Georgian (Georgia)English (United Kingdom)
თბილისის ურბანული ფორმის ანალიზი

There are no translations available.

გიორგი (გოგა) ბერიძე
არქიტექტორი

დრო მუდმივად ცვლის ყველაფერს ქალაქების ცხოვრებაში. დრო კვალს ტოვებს ურბანულ ქსოვილშიც, სადაც ფიქსირდება თითქმის ყველაფერი, რაც ქალაქში ხდება და ქალაქის ურბანულ ფორმაზეც აისახება. მემკვიდრეობითობა, ტრადიციების უწყვეტობა, მათი შენარჩუნება თუ უარყოფა.
გაზრდილ მოთხოვნებს თბილისის არსებული ფორმა ვეღარ აკმაყოფილებს. გამოჩნდა შეუსაბამობა ქალაქის მოთხოვნებსა და არსებულ ფორმას შორის. ქალაქი ითხოვს მეტს, ვიდრე იტევს დღეს არსებული ურბანული ფორმა. ბუნებრივად იბადება კითხვები : როგორ უნდა შეიქმნას ისტორიული ქალაქის გარდაუვალი ინტენსიფიკაციის პირობებში ურბანული ფორმის ახალი შინაარსი ისე, რომ ქალაქის განვითარებაში გამოჩნდეს მომავალი მეგაპოლისის მისაღები ინტერპრეტაცია და ისტორიული ურბანიზმის შენარჩუნების პრობლემის გადაწყვეტა. შესაძლებელია თუ არა თანამედროვე ქალაქი დაიგეგმოს ისე, რომ ისტორიული ქალაქის ურბანული თავისებურებები გამოვიყენოთ მეგაპოლისის ურბანული პრობლემების კონტექსტთან დაკავშირებით?
განვიხილოთ თბილისის ურბანული ფორმა, როგორც ქალაქის შესწავლის საწყისი საფეხური. გადავხედოთ ურბანული დაგეგმვის პრაქტიკას და ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე ურბანული დოქტრინა თბილისისათვის.
ყველა ქალაქს აქვს წარსული და მომავალი, სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობა, აქვს წარმოსახვითი არარეალური არსი და აქვს სამგანზომილებიანი ფორმა, რომელიც რეალურ რელიეფზეა განლაგებული. რაც უფრო რთულია რელიეფი, მით უფრო რთულია ქალაქის სამგანზომილებიანი ფორმაც.
გარდა რელიეფისა, ქალაქის ფორმას მნიშვნელოვანად განსაზღვრავს მისი ფუნქცია და გეოპოლიტიკური მდებარეობა, თუ სად არის იგი გეოგრაფიულად განლაგებული და რა ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს მიმდებარე ტერიტორიების მიმართ. თბილისი ბუნებრივი ქალაქია. აქვს ისტორიულად ჩამოყალიბებული გრძივი ურბანული ფორმა, რაც ნათლადიკითხება ღამით, კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოებზე. გრძივი ფორმა, უძველესი საქარავნო გზის სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიმართული მონაკვეთის აქ არსებობას და თბილისის ქვაბულის, გეოგრაფიულ ვითარებას ბუნებრივად შეესაბამება. სურ.1
01
ამ კონკრეტულ გეოგრაფიულ პირობებში სხვა ფორმა, ბუნებრივია, ვერ ჩამოყალიბდებოდა. გეოგრაფიულმა ვითარებამ შექმნა ქალაქის ურბანული სიგრძივობა და მისი დაგეგმვის ხასიათი ჩამოაყალიბა. ეს ურბანული გენეზისის თვისებაა-შეიძლება ითქვას - რომ თბილისის ურბანული გენეზისის თვისება სიგრძივობაა. სურ.2
02
გრძივი ქალაქია ვოლგის ნაპირზე ძველი ხელოვნური ქალაქი ცარიცინო, იგივე სტალინგრადი, დღეს - ვოლგოგრადი. ვოლგოგრადი მდინარის ერთ ნაპირზე მდებარე გრძივი ქალაქია, მაგრამ, რადგან მდინარის მეორე ნაპირი უზარმაზარი ჭაობია და ტერიტორია არაა ურბანიზირებული, თბილისს ვერ შევადარებთ. სურ.3
03
თბილისისმაგვარი გრძივი ურბანული ფორმის ისეთი ქალაქი, მილიონიან თბილისს რომ შევადაროთ, ჯერ ვერ ვიპოვეთ, თუმცა, უამრავია ზღვისპირა გრძივი ქალაქები, რომლებიც გრძივია, მაგრამ თბილისთან შესადარებლად არ გამოგვადგება - მაგალითად, ზღვისპირა ქალაქი დუბაი. სურ. 4
04
თბილისის სიგრძივობა თვალსაჩინო რომ იყოს, რაც ნათლად ჩანს ღამის ხედზე კოსმოსიდან, შევადაროთ იმ ისტორიულად ჩამოყალიბებული წრიულ-რადიანული ფორმის ქალაქების ღამის ფოტოებს კოსმოსიდან. სურ. 5-6-7-8
0506
0708
თბილისი ჩაისახა ნარიყალას ციხე-სიმაგრის მიმდებარედ, გალავნით დაცულ მტკვრისპირა ფერდობზე, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სადაც მტკვრის ორი კლდოვანი ნაპირი ერთმანეთთან ყველაზე ახლოს იყო მტკვრის აუზის ქართლის არეალზე. რელიეფის ეს კონკრეტული ფორმა სტრატეგიულად კეტავდა ქართლს. ქალაქური განაშინიანება უფრო მეტად ვითარდებოდა მდინარის მარჯვენა ნაპირზე, ჩრდილოეთისაკენ მიმავალი ძირითადი საქარავნო გზის, დიღმის მონაკვეთის გაყოლებაზე. გზის აგასწვრივ განლაგებული, თავიდანვე ქალაქური ტიპის განაშენიანება, გზის ქუჩად ქცევის უწყვეტი პროცესით, წაგრძელებულ ურბანულ ფორმას იძენდა. სურ. 9
09
თბილისის 1802 წლის გეგმით, მთაწმინდის ფერდობებზე ჩაფიქრებულია რეგულარული, სწორკუთხა, კვარტალებით დაგეგმარება, რომელიც რელიეფის სირთულეს არ ითვალისწინებს, განსხვავებით ძველი თბილისური განაშენიანებისაგან, რომლის ქუჩათა ისტორიული ქსელი რელიეფს არის აყოლილი. თუ ამ ქსელს შევადარებთ გეგმაზე რეგულარული კვარტალებით გამოსახულ ახალ განაშენიანებას, დავინახავთ ძველ და ახალ ურბანულ ფორმებს შორის მკაფიო განსხვავებას. რთულ რელიეფზე დღემდე შემორჩენილ, ისტორიული ქალაქის შუასაუკუნეების დროინდელ მიხვეულ-მოხვეულ ქუჩების განაშენიანებაზე რელიეფის გავლენა იმდენად თვალსაჩინოა, რომ აქ დღესაც არსებობს ნიაღვრის ქუჩა, ნიაღვრის შესახვევი და ნიაღვრის ჩიხი. ნიაღვრის ქუჩაზე მთაწმინდის ფერდობებიდან ჩამონადენი ნიაღვრის დიდი ნაწილი მოედინებოდა და სახელიც აქედან ეწოდა. სურ.10
10
თუ 1802 წლის გეგმაზე ახალი კვარტალები სქემატურადაა დატანილი, 1809 წლის გეგმაზე თვალშისაცემია გარეთუბნის ტერიტორიაზე და მთაწმინდის ფერდობებზე, მოსკოვის ხევამდე, განლაგებული სწორხაზოვანი, თავდაცვითი გალავნით შემოვლებული დიდი ზომის რეგულარული კვარტალებით დაფარული ტერიტორია, რომელიც იმ დროს არსებული ქალაქის - კალას ფართობზე დიდია. კვარტალთა შორის, მთაწმინდის ფერდობის ურთულეს რელიეფზე დაგეგმილია დიდი მოედანი, შუაში განმარტოებით მდგარი, აღმოსავლეთისაკენ ორიენტირებული გალავანშემოვლებული ეკლესიით.
11
სავარაუდოდ, ეს გეგმა პეტერბურგშია დამზადებული, თანაც ისე, რომ ავტორი თბილისში ნამყოფიც არ იყო. ამ დასკვნის საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ ნამდვილად გაუთვალისწინებელია მთაწმინდის ფერდობის არსებული რელიეფი ამ მასშტაბის რეგულარული გეგმარებისათვის, თუმცა, ხევების და ბორცვების სქემა ნახაზზე აღნიშნულია. სურ.11
საინტერესოა 1828 წლის გეგმის განხილვაც ახალი გეგმარების თვალსაზრისით. გარდა იმისა, რომ გაქრა გალავანი და არარეალური მოედანი „მოსკოვის ხევის“ პირზე, შემცირდა დაგეგმილ კვარტალთა რაოდენობაც მთაწმინდის ფერდობის რელიეფის რეალური სირთულის გამო. ამასთან ერთად, დაემატა მეფის ბაღების ადგილას, სოლოლაკის ტერიტორიაზე, კვარტალების დაგეგმარება, რაც შემდგომში განხორციელდა. სურ.12
12
1809 და 1828 წლების გეგმების შედარებისას ჩანს თბილისის რელიეფისათვის მოუხერხებელი ახალი რეგულარული კვარტალებით დაგეგმარების მაგალითები. ადგილობრივი რელიეფის რთული მონაკვეთების გავლენა ნათლად ჩანს 20 წლის ინტერვალით შედგენილ ამ ორ გეგმას შორის.
დროის შესაბამისად, თბილისის ახალ ქუჩათა ქსელის სტრუქტურა კი იცვლება, სადაც წყნარი, სწორი რელიეფია, მაგრამ რადგან მთლიანობაში ახალი სტრუქტურა რელიეფის სირთულეების გათვალისწინებით არ იგეგმება, სადაც ხევებით და ბორცვებით დაფარული რთული რელიეფია, ახალი გეგმარება სრულად ვერ ხორციელდება.
200 წლის წინანდელი ეს ურბანული ეპიზოდი გვარწმუნებს, რომ არ უნდა დავგეგმოთ ისტორიული ქალაქისათვის არასასურველი ისეთი ურბანული გადაწყვეტები, რომლებიც არ შეესაბამება ისტორიულად ჩამოყალიბებული თბილისის ურბანული ფორმის სტრუქტურულ თავისებურებებს.
13
14
მეორე განუხორციელებელი ეპიზოდი 1962/1968 წლების გეგმარებითი პროექტია, რომელიც თბილისის წყალსაცავის მიმართულებით ქალაქის ცენტრის გადატანას გულისხმობდა. სურ.13-14
როგორც ჩანს, განივი ცენტრის იდეა, ისტორიულად ჩამოყალიბებული გრძივი ურბანული ფორმის ქალაქისათვის, სტრუქურულად არაორგანული იყო, ფორმის სიგრძივობის „გენეტიკა“, ალბათ, ანგარიშგასაწევი ძალაა.
ცენტრის საკითხი საინტერესო პრობლემა იყო წლების განმავლობაში და, ალბათ დიდხანს დარჩება თბილისის ურბანიზმში, თუმცა, ბოლო ორ ათწლეულში, ურბანისტებში, პოლიფუნქციური ცენტრის იდეაც ჩამოყალიბდა.
როგორც ჩანს თბილისის თანამედროვე ურბანიზმში უნდა გამოვიყენოთ ურბანული ფორმის გენეტიკური თავისებურებები. ცოცხალი ქალაქის ურბანული ორგანიზმი შესწავლილი უნდა იქნას ისე, რომ გამოვლინდეს ფორმის კონკრეტული ფუნდამენტური თავისებურებები და განსხვავებები.
ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ფორმაშია ასახული ქალაქის ურბანული გენეტიკა. ქალაქის გენეტიკაა „პასუხისმგებელი“, თუ რატომ ვითარდება კონკრეტული ქალაქი ამა თუ იმ ფორმით, რადგანაც, ცოცხალი ქალაქის ფორმა ყოველთვის მისი გენეტიკის შესაბამისად ვითარდება, ფორმა მისი ისტორიული განვითარების ლოგიკაშია. თბილისის გრძივ ურბანულ ფორმას განსაზღვრავს თბილისის ქვაბულის მიმდებარე მთები, ისტორიული გზა და ქვაბულის ღერძზე გამავალი მდინარე მტკვარი. ქვაბულში განლაგებული ქალაქის განაშენიანება მიუყვება გზას და მდინარეს სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ.
სახლები უშუალოდ მდინარესთანაც იყო. მოსახლეობა სარგებლობდა, როგორც გზით, ასევე, მდინარით. მოქალაქის, გზის და მდინარის იმდროინდელი კომუნიკაციური ერთობა ლოგიკური, გარდაუვალი და სასურველი იყო. სურ.15-22
1516
1718
19სურ. 20 - წისქვილები
2122
თანამედროვე თბილისის განაშენიანება მდინარის კალაპოტით გაკვეთილია ორ ნაწილად. მდინარის ნაპირების სიმაღლეები მნიშვნელოვნადაა განსხვავებული, რის გამოც განაშენიანებული მაღალი ნაპირების დასაკავშირებლად მაღალი ხიდებია აგებული. სურ. 23
23
მტკვრის სანაპიროები დაბლაა და მოწყვეტილია მაღალ ხიდებს. სანაპიროების გამოყენება მაღალ ნიშნულებზე მდებარე განაშენიანების სატრანსპორტო კავშირისათვის გართულებულია. თუმცა, ამჟამად, სანაპიროები კარგ ტექნიკურ მდგომარეობაშია. „სამგანზომილებიანმა“ ურბანულმა ფორმამ განსაზღვრა თბილისის განვითარების მთავარი მახასიათებლები - სატრანსპორტო არტერიასთან შერწყმული, გრძივი ფორმის განაშენიანება, რაც, არსებითად, ქალაქის ურბანული ხერხემალია და უნდა ჩაითვალოს თბილისის ურბანული ქსოვილის გენეზისის გამოვლენად, ქალაქის მთავარი ფორმის ჩამოყალიბების საფუძვლად, თბილისის ურბანიზმის გენეტიკურ ნიშნად. სურ. 24
24
თბილისის ქვაბულის ცენტრში გრძივად განლაგებულია თბილისის ურბანული ხერხემალი - სატრანსპორტო არტერია: მდინარე, გზები და ნაგებობები, სატრანსპორტო არტერიასთან შერწყმული განაშენიანება, როგორც ორი ძირითადი ელემენტის ურთიერთგანლაგება უცვლელ გეოგრაფიულ პირობებში და განსხვავებულ ისტორიულ ვითარებაში, საკმარისია დასკვნისათვის, რომ გრძივი ურბანული ფორმა არის თბილისის ურბანული სტრუქტურის საფუძველი, რომლის ურბანულ ფორმებშია დაფიქსირებული ისტორიული ქალაქის წარმოქმნის საწყისიც და მომავალიც. ქალაქის განვითარებისას ამ თავისებურების იგნორირება არ არის მიზანშეწონილი.


ნანახია: 4067-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani