Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ოშკისა და იშხნის ტაძრების აღდგენის გამო

There are no translations available.

როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირაში ხელი უნდა მოეწეროს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ოშკისა და იშხნის ტაძრების აღდგენას ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით.

ძნელი წარმოსადგენია, ვინმეს, ვისაც გული შესტკივა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, არ გახარებოდა ამ ერთი ხანია დაყოვნებული და, ლამისაა, უიმედოდ ქცეული საქმის სასიკეთოდ დაგვირგვინება. ეს მით უფრო გასახარია, რომ არა მარტო უზრუნველყოფილი იქნება ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ორი გამორჩეული ნაწარმოების სამომავლო არსებობა, არამედ ისახება თურქეთის სხვა ქართულ სიძველეთა გარდაუვალი დაღუპვისაგან გადარჩენის იმედიც.

 

0102


ვისაც საქმე ჰქონია სიძველეთა დაცვის საქმესთან, იცის, რა სიძნელეებთანაა დაკავშირებული ამგვარი საერთაშორისო თანამშრომლობა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მრავალი წლის მანძილზე ოშკის, იშხნის, ოთხთა ეკლესიის, ხანძთის თუ სხვა ქართული ეკლესია-მონასტრებისა თუ ციხე-სიმაგრეების აღდგენა-გამაგრება კი არა, ნახვაც კი ქართველ მეცნიერთა თუ სიძველეთა მოყვარულთა ფუჭი ნატვრა იყო. ვითარების ასე შემობრუნება, პირველ რიგში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეერთებული ძალისხმევის და, ამასთან, ჩვენი საზოგადოების მონდომების ნაყოფია.

 

0304

 

დასაფასებელია თურქული მხარის პოზიციაც, მისი კეთილი ნება გაითვალისწინოს ჩვენი სურვილები და გამონახოს ოშკისა და იშხნის (სავარაუდოდ, მერე და მერე, სხვა ძეგლებისაც) აღდგენით სამუშაოებში ქართველ მკვლევართა თუ რესტავრატორთა ჩაბმის გზები.

შესაძლებელია ამ დიდსა და საშურ საქმეს პრობლემებიც ახლდეს. ისიც შესაძლებელია, რომ სხვანი მას ჩვენგან განსხვავებულად ხედავდნენ და აფასებდნენ. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოების გონიერება და სიმტკიცე ნებისმიერ დაბრკოლებას გადაგვალახინებს და ნებისმიერ საფრთხეს აგვარიდებს.

 

0506


მოუთმენლად მოველით სახელმწიფოთშორისი მოლაპარაკებების დასრულებასა და ოშკისა და იშხნის ტაძრებზე აღდგენითი სამუშაოების დაწყებას, რაც იხსნის ამ ძლიერ დაზიანებულ ნაგებობებს დაღუპვის საშიშროებისგან.

 



გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების

ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის

სამეცნიერო საბჭო


ნანახია: 7966-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani