Georgian (Georgia)English (United Kingdom)
არქიტექტორი ედვინ რაისი

There are no translations available.

თამაზ გერსამია
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ედვინ რაისი, ეროვნებით ინგლისელი, იყო საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე არქიტექტორი. მან გარკვეული კვალი დატოვა თბილისის და საქართველოს XIX საუკუნის არქიტექტურის ისტორიაში. სამწუხაროდ, მის შესახებ ჩვენ ცოტა რამ თუ ვიცოდით. ფაქტობრივად, ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ იგი არის ზუგდიდში, დადიანების სასახლის რეკონსტრუქციის პროექტის ავტორი. მაგრამ, როგორც გვიჩვენა  ჩატარებულმა კვლევამ, მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენ მანამდე ვთვლიდით. ედვინ რაისი (Edwin Race) დაიბადა 1819 წელს ინგლისში. 1840-იან წლების დასაწყისში, ჩვენი ვარაუდით, მუშაობდა ყირიმში, ალუპკაში, თავად მიხეილ ვორონცოვის (1782-1856), იმ დროს ნოვოროსიის და ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორის,  საყოველთაოდ ცნობილი სასახლის მშენებლობაზე. აღნიშნული სასახლის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ უცხოეთიდან, ძირითადად, ინგლისიდან მოწვეული  ოსტატები. მათ შორის, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, იყო - უნდა აღინიშნოს, საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადი, ავეჯის ოსტატი, ედვინ რაისი.
foto 1-1
foto 2-2
ვორონცოვის სასახლის მშენებლობა ფრანჩესკო ბოფოს და თომას ჰარისონის პროექტის მიხედვით დაიწყო 1828 წელს,  ნეოკლასიკურ სტილში. მაგრამ, 1831 წელს მშენებლობა შეჩერდა და განახლდა მხოლოდ 1832 წელს, უკვე ახალი განახლებული პროექტის მიხედვით. ახალი პროექტის ავტორი იყო ბრიტანული არქიტექტურული ეკლექტიკის ერთ-ერთი ადრეული წარმომადგენელი და რომანტიკული მიმართულების წამომწყები, ინგლისური გოთიკის მომხრე, ედვარდ ბლორი (1787-1879). მან დაამთავრა ბუკინგემის სასახლის მშენებლობა, არქიტექტორის ყველაზე ცნობილი ნაგებობებია:   ვალტერ სკოტის სახლი - აბოტსფორდი. მისი პროექტის მიხედვით განხორციელდა ვესტმინსტერის სააბატოს და ვინძორის ციხე-დარბაზის რეკონსტრუქციები. ამჯერად, თავად ვორონცოვის სასახლე უნდა ყოფილიყო „ინგლისური სტილისა“, მავრული არქიტექტურის  ელემენტების გამოყენებით. თვით პროექტის ავტორი, ედვარდ ბლორი, ყირიმში, ე.ი. ალუპკაში არ ჩასულა. მან წარმოდგენა მიიღო მშენებარე ტერიტორიის და, ზოგადად, ლანდშაფტის შესახებ, ამისათვის საგანგებოდ შესრულებული ნახატების, აკვარელების საშუალებით. პრაქტიკულად, 1833 წლიდან, მშენებლობას, მისი პროექტის მიხედვით ხელმძღვანელობდა მისი მოწაფე, ინგლისელი არქიტექტორი, ვილიამ ჰანტი, რომელიც დარჩა ალუპკაში, კერძოდ, ყირიმში 1852 წლამდე. სხვათა შორის, მშენებლობის განხორციელების დროს, მან გარკვეული კორექტივები შეიტანა ედვარდ ბლორის პროექტში. თავადი მ.ვორონცოვი იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ ვილიამ ჰანტს თავისი სახსრებიდან დაუნიშნა სამუდამო პენსია 1000 მან. ოდენობით.  ვილიამ ჰანტს მონაწილეობა მიუღია ყირიმში სხვა ნაგებობების აგებაშიც (კერძოდ, გასპრის სასახლე). შედარებით ვრცელი ინფორმაცია მ.ვორონცოვის ალუპკის სასახლის მშენებლობის შესახებ, განაპირობა რამდენიმე გარემოებამ, კერძოდ, იმან რომ ედვინ რაისმა, როგორც აღნიშნულია, ალუპკის სასახლის მშენებლობის ისტორიისადმი მიძღვნილ  საიტებზე, თავისი წვლილი შეიტანა მის აშენებაში, ამავე დროს, უფრო მოგვიანებით, მ.ვორონცოვის ალუპკის სასახლის არქიტექტურამ გარკვეული გავლენა მოახდინა ზუგდიდში დადიანების ე.წ. დედოფლისეულ სასახლის  აშენების პროცესის დროს, რომლის ავტორი, როგორც ზემოთ უკვე იყო აღნიშნული,  არქიტექტორი ედვინ რაისია, გარდა ამისა, ედვინ რაისის მეუღლე იყო  ალუპკის სასახლის მშენებლობის ხელმძღვანელის, არქიტექტორ ვილიამ ჰანტის ქალიშვილი, ესტერ ჰანტი. ალუპკის სასახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ედვინ რაისმა განაგრძო მუშაობა ყირიმში, კერძოდ, იალტაში, სადაც მუშაობდა არქიტექტორად საცხოვრებელი სახლების პროექტირებაზე, თუმცა, ჩვენი მონაცემებით, მას არ ჰქონდა ამისათვის მიღებული სათანადო სპეციალური განათლება. აქ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სპეციალური განათლების მიღებაში ან, უფრო სწორად, სპეციალობის დაუფლებაში, მას ხელს უწყობდა ვილიამ ჰანტი. იმდროინდელი მონაცემების თანახმად, იალტა მაშინ წარმოადგენდა საკმაოდ პატარა დასახლებულ პუნქტს, რომელიც შედგებოდა დაახლოებით 80 საცხოვრებელი სახლისგან. რა დააპროექტა  ედვინ რაისმა იალტაში, ჩვენთვის უცნობია. ცნობილია, რომ ყირიმის ომის შემდეგ (1853-56), იალტაში დარჩა სულ 36 საცხოვრებელი სახლი. ჩვენთვის ასევე უცნობია, ამ სახლების არქიტექტურა. ვგულისხმობთ დაგეგმარებას, სართულიანობას, გარეგნულ სახეს. ისიც საეჭვოა, რომ ამ სახლებიდან რომელიმეს მოეღწია ჩვენ დრომდე. უდავოა, რომ ვილიამ ჰანტს და, ასევე, ედვინ რაისს კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ თავად მიხეილ ვორონცოვთან და, უფრო მეტიც, იგი, როგორც ჩანს, გარკვეულ წილად მფარველობდა მათ, კერძოდ, ვგულისხმობთ ე.რაისს და მის ოჯახს. ეს დამოკიდებულება იგრძნობა შემდგომშიც - ე.ი. მაშინ, როდესაც თავადი მიხეილ ვორონცოვი 1844 წელს დანიშნეს კავკასიის მეფისნაცვლად, ყველა მისი მანამდე დაკავებული თანამდებობის შენარჩუნებით. 1848 წლის ნოემბერში, ე.რაისმა იალტიდან გაუგზავნა თავად ვორონცოვს წერილი თხოვნით, რათა მას მიეღო იგი იმ დროს თბილისის საქალაქო არქიტექტორის ვაკანტურ ადგილზე. როგორც ჩანს, ამ წერილზე მან უარი მიიღო, ვინაიდან, ამ ადგილზე მიიღეს არქიტექტორი ნ.ზბორჟევსკი, რომელსაც 1838 წელს დამთავრებული ჰქონდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემია კლასგარეშე მხატვრის წოდებით. შესაძლებელია, ამ გარემოებამ განაპირობა თავად მ.ვორონცოვის გადაწყვეტილება, ვინაიდან, ჩვენი აზრით, როგორც ეს უკვე იყო აღნიშნული, ე.რაისს არ გააჩნდა საბუთი სპეციალური სასწავლებლის დამთავრების შესახებ და, ამის გამო, მ.ვორონცოვმა თავი შეიკავა მის დანიშვნაზე ასე თუ ისე საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. სამაგიეროდ, 1849 წელს, კავკასიის მეფისნაცვალმა თავადმა მ.ვორონცოვმა მოიწვია იგი სამუშაოდ თბილისში, თბილისის საგუბერნიო არქიტექტორის თანაშემწის თანამდებობაზე. 1849 წლის მარტში, ე.რაისი უკვე თბილისში იყო, სადაც იგი საგუბერნიო არქიტექტორის თანაშემწის ნაცვლად გადაიყვანეს თბილისის საქალაქო არქიტექტორის თანაშემწედ, სადაც იგი შეუდგა ამ მოვალეობის შესრულებას. უფრო სწორად, მოხდა სამუშაო ადგილების ნებაყოფლობითი გაცვლა, როდესაც საქალაქო არქიტექტორის თანაშემწე გადავიდა საგუბერნიო არქიტექტორის თანაშემწედ, ხოლო მისი ადგილი ე.რაისმა დაიკავა. 1851 წლის აგვისტოში, არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის დაღუპვის შემდეგ, კავკასიის მეფისნაცვლის, თავად მ.ვორონცოვის ბრძანებით, ე.რაისი  გადაიყვანეს სამუშაოდ არქიტექტორად მეფისნაცვლის კანცელარიის საკარანტინო-საბაჟო განყოფილებაში, სადაც იგი 1857 წლამდე მუშაობდა. მისი მოვალეობა იყო ამიერკავკასიის საკარანტინო-საბაჟო ოლქის საგუშაგოების დაპროექტება და მშენებლობა. ამასთან ერთად, ე.რაისი ხიდის პროექტის ავტორია  თბილისში, რომელიც ახლანდელი 300 არაგველების ხიდის ადგილზე აშენდა 1850 – 1851 წლებში და რომელსაც თავდაპირველად ვორონცოვის სახელი უწოდეს. საქმე იმაშია, რომ 1849 წელს ე.რაისი და ინჟინერ-კაპიტანმა ჰაგემეისტერმა მიმართეს კავკასიის მეფისნაცვალს თავად მ.ვორონცოვს თხოვნით, რათა დაერთო ნება, საკუთარი სახსრებით აეგოთ ხის ხიდი თბილისში, მდ.მტკვარზე, თბილისის საქალაქო სასაკლაოს მახლობლად, რაზეც თანხმობაც მიიღეს. გარდა ამისა,  ე.რაისის პროექტით1850-იანი წლების დასაწყისში აშენებულია კიდევ ორი ხიდი მდ.მტკვარზე - ერთი გორთან და მეორე კი, სოფელ სკრის მახლობლად. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, 1854 წლის ივნისში ორივე ხიდი ჩაინგრა. ამ გარემოებამ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი უსიამოვნებები მოუტანა ე. რაისს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარეობდა ყირიმის ომი (1853-56) და ე.რაისი ინგლისელი იყო. ამას ადასტურებს ვ.ისარლოვის (ისარლიშვილი) მოგონებებში მოყვანილი ერთი ეპიზოდი, როდესაც გენერალი ნ.მურავიოვი, კავკასიის ახალი მეფისნაცვალი,  ადანაშაულებს მომხდარში ე.რაისს და აპირებს მის დაპატიმრებასაც, ვინაიდან, ეს ხიდები, იმ დროს, მნიშვნელოვანი იყო სამხედრო თვალსაზრისით. გენერალ ნ.მურავიოვის გაკვირვებას ისიც იწვევს, რომ ე.რაისი მეფისნაცვლის კანცელარიის თანამშრომელია, მაგრამ მას აუხსნეს, რომ ე.რაისი ყოფილი კავკასიის მეფისნაცვლის, თავადი მ.ვორონცოვის  მფარველობით სარგებლობდა. ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, ე.რაისი არ დააპატიმრეს, მაგრამ მეფისნაცვლის კანცელარიიდან დაითხოვეს. ამას ადასტურებს ის, რომ 1857 წელს  იგი აღარ არის მოხსენიებული მეფისნაცვლის კანცელარიის თანამშრომელთა შორის. 1858 წელს ე.რაისმა გახსნა თბილისში სამშენებლო დაწესებულება, უფრო სწორად,   სამშენებლო საწარმო „по части домашней архитектуры“, ე.ი. საცხოვრებელი თუ სახლის არქიტექტურის ნაწილში. აღსანიშნავია, რომ ტერმინის „домашняя архитектура“ განმარტება ჩვენ ვერ მოვიპოვეთ. კერძოდ, ენციკლოპედია „Брокгауз и Ефрон“-ში და რუსული ენის განმარტებითი ლექსიკონებში ასეთი ტერმინი საერთოდ არ არსებობს. მაგრამ, ზუსტი, უფრო სწორად, პირდაპირი  თარგმანის მიხედვით - „საცხოვრებლის  არქიტექტურა“, ჩვენი აზრით, გულისხმობს ინტერიერს, ე.ი. საცხოვრებელი სახლის (ბინის) მოწყობას და გაფორმებას. ამიტომაც ვთვლით, რომ ეს დაწესებულება, როგორც მას უწოდებდნენ, უფრო სამშენებლო საწარმო უნდა ყოფილიყო. აქ, ალბათ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ე. რაისი, ცნობილი ავეჯის ოსტატი იყო. ფაქტობრივად,  ეს იყო პირველი ამ ტიპის საწარმო არა მარტო საქართველოში, არამედ, მთელს კავკასიაში. თავისთავად, ეს არის საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტი, მით უმეტეს, რომ ამ საქმიანობაში მას მხარი დაუჭირა კავკასიის იმდროინდელმა უმაღლესმა ხელმძღვანელობამ, რომელსაც სურდა მისი დახმარება ამ წამოწყებაში, ვინაიდან თვლიდა, რომ აქ, ე.ი. კავკასიაში, ასეთი დაწესებულებების უკიდურესი აუცილებლობა იგრძნობოდა. ეს დახმარება გამოიხატა მისთვის კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებაში არსებული ე.წ. თავისუფალი თანხების სესხის სახით გადაცემაში. ე.რაისს ეს თანხები სჭირდებოდა უცხოეთში ხელოსნების დასაქირავებლად, ასევე, აღნიშნული სამშენებლო საწარმოსათვის აუცილებელი ხელსაწყოების და მასალების შესაძენად. ასევე, გარკვეული სახსრები საჭირო იყო საწარმოს ამოქმედებისათვის. ამასთან დაკავშირებით, ე.რაისი, რამდენჯერმე ჩასული იყო ინგლისში.  ზემოაღნიშნულიდან ე.რაისს, სხვადასხვა დროს, 1858-62 წლების განმავლობაში გადაეცა დაახლოებით 50.000 მან. ის, აგრეთვე, უზრუნველყოფილი იყო თვით სამშენებლო დაწესებულებით, რომელიც 1861 წელს 70.000 მან. შეფასდა.  სამწუხაროდ, 1864 წლის გაზაფხულზე შენობაში, რომელშიც იყო მოთავსებული სამშენებლო საწარმო (ე.წ. მაგათოვის კუნძულზე) მოხდა ხანძარი, რომლის შედეგად თითქმის მთლიანად დაიწვა ე.რაისის 72.000 მანეთზე მეტი ღირებულების ქონება, უცხოეთიდან საგანგებოდ ჩამოტანილი ხელსაწყოების ჩათვლით. საარქივო მასალებში, სადაც, ჩვენი აზრით, მოხსენიებულია კავკასიის იმდროინდელი  მეფისნაცვალი, დიდი მთავარი, მიხეილ ნიკოლოზის ძე (იმპერატორ ნიკოლოზ I უმცროსი ვაჟიშვილი და იმპერატორ ალექსანდრე II უმცროსი ძმა), საუბარია იმაზე, რომ მან ამ „უბედური შემთხვევის“ გათვალისწინებით, აღმოუჩინოს ე.რაისს დახმარება დამწვარი შენობის  განახლება-აღდგენის მიზნით, ვინაიდან, მის მიერ შექმნილი სამშენებლო საწარმოს სარგებლობა  აუცილებელი იყო. ამასთან დაკავშირებით, კავკასიის მეფისნაცვალმა, 1864 წლის ივლისში ნება დართო, რომ მის განკარგულებაში არსებული ე.წ. თავისუფალი თანხების სესხის სახით, ე.რაისისათვის, დაახლოებით 20.000 მან. გადაეცათ. მაგრამ, სამწუხაროდ, ხანძრის შედეგად მიყენებული ე.რაისის ზარალი აღმოჩნდა იმდენად დიდი, რომ იგი ვერ ახერხებდა მისი სამშენებლო საწარმოს განახლება-აღდგენას და, ამავე დროს, არ შეეძლო ნაკისრი სახაზინო ვალის გადახდაც. ასეთი ვითარების გამო, მეფისნაცვალმა ე. რაისის კუთვნილი მამულის და, ასევე, სამშენებლო საწარმოს ხელსაწყოების და სამშენებლო მასალების საჯარო ვაჭრობაზე გატანის ბრძანება გასცა, რამაც შეადგინა 20.000 მან., 70 კაპ. გარდა ამისა, ამას დაემატა ე.რაისის პირადი ქონების თანხაც, რომელიც არ  ეკუთვნოდა სამშენებლო საწარმოს გაყიდვის შედეგად მიღებულ 1272 მან., 13 კაპ. მიუხედავად ყველაფერ ამისა, ე.რაისის დარჩენილი სახაზინო ვალი მაინც შეადგენდა 47.622 მან., 74 კაპ. ზემოთ აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, დიდმა თავადმა მიხეილ ნიკოლოზის ძემ მიმართა იმპერატორ ალექსანდრე II-ს თხოვნით, სადაც საგანგებოდ აღნიშნავს: რომ კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებაში არსებული ე.წ. თავისუფალი თანხებიდან ფულადი სესხი გადაეცა ე.რაისს საყოველთაოდ სასარგებლო საქმისათვის, რომ მომხდარმა ხანძარმა გაანადგურა არა მარტო სამშენებლო დაწესებულება, არამედ, ამასთან ერთად, დააკარგვინა ე.რაისს თითქმის მთელი მისი ქონება და  მისი ვალის სახაზინოში შესვლა, ფაქტობრივად, უიმედო გახადა. ამასთან დაკავშირებით, ის მიიჩნევს, რომ დარჩენილი სახაზინო ვალი -  47.622 მან., 74 კაპ. ოდენობით დარიცხული პროცენტებით მოხსნილ იქნას ანგარიშებიდან და აღიარებული იყოს, როგორც დაუბრუნებელი სესხი, რაზეც თხოულობს იმპერატორის თანხმობას. როგორც ჩანს, თანხმობა იყო მიღებული, ვინაიდან, შემდეგში ყადაღა მოეხსნა ე.რაისის დარჩენილ ქონებას (ზოგადად, მისი ქონება შეადგენდა მიწის ნაკვეთს თბილისში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, გერმანელი კოლონისტების ბაღების გაგრძელებაზე,  2250 კვ. საჟ., ოდენობით, ბორჯომის საფოსტო სადგურის შენობა და, აგრეთვე, ბორჯომში სახლი მისი მეუღლის სახელზე). ასე დასრულდა სამშენებლო დაწესებულების ისტორია. საარქივო მონაცემების მიხედვით, ე.რაისი 1869 წელს მუშაობდა არქიტექტორად ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში, ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით (გაიხსნა 1872 წელს, იყო პირველი რკინიგზა კავკასიაში). ამ მშენებლობას  ხელმძღვანელობდა ბრიტანელი ინჟინრების დიდი ჯგუფი, ხოლო რკინიგზის პროექტის ავტორი იყო პ.ბელი.  1873-1878 წლებში ე.რაისის პროექტით, როგორც უკვე აღინიშნა, გადაკეთდა, ალბათ, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა საქართველოში - დადიანების სამთავრო რეზიდენციების მთავარი - დედოფლისეული - სასახლე ზუგდიდში. სამეგრელოს მთავრის, დავით დადიანის გარდაცვალების შემდეგ (1812-53), მისმა მეუღლემ - ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანმა თურქების მიერ 1855 წელს განადგურებულ ტერიტორიაზე ახალი ევროპული ტიპის რეზიდენციის მშენებლობა განიზრახა, რომლის პროექტის შედგენა ე.რაისს დაევალა. სასახლის არქიტექტურაში იგრძნობა ნეოგოთიკის, უფრო სწორად, ალუპკის სასახლის გარკვეული გავლენა და ეს, ალბათ, არ უნდა იყოს გასაკვირი (ფოტო 1). ამავე დროს, მასში არის  აღმოსავლური და ქართული, ასევე, რუსული არქიტექტურის ელემენტებიც. აქ აღსანიშნავია სასახლის მთლიანად ხის ე.წ. „ლაზური აივანი“, რომელიც შიდა ეზოს მთელ სიგრძეზე გასდევს (ფოტო 2, ჭერის დეკორის ფრაგმენტი). ასევე, ანსამბლის დასავლეთის სამსართულიანი კოშკი, განკუთვნილი საგანძურის შესანახად, რომლის არქიტექტურული გადაწყვეტა  ე.წ. ტიუდორების სტილისაა (ფოტო 3,4). აღსანიშნავია, რომ დადიანების სასახლის აშენების  შემდეგ, სხვა ცნობები ე.რაისის შესახებ ჩვენ არ გაგვაჩნია. არ არის გამორიცხული, რომ ედვინ რაისი, რომელიც იმ დროისათვის შედარებით ხანდაზმული იყო, ოჯახთან ერთად სამშობლოში, ინგლისში დაბრუნდა, სადაც, ჩვენი აზრით,  შენარჩუნებული ჰქონდა გარკვეული ურთიერთობები. მიგვაჩნია, რომ ედვინ რაისი იყო XIX საუკუნის საქართველოში მოღვაწე უცხოელ (ევროპელ) არქიტექტორთაგან ერთადერთი ინგლისელი არქიტექტორი.
foto 3-3
foto 4-4
ბიბლიოგრაფია
1.    ბერიძე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება 1801-1917 წლები, ტ. 1, თბ., 1960;
2.    დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის გზამკვლევი სერიიდან: საქართველოს მუზეუმები. გზამკვლევის გამოცემა დაფინანსდა საქართველოს კულტურისა, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ;
3.    საქართველოს ეროვნული არქივი. საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი,  ფონდი 3, აღ. 1, # 2781, # 3361; ფონდი 4, აღ. 7, # 196, ფონდი 5, # 688, ფონდი 5, აღ. 1, # 942, # 6108, ფონდი 7, აღ. 4, # 266, ფონდი 6, აღ. 6, # 454, ფონდი 7, აღ. 4, # 1734, ფონდი 26, აღ.2, # 1170, # 1734, ფონდი 205, # 285, # 688;
4.    Кавказский календарь на 1852 г., 1857 г., 1870 г.;
5.    გაზ. „Кавказ“, # 21, 16 მარტი, 1851 წ.;
6.    Воронцов,МихаилСеменович-Википедия
7.    Родоначальники Воронцовых. Обсуждение на LiveInternet ... https://www.liveinternet.ru/users/2715353/post119573276/
8.    Edward Blore – Wikipedia;
9.    List of works by Edward Blore on palaces and houses – Wikipedia;
10.    История становления и развития Алупкинского дворца-музея https://knowledge.allbest.ru/...;
11.    Воронцовский дворец в Алупке: история, описание, фото https://putidorogi-nn.ru/evropa/612-vorontsovskij-dvorets;
12.    История Ялты - Развитие и формирование города Ялта  https://www.1-yalta.com/yalta-history-5.html; 
13.    Ялта XIX века в путеводителях и описаниях путешественников ...oldyalta.ru/532-yalta-xix-veka-v-putevoditelyah-i-opisaniyah-putes... 
14.ÂÎÑÏÎÌÈÍÀÍÈÅ Î ÃÅÍÅÐÀËÅ  Í. Í ÌÓÐÀÂÜÅÂÅ. www.vostlit.info/ Texts            /Dokumenty/  Kavkaz/XIX/...V.../text1.htm.
15. წაჩხური, წალენჯიხა, დადიანების ...https://www.turebi.ge › tours(ფოტო,10.12.2021).

ნანახია: 2751-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani