილოსნები წრიულად, ერთმანეთის პირისპირ არიან განლაგებულნი, არამედ აქ ნაპოვნია თავისებური, ახლებური დეკორატიულ-კომპოზიციური გადაწყვეტა. სამი თითქმის  ერთნაირი გოგონას ფიგურა  მწკრივშია  ერთი მეორის უკან ჩაყენებული. მათ აერთიანებთ არა მარტო მხარზე  გადებული ყურძნის აკიდო, წინ გაწვდილი, ერთმანეთის მხრებზე დადებული ხელები, არამედ გარეგნული  მსგავსებაც. თითქოს ქალის ერთი და იგივე  ტიპი მეორდება სამ შემთხვევაში ოდნავი სახეცვლილებით, რაც, უმთავრესად, მათ შეუმჩნეველ  მოძრაობაში მჟღავნდება. აქ დეკორატიულობა თვით ფიგურათა რიტმულ გამეორებაშია მოცემული. აგრეთვე დეკორატიული ელემენტი შეაქვს ყურძნის აკიდოს, ერთმანეთის მხრებზე დადებული ხელების მოძრაობას. ფიგურათა შორის დატოვებული სივრცე უფრო მკაფიოს  ხდის სილუეტს, რაც დეკორატიულობას უსვამს ხაზს. ქანდაკება ფიჭვნარში დგას  და მომწვანო ფერისაა, იგი მზის სხივებზე განსაკუთრეებული ცხოველხატულობით აღიქმება და კარგად ეხამება გამწვანებას (ბალახის ფერს). ფორმები მონოლითურია, მონუმენტური, ამასთანავე, არ ქრება გულდა კალაძისათვის ესოდენ დამახასიათებელი სინაზე, სიმშვიდის, პოეტურობის შეგრძნება.
მხატვრის შეოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დეკორატიულ-რელიეფურ სკულპტურას, რომელიც არქიტექტურასთან სინთეზში მოიაზრება.

12

1967 წ. გულდა კალაძემ სასტუმრო „ივერიის“ (არქიტექტორი ო. კალანდარიშვილი, თანაავტორი   ი.ცხომელიძე), (ამჟამად სასტუმრო „რედისონი“) შენობის  ფასადისთვის. შეასრულა რელიეფური ფრიზი (სიგრძე 25 მ.). შენობის საერთო მწვანე ფერისაგან მკაფიოდ გამოირჩეოდა თეთრი ფერის  ქვის ფრიზი, რომელიც შედგებოდა სამი ერთმანეთისაგან წარწერებით  გამოყოფილი, სტილიზებური ნახატისგან შემდგარი კომპოზიციისაგან, რაც საერთო დეკორატიულობას უსვამდა ხაზს.  დეკორატიულობის შთაბეჭდილებას ზრდიდა პირობით, ფრონტალურად აგებულ  კომპოზიციებში რიტმულად განლაგებული ელემენტები და უხვად გამოყენებული დეკორი - ძირითადად  ყვავილებისა და ვაზის ხვეულების სახით (ფრიზი ჩამოხსნილია ფასადიდან).
1967-1968, გ. კალაძემ შეასრულა რელიეფური ქანდაკება კავკასიის გმირ დამცველთა მემორიალური  ანსამბლისთვის, რომელიც აღმართულია ყარაჩაევო-ჩერკასკის ავტონომიურ ოლქში. ამ რელიეფისათვის გულდა კალაძეს მიენიჭა (1971) საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატობა. ( არქ. ვ.დავითაიასა და ალ.ჩიქოვანთან ერთად). ანსამბლი შედგება სამი ძირითადი ელემენტისაგან: მემორიალური მუზეუმი, მოედანი მიტინგებისათვის  და ძმათა სასაფლაო.
მემორიალურ  მუზეუმს აქვს მრგვალი, ზუსტი ფორმა წაკვეთილი კონუსისა. მთელი ანსამბლის დეკორატიულ ელემენტს შეადგენს  ბარელიეფი - ტრიპტიქი, რომელიც მუზეუმის შესასვლელის თავზეა მოთავსებული (სიგრძე 2 მ. შედგება სამი კომპოზიციისაგან: „მწუხარება“, „მტერს არ გაუშვებთ“ და „სიცოცხლე“ - გამარჯვების სიმბოლო).
რელიეფის პლასტიკურობა, მას შენობის განუყოფელ ნაწილად ხდის, როგორც თემატურად, ისე ტექტონურადაც. შენობა მთლიანად აშენებულია თეთრი ბეტონისაგან, რომელსაც ზედაპირი დაუმუშავებელი, ხაოიანი აქვს.
სამი ნაწილისაგან შემდგარი ტრიპტიქი გამოსახავს მეომართა თავდადებულობას  (ცენტრი), მწუხარებას აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო (მარცხნივ) და სიცოცხლის გაგრძელებას (მარჯვნივ), სადაც პატარა ბიჭი ზეაღმართული ხელებით დედის კაბის კალთაზეა მიკრული. თემის შესაბამისად, რელიეფში ემოციურ-დრამატული საწყისი ძლიერადაა გამოვლენილი. ერთი მხრივ, კომპოზიცია ეხამება არქიტექტურას მკაფიო სიმეტრიული განლაგებით და რელიეფური  გამოსახულების მთელ სიბრტყეზე გაშლით. ამავე დროს,  გამოირჩევა მძლავრი, პლასტიკური რელიეფით. მამაკაცთა ძლიერი,  შიშველი ტორსების ენერგიული მოძრაობა და აფრიალებული დრაპირებები თავისებურ დინამიკურ, დეკორატიულ რიტმს ქმნის.
გულდა კალაძის მიერ შესრულებული დეკორატიულ-კერამიკული პანოები ამშვენებდნენ საქართველოს გზატკეცილებსაც (დღეს ისინი აღარ არსებობს, შემორჩენილია მხოლოდ ფოტოები). ძირითადად შემკული იყო წყაროები და ავტომოსაცდელები. პანოები წყაროსთვის: „სამაია“, „სიყვარული“. ავტომოსაცდელებში: „წიქარა,“ „შემოდგომა“, მზისა და დეკორატიული ყვავილების გამოსახულებები.

14

პანოები თავისი ფერადოვნებით და ლამაზი ფაქტურით ძველ ქართულ მოჭიქულ კერამიკას ეხმიანებოდა. დანიშნულებიდან გამომდინარე, აქ მეტადაა გამოვლენილი დეკორატიულობა, ორნამენტულ - დეკორატიული საწყისი, ხალისიანი, სიცოცხლით სავსე განწყობა. ფართოდაა გამოყენებული ხალხური ელემენტი; ვაზის ხვეული, რომელიც ესოდენ პოპულარულია საქართველოში, თავისებურად ეხამება სტილიზებულ ლაკონიურ სცენებს. აქ თავს იჩენს ქართული ხალხური შემოქმედებისადმი ინტერესი, რაც ზოგადად ძალიან დამახასიათებელი ტენდენციაა ამ დროის ქართულ ხელოვნებაში. ეს მჟღავნდება როგორც მოტივების შერჩევაში (ძველი ქართული ორნამენტი  და ვაზის ხვეულები ყურძნის მტევნით ), ისე ფიგურათა რამდენადმე ტლანქ ფორმებში, ფერადოვან შეხამებაში, რომლის საფუძველს ძველი ქართული კერამიკა წარმოადგენს.

16

პანოები ორგანულად იყო შერწყმული საერთო გაფორმებასთან. სცენები შემოსაზღვრული იყო რიყის ქვის წყობით, რაც ერთგვარ ჩარჩოს უქმნიდა მათ და ასევე, ფერის მხრივ კარგად ეხამებოდა პანოს. ფიგურათა ფორმების უტრირება მათი სიმძლავრის  შთაბეჭდილების შექმნას  ემსახურებოდა, ორნამენტული მოტივების და ფიგურების რიტმული მონაცვლეობა დეკორატიულობის შთაბეჭდილებას აძლიერებდა. 
ფრიზულად გაშლილი დეკორატიულ-ორნამენტული პანო „წიქარა“ ამკობდა ავტომოსაცდელს ქარელის გადასახვევთან. კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია ცისფერპერანგა პატარა ბიჭუნა, რომელიც სალამურზე უკრავს. ბიჭის გვერდით, მარჯვენა მხარეს წიქარას დიდი ფიგურაა, რომელსაც თავზე მზის ყვითელი დისკო ადგას. ბიჭუნას სიმღერაზე თავი მოუყრიათ ფრინველსა თუ ცხოველს,  მზეს და მთვარეს, თითქოს ყველაფერი ყვავის და ხარობს მის გარშემო. ასეთ შთაბეჭდილებას აძლიერებს მუქი ფონი, რომლის სიღრმიდანაც ამოჭრილა და აჟღერებულა ათასგვარი ფერი (წითელი, მწვანე, ზურმუხტი, თეთრი) ყვითელი მზის სხივებზე ციმციმს იწყებს, მართლაც რომ ზღაპრულ, განუმეორებელ  შთაბეჭდილებას ახდენს თავისი სილამაზით ეს პანო მნახველზე.
დიდი ადგილი უჭირავს გ. კალაძის შემოქმედებაში გრაფიკას, კერძოდ - წიგნის გრაფიკას. შეიძლება ითქვას, რომ იგი ისეთივე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია წიგნის გრაფიკისა, როგორიც ქანდაკების. მისი, როგორც მოქანდაკის დამახასიათებელი თავისებურებანი თავს იჩენს გრაფიკულ ნამუშევრებშიაც. გამომსახველი მხატვრული ენა, პლასტიკური ნახატი, ემოციურობა, დეკორატიულობა - ყოველთვის ნაგრძნობი და გააზრებული, შეკრული კომპოზიცია, განზოგადებული ფორმა, დინამიკურობა, მკაფიო სილუეტი აქაც იჩენს თავს. ცხადია, ამ განსხვავებული ფუნქციისა და შესაძლებლობის დარგში ეს თვისებები თავისებურ იერს იძენს.
მუშაობის დროს მხატვარი  ძირითადად  გუაშსა და ტუშს  იყენებდა. ქაღალდზე ჯერ გამოსახულებათა კონტურულ ნახატს ასრულებდა, შემდეგ ქაღალდს ფერავდა რომელიმე მისთვის  სასურველი ფერით  და ბოლოს ტუშით ფარავდა. ქაღალდის გაშრობის შემდეგ იწყებდა მისი ზედაპირის ფხეკას (საფხეკის წმინდა პირით), რის შედეგადაც შიგნიდან პირველადი ფერი ამოჰყავდა, რითაც გრაფიკულ ნაწარმოებს სიღრმეს ჰმატებდა. გ. კალაძეს გაფორმებული აქვს მრავალი წიგნი. განსაკუთრებით საყურადრებოა ის ნამუშევრები, სადაც მხატვრი წიგნის მთლიანი ორგანიზმის მხატვრულ გაფორმებას იაზრებს. მათ რიცხვს ეკუთვნის: აფხაზური საგმირო ლეგანდა „ამბავი მამაცი მანჩასი და მშვენიერი მადინასი“, (ნაკადული, თბილისი, 1964), კარლო კალაძის „თეთრი მტრედის საიდუმლო“ (ნაკადული, თბილისი,1968),  ქართული ხალხური ზღაპარი „საბრალო  დადაბრისასა“ (ნაკადული, თბილისი, 1969),  ქართული ხალხური ზღაპრები „ასი ზღაპარი“ (მერანი, თბილისი, 1971), „ქართული ხალხური პოეზია“ (მერანი, თბილისი, 1974).
აფხაზური  საგმირო ლეგენდა „ამბავი მამაცი მანჩასი და მშვენიერი მადინასი“, მოგვითხრობს  მამაც მანჩაზე, რომელიც გმირულად იღუპება მტერთან ბრძოლაში, ხოლო მისი ახალგაზრდა მშვენიერი მეუღლე მადინა გაიგებს რა ამ უბედურების ამბავს, გაემართება სამშობლოს დასაცავად.

17

აფხაზური საგმირო ლეგენდის „ამბავი მამაცი მანჩასი და მშვენიერი მადინასი“ გაფორმებისას  ჩანს, რომ  მხატვარს ნაწარმოების გმირულ-ეპიური მხარე  იტაცებს. თავისთავად საკმაოდ საინტერესოა ცალკე აღებული მისი ილუსტრაციები: კომპოზიციები ხასიათდება მთლიანობით, მონუმენტურობით, ლაკონიურობითა და განზოგადებით. იგრძნობა მოქანდაკის ძლიერი ხელი, ნახატი პლასტიკურია, დინამიკური, მაგრამ აქ ჯერ კიდევ ჩანს, რომ იგი დამწყები წიგნის გრაფიკოსია, აკლია თვითმყოფადობა. ფიგურათა პოზებში, საერთო კოლორიტში შეიგრძნობა დედის, თამარ აბაკელიას გრაფიკული მანერის და ფერადოვანი გამის გავლენა.   
ტექსტის თავსართები და ბოლოსართავები სადა, ორნამენტულ ხასიათს ატარებს, რაც არ შეეფარდება ილუსტრაციების გადაწყვეტას (il.#22). წიგნის სპეციფიკას ყდის გაფორმება უფრო შეესაბამება; ლაკონიურადაა გადაწყვეტილი, ფერითაც და ნახატითაც გრაფიკული ხასიათისაა. ყდა წითელი ფერისაა, მასზე მადინას აფრიალებული შავი მოსასხამია გამოსახული, რომელსაც პერპენდიკულარულად კვეთს მარცხენა მხარეს გამოსახული ხმალი, მარჯვენა მხარე კი შევსებულია თეთრი შრიფტით შესრულებული  წიგნის სათაურით. შავის, წითლის და თეთრის კონტრასტული დაპირისპირება  ქმნის შთაბეჭდილებას, რომელიც შეესაბამება  გმირული პათოსით აღსავსე ლეგენდას.

23

გ. კალაძის  ერთ-ერთ საუკეთესო მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს   ქართული ხალხური ზღაპრი   „საბრალო დადაბრისასა“-ს ილუსტრაციები. სადაც ილუსტრაცია, შრიფტი, ფერი ერთიანი მაღალმხატვრული გადაწყვეტით გამოირჩევა. ამავე დროს, ეს ილუსტრირება მეტად ორიგინალური, ინდივიდუალური ხასიათისაა. წიგნის ყდა დეკორატიულადაა გაფორმებული: კომპოზიცია შეკრული, გაწონასწორებულია, შავ ფონზე წითელი სტილიზებული ასოებით მოცემულია  წიგნის სათაური, ხოლო გარშემო უწყვეტ რიგად უვლის ცხოველებისა და ფრინველების ფანტასტიკური გამოსახულებანი. ყდის ამგვარი გადაწყვეტა ნაწარმოების ჯადოსნურ მხარეს უსვამს ხაზს, შავ ფონზე გამოსახვა თავიდანვე რაღაც იდუმალისა და არაჩვეულებრივის შთაბეჭდილებას ქმნის. 
მხატვარი ტექსტის ინტერპრეტაციას ახდენს, რითაც მკითხველი თითქოს შეჰყავს ზღაპრის სამყაროში, უადვილებს, ჩასწვდეს ზღაპრის შინაარსს.

26

გ.კალაძემ მშვენივრად გაითვალისწინა  და გამოიყენა  თვით ამ ლექსის სტრუქტურული თავისებურება. ფაქტობრივად ეს ლექსი შედგება პატარ-პატარა ეპიზოდებისაგან. ისინი მოგვითხრობენ, თუ როგორ უსრულებენ სხვადასხვა ცხოველები, ფრინველები და ზღაპრული არსებანი საბრალო დედაბერს სამუშაოს:
„საბრალო დედაბრისაო თაგვნი ყანასა მკიანო,
ლომნი უგრეხენ ულოსა და ვეფხვნი შეუკვრიანო,
დევნი ურემსა აბიან,ირემნი ძნასა ჰყრიანო.“
მხატვარი ჩერდება ორ ან ოთხ სტროფში მოცემულ ერთ ან ორ ეპიზოდზე და მათ ილუსტრაციას ახდენს. ამდენად, ილუსტრაცია ტექსტს პარალელურად მიჰყვება. შრიფტიცა და ილუსტრაციაც ფართოდაა განლაგებული ფურცლის მთელ სიბრტყეზე. ამიტომ თავისუფლად და ნათლად იკითხება როგორც ტექსტი, ისე ნახატი. თვით ტექსტის შრიფტი ხელითაა ნაწერი,  დეკორატიულია. მხატვარს ზომიერი სტილიზაციით კარგად აქვს  გამოყენებული ქართული შრიფტის მრგვლოვანი მოხაზულობა, მისი „პლასტიკა“. აქაც ერთმანეთს გრაფიკულად   ეხამება შრიფტი და ნახატი, მათ  აქვთ  საერთო  შავი ფონი (რითიც დაფარულია ფურცლის მთელი ფორმატი),  რომელზეც მოცემულია თეთრი ფერით შესრულებული ტექსტი,  წითელი საზედაო ასოებით, ხოლო, ფიგურათა კონტურების ნათელი გამოსახულება კონტრასტულია, რაც  კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთო დეკორატიულობას. კომპოზიციათა მხატვრული გადაწყვეტის იდეა გვაგონებს ფრანგი მხატვრის ამადე ოზანფანის (1886-1966), ცნობილ ფერწერულ ტილოს „გრაფიკა შავ ფონზე“ (1926). გულდა კალაძემ ფრთხილად და გემოვნებით გამოიყენა იდეა: შავი ფონი, განზოგადებულ ფიგურათა  თეთრი სილუეტი, წითელი აქცენტი, მკაცრად გაწონასწორებული კომპოზიცია. წიგნის გაფორმება და თავად ილუსტრაციები, უდავოდ გამოირჩევა ორიგინალობით, რომელიც ეროვნული თავისებურებებით  ხასიათდება.
ქართული ხალხური  ზღაპრების წიგნი
ასი ზღაპარი გამოცემულია რუსულ ენაზე. წიგნმა დიდი მოწონება  დაიმსახურა და 1976 წ.   ეს კრებული მოსკოვში გამომცემლობა „პროგრესმა“  გერმანულ  ენაზე  გამოსცა. აქ გამოჩნდა მხატვრის უბადლო გამოვნება  და ფანტაზია.

28

წიგნში   ასი  ზღაპარია, ასი თავსართი და ამდენივე ბოლოსართი. კომპოზიციები თავისი ზომებით მინიატურულია. ზღაპრის დასაწყისში მოცემულია  ოთხკუთხა ფორმის ჩარჩოში ჩასმული  ილუსტრაცია-თავსართები, ზოგიერთ შემთხვევაში  ჩარჩო ორნამენტულია. ყველა ნახატი შავ-თეთრია. კომპოზიციები უკანა პლანის გარეშე, ერთ სიბრტყეზეა განთავსებული, გამოირჩევიან ლაკონიურობითა და დახვეწილობით.  თავსართები დეკორატიულადაა გადაწყვეტილი, რაც ზღაპარზე მიუთითებს და ხაზს უსვამენ მის არსს. მხატვარი ფართოდ იყენებს ქართულ ტრადიციულ ორნამენტს, რომელიც ვაზისა და, ზოგჯერ ბროწეულის სახითაა გამოსახული.  აქ საქმე გვაქვს  მკაფიო სტილიზაციასთან, რომელიც ქვაზე თუ ხეზე კვეთას მოგვაგონებს. კომპოზიციების განლაგება გააზრებულია, თავისუფალი. აქ კიდევ ერთხელ იჩენს თავს მხატვრის, როგორც ნახატის დიდი ოსტატის თვისებები: მისი ხაზი დენადია, ნახატი რიტმულად აგებული, დინამიკური  და პლასტიკური. 

29

მთელი წიგნის მხატვრობა ეროვნული სულითაა გამსჭვალული და ეროვნულ ხალხურ ფესვებზეა დამყარებული. მხატვარი ფართოდ იყენებს ძველი ქართული ხუროთმოძღვრებიდან აღებულ დეკორატიულ ელემენტს, როგორიცაა, მაგ., სარკმლის დაკორატიული თავსართი. ეს მოტივი მხატვარს გამოყენებული აქვს ზღაპარ „სამი ქაჩალის“ ილუსტრაციაშიც - მოცემულია სამი ქაჩალის წელსზედა გამოსახულება, რომელთა თავებისათვის სარკმლის დეკორატიული სამთაღიანი სათაური მოჩარჩოებას ქმნის. ქაჩალთა პირობითი ჟესტიკულაცია, იწვევს ტაძრებზე  ქტიტორთა გამოსახულებების  შორეულ ასოციაციას. ეს მომენტი სხვა კომპოზიციებშიც აღინიშნება, მაგრამ იგი უბრალო იმიტაციას კი არ წარმოადგენს, არამედ ახლებურადაა გააზრებული და დიდი იუმორით შესრულებული. ეს იგრძნობა ფიგურათა ჟესტიკულაციაში, განსაკუთრებით კი იუმორი მათ სახეებზე იკითხება. წიგნი გამოირჩევა გაფორმების მაღალი კულტურითა და  მხატვრული დონით.

32

წიგნი „ქართული ხალხური პოეზია“-ს გაფორმება, როგორც ჩანს,  ქართული მინანქრის მინიატურის მოტივებითაა შთაგონებული. როგორც ყველა წიგნს, გულდა კალაძე აქაც მთლიანად აფორმებს: სუპერი, ყდა, ფორზაცი, სატიტულო ფურცელი, კონტრტიტული. წიგნი სულ ექვსი ილუსტრაციისაგან შედგება. ოქროსფერი აერთიანებს მთელ გაფორმებას. აღსანიშნავია ილუსტრაციების გაბედული ფერადოვნება, ინტენსიური,  მდიდარი, ჟღერადი ფერების შეხამება. საერთო ფონად ყველგან გამოყენებულია ოქროსფერი, რაც მდიდრულ დეკორატიულობასა და ერთგვარი სიძველის შეგრძნებას სძენს  გაფორმებას. ილუსტრაციები წიგნის ფორმატის ხელაა. მათი აგება სიბრტყობრივ-დეკორატიულია. ნახატი პლასტიკურია, მკაფიო კონტურით შემოსაზღვრული. დეკორის სახით ფართოდაა გამოყენებული ვაზისა და ბროწეულის  ორნამენტი.
გულდა კალაძემ თავისებური ევოლუცია განვლო წიგნის დეკორის სპეციფიკის დაუფლებასა და თვითმყოფადი სახის შექმნაში, მაგრამ მხატვრის შემოქმედება ამით არ ამოიწურება.
1976 წლის  22  დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო სურათების გალერეის  დარბაზში გაიხსნა გულდა კალაძის ნამუშევართა  პირველი პერსონალური გამოფენა. ბევრმა აქ გაიცნო  იგი, როგორც მხატვარი,  შემოქმედი. ძლიერ თავმდაბალი და მომთხოვნი იყო საკუთარი თავის მიმართ. მას სურდა უფრო მეტის და უკეთესის  შექმნა. მრავალ ნამუშევარს იგი გამოფენის ღირსადაც არ თვლიდა. ალბათ, სწორედ ამით უნდა აიხსნას, რომ სიცოცხლეში მისი არც ერთი პერსონალური გამოფენა არ შემდგარა. მისი გარდაცვალების შემდეგ  კი გამოფენები მოეწყო არა მარტო თბილისში, არამედ ქუთაისში, მოსკოვში და ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალ ქალაქში.

3334

გამოფენაზე გამოტანილი იყო: ქანდაკებები, ესკიზები, ფერწერული ჩანახატები „ქართული მიწა“, ასევე, საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს (ჩეხოსლოვაკია, იტალია-საბერძნეთი, საფრანგეთი) შესრულებული ჩანახატები. თუ ადრე გულდა კალაძეს იცნობდნენ, როგორც მოქანდაკეს, წიგნის გამფორმებელს,  დეკორატორ-კერამიკოსს,  ახლა იგი საზოგადოებას წარუდგა როგორც ფერმწერი.  ჩანახატები ძირითადად შესრულებულია გუაშით, პასტელით,  ტუშით.
მხატვარი უმთავრესად ხატავდა პეიზაჟებს, ბუნებისა და ქალაქის მრავალრიცხოვან ხედებს: „პარიზის ქუჩები“,  „ძველი უბნები“,  ,,სანაპირო“,  „ვენეციის ქუჩები“, „გონდოლები“,  „პრაღის სახურავები“, „ჭადრები საფრანგეთში“, „აკროპოლისი“ და სხვა.  მართალია, მათ მხატვრის შემოქმედებაში თავისი მნიშვნელობით, ნაკლები ადგილი უკავიათ ქანდაკებასა და წიგნის გრაფიკასთან  შედარებით, მაგრამ ეს კომპოზიციები საინტერესოა ლირიკული ხასიათითა და კოლორიტული გადაწყვეტით.  უმრავლესობა ნახატებისა ეტიუდურია.

35

განსაკუთრებული  სინაზითა და პოეტურობითაა განმსჭვალული  „ქართული მიწის“  სერიის ჩანახატები, რომლებიც თითქმის  იმპრესიონისტულია თავისი ხასიათით. აქ შესრულების თავისუფლებასთან  ერთად იგრძნობა კომპოზიციის კადრის, ფერადოვან ლაქათა ოსტატური განაწილება, ნახატი მშობლიური მხარის სითბოთია გაჯერებული:  „იმერეთის პეიზაჟები“,  „სკები“,  „ობჩის მიდამოები“,  „მდელო ქართლში“  ხასიათდება ფერთა ჰარმონიულობით. 

3839

გამოფენაზე  გამოტანილი  იყო მხატვრის უკლებლივ  ყველა ესკიზი,  ურიცხვი  რაოდენობისა, ზოგი დამთავრებული ზოგიც დაუმთავრებელი, ზოგი განხორციელებული, ზოგიც განუხორციელიბელი. გამოფენილი იყო ესკიზები: დეკორატიული პანოსათვის  „შემოდგომა“, „ღრეობა“, ესკიზები შოთა რუსთაველის ძეგლისათვის, ასევე, „ვეფხისტყაოსნის“  ილუსტრაციები, ესკიზები გალაქტიონის ძეგლისათვის, დიდების მონუმენტისათვის,  გზისპირა წყაროთა გაფორმებისთვის შესრულებული კერამიკული  პანოებისა და ფილებისათვის. აქვე გამოფენილი იყო ცალკეული დეკორატიული მოტივები და მოსაწვევი ბარათების, რესტორნის მენიუს, დეკორატიული თეფშების  ესკიზებიც. მისი შემოქმედება თითქოს გულდასეული სინთეზია მამის პოეტური  და დედის მხატვრული მემკვიდრეობისა.
მიუხედავად მისი ხანმოკლე შემოქმედებითი ცხოვრებისა, გულდა კალაძემ თავისი მრავალდარგობრივი და მრავალფეროვანი შემოქმედებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებაში. მის შემოქმედებაში ნათლად აისახა 1960-1970- იან წლების  ქართულ სახვით ხელოვნებაში მიმდინარე პროცესები.
სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა შემოქმედის სიცოცხლე მაშინ შეწყდა, როდესაც შეეძლო კიდევ მრავლის შექმნა, უკურნებელი სენით შეპყრობილი,  იგი  42  წლის ასაკში გარდაიცვაალა..
გულდა კალაძე აქტიურ მონაწილეობას  იღებდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი უშუალო თაოსნობით გაიხსნა ქუთაისის ქართული სახვითი ხელოვნების გალერეა, რომლისთვისაც თვითონვე დადიოდა,  ეძებდა და აგროვებდა  ექსპონატებს. იგი მუდმივი მონაწილე იყო რესპუბლიკური, საკავშირო თუ უცხოეთში მოწყობილი გამოფენებისა.





ნანახია: 7872-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani