Georgian (Georgia)English (United Kingdom)
პროტო-ქართველური წერილობითი ძეგლების – ხაზოვანი წარწერების ამოკითხვის შესახებ (მოკლე მიმოხილვა, შედეგები)

There are no translations available.

გია კვაშილავა  
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერითანამშრომელი.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი


1. ხმელთაშუაზღვისპირეთისა და შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის, ენებისა და წარწერების შესახებ იუწყება უძველესი ბერძნულ-რომაული წყაროები, romelTa მიხედვით, ბრინჯაოს ხანაში, პელასგურ-კოლხური ტომები სახლობდნენ დიდ ტერიტორიაზე, კერძოდ, მცირე აზიის რეგიონებში, აპენინის ნახევარკუნძულზე, ეგეოსის ზღვისპირეთში, პელოპონესის ანუ პელასგიის ნახევარკუნძულსა და შავიზღვისპირეთში. ისტორიულ ხანაში კი მათი ოდინდელი სამკვიდრებელი სივრცე თანდათანობით შემცირდა (ილ. 1).
ამ მხრივ, 1943-1946 წლებში ივანე ჯავახიშვილი, ნიკოლოზ ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია წერდნენ: „ქართველები წარმოშობით წინა აზიის ძველს მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნიან. უძველეს დროში, დაახლოებით ექვსი ათასი წლის წინათ, წინა აზიის უზარმაზარ მიწა-წყალზე და სამხრეთ ევროპაშიაც (ბალკანეთის, აპენინისა და პირენეს ნახევარკუნძულებზე), აგრეთვე, აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე ერთი მოდგმის ხალხები ცხოვრობდნენ. ამ მოდგმის ხალხებმა შეჰქმნეს ძალიან ადრინდელი და დიდი კულტურული ცენტრები... ევროპაში ამ გვარ-ტომების ხალხები წინ უსწრებდნენ შემდეგ მოსულ ინდოევროპელებს, რომელთაც დამხვდური მოსახლეობისა და მისი განვითარებული კულტურის ძლიერი გავლენა განიცადეს“.
ძვ.წ. III ს-ში ძველი ბერძენი სწავლული, აპოლონიოს როდოსელი „არგონავტიკაში“ „მაკრიელთა   პელასგურ   ლაშქარს“ ახსენებს,   რაზეც   სქოლიასტი   ასეთ  განმარტებას იძლევა: „მაკრიელი – ეგრეთ წოდებული მაკრონები, რომლებიც გადმოსახლებულნი იყვნენ კუნძულ ევბეადან, საიდანაც მაკრონები ეწოდათ... ევბეას წინათ მაკრისიც ერქვა. პელასგური კი იმიტომ თქვა პოეტმა, რომ ევბეა მეზობელი მხარეა პელოპონესისა, რომელიც უწინ პელასგიად იწოდებოდა...“
ძველი ბერძენი სწავლულების, სტრაბონის, სტეფანე ბიზანტიელისა და ევსტათიოს თესალონიკელის მიხედვით, მაკრონი პელასგურ-კოლხური მოდგმის, დასავლურ- ქართველური წარმოშობის მეგრელ-ჭან-ლაზთა სატომო სახელს აღნიშნავდა (ივ.ჯავახიშვილი, არნ.ჩიქობავა ს.ყაუხჩიშვილი, აკ.ურუშაძე, თ.ყაუხჩიშვილი, რ.გორდეზიანი). მათი გვიანდელი განსახლების კერა იყო შავი ზღვის სამხრეთ- აღმოსავლეთი სანაპირო, მაგრამ მათი უწინდელი განსახლების სივრცე შავი ზღვისა და ეგეოსის ზღვის სანაპიროებს მოიცავდა – წერდა აკაკი ურუშაძე.
ძვ.წ. XII-XI და ძვ.წ. VIII სს-ის ასურულ ლურსმულ, ძვ.წ. VIII ს-ის იეროგლიფურ- ლუვიურ და ძვ.წ. VII ს-ის ურარტულ ლურსმულ წარწერებში დასტურდება, რომ მცირე აზიაში, მდ. ჰალისის (ყიზილ-ირმაქის) შუა დინების სამხრეთით მდებარე მხარეში სახლობდნენ მუშქები (მუსქები), რომელსაც ბ.ჰროზნი, რ.ბარნეტი, ე.ლაროში, პ.მერიჯი და სხვები უკავშირებდნენ ქართველურ ტომს – მოსხებს, ანუ მესხებს (ვ.მილერი, არნ.ჩიქობავა, ნ.ხაზარაძე და სხვ.).
ძვ.წ. VI-V ს-ში ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი ჰეკატეოს მილეტელი წერდა: „მოსხები კოლხური ტომია.“
უძველესი წყაროებისა და მრავალი მეცნიერის მოსაზრებების გათვალისწინებით, აკ. ურუშაძემ დაასკვნა, რომ „ზემოხსენებული კოლხური ტომები, სხვა პელასგურ ტომებთან ერთად, დიდ ტერიტორიაზე იყვნენ გავრცელებულნი. ისტორიულ ხანაში კი ამ ტერიტორიის თანდათანობითი დავიწროება მოხდა“.
გერმანელი ლინგვისტი პაულ კრეჩმერი წერდა, რომ ძვ. წ. IV-III ათასწლეულებში მცირე აზიის უძველესი მოსახლეობა, ხეთებისა და ფრიგიელების გარდა, არაინდოევროპული და არასემიტური წარმოშობის იყო; ეს იყო თვითმყოფადი ხალხი. ბალკანეთის ნახევარკუნძულის, მცირე აზიისა და ეგეოსისზღვისპირეთის მოსახლეობის არაინდოევროპულობას იზიარებდა ავსტრიელი ისტორიკოსი ფრიც შახერმაირიც. შვეიცარიელი ფილოლოგი ედუარდ შვიცერი წერდა, რომ ამ მოსახლეობის არაანატოლიური და არაფრიგიული ენები ქმნიდნენ ე.წ. ეგეოსურ-მცირე-აზიურ ჯგუფს, რომელსაც უკავშირდება სამხრეთ-კავკასიური (ქართველური) და ეტრუსკული ენები.
პ. კრეჩმერის აზრით, მრავალი სიტყვა, ბერძნულ ენაში, გადმოღებულია არაინდოევროპული მოდგმის წინარებერძნული, „პელასგური“ მოსახლეობის (მაგ., მაკრიელების, ლელეგებისა და სხვების) ენებიდან, რომლებიც მას სამხრეთ-კავკასიური (ქართველური) ტომების მონათესავე ენებად მიაჩნდა. ეს სიტყვები, პირველ რიგში, წარმოადგენს ბალკანეთის ნახევარკუნძულის, კრეტისა და მცირე აზიის ტოპონიმებს. წინარებერძნული, „პელასგური“ ენის კვალი სუბსტრატის სახით გამოვლინდა ბერძნული ენის დიალექტებში. ედ.შვიცერი ამბობდა, რომ წინარებერძნული,
„პელასგური“ და მცირე აზიის არაანატოლიური და არაფრიგიული წარწერების ენები, ეჭვგარეშე, არც ბერძნულია და, უფრო მეტიც, არც ინდოევროპული.
ფრანგი ლინგვისტის ანტუან მეიეს აზრით, ყველაზე უფრო საიმედო გზა წინარებერძნული, „პელასგური“ ენის გასაცნობად სამხრეთ-კავკასიური (ქართველური) და მცირე აზიის ძველი ენების შესწავლაა.
ეს ენა წარმოდგენილია ოთხი ათასი წლის წინანდელი A კლასის ხაზოვანი დამწერლობით შესრულებულ წარწერებზე, რომლებიც აღმოჩენილია კუნძულ კრეტის მრავალ ადგილასა და ეგეოსურ კუნძულებზე, საქართველოში, ბულგარეთსა და პალესტინაში.

2. კორიბანტების, კირბების – პროტო-ქართველური წერილობითი ძეგლებისა და ენის შესახებ
ძველ ბერძნულ, ლათინურ და სხვა წერილობით წყაროებში (ჰეკატეოს მილეტელი, პლატონი, არისტოტელე, აპოლონიოს როდოსელი, პლუტარქე, ხარაქს პერგამონელი და სხვ.) მრავალი ცნობა მოიპოვება ბრინჯაოს ხანის ქართველურ ტომთა - თვითმყოფადი კოლხების შესახებ და, მათ შორის, კოლხური (პროტო-ქართველური) დამწერლობით შესრულებული წარწერების – კირბების (კვირბების) სახით არსებობის თაობაზე.
ბერძნულ-რომაული წყაროების მიხედვით ცნობილია, რომ უძველეს ხანაში, წერის ხელოვნებას ქურუმები მეთაურობდნენ. ამ წყაროთა მიხედვით, კირბების სახით კოლხური (პროტო-ქართველური) დამწერლობა პელასგ-კოლხთა დიდი დედაღვთაების
– რეა-კიბელეს (ფასიანეს, ფასისელთა ქალღმერთის) ქურუმების, კორიბანტების (კირბანტების) წრეში ჩამოყალიბდა, რომელიც მცირე აზიაში, ანატოლიაში შეიქმნა და გავრცელდა ეგოსისზღვისპირეთსა (კუნძული კრეტა, კუნძული სანტორინი, კუნძული სამოთრაკე, ბალკანეთი და სხვ.) და შავიზღვისპირეთში (საქართველო, ბულგარეთი და სხვ.).
II ს-ში წმ. კლიმენტ ალექსანდრიელი წერდა, რომ ქურუმებმა – კორიბანტებმა კოლხური დამწერლობა შექმნეს და მუსიკის რიტმი აღმოაჩინეს. ზოგიერთი მითის მიხედვით, მათ საფუძველი ჩაუყარეს არითმეტიკასაც. უძველესი წყაროების მიხედვით, წმ. კლიმენტ ალექსანდრიელი, ასევე, ამბობდა, რომ მათ მიეწერებათ ბრინჯაოს გამოდნობა, რკინის აღმოჩენისა და დამუშავების ხელოვნება.
ძვ.წ. I – ახ.წ. I სს-ში ძველი ბერძენი გეოგრაფი, სტრაბონი ძველ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მეტალურგიისა და მჭედლობის მფარველი ღვთაებები – კორიბანტები, ჰელიოსის (მზის) ვაჟიშვილები და კოლხეთის მეფის, აიეტის ნახევარძმები კრეტაზე, ევბეაზე, სამოთრაკეზე, ხმელთაშუა ზღვის სხვა კუნძულებსა და ფრიგიაში კოლხეთიდან იყვნენ მოსულნი (ილ. 2).
ბერძენი სწავლულების: თეოპომპე ქიოსელის, თეოფრასტე ერესოსელის, კრატინეს, არისტოტელეს, აპოლონიოს როდოსელის, აპოლოდორე ათენელის, პლუტარქეს, ლისიას, პორფირი ტვირელის, წმ. ფოტიოსის, სვიდას ლექსიკონის და სხვათა ცნობების მიხედვით, კორიბანტებს კირბების, კოლხური წერითი ნიმუშების – საკრალური, სასულიერო სახის წარწერების შექმნა მიეწერებათ. კირბებზე იწერებოდა კანონები და რელიგიური თაყვანისცემისა და წეს-ჩვეულებების შესახებ ტექსტები. ეს წარწერები სრულდებოდა თიხის ან სპილენძის ფირფიტებზე, ან ხის დაფებზე, სტელებსა და სვეტებზე.
ძვ.წ. III ს-ში აპოლონიოს როდოსელი წერდა: „კოლხებმა შემოინახეს თავიანთ მამათა ნაწერები, ამოკვეთილი კირბებზე, რომლებზედაც ირგვლივ, ყოველ მხარეს, მოგზაურთათვის დაბეჭდილია ზღვისა და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი“. ამ ცნობის მიხედვით, ცნობილი გერმანელი გეოგრაფი, კარლ რიტერი აღნიშნავდა, რომ
„კირბები იყო ფირფიტები და მათ კოლხები იყენებდნენ“. კ.რიტერის ეს მოსაზრება კირბების შესახებ, საქართველოს პატრიარქმა, წმ. კირიონ II-მ დაიმოწმა: „ეს ფირფიტები უდავოდ იყო ...პირველი ჩანაწერები და სავსებით შესაძლოა, რომ ისინი ჰეროდოტეს თვალწინ ჰქონოდა“.
ძველი ბერძნული წყაროებიდან, ასევე, ცნობილია, რომ კორიბანტებს ძველთაგანვე ჰქონდათ დამწერლობა, რომელსაც საიდუმლოდ ინახავდნენ. II ს-ში ბერძენი ისტორიკოსი და რომაელი სენატორი, ხარაქს პერგამონელი ამ დამწერლობას
„ხრისოგრაფიას“, ანუ „ოქროდამწერლობას“ (ოქროთი წერას) უწოდებდა. XII ს-ში ამ ცნობას იმოწმებს წმ. ევსტათიოს თესალონიკელი „ოქროს საწმისის“ განმარტებისას და წერს: „ოქროდამწერლობის მეთოდის შეთვისების გამო... არგოს ლაშქრობა მოეწყო“ საბეძნეთიდან კოლხეთში.
პავლე ინგოროყვა და შალვა ნუცუბიძე გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ ძველბერძნულ წყაროებში დადასტურებული „ოქროდამწერლობა“ იყო წერის განსაკუთრებული და სპეციფიკური ხელოვნება, რომელიც კოლხეთში გამოიყენებოდა. მათი აზრით, მისი შესრულების წესები აღწერილი იყო „ოქროს საწმისზე“ – ვერძის ტყავზე და არგონავტებმა სწორედ ამ მეტად მნიშვნელოვანი კოლხური ხელოვნების შესათვისებლად იმოგზაურეს საბეძნეთიდან „ოქრომრავალ კოლხეთში“.
ივ. ჯავახიშვილი ფიქრობდა, რომ უძველესი ქართული დამწერლობითი ძეგლები შეიძლება აღმოჩნდეს მცირე აზიაში. აკ.ურუშაძეს მიაჩნდა, რომ ეს ნიმუშები აღმოჩნდება საბერძნეთის ტერიტორიაზეც და იგი წერდა: „ივ.ჯავახიშვილი იმ აზრისა იყო, რომ ქართულ დამწერლობას სათავეები შორეულ წარსულში აქვს და რომ იგი შეიქმნა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქართველთა წინაპარი ტომები გაცილებით ვრცელ ტერიტორიებზე იყვნენ განსახლებულნი... კირბების სახით არსებული კორიბანტული – კოლხური დამწერლობა, სრულიად შესაძლებელია, ის დამწერლობა იყო, რომელიც მინოსური (A კლასის ხაზოვანი და კრეტული იეროგლიფური) დამწერლობის სახელითაა ცნობილი და რომელიც კრეტის გაუშიფრავ ფირფიტებზეა დაცული“.
აქ უნდა აღინიშნოს, რომ ძველი ბერძენი სწავლულების, ჰეკატეოს მილეტელის, აპოლონიოს როდოსელის, სტრაბონის, სტეფანე ბიზანტიელისა და ევსტათიოს თესალონიკელის მიხედვით, ტერმინი „კოლხური“ (საერთო-კოლხური, პროტო- ქართველური) მოიცავს „ძველ მესხურს“ ანუ ადრეული პერიოდის ქართულს, მეგრულს, ჭანურ-ლაზურს, სვანურსა და სხვა ქართველური ტომის გამქრალ ენებს. ლინგვისტური მასალის მიხედვით, საერთო-ფუძე-ენიდან ჩამოყალიბდა ცნობილი ქართველური ენები: საეკლესიო-სალიტურგიო-სალიტერატურო ქართული, სვანური, მეგრული და ჭანურ-ლაზური, რომელთა ერთობლიობას საერთო-ქართველური (სამხრეთ-კავკასიური) ენა ეწოდება. ამ ენათა საერთო წარმოშობის შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს: ი. გიულდენშტედმა, ი. კლაპროთმა, ფ. ბოპმა და სხვებმა. ქართველოლოგიის პიონერებმა: გ. როზენმა, მ. ბროსემ, ა. ცაგარელმა, ნ. მარმა, არნ. ჩიქობავამ, თ. გამყრელიძემ და გ. მაჭავარიანმა და სხვებმა, ცალკეულ ქართველურ ენათა შესწავლისას, შედარებითი მეთოდით გამოავლინეს ამ ენათა შორის არსებულ ფონემათა კანონზომიერი შესატყვისობები. ამ ფონემური შესატყვისობების საფუძველზე აღდგა საერთო ფუძე-ენა, რომელზეც მეტყველებდნენ უძველესი ქართველური ტომები, რომლებიც შემდეგდროინდელ ზემოხსენებულ განშტოებებად ჩამოყალიბდნენ.

3. A კლასის ხაზოვანი წარწერების აღმოჩენისა და შესწავლის მოკლე ისტორია

განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ XX ს-ის დასაწყისში, კ. კრეტაზე არქეოლოგიური გათხრების დროს ინგლისელმა არქეოლოგმა, სერ არტურ ევანსმა, იტალიელმა არქეოლოგმა ფედერიკო ჰალბერმა და სხვებმა აღმოაჩინეს ეგეოსის ზღვისპირეთში გავრცელებული ბრინჯაოს ხანის A კლასის ხაზოვანი დამწერლობით შესრულებული 1500-ზე მეტი წარწერა. ეს წარწერები წარმოდგენილია თიხის ფირფიტებზე, საბეჭდავებზე, სარიტუალო მაგიდებზე, ჭურჭლეულზე, ოქროსა და ბრინჯაოს სამკაულებსა და სხვა ნივთებზე, რომლებიც დათარიღდა ძვ.წ. XX-XIV საუკუნეებით (ილ. 3).
ევროპის, ამერიკისა და რუსეთის ავტორიტეტული მეცნიერები თვლიან, რომ A
კლასის ხაზოვანი წარწერების შემქმნელმა ხალხმა, ადრებრინჯაოს ხანაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში დააფუძნა პირველი ევროპული კულტურა და ცივილიზაცია.
ა.ევანსი, მ.ვენტრისი, ჯ.ჩედვიკი, ა.მორპურგო დევისი, ს.ლურიე, ვ.ა.ისტრინი, ა.დ.ლეისი, თ.გამყრელიძე, ვ.ივანოვი, თ.ყაუხჩიშვილი, რ.გორდეზიანი, ნ.შენგელაია და სხვები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ წარწერების ენა არაინდოევროპულია და არასემიტური.
ფ.შახერმაირის აზრით, კრეტის უძველესი წარწერების ენა, რომელსაც იგი ეგეოსურს უწოდებდა, არის სამხრეთ-კავკასიური (პროტო-ქართველური), რომლის გავრცელების არეალი იმ დროს უფრო ვრცელი იყო, ვიდრე გვიანდელ პერიოდში.
აკ.ურუშაძე წერდა: „როცა კრეტის წარწერები შეიქმნა, მცირე აზია, კუნძული კრეტა და ხმელთაშუა ზღვის მრავალი სხვა პუნქტი არაელინური − პელასგურ-კოლხური (მაგ., მაკრელთა, დოლიონთა და სხვა) მოსახლეობის სამკვიდრებელი იყო. კრეტის უძველეს მოსახლეობაში კოლხურ ტომებს დიდი ადგილი უნდა სჭეროდათ. ქართველურ ტომებს, რომელთა მემკვიდრეობითი კავშირი წინა აზიის უძველეს მოსახლეობასთან თითქმის ყველა დარგშია გამომჟღავნებული, მრავალი ძაფი აკავშირებს უძველესი კულტურის ისეთ კერასთან, როგორიც კუნძული კრეტა იყო. თქმულება კოლხთა და კორინთელთა გამგებელ აიეტზეც პელასგურ-კოლხურ სამყაროს მჭიდროდ აკავშირებს კრეტასთან: კრეტის  ლეგენდარული მეფის – მინოსის მეუღლე პასიფაე ჰელიოსის ასულია; იგი აია- კოლხეთის მეფის – აიეტისა და აიაიელი კირკეს და, მედეას მამიდა და არიადნეს დედაა“ (ილ. 2).
აკ.ურუშაძე აღნიშნავდა, რომ A კლასის ხაზოვანი წარწერების მომავალ კვლევა- ძიებაში პელასგურისა და მცირე აზიის ძველი ენების ცოცხალი გადმონაშთის – სამხრეთ-კავკასიური (ქართველური) ენების ჩართვამ შეიძლება, საქმე წარმატებით დააგვირგვინოს.
ქართველურ ენათა შედარებითი და შინაგანი რეკონსტრუქციის მასალის მიხედვით (იხ. ჩემი გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომები: https://tsu-ge.academia.edu/GiaKvashilava), ძვ.წ. XX-XIV საუკუნეების კირბები – პელაზგურ-კოლხური კულტურის უძველესი წერილობითი ძეგლები: კრეტული იეროგლიფური, ფესტოსის დისკოს, არქალოხორის ცულისა და A კლასის ხაზოვანი წარწერები - იკითხება პროტო-ქართველურ, საერთო- კოლხურ ენაზე.

4. საქართველოში აღმოჩენილი პროტო-ქართველური დამწერლობის შესახებ

საქართველოს ტერიტორიის მრავალ  ადგილას  (მაგ., დაბლაგომი  და დაფნარი –
სამტრედიის მუნიციპალიტეტი, ნოქალაქევი და ნანეფიშ ჭალე – სენაკის მუნიციპალიტეტი, სუფსა-ნატანების აუზი – სოფ. ზემო ფარცხმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ვანი და მთისძირი – ვანის მუნიციპალიტეტი, უფლისციხე – გორის მუნიციპალიტეტი, სარკინე, გრძელი მინდორი, ბაგინეთი, სამთავრო, მცხეთის აკლდამა, მოგვთაკარის სამაროვანი, კარსნისხევი, არმაზისხევი, სვეტიცხოველი – მცხეთის მუნიციპალიტეტი, ხევსურეთი, თუშეთი, თრუსოს ხეობა, სამცხე-ჯავახეთი, სვანეთი, კახეთი და სხვა.) წარმოებული არქეოლოგიური აღმოჩენებით მჟღავნდება, რომ პროტო- ქართველურ ტომებს ძვ.წ. მესამე ათასწლეულიდან დამწერლობა ჰქონდათ.
საქართველოში აღმოჩენილია ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა სახის კერამიკული ნაწარმი: ჭურჭელი, ქვევრები, ამფორები, კრამიტები და სხვა, რომლებზეც დასტურდება ფრიად საყურადღებო პროტო-ქართველური წერითი ხაზოვანი ნიშნები (ილ. 4).
პროტო-ქართველურ ხაზოვან ნიშნებს იკვლევდნენ: ნ.ბერძენიშვილი, პ.ინგოროყვა, ბ. კუფტინი, შ. ამირანაშვილი, ა. აფაქიძე, დ. ხახუტაიშვილი, ვ. თოლორდავა, გ. ლორთქიფანიძე, ვ. ლიჩელი, ჰ. ფენრიხი, გ. ყიფიანი, გ. გიგაური და სხვები.
ვახტანგ ლიჩელის შრომების მიხედვით, გერმანელი ქართველოლოგი ჰაინც ფენრიხი წერს, რომ მცხეთაში, ვანსა და სხვა ადგილებში აღმოჩენილ კერამიკულ ნაწარმზე აღბეჭდილია წერითი ნიშნები, რომლებსაც ქართველები მრგვლოვანამდე იყენებდნენ. იგი წერს: „ქართველებმა ხმელთაშუა ზღვის არეალიდან მედიტერანული წარმოშობის მარცვლოვანი დამწერლობა – თავიანთი პირველი წერითი სისტემა – საქართველოს არეალში განავრცეს. ...ფარნავაზის დროს მოხდა მარცვლოვანი დამწერლობიდან ანბანურ დამწერლობაზე, მრგვლოვანზე გადასვლა. მრავალი საუკუნის განმავლობაში ორივე ქართული დამწერლობითი სისტემა გვერდიგვერდ თანაარსებობდა. ...გაქრისტიანებით საბოლოოდ დამკვიდრდა ანბანური მრგვლოვანი დამწერლობა“ (დ. ბახტაძის თარგმანი).
მრავალი პალეოგრაფიული მასალის გათვალისწინებით ირკვევა, რომ კოლხური მარცვლოვანი დამწერლობა ოთხი ათასი წლის წინ ისახება, როდესაც პროტო- ქართველები ხმელთაშუაზღვიპირეთის, შავიზღვისპირეთის, მცირე აზიისა და კავკასიის ტერიტორიებზე იყვნენ განსახლებულნი.

5. დაბლაგომის დოქის პროტო-ქართველური ხაზოვანი წარწერის გაშიფრვა

პავლე ინგოროყვა, თავის ნაშრომში, ახსენებს ქართული ანბანის უძველეს ნიმუშებს, რომლებიც აღმოჩენილია კოლხეთის ტერიტორიაზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფ. დაბლაგომის განათხარ ძეგლებზე.
1970-1972 წლებში, სოფ. დაბლაგომში გამოვლინდა ძვ.წ. IV-III ს-ის სამარხი, რომელშიც აღმოჩენილია თიხის დოქი ოთხი ნიშნით (ილ. 5).
ვ.ლიჩელის მოსაზრებით, ეს ნიშნები მხოლოდ ძველი საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი; ამ ნიშანთა ნაერთი არის წარწერა და არაა გამორიცხული, რომ იყოს მიცვალებულის ან ღვთაების სახელი. ჰ. ფენრიხის აზრით, დაბლაგომის დოქის ნიშნებს არაფერი აქვთ საერთო ბერძნულ ასოებთან, რადგან ეს ამოუცნობი წერითი სისტემა ბერძნულ დამწერლობაზე გაცილებით ადრე არსებობდა. გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ წარწერა მარცვლოვანი დამწერლობის ნიშნებითაა შესრულებული.
ჩემს შრომებში ვისაუბრე დაბლაგომის დოქის პროტო-ქართველური ხაზოვანი წარწერის ამოკითხვის თაობაზე, რაც შესაძლებელი გახდა A კლასის ხაზოვანი და სამხრეთ - აღმოსავლეთი იბერიული (ესპანეთი) დამწერლობების სათანადო მარცვლოვანი ნიშნების ფონეტიკური გაჟღერების საშუალებით. დაბლაგომის დოქის ხაზოვანი წარწერა ამოვიკითხე შემდეგნაირად: ტე-კუ-სი-კე/ა, რომელიც, ვფიქრობ, გარდაცვლილი მამაკაცის სახელს აღნიშნავს, რასაც ვ.ლიჩელიც ვარაუდობდა. ტეკუს-იკ- ე/ა, რომელიც საკუთარი სახელის მოფერებითი ან კნინობითი ფორმაა, იყოფა შემდეგ ნაწილებად: ტეკუს- ძირეულ საკუთარ სახელად და -იკ-ე/ა რთულ სუფიქსად. ალექსანდრე ღლონტის ანთროპონიმთა ლექსიკონში დამოწმებულია მამაკაცის სახელი ტეკუს-ა, რომელიც ნაწარმოებია ტეკუს- ძირეული საკუთარი სახელის აბსოლუტურ ბოლოში -ა სუფიქსის დართვის შედეგად. -იკ-ა რთული სუფიქსის შესახებ სამეცნიერო კვლევა ქეთევან გოდერძიშვილის წიგნშია წარმოდგენილი.



6. ჯუმითის ქვის პროტო-ქართველური ხაზოვანი წარწერის ნიშნის გაშიფრვა

1986 წელს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფ. ჯუმითში, ლეჟას უბანში, დურუ ილარიონის ძე კვარაცხელიამ თავის საკარმიდამო ნაკვეთთან ახლოს აღმოაჩინა ჯუმითის ქვის პროტო-ქართველური ხაზოვანი წარწერა, რომელიც ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში ინახება. ჯუმითის ქვის წარწერაში ამოვიცანი პროტო- ქართველური დამწერლობის ერთი ნიშანი, რომელიც გავაჟღერე, როგორც ke მარცვალი (ილ. 6).
7. პროტო-ქართველური A კლასის ხაზოვანი წარწერების დეშიფრირების შესახებ ჩემი კვლევების მიხედვით, მიღებულია შემდეგი ძირითადი შედეგები:
A კლასის ხაზოვანი წარწერები შესრულებულია პროტო-ქართველურ, საერთო- კოლხურ ენაზე;
A კლასის ხაზოვან წარწერათა უმრავლესობა სამეურნეო-ადმინისტრაციული ტიპის ტექსტებია. ამ წარწერებში დასახელებულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები: ხორბალი, „დიაი“ – ქერი, „დიარი“ – პური, ფქვილი, „ყიყინა“ – ლეღვი, სელი, ღვინო, ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი, სანელებლები და სხვა;
A კლასის ხაზოვან წარწერებში დასტურდება რელიგიური, საკულტო ან საოჯახო საქმისთვის განკუთვნილი ჭურჭელი: „კატი“, „კადი“, „კაპაი“, „ასამუნე“ და სხვა (ილ. 7, 8);
A კლასის ხაზოვან წარწერებში აღრიცხულია: წვრილფეხა საქონელი (ცხვარი, თხა, ღორი), მსხვილფეხა რქოსანი საქონელი (ხარი, ძროხა), პატარა ტანის ჩლიქგაუყოფელი ცხოველი (ცხენი) და სხვა;
A კლასის ხაზოვან წარწერებში წარმოდგენილია: არითმეტიკული ოპერაციების აღმნიშვნელი ტერმინები („კურო“ – შეკრება, „კირო“ – კლება), მთელი რიცხვები, წილადი რიცხვები;
A კლასის ხაზოვანი წარწერებში დადგენილია პელასგურ-კოლხური ქალღვთაების აღმნიშვნელი სახელი („ათაინაი“ და სხვა), კერძო პირთა სახელები („კიტუნე“, „ტიტიკუ“,
„ნადარე“, „იკუტა“ და სხვა), ტოპონიმები („აია“, „კუტაი“, „ფაითო“, „ლასითი“, „იდა“,
„დიკიტე“ და სხვა), ეთნონიმები („მაკარიტე“, „კუკუდარა“) და სხვა (ილ. 9).
A კლასის ხაზოვან წარწერათა ავთენტურობა დიდი ფასეულობაა, რადგანაც ისინი წარმოგვიდგენს ღვთაებათა, საკუთარ სახელთა სიებს, შინაური ცხოველების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და საკულტო-სარიტუალო ან საოჯახო დანიშნულების ჭურჭლის აღრიცხვას, სიტყვებსა და რიცხვებს, ჩაწერილს კრეტის ცივილიზაციის შემქმნელი ქალებისა და მამაკაცების მიერ, რომლებმაც შთამომავალობას ასეთი შესანიშნავი განძი დაუტოვეს.

ნანახია: 1421-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani