Georgian (Georgia)English (United Kingdom)
1958 წელს მოსკოვში ჩატარებული ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადის აფიშები და მათი როლი ქართული სარეკლამო ხელოვნების შემდგომ განვითარებაში

There are no translations available.

მარიამ გაჩეჩილაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ქართული გრაფიკის განვითარების ისტორიაში საინფორმაციო-სარეკლამო  ხელოვნებას მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დამკვიდრებული. მისი საწყისები მე-19-ე საუკუნის ბოლოდან იკვეთება - ჩნდება სავაჭრო დანიშნულების ეტიკეტები, ფირნიშები, ღია ბარათები, სხვადასხვა ტიპის სამაუწყებლო პოსტერები.

ამ საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში, ძირითადად, თეატრის წარმოდგენებისა და სხვადასხვა ღონისძიებების რეკლამირებისთვის განკუთვნილი ტექსტებით შედგენილი აფიშები გვხვდება, რომელთა ზომები არც თუ ისე დიდია. ძირითადად, ესაა თეთრ ქაღალდზე ნაბეჭდი ინფორმაციის შემცველი წარწერები, შედგენილი მსხვილი, მარტივი მოხაზულობის, ადვილად წასაკითხი შრიფტით.   (ილ. 1).

ჯენ მორისის

იგივე  დატვირთვა აქვს იმ პერიოდში შექმნილ სხვადასხვა „მაუწყებლებს“: წიგნის გამომცემელთა სამაუწყებლო ფურცლებს, ადგილობრივი წარმოების სასმელებისა თუ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ნაწარმის ხარისხის მაცნე სერეკლამო-ფურცლებს, ეტიკეტებს, აფიშებს, რომელთა შორის ზოგი ადგილობრივადაცაა ნაბეჭდი. მათ მხატვრული ღირებულება არ გააჩნდა.
სარეკლამო ფუნქცის მატარებელია ნიკო ფიროსმანის ფერწერული ფირნიშებიც, რომელთა ნახატები და თანდართული წარწერები სხვადასხვა დუქანსა თუ დროის გასატარებელ ადგილებში ეპატიჟებიან  მოქალაქეებს. ამ აბრებში მხოლოდ მათი შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება დავინახოთ სარეკლამო დანიშნულება, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ თანამედროვე პლაკატთან ვერ გავაიგივებთ. (ილ. 2)

ნიკო ფიროსმანი

პირველი სურათოვანი ქართული აფიშა საცირკო წარმოდგენისთვისაა განკუთვნილი (1863 წ.; ქსილოგრაფია, 44 x 45) და თვითნასწავლი მხატვარი-გრავიორის, გრიგოლ ტატიშვილის მიერაა შესრულებული. იგი გადატვირთული კომპოზიციითაა შედგენილი და ჯერ კიდევ შორს დგას სარეკლამო ხელოვნებისათვის საჭირო ლაკონიური, დახვეწილი სტილისაგან, მაგრამ მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ქსილოგრაფიის რთული ტექნიკითაა განხორციელებული და ქართული აფიშის პირველ ილუსტრირებულ ნიმუშს წარმოადგენს.  (ილ.3)
გრიგოლ ტატიშვილი, აფიშა საცირკო წარმოდგენისათვის. 1863 წ.
1910-იანი წლების ბოლოს და 20-იანი წლების დასაწყისში გვხვდება ფუტურისტ ხელოვანთა მიერ მოწყობილი  ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სამაუწყებლო პოსტერები, რომლებიც სხვადასხვა ფორმისა და ზომის შრიფტისგან  შედგენილი ტექსტებითაა შექმნილი, რითაც, გარკვეულ წილად, მხატვრულობის ეფექტიცაა მიღწეული.(ილ.4-5)

აფიშები ფუტურისტ ხელოვანთა მიერ მოწყობილი სხვადასხვა  ღონისძიებებისათვის. 1910-იანი წლების ბოლო - 1920-იანი  წლების  დასაწყისი.აფიშები ფუტურისტ ხელოვანთა მიერ მოწყობილი სხვადასხვა  ღონისძიებებისათვის. 1910-იანი წლების ბოლო - 1920-იანი  წლების  დასაწყისი.

ამავე პერიოდს განეკუთვნება კირილე ზდანევიჩის მიერ შესრულებული, ფერადოვნებით გამორჩეული რამდენიმე მხატვრული აფიშაც. ფერთა კონტრასტული დაპირისპირებით, ფიგურათა სიბრტყობრივ-სილუეტური გამოსახვით ადვილად აღსაქმელი  და  იოლად დასამახსოვრებელი კომპოზიციებია შექმნილი. მხატვარი  სიბრტყობრივად გადაწყვეტილი მეტყველი ნახატით, მჭახე ფერებითა და მხატვრული, დინამიკური მოხაზულობის მარტივი შრიფტით სარეკლამო ხელოვნებისთვის აუცილებელ ლაკონიურობას აღწევს.(ილ. 6-7)

აფიშა. მხატვარი კირილე ზდანევიჩი.აფიშა. მხატვარი კირილე ზდანევიჩი.

1920-იან წლებამდე პლაკატი, საქართველოში, მხოლოდ ამგვარად იყო წარმოდგენილი, ხოლო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს რუსეთის მიერ ოკუპირების შემდგომ – 1921-1925 წლებში გაჩნდა პოლიტიკური პლაკატის პირველი ნიმუშები, რომლებიც, ძირითადად, რუსი მხატვრების მიერ იყო განხორციელებული. მართალია, აგიტაციურ-პროპაგანდისტულ პლაკატებზე ტექსტი ქართულ ენაზე იყო მოცემული, მაგრამ შესრულების ხასიათით, ნახატის სტილით და შინაარსით ისინი ზოგად-საბჭოური რიტორიკით გამოირჩეოდა და საქართველოსთან და ქართულ პრობლემებთან არავითარ კავშირში არ იყო. პლაკატთა ტექსტებში შეცდომებიც არ იყო იშვიათი, რაც კიდევ უფრო მეტად ავლენდა იმ ფაქტს, რომ მათი შემსრულებელი არ ფლობდა ქართულ ენას და მექანიკური თარგმანით იფარგლებოდა. (ილ. 8,9,10)

პოლიტიკური პლაკატი (1921-1925  წწ.)
პოლიტიკური პლაკატი (1921-1925  წწ.)პოლიტიკური პლაკატი (1921-1925  წწ.)

1920-იანი წლებიდან მოყოლებული, თითქმის 1950-იან წლებამდე, ქართული პლაკატი, პოლიტიკურ დატვირთვას ატარებდა. მათი შინაარსი, უმთავრესად სხვადასხვა სახის ლოზუნგს შეიცავდა: ადამიანებს მოუწოდებდა კოლექტივიზაციისკენ, ბურჟუებთან თუ  კულაკების წინააღმდეგ ბრძოლისკენ, ესერთა დამხობისკენ და ა.შ. მხატვრული შესრულების დონე კი ძალზე დაბალი იყო.
პოლიტიკურ პლაკატთა მხატვრული დონე შედარებით მაღლდება 1940-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს. ამ წლებში პლაკატებს ისეთი წამყვანი მხატვრები ქმნიდნენ, როგორებიც არიან: ლადო გუდიაშვილი, ირაკლი თოიძე, სამსონ ნადარეიშვილი, ვლადიმერ ვადბოლსკი, იოსებ გაბაშვილი, დავით (დუდა) გაბაშვილი და სხვები. ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე სამშობლოს დასაცავად შექმნილმა პოლიტიკური შინაარსით დატვირთულმა ირ. თოიძის პლაკატმა „დედა სამშობლო გვეძახის!“ იმ დროინდელი სსრ კავშირის ყველა ქვეყანა მოიარა და ერთ-ერთ საუკეთესო პლაკატად იქნა აღიარებული.
ირაკლი თოიძე. დედა სამშობლო გვეძახის. 1941 წ.ლადო გუდიაშვილი. პლაკატი სერიიდან: „ხიშტით და კალმით“.
(ილ.11-12) ომის წლებში შექმნილმა პლაკატების სერიამ „ხიშტით და კალმით“ უდიდესი როლი შეასრულა ფართო მასებში ფაშისტთა წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიური ბრძოლის თვალსაზრისით. ქართული პოლიტიკური პლაკატი ერთ-ერთი წარმმართველი ხდება სსრ კავშირის რესპუბლიკების პლაკატთა შორის, მაგრამ ომის შემდგომ, თითქმის 1950-იანი წლების მეორე ნახევრამდე, პლაკატის განვითარების ტემპი თანდათან კლებულობს და მხატვრული შესრულების დონეც ეცემა. პლაკატთა თემატიკა, ძირითადად, კვლავ აგიტაციურ-პროპაგანდისტული ხასითისაა - მოწოდებებია ახალი მშენებლობისაკენ, აღდგენითი სამუშაოების წარმართვისაკენ და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაზრდისაკენ. ამ წლების პლაკატები დაზგური გრაფიკის ნიმუშს უფრო წარმოადგენს, ისინი რეალისტური, ნატურალისტური ხასიათის გადატვირთული ნახატით და უსახური კომპოზიციებით გამოირჩევა.(ილ.13-14)

გ. ჯაში. უდანაკარგოდ ავიღოთ მოსავალი! 1950 წ.

ი. კუცენკო. პიონერებო და მოსწავლეებო! იყავით ქუჩაში სამაგალითო დისციპლინის მქონე. 1949 წ.


ამ წლების პლაკატების საერთო დონეს კარგად განსაზღვრავს ბენო გორდეზიანის სიტყვები: „სამწუხაროდ, ქართულმა პოლიტიკურმა პლაკატმა ვერ შეინარჩუნა დიდი სამამულო ომის დროს მიღწეული დონე. საჭირო კი იყო, რადგან ომის შემდგომმა ხუთწლედმა ახალი ამოცანები დაუსახეს საბჭოთა პლაკატის ოსტატებს. სოციალისტური მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მოწინავე ადამიანების ჩვენება, მათი გამოცდილების განზოგადება და დამაჯერებლად ასახვა, ინდუსტრიალურ მშენებლობათა და ტექნიკის მიღწევათა პოპულარიზაცია, საბჭოთა ადამიანის ახალი ყოფა-ცხოვრება, საბჭოთა კავშირის ხალხთა ძმობისა და მეგობრობის განმტკიცება, მშვიდობისათვის ბრძოლა, ახალი ომის გამჩაღებელთა მხილება, მოითხოვდა, რომ ამ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის თემებს უფრო მეტი იდეური სიმახვილითა და მაღალი მხატვრული ოსტატობით გამოხმაურებოდა გრაფიკული, კერძოდ, საპლაკატო ხელოვნება.
ამ თემაზე შექმნილი თითო-ოროლა პლაკატი იმდენად უსულგულოდ არის გადაწყვეტილი, შაბლონური სახეები ისეთ ტრაფარეტულ კომპოზიციაშია, რომ მაყურებელი გულცივად უყურებს მათ. ამ პლაკატებიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მხატვრებს იმდენად თემის პოლიტიკური გადაწყვეტა კი არ აინტერესებთ, რამდენად ის, რომ ნახატი დაზგურ სურათს დაუახლოვონ.ბ. გორდეზიანი, ქართული გრაფიკა. „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1959, გვ. 146
ქართული პოლიტიკური პლაკატის ხელოვნება იმდროინდელი სსრ კავშირის პლაკატის ხელოვნებას მისდევდა ფეხდაფეხ, რადგან დამკვეთის, ანუ იმპერიის წარმმართველი ძალის, კომუნისტური პარტიის იდეოლოგიის გავრცელების ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული და ეს განაპირობებდა კიდეც მხატვართა შებორკილობას და შემოქმედებით უსახურობას. პოლიტიკური პლაკატი საბჭოთა კავშირის იდეოლოგიას  ზედაპირზე დებდა. მარტო ლოზუნგების ამონაკრებითაც კი შეიძლება სრული წარმოდგენა შეგვექმნას, თუ როგორ იმართებოდა ხალხის მასები და, აქედან გამომდინარე, ზოგადად სახელმწიფო. ტყუილად არ უწოდა ბ-ნმა თ. წივწივაძემ სსრკ კავშირს „ლოზუნგების ქვეყანა“თამაზ წივწივაძე, ლოზუნგების ქვეყანა. გაზ. „ლიტერატურული საქართველო“, 14 ივლისი, 1989, გვ.6
მაგრამ, ამ ეტაპზე ჩვენ პოლიტიკური პლაკატის ხელოვნებას არ ჩავუღრმავდებით, არამედ შევეხებით ქართული სარეკლამო, სააფიშო ხელოვნების განვითარების გარდამტეხ ეტაპს და 1958 წელს მოსკოვში გამართული ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადის აფიშებზე შევჩერდებით.
ბუნებრივია, პოლიტიკური პლაკატიც სარეკლემო ხელოვნების ნაწილია, მაგრამ მის პარალელურად  ვითარდება და თავისი განვითარების გზით მიდის სარეკლამო-სააფიშო ხელოვნებაც. ზემოთ უკვე გვქონდა ამაზე საუბარი და 1910-იანი წლების ბოლოს ფუტურისტების მიერ შესრულებული პლაკატებიც ვახსენეთ. შემდგომ, უფრო 1930-იანი წლებიდან თანდათან იწყებს წამოწევას თეატრისა და კინოს აფიშები, თუმც, მათი რაოდენობა დიდი არ არის და, ძირითადად, მაინც ტექსტებითაა შედგენილი. მნიშვნელოვანია 1937 წელს მოსკოვში ჩატარებული ხელოვნების დეკადისათვის და შოთა რუსთაველის 750 წლის საიუბელეოდ შექმნილი მხატვრული პლაკატები. მხატვარ მ. გოცირიძის მიერ 1939 წელსა შექმნილი სარეკლამო აფიშა წარმოდგენისათვის  „ჩემი მეგობარი“. კომპოზიცია დანაწევრებულია, მაყურებლის წინაშე პოზირებენ სპექტაკლის მონაწილე პერსონალის ცალკ-ცალკე მდგომი  ფიგურები.(ილ. 15) 1950-იანი წლების დასაწყისის კინო-აფიშის უმეტესობაზე ფილმიდან აღებული კადრის ილუსტრაციაა წარმოადგენილი. (ილ.16)

მ. გოცირიძე. ჩემი მეგობარი. 1939 წ.
გ. მგელაძე. „გაზაფხული საკენში “.  1950 წ.

1950-იან წლების ბოლოს სხვადასხვა ფესტივალისათვის შესრულებული რამდენიმე   აფიშაც გვხვდება. ახალგაზრდობის ფესტივალისთვის შესრულებულ აფიშებზე კი ეროვნულ სამოსში გამოსახული ქალისა და მამაკაცის სტანდარტულად პოზირებული ფიგურები და უკვე მოსაბეზრებელ ტრაფარეტად ქცეული სიმბოლური ელემენტებია გამოსახული (მარადიული ცეცხლი; მტრედი). ნახატი ნატურალიზმამდეა მიყვანილი, შრიფტი  მშრალია, ორხაზოვანი, მრგვლოვანი მოხაზულობის - სტამბური. (ილ.17-18)

ი. ჩიკვაიძე. საქართველოს ახალგაზრდობის ფესტივალი. 1957 წ.ლ. მამალაძე. საქართველოს ახალგაზრდობის ფესტივალი. 1957 წ.

ხელოვნებათმოდნე ანელი ვოლსკაია ასე ახასიათებს  ამ პერიოდის სარეკლამო ხელოვნების მდგომარეობას: „...პლაკატების უმრავლესობა ფერად ფოტოს, ან უკეთეს შემთხვევაში ფერწერულ სურათს მოგვაგონებს. პლაკატისათვის აუცილებელი პირობითი ხერხების გამოყენების შიშს მხატვრები ხშირად მიჰყავს ნატურალიზმისაკენ, რომელიც ნაწარმოებს უკარგავს ყოველგვარ მხატვრულობას. ეს მავნე ტრადიციები ხელს უწყობენ ინდივიდუალურ ხელწერას და შემოქმედებით ფანტაზიას მოკლებული პლაკატების წარმოშობას, შტამპისა და შაბლონის გავრცელებას. ერთი სიტყვით ქართულმა პლაკატებმა „პლაკატურობა“ დაკარგეს“.ანელი ვოლსკაია, პლაკატი ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში. ჟ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1958, # 3, გვ. 45
ქართული სარეკლამო აფიშის განვითარების ისტორიაში 1950-იანი წლების დასარულს რადიკალური ცვლილება ხდება. ეს ცვლილება  1958 წელს, მოსკოვში ჩატარებულ ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადისათვის შექმნილმა მაღალმხატვრული დონის აფიშებმა განაპირობა.
დეკადის ღონისძიებების რეკლამირებისათვის საჭირო  პროდუქციის შექმნა (აფიშები, მოსაწვევები, საკონცერტო და სათეატრო პროგრამები და ა.შ.), მათ მაღალმხატვრულ  დონეზე შესრულების კონტროლის გაწევა და ხელმძღვანელობა დაევალა ქართული გრაფიკის წამყვან ხელოვანს, მხატვარ-გრაფიკოს ლადო გრიგოლიას. სარეკლამო სამუშაოების განხორციელებაში  ჩართულნი იყვნენ როგორც  იმ დროისთვის სრულიად ახალგაზრდა მხატვრები (ირაკლი გორდელაძე, დავით დუნდუა, ნოდარ მალაზონია, ოთარ ჯიშკარიანი, მერაბ და ელგუჯა ბერძენიშვილები, ლეონარდო შენგელია), ასევე, შედარებით უფროსი თაობის მხატვარი-გრაფიკოსები (ვახტანგ გიორგობიანი, სერგო კაშხიანი, შოთა კუპრაშვილი).
მხატვრების ამოცანას შედგენდა  დეკადის გარეგნული მხარის მთლიანი მხატვრული სრულყოფა, ანუ სარეკლამო აფიშების, მოსაწვევი ბარათებისა და პროგრამების, ცალკეული გამოფენებისა თუ კონცერტებისათვის საჭირო სარეკლამო პოსტერების დამზადება.
სარეკლამო სამუშაოების შემსრულებელი  მხატვრები ჯგუფებად განაწილდნენ: ოპერის თეატრის აფიშები - ოთარ ჯიშკარიანმა, დავით დუნდუამ, ნოდარ მალაზონიამ; კოტე მარჯანიშვილის თეატრის აფიშები - მერაბ და ელგუჯა ბერძენიშვილებმა, ირაკლი გორდელაძემ და ლეონარდო შენგელიამ; შოთა რუსთაველის სახ. თეატრის აფიშები - ვახტანგ გიორგობიანმა, სერგო კაშხიანმა და შოთა კუპრაშვილმა, ხოლო გრობოედოვის თეატრის აფიშები - ინა დივნაგორცევა-გრიგოლიამ და ლადო გრიგოლიამ შექმნეს.
დეკადის მონაწილეებს დიდი ზეიმით შეხვდნენ მოსკოვში. მატარებლის სადგური დამხვდური მასპინძლებით  გადაჭედილი შეეგება ქართველ ხელოვანებს.(ილ.19-20) ქალაქის თეატრებისა და საგმოფენო  ნაგებობების ფასადებზე კი ფერადოვანი აფიშები იყო გაკრული, რომლებიც მარტივი, ლაკონიური, დასამახსოვრებელი ნახატითა და იოლად წასაკითხი, მკაფიო შრიფტით აწვდიდა ინფორმაციას გამვლელებს მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.

მოსკოველთა დახვედრა რკინიგზის სადგურზე. მოსკოვის დიდი თეატრის ფასადზე გამოფენილი დეკადის მთავარი აფიშა

დეკადის დასკვნით სხდომაზე სიტყვით გამოსული  მხატვარი-პლაკატისტი ნიკოლოზ დენისოვსკი აღნიშნავდა: „სახლების ნაცრისფერ ფონზე გაჩნდა დიდი, ცინცხალი ფერებით სავსე აფიშები; მათ უნებურად მიიპყრეს მოსკოველების ყურადღება, როგორც თავისი გამოჩენით, ისე ფერადოვნებით. მაგრამ ეს არა მარტო მოსართავად გამიზნული ლამაზი ლაქებია - ქართველი მხატვრების ამ ტემპერამენტულმა აფიშებმა რუს ხალხს დაანახა მათი ნიჭიერების  ხასიათი,  ხელოვნების თავისებურება, უძველესი ნაციონალური კულტურა...  ამ ნაწარმოებებში ჩვენ ვხედავთ პლაკატის – ამ ნამდვილად მასობრივი ხელოვნების მომწიფებულ ოსტატებს. პლაკატები თავისი სახეობრივი ძალით, ლაკონიური ენით ესაუბრებიან არა მარტო თეატრში მოსულ ადამიანებს, არამედ იმათაც, ვინც თეატრის გარეთ დარჩა და მათ გვერდით ჩაუარა. დიდია დამსახურება იმ მხატვრებისა, რომლებმაც  ხელოვნებით აჩვენეს საკუთარი დამოკიდებულება ამა თუ იმ ღონისძიებებისადმი... ამასთან ერთად, ეს პლაკატები ლაპარაკობენ მთლიანად ქართულ ხელოვნებაზე“.Декада Грузинского искусства и литературы в Москве, Март 1958, Сборник материалов. gv. 305-307
ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადის აფიშები გამოირჩევა შესრულების მაღალი დონით და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მათ არა მარტო ქართული სარეკლამო ხელოვნებაში მოახდინეს გარდატეხა, არამედ  იმ დროინდელი საბჭოთა კავშირის სხვა რესაპუბლიკების საპლაკატო ხელოვნების განვითარებასაც აცვლევინეს გეზი.
ამ საერთო წარმატების მიღწევაში დიდი როლი მიუძღვის მხატვარ-გრაფიკოს ლადო გრიგოლიას. მხატვართა ჯგუფი, რომელიც დეკადის აფიშების შექმნაზე იყო მოწვეული, ძირითადად, ლადო გრიგოლიას მოწაფეებისგან იყო შედგენილი. როგორც ჩემთან საუბარში სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვახტანგ გიორგობიანმა გაიხსენა, მხატვართა  მუშაობის პრინციპი შემდეგნაირად იყო შემუშავებული: თითოეულ ჯგუფს სრულიად კონკრეტული ამოცანა ჰქონდა მიცემული (როგორც ზემოთ ჩამოვთვალეთ, სხვადასხვა თეატრის აფიშების გაფორმება ცალკ-ცალკე ჯგუფის ამოცანას შეადგენდა) და ისინი სრულიად დამოუკიდებლად მუშაობდნენ, ყოველგვარი ზედმეტი მითითებებისა და ზედამხედველობის გარეშე. კვირაში ერთხელ იკრიბებოდნენ, ლადო გრიგოლია ამოწმებდა იმ ეტაპზე შესრულებულ სამუშაოს და თითოეული ჯგუფის წევრს აძლევდა მცირეოდენ, მაგრამ არსებით შენიშვნებს. ასე, რომ ყოველ ჯგუფს და მის ყველა წევრს საშუალება ჰქონდა სრულად გამოემჟღავნებინა თავისი შესაძლებლობა, ნიჭი და შემოქმედების უნარი. დეკადის აფიშების საერთო მხატვრული სტილი კი განსაზღვრა თვით ლადო გრიგოლის მიერ შექმნილმა დეკადის გერბმა და ამ ღონისძიების საერთო აფიშამ, რომელიც თავისი მაღალმხატვრული დონით, შესრულების ლაკონიურობით, დახვეწილი მარტივი კომპოზიციით, პირობითად რომ ვთქვათ, „გზამკვლევს“ და თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენდა თითოეული ჯგუფის წევრისათვის.
ლადო გრიგოლიამ შეასრულა დეკადისათვის განკუთვნილი გერბი: (ილ. 21) ზოლებით შემოვლებული ჩარჩოთი იკვრება მოგრძო ფორმის არე, რომელიც ზედა ნაწილში სწორხაზოვნადაა დაბოლოებული, ქვევით კი, გვერდებზე ჩამოსული ზოლები ოვალურ ფორმას იღებს, ცენტრში ერთმანეთს უერთდება და წაწვეტილი ფორმით სრულდება. ზედა ნაწილში ჩარჩოს დამაგვირგვინებელი სამხაზოვანი ზოლი აქეთ-იქეთ სცილდება გვერდითა ჩარჩოს ზოლებს და არ ეძლევა დასრულებული სახე, ხაზთა დაბოლოები  არ არის შემოსაზღვრული. ეს იმისთვის დასჭირდა მხატვარს, რომ გერბის კომპოზიცია, რომელიც დეკადისათვის შექმნილ ყველა გრაფიკულ გამოსახულებაზე დაიტანებოდა, ამგვარი „დაუსრულებლობით“ შეერწყმებოდა, დაუკავშირდებოდა სარეკლამო სამუშაოებზე მომუშავე სხვა მხატვრების მიერ შექმნილ ამა თუ იმ კომპოზიციას, პლაკატი იქნებოდა ეს, მოსაწვევი ბარათი თუ პროგრამის გარეკანი.

დეკადის გერბი. მხატვარი ლ. გრიგოლია

მარტივი მოჩარჩოების შიგნით მოქცეულ არეზე  საბჭოთა კავშირისა და საქართველოს რესპუბლიკის დროშებია გამოსახული, ძირითად სიბრტყეზე კი დეკადის დასათაურების ტექსტია განთავსებული.
გერბის კომპოზიციას იმეორებს დეკადის საერთო აფიშაც, ლაპიდარული წარწერა,  მარტივი მოხაზულობის ასოებით, ნათლად აღსაქმელია. წარწერის ზევით, თავისუფალი თეთრი არეა დატოვებული, რომლის ცენტრში დეკადის გერბია დასმული. (ილ. 22)

დეკადის საერთო აფიშა. მხატვარი ლ. გრიგოლია

სრულიად მარტივი ელემენტებისაგან შედგენილი გერბისა და  მთავარი სარეკლამო პლაკატის კომპოზიცია თავისი ლაკონიურობით, დახვეწილი ფორმებითა და წმინდა გრაფიკული გამომსახველობით, როგორც აღვნიშნეთ, უკვე განსაზღვრავდა იმ  პრინციპს, რითაც უნდა ეხელმძღვანელათ სხვა მხატვრებს, რადგან ეს გერბი  დეკადისათვის განკუთვნილი ყველა სხვა გასაფორმებელი ელემენტის შემადგენელი ნაწილი უნდა გამხდარიყო.
დეკადის ღონისძიებების მაუწყებელ მეორე საერთო აფიშაზე შავ ფონზე თეთრი და ოქროსფერი ფერით შესრულებული ტექსტია მოცემული.  მუქი ფონი მთლიანად დაფარულია მაქმანისებური ვაზის ხვეულის მსგავსი ორნამენტით, დეკორი მთელ სიბრტყეზეა გაშლილი და შრიფტთან ერთად მდიდრულ კომპოზიციას ქმნის.
დეკადის აფიშის და შრიფტის შესრულებისას ის სტილი, რითიცაა შესრულებული დეკადის აფიშა და შრიფტი ლადო გრიგოლიას შემოქმედებაში 1950-იანი წლების მიღწევებიდან მომდინარეობს. ამ პერიოდში მის მიერ შექმნილი წიგნები იმავე პრინციპითაა განხორციელებული: - გამარტივებული გრაფიკული ორნამენტი, დეკორის ეროვნული ელემენტების თანამედროვე ენაზე ამეტყველება, დახვეწა, სრულიად ახლებური ინტერპრეტაციის მინიჭება. ეს არის მხატვრის ხელწერის ის ნიშნები, რაც 1950-იან წლებში მის მიერ გაფორმებულ წიგნებში იკვეთება.
ყოველი ცალკეული თეატრისათვის შესრულებული აფიშები განსხვავებული ხელწერითაა შექნილი.
ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრის აფიშებზე ლადო გრიგოლიამ და ინა დივნაგორცევამ იმუშავეს. ამ თეატრის ყველა სპექტაკლის აფიშა ერთი პრინციპითაა შედგენილი.  სარეკლამო კომპოზიციის შუა ცენტრალური არე მონაცვლეობითად ერთი ფერისაა (შავი, წითელი, ვარდისფერი). ცენტრის აქეთ-იქეთ დარჩენილი არეები შედარებით ღია ფერთაა გადაწყვეტილი (ხშირად თეთრია). ცენტრალური არეს კიდეები დაკბილული ბოლოებით სრულდება, რომელიც მას მთელ სიგრძეზე ასდევს. ღია ფერის არეზე დატანილი უწყვეტი ზოლი, შედგენილია პატარა რტოსა და ბურთულების ელემენტებისაგან, ზოგ შემთხვევაში ეს მცენარეული ორნამენტი დაფნის ფოთოლსა და კოკორს გვაგონებს, ზოგ შემთხვევაში კი - რკოსა და მუხის ფოთოლს. (ილ. 23) ცენტრალურ, მუქი ფერის არეზე შრიფტია განთავსებული, ადვილად წასაკითხი, ჩამოსხმული ასოები კომპოზიციურად ზუსტად მოძებნილ ადგილებზეა დასმული და მხოლოდ შრიფტით შექმნილ დასრულებულ, დახვეწილ კომპოზიციებს ქმნის. აფიშის ცენტრში, ზედა ნაწილში, მრგვლად გამოყოფილ არეზე ალექსანდრე გრიბოედოვის პროფილში გამოსახული სილუეტია  (ანუ თეატრის ემბლემა), რომელიც ბეჭედივით აქვს დასმული ამ თეატრის წარმოდგენის ყველა აფიშას.

ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის აფიშები. მხატვარები: ლადო გრიგოლია, ინა დივნაგორცევა-გრიგოლია.ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის აფიშები. მხატვარები: ლადო გრიგოლია, ინა დივნაგორცევა-გრიგოლია.

გვერდებზე დატოვებულ ღია ფერის არეებზე,  ზედა მარცხენა მხარეს დეკადის ემბლემაა, ქვედა მარჯვენა მხარეს კი -  რუსული შრიფტით შესრულებული დეკადის დასათაურების აღმნიშვნელი წარწერა.
ალექსანდრე გრობოედოვის თეატრის აფიშები გამოირჩევა დახვეწილი, სადა კომპოზიციებით, ფერადოვნება ძალზე თავშეკავებულია და მკაცრად, ორგანიზებულადაა გამოყენებული. ცენტრალური ნაწილის დასაფარავად მოცემულია სპექტაკლის ხასიათს მისადაგებული  ფერი. როგორც აღვნიშნეთ, ყველა აფიშისთვის სხვადასხვა ფერია შერჩეული. მაგალითად: სპექტაკლისათვის „კიკვიძე“ფონად წითელი ფერია გამოყენებული, სპექტაკლის  შინაარსის რევოლუციური ხასიათის გასახსნელად. სპექტაკლისათვის(ილ. 24)  „მგზნებარე მეოცნებე“  – ფონზე ვარდისფერია გამოყენებული. მხატვრები ზოგჯერ ამა თუ იმ ატრიბუტზე მიანიშნებენ, მაგალითად: „ხევისბერი გოჩა“ (ილ. 25-26) - ფონზე ძლივს შესამჩნებლად მოჩანს ხმლის ტარისა და, ქვევით, ხმლის წვერის კონტური. ფონი კი შავია, რაც პიესის დრამატულ ხასიათს ესადაგება.

ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის აფიშები. მხატვარები: ლადო გრიგოლია, ინა დივნაგორცევა-გრიგოლია.ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის აფიშები. მხატვარები: ლადო გრიგოლია, ინა დივნაგორცევა-გრიგოლია.

ამ აფიშებში გამოხატულია მხატვართა მაღალი პროფესიონალიზმი, განზოგადებულ კომპოზიციები, მათ ლაკონიურ გადაწყვეტაში მინიმალურად გამოსახული ელემენტებითაა მიღწეული მაქსიმალური გამომსახველობა. მჟღავნდება შრიფტის ხელოვნების სრულფასოვანი ფლობა, ზუსტად შერჩეული ლოკალური, ჟღერადი ფერით, მარტივი, ხაზობრივი ორნამენტული ელემენტებითა და შრიფტის ურთიერთშეხამებითაა მიღწეული სპექტაკლთა შინაარსის მიმანიშნებელი სრულყოფილი გამომსახველობა.
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სპექტაკლების აფიშები (მხატვრები: შოთა კუპრაშვილი, ვახტანგ გიორგობიანი, სერგო კაშხიანი) განსხვავებული, თავისებური გადაწყვეტით გამოირჩევა. აფიშათა კოლორიტი ძუნწი ფერადოვნებით შემოიფარგლება, ძირითადად გამოყენებულია მოყავისფრო-მოოქროსფრო და ნაცრისფერი ფერები. აფიშები მარტივი კომპოზიციური აგებით გამოირჩევა და ყველა მათგანს აქვს საერთო შემადგენელი ელემენტები. ფორმატის ზედა ნაწილში, მოყავისფრო-მოწითალო ფერის სიბრტყეზე განაწილებულია თეატრის ტიტულის აღმნიშვნელი შრიფტი, ღია ფერის, ოქრისა და თეთრის ურთიერთშეხამებით.
საერთო სამაუწყებლო აფიშის კომპოზიცია, ძირითადად, მხოლოდ შრიფტითაა შედგენილი, ჩამოწერილია  ხუთი სპექტაკლის სათაური. ტექსტი ერთმანეთისაგან წვრილი, სწორი ხაზებითაა გამოყოფილი. წარწერები შავი ფერით სრულდება და ღია ოქრის ფონზე მარტივი მოხაზულობის გამო იოლი წასაკითხია მაყურებლისათვის.  კომპოზიციის მარცხენა მხარეს დატოვებული თავისუფალი არე ქართული ორნამენტის ვერტიკალური ზოლითაა შევსებული. (ილ. 27)

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სპექტაკლების აფიშები. მხატვრები: შოთა  კუპრაშვილი, ვახტანგ გიორგობიანი, სერგო კაშხიანი

თითოეული სპექტაკლის აფიშის კომპოზიციური აგების პრინციპი ასეთივეა. ზოგიერთი სპექტაკლის ხასიათის გამოვლენა აფიშის კომპოზიციაში, მხოლოდ ნეიტრალური ფერადოვნებით მიიღწევა („ოიდიპოს მეფე“, „ოპტიმისტური ტრაგედია“), ზოგან კი გამოყენებულია სპექტაკლის შინაარსობრივი კვანძის გასახსნელი ესა თუ ის ელემენტი. (ილ.28)

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სპექტაკლების აფიშები. მხატვრები: შოთა  კუპრაშვილი, ვახტანგ გიორგობიანი, სერგო კაშხიანი

„ტარიელ გოლუას“  სპექტაკლის აფიშის ფონზე მიმქრალი ფერით სრულდება ქვის სახლისა და ხეების გამოსახულება, ერთგვარად ილუსტრირდება ის გარემო, სადაც სპექტაკლის მოქმედება ვითარდება, მაგრამ ფონზე შესრულებული ნახატი იმდენად მქრქალი ფერითაა წარმოდგენილი, რომ მნახველს თვალში არ ეცემა. იგი უფრო ფონს წარმოადგენს წარწერისათვის, შრიფტის მსხვილი ფორმა და შავი ფერით ჩამოსხმული ასოები დომინირებს აფიშის საერთო კომპოზიციაზე. ასე, რომ ამ აფიშებში ძირითადი როლი მაინც შრიფტს ეთმობა. სპექტაკლის დასათაურება, მაყურებლამდე მიტანა, წარდგენა არის მთავარი ამოცანა, რომელიც მხატვრებმა დაისახეს მიზნად და ამისათვის მარტივი გრაფიკული ენა აირჩიეს - განზოგადება, ყოველგვარ ზედმეტ დეტალიზაციაზე უარის თქმა და ფერთა თავშეკავებული გამოყენება. (ილ. 29)

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სპექტაკლების აფიშები. მხატვრები: შოთა  კუპრაშვილი, ვახტანგ გიორგობიანი, სერგო კაშხიანი

ოპერის თეატრის სპექტაკლებისათვის შექმნილი აფიშები (მხატვრები ოთარ ჯიშკარიანი, დავით დუნდუა, ნოდარ მალაზონია) მკვეთრად განსხვავდება შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის აფიშებისაგან. პირველ რიგში - ფერის გამოყენების თვალსაზრისით. ყველა მათგანის ფონად მკვეთრი წითელი ფერია  გამოყენებული. (ილ. 30) წითლისა და შავის ურთიერთშეთანხმებით იგება აფიშათა კომპოზიციები. შავი ფერით შესრულებული შრიფტი მკვეთრ კონტრასტად აღიქმება წითელ ფონზე. ზოგჯერ, მხოლოდ შრიფტია მთავარი გასაფორმებელი ელემენტი, ზოგჯერ კი, საოპერო სპექტაკლის შინაარსიდან გამომდინარე, რაიმე გამოსახულებაა ჩართული მაგ. „დაისის“ აფიშაზე, წარწერის ქვეშ, ოქროსფერი წვრილი კონტურით მთების სილუეტებია გამოხატული „ოტელოში“ ქალაქ ვენეციის ღერბი  შრიფტთან შესატყვისადაა ჩასმული. (ილ. 31)

30ზაქარია ფალოიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლებისათვის შექმნილი აფიშები. მხატვრები: ოთარ  ჯიშკარიანი, დავით დუნდუა, ნოდარ მალაზონიაზაქარია ფალოიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლებისათვის შექმნილი აფიშები. მხატვრები: ოთარ  ჯიშკარიანი, დავით დუნდუა, ნოდარ მალაზონია

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის აფიშები (მხატვრები: მერაბ და ელგუჯა ბერძენიშვილები, ირაკლი გორდელაძე, ლეონარდო შენგელია) უფრო მრავალფეროვანია. თუ ოპერის თეატრისათვის შექმნილი აფიშები, შავისა და წითლის კონტრასტით, სიმბოლურად ოპერის თეატრის სპექტაკლთა ზოგად ხასიათს გადმოსცემდა, მუსიკის ძლიერი აკორდების წარმოსახვის ასოცირებისთვის იქმნებოდა, ამ შემთხვევაში, მხატვრები, ფერის და კომპოზიციის საშუალებით, უფრო თითოეული, კონკრეტული სპექტაკლის ხასიათის გამოხატვას ცდილობენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ ნამუშევრებში გამამთლიანებელი, საერთო ელემენტები მაინც საკმაოდაა შენარჩუნებული. ყველა აფიშას ახლავს  გერბი, თეატრის ტიტულის აღმნიშვნელი შრიფტის ერთნაირი განაწილება,  საერთოა შრიფტითა და ფერით აზროვნების პრინციპიც. აქაც გამოიყენება ცალკეული სიმბოლური ელემენტები, მაგრამ აფიშები ბევრად უფრო ცხოველხატულია და ამა თუ იმ სპექტაკლის ინდივიდუალური ხასიათიც გამძაფრებულია.
ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილის“ აფიშა (ილ. 32) ღია ტონის მწვანე ფერითაა დაფარული, ზედა მარცხენა კუთხეში თეატრის სატიტულო შრიფტია განაწილებული მოთეთრო-მოყვითალო ფერით და ნათლად იკითხება მწვანე ფონზე. შრიფტის ღია ფერს ეპასუხება სპექტაკლის სათაურის წარწერა, რომელიც კომპოზიციის მარჯვენა მხარეს არის განაწილებული. ორხაზოვანი, წაგრძელებული ფორმის ასოები, თანაბარი რიტმით, მკაცრი ფორმებით თითქოს აკავებს ფონზე გამოსახული ელემენტების ლირიკულ განწყობას და სპექტაკლის ხასიათს აკონკრეტებს. მწვანე  ფონი ბალახით დაფარული მინდვრის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელზეც გაბნეულია ფერადი ყვავილები. ხასხასა ფონზე ეულადაა დაგდებული ხევსურული ორნამენტით შემკული გრძელი თავსაბური. პირობითად გამოსახულ მშვენიერ, ნაირფერი ყვალილებით მორთულ მინდორზე დასმული მკაცრი, ჩამოსხმული ფორმის შრიფტი სპექტაკლის ხასიათის გამოვლენას ემსახურება, ლირიკული, ფაქიზი ოცნების სამყაროდან მკაცრი რეალობისკენ აბრუნებს მაყურებელს. აფიშაში სიმბოლურადაა ჩადებული ნაწარმოების ტრაგიკული ხასიათი.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის აფიშები. მხატვრები: მერაბ და ელგუჯა ბერძენიშვილები, ირაკლი გორდელაძე, ლეონარდო შენგელია

სპექტაკლის „ესკადრის დაღუპვა“ (ილ. 33) აფიშის ღია მოცისფრო-ნაცრისფერ ფონზე,  შინაარსიდან გამომდინერე, კონკრეტული განწყობის კომპოზიციაა გამოსახული,  გამოიკვეთება მეზღვაურის შემართული, მებრძოლი ფიგურა, რომელსაც აწეულ ხელში, ზურგს უკან აფრიალებული წითელი დროშა უჭირავს. მამაკაცის პროფილით გამოსახული მკაცრი სახე, უკან მიბრუნებული თავი, მიმართული მზერა თითქოს უკნიდან მომავალთ დასცქერის. ფონზე თეთრი ლაქები თოლიების ფორმას იღებს. ნახატი არ არის ზადმიწევნით დაკონკრეტებულად მოცემული, განზოგადებულია, ფონთან შერწყმულ მიმქრალ ილუსტრაციას წარმოადგენს. აფიშის კომპოზიციაში მაყურებლის ყურადღებას, უპირველესად, ორხაზოვანი მოხაზულობის მსხვილი შრიფტით შესრულებული წარწერა იქცევს, ტექსტი იღებს ძირითად დატვირთვას,  ნახატი კი, შრიფტის უკან, ფონად აღიქმება. სხვა თეატრების აფიშებისგან განსხვავებით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის აფიშებზე არ არის მკაცრად განსაზღვრული ადგილი თეატრის ტიტულისათვის და გერბისთვის. მხატვრები იმისდა მიხედვით ცვლიან მათ ადგილს, თუ სად მოითხოვს მათ განთავსებას თითოეული, კონკრეტული კომპოზიცია, მაგრამ ტიტულის აღმნიშვნელი ტექსტის ფორმა კი უცვლელია ისევე, როგორც გერბი.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის აფიშები. მხატვრები: მერაბ და ელგუჯა ბერძენიშვილები, ირაკლი გორდელაძე, ლეონარდო შენგელია

აფიშა სპექტაკლისათვის „გზაჯვარედინზე“ ნეიტრალურ მუქ მოშინდისფრო ფონზეა წარმოდგენილი, ცენტრში მახვილია გამოსახული, რომელსაც ტართან დახვეული გრაგნილი კვეთს. კომპოზიციის სისადავე, მცირე ნიუანსების მიმანიშნებელი ელემენტებით მოკლე ინფორმაციულ შეტყობინებას იძლევა სპექტაკლის ხასიათის შესახებ.
„რაიკომის მდივანი“-ს აფიშა ფერადოვნებით გამოირჩევა. (ილ. 34) ფორმატის მთელი სიბრტყე დაფარულია მუქი მომწვანო-მოლურჯო ფერით, რომელზეც გამოიკვეთება მთებისა და დაბალი გორაკების გამოსახულებები. კომპოზიცია, სიბრტყობრივი, ლაქობრივი განლაგებით, ზევიდან დანახული ხედით, ერთგვარად გვაგონებს დავით კაკაბაძის იმერეთის პეიზაჟებს. განზოგადებული ლაქობრივი ნახატი გაცოცხლებულია ნარინჯისფრის, ვარდისფრის, თეთრის ნიუანსებით, მთათა გამოსახულებებში ჩასმული მსხვილი და წვრილი ზოლებით, რომლებიც დამუშავებული მიწის ნაკვეთის, ზოგ შემთხვევაში კი ჩაის ბუჩქების გამოსახულებებს გვაგონებს. წინა პლანზე თეთრი შრიფტით სპექტაკლის სათაურია შესრულებული.   აფიშის  ფონზე განთავსებული ნახატი ფორმატის საკმაოდ დიდ ნაწილზე იშლება და ფერადოვნადაც აქტიურია, თუმცა, მეორეხარისხოვანი როლი ენიჭება, რადგან მთავარი მაინც ინფორმაციის მომწოდებელი ტექსტი ხდება.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის აფიშები. მხატვრები: მერაბ და ელგუჯა ბერძენიშვილები, ირაკლი გორდელაძე, ლეონარდო შენგელია

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სპექტაკლთა აფიშებშიც მკაფიოდ ჩანს, რომ   მხატვრებმა შეძლეს თავისი ინდივიდუალური ხელწერის გამოვლენა.
გარდა ამა თუ იმ თეატრის სპექტაკლებისა, მხატვრებმა გააფორმეს, აგრეთვე, სხვადასხვა ტიპის გამოფენების, ცალკეული კონცერტების, ლიტერატურული საღამოების  აფიშები. განსაკუთრებით გამოირჩევა ვახტანგ გიორგობიანის, სერგო კაშხიანისა და შოთა კუპრაშვილის მიერ შექმნილი აფიშა „ლიტერატურული საღამოებისათვის“, რომელიც სრულიად მარტივადაა გადაწყვეტილი: - აფიშის კომპოზიციის მუქ მოშინდისფრო ფონზე კონტრასტულადაა დასმული გაშლილი თეთრი ქაღალდი, რომლის ბოლოები დახვეულია და გრაგნილის  ფორმას გვაგონებ. ნათელ ფონზე კარგად იკითხება ოქროსფრით შესრულებული წარწერა. (ილ.  35)

აფიშები:  „ლიტერატურული საღამოები“. მხატვრები: ვახტანგ გიორგობიანი, სერგო კაშხიანი, შოთა კუპრაშვილი.

ამგვარივე ლაკონიური შესრულებით გამოირჩევა „კამერული მუსიკის საღამოების“, „სიმფონიური ორკესტრის კონცერტის“ აფიშები,  რომელთა კომპოზიციებშიც მცირე მინიშნებითაა შეტანილი კონცერტისათვის განსაზღვრული ამა თუ იმ ინსტრუმენტის სილუეტები, ზოგჯერ კი კომპოზიცია მხოლოდ შრიფტით სრულდება  ფერადოვან ჟღერად ფონზე (გამოყენებულია ყვითლისა და შავის, წითლისა და ოქროსფრის, წითლისა და თეთრის კონტრასტი). 
ასევე, მარტივი და ეფექტური გადაწყვეტით გამოირჩევა „საქართველოს სახელმწიფო კვარტეტის“ აფიშა (მხატვრები: ოთარ ჯიშკარიანი, ნოდარ მალაზონია, დავით დუნდუა), რომლის შესახებაც ნ. დენისოვსკი წერს: „აი კიდევ აფიშა: შავი ვიოლინო თეთრ ფონზე „საქართველოს სახელმწიფო კვერტეტი“ (ავტორები: ო. ჯიშკარიანი, ნ. მალაზონია, დ. დუნდუა). ბევრჯერ გვინახავს აფიშები საკვარტეტო ხელოვნებაზე, მაგრამ არც ერთი არ დაგვხსომებია, ეს ვიოლინო კი ჩვენ დაგვამახსოვრდა იმიტომ, რომ მხატვრებმა მონახეს მაყურებლისათვის გასაგები და დასამახსოვრებელი ენა“...Декада Грузинского искусства и литературы в Москве, Март 1958, Сборник материалов. gv. 305-307მაღალ შეფასებას აძლევს დეკადისათვის შექმნილ პლაკატებს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ანელი  ვოლსკაიაც.ანელი ვოლსკაია, პლაკატი ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში. ჟ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1958, # 3, გვ. 48
მგზნებარე ტემპერამენტი იღვრება ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთა კონცერტების აფიშებიდან (მხატვარი მერაბ ბერძენიშვილი). შავჩოხიანი მოცეკვავე მამაკაცის შემართული სილუეტი, გაშლილი მკლავებით, ფეხის წვერებზე შემდგარი სხეულით, მკაფიო ლაქად აღიქმება პლაკატის ყვითელ ფონზე. ფიგურის უკან გამოსახული რიტმულად შამწკრივებული მოცეკვავე ქალთა ფიგურები, ნაზი, მოკრძალებული დგომით კონტრასტს ქმნიან მამაკაცის ტემპერამენტით აღსავსე, მოძრავ სხეულთან. აფიშა მეტად შთამბეჭდავია, იოლად აღსაქმელი და ადვილად დასამახსოვრებელი. იგი ზუსტად მოძებნილი გამომსახველობითი ელემენტებით, ნათლად გამოხატავს ქართული ხალხური ცეკვის ხასიათს. (ილ.36)

ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტის  აფიშა. მხატვარი: მერაბ ბერძენიშვილი.

თითოეული ჯგუფი მკაფიოდ ავლენს მათ წინაშე დასმული ამოცანისადმი საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვას. ამას ნ. დენისოვსკიც აღნიშნავს: „ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სხვადასხვა თეატრის აფიშები, რომლებიც ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურეს დეკადისთვის არის წარმოდგენილი, განსხვავდება ერთმანეთისაგან. ოპერისა და ბალეტის თეატრის აფიშები, რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის თეატრის აფიშები არ აგერევათ ერთმანეთში, ისინი განსხვავდებიან, მაგრამ, ამავე დროს, ახლოს არიან ერთმანეთთან და ლაპარაკობენ ქართული ხელოვნების ერთიანობაზე. ისინი განსხვავდებიან ყველა იმ აფიშისაგან, რომლებიც კი აქამდე გვინახავს ჩვენს ქუჩებში...“ და იქვე დასძენს,  რომ ქართულ პლაკატს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკების პლაკატებს შორის.Декада Грузинского искусства и литературы в Москве, Март 1958, Сборник материалов. gv. 305-307 (ილ. 37-41)

1958 წლის დეკადის ფოტოები1958 წლის დეკადის ფოტოები

1958 წლის დეკადის ფოტოები1958 წლის დეკადის ფოტოები
1958 წლის დეკადის ფოტოები
დეკადის აფიშების გაფორმებისათვის გამოყენებული მხატვრული მოტივები გაგრძელებას პოულობს სპექტაკლებისა თუ სხვადასხვა ღონისძიებებისათვის შექმნილი პროგრამებისა და მოსაწვევი ბარათების გაფორმებაში. სარეკლამოდ განსაზღვრული ყველა ელემენტი: აფიშა, მოსაწვევი ბარათი, პროგრა - გამოირჩევა ყოველგვარი დეტალიზაციის გარეშე შედგენილი ლაკონიური კომპოზიციებით, მკაფიოდ განსაზღვრავენ თავის დანიშნულებას, შრიფტითა და ფერით მიღწეულია ძირითადი გამომსახველობა და მხოლოდ ცალკეული წარმოდგენისათვის საჭირო მცირე ნიუანსია მინიშნებული. 
ქართველი მხატვრების მიერ ღრმა გააზრებით მიწვდილმა სარეკლამო სავიზიტო პოსტერებმა  უდიდესი როლი შეასრულა უცხო ქალაქში. ეს იყო მხატვართა ჯგუფის მიერ განხორციელებული  ჩანაფიქრი, ფართო  საზოგადოებაზე ზემოქმედების პირველი ცდა, რომელმაც ქართული დეკადის ღონისძიებების წარმეტებებსაც შეუწყო ხელი და საკმაოდ მყარი საფუძვლიც  ჩაუყარა ქართული სარეკლამო ხელოვნების მომავალ  განვითარებასაც.

საილუსტრაციო მასალა გამოყენებულია:
ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატების კოლექციიდან - http://dspace.nplg.gov.ge/
წიგნიდან: Декада Грузинского искусства и литературы в Москве, Март 1958, Сборник материалов. "Заря Востока", Тб., 1959

 


ნანახია: 13230-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani