Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ნაცნობი-უცნობი გუდიაშვილი

There are no translations available.

ირინე აბესაძე

(ეძღვნება მხატვრის დაბადებიდან 125 წლისთავს)

ლადო გუდიაშვილის დაბადებიდან 125 წლისთავზე არ შეიძლება არ მოვიგონოთ მხატვარი, რომელმაც  შორს გაუთქვა სახელი  ქართულ მხატვრობას. ნიკო ფიროსმანის შემდეგ, ქართველი მხატვრებიდან ყველაზე მეტი დაიწერა ლადო გუდიაშვილზე, განსაკუთრებით აქტიურობდნენ, ამ მხრივ, უცხოელი ხელოვნებათმცოდნენი.  მიუხედავად თავისი ცხოვრების  რთული დროითი მონაკვეთის  გავლისა, როდესაც მხატვარი ფორმალიზმში დაადანაშაულეს, თავისი სახელისა და შემოქმედების  „რეაბილიტაციას“  თავად მოესწრო.  ბატონ ლადოსთან  ურთიერთობას, მე  მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდში, ანუ მისი დიდების ზენიტში  მოვუსწარი.
ეს იყო 1975 წელი, როდესაც  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის განყოფილების ახალკურსდამთავრებულმა, მუშაობა დავიწყე  ჟურნალის „საბჭოთა ხელოვნება“ რედაქციის შტატგარეშე თანამშრომლად. პარალელურად ვმუშაობდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ხალხთა მეგობრობის მუზეუმის სახვითი ხელოვნების განყოფილებაში და მევალებოდა   მხატვრობის დარგში კულტურათშორისი ურთიერთობების ამსახველი მასალის მოძიება. იმხანად, ჟურნალის „საბჭოთა ხელოვნება“ მთავარი რედაქტორი გახლდათ  შესანიშნავი მწერალი და ჩინებული პიროვნება, ბატონი თამაზ ჭილაძე, რომელმაც  ჩემთვის ძალიან პასუხსაგები და  საინტერესო  დავალება მომცა, ამეღო ინტერვიუ   ბატონი ლადო გიდიაშვილისგან.  ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, უდიდესი  მონდომებით შევუდექი დავალების აღსრულებას, თანაც, ამ ვიზიტით უდიდეს ქართველ მხატვართან, მე ორი კურდღლის დაჭერას ვაპირებდი - მუზეუმის სამომავლო ექსპოზიციისთვის მასალის მოძიებას და, ამავდროულად, ჟურნალისთვის  ინტერვიუს  ჩაწერას. ჩემი ვიზიტი  წინასწარ  დაიგეგმა ბატონ ლადოს მეუღლესთან,  ქალბატონ  ნინო მგელაძესთან, რომელიც თავისი მეუღლის საქმეებს  განაგებდა.  ჩემმა  დიალოგმა ბატონ ლადო გუდიაშვილთან, ჟურნალის „საბჭოთა ხელოვნება“ 1975 წლის  № 9 იხილა  დღის  სინათლე, მნიშვნელოვანი კუპიურებით, რადგან იმ პერიოდში, მიუხედავად პოსტსტალინური ლიბერალიზაციისა, საბჭოთა ცენზურა არ თვლემდა. მე კი, სულ ახლახან, ჩემს არქივში აღმოვაჩინე ამ დიალოგის სრული ვერსია და კონფერენციის   რეგლამენტის გათვალისწინებით გთავაზობთ ბატონი ლადოს საუბრის გამოუქვეყნებელი  ფრაგმენტებიდან მხოლოდ მცირე მონაკვეთებს ჩემი  კითხვების გარეშე, თუმც,  ჩემეული კომენტარებით. დიალოგის სრულად გამოქვეყნებას, რომელიც ძალზე საინტერესო საკითხებს ეხება, ვგეგმავ  უახლოეს მომავალში (ჩანაწერი გაკეთებულია   სტენოგრაფიული სიზუსტით ).    

 001

ბატონი ლადო გუდიაშვილი: იცით, თბილისი როგორი ჭრელი ქალაქი იყო. აქ ძალიან ბევრი უცხოელი ცხოვრობდა, განსაკუთრებით ბევრი იყო იტალიელები. მთელი პლეხანოვი მაგათ ეჭირათ, სახელოსნოები ჰქონდათ, მარმარილოზე მუშაობდნენ, შესანიშნავ ქანდაკებებს აკეთებდნენ სვეტებზე ანგელოზების გამოსახულებებით. მათ,  მართალია, კომერციული დანიშნულება ჰქონდათ, მაგრამ  მრავალი მათგანი  ხელოვნების ძვირფასი ნიმუში  იყო. მთელი კუკიის სასაფლაო ასეთი ქანდაკებებით იყო სავსე (ბატონი ლადო მაჩვენებს თავისი მისაღები დარბაზის  კუთხეში იტალიელის გაკეთებულ სვეტის თავზე  ანგელოზის გამოსახულებას, მართლაც მშვენიერი ნაუშევარია). ისინი სრულდებოდა ნაცნობ-მეგობრების  დაკვეთით, გარდაცვლილთა საფლავებზე დასადგმელად. მახსოვს, ერთი ანეკდოტური შემთხვევაც. ერთმა მოქანდაკემ მოიპარა ვიღაცის  საფლავზე დადგმული ბიუსტი  და იმისგან ფილიპე მახარაძის ბიუსტი შეასრულა.  ამ ამბავმა  ჩვენ,  მხატვრები, ძლიერ გაგვამხიარულა. იტალიელთა შორის მე ბევრი ნაცნობი მყავდა.  ერთი ლამაზი ამხანაგი მყავდა - ანტონიო კარო,  იგი  ხელოვანი იყო, ოქრომჭედლობდა. მას ჰყავდა ძალიან ლამაზი და, რომელიც ცოლად გაჰყვა  ანდრეოლეტის, რომელსაც სახელოსნო ჰქონდა გახსნილი თბილისში. თბილისში იყო, აგრეთვე, გერმანელების დასახლება. იცით, რატომ არის პლეხანოვის გამზირი ასეთი სწორი, რუსთაველის გამზირი კი შეხვეულ-შემოხვეული, იმიტომ, რომ გერმანელებს სიზუსტე და წესრიგი ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი. თავიანთ დასახლებაში ერთმანეთის მიმდევრად, სახლები ლარივით ჰქონდათ გადაჭიმული. იქ იყო, აგრეთვე, კიოლნის ტიპის ეკლესია, რომელიც გერმანელ ტყვეებსვე დაანგრევინეს. იცით, ახლაც, დიდუბის მხარეს მანქანით რომ გავივლი ხოლმე, ამ დასახლების ნანგრევები, აქა-იქ შემორჩენილი სახლები, გოთური სტილის გადახურვით, კიდევ მოჩანს. დამოუკიდებლობის პერიოდის ტფილისში  შოტლანდიელებიც იყვნენ შოტლანდიური ქვედატანებით. ბერძნები, თურქები, სპარსელები, ათასი ჯურის ხალხი ირეოდა. სპარსელებს დუქნები ჰქონდათ ეხლანდელ ვერცხლის ქუჩაზე. იქ, სადაც  ეხლა ტიციან ტაბიძის ქუჩაა,  ჩამწკრივებული იყო პატარ-პატარა დუქნები, სპარსელები იქვე აკეთებდნენ  ვერცხლისა და ოქროს სურებს, სხვადასხვა ნივთებს, ისინი შესანიშნავი ხელოსნები იყვნენ. ძველ ტფილისში იყო ერთი სპარსელის დუქანი, რომელშიც ანტიკვარული რაღაცეები იყიდებოდა. ჩვენი ხელოვნების მუზეუმის არაჩვეულებრივი აღმოსავლური კოლექცია  ამ მედუქნის წყალობით შეივსო.  ძველი ტფილისის ლამაზ და კოლორიტულ  ქუჩებში  აქლემებიც კი დადიოდნენ.  რუსთაველზე კი, რომელიც უფრო ევროპული ქალაქს ჰგავდა, მაღაზიის ვიტრინებში გამოფენილი იყო  გასაყიდად გამოტანილი სურათები, ერთგვარ გამოფენასავით. გამვლელები მაღაზიებში შეუსვლელად, ვიტრინებიდან ათვალიერებდნენ ხელოვნების ნიმუშებს. ასეთი მაღაზია იყო  „Blanc et Noir“, ანუ „თეთრი და შავი“.  ამ მაღაზიის, რომელიც ამჟამინდელი სამხედრო შტაბის შენობის ახლოს მდებარეობდა, მეპატრონე სომეხი იყო. აქ გამოფენილი იყო ჩემი ნამუშევრებიც, კირილე ზდანევიჩის, ზიგა ვალიშევსკის და სხვა მხატვრების გვერდით. ერთხელ, როდესაც ვფუტურისტობდი, ამ მაღაზიაში გამოვფინე შოთა რუსთაველის მეტად უცნაური პორტრეტი (ლადო გუდიაშვილს ეღიმება თავის ფუტურისტობაზე - ი.ა.). ერთხელაც მოვდივარ, მაინტერესებს, გაიყიდა თუ არა ჩემი ნამუშევარი, მეორე ქუჩაზე, შორი-ახლოს ვდგავარ და ვხედავ, ვიტრინაში აღარ არის გამოფენილი ჩემი რუსთაველი, გამეხარდა, ე.ი გაიყიდა მეთქი. გახარებული შევვარდი მაღაზიაში. იქ, კი გაბრაზებული ნოქრები და მაღაზიის დირექტორი დამხვდნენ. მათ ერთხმად მიპასუხეს: იცი, შენი რუსთაველის გამო ჩვენ რა გადაგვხდა - ერთი  ქართველი სამხედრო პირი მიდიოდა ქუჩაში და ვიტრინაში შენი რუსთაველი რომ დაინახა,  ხმალგაშიშვლებული შემოგვივარდა მაღაზიაში ყვირილით: „ეს რა გიქნიათ რუსთაველისთვისო, მერე რუსულად მიაყოლა  „Кто смеет издеваться над гениальным поэтом“, თან ხმალს აქეთ-იქით ატრიალებდა, ისეთი ამბავი აგვიტეხა, თან იძახდა –„კარგით, მხატვარი გადარეულია, თქვენ რაღა დაგემართად, ეს რომ გამოფინეთო, კინაღამ დაგვხოცა ყველა. ჩვენც შეშინებულებმა გადავმალეთ შენი ნამუშევარი.“ ეს ამბავი მოვუყევი ჩემს მეგობრებს: პაოლოს, ტიციანს და სხვებს, ისინი  გაბრაზდნენ, ეს როგორო, მერე  თქვეს: „კარგი სასტატიო რამ არისო“ და მეორე დღეს  გაზეთში მოათავსეს ცნობა, როგორ შეიძლება თანამედროვე ხელოვნებას ასე აუჯანყდეს საზოგადოება, არ ესმოდეს ჭეშმარიტი ხელოვნების ფასიო და აქეთ დაადანაშაულეს ის ოფიცერი. ამაზე ის სამხედრო გაბრაზდა და თავის დამქაშებს დააწერინა საპასუხო წერილი. მოკლედ, ჩემი რუსთაველის გამო ასეთი ამბავი გაიჩარხა (იცინის ბატონი ლადო-ი.ა.). იცით, ასე იყო  წინათ გაზეთებში, რაც უნდოდათ, იმას სწერდნენ, ყველას ერთმანეთის სატკივარი აწუხებდა. 1910 წელს საქართველოში ჩამოსულმა მიხეილ ლე დანტიუმ, კირილე და ილია ზდანევიჩებმა, იური დეგენმა, კრუჩიონიხმა, ტერენტიევმა, კამენსკიმ და სხვ. ერთბაშად შემოიტანეს ფუტურისტული გავლენა, რომელიც მანამდე რუსეთში  იყო გავრცელებული, იმართებოდა დისკუსიები, ჩვენც ავყევით, არ გვინდოდა ჩამოვჩენოდით ყოველივე ახალს, მოგვწონდა ექსპერიმენტები. თუმცა, გულში მაშინათვე ვფიქრობდი, რომ ეს დროებითი გატაცება იყო, რადგან ჩვენ, ქართველ მხატვრებს, ერთი მთავარი მიზანი გვქონდა დასახული, გვეპოვნა, როგორც დავითი ამბობდა: „ჩვენი მხატვრული ქართულობა“, ანუ,  ეროვნული ფორმა. ჩამოსულმა რუსმა მხატვრებმა შექმნეს საზოგადოება „Малый круг“, რომლის გამოფენებზეც ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას, ასევე, სომეხ მხატვართა გაერთიანება  „ჰაიარტუნის“ გამოფენებში. ეს საზოგადოება ამჟამინდელ ძერჟინსკის ქუჩაზე იყო და იმ გამოფენებში არასომეხი მხატვრებიც მონაწილეობდნენ. მაგალითად, იყო ასეთი ჩეხი კინომხატვარი ნოვაკი, დაღესტნელი ხალილ-ბეკ-მუსაევი  და სხვები. ჩვენ დროსაც იყო თაობათა დაპირისპირება. ჩვენი არ ესმოდა გიგო გაბაშვილის თაობას. სხვათა შორის, გიგო გაბაშვილი, ძალიან რაფინირებული, კარგად აღზრდილი, თავის შესანიშნავად დამჭერი ადამიანი იყო. იგი აკადემიურ ხელოვნებას მისდევდა, მე  და ჩემი თაობის მხატვრებს მიგვაჩნდა, რომ  მისი შემოქმედება არ იყო ქართული, ეროვნული სულით გაჟღენთილი. ამის მიზეზი იყო ის, რომ მან სამხატვრო განათლება ჯერ პეტერბურგში, მერე კი, მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში მიიღო. მისი შუა აზიური  ფერწერული ციკლიც, მართალია, ოსტატურად გამორჩეულია,  მაგრამ ჩვენს  გემოვნებასა და მისწრაფებებს აცდენილი იყო, განსაკუთრებით მისი საოცრად ნატურალისტური  ხევსურული ციკლი  გვაღიზიანებდა. ერთხელ ბატონ გიგოს, როდესაც ფიროსმანზე  ვკითხე, იცით გაკვირვებულმა, რუსულად რა მიპასუხა,  ამის მოწმე ნინო არის: „Вы тоже увлекаетесь его размазнёй“. ძალიან გამიკვირდა, იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი, ახალგაზრდები, ძალიან ვაფასებდით ფიროსმანს, მისი საოცარი, ეროვნული სულისკვეთებით შექმნილი მხატვრობის გამო.
 002

ქუთაისიდან „ცისფერყანწელები“ რომ ჩამოვიდნენ, თბილისში ნამდვილი ქართული სული ჩამოიტანეს.  მათ ჯგუფში შედიოდნენ: პაოლო, ტიციანი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, ლელი ჯაფარიძე, ალი არსენიშვვილი, სხვათა შორის იურისტი, რომელსაც ყველაფერი აინტერესებდა და სხვები. მე  მთხოვეს მათი ჟურნალის, „ცისფერი ყანწების“ გაფორმება, რადგან ძალიან ვმეგობრობდი მათთან. იმ დროის ტფილისი პოეზიის ქალაქად იქცა, ცისფერყანწელებმა მხატვრებიც შემოიკრიბეს თავის გარშემო. არსებობდა მრავალი თავშეყრის ადგილი, სადაც  ხელოვანი ხალხი ვიკრიბებოდით და ცხარე კამათი გვქონდა. მაგ. რესტორანი „ანონას“ ადგილას, რომელიც რუსთაველის თეატრის  სარდაფში იყო, გაიხსნა კაფე „ქიმერიონი“. იგი პოეტებმა დაიქირავეს იმისთვის, რომ იქ  მოწყობილიყო შეკრებები  ხელოვანი ადამიანების. იქაური  კედლის  მხატვრობა ჩვენს მიერ შესრულდა - დავით კაკაბაძის, სერგეი სუდეიკინის, კირილე ზდანევიჩის, ალექსანდრე ზალცმანის, ზიგა ვალიშევსკის და ჩემს მიერ. (რატომღაც, ამ ჩამონათვალში ბატონი ლადო არ ახსენებს  მოსე და ერეკლე თოიძეების მონაწილეობას - ი.ა.). 1919 წელს დავასრულეთ მოხატვა და გაიხსნა კიდეც „ქიმერიონი“.  კაფე „ქიმერიონ“-ში მე  მნიშვნელოვანი მხოლოდ ერთი კომპოზიცია მქონდა - „სტეპკუას დუქანი“. ამის ერთგვარი რეპლიკა,  სახელწოდებით „საქუა“ აქვს ერასტი ვაჩნაძეს.  მე რომ დავიწყე მუშაობა მოხატვაზე, „ქიმერიონ“-ში კედლები უკვე განაწილებული იყო, ყველაზე ბევრი  მოსახატი ადგილი სუდეიკინს ერგო. მოხატვაში ნაკლები ინტენსივობით მონაწილეობდა ალექსანდრე ზალცმანი, რადგან ის თეატრალური მხატვარი იყო და ბევრი სხვა საქმეები ჰქონდა. მან მხოლოდ ორნამენტული გაფორმება შეასრულა. ზიგა  ვალიშევსკიმაც, ძირითადად, ორნამენტული სახეები შექმნა, რადგან, როგორც გითხარით, კედლები უკვე განაწილებული იყო. მგონი, მას  ერთი კომპოზიციური ნაწარმოები ჰქონდა ქვედა სარდაფის ნიშაში.  სერგეი სუდეიკინთან  მე ძალიან კარგი დამოკიდებულება მქონდა, თვითონ იყო ცოტა ავადმყოფი, შიზოიდი ტიპი. ერთხელ, როდესაც „ქიმერიონ“-ში ერთად ვხატავდით, პაოლო იაშვილმა შემოიხედა და  ხმამაღლა მითხრა: „მომილოცავს პარიზში სტიპენდიატად გგზავნიანო“. ეს, რომ გაიგო სუდეიკინმა, გაბრაზებულმა, შურით ფუნჯი მესროლა.  ქართველები და რუსი ხელოვანები ერთად იკრიბებოდნენ, აგრეთვე, „არგონავტთა ხომალდში“ და „ფანტასტიკურ დუქანში“, ასევე, დღეს რომ წითელი არმიის სახლია, იქ იყო რესტორანი „ძმური ნუგეში“. რაც შეეხება სასადილოს „იმედი“, ის იყო,  დღეს რომ საქართველოს ხელოვნების მუზეუმია, იქ, ხელმარცხნივ, პირველ სართულზე, მუზეუმის ფანჯარა რომ არის - იქ  იყო დარბაზები, სადაც   სასადილო „იმედი“ იყო განთავსებული, რომელიც მოუხატავი იყო. ერთხელ, ჩვენ იქ მიგვიწვიეს: მე, კირილე ზდანევიჩი, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვი, ზიგა ვალიშევსკი, რათა ჩაგვეხატა   მოწვეული სტუმრები. პოეტები კი, ექსპრომტებს  ეტყოდნენ ქალებს. დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. მართლაც, კარგი სანახაობა იყო. ჩვენ იქვე ვხატავდით მომსვლელებს, პაოლო კი ექსპრომტებს ეუბნებოდა მათ. ამ დროს ბაჟბეუქი გამოთვრა და ტირილი დაიწყო. „რა გატირებსო?“ ჰკითხა პაოლომ, „ჩემი შეყვარებული გამახსენდაო და ბავშვივით აზლუქუნდა. მერე სადღაც გაუჩინარდა, ძლივს ვიპოვნეთ და სახლში წავიყვანეთ“. გრიგოლ რობაქიძე ჩვენზე უფროსი იყო, ამიტომ ნაკლებად გვეტანებოდა. ჩვენ მას ძალიან ვაფასებდით, არაჩვეულებრივად განათლებული და ჭკვიანი იყო.  კარგი საუბარი იცოდა. ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე მე იგი ჩავხატე, ისე ვიყავი მოჯადოვებული მისი ორატორული ნიჭით, რომ დავხატე მისი პოტრეტი. მისი თავიდან რაღაც ფანტასმაგორიები რომ გამოდიოდა. მე, ასევე, დახატული მქონდა ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის და სხვათა პორტრეტები, მაგრამ   მოისპო. ბევრი რამ  მე თვითონ დავწვი.  ერთხელ,  გრიგოლ რობაქიძე და ექიმი ხარაზოვი, რომელიც, ასევე, ძალზე განათლებული ადამიანი იყო, „ფანტასტიკურ დუქანში“ რაღაცაზე წაიკიდნენ, ხარაზოვმა უთხრა გრიგოლს: „თქვენ უკეთესად წერთ, ვიდრე ლაპარაკობთო“, გრიგოლმა კი უპასუხა: „თქვენ არც წერთ და არც ლაპარაკობთ წესიერადო“. ამაზე გაბრაზდა ხარაზოვი და სავიზიტო ბარათი გაუწოდა გრიგოლს - „დუელში გიწვევთო“ (მაშინ ფარულად აქა-იქ მაინც შემორჩენილი იყო დუელები - მეუბნება ბატონი ლადო). გრიგოლ რობაქიძე არ ელოდა ამას, მაშინ პაოლომ, რომელიც იქვე უჯდა, წასჩურჩულა: „მიიღე გამოწვევაო“. გრიგოლიც დასთანხმდა. სეკუნდანტებად გრიგოლმა აგვირჩია მე და პაოლო, ხარაზოვმა კი - კირილე ზდანევიჩი და, მგონი, ვალერიან გაფრინდაშვილი. დუელის დღეც დადგა.  ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, ახლანდელ კომკავშირის ხეივანში, სადაც დუელი უნდა გამართულიყო, დიდძალი ხალხი შეიკრიბა. პაოლომ გაუარა გრიგოლ რობაქიძეს  და რას ხედავს - გრიგოლი ტახტზე წამოწოლილა და სროლაში ვარჯიშობს. მოპირდაპირე კედელს ესვრის, სულ გაიბოლა ოთახი. დუელის   ფიქსირებულ დროს გრიგოლი არ მოვიდა, მაშინ, პაოლომ გამოაცხადა - სეკუნდანტები უნდა შევებათო. ამის გაგონებაზე შეშინებულმა კირილე ზდანევიჩმა მოჰკურცხლა, სულ სირბილ-სირბილით  დაეშვა კომკავშირის  ხეივნიდან. პაოლომ კი, სიცილ-ხარხარში ქუდი აისროლა ცაში და მას ესროლა. ასე დამთავრდა ეს  დუელი. რუსი და ქართველი პოეტები და მწერლები კი „Цех-поэтов“-ში  იკრიბებოდნენ. ეხლა „ბორჯომი“ რომ იყიდება რუსთაველზე, სუვენირების მაღაზიის გვერდით  შესასვლელი რომ არის ეზოში, იქ, ხელმარჯვნივ იდგა სახლი, სადაც იყო „ფანტასტიკური დუქანი“ (ეხლა იქ რაღაც დაწესებულებაა, პირველ სართულზე - მეუბნება ბატონი ლადო) აი, ეს სახლი მოხატული იყო იაკობ ნიკოლაძის, კირილე ზდანევიჩის, ზიგა ვალიშევსკის და ჩემს მიერ. ეს იყო, დაახლოებით, 1919 წელი. იქ ჩვენ თავისუფალი მხატვრობა გვქონდა, ზდანევიჩს - ფუტურისტული, ასევე, ზიგასაც, ნამდვილად, აღარ მახსოვს რა ჰქონდა ნიკოლაძეს, მგონი, ყვავილები, მე კი მქონდა ქალების და შვლების გამოსახულებები. „ცისფერყანწელები“ იკრიბებოდნენ, აგრეთვე, კაფეში „არგონავტების ხომალდი“, რომელიც მოთავსებული იყო დღევანდელი წითელი არმიის სახლში“, ამბობს ბ-ნი ლადო. იქ  იყო ჩემი, ბაჟბეუქ-მელიქოვის და კირილე  ზდანევიჩის მხატვრობა.
იცით, შესანიშნავი ადგილმდებარეობა  აქვს საქართველოს, ზღვაც გვაქვს, მთებიც, მდინარეების დიდი რაოდენობა, სადაც არ უნდა დაარტყა წერაქვი, მიწიდან პირდაპირ  სიმდიდრე ამოვა, უბრალოდ, არ ვიცით მოვლა-პატრონობა. რამდენიმე ხნის წინ, ბაგინეთში წამიყვანეს პიტიახშთა ნეკროპოლის სანახავად. რომ იცოდეთ, როგორ მოუვლელი დამხვდა იქაურობა, გული მომიკვდა. მიმიყვანეს ერთ ორმოსთან და მეუბნებიან: „ეს, პიტიახშის ასულის - სერაფიტას აკლდამაა“. ამის შემდეგ, მე  წარმოსახვით დავხატე დიდი ტილო  „სერაფიტას გასეირნება“, ნუთუ, არ შეიძლება, როგორც ეგვიპტეშია „Долина Царей“, ისე მოუარონ, ტურისტებისთვის მიმზიდველი რომ გახადონ. იმაზე ნაკლები კი არ არის ჩვენი არმაზი და ბაგინეთი.  ჩემს „სერაფიტას გასეირნებაში“ იმიტომ დავხატე ასე დეტალურად იმ დროის ჭურჭელი, ინვენტარი, რომელც გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ ნახონ საქართველოში ჩამოსულმა სტუმრებმა, რა კულტურის მატარებელი ერი ვართ. ტურიზმით ცხოვრობს დღეს არა მხოლოდ ეგვიპტე, საბერძნეთი, იტალია და სხვ. უბრალოდ, ამ სიმდიდრეს, რაც ჩვენ გვაბადია,  გაფრთხილება და ჩვენება უნდა.
ბატონი ლადო იხსენებს პარიზს: იცით, თბილისი და პარიზი ის  ორი ქალაქი იყო, სადაც ერთდროულად, ფეხდაფეხ მიჰყვებოდა დროის ახალ მოთხოვნებს ახალგაზრდა შემოქმედი თაობა, არტისტული ბუნება ქართველი ხალხისა იმის საფუძველს იძლეოდა, რომ ჩვენ გვქონოდა  ჩვენი ქართული  მოდერნიზმი.
 003

პარიზში რომ ჩავედით, იქ  მხატვრების ორი ჯგუფი დაგვხვდა, რაიონების მიხედვით დაყოფილი. ერთი -  მონპარნასის, მეორე კი- მონმარტრის. ეს ორი ჯგუფი, ერთმანეთს თითქოს ექიშპებოდა კიდეც. მე მონმარტრზე ვცხოვრობდი, იქვე, ჩემ სახლთან ახლოს იყო კაფე „როტონდა“, სადაც ცნობილი მხატვრები თითქმის ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ. მეც თითქმის ყოველ საღამოს იქ ვიყავი, მრავალი მეგობარი გავიჩინე. პარიზის შემდეგ დაქართველოში რომ დავბრუნდი, მიწერ-მოწერას  რამდენიმე მათგანთან კიდევ ვაგრძელებდი, მაგ., ბელგიელ   ბიბლიოფილ  ლუსიენ შელერთან, გამომცემელ პიერ ვორმსთან, გუშინ მივიღე წერილი პოლონელი მხატვრის, სერჟ ფოტინსკისგან. ბატონი ლადო მაჩვენებს ღია ბარათს, ლამაზად გაფორმებულს ფრანგულ ენაზე და პატარა ბროშურას ილიაზდის, იგივე ელი ეგანბიურის  (ილია ზდანევიჩის) გამომცემლობის მიერ გამოცემულს. ბატონი ლადო მეუბნება, რომ წიგნში ილიას ფუტურიზმზე, რუს ემიგრანტ მხატვრებზე, ფოტინსკიზე არის საუბარი, აქ მისი შარჟებია მოთავსებული, აგრეთვე, ჩემზე და  დავით კაკაბაძეზეც არის ცნობები-ამბობს ჩემი მასპინძელი და იქვე უმატებს, კარგი იქნება, ქართულად ითარგმნოს, რომ ხალხმა წაიკითხოს. თავად მხატვარმა  ფრანგული იცის.  
ლადო გუდიაშვილი: როდესაც სამშობლოში დავბრუნდი, სრულიად შეცვლილი ვითარება დამხვდა. ეს იყო საბჭოთა სოციალისტური წყობის თანდათანობითი განმტკიცების წლები. ახალმა  ცხოვრებამ ახალი თეორიები და ახალი სისტემები დასახა. ხელოვნების მეთოდს სოცრეალიზმის  პრინციპები დაედო საფუძვლად. ახალი სოციალისტური მშენებლობის თემატიკა თხოულობდა განსხვავებულ  კომპოზიციურ წყობასა და ფერადოვნებას. ამ ჩარჩოებში მომწყვდეულმა რეალიზმმა კი გეზი ნატურალიზმისკენ აიღო, რამაც მთლიანად დაანგრია ჩვენს მიერ  (გულისხმობს ქართველ მხატვარ-სტიპენდიატებს-ი.ა.) ჯერ კიდევ საფრანგეთში გამგზავრებამდე  დასახული პრინციპები. საქართველოს  კულტურის სიღრმეებში წასულმა გზამ პირი იბრუნა. უფრო სწორად, ჩვენი ძიებები, მიმართული  ქართული მხატვრული სკოლის შექმნისკენ,  ერთ ადგილას გაიყინა. საბჭოთა  კრიტიკოსები გვიკიჟინებდნენ, რომ ჩვენ ჩარჩენილები ვართ ფეოდალურ წარსულში, რომ სტილიზაცია და ფორმალიზმით გატაცება კარგს არაფერს მოგვიტანს და დროა, ჩვენი ხელოვნებით თანამედროვე სოციალისტური სახელმწიფოს მიღწევები ავსახოთ. ყველაფერმა ამან კი, ჩვენს შემოქმედებით სულში, წინააღმდეგობა გამოიწვია. სტილური  ერთიანობა დაირღვა , ახალი თემატიკის ამსახველ სიუჟეტებს  ჩვენს მიერ ნაპოვნი სტილი ვერ ეგუებოდა.  ამ მდგომარეობამ ბევრი  ჩვენი მეგობარი სულიერად გატეხა. მე და დავით კაკაბაძეს სამხატვრო აკადემია, სადაც  ახალგაზრდებს ვასწავლიდით, დაგვატოვებინეს. დაიწყო ურთულესი პერიოდი არამარტო  ქართველი მხატვრებისთვის, არამედ, თბილისელი სომეხი მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის. მაგალითად, მახსენდება ორი ასეთი შემთხვევა: აქედან, ერთი დაკავშირებულია მხატვარ ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვთან. ის ჩემი ახლო მეგობარი იყო და თითქმის ყოველდღე, საღამოობით ჩემთან მოდიოდა სახელოსნოში, თანაც, სულ ბუზღუნებდა, რადგან მასაც შეუტიეს  კრიტიკოსებმა -ადანაშაულებდნენ იმაში, რომ  მისთვის ჩვეულ  ლამაზ  ფერებს არ იყენებს,  როდესაც რევოლუციის ბელადებს ხატავს და მათთვის მხოლოდ  მოჟამული ფერის საღებავები   ემეტებაო, მაშინ, როდესაც  ნახევრად შიშველ მშვენიერ ქალბატონებს  საუცხოო ფერებით გადმოგვცემსო.  ბაჟბეუქი  ყოველდღე წუწუნებდა: „აქ მე არ დამედგომება, სომეხი რომ ვარ, იმიტომ  მავიწროვებენ, წავალ ჩემს ერევანში, იქ დამაფასებენო“. ერთხელაც,  მტკიცედ გადაწყვიტა,  ნათქვამი სისრულეში მოეყვანა და ჩვენც, მისმა მეგობრებმა დიდი გულდაწყვეტით გავაცილეთ საშა (ბაჟბეუქ-მელიქოვი - ი.ა.)   სადგურში -  საკუთარ სამშობლოში დასაბრუნებლად. იმავე  საღამოს, ჩემს სახლში  ხატვისას, მომესმა   სახელოსნოს კარებზე  ნაცნობი  კაკუნი, ასე მხოლოდ   ბაჟბეუქი აკაკუნებდა ხოლმე, ვიფიქრე, მომეჩვენა, მაგრამ როდესაც კარები გავაღე და ზღურბლზე   საშა  დავინახე, გაოცებით ვკითხე: „კი მაგრამ, შენ ხომ ახლა ერევანში უნდა იყო?! რა მოხდა?! „ჩემმა მეგობარმა დარცხვენილმა შემომცინა და მითხრა: „იცი ლადო, როგორც კი ვაგონში შევედი და ვნახე ერევნელი სომხების გაუხარელი, ცხოვრებით დატანჯული სახეები, მივხვდი, იქ მე ვერ გავძლებდი და ისევ ჩემს თბილისში, ჩემს მხიარულ, მზიან ქალაქში   ვარჩიე  ცხოვრება.  ამიერიდან თბილისს არაფერში გავცვლიო“. მეორე შემთხვევა კი დაკავშირებულია წარმოშობით თბილისელ, დღეს კი ცნობილ ერევნელ მოქანდაკე ერვანდ კოჩართან, რომლის ქანდაკებაც სომხების ეროვნული გმირის - დავით სასუნცის, ერევნის მთავარ მოედანს ამშვენებს. ეს იყო 30-იანი წლები. ერთხელ, ჩემთან სახელოსნოში ვისხედით და ვსაუბრობდით: დავით კაკაბაძე, ბაჟბეუქ-მელიქოვი და მხატვარი ჯოტო გრიგორიანი, რომელმაც, სხვათაშორის, იმხანად, ქუთაისელი ლამაზი ქალი-დიანა უკლება მოიყვანა ცოლად. ვისხედით და ვსაუბრობდით, როდესაც  ტელეფონმა დარეკა და ქალის ხმამ  მიპასუხა: „მე, ერვანდ კოჩარის და ვარ, ჩემი ძმა დღეს ვენეციიდან ჩამოვიდა  და თქვენი ნახვა სურსო“. რასაკვირველია, მე სიამოვნებით დავპატიჟე ჩვენი ძველი მეგობარი. სულ მალე ერვანდიც გვეწვია, მდიდრულად ჩაცმული, უძვირფასესი მოსასხამით, თვალისმომჭრელი სილამაზის მბზინავი ქუდით, თვალებზე პენსნეთი, ყურებზე ძვირფასი საყურეებით. ერთმანეთის ნახვა ძალიან გაგვეხარდა, გაიმართა საუბარი ხელოვნებაზე. ჩვენ ვუამბობდით იმ ახალ პრინციპებზე, რასაც ჩვენგან ახლა მოითხოვდნენ. ვუამბეთ, რომ დავდიოდით მშენებლობათა ხარაჩოებზე, ხუთწლედის გმირების  დასახატად, მეცხვარეებთან, მაღაროელ შრომის გმირებთან. ის სულგანაბული გვისმენდა. კარგა ხანს ხმა არ ამოუღია, ბოლოს წამოიძახა: „ეხლა გაჩერდით! გეყოფათ! ასე უცებ ნუ გადამრევთ!“, მერე შემოგვთავაზა: „რადგან ასეთი მდგომარეობაა, ჩვენ უნდა გამოვასწოროთ. დავწეროთ მანიფესტი და მასში ერთობლივად ხელოვნების ამ კრიზისიდან გამოყვანის გზები დავსახოთ, მე თქვენი ნიჭის იმედი მაქვს“. დათიკომ უსმინა, უსმინა, მერე გაიღიმა და უთხრა: „იცი გირჩევ,  პირველ რიგში, ეგ მდიდრული სამოსი გაიხადო და წყალს გაატანო, მერე, მოეშვა  მანიფესტის წერაზე ფიქრს და ხელოვნების გამოცოცხლებაზე ოცნებას, თორემ 10 წლით  გიკრავენ ციხეში თავსო“. არ დაიჯერა, ჩვენზე განაწყენებულმა თქვა, ისღა დამრჩენია, ერევანში  გადავიდე საცხოვრებლად და ასეც მოიქცა. გავიდა ორი-სამი თვე და გავიგეთ, რომ ერვანდ კოჩარი დაუჭერიათ და თხუთმეტი წელი მიუსჯიათ. ძალიან დაგვენანა, რომ გამართლდა დათიკოს წინასწარმეტყველება და ეს ხალასი ნიჭის ადამიანი ასე უაზროდ გამოამწყვდიეს ციხეში. საკმაო დრო გავიდა და ერთხელაც ჩემთან სახელოსნოში, იმავე შემადგენლობით ვისხედით და ვსაუბრობდით, რომ   სახელოსნოს კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა, გავაღე კარები და რას ვხედავ: გაფითრებული, გამხდარი, გახუნებული ძველი სამოსით დგას მოტეხილი  ერვანდ კოჩარი და  ღიმილითღა ვიცანი.   ყველა აგვაღელვა მისმა ნახვამ, ყველას სიხარულის ცრემლი მოგვერია. შევიპატიჟეთ, მოვეფერეთ, ყველაფერი გამოვკითხეთ. როგორ მინდოდა მენახეთ და მეთქვა, როგორ არ დაგიჯერეთ მაშინ, თურმე, როგორი მართლები იყავითო - გვითხრა.  ნიჭი მაინც თავისას შვება და  ერვანდ კოჩარმა   დაიბრუნა თავისი ნიჭიერებით სახელი და დიდება, რაც მე, მის მეგობარს, ძალზე მახარებს. ისევ მინდა დავუბრუნდე იმ წლებს, როდესაც პარიზიდან სამშობლოში დავბრუნდი. იქიდან დაახლოებით 40-მდე სურათი ჩამოვიტანე. ძალიან კარგად დამხვდნენ. ინტერვიუს-ინტერვიუზე მართმევდნენ, ყველა ელოდა საანგარიშო გამოფენას, რომელიც 1925 წელს მოვაწყვე და   პარიზში შესრულებული ნამუშევრები გამოვფინე. სხვათაშორის, მე მარტო არ ჩამოვსულვარ, თან მახლდა ფრანგი მეუღლე, მწერალი ქალი,  ჟანა ჟოფრი-გუდიაშვილი, რომელმაც ქართული ენის შესწავლა დაიწყო, რადგან დიდი სურვილი ჰქონდა ქართული ლიტერატურული კლასიკა ეთარგმნა ფრანგულ ენაზე. ის, ამავდროულად, გამოყენებით-დეკორატიული ხელოვნების სხვადასხვა დარგში - კერამიკასა და ბატიკის ხელოვნებაში იყო გაწაფული. ჩვენ, ორივეს, გადაწყვეტილი გვქონდა აქ მოგვეწყო გამოყენებით-დეკორატიული ხელოვნების გამოფენა, სადაც ქართველ ოსტატებთან ერთად,  მისი ნამუშევრებიც იქნებოდა გამოფენილი. დიდი მიზნები მქონდა დასახული. განზრახული მქონდა  მემუშავა ჩემს სახელოსნოში, რომელიც, იმხანად, არ მქონდა და ამაზე უნდა მეზრუნა.  ვფიქრობდი  თეატრში  მემუშავა, რადგან პარიზში, ამ მხრივ, გარკვეული გამოცდილება დავაგროვე, დიაგილევის საბალეტო დასთან  მუშაობით. არამხოლოდ სცენოგრაფიული ნამუშევრების შესრულება მსურდა, არამედ, საკუთარი მიზანსცენებით  მინდოდა დამედგა  ქართული ბალეტი, რაც  ვერ განვახორციელე, სამაგიეროდ,   ქართული თეატრების სცენაზე მრავალი სპექტაკლი გავაფორმე. საუბარში  ერთვება  ქ-ნი ნინო და იგონებს: ლადო პარიზიდან რომ ჩამოვიდა, ისეთი  ლამაზი იყო, თვალს ვერ მოაშორებდი. დადიოდა რომაული სანდლებით შიშველ ფეხებზე, გრძელი მოცისფრო-მომწვანო ფერის შარფით კისერზე და საოცრად მეტყველი, ნიამორივით თვალებით, ჩვენ თბილისელ გოგონებს ის ძალიან მოგვწონდა. ბატონი ლადო იღიმება და ამბობს, მე იმ გოგონებში მალე შევამჩნიე ჭკვიანი, დიდი  ლამაზი თვალებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ძალიან კარგად ესმოდა ხელოვნება. ჩემი ფრანგი მეუღლე და მე მალე დავშორდით ერთმანეთს, მან ვერ გაუძლო იმ რთულ პირობებს, რაც აქ დაგვხვდა და უკან სამშობლოში დაბრუნდა. მე და ნინო კი შევუღლდით. მალე მდგომარეობა გამოსწორდა და მე  დიდი საანგარიშო გამოფენის შემდეგ, თანდათან    დამაფასეს.  სამხატვრო აკადემიაში მიმიწვიეს დავით კაკაბაძესთან ერთად, სახელოსნოდ შესანიშნავი სახლი - აი ეს,  ქართლის მეფეების შთამომავლის,  ბაგრატიონ- მუხრან-ბატონების ყოფილი რეზიდენციის მეორე სართულზე, სადაც  1832 წლის შეთქმულება მზადდებოდა, სადაც თავის დროზე პუშკინი, ლერმონტოვი  და  გრიბოედოვი   მოწინავე ქართველ თავად-აზნაურთა  თავყრილობებს ესწრებოდნენ - საცხოვრებლად გადმომეცა. მაგრამ ასეთი სიამ-ტკბილობა დიდხანს არ გაგრძელებულა.  ჯერ  თვით  მხატვართა ერთი ჯგუფი დამიპირისპირდა ირაკლი თოიძის წინამძღოლობით. საქმე იქამდე მივიდა, რომ „ქართველ მხატვართა საზოგადოების“  გამგეობის სხდომაზე საჯაროდ   დამდეს ბრალი იმაში, რომ, თურმე, მე მოსკოვში გამოფენის მოსაწყობად ჩასულმა ფული უაზროდ გავფლანგე და       ექსპოზიციაც  ჯეროვნად ვერ მოვაწყვე.   დიმიტრი შევარდნაძე, რომელიც ნამდვილი „მშვიდობის მტრედი“ იყო, შეეცადა,  განემუხტა სიტუაცია და ჩვენი შერიგება სცადა.  მაგრამ ჩემზე ამ ფაქტმა ისე იმოქმედა, რომ გადავწყვიტე, რა დანაკლისზეც საუბრობდნენ, ამენაზღაურებინა, რომ უსაფუძლო ბრალდება  მომეხსნა, მაგრამ ისევ ჩემმა მეგობრებმა, დათიკომ და დიტომ ეს საკითხი მთლიანად მოხსნეს  დღის  წესრიგიდან.  ეს  ფაქტი კი თითქოს ერთგვარი სიგნალი იყო, იმისა, რომ  მალე  ჩემი  დევნა დაიწყებოდა. წარსულის იდეალიზაციაში, სტილიზაცია- ესთეტიზაციაში, ფორმალიზმში მადანაშაულებდნენ არა მხოლოდ მე, არამედ ჩემს მეგობრებსაც. აი, ნახეთ, როგორ „ვიძიე შური“ ამ ვაიკრიტიკოსებზე, რომლებიც, სინამდვილეში, ხელოვნების განვითარებაზე კი არა, მის დასამარებაზე უფრო ზრუნავდნენ. და ბატონ ლადოს მივყავარ თავის ერთ-ერთ  სურათთან „წყნეთური სერენადა“, რომელზეც ვირი სერენადას უმღერის ტივზე დასვენებულ ხელოვნების ალეგორიულ გამოსახულებას გარდაცვლილი ლამაზი ქალის სახით. აქვე, მხატვარმა გამანდო გვარი იმ კრიტიკოსისა, რომელიც ვირის სახით წარმოადგინა.
შემდეგ,  ბატონმა ლადომ გაიხსენა თბილისის სხვადასხვა დაწესებულებაში, საკუთრივ შესრულებულ მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები: „დაახლოებით 1925 წელს, კოტე მარჯანიშვილის თეატრის პარტერში შესასვლელ დარბაზში (ფოიეში) მოხატული მქონდა  კომპოზიცია „ბერიკები“, მის საპირისპირო მხარეს  კი, კედელზე „ინდუსტრიული მოტივი“ მქონდა გამოსახული. იქვე მქონდა, აგრეთვე, პანო 4 მეტრი  1 მეტრზე და 40 სანტიმეტრზე, რომელზეც ოქროს ფონზე გამოვსახე შველზე ნადირობის კომპოზიცია. 1925 წელსვე, ეს პანო, შიმშილობის დროს, ალი არსენიშვილს გავუცვალე შაქარში. შემდეგ, აღნიშნული პანო მოხვდა ალი არსენიშვილის  დისწულთან, რომელიც ცხოვრობს თბილისში, პუშკინის 13 ნომერში. ამ ნამუშევრის მხოლოდ ფოტო შემომრჩა, ორიგინალის  ავან-ჩავანს არ მატყობინებენ, მალავენ  მფლობელები - შეწუხებული  სახით  მეუბნება  ბატონი  ლადო და აგრძელებს: დაახლოებით 1927 წელს,  ამჟამინდელი „ინტურისტის“ შენობაში იყო სასტუმრო „ორიანტი“, რომლის მეორე სართულის მისაღები დარბაზის ოთხივე კედელი მოვხატე. ერთ კედელზე, სადაც ორი კარი იყო ჩაჭრილი, „თბილისის  დაარსება“ წარმოვადგინე, მეორე კედელზე, სადაც ერთი კარი იყო ჩაჭრილი - კომპოზიცია „ნადირობა“, მესამე, მთელ კედელზე - კომპოზიცია „სამაია“, ხოლო  დარჩენილ მეოთხე კედელზე კი დავხატე  კომპოზიცია „წყაროსთან“, ჭერზე კი,   ჭაღთან ახლოს გამოსახული მქონდა კომპოზიცია თავისუფალ მოტივებზე, ყველაფერი ეს შევასრულე ტემპერის  საღებავებით. დაახლოებით, 1935 წელს ვაგზლის რესტორნის პანოც მქონდა შესრულებული ზეთის საღებავებით, სადაც  „მოსავლის აღების“ კომპოზიცია  დავხატე. ეხლა არ ვიცი, ეს პანო  სად არის. სადღაც კომპოზიციაში სვასტიკა დაინახეს - იცინის ბატონი ლადო, დამირეკეს და მითხრეს, „თუ არ გინდა დაგიჭირონ, ჩამოხსენი ეგ პანოო“, ამისთვის ცოტა ხნით  ჩამსვეს კიდეც, პანო კი სად გაქრა, არ ვიცი, მხოლოდ ფოტო შემომრჩა.  პარიზშიც მოხატული მქონდა  „კავკასიური სარდაფი“ (კავონ დე კოკოზიენ), ამ სარდაფში  მოხატულობა მქონდა კინტოების გამოსახულებით. ესეც დღეს აღარ არსებობს და მხოლოდ ფოტო მაქვს. ასევე, 1966 წელს, თბილისში, იქ, სადაც რუსთაველის მეტროა, იყო რესტორანი „გემო“, სადაც ნადირობის კომპოზიცია  მქონდა გამოსახული, მერე ხანძარი გაჩნდა და დაიწვა ეს პანო, მხოლოდ ესკიზი დამრჩა წყნეთში, აგარაკზე. იცით, ფანატიკურად მინდა ხოლმე ხატვა, ხანდახან ხელებიც კი ამქავდება, სულ ჩვეული ფანქრის მოძრაობა უნდათ ხელებს. მე მხატვრებს მალე ჩამოვშორდი, ოფიციოზსაც, კარგი მათგან ვერაფერი მივიღე. სულ ერთმანეთის ძაგება, ჩხუბი, ინტრიგა. იცით, ძალიან ძნელი წლები გამოვიარე, როგორ უყურებდნენ ხელოვნებას, ჩემი ხელით დავწვი მრავალი ჩემი ნახატი. ერთხელ, როდესაც ნინო არ იყო სახლში, ბუხარში შევუნთე  ბევრი  ჩემი ნამუშევარი, ნინომ მომისწრო და ძლივს გადაარჩინა რამდენიმე მათგანი დაწვას. ბატონი ლადო მაჩვენებს თავის ცნობილ ავტოპორტრეტს და ამბობს: „მოდით, ჩვენს საუბარში ცოტა იუმორიც გავურიოთ. ამ ავტოპორტრეტით მინდოდა მეთქვა, რომ მე ცალი თვალით ვხედავ იმასაც, რაც არ უნდა კეთდებოდეს, რაც დაუშვებელია, შეცდომაა და ცუდია, ცალით კი იმას, რაც კარგია, რასაც მივაღწიეთ და მახარებს. იცით, ყურებს მე რატომ არ ვუხატავ,   განსაკუთრებით კაცებს, იმიტომ, რომ ყურებს საზიზღრობის მოსმენა უყვართ და შეუძლიათ, ამით სიამოვნება მიიღონ.  ქალებს კი ხანდახან მაინც შევიცოდებ და იშვიათად, მაგრამ მაინც  ყურს მივახატავ ხოლმე, რადგან ისინი ჭორიკნები არიან და მეცოდებიან, ქალებს გრძელი თმები აქვთ და თმა უფარავთ ყურებს, ამიტომაც ისინი გადაურჩნენ ჩემს სასჯელს, კაცები კი დავსაჯე და ყურები მოვაჭერი - თავის ხუმრობაზე გულიანად იცინის   ბატონი ლადო. მერე, ისევ დაფიქრებული სახით ამბობს: „იცით, ხშირად ვუფიქრდები, როგორი უნდა იყოს ადამიანი?! იგი კეთილშობილი უნდა იყოს, მთელი ცოდნა, უნარი უნდა  გაამახვილოს კრისტალივით სუფთა აზრებზე, დაგმოს ინტრიგის თვისება, ხანდახან ბავშვივით გულუბრყვილოც უნდა გახდეს და ტყეში არ უნდა იაროს, რადგან  ტყეში მგელია.  მიკვირს ადამიანების, მხატვრების, რომლებიც სულ სხვის ძაგებაში არიან, როგორც შეუძლია ადამიანს, ისე ხატავს, შენ შენი აკეთე, სხვას კი თავი დაანებე. თუ ნიჭი გაქვს,  არ დაიკარგები“.
004
დასასრულს, უნდა აღვნიშნო,რომ ბატონ ლადოსთან ჩემი არაერთგზისი შეხვედრა გაგრძელდა, რისი შედეგიც გახლდათ არამხოლოდ  ჟურნალში „საბჭოთა ხელოვნება“  დაბეჭდილი  ჩემი  დიალოგი  დიდ მხატვართან ხელოვნების თეორიულ საკითხებზე, არამედ, ხალხთა მეგობრობის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ნაწარმოებთა შემსყიდველი კომისიის მიერ (თავმჯდომარე -  ეროვნული გალერეის დირექტორი, მოქანდაკე,  მიხეილ  ყიფიანი, მდივანი - ირინე აბესაძე) შეძენილი 10  საუკეთესო გრაფიკული ნაწარმოები, 1940-50-იან წლებში შესრულებული სატირული გრაფიკის სერიიდან, რომელსაც აღიარებული ხელოვნებათმცოდნეები ფრანსისკო გოიას  ცნობილ გრაფიკულ სერიებს „კაპრიჩოს“ და  „დისასტერს“ უდარებდნენ. ამჟამად,  ბატონი ლადოს ეს ათივე ნამუშევარი სემ - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმშია დაცული. მე კი, ამ  შეხვედრების და საუბრების შედეგად, სულში აღმებეჭდა  დაუვიწყარი, ჟამთა სვლის მიუხედავად  გაუხუნარი სახე საოცრად მიმდობი, ბავშვივით ხალასი, იუმორით და სიკეთით სავსე ქართული ფერწერის დიდოსტატისა, რომელმაც  საყოველთაო აღიარებისაკენ  მისასვლელი მეტად რთული გზა განვლო.

ნანახია: 3033-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani