Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ეროვნული საკითხი და საეკლესიო ხელოვნება საქართველოში (1900-1921)

There are no translations available.

ანა მგალობლიშვილი
აპ. ქუთათელაძის  სახ. თბილისის სამხატვრო აკადემია

1900-1921  წლები - აღნიშნავს ბატონი ვახტანგ ბერიძე - დიდად ნაყოფიერი იყო სწორედ სულიერი, შემოქმედებითი თვალსაზრისით. კულტურის ყველა დარგში - დროის ამ სულ მცირე მონაკვეთში, მძიმე ეკონომოკური პირობების მიუხედავად, ყოველი მხრით მტრული ძალებით გარშემორტყმულმა საქართველომ ბევრი რამ ახალი და მნიშვნელოვანი შექმნა.
ასეთი აღტკინება მხოლოდ ეროვნული აღმავლობის დროსაა შესაძლებელი“ბერიძე ვ., კულტურა და ხელოვნება დამოუკიდებელ საქართველოში,  თბილისი, 1992ქართული საზოგადოების სულიერი აღტკინება საეკლესიო ხელოვნებასაც შეეხო.
სტატიაში შევეხებით შიომღვიმის ლავრის განახლებას, ქაშვეთის ეკლესიის მშენებლობას და იმ დროისათვის აქ გამართულ კანკელს, 1900-1921 წწ. პერიოდის საეკლესიო მხატვრობისათბის დამახასიათებელ ზოგად თავისებურებებს.
მე-19 საუკუნის დასაწყისისათვის მრავალი ჭირ-ვარამის მნახველი შიომღვიმის მონასტერი, ერთ დროს დიდი კულტურულ-საგანმანათებლო ცენტრი, დაუძლურებულ, რიგით საეკლესიო დაწესებულებად იქცა, რომელიც ჯერ ქვათახევის (1811-1822), შემდეგ კი თბილისის ფერისცვალების (1822-1887) მონასტრებს ექვემდებარებოდა.
მე-19 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ალექსანდრე ეპისკოპოსის ძალისხმევით იწყება ახალი და აღმავალი ეტაპი მონასტრის ცხოვრებაში.
მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნის ქართული პერიოდიკის ფურცლებზე შიომღვიმის ეკლესიაზე მკითხველისათვის მიწოდებული არაერთი ინფორმაცია და სტატია ნათლად ასახავს, თუ რა დიდი ინტერესითა და მადლიერებით ადევნებს თვალყურს ქართული საზოგადოება ეპისკოპოს ალექსანდრეს მოღვაწეობას მონასტერში: „მეტად სასიამოვნო და სასიხარულოა ის გარემოება, რომ დღეს ჩვენში აღმოჩნდნენ ისეთნი, რომელთაც ზედმიწევნით შეგნებული აქვთ დიდი მნიშვნელობა მონასტრებისა ერის სასულიერო განვითარებისათვის და ყოველ ღონისძიებას ხმარობენ მათს აღდგენა-წარმატებისათვის..“გაზ. ივერია, 1900, #27; ჟურნ. მწყემსი, 1903, #1-2„ყოვლად სამღვდელო ალექსანდრეს მხნეობით, რომელიც ამ მონასტერს ახმარებდა 3000 მანეთამდე ყოველ წლობით, მიტოვებული და დაცარიელებული სავანე განახლდა და აყვავდა.“
შიომღვიმის ლავრის აღდგენითი სამუშაოების საქმეში ალექსანდრე ეპისკოპოსის თანაშემწე და თანამზრახველი, არანაკლებ დიდი მამულიშვილი და მოღვაწე, მისი ძმისწული, იმჟამად ეპისკოპოსი, შემდგომში კი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ლეონიდე იყო (ილ. 1).
1. წმინდა მღვდელმთავარი ალესანდრე ოქროპირიძე და ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე, 1890-იანი წლები
მომდევნო ციტატა ამონარიდია ლეონიდე ეპისკოპოსის წარმოთქმული ქადაგებიდან მამა შიო მღვიმელის წმ. ნაწილთა აღმოსვენების დღეს: „იყო დრო, როდესაც ყოველი ქართველი ოჯახი, დიდი სასოებითა და ლმობიერებით იხსენებდა ღირსი შიოს მოღვაწეობას.  იყო დრო, როდესაც ეს ღრმა ბნელი მღვიმე, ეს ცივი და ნოტიო ორმო, ალაგი ღირსი შიოს განსაცვიფრებელი მოღვაწეობისა, საკუთარ თვალის ჩინზედ უძვირფასესად მიაჩნდა ყოველ ქართველს და იმ დროს ჩვენი ერიც ერობდა, ქართველსაც ქუდი ეხურა, მაშინ ქართველობა ნიშნავდა შიო მღვიმელისა, ანტონ მარტყოფელისა, დავით გარეჯელისა, ისე წილკნელისა... და მათ მსგავსდა მოწაფეობას. მაშინ ურწმუნოება, მოყვასთა მტრობა, ქურდობა და ავაზაკობა, მეძაობა, სიმთვრალე, ქვრივ ობოლთა და ღარიბ-დავრდომილთა განუკითხაობა, სამშობლოს არა სიყვარული და დავიწყება საზოგადო სარგებლობისა ქართველს მიაჩნდა ჩამოთვლილი წმინდანების ღალატად.“ეპისკოპოსი ლეონიდი, სიტყვანი და მოძღვრებანი, ფოთი, 1914]. 
ქართულ ეკლესიას, მის პროგრესულ ნაწილს, ერთი მხრივ, რუსეთის იმპერიის ფარგლებში საკუთარი მეობის შენარჩუნებაზე უნდა ეზრუნა, მეორე მნიშვნელოვანი საზრუნავი კი უკუღმართი დროებისაგან დაკნინებული და ქრისტიანულ სარწმუნოებისაგან დისტანცირებული ქართული მრევლის ეკლესიის წიაღში დაბრუნება იყო.
ალექსანდრე და ლეონიდე ეპისკოპოსების ძალისხმევამ შიომღვიმის მონასტრის აღდგენის საქმეში არაერთს გაუჩინა სურვილი,  თავადაც გამხდარიყო ამ სამამულიშვილო წამოწყების თანამონაწილე. „გამოჩნდნენ მრავალნი, რომელთაც შემოსწირეს მონასტერს: კამეჩები, ხარები, ძროხები, ცხენები, ბევრმა სახლის მასალა.  ჟურნ. მწყემსი, 1903, #2ზოგმა მხატვრობისათვის საღებავები  გაზ. ივერია, 1904, #161.
საერთო ძალისხმევით გაკეთდა „ყველაზე ადვილი და მოხერხებული გზა მონასტერში მისასვლელი გაშენდა მონასტრის შენობები – „ბეღელი, საბძელი, კალო და.... ქარხანა, სადაც აკეთებენ კრამიტებს მონასტრის შენობებისათვის“ ჟურნ. მწყემსი, 1903, #2 და, რაც მთავარია, განახლდა, შეილესა და მხატვრობით შეიმოსა წმ. იოანე ნათლისმცემლის (1899-1901) და ღმრთისმშობლის მიძინების (1903 - 1905) ტაძრები. მხატვრობა იმჟამად საქართველოში საეკლესიო მხატვრობაში მომუშავე ნიკოლოზ ანდრეევს დაევალა. ჩვენ მხატვრობის პროგრამაზე გავამახვილებთ ყურადღებას.
შიომღვიმის წმ. იოანე ნათლისმცემლის (1899-1901) და ღმრთისმშობლის მიძინების (1903 - 1905) ტაძრების მოხატულობის პროგრამა მართლმადიდებლური მხატვრობისთვის ტრადიციული აზროვნების წესის მოდევნებითაა შემუშავებული, მრავალ საინტერესო პლასტს მოიცავს და ადგილობრივი ტრადიციების კარგ ცოდნას ამჟღავნებს, რაც დარწმუნებით გვაფიქრებინებს, რომ პროგრამის შედგენაში უშუალოდ ეპისკოპოსებმა ალექსანდრემ და ლეონიდემ მიიღეს მონაწილეობა.
ტაძარებში უხვადაა მოცემული ქართველ მოწამეთა და საეკლესიო მოღვაწეთა გამოსახულებები. განსაკუთრებული ადგილი წმ. ასურელი მამების და, კერძოდ, შიო მღვიმელის ცხოვრების სცენებს, წმინდა ნინოს, სვეტიცხოვლის ამაღლების და ქართველთა გაქრისტიანების კონპოზიციებს უკავია. მთელი თავისი შინაარსობრივი თვალსაზრისით მხატვრობა ქართული ქრისტიანული ეკლესიის დიდ ისტორიასა და მნიშვნელობას უსვამს ხაზს.მგალობლიშვილი ა., რამდენიმე საკითხი შიომღვიმის მონასტრის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიის მოხატულობის შესახებ, საქართველოს სიძველენი 14, თბილისი, 2009. (ილ. 2).
2. შიომღვიმის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოხატულობის ფრაგმენტი
საინტერესოა, ასევე,  ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარში საკურთხევლის კონქში ღმრთისმშობელი ოდიგიტრიასა და ჩრდილოეთ კადელზე “ხატი მანდილისაის” ერთმანეთის ჰორიზონტალურ-სივრცობრივი მიმართება, (შესაძლოა, გარკვეული ანტითეზის გამოხატულებაც იყოს - „ის ვინც აღქმული ხსნაა – ყრმაცაა ღმრთისმშობლის მკლავებში“). რადგან, ამგვარივე მიმართებას, მკვლევარ ც. კილაძის აზრით ადგილი აქვს შიომღვიმის ჯვართამაღლების  ეკლესიის პროგრამაშიც, რომელიც, სავარაუდოდ, მე-13 საუკუნით თარიღდებაც. კილაძე, შიომღვიმის „ჯვართამაღლების“ ეკლესიის მოხატულობის იკონოგრაფიული პროგრამის რამდენიმე თავისებურება, ჟურნ. საქართველოს სიძველენი, 2002. აღნიშნული საფუძველს გვაძლებს ვივარაუდოთ, რომ პროგრამის შემდგენელები იცნობდნენ კომპლექსში შემავალი ჯვართამაღლების ეკლესიის ძველ მოხატულობას.
რუსეთის იმპერიული პოლიტიკის პირობებში ქართველთა ხარჯებით, ზრუნვითა და გარჯით შექმნილი  ეს ერთგვარი თავისუფლების კუნძული, სულიერების მნიშვნელოვანი კერა გახდა საქართველოს ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს აღდგინებისათვის ბრძოლის გზაზე და მის გარშემო განვითარებული მოვლენები კარგად ასახავს  სულისკვეთებას, რაც ზოგადად იყო დამახასიათებელი მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული საზოგადოებისათვის.
ქართული სამღვდელოების და საერო საზოგადოების საერთო ძალისხმევის შედეგია ქაშვეთის ეკლესიის მშენებლობაც. იმჟამად ტაძრის წინამძღვარი, მომავალში საქართველოს პატრიარქი, კალისტრატე ცინცაძეა. ამ ეკლესიის აგება მრავალი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოვლენა იყო იმჟამინდელი ქართული სინამდვილისათვის. ჩვენ ძველი ქართული ტრადიციების გათვალისწინებას მივაქცევთ ყურადღებას. კერძოდ კი - ეკლესიის კანკელს.
ქაშვეთი ქართული შუა საკუნეების ღირშესანიშნავი ძეგლის – სამთავისის გეგმის მიხედვით აიგო (არქიტქტორი ლ. ბილფელდი). ტაძრის აგების დროისათვის (1910) ახალი კანკელიც გაიმართა.  კანკელი გივი ივანეს ძე და ანა გრიგოლის ასულ ამილახორების ხარჯებით, იტალიელი არქიტექტორის ედუარდ ანდრიოლეტის (ქაშვეთის ტაძრის აღმშენებელ-ხუროთმოძღვარი) ესკიზების მიხედვით შესრულდა, მხატვრობა ჰენრიკ ჰრინევსკის, ქვის სამუშაოები კი ნეოფიტე აღლაძეს ეკუთვნის.
ქაშვეთის დაბალზღუდიანი და ჩუქურთმებით გაფორმებული ეს კანკელი, შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდისათვის ძველი ქართული ტრადიციული კანკელის ფორმებისაკენ შემობრუნების მცდელობის ერთ-ერთი პირველი მაგალითია.(ილ. 3).
3. ქაშვეთის ეკლესიის კანკელი
მე-18 - მე-19 საუკუნეებში საქართვლოში რუსული ეკლესიის გავლენის გამყარების შედეგად, ქართულ კანკელს იკონოსტასი ჩანააცვლებს ე.ი. იკონოსტასი,  ხატებით გაფორმებული მრავალიარუსიანი კედელია რომელიც მთლიანად ფარავს საკურთხეველს მრევლისაგან.
ქაშვეთის ეკლესიის კანკელი სიმაღლით ქართული ტრადიციული კანკელის  ზომას უბრუნდება. სიმაღლე იმგვარია, რომ საკურთხევლის მრევლისათვის ნათლად მჩენია. ამავე დროს, კანკელის გარე ზედაპირის მარმარილოს მოპირკეთება და მისი ვიზუალურ-ილუზორულ ფორმებად დანაწილება - დაბალი ზღუდე, ზღუდეს დაყრდნობილი სვეტები, სვეტების შემაკავშირებელი თაღები, ორნამენტული მოტივები - მნახველის წინაშე  კლასიკური ტიპის ქართული კანკელის (მე-11 _ მე-13 საუკუნეები – შიომღვიმე, საფარა) ფორმებთან სიახლოვეს ამჟღავნებს მგალობლიშვილი ა., ჰენრიკ ჰრინევსკი და ქვაშვეთის ეკლესიის კანკელი, კრებული ჰენრიკ ჰრინევკი, თბილისი, 2007.
ქალბატონი რენე შმერლინგი  ქართული შუასაუკუნოვანი კანკელის ტრადიციებთან მიმართებით ქაშვეთის ეკლესიის კანკელს „ცივ და მოსაწყენ“ ქმნილებად განიხილავს. Шмерлинг Р., Малые формы в архитектуре, Тбилиси, 1962, გვ. 279. თუმცა, თუ საკითხს სხვაგვარი მიმართებით დავაყენებთ და გავითვალისწინებთ საქართველოში წინარე საუკუნეების (მე-18 - მე-19სს.) მძიმე და რთულ ისტორიულ ვითარებას, მე-20 საუკუნის დასაწყისში ქაშვეთის ეკლესიის კანკელის სახით ქართული საეკლესიო ხელოვნების გააზრებაში ახალი, ფრიად მნიშვნელოვანი ტენდენციების გამოჩენის საწყისებს დავინახავთ, რომლებიც სრული შინაგანი მზაობითაა მიმართული ქართული ეროვნული თვითმყოფადობის წარმოჩენისკენ.
ქართული სიძველეების, ფრესკული ფერწერის შესწავლა და დაცვა იმ პროფესიონალი მხატვრების მნიშვნელოვანი დაინტერესების საგანიცაა, რომლებიც ამ პერიოდის საეკლესიო მხატვრობის ნიმუშებს შექმნიან (ჰ. ჰრინევსკი,  დ. შევარდნაძე, ვ. სიდამონ-ერისთავი). სანამ ამ საკითხს განვიხილავთ, უნდა ითქვას, რომ იმჟამად დასავლეთევროპული სტილის მხატვრობისათვის დამახასიათებელი მიდგომები, ზოგადად, მთელ  მართლმადიდებელ სივრცეშია გაბატონებული.ა. მგალობლიშვილი, მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნის მართლმადიდებლური საეკლესიო მხატვრობის ზოგიერთი საკითხი, ჟურნალი ACADEMIA, 2014
საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული მე-20 საუკუნეში შესრულებული შუასაუკუნოვანი მხატვრობის ასლებიდან ყველაზე ადრეული 1910 წლით თარიღდება და ჰ. ჰრინევსკის ეკუთვნის.
ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ მან ქაშვეთის ეკლესიის კანკელი შეასრულა. ქაშვეთის ეკლესიის ხატების მხატვრობამდე ჰ.ჰრინევსკის უკვე ჰქონდა ქართულ ფრესკულ ფერწერასთან უშუალო შეხება - მან მოინახულა ატენისა და ყინცვისის ეკლესიები, გააკეთა ძველი მხატვრობის ამსახველი არაერთი ესკიზი. (ილ. 4,5).
044. ხარების სცენა, ქაშვეთის ეკლესიის კანკელი5. მთავარანგელოზი გაბრიელი, ატენის სიონის მოხატულობა
შორეული პარალელების ძიებად შეიძლება ჩაგვეთვალოს, მაგრამ ჩვენი აზრით,  ჰრინევსკისეული ხარების ანგელოზი, ფიგურის საერთო მოძრაობით ატენის სიონის ხარების მთავარანგელოზს მოგვაგონებს, ქაშვეთის წმ. გიორგი კი - ყინწვისის ეკლესიის წმინდა მეომარს.
1912 წ. გაზეთ „კოლხიდაში“, სხვა ინფორმაციასთან ერთად ვკითხულობთ: ჭიათურის (სამთო ტექნიკური  „ეკლესიის მხატვრობისათვის ახალგაზრდა მხატვარს (დიმიტრი შევარდნაძეს—ა.მ.) გადაუღია რამდენიმე სახე-სურათი ჩვენი ძველი საეკლესიო მხატვრობისა.გაზ. „კოლხიდა“, 1912, #6, გვ.2მხატვრის პირად არქივში ფოტოებს შორის მართლაც  წავაწყდით ძველი ქართული ძეგლების ამსახველ ფრაგმენტებს: სამთავისის ეკლესიის დასავლეთ ფასადზე გამოსახულ ფასკუნჯს, ეხვევის ეკლესიის პორტალის ტიმპანს, ბაგრატის ტაძრის სვეტის კაპიტელს, ქვათახევის ეკლესიის ღმრთისმშობლის ხატს და სხვ. ჩვენ ხელთ არსებულ მასალებზე დაკვირვებამ დაგვარწმუნა: მიუხედავად იმისა, რომ კანკელის საბოლოო ვარიანტში ბევრმა ჩანაფიქრმა განხორციელება აღარ (ან ვეღარ) პოვა, მოსამზადებელი ეტაპის ესკიზები ნათლად წარმოაჩენს მხატვრის სურვილს, ძველი ხელოვნების ზემოაღნიშნული ნიმუშები ან მათგან მიღებული განწყობა აისახოს კანკელის ფორმებსა და ხასიათში.მგალობლიშვილი ა., ჭიათურის სამთო-ტქნიკური სასწავლებლის ეკლესიის კანკელი და დიმიტრი შევარდნაძე, საქართველოს სიძველენი 3, თბილისი, 2003. (ილ. 6).

6. ჭიათურის სამთო-ტექნიკური ეკლესიის კანკელი
წმინდა მეფეთ-მეფის, თამარის გამოსახვისას ამ პერიოდის მხატვრებისათვის პროტოტიპი, როგორც წესი, ბეთანიის ეკლესიის წმ. თამარის გამოსახულებაა (გიგო ზაზიაშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, ვ. სიდამონ-ერისთავი).
საინტერესოა შემდეგიც: თუ 1910-იანი წლების დასაწყისში მხატვრების ქართული სიძველეებით დაინტერესებას ინდივიდუალური ხასიათი აქვს (ჰ.ჰრინევსკი, დ. კაკაბაძე), ან ქართველი მეცნიერებისა და მხატვრების პირად თანამშრომლობას ითვალისწინებს (ე. თაყაიშვილი და დიმიტრი შევარდნაძე), 1916 წ. დ. შევარდნაძის თაოსნობით ჩამოყალიბებული ქართველ ხელოვანთა საზოგადოება სრულიად მიზანმიმართულად მოღვაწეობს ქართველ მეცნერებთან ერთად  ქართული ქრისტიანული ფრესკული ფერწერის შესწავლის და მათი ასლების გადაღების მიმართულებით, რაც მეტად მნიშვნელოვანი ექსპედიციების მოწყობის საფუძველი ხდება (ნაბახტევი, 1916წ.; ტაოკლარჯეთი, 1917).ლორთქიფანიძე ი., ნაბახტევის მხატვრობა, თბილისი, 1973.
მე-20 ს-ის დასაწყისი, საქართველოს ისტორიაში, არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული თუ პოლიტიკური მოვლენითაა ნიშნეული. ყველა ამ მოვლენას ერთი მახასიათებელი აერთიანებს - ღირსეული მამულიშვილების თავდადება საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისათვის და კეთილდღეობისათვის, რაც, თავის მხრივ, წარმოუდგენელია წარსულის სიყვარულისა და, ამავე დროს, ახლის ძიების გარეშე. ამ პერიოდის სეკლესიო მხატვრობაში განვითარებული პროცესებიც ამ სულისკვეთებითა და მიდგომებითაა გაჯერებული და ქართული საეკლესიო ხელოვნების გააზრებაში ახალი, ფრიად მნიშვნელოვანი დამოკიდებულებების გამოჩენის მეტად საინტერესო სურათს წარმოგვიდგენს.


ნანახია: 6443-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani