Georgian (Georgia)English (United Kingdom)
თბილისის ურბანული ფორმის ზრდა და ცვლილება ბოლო ასი წლის მანძილზე

There are no translations available.

გიორგი ბერიძე
არქიტექტორი, თბილისი

ისტორიულად ისე ხდება, რომ რაც მნიშვნელოვანია ქალაქის განაშენიანებაში, სხვადასხვა თაობის მიერ შენარჩუნდება და განვითარდება, ხოლო რაც უვარგისია, შეიცვლება და გაუმჯობესდება ხოლმე. ამ მიზნით სწავლობენ ქალაქს მრავალი თვალსაზრისით, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქალაქის ურბანული ფორმის შესწავლა. თბილისის ურბანული ფორმა სპეციალური კვლევის საგანი ჯერ არ ყოფილა.
თუმცა ყველა ავტორი, თბილისის განაშენიანების წარსული თუ თანამედროვე  საკითხების განხილვისას, აღნიშნავს თბილისის ურბანული ფორმის თვალსაჩინო თვისებას - სიგრძივობას, მდინარის გასწვრივ ზრდის მუდმივ ტენდენციას. თბილისის ურბანული ფორმის მსგავსი - მდინარის გასწვრივ განლაგებული გრძივი ქალაქის მაგალითი ჯერ ვერ ვნახეთ. ქალაქ ვოლგოგრადს გრძივი ფორმა აქვს და  თითქოს ჰგავს თბილისს, მაგრამ იგი მდინარე ვოლგის ერთ მხარეს არის განთავსებული, ამიტომ თბილისისათვის პირდაპირ და სრულ პარალელად ვერ გამოდგება, როგორც პირდაპირ  პარალელად ვერ გამოდგება საზღვაო, ზღვის სანაპიროზე განლაგებული უამრავი გრძივი ქალაქი, თუმცა მათი ურბანული სტუქტურის თავისებური ფორმები შეიძლება შევადაროთ თბილისს.თბილისის ურბანული ფორმის სიგრძივობის თავისებურების ხაზგასასმელად შევადაროთ სხვა ცნობილი ქალაქების ფორმებს. ბუნებრივი ცენტრალურ - რადიალური ქალაქები: პარიზი, ლონდონი, მოსკოვი და  ხელოვნური ქალაქები  ლას-ვეგასი, ბიშკეკი, დუბაი, ვოლგოგრადი. კოსმოსურ ფოტოებზე ჩანს რომ ეს ქალაქები ვერ გამოდგებიან თბილისის ურბანულ ფორმასთან შესადარებლად, რადგან  თბილისისაგან განსხვავებულ სწორ, გაშლილ, გეოგრაფიულ გარემოში მდებარეობენ და მათი წარმომქმნელი გზათა სისტემები თბილისისაგან მნიშვნელოვნადაა განსხვავებული. საინტერესოა, რომ საქართველოზე გამავალ სხვადასხვა დანიშნულების ძველ ტრანს-კავკასიურ გზებს,  დაემატება 1850 კმ-იანი TANAP- Trans-Anatolian Natural Gas Pipeline, ტრანს-ანატოლიური მილსადენი აზერბაიჯანიდან, საქართველოს და თურქეთის გავლით გაზის ტრანსპორტირებისათვის საბერძნეთში და იტალიაში. (ილ. 1-3)
1.  ლონდონი
2.  დუბაი
3. ვოლგოგრადი
ქალაქების ურბანულ ფორმებს აყალიბებს ადგილმდებარეობა-გზები და რელიეფი. თბილისის დაარსებისასაც მდინარესთან და გზასთან კავშირი ამიერკავკასიის გეოგრაფიითაა გამოწვეული. მდინარე და ტრანსკავკასიური გზა, ორი მთავარი კომპონენტია თბილისის ურბანული ფორმის ჩამოყალიბებისას. (ილ.4) მესამე, გადამწყვეტი კომპონენტია - ქალაქის რელიეფი. მთებით შემოსაზღვრული თბილისი განლაგებულია ამფითეატრად მდინარისაკენ დაშვებულ ფერდობებზე. ამჟამინდელი განაშენიანება ვრცელდება კილომეტრებზე, მტკვრის ორივე ნაპირზე. ქალაქის განლაგებისათვის ეს ადგილი  უძველესი დროიდან შეირჩა, რადგან ტრანსკავკასიური გზის ჩამკეტი ციხე-სიმაგრისათვის ეს საუკეთესო ადგილია. ამ ადგილას ორი მაღალი კლდოვანი ნაპირი განსაკუთრებით ახლოს მოდის ერთმანეთთან. მდინარის მარჯვენა ნაპირზე ჩაისახა ციხე-სიმაგრე და მასთან ქალაქი, რომლის ურბანული ფორმა თავიდანვე, არსებულ რელიეფთან ერთად, გზას და მდინარეს ბუნებრივად დაუკავშირდა. ამიტომ თბილისი ბუნებრივად დაარსებულ ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნება. თბილისის დღევანდელი  ურბანული ფორმა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა.
4. თბილისი
თბილისის ისტორიული გეგმებით და უკანასკნელი წლების საპროექტო გენგეგმებით შევადგინეთ ურბანული ფორმის ცვლის თანმიმდევრული სურათი. თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში წარმოქმნილ სურათზე ვხედავთ, როგორ შენდებოდა და იზრდებოდა ქალაქი,  რომელი ურბანული ფორმებია იმდენად მდგრადი, რომ ისინი შეგვიძლია ქალაქის ძირითად თავისებურებად მივიჩნიოთ.

თბილისის ურბანიზმის ისტორიას 300-ზე ნაკლები წლის გრაფიკული დოკუმენტებით თუ დავინახავთ, თუმცა, XVIII საუკუნის სქემატური გეგმებიც გვაქვს. ადრინდელებიდან საიმედოა მხოლოდ ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის გეგმა, რომელიც ისტორიული გეგმების განხილვის სფუძველია.1735 წლის ვახუშტის გეგმა კარგადაა შესწავლილი და მრავალჯერაა გამოქვეყნებული. "მდინარის გასწვრივ ზრდის ტენდენცია 1735 წლის ვახუშტის გეგმაზეც ნათლად ჩანს. გარეთუბანში აღნიშნულია გალავნის გარეთ გამოსული, ახალი საცხოვრებელი განაშენიანება, რამდენიმე სასახლე და ეკლესიები. ამ გეგმის მიხედვით, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმავალი მთავარი ქუჩები, დაკავშირებულნი ქალაქის კარიბჭეებთან, სხვა ქუჩებთან შედარებით, უფრო სწორები და განიერები არიან. ჩანს, რომ ქალაქი, XVIII საუკუნეშიც სიგრძივ იზრდებოდა, ძირითადად ზევით, მტკვრის დინების გასწვრივ, მის ორივე მხარეს." Беридзе В. Курдиани З. Рчеулишвили Л. Тбилиси  1951г. გვ.20-21. იგი ლოგიკური საწყისია თბილისის ურბანული ფორმის შესწავლისათვის, რადგან სხვა საკითხებთან ერთად, დეტალურად ასახავს ქალაქის იმდროინდელ ფორმას. მაგალითად, გეგმაზე ნათლად ჩანს მდინარის გასწვრივ ქალაქის ზრდის ტენდენცია. გარეთუბანში აღნიშნულია გალავნის გარეთ გამოსული ახალი საცხოვრებელი განაშენიანება, რამდენიმე სასახლე და ეკლესიები.1735 წლის გეგმაზე წითელი აღნიშვნები ექსპლიკაციიდან და ვ.ბერიძის მიხედვით გვ.20-21.( ილ.5) 1735 წ. გეგმით, ქალაქის კარიბჭეებიდან გამომავალი ჩრდილო-დასავლეთისაკენ მიმავალი მთავარი ქუჩები, სხვა ქუჩებთან შედარებით უფრო სწორი და განიერია. ჩანს, რომ ქალაქი XVIII საუკუნეშიც, ძირითადად, ზევითკენ, მტკვრის დინების გასწვრივ, სიგრძივ იზრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მასზე არ არის აღნიშნული ქალაქის განვითარების რომელიმე სამომავლო განზრახვა, განსხვავებით 1802-1809 წლების გეგმებისაგან, სადაც განაშენიანების ზრდის გეგმაც ჩანს.თბილისის 1802-1809-1828 წ.წ. გეგმები არსებულ ვითარებასაც ასახავენ და განაშენიანების ზრდის სქემებსაც შეიცავენ.1809 წ. გეგმით მთაწმინდის ფერდობებზე სწორკუთხა კვარტალებით დაგეგმილი ახალი უბნების ირგვლივ, ორი მხრიდან, ახალი თავდაცვითი გალავანი არის დატანილი, რომელიც, 1828 წლის გეგმაზე აღარ არის. ჩანს, დაგეგმილმა გალავანმა ამ დროისათვის ფუნქცია დაკარგა. (ილ.6) საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებისათვის თბილისმა დაიწყო ინტენსიური ზრდა დასავლეთით - ისევე როგორც ადრე, ახლაც გარეთუბნის ტერიტორიაზე, ჩრდილო-დასავლეთით,  დიღმის გზის მიმართულებით.  ამ გზის გაყოლებაზე  ყალიბდება ქალაქის ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი რუსული კლასციზმის ყაიდაზე აგებული დიდი შენობებით, რომლებმაც XIX საუკუნის პირველ ათწლეულებში განსაზღვრეს ქალაქის ახალი, მდიდრული არქიტექტურული სახე და მისი მთავარი ქუჩა - დღევანდელი რუსთაველის პროსპექტი.
5. ვახუშტის  გეგმა 1735 წ. აღნიშვნებით ვ.ბერიძის მიხედვით გვ.20-216.  გეგმა 1809 წ.
ამ მკაფიოდ გამოვლენილი მაგისტრალის ირგვლივ, ახალ ტერიტორიებზე დაიგეგმა ახალი კვარტლები; თანდათან ყალიბდებოდა მრავალფუნქციური უბნები - საცხოვრებელი სახლები, სავაჭროები, სახელოსნოები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. ქალაქის ხელისუფლება მხოლოდ მოცემული ნახაზების შესაბამისად არეგულირებდა ძირითადი ქუჩების დაგეგმარებასა და ქუჩის ფასადების არქიტექტურას. Беридзе В. Курдиани З. Рчеулишвили Л. Тбилиси  1951г.გვ. 23-24, 28-29

ურბანული ფორმის ჩამოყალიბების იმდროინდელი მეთოდის საილუსტრაციოდ საინტერესოა რამდენიმე პუნქტი - 1810 წელს რუსული მმართველობის მიერ თბილისისათვის გამოცემული მშენებელობის წესებიდან:

„2) აშენების მსურველთ ადგილი ახლად მონიშნული კვარტლების კუთხეებზე მიუჩინოთ, რისი გამოც შენარჩუნდება ხაზების განაწილება და მოსაზღვრენიც მათ მიესადაგებიან.

3) ვაიძულოთ მცხოვრებნი უვარგისი მიწური სახლები გადაიტანონ და ქალაქის გეგმის მიხედვით ააშენონ, დავარწმუნოთ რომ მიწურებში მაცხოვრებელნი, უვარგისი ჰაერის და ნესტის მიზეზით უდროოდ სიკვდილისთვის არიან განწირულნი.

8) რადგან ქუჩები საკმაოდ განიერი მოინიშნება, მოვიწვიოთ მოსახლენი, რათა ყოველმა მათგანმა თავისი სახლის მოპირდაპირედ, ქუჩის გაყოლებაზე ხეები დარგოს, რის გამოც მზის პაპანაქების საწინააღმდეგოდ ჩრდილი და სუფთა ჰაერი ექნებათ“. როგორ იგეგმებოდა ახალი უბნები, კარგად ჩანს მშენებლობის იმდროინდელი წესებიდან.  -  Акты Кавказской Археографической Коммисии том IV стр. 24. Предписание  ген.Тормасова ген.- м.Ахвердову, от 13-го февраля 1810 года, №279. “Назначив места на Гаретубани для строений вновь желающим Тифлисским обывателям возводить оныя, я препровождаю при сем к в. пр. записку с означением правил, что должно наблюдать при строениях, и поручаю вам чрез коменданта и Тифлисскую полицию всем таковым желающим объявлять, дабы строения их были производимы сообразно сим правилам и строго смотреть, чтоб без позволения никто не смел возводить строении. Как-же скоро начнется на означенных местах построение домов и лавок, то иметь прилежное наблюдение, дабы не было отступления от предписанных правил. Запрещение всякого рода строении и починок без освидетельствования коменданта вместе с губернским архитектором и без утверждения вашего распространить на все части города и предместиев, дабы нигде землянок не делали, а строились по планам.” Предписание-ს  ერთვის რვა პუნქტიანი “записка”.  მოგვაქვს მხოლოდ სამი პუნქტი:  2) Желающим строиться отводить места по углам кварталов вновь означенных, чрез что сохранится разбивка линий и обыватели по оным будут принаравливаться. 3) Принудить жителей негодныя сакли перенести и построить по плану города, уверив их, что в земле живущие есть кратко-живущие и безвременно умирающие от худаго воздуха и сырости в саклях. 8) Как улицы разбиты будут довольно широкия, то приглашать обывателей, чтобы вдоль улицы каждой против своего дома и двора насаживали деревья, чрез что будуть иметь тень от солнечнаго зноя и свежий воздух. (ილ.7)
7.  გეგმა 1828 წ.
განსაკუთრებით სწრაფად იზრდება ქალაქი XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან. კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად თბილისის ახალი რაიონების სახე სრულად გამოჩნდა. (ილ.8)  რკინიგზის გაყვანა, რკინიგზის სახელოსნოების და დეპოს შექმნა, სამრეწველო საწარმოების ზრდა, ვაჭრობის განვითარება თავის კვალს ამჩნევს ქალაქს. ქალაქის ტერიტორია მნიშვნელოვნად იზრდება. გამოიკვეთა მტკვრის მიმართ პარალელურ და პერპენდიკულარულ  ქუჩათა  დაგეგმვის  „ბადისებრი“ სქემა. ცენტრალურ უბნებში შენდება დიდი და არქიტექტურულად მდიდარი შენობები სხვადასხვა დაწესებულებებისათვის - უნივერმაღები, ბანკები, სასტუმროები თუ საცხორებელი სახლები  ევროპასა და რუსეთში  გავრცელებული არქიტექტურულ-გეგმარებითი სტილის და მეთოდების შესაბამისად. თბილისის იმდროინდელ გეგმები კვლავ ასაბუთებს  ქალაქის  სიგრძივ ზრდას და, შესაბამისად,- გრძივი  ურბანული ფორმის განვითარებას. (ილ.9)
8.  გეგმა  1859 წ.
9.  გეგმა  1896 წ.
1809 წლიდან, პირველი ინსტრუმენტული გეგმების შედგენისთანავე, ქალაქის განვითარება, ახალი ტერიტორიების განაშენიანება იმ დროს ევროპაში გავრცელებული ურბანული  მეთოდებით იგეგმებოდა. XIX საუკუნის თბილისის ურბანიზმი ევროპული ურბანიზმის შესაბამისი იყო. ეს პროცესი გრძელდებოდა 1921წლამდე.თბილისის ურბანული განვითარების დასაბუთებული 300 წლიანი თავგადასავლის პირველი პერიოდი - XVIII საუკუნე, მთელი XIX საუკუნე და XX საუკუნის დასაწყისიდან -საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე - თითქმის 200 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პროცესი, როდესაც აღმოსავლური ტიპის მცირე ფეოდალური ქალაქი ევროპული ხასიათის მდიდარ ბურჟუაზიულ ქალაქად გარდაისახა.
ასწლიან პერიოდს, 1918-2018 წლებს, პირობითად ვუწოდეთ ასი წელი ძველი, მდიდარი კაპიტალიზმიდან - ახალ, ღარიბ კაპიტალიზმამდე. 1918 წელს, ოქტომბერის რევოლუციის შემდეგ შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა. რესპუბლიკის არსებობის 4 წლიან პერიოდში, ქალაქის ურბანულ სურათში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა.
1921 წელს საქართველოში დასრულდა ბურჟუაზიული ეპოქა და დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. 70 წლის განმავლობაში, 1991 წლამდე საქართველოში იყო “ურბანული დიქტქტურა”.”ურბანული დიქტატურა” და “ურბანული დამოუკიდებლობა” ჩვენს მიერ შემოთავაზებული ტერმინებია. ცხადია, კაპიტალისტური ქვეყნების ურბანულ პრაქტიკაში ამგვარი არც “დიქტატურა” და არც “თავისუფლება” არ არსებობს, რადგან  განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნების ქალაქებში ყოველგვარი ურბანული საქმიანობა ისტორიულად დარეგულირებულია და მკაცრადაა რეგლამენტირებული. უკანასკნელ ათწლეულებში ურბანული წესრიგის დამყარების მრავალი თანამედროვე მაგალითია თბილისის ურბანული განვითარების ამჟამინდელი ეტაპისათვის აუცილებლად შესასწავლი და გასათვალისწინებელი. ს ისტორიული ვითარება უშუალოდ აისახა ქალაქ თბილისისის დაგეგმარებაზეც. სოციალიზმის მშენებლობის დროს, სხვადასხვა წლებში, თბილისში ურბანული პროცესები განსხვავებული იყო. 1920-იან წლებში გრძელდებოდა სპეციალისტების მიერ ქალაქის ახალი უბნების წინა ეპოქის პრინციპებით დაგეგმვა, საპროექტო გადაწყვეტებიც ცალკეული ღონისძიებების ხასიათს ატარებდა, რაც საერთოდ დამახასიათებელი იყო ადრეული საბჭოთა მშენებლობისათვის. ახალი  საცხოვრებელი კვარტლები იგეგმებოდა საყოველთაოდ მიღებული ერთი ტიპის დადგენილი გეგმის მიხედვით, სწორკუთხა, ოთხსართულიანი სახლებით. იქიდან მოყოლებული, მთელი 1921-1991 წლები კომუნისტური ეპოქაა, როცა ერთდროულად გვაქვს XIX-ე საუკუნის მდიდარი ბურჟუაზიული ქალაქის უბნები და საბჭოთა ხელისუფლების წლებში შექმნილი ე.წ. სოციალისტური ქალაქგეგმარებითი იდეოლოგიის და ქალაქმშენებლობითი დებულებების შესაბამისი განაშენიანება, საპროექტო დოკუმენტაცია და რეალური შედეგი - თბილისის ახალი ურბანული ფორმა.
1925 წელს ბაქოდან თბილისში მოიწვიეს ა. ივანიცკი, რომელიც თვლიდა რომ ქალაქის რეკონსტრუქციისას აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ ქალაქის ტერიტორიის სიგრძეში გაჭიმულობა და განევითარებინათ გრძივი სატრანსპორტო მაგისტრალები, მათ რიცხვში სანაპიროები, განესაზღვრათ ხიდების ადგილები მტკვარზე და ვიადუკებისა რკინიგზის ხაზზე გადასასვლელად. 1930 წელს, თბილისელმა ინჟინერმა ვ. ფელდტმა წარმოადგინა პროგრამა, რომლის მიხედვით რაკი თბილისს მაშინ არ ჰქონია სამრეწველი ქალაქად განვითარების რეალური მონაცემები, იგი უნდა დაგეგმარდეს როგორც მხოლოდ ადმინისტრაციულ-კულტურული ცენტრი, როგორც „ქალაქი - ბაღი“, მაგრამ არა ამგვარი ქალაქებისათვის ტიპიური რადიალური სქემით, არამედ ქუჩათა სპეციფიური სქემით, რომელიც საჭიროა ვიპოვოთ თბილისის სიგრძეში წაგრძელებული, განლაგების გათვალისწინებით, „ქალაქი-ბაღების“ დადებითი თვისებების შენარჩუნებით. ...ამასთან ერთად, ინჟ.ფელდტს შეუძლებლად მიაჩნია მდინარე მტკვრის ქალაქის კომპოზიციაში ჩართვა და სანაპიროების გამოყენება, რადგან არსებული განაშენიანება მდინარეზე უკანა ფასადებითაა მიმართული, ხოლო კანალიზაცია პირდაპირ მდინარის წყალში ჩადის. საბჭოთა ეპოქაში შეიქმნა თბილისის კიდევ რამდენიმე გენერალური გეგმა. პირველი იყო თბილისის სოციალისტური რეკონსტრუქციისა და დაგეგმარების პროექტი. (ი.მალოზემოვი, გ.შელეიხოვსკი, ზ.ქურდიანი და ი.გოგავა. ხარკოვის “გიპროგრადის” სპეციალისტების მონაწილეობით). Асатиани Н. Грузинское Советское Градостроительство 1920-30-х годов 1989 г. გვ.30-31 -37 და გვ.43-45.(ილ.10)
10. სოციალისტური რეკონსტრუქციის პროექტი.  1934 წ.
1962-1969 წლებში (თბილისელი არქიტექტორების მიერ ი.ჩხენკელი,  გ.ჯაფარიძე, დ.ჯიბლაძე, გ.შავდია)  დამუშავდა გენერალური გეგმა რომელიც გათვლილი იყო 1968-2000 წ.წ. პერიოდისათვის. "ქალაქის ზრდამ და ამის გამო წარმოქმნილმა ამოცანებმა გამოიწვიეს აუცილებლობა თბილისის ახალი  ტერიტორიების ითვისებისა თბილისის ზღვის გადაღმა...ქალაქი იწყებს განვითარდებას სიგანეში - და ეს არის ყველაზე არსებითი განსხვავება ახალი გეგმისა ძველისაგან. ცენტრის განვითარება იგეგმება მტკვრის მარცხენა ნაპირზე თბილისის ზღვასთან დასვენების მწვანე ზონის მიმართულებით.... ქალაქის ყველა რაიონის ერთმანეთთან და ცენტრალურ ნაწილთან დასაკავშირებლად გათვალისწინებულია გრძივი და განივი ჩქაროსნული მაგისტრალები."ჯანბერიძე ნ.  ქართული საბჭოთა არქიტექტურა-განვითარების გზა 1971 წ. გვ.391-393, ტაბულა 89-90. (ილ.11-12) 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის  შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა ისევ აღსდგა. სოციალისტური ქალაქთმშენებლობის დიქტატის  დასრულების შემდეგ, თბილისის  ურბანული პრაქტიკა  ისევ განსხვავებულად  წარიმართა. დღეს, 2018 წელს, პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის გასვლის შემდეგ, კაპიტალისტური ურთიერთობების დაბრუნების  ვითარებაში, საქართველოში  ახალი ეპოქა დაიწყო. დღეს ისევ კაპიტალიზმია. თბილისში აღინიშნება სამშენებლო ბუმი  და მისი ერთ-ერთი შედეგი - თითქმის უპასუხისმგებლობის ზღვარზე მისული დეველოპერების (მენაშენეების) თავისებური  "ურბანული დამოუკიდებლობა". ამჟამად მიმდინარეობს ქალაქის ურბანული ფორმის  მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, უკონტროლო ცვლილება. უამრავი ერთდროული ურბანული პრობლემის გამო თბილისში თანდათან ყალიბდება ურბანული ქაოსი.ურბანულ ქაოსის ძირითადი მიზეზია ახალი მრავალსართულიანი ნაგებობის, ძირითადად საცხოვრებელი  სახლების მშენებლობა. "კორპუსები" იგება ერთმანეთის გაუთვალისწინებლად, არა მხოლოდ არქიტექტურული კომპოზიციის და ესთეტიკის დაუხვეწელობით, არამედ პრაქტიკული, ელემენტარული ურბანული მოხერხებულობის გაუთვალისწინებლად, რაც თბილისური განაშენიანების სერიოზული ქალაქთმშენებლური პრობლემაა.
11.  თბილისის  გენერალური გეგმა 1962-2000 წ.წ.12.  ცენტრის ფრაგმენტი 1962-2000 წ.წ. გეგმიდან
თბილისის სპეციფიკური გეოგრაფიული განლაგება, რელიეფი, მდინარე, არსებული სატრანსპორტო  სისტემა, მოსახლეობის ზრდა და ქალაქის ძველი და ახალი განაშენიანება, მათ შორის მნიშვნელოვანი ისტორიული ნაწილი, ერთმანეთზე გადაჯაჭვულ უაღრესად რთულ ურბანულ ამოცანებს ქმნის. მათ გადასწყვეტად, დღევანდელი არქიტექტორები, თითქოს უნებლიედ, ავტომატურად, ისევ მოძველებული საბჭოთა ქალაქთმშენებლობითი დოქტრინებით ხელმძღვანელობენ. მაგალითად, ქალაქის მოქმედ დაგეგმარებაშიც გრძელდება მცდელობები ცენტრის ადგილის პოვნისა და მისი ახლებურად დაგეგმვისა. პროექტის შემდგენელები ცენტრის ადგილს ვერ პოულობენ, რადგან სიგრძეზე განვითარებულ თბილისის ურბანულ ხაზობრივ ფორმას, ანუ ხაზს - გეომეტრიული ცეტრი ბუნებრივად ვერ ექნება. სიტყვა „ცენტრი“ ხომ წერტილს ნიშნავს. ამიტომ თბილისის  ცენტრალური უბანი, უფრო ზუსტად, ერთმანეთზე გადაბმული ცენტრალური უბნები, აუცილებლად უნდა იყოს გრძივი, ხაზოვანი, რაც ამ ქალაქის ურბანული ფორმის ერთი მთავარი მორფოლოგიური  თვისებაა. უდავოა, რომ ქალაქის ამგვარი განვითარებისათვის საჭიროა შესაბამისი, თანამედროვე ურბანული დოქტრინა.საჭიროა ქალაქის ურბანიზმის ძირითადი თავისებურებების ცოდნა და გამოყენება. საჭიროა ურბანული ფორმის ძირითადი მახასიათებლების დადგენა და საფუძვლად მიღება თბილისის ურბანული ფორმის თანამედროვე ეტაპზე განვითარებისათვის. ურბანული სტრუქტურის ისტორიული ხაზობრიობა, ქალაქის განვითარების ათწლეულების განმავლობაში, ქალაქის მასშტაბის ზრდასთან ერთად, უფრო ნათლად გამოიკვეთა. ქალაქის ზრდა-განვითარებასთან ერთად ყალიბდებოდა  ურბანული ფორმა, რომლის მთავარი კომპონენტები, გზა და მდინარე, საუკუნეების განმავლობაში უცვლელად რჩებოდა, რასაც 1872 წელს ბაქო-ფოთის ტრანსკავკასიური რკინიგზა, 1966 წელს კი მდინარის ორივე ნაპირის დამააკავშირებელი მეტროს პირველი გრძივი ხაზიც დაემატა. თბილისის ურბანული ფორმის ამ ძირითადი თვისების ხელოვნურად შეცვლა, მასთან გეგმარებითი ბრძოლა უშედეგოა, რადგან ფორმის განვითარების ეს ფუნდამენტური  მახასიათებელი  თვისება, ბუნებრივ ფაქტორებზეა დამყარებული და უცვლელია. თბილისის ურბანიზმის თანამედროვე დონეზე განვითარებისათვის აუცილებელია ქალაქის ჩამოყალიბებული ურბანული ფორმის ყველა თავისებურებების გათვალისწინება. ქალაქი დღესაც მიუყვება მთავარ გზას და მდინარეს, როგორც თავისი ურბანული ფორმის წარმოშობის მთავარ მიზეზს და საფუძველს. ქალაქის ფარგლებში მოძრაობის ძირითადი ისტორიული მიმართულება სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ ასევე უცვლელია - მდინარე, გზა, რკინიგზა, მეტრო - პარალელურად განლაგებული მთავარი გრძივი სატრანსპორტო არხებია. ამ ძირითად თეზისს აუცილებლად უნდა დაეყრდნოს ახალი ურბანული ფორმა. ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანიზმის საყოველთაო პრინციპებს, ე.წ. ბურჟუაზიულ - კაპიტალისტურ ურბანიზმს, უარყოფდა ოფიციალური საბჭოთა სოციალისტური ქალაქთმშენებლობის დოქტრინა და საყოველთაოდ ავრცელებდა ერთგვაროვანი პრინციპებით დაგეგმარებას და მშენებლობას. სოციალისტური ურბანიზმი ოფიციალური  და სავალდებულო დოქტრინა იყო საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში მიმდინარე პროექტებისათვის და მშენებლობებისათვის. არსებული განაშენიანების რადიკალურად შეცვლის იდეები მრავლადაა თბილისის 1934 წლის გეგმის მასალებშიც. თბილისის ურბანიზმის იმდროინდელმა მოღვაწეებმა უბრალოდ ვერ შეძლეს ისტორიული განაშენიანების სწრაფად და იმ ოდენობით შეცვლა, რაც იგეგმებოდა. თუმცა, მომდევნო წლებში მაინც გაკეთდა ბევრი რამ, რაც თბილისის განვითარებისათვის, ალბათ, აუცილებელი და გარდაუვალიც იყო. აქ ვერ განვიხილავთ იმ გეგმებს, პროექტებს და ნაგებობებს, რომლებიც დაასაბუთებენ ამ თეზისს, ეს სხვა კვლევის საკითხია.ჩატარდა ქალაქის ისტორიული ნაწილის მნიშვნელოვანი ცვლილებები: ახალი ხიდი მეტეხთან, მნიშვნელოვნად შეიცვალა ძველი საბაჟოს მიმდებარე ტერიტორია, აბანოთუბანი, შუა ბაზარი, რიყის განაშენიანება, ქარვასლის აღებით შექმნილ მოედანზე ტრიბუნა მოეწყო. ჩატარდა სასახლის ქუჩის გაფართოება, სამხედრო ტაძრის და რამდენიმე მცირე ეკლესიის აღება ქალაქის სხვადასხვა ადგილებში, მტკვარზე  გაქრა უნიკალური მცურავი წისქვილები. 1934 წლის გენგეგმით გათვალისწინებული ახალი ობიექტების მშენებლობა, ბუნებრივია, იწვევდა არსებული განაშენიანების მნიშვნელოვან ცვლილებებს. აღსანიშნავია, რომ თბილისის ახალი წყალსაცავი - "თბილისის ზღვა" ამ გენგეგმით იყო განსაზღვრული.
ქრონოლოგიურად დალაგებული თბილისის ისტორიული გეგმების განხილვა კი გვისაბუთებს გრძივი ურბანული ფორმის ბუნებრივი განვითარების მუდმივობას თითქმის 200 წლის განმავლობაში. ბოლო 20 წელი, 1991წლიდან დღემდე, აღსანიშნავია ქალაქის ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე მცდელობით დაძრულიყო ქალაქის დაგეგმარების მიტოვებული საკითხი. საინტერესოა უკანასკნელი ათი წელი, როცა თბილისელი არქიტექტორების ინტენსიური მუშაობის შედეგად, შინაარსობრივად განსხვავებული კონცეფციების მქონე  თბილისის სამი გენერალური გეგმა შეიქმნა: 2007-2008 წლებში  - მიწათსარგებლობის ოპერატიული გეგმა, (ილ. 13) 2009-2014 წლებში - მიწათსარგებლობის მოქმედი გენერალური გეგმა (ილ.14) და 2015-2018 წლებში - მიწათსარგებლობის ახალი გენგეგმა. (ილ. 15) ახალი გენერალური გეგმის პროექტირება დასრულებულია, გენგეგმა უკვე არსებობს, თუმცა ჯერ არ არის  აღიარებული და დამტკიცებული, რაც მოსალოდნელია 2018 წლის ბოლოს. ამიტომ, ამ გენგეგმას ჯერ ვერ განვიხილავთ, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს გრაფიკა. დღევანდელ თბილისელ ურბანისტებს არ აქვთ თანამედროვე, რეალური ურბანული დოქტრინა, ამიტომ, ძალაუნებურად, ზოგჯერ იყენებენ ურბანიზმის ათწლეულების განმავლობაში შეჩვეულ კატეგორიებს. ცხადია, მათ შორის არის გამონაკლისებიც, მაგრამ ისინი დღევანდელ, საერთო „დაბნეულ“ ურბანულ ვითარებაზე რეალურ გავლენას ვერ ახდენენ, იმიტომ, რომ არ არიან გაერთიანებულნი ურბანული მოქმედბის საერთო იდეით, ანუ თბილისისთვის შესაბამისი თანამედროვე ქალაქთმშენებლური დოქტრინით. ბუნებრივია, გასული საბჭოთა ათწლეულების ურბანულმა პრაქტიკამ და მაშინ არსებულმა არქიტექტურულმა მეცნიერებამ დიდი გავლენა იქონია არქიტექტორებზე და შედეგად, თბილისის ურბანულ ფორმაზე. როგორც ზევით ითქვა, სოციალისტური ურბანიზმის ოფიციალური დოქტრინა, რაც დღეს, ობიექტურადაა მოძველებული, სავალდებულო იყო საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში მიმდინარე მშენებლობებისათვის. დღეს ახალი ეტაპია. ეს გეგმები ახალი ისტორიული ვითარების შესაბამისი, სოციალურ-პოლიტიკური მოთხოვნების პირობებშია დამუშავებული. მათი განხილვა ცალკე თემაა და სპეციალურ დეტალურ გარჩევას უთუოდ იმსახურებს. ეს ვითარება იწვევს ხშირ არასაგნობრივ კამათს და გაუგებრობას ამ საქმიანობაში, რაც ქალაქის განვითარების ტემპს რეალურად აყოვნებს, ზოგჯერ აჩერებს კიდეც. მიზეზად სახელდება თბილისის განვითარების უახლესი გენერალური გეგმის, როგორც აუცილებელი საყრდენი დოკუმენტის, დაუსრულებლობა, ანუ დამტკიცებული გენგეგმის არქონა. თბილისელ არქიტექტორ-ურბანისტებს შორის მრავალი აზრია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ზოგი გამოქვეყნებულია, ზოგიც არა. თბილისის ურბანული საკითხების ბოლო წლების განმავლობაში მთელი რიგი ოფიცილური განხილვების მიუხედავად, ხელთ არ გვაქვს ამ შეხვედრების შინაარსის ამსახველი ოფიციალური მასალა. ამასთან ერთად, აუცილებელია, დღევანდელი პოზიციიდან განვიხილოთ ძირითადი საკითხები თბილისის ურბანული ფორმის ჩამოყალიბება - განვითარების ისტორიულ პროცესთან დაკავშირებით. მისი  მიზანი უნდა იყოს თბილისის ურბანული ფორმის ცვლილებების შესწავლაზე დამყარებული, მყარად დასაბუთებული თავისებურებების დადგენა და გამოყენება ქალაქის განვითარებისას. 
13.  გენგეგმა 2007-2008 წ.წ.
14.  გენგეგმა 2009-2014 წ.წ.
15.  გენგეგმა 2015-2018 წ.წ.
მნიშვნელოვანია  ხანგრძლივი დროის განმავლობაში განსაკუთრებით მდგრადი ურბანული ფორმების გამოვლენა, ურბანული ფორმის ცვლილებების შესწავლა, რათა ქალაქის ურბანული ფორმის კონკრეტული თავისებურებების გათვალისწინებით დავგეგმოთ ქალაქის  მომავალი. ამ შემთხვევაში, თბილისის მომავალი დამყარებული იქნება ისტორიულად ჩამოყალიბებულ ურბანულ ფორმათა წარმოქმნა-განვითარების პრინციპებზე, ქალაქური განაშენიანების წარმოქმნის სისტემურ მეთოდზე.

თბილისის ურბანული ფორმის სიგრძივობა, თითქოს არასაკამათოა და ყველასათვის კარგადაა ცნობილი. საკითხავია, მაშინ რატომ ავიწყდებათ არქიტექტორებს და ურბანისტებს ქალაქის ეს საყოველთაოდ აღიარებული ურბანული თვისება.

გამოყენებული ლიტერატურა
1) Беридзе В. Курдиани З. Рчеулишвили Л. Тбилиси  1951 г.
2) ჯანბერიძე ნ, ქართული საბჭოთა არქიტექტურა განვითარების გზა 1971 წ.
3) Кинцурашвили С. Архитектура Советской Грузии 1974 г.
4) Джанберидзе Н. Ш.  Цицишвили И.Н. Архитектура Грузии 1976 г.
5) Квирквелия Т. Архитектура Тбилиси 1982 г.
6) Асатиани Н. Грузинское Советское Градостроительство 1920-30-х годов 1989 г.
7) ძინძიბაძე პ. რკინიგზა გაზეთი 24 საათი, 2012 წ. 25 თებერვალი

ნანახია: 7451-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani