Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ინტერვიუ მხატვარ–კერამიკოს ნანა კიკნაძესთან

სოფიო ჩიტორელიძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა
და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი.


1960-იანი წლები ქართული კერამიკული ხელოვნების განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ამ დროს ნიჭით გამორჩეული არაერთი  ხელოვანი გამოდის შემოქმედებით ასპარეზზე, რომელთა ერთობლივმა მოღვაწეობამაც განსხვავებულ, მაღალ მხატვრულ და პროფესიონალურ დონეზე აიყვანა კერამიკული ხელოვნება, საყოველთაო აღიარება მოუტანა მას და საპატიო ადგილი დაუმკვიდრა თანამედროვე დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ისტორიაში. ამ სახლგანთქმული სკოლის სათავეებთან დგას მხატვარ-კერამიკოსი ნანა კიკნაძეც რომელიც მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს როგორც ხელოვანი, გამოყენებითი ხელოვნების ისტორიკოსი და პედაგოგი. მან თავისი  პროფესიონალიზმით, საქმის  სიყვარულით და დაუღალავი შრომით ხელი შეუწყო დეკორატიული ხელოვნების აღნიშნული დარგის განვითარებას.
განსაკუთრებულია მისი როგორც შემოქმედის როლი. მან შექმნა არაერთი საეტაპო კერამიკული ნამუშევარი. მხატვრის მრავალსახოვან ნაკეთობებს შორის გვხვდება განსხვავებული ზომის ლარნაკები, ხილის თასები, კედლის დეკორატიული თეფშები, ქართული სუფრის სერვიზები, სასმისები, სუვენირები და ა.შ.  ნამუშევრებს, ძირითადად,  ტერაკოტაში (წითელი თიხა) ასრულებს, დეკორატიული გაფორმებისათვის მიმართავს შებოლვისა და  აღდგენითი ჭიქურებით შემკობის ტექნიკას, ასევე, ანგობის საღებავებით მოხატვის მეთოდს. ნ. კიკნაძის ნამუშევრებში ვლინდება როგორც ღრმა ინტერესი ისტორიული კერამიკისადმი, ასევე, ახალი ფორმების თამამი შემოთავაზება, რომლის ორიგინალური სინთეზითაც მხატვარი ქმნის  თანამედროვე კერამიკის ახალ სახეს. მისი შემოქმედების მთავარ სახვით სამეტყველო ენას ნაკეთობის ფორმა წარმოადგენს, რომელიც ლაკონიურობით, გამომსახველი სილუეტითა და მოხაზულობით გამოირჩევა. ნიმუშებზე სამკაულად გამოყენებული კეცში ჩაკვეთილი თუ რელიეფური ორნამენტი ექვემდებარება ფორმას და აქცენტირებას უკეთებს მას. იგივე ფუნქციას ემსახურება ნაკეთობის დეკორზე ძუნწად გამოყენებული ფერადოვანი ლაქებიც.
გარდა იმისა, რომ ქ-ნი ნანა პრაქტიკოსი კერამიკოსია, იგი ავტორია ცალკეული სტატიებისა და მონოგრაფიების გამოყენებითი ხელოვნების დარგში. ამასთან ერთად, ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას,  გამოირჩევა სტუდენტებისადმი თბილი და გულისხმიერი დამოკიდებულებით. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი მოწმეა და უშუალო მონაწილეა იმ ისტორიული მოვლენებისა და შემოქმედებითი პროსეცებისა, რაც თანამედროვე დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვოვნების სფერში 1950-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე მიმდინარეობს. შესაბამისად, იგი ფლობს არაერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. სწორედ ამ მიზეზით ვესტუმრე მას და არც შევმცდარვარ. მართლაც,  წინამდებარე ინტერვიუ ზოგად სურათს გვიქმნის მხატვარ-კერამიკოსის პიროვნებასა და შემოქმედებაზე. მხატვარი გვაწვდის საგულისხმო ცნობებს თბილისის სამხატვრო აკადემიის ისტორიაზე, საუბრობს „60-იანი“ წლების კერამიკის  მნიშვნელობაზე, მისი  ჩამოყალიბების თავისებურებებზე, არსებულ პრობლემებსა და შედეგებზე. ვფიქრობ, ყოველივე ეს, უდაოდ, საინტერესოა, როგორც ამ დარგის სპეციალისტებისა და თეორეტიკოსებისათვის, ასევე, ფართო საზოგადოების წარმომადგენლებისთვისაც.
ინტერვიუ მხატვარ–კერამიკოს ნანა კიკნაძესთან  (ჩაწერილია15.04.2015)

ოჯახი:
მე, ნანა გიორგის ასული კიკნაძე დავიბადე ქ. თბილისში 1928 წლის 18 აპრილს. დედა თამარ კიკნაძე, მამა გიორგი კიკნაძე.

განათლება:
ვსწავლობდი თბილისის პირველ საშუალო სკოლაში, რომელიც 1945 წელს დავამთავრე. პროფესიული განათლების მიღება საკმაოდ გვიან გადავწყვიტე. ბავშვობაში, ისევე, როგორც ყველა ბავშვი, მეც ვხატავდი, მიყვარდა ხატვა, მაგრამ ჩემს თავს უფლება ვერ მივეცი სამხატვრო აკადემიაში შევსულიყავი, რადგან აკადემია ჩემთვის ძალიან ამაღლებული იყო. ხატვით გატაცებამ გარკვეული გამბედაობა მომცა და 1953 წელს მაინც შევედი თბილისის სამხატვრო აკადემიაში კერამიკის სპეციალობაზე. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა კერამიკის ფაკულტეტზე შესვლა. სკოლის პერიოდში ისტორია და არქეოლოგია მიყვარდა, რაც მომავალში კერამიკის სიყვარულში გადაიზარდა, რადგან იგი თავისთავში ორივე მათგანს აერთიანებს. აკადემია დავამთავრე 1959 წელს. ამ წლიდან 1961 წლამდე ვმუშაობდი მხატვრად კერამიკის ექსპერიმენტალურ სახელოსნოში, ხოლო, 1961-63 წლებში გავიარე ხელოვნების ისტორიის კათედრასთან არსებული ასპირანტურის კურსი. (ილ. 1-2)

1.	სუვენირი (1955წ.). წითელი თიხა, ანგობის საღებავები, გამჭვირვალე ჭიქური. სიმაღლე - 9,5სმ.

2.	დეკორატიული ლარნაკი (1950-იანი წლები). წითელი თიხა, ანგობის საღებავები, გამჭვირვალე ჭიქური. სიმაღლე - 8,5სმ.  პირის დიამერტი -5,7სმ.

ბავშვობის  წლების ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი
ჩვენთან ეზოში ცხოვრობდა მხატვარი, ხატვის პედაგოგი, ლეონიდ პოტაპოვი, ცნობილი პიროვნება. ყველა იმ პერიოდის გამოჩენილი მხატვარი (მათ შორის  ძმები ილია და კირილ ზდანევიჩი, ზ. ვალიშევსკი და სხვები) მისი მეგობრები იყვნენ და მასთან ხშირად იკრიბებოდნენ. რატომ გიამბობთ ამას: - ის დიდი ყურადღებით გვეკიდებოდა ჩვენ. ძალიან ხშირად მთელი ეზოს ბავშვებს შეგვაგროვებდა ხოლმე, დაგვირიგებდა ფურცლებს და ფანქრებს, რომ ჩვენ გვეხატა. ნახატებით გამოფენებს ვაწყობდით ქუჩაში და ყველაფერ ამას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ეს  ჩემთვის ბავშვობის დროინდელი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდია, რამაც გავლენა მოახდინა ჩემზე და, შეიძლება ითქვას, სწორედ ამის წყალობითაც მქონდა სიყვარული ხელოვნებისადმი. გარდა ამისა, ჩემს სახლშიც ყველა ხატავდა - მამაჩემი, დეიდაჩემი ელენე. საერთოდ, მხატვრობისადმი გარკვეული ინტერესი მქონდა.

პედაგოგები,  რომლებმაც  გარკვეული  გავლენა  მოახდინა თქვენზე
ეს ცალკე სასაუბრო თემააა, იმოტომ რომ იმ პერიოდში, როცა აკადემიაში ვსწავლობდი, ძნელია რომელიმე მასწავლებლის გამორჩევა, რადგან ყველა მაღალი დონის, არაჩვეულებრივი პედაგოგი იყო. კომპოზიციას  დავით ციციშვილი და ნიკოლოზ გომელაური მასწავლიდა. რომელი ერთი დავასახელო - ბორის შებუევი, სრულიად ახალგაზრდა გოგი ქართველიშვილი, გიორგი სესიაშვილი, შოთა მიქატაძე, დავით წერეთელი, ირაკლი ოქროპირიძე და ბევრი სხვა. ეს იყო ნაკრები, გუნდი ნამდვილი პედაგოგებისა, რომლებიც არა მარტო სპეციალობებს გვასწავლიდნენ, არამედ ხელოვნებისადმი თავიანთი დამოკიდებულებით გვაძლევდნენ მაგალითს. არ მახსოვს, ლექციაზე უსაქმურად ყოფილიყო ჩვენი პედაგოგი ან რომელიმე ჯგუფიდან გასულიყო, ისინი ჩვენთან ერთად ხატავდნენ, ჩვენთან ერთად ძერწავდნენ, მუშაობდნენ, ვსაუბრობდით, ვმსჯელობდით, ვკამათოდით - ბუნებრივია, ხელოვნებაზე. ეს იყო სრულიად სხვა ატმოსფერო, ამიტომ მე გამიჭირდება თითი დავადო რომელიმე ერთ პედაგოგს. მათ ყველამ ერთად, თავისი პროფესიონალიზმით, თავისი ცხოვრებისეული მაგალითით და ნიჭით დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს აღზდაში. ამასთან, ყველა მათგანი  დიდი მხატვარი იყო. ეს ჩემთვის უზომო ბედნიერება იყო. დღეს სრულიად საწინააღმდეგო მოვლენები ხდება ჩვენს აკადემიაში, ისეთი,  რომ არც მინდა ამაზე ვილაპარაკო.

სტუდენტობის დროინდელი მოგონებები
ბევრია მოსაგონებელი, მარტო ჩვენს ფაკულტეტზე კი არ იყო ასეთი შესანიშნავი პედაგოგების თავყრილობა, არამედ მთელს აკადემიაში, ყველა სპეციალობაზე ერთნაირი სული სუფევდა. ეს იყო გამორჩეული სულიერი ტაძარი. ჩვენი ურთიერთობა პედაგოგებთან, იცით, როგორი იყო? პირველ რიგში, დიდ პატივს ვცემდით მათ, მაგრამ ოფიციალობა ჩვენს შორის არ არსებობდა. შეგვეძლო შევკრებილიყავით მთელი კურსი და გადაგვეწყვიტა რომელიმე პედაგიგისთვის საკუთარი ძალებით იუბილე გადაგვეხადა. ვაწყობდით საღამოებს თავისი სუფრით. სულ სხვა განწყობა იყო. ეს ერთი მთლიანი, ბედნიერი ოჯახი იყო. ბ-ნ გიორგი სესიაშვილთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ისტორია: ჩემი სტუდენტობის დროს ძალიან გახმაურდა ფილმი „სიყვარულის ასაკი“ ლოლიტა ტორესის მონაწილეობით. ეს იყო მსუბუქი მუსიკა, რომელიც იმ დროისთვის უცხო იყო ჩვენი მაყურებლისთვის. მთელი თბილისი „გადაირია“, ვინ რამდენჯერ ნახა ფილმი, აღარ იცოდა. ბ-ნ გიორგისაც უნდოდა ფილმის ნახვა და ვერ ახერხებდა, სულ აკადემიაში იყო. ერთხელაც მთელმა კურსმა ვუთხარით: ბატონი გიორგი, წამოდით, ჩვენ წაგიყვანთ ფილმის სანახავად-თქო. როგორ? - გაუკვირდა - ხატვა გვაქვს. გავაცდინოთ, ჩვენც გავაცდენთ  და თქვენც გააცდინეთ. მართლაც წავედით, იმ დღესვე ვიყიდეთ ბილეთები და ჩუმად „წავაცუნცულეთ“ კინოში. უზომოდ კმაყოფილი იყო. აი, ასეთი პატარა ეპიზოდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ჩვენ მას გავუთამამდებოდით და პატივს აღარ ვცემდით.
მახსოვს კიდევ ასეთი ეპიზოდი: აკადემიაში მოვაწყვეთ ახალი წელი. ეს იყო დაახლოებით 1954-55 წელი. ჩვენ თვითონ გავაკეთეთ ყველაფერი, აბსოლუტურად მთელი აკადემია მოვრთეთ და მოვალამაზეთ. მაშინ აკადემიას ვიწრო გასასვლელი კორიდორი  ჰქონდა, სადაც ფანტასტიკური ცხოველების ფიგურები გავაკეთეთ (მაგ., დიდი ობობები), იქ გავლა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ამ გზის გავლით გადიოდი დიდ დარბაზში, სადაც კოსტიუმირებული კარნავალი მოვაწყვეთ. მახსოვს, დიდ სააქტო დაბაზში ვართ ერთ ცეკვა- თამაშში, კოსტიუმებში გამოწყობილები, დარბაზის ზემოთ იყო პატარა ქანდარასავით, საიდანაც უცებ თოკებით ჩამოხტნენ სამი მუშკეტერი  - არქიტექტურის ფაკულტეტის ბიჭები,  ეს იყო შემდგომში ცნობილი სამეული, თეატრის დეკორატორი მხატვრები: ოლეგ ქოჩაკიძე, იური ჩიკვაიძე, ალექსანდრე სლოვინსკი. კონკურსი გვქონდა საუკეთესო კოსტიუმზე.  მთელი ამ მეჯლისის განმავლობაში აკადემიის შემოსასვლეთან იჯდა ერთი მათხოვარი კაცი. ყველაფერი რომ უნდა დამთავრებულიყო და კონკურსის შედეგები უნდა გამოგვეცხადებინა, ისიც თავისი ჯოხით შემოვიდა აკადემიაში. ჩვენ ყველამ მივმართეთ, გასულიყო და ვუხსნიდით, რომ ეს იყო ახალი წლის კარნავალი. ბოლოს ქუდი მოიხადა და  აღმოჩნდა, რომ ეს იყო მხატვარი გივი გოგაშვილი. ულაპარაკოდ მან აიღო პირველი ადგილი.
ახლო მეგობარიც ბევრი მყავდა აკადემიაში: მედიკო ჩიხლაძე, ნაზი ჯალაღანია, ნელი ნოვიცკაია, ძალიან საინტერესო პიროვნებები.

რომელ  სამუშაო  მასალას  ანიჭებთ  უპირატესობას?
მთელი ჩემი შემოქმედება მიმართულია ქართული თანამედროვე კერამიკისათვის ახალი მხატვრული ფორმების და გამოსახვითი საშუალებების ძიებისაკენ, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის სინთეზის განხორციელებისაკენ, მასალის შესწავლისა და მასში არსებული მხატვრული შესაძლებლობების გამოსავლენად. ძირითადი სახეობა, რაშიც ვმუშაობ, არის წითელი თიხა, აღდგენითი ჭიქურები. ფაიფურის მასალაში მხოლოდ სტუდენტობის დროს მიმუშავია, ისიც, მხოლოდ ვხატავდი მზა ფორმას. ბოლო პერიოდში მაინტერესებს რიყის ქვა. (ილ.3)

დეკორატიული თეფში (1960-იანი წლები). შებოლილი კერამიკა, ფერადი ჭიქურის საღებავები.  დიამეტრი - 29 სმ.

რა იყო სადიპლომო ნამუშევრის თემა?
ჩემი სადიპლომო ნამუშევარი ძალიან საინტერესო იყო. ხილის და ღვინის დიდი სერვიზი გავაკეთე. აქ ამოცანა მდგომარეობდა ისტორიული მასალის შემოქმედებით გადამუშავებაში. კომპოზიციის ამოსავალ წერტილად  მუზეუმში დაცული  თრიალეთის  სამარხის თიხის თასის მკაცრი და დახვეწილი ფორმა დავისახე. მთელი ჩემი დიპლომი ამ კერამიკული თასის ხასიათით ავაგე, რასაკვირველია, ეს არ იყო განმეორება. ეს იყო პრინციპი,  რა პრინციპითაც ის თასი იყო გაკეთებული. ფორმის გარდა, ყურადღება გავამახვილე იმავე ბრინჯაოს ხანის გეომეტრიულ ორნამენტზე. ხვეული, პლასტიკურ-დენადი ორნამენტი, რასაც, ძირითადად, ამ პერიოდის კერამიკოსები მიმართავდნენ ნაკეთობების მხატვრული დეკორირებისათვის, პირველმა შევცვალე გეომეტრიული, ტეხილი ორნამენტით და ამით სრულიად სხვა იერსახე მიეცა ნაკეთობას. სადიპლომო ნამუშევარი 1959 წელს გავაკეთე ახლად ჩამოყალიბებულ კერამიკულ-ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიისთვისაც დიდი მიღწევა იყო ხელოვნების ასეთი ნიმუშების შექმნა. ეს იყო სერვიზი 12 კაცზე,  მასში შედიოდა ორი დიდი საკრუშონე, ორი დოქი, თეფშები, ჭიქები და სხვა ნაკეთობები. ხელმძღვანელი დავით ციციშვილი იყო. ძალიან დელიკატურად მხელმძღვანელობდა. ერთი წლით ადრე, როდესაც წინა სადიპლომოზე ვმუშაობდი, მან წინადადება მომცა, შემებოლა ნაკეთობები. მე უარი ვუთხარი და აი, რატომ - ჩემი ნამუშევრების ფორმა ისე ახლოს იყო არქაულთან, რომ შემეშინდა, შებოლვით მსგავსება ზედმეტად არ გამოჩენილიყო. ეს, ჩემი მხრივ, იქნებ, სწორი არ იყო, იქნებ, მე უნდა დავთანხმებოდი ბატონ დავითს და ეს იქნებოდა შებოლბვის ტექნიკით დამზადებული ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი. მაგრამ მე ვარჩიე ჭიქური  და ალბათ, მაინც არ შევმცდარვარ. სხვა ხედვით შექმნილი, განსხვავებული, საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა. სხვათა შორის, ერთი პატარა დეტალი - ფაქტობრივად,  ჩემი სადიპლომო ნამუშევრის შემდეგ, ბევრმა კერამიკოსმა დაიწყო თიხის მასალიდან ასეთი სერვიზების კეთება. ადრე ყველა ფაიფურის მასალაში მუშაობდა, მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც უარი თქვა ფაიფურზე და დავუბრუნდი თიხას. თიხის სიყვარულმა გადამძლია. ამ სერვიზმა, ფაქტობრივად,  გარდატეხა შეიტანა. რა თქმა უნდა, მაშინ მე ამაზე არ ვფიქრობდი, ვაკეთებდი იმას, რაც მომწონდა. მახსოვს, ბ-ნმა ვახტან ბერიძემ მითხრა: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული მასალისადმი შემოქმედებითი მიდგომა“-ო. აი, ასეთი საინტერესო ეპიზოდები მაქვს ცხოვრებაში. (ილ. 4-5)

4.	დეკორატიული ჭურჭელი  მარანი (1960-იანი წლები). შებოლილი კერამიკა, აღდგენითი ჭიქური.  სიმაღლე -25

5.	დეკორატიული სასმისი  მარანი  „შეწყვილებული ირმები“(1965წ.). წითელი თიხა, აღდგენითი ჭიქური. სიმაღლე - 30სმ.

გაქვთ თუ არა სახელოსნო და როგორ იდეალურ გარემოს ისურვებდით მუშაობისთვის?
საკუთარი სახელოსნო არასოდეს მქონია. იდიალური სამუშაო გარემო, ალბათ, ჩემთვის, ისევე, როგორც ყველა მხატვრისთვის, იქნებოდა სახელოსნო. გეტყვით, რა მნიშვნელობა აქვს სახელოსნოს მხატვრისათვის. ყველამ იცის სამხატვრო აკადემიის კერამიკის ექსპერიმენტალური სახელოსნო, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა თანამედროვე კერამიკის ჩამოყალიბების ისტორიაში. ფაქტობრივად,აქ შეიქმნა 1960-იანი და შემდგომი პერიოდის კერამიკაც. სახელოსნოში თავი მოიყარა მართლაც გამორჩეულმა, განსხვავებულმა მხატვრებმა. ყველაფერი ეს დადებითია, მაგრამ რა მოხდა მერე: - ყველა მუშაობდა ერთად, ერთ ოთახში - დაახლოებით 10 კაცი. ამ პირობებში ერთმანეთის გავლენა უდაოდ გვქონდა. ნებისმიერი წამოწყება იმწამშივე ხდებოდა ყველას მისაბაძი, ტიპიური ამ სახელოსნოსთვის და ეს გავლენა უნებლიედ ხდებოდა. ამას ემატებოდა ძალიან მცირე ტექნოლოგიური შესაძლებლობა, მხოლოდ ორი სახეობა - აღდგენა ან შებოლვა, მთელი შემოქმედებითი დიაპაზონი იფარგლებოდა გარკვეული ტექნოლოგიური შესაძლებლობებით. არავითარი ინდივიდუალური მუშაობის საშუალება არ იყო, ყველაფერი იწვებოდა ერთად, ერთ ღუმელში. აი, აქ უკვე იწყება ის მინუსი, რომელმაც გარკვეული უკან დახევა გამოიწვია 1960-იანი წლების კერამიკოსების შემოქმედებაში. ესაა შემოქმედებითი შესაძლებლობების არასრული გამოყენება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმდენად ძლიერი იყო ახალი დარგის, ახალი კერამიკის აფეთქება, რომ რამდენიმე წელიწადი არ ჩანდა ის, რაც გვემართებოდა. ჩვენ გადავიქეცით საამქროდ, გარკვეულ გუნდად. ეს იყო უკვე საშიშროება. ამ მხრივ, სახელოსნოს გარეთ დარჩენილი კერამიკოსები უფრო თავისუფლები იყვნენ. ჩვენ ასეთმა სამუშაო პირობებმა ერთგვარად შეგვბოჭა. მე ბოლომდე ვერ გამოვავლინე ჩემი შესაძლებლობები, ვერც კატო (ეკატერინე ბაბლიძე) და ჟუჟუნა ფორჩხიძე ბოლომდე ვერ გამოვლინდა, იმიტომ, რომ არ იყო ამის საშუალება. რასაკვირველია, სწორედ ამიტომაა საჭირო, მხატვარს ჰქონდეს თავისი სახელოსნო, თავისი ექსპერიმენტის საშუალება. მხატვარი იმიტომაა შემომქმედი, რომ ის ბადებს „რაღაც ახალს“. როცა ამ „ახალს დაბადებს“, მას უნდა დააცადო, თვითონ უნდა გააკეთოს დასკვნა. როდესაც დაბადების პროცესშივე გიყურებენ, რას აკეთებ და ეს გადადის სხვის ხელში, არ არის სასიამოვნო ფაქტი. მართალია, შესაძლებელია „ეს რაღაც“ სხვის ხელში უკეთესიც იყოს და თავისებურად პროგრესიც მოჰყვეს, მაგრამ თვით ინდივიდი, ამ მხრივ, იჩაგრება. ამასთან, ძალიან საინტერესო რამ მოხდა: 1960-70–იანი წლების კერამიკა ისეთივე ფენომენად გადაიქცა, როგორც ისტორიული კერამიკა მთლიანად, როგორც ხალხური კერამიკა, იგივე ფასი დაედო ჩვენს კერამიკასაც. ინდივიდები წინ არ წამოსულა. ეს არის მთლიანი მოვლენა. მართალია, შროშა სხვა არის, თელავი - სხვა და ასე შემდეგ, უამრავი სხვა კერა არსებობს, მაგრამ მთლიანობაში ეს არის ხალხური კერამიკა. ჩვენს შემთხვევაშიც, მე სხვა ვარ, შესაბამისად - ალდე კაკაბაძე, ჟუჟუნა ფორჩხიძე, რაისა ეკალაძე, კატო ბაბლიძე სხვაა და ა.შ. მაგრამ ჩვენ ვართ „60-იანი“ წლების კერამიკოსები, ჩვენ ვართ ერთი მონოლითი, მთლიანობა. სწორედ ეს მთლიანობა უნდა გაითვალისწინონ ხელოვნებათმცოდნეებმა, ვინც 1960-70-იანი წლების კერამიკას განიხილავს. აუცილებელია, ერთმანეთისგან გათიშოს სახელოსნოში მომუშავე მხატვრებისა და მის გარეთ მყოფი თავისუფალი მხატვრ-კერამიკოსების შემოქმედება. სხვა არის ახალგაზრდა თაობა: ქეთინო რუხაძე, ოთარ ვეფხვაძე, გივი უსტიაშვილი და ა.შ. ისინი თვითონ, დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად მუშაობენ, შეიძლება ითქვას, უფრო თავისუფლები არიან. ჩვენ, ამ მხრივ, არ გვქონდა არავითარი შესაძლებლობები. ჩვენ ყველა ვიყენებდით იმ მცირეოდენ ჭიქურებს და იმ გამოწვის რეჟიმს, რომელიც არსებობდა, მორჩა და გათავდა.  ამ დროს მთელი რუსეთი, მთელი უკრაინა, მთელი ბალტიისპირეთი მრავალფეროვან მასალაზე მუშაობდა, უამრავი ჭიქურის სახეობებითა და საღებავი მასალებით. ბევრი სამხატვრო კომბინატი არსებობდა. თუ მხატვარს თავისი საკუთარი სახელოსნო არ ჰქონდა, კომბინატები აძლევდნენ შემოქმედებითი მუშაობის საშუალებას. ჩვენ არსად არ შეგვეძლო მუშაობა. ისიც კი სალოცავი იყო, რომ ექპერიმენტული სახელოსნო გვქონდა. ამ მიზეზების გამო, ვერც ერთმა 1960-იანი წლების კერამიკოსმა სათანადო წინსვლა ვერ მოახერხა და რაც მოახერხა, ისიც საოცარია. ამ ვითარებაშიც კი თქვენ შეგიძლიათ განასხვავოთ ერთმანეთისგან ალდე კაკაბაძე, კატო ბაბლიძე, ჟუჟუნა ფორჩხიძე, რაისა ეკალაძე და სხვა კერამიკოსები. წარმოიდგინეთ, რა პოტენციალის მქონე მხატვრები იყვნენ აქ შეგროვილები, რომ ამ ერთი „ხუფის“ ქვეშ მაინც ქმნიდნენ განსხვავებულ, ინდივიდუალურ ხელოვნებას. ეს ვითარება უნდა იცოდეს ყველა ხელოვნებათმცონემ, ვითარება, რაშიც ჩვენ ვიყავით. ამას ვამბობ საგანგებოდ, ეს არ არის ფერწერა,ქანდაკება, ეს არის ცეცხლის ხელოვნება, წარმოებასთან დაკავშირებული ხელოვნება და წარმოება რა პირობებსაც გაძლევს მხატვარს, იმ ტყავში უნდა გაძვრე და ჩვენ ვძვრებოდით ამ ტყავში. და ის ფაქტი, რომ სახელოსნოს მხატვრების ნამუშევრები არ ჰგავს ერთმანეთს, ეს იცით, ამ პერიოდის კერამიკოსების რამხელა დამსახურებაა? ყველას რომ ჰქონოდა საკუთარი სახელოსნო, გაცილებით მეტს გააკეთებდა. ჩვენ ფრთები შეკვეცილი გვქონდა. ეს არის, რაც მინდოდა მეთქვა. (ილ.6,7,8)

6.	დეკორატიული დოქი (1959წ.). შებოლილი კერამიკა, აღდგენითი ჭიქური. სიმაღლე - 12სმ.

7.	სახილე ლარნაკი (1960-იანი წლები). შებოლილი კერამიკა, აღდგენითი ჭიქური. სიმაღლე - 10 სმ. პირის დიამეტრი - 30 სმ.

8.	დეკორატიული დოქი (1964წ.). შებოლილი კერამიკა, სიმაღლე - 22სმ.

თუ გაქვთ  თქვენთვის გამორჩეული ნამუშევარი?
მართალი გითხრათ, მე ნამუშევრის გამეორება არ შემიძლია. ამ მხრივ ძალიან ძნელია რომელიმე ნამუშევარი გამოვარჩიო, მაგრამ ჩემს შემოქმედებაში შეიძლება გამოვყო უფრო საინტერესო, საეტაპო მნიშვნელობის ნამუშევრები.
მაგალითად, ჩემს სადიპლომო ნამუშევარში წარმოდგენილი დოქის ფორმა განსხვავებულია, ის „დაბალმუცელაა“. ამასთან, დოქი სამ ფეხზე შევაყენე, რაც, ასევე, სიახლეს წარმოადგენდა. შევამკე რელიეფური ორნამენტით.
ისტორიული მასალის, ანტიკური პერიოდის გავლენით შევქმენი დეკორატიული ფორმა - სამ მაღალ ფეხზე შემდგარი ლანგარი. ეს ფორმაც სიახლეს წარმოადგენდა.
მხატვარ-კერამიკოსს მედეა ჩიხლაძესთან ერთად მონუმენტალურ-დეკორატიული კერამიკის დარგში შესრულებული მაქვს ორი პანო: წიგნების მაღაზია „საუნჯე“ და მაღაზია „ციცინათელა“.
„საუნჯეში“ სიახლე იყო ასომთავრული თავსართი ასოების მხატვრული გამოყენება ჩვენს ხელოვნებაში (შესრულებული იყო ვიტრაჟის ტექნიკაში (მინის ფხვნილი).
სავალუტო მაღაზია „ციცინათელა“-ს შემკობაში დიდი ზომის მოზაიკურ პანოსთან ერთად, სიახლე იყო რკინისაგან მოწნული ფარდის ახალი ფორმის ჭაღის შექმნა.
გამოვარჩევდი, ასევე, სერვიზს „მწვადისა და ხინკლისათვის“, სადაც თიხისა და ლითონის სინთეზის საკითხია გადაჭრილი. აქ განსაკუთრებით გავამახვილე ყურადღება კერამიკისათვის სრულიად ახალი ფორმის - მაყალის შექმნაზე, აგრეთვე, ლითონის სარტყლებით და მედალიონებით ფორმების დეკორირებაზე. ორივე წამოწყებას გამოძახილი ჰქონდა, როგორც კერამიკის, ისე ლითონის მხატვრული დამუშავების ხელოვნებაში. აი, ამას ვანიჭებ გარკვეულ მნიშვნელობას - ახალ ფორმას და ახალ ხედვას. მაგალითად, არწივის კომპოზიციით შესრულებული დეკორატიული თეფში მიმაჩნია ჩემს საინტერესო ნამუშვრად, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ახალი ფორმა კერამიკაში, ყოველ შემთხვევაში, ქართულ კერამიკაში (სხვაგან არ ვიცი, რა ხდება).
არც ერთი ნამუშევარი არ ჰგავს წინა ნამუშევარს, ყოველთვის რაღაც სიახლე შემაქვს. ოღონდ, როგორ ხდება ეს, არ ვიცი, ბუნებრივად გამომდის. ამიტომ, ყველა ჩემი ნამუშევარი ჩემთვის თავისებურად საეტაპოა. (ილ. 9-10)

9.	დეკორატიული ლარნაკი (1960-იანი წლები). შებოლილი კერამიკა, ანგობის საღებავები, სიმაღლე - 10,5სმ. დიამეტრი - 22 სმ.

10.	დეკორატიული ფიგურა  „ჩიტი“  (1975წ.). შებოლილი კერამიკა, აღდგენითი ჭიქური, ხე.  სიმაღლე - 53სმ.

გამოფენები:
მონაწილეობა მაქვს მიღებული 100-ზე მეტ გამოფენაში. აბსოლუტურად ყველგან მიმიღია მონაწილეობა, რაც კი გამოფენა მოწყობილა საქართველოს ტერიტორიაზე, ბევრგან - საზღვარგარეთაც (საფრანგეთი, გერამანია, იტალია). პერსონალური გამოფენა არ მქონია, ყოველთვის ვთვლიდი, რომ არ ვიყავი სათანადო დონეზე, არც სურვილი მქონია არასოდეს. დღემდე მაოცებს როცა ასე ადვილად იწყობენ პერსონალურ გამოფენებს, მაგრამ ყველას თავისი შეხედულება აქვს.

ჯილდოები:
პირველი ჯილდო მივიღე 1960 წელს, მოსკოვში, ოქროს მედალი, ეს იყო სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა. მეორე ჯილდოა 1962 წელს მიღებული პრაღის საპატიო სიგელი, იქაც გამოფენაზე ვიყავი; 1967 წელს დამსახურებული მხატვარი გავხდი; 1970 წელს მივიღე ვალორისის დიპლომი; 1975 წელს - ინგლისის საერთაშორისო გამოფენის დიპლომი. მიღებული მაქვს ღირსების მედალი, ღირსების ორდენი. მეტი აღარ მახსოვს.

სად ინახება თვენი ნამუშევრები?
ნამუშევრები, ძირითადად, დაცულია ეროვნულ გალერეაში, ხელოვნების მუზეუმის ფონდებში, რეგიონალურ მუზეუმებში, მათ შორის - ხარაგაულისა და სამცხე-ჯვახეთის ისტორიულ მუზეუმებში. ის ნამუშევრები, რომლებიც იგზავნებოდა საზღვარგარეთ გამოფენებზე, იქ რჩებოდა გალეერბში: ვილნიუსში, ვალორისში, პრაღაში. (ილ.11-12)

11.	დოქი (1966წ.). შებოლილი კერამიკა, აღდგენითი ჭიქური, სიმაღლე - 26სმ.

ლარნაკი  (1960წ.). შებოლილი კერამიკა, აღდგენითი ჭიქური, სიმაღლე -16,5სმ, დიამეტრი -22სმ.

პუბლიკაციები თქვენს შესახებ და თქვენი თეორიული ნაშრომები ხელოვნების საკითხებზე:
ჩემს შესახებ არსებობს ცალკეული საგაზეთო სტატიებიბუკლეტი, 1973; “tvar” 1962; DU 18, 1966; «Искусство»  11, 1969;  ‹‹Вечерний Тбилиси›› 16/VII 1959;, «Тбилиси» 17/VI 1959.  «Молодежь Грузии» 2/VIII 1962; «Вечерний Тбилиси» 21/VIII 1976; «Заря востока»  5.11.1982. „თბილისი“ 20.V.1982; ჟურ. „სპექტრი“ 13-4 1994. С. Ерлашова «Керамика и чеканка Грузии», Л., 1975. А. Какабадзе «Современная грузинская керамика»,  М., 1984
მეც რამდენიმე წერილი მაქვს ქართული ხელოვნების საკითხებზე, მათ შორის ენციკლობედიაში, გამოყენებით ხელოვნებაზე - ცალკეული სტატიები. აკადემიაში, ხელოვნების ისტორიის კუთხით ორი მოხსენება გავაკეთე: ერთი - 1960-იანი წლების კერამიკაზე, მეორე - მონუმენტურ კერამიკაზე. ერთი წერილი ხელოვნების ინსტიტუტში დაიბეჭდა, მეორე - აკადემიის კრებულში. უამრავი ბუკლეტი და კატალოგი მაქვს გაკეთებული სხვადასხვა მხატვარზე. სამხატვრო აკადემიაზე წიგნი გამოვიდა, მისი შესავალი სტატიაც ჩემია. მხატვარ გურამ დოლიძეზე მაქვს სტატია, შოთა კუპრაშვილზე, ნოდარ ღოღობერიძეზე, მერი ქსოვრელზე, თამარ ხომერიკზე, ლია ბარნაბიშვილზე. მონოგრაფიები მერი ჯალაღანიასა და მედეა ჩიხლაძეზე.Н. КиКнадзе ‹‹Современная Грузинская керамика и гобелен›› [ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი], თბ., 1977); მერი ქსოვრელი [კატალოგი], წინათქმა ნ. კიკნაძე, თბ., 1980; თენგიზ გობეჯიშვილი [ნამუშევართა გამოფენა - კატალოგი], ტექსტის ავტ.: ნ. კიკნაძე თბ., 1984; ლეონა ნაკაშიძე [ნამუშევართა გამოფენა -  კატალოგი], ტექსტის ავტ.: ნ. კიკნაძე თბ., 1985; შოთა კუპრაშვილი [გრაფიკა], შემდგ.: ნ. კიკნაძე, თბ., 1999; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია [ფოტოალბომი], ტექსტის ავტ.: ნანა კიკნაძე; თბ., 2002; ნოდარ ღოღობერიძე [„ჩემო თბილისი“ - ალბომი], შესავ. სტატიის ავტ.: ნ. კიკნაძე, თბ., 2007; გურამ დოლიძე, [„ფერწერა  გრაფიკა  კერამიკა“ - კატალოგი], (ნ. კიკნაძე - სტატია კერამიკაზე), თბ., 2010;  „დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება“, ჟურ. საბჭოთა ხელოვნება №1 1975, გვ. 72;  Рассказывает керамика [О персональной выставке керамиста Э. Ременюк], Н. КиКнадзе; Заря востока; Тб., 1981; 1 апрелия;   „ზაქრო მაისურაძე და ქართული ხალხური ხელოვნება“, ელ. ჟურ. არს გეორგიცა, 2014; მერი ჯალაღანია [მონოგრაფია], ავტ.: ნ. კიკნაძე, თბ., 2007; მედეა ჩიხლაძეზე [მონოგრაფია], ავტ.: ნ. კიკნაძე (მომზადებულია დასაბეჭდად)

დაგიწერიათ თუ არა ლექსი ან მოთხრობა?
ბავშვობაში ლექსი და ორი მოთხრობა მაქვს დაწერილი, ოღონდ არ მახსოვს ახლა.

გაგიყიდიათ თუ არა საკუთარი ნამუშევარი?
გაყიდვით ნამუშევარი არ გამიყიდია. გაჩუქებით - კი. ჩემი ნამუშევრების პოპულარიზაცია არასოდეს მაინტერესებდა.

რას გვიამბობთ თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ?
როცა მე წინადადება მომცეს, წამეყვანა სალექციო კურსი, ასე ვთქვათ, გადავსულიყავი თეორიაში, ამ პერიოდში აკადემიაში დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ცოტა პედაგოგი იყო. მახსოვს, ბ-ნ დავით ციციშვილს შევეკითხე - რა ვქნა-მეთქი, მან შემომხედა და მითხრა - ნანა, ორი კურდღლის მადევარი ძალიან დიდ გაჭირვებაში იქნები და კარგად დაფიქრდიო. მე მაშინ, რატომღაც, ავირჩიე თეორია. სურვილი მქონდა, ის ხარვეზი შემევსო, რაც  ამ პერიოდში აკადემიაში იყო. ვიფიქრე, ცოტა ხანს ვიმუშავებდი, მაგრამ ასე აღარ გამოვიდა და, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი აღმოჩნდა ეს გზა. თეორიამ სრულად დამაკავა, ბევრს ვმუშაობდი, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ძალიანაც გამიტაცა ამ საქმემ. ჩემთვის ეს ახალი და საინტერესო იყო, და, რაც მთავარია, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ლექციებს ვკითხულობ და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემში იყო შემომქმედი, ჩემში დარჩა კერამიკოსი და ლექციებს სულ სხვანაირად ვკითხულობდი. საგანს ვუდგებოდი, როგორც შემოქმედებით ობიექტს. ვთქვათ, ეგვიპტური ქანდაკება  - მასში მე ვხედავდი ნამდვილად ობიექტს, ხელოვნებას ვხედავდი, მე ეს მავსებდა და, თურმე, ავსებდათ სტუდენტებსაც. ეს იყო ნამუშევრის  ცოცხალი, პროფესიონალური დანახვა და განხილვა. ჩემმა სპეციალობამ - მხატვრობამ მიშველა და თეორიასაც გარკვეული პრაქტიკული სახე მივანიჭე. ისე რომ, შეიძლება არც შემშლია, ამ გზით რომ წავედი. ამასთან,  აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი საინტერესო სტუდენტი შემხვდა. მახსენდება ერთი ასეთი შემთხვევა: - ერთი ჩემი სტუდენტი, ეროვნებით ბერძენი, საბერძნეთში იყო წასული. ერთხელ შემომხვდა აკადემიაში და მეუბნება - ქ-ნო ნანა, თქვენ ჩემთან ერთად იყავით საბერძნეთშიო. მე ვუპასუხე, არა, თქვენ ნამდვილად რაღაც გეშლებათ, მე არ ვყოფილვარ საბერძნეთში-მეთქი. ნამდვილად იყავით ქ-ნო ნანა, თქვენი ლექციები იმდენად შთამბეჭდავი და ცხადი იყო ჩემთვის, რომ როცა იქ დავდიოდი, ყვალგან თქვენ გხედავდითო, სულ ჩემთან ერთად იყავითო. ბევრი ასეთი შემთხვევა მახსოვს და თუნდაც ამას რომ გეტყვის სტუდენტი ალბათ არ უნდა იყო უკმაყოფილო, რომ გახდი პედაგოგი. მიტო (დიმიტრი თუმანიშვილი) ჩემი სტუდენტი იყო. მიტო მეუბნება, მე თქვენი ერთი ლექცია განსაკუთრებით მახსოვსო. თქვენ შუამდინარეთის კერამიკაზე გვესაუბრებოდით და გქონდათ თასი, რომელზედაც ოთხი თხა იყო დახატული და მე გამარჩევინეთო, მეც დიდის ამბით გავარჩიე და ძალიან კმაყოფილი იყავითო. მიყურეთ, მიყურეთ და ბოლოს მითხარით - მიტო, თასი ხომ სულ სხვანაირი ფორმისაა, შენ უყურებ, როგორც სიბრტყეზე ნახატს, სინამდვილეში ეს ოვალზეა დახატულიო. ეს ყველაზე მთავარი ვერ დავინახე, თქვენ მიმანიშნეთ ამაზე და მას შემდეგ სულ სხვანაირად ვხედავო.
ერთხელ კერამიკაში მაქვს გამოცდა და ერთ სტუდენტს შეხვდა ჩინური კერამიკა. ჩინურi კერამიკის ყველა ნაკეთობას თავისი სახელი აქვს. მართალი გითხრათ, მეც არ მახსოვდა ყველა სახელი ზეპირად, ეს სტუდენტი კი ყველა ნაკეთობის სახელს მეუბნება ზეპირად. ვფიქრობ, შეუძლებელია ახლა ამას ასეთი ფენომენალური მახსოვრობა ჰქონდეს, რომ ყველა ნაკეთობის ჩინური სახელი ზეპირად იცოდეს. არადა ვხედავ, რომ არავინ კარნახობს. შემთხვევით ერთხელ ოდნავ შეჩერდა, თავი გადაწია და მერე მიპასუხა კითხვაზე. გავაყოლე თვალი და რას ვხედავ? კარნიზზე ჰქონდათ ჩამოწერილი ჩინური კერამიკის სახელები. ვითომ არც დამინახავს, კარგი ნიშანი დავუწერე და დავამთავრე გამოცდა, დანარჩენებისთვის არ გამომიკითხავს, ერთი-ორი სტუდენტი იყო დარჩენილი. ბოლოს მკითხეს, ჩვენ რატომ არ გვეკითხებითო? ვუპასუხე - თქვენ ისეთი საინტერესო რამ მოიფიქრეთ, რომ ნამდვილად ყველა ხუთიანების ღირსი ხართ-მეთქი. ჩვენ კი დავწერეთ, მაგრამ თქვენ როგორღა მიხვდითო. მახსოვს, ოთარ ვეფხვაძის ჯგუფი იყო. ასეთი ეპიზოდები კარგია, რომ გაგახსენდება.

ვის გამოარჩევდით ქართველ ხელოვანთა შორის?
თანამედროვე ქართული პროფესიონალური გამოყენებითი ხელოვნების პატრიარქად მიმაჩნია ბ-ნი დავით ციციშვილი და მე, როგორც გამოყენებითი ხელოვნების სპეციალისტს, გამორჩეული მყავს რამდენიმე მხატვარი, რომელსაც პიონერად ვთვლი. ესენია: კერამიკაში – ზაქრო მაისურაძე და რეზო იაშვილი, მინაში - შოთა ციციშვილი, ქსოვილში – გივი ყანდარელი, ბატიკაში – მედეა ჩიხლაძე, ჭედურობაში -  ირაკლი ოჩიაური. მათ შექმნეს სკოლა თანამედროვე გამოყენებით ხელოვნებაში.

რა აზრის ხართ თანამედროვე ქართულ ხელოვნებაზე?
მე მგონი, „თანამედროვე ხელოვნება“, როგორც ასეთი ცნება, ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. ცალკეული მიმდინარეობები ელვის სისწრაფით ცვლიან ერთი მეორეს. არ შეიძლება, ხელოვნება ჩამოყალიბდეს და მხოლოდ ერთი, ორი ან სამი წელიწადი იარსებოს ამ ხელოვნებამ. ეს არის ძიების, მუდმივი ძიების პროცესი. ასეთია ჩემი გაგებით თანამედროვე ხელოვნება.
რაც შეეხება თანამედროვე კერამიკას: „კერამიკა“ – ეს ცნება გაფართოვდა და გახდა ხელოვნების ერთ-ერთი დამოუკიდებელი დარგი, პრინციპულად განსხვავებული და მისი შემოფარგვლა ტრადიციული ფორმით, რა თქმა უნდა,  არ იქნება სწორი. თუმცა, თანამედროვე პირობებშიც მხატვარს კვლავ შეუძლია შექმნას შესანიშნავი ნაკეთობა. სრულებით არ არის სავალდებულო, რაღაც უცნაური გააკეთო, იმიტომ, რომ რაც გინდა „იხტუნო“, ხელოვნება ეს არის ჰარმონია, პროპორცია და სილამაზე, რაც აქვს kidevac ნებისმიერ ტრადიციულ ფორმას. და აი, ასე ვთქვათ, თუ ამ პრინციპებს შეუფარდებ შენს ნოვაციას, მაშინ ეს, ბუნებრივია, საინტერესო ნაკეთობა იქნება, გახდება მხატვრული ობიექტი და თუკი ეს ასე არ არის, ვერავითარი თანამედროვე „გადაყირავებული“ ფორმები და სითამამე ვერ უშველის საქმეს.

საჭიროა თუ არა მხატვრისთვის აკადემიურ განათლება?
როგორ გითხრათ, ეგ იგივეა, მუსიკოსს რომ ჰკითხო, ნოტები უნდა იცოდეს თუ არა. შვიდი ნოტი ხომ მაინც უნდა იცოდეს მუსიკოსმა?! რა არის რითმი, ტაქტი, აკორდი… ასეა მხატვარიც - ძირითადი ენა,  ანბანი აუცილებლად უნდა იცოდეს. აკადემია უდაოდ საჭიროა. ეგ იგივეა, ლიტარატორს რომ ჰკითხო, ასოები იცის თუ არა. ამის გარეშე არ შეიძლება, ეს არის საფუძველი, მერე მხატვარს შეუძლია გაშალოს და გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, მაგრამ ანბანი საჭიროა. (ილ.13-14)

13.	საფერფლე (1960-იანი წლები). შებოლილი კერამიკა, აღდგენითი ჭიქური, სიმაღლე -9,5სმ.

14.	ღვინის ჭურჭელი (1964წ.). შებოლილი კერამიკა, აღდგენითი ჭიქური, სიმაღლე -24სმ,  პირის დიამეტრი - 10სმ.

რას უსურვებდით მომავალ მხატვრებს?
ყველა შემოქმედს ვუსურვებდი სითამამეს და, რაც მთავარია, „ეროვნული წვეთის“ არ დაკარგვას. ნებისმიერი სიახლის მომხრე ვარ, გარდა იმისა, რომ მხატვარმა არ უნდა დაკარგო საკუთარი სახე. ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება, არ გიამბოთ ბ-ნი სერგო ქობულაძის ერთ-ერთი საინტერესო გამოსვლა აკადემიის სააქტო დარბაზში. ეს დაახლოებით 1955 წელი იყო. ამ დროს, ასე ვთქვათ, ახალი ნაკადი „შემოვარდა“ ჩვენს ხელოვნებაში, მთელი აკადემიის ახალგაზრდობა გატაცებულია დასავლური ხელოვნებით და აღარავინ უყურებს ქართულს, ეროვნულს. ქართული ხელოვნება აღარ არსებობდა მათთვის. ერთხელ ბატონმა სერგომ სტუდენტები მოიწვია, მათ შორის რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდა თაობა (ჯიფსონ ხუნდაძე, კოკი მახარაძე, ედმონდ კალანდაძე, გოგი თოთიბაძე, მიტო ხახუტაშვილი, მერაბ ბერძენიშვილი და სხვები...)  სავსეა დარბაზი. გამოდის ბატონი სერგო ძალიან მშვიდად და დარბაზს მიმართავს - მე ხელში ავიღე ბოთლი, ამის გაგონებაზე მთელმა დარბაზმა სიცილი დაიწყო, ყველამ იცოდა, რომ ბ-ნი სერგო პერიოდულად არაყს სვამდა, თვეში ერთი-ორი დღე გამოითიშებოდახოლმე, უყვარდა ალკოჰოლი, მაგრამ ლოთი კი არ იყო.  ეს ის ბოთლი არ არის, თქვენ რომ გგონიათო, - გააგრძელა მან - ეს წყლით სავსე ბოთლია და აი, ამ ბოთლში, მე ერთი წვეთი ფრანგული სუნამოს დასამზადებელი ესენცია ჩავაწვეთე და აქ წყალი უკვე ნამდვილ ფრანგულ სუნამოდ იქცა. ამასა გთხოვთო, რაც გინდათ სიახლე აკეთეთ, მაგრამ „ერთი წვეთი ქართული“ არასოდეს დაკარგოთო. აი, ასეთი გენიალური სიტყვებით გადაწყვიტა ეროვნულობის საკითხი ბატონმა სერგომ, ჭკვიანი კაცი იყო. დარბაზში ტაშმა იგრიალა. ყველა დაწყნარდა, ახალგაზრები მიხვდნენ, რომ ბევრი არ იყო საჭირო, მხოლოდ „ერთი წვეთი“. მეც, რა თქმა უნდა, იგივეს ვუსურვებ ახალგაზრდა და მომავალ მხატვრებს.

ინტერვიუ ჩაწერილია 2015 წლის  15 აპრილს

ფოტო - ს. ჩიტორელიძე

ნანახია: 13416-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani