Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ორნამენტის, სიმბოლოსა და ენის შესახებ

There are no translations available.

არჩილ ჭოღოშვილი
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი

უძველესი პერიოდიდანვე, გამოსახულება, ნაძერწი, ნახატი, ნათალი - იყო ინფორმაციის მიმოცვლის საშუალება, ასეთივე მნიშვნელობა ჰქონდა ენას, სიტყვას. ერთი და იმავე დანიშნულების ეს ორი საშუალება გადაეჯაჭვა ერთმანეთს და წარმოიშვა დამწერლობა, რომელმაც განავითარა ცივილიზაცია.  
ადამიანთა მოდგმის განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე, ენის წარმომქმნელი, ანუ გლოტოგონიური პროცესი მრავალგვარი და მრავალეტაპობრივი იყო. ადრეულ ეტაპებზე იგი უფრო მეტად სპონტანურ ხასიათს ატარებდა, მაგრამ, შემდგომ, თანდათანობით, რელიგიური წარმოდგენების, ტაძრებში ქურუმთა კოლეგიების ჩამოყალიბების კვალდაკვალ, ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვებამ, ეკოლოგიური სისტემების აღქმამ, მეტაფორულმა აზროვნებამ  გლოტოგონიურ პროცესს მსოფლხედვის სახე შესძინა, რასაც ნათლად მოწმობს უძველესი ენების მეცნიერული ანალიზი.  ამგვარად,  ენა  მსოფლხედვაა.
ვინაიდან ენობრივი სისტემის ერთეულების მნიშვნელობას, სემანტიკას, შინაარსობრივ მიმართებებს, სქემატურად ასახავს სემანტიკური სამკუთხედი ანუ ფრეგეს სამკუთხედი, რომლის მიხედვით კავშირი, რეფერენცია, სიტყვასა („აღმნიშვნელსა“)  და  საგანს („დენოტატს“) შორის, უმეტესწილად, ხორციელდება ცნების („აღსანიშნის“) მეშვეობით, ნათელი ხდება, თუ რა დიდი როლი ენიჭებოდა ენის წარმოქმნისა და განვითარების ისტორიულ პროცესში ბუნებრივ მოვლენებს შორის კავშირებს, მათ ასახვას გრაფიკული თუ სკულპტურული  ნიმუშების განხორციელებით, რადგან ისინი წარმოადგენენ. მატერიალურ თვალსაჩინო მოდელებს გარესამყაროს, ბუნების, ეკოსისტემის, საცხოვრისის ამა თუ იმ კომპონენტის, ე.ი. საგნის („დენოტატის“) აღნიშვნისა ერთი ან რამდენიმე სხვადასხვა სიტყვით ანუ რეფერენტული და კორეფერენტული გამონათქვამებით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ლოგიკური სისტემური აზროვნების განვითარებისათვის, მსოფლხედვისთვის. უძველესი იდეომატური სილაბური დამწერლობების ჩამოყალიბების ეპოქაში დიდი როლი მიენიჭა ერთი სიტყვისთვის (მარცვლისთვის) რამდენიმე მნიშვნელობის მიკუთვნებას (პოლისემიას).  
აქ გვინდა,  დიმიტრი თუმანიშვილის ნაშრომიდან  „ქართული ხუროთმოძღვრების საკითხები“ მოვიყვანოთ შემდეგი ციტატა:  „... შერჩათ თუ არა ამ ჩუქურთმებს, როგორც ცალკეულ სახეებს, რაიმე სემანტიკური მნიშვნელობა.  აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ  XI  საუკუნის ოსტატებისთვის, ყოველ შემთხვევაში, მათთვის, ვინც სამთავისსა და იკვში მუშაობს, თითოეულ სახეს თავისი სემანტიკა აქვს. იქ ნებისმიერი ფოთოლი, ყვავილი თუ გეომეტრიული ფიგურა  იმგვარად არის გამოქანდაკებული, რომ ეს ნამდვილად ასე უნდა ყოფილიყო. შეუძლებელია, ასე აკეთო რომელიღაც რიგითი არშია, ეს რაღაც ისეთია, რასაც გამკეთებლისთვის ღრმა მნიშვნელობა აქვს. თამარის ხანაში უკვე იშვიათია, რომ ჩუქურთმოვანი სახე მუშაობდეს, როგორც გამოსახულება - როდესაც თითოეული ფოთოლი, ყვავილი თუ ელემენტი გელაპარაკება და თითქოს გეუბნება, რომ მასში არის რაღაც საზრისი“.
სამსონ ლეჟავას მიხედვით: „ორნამენტი, როგორც ტევადი ინფორმაციული სისტემა, ხომ საზოგადოდ, მხოლოდ გამამშვენებელი არაა. ...გარკვეულწილად ამგვარი გახლდათ ირმის, ვერძის, ხარის, ჩიტის და სხვ. „იდეოგრამები“, მრავალგან შეზიარებულნი, „წილნაყარნი“ სწორედ მზის ემბლემასთან. ...ოდა-სახლი, როგორც სიმბოლური ფენომენი, მატარებელი ღრმად დაფარული იერარქიულობისა, თავისი სემანტიკური დატვირთვით, შესაძლოა ძალიან მიუახლოვდეს ქართულ დარბაზს, რომელიც დღესაც, მიუხედავად არაერთი მკვლევრის დიდად ნაყოფიერი ღვაწლისა, მაინც საიდუმლოებით მოცულ კულტურულ მონაპოვრად რჩება. ... არსებითია,რომ მორთულობა ხატოვნად გადმოსცემდა მოვლენებისა თუ სულდგმულთა ყოვლად უნივერსალურ კავშირს, სამყაროს სხვადასხვა საწყისთა ურთიერთგარდასახვა-ურთიერთშემსჭვალულობას, და მის ძირეულ ერთიანობას“.
გიორგი მარგიშვილის მიერ ნაპოვნი და აღნიშნული ანალოგიები გობეკლი თეფეს, კიდობნის, უძველესი კოლხური სახლის  თუ  დარბაზის ზოგიერთ დამახასიათებელ კონსტრუქციულ ელემენტებს  შორის, მიგვანიშნებენ თუ დროის რა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეიძლებოდა შენარჩუნებულიყო ადამიანის მიგნებები მშენებლობის, მორთულობის და, მაშასადამე, მსოფლხედვის მთელ რიგ საკვანძო საკითხებში.
თუკი საშუალო საუკუნეების ქართულ ქრისტიანულ ძეგლებში ჩუქურთმას ჯერ კიდევ შემორჩენილი ჰქონდა საზრისი, სემანტიკა, მაშინ, ადვილი წარმოსადგენია თუ ბევრად უფრო ადრინდელ წარმართულ ეპოქაში, რელიგიური, საკრალური, სიმბოლური, მეტაფორული  წარმოდგენების გაფურჩქნის გამო, რამდენად უფრო მრავალრიცხოვანი, მრავალმნიშვნელოვანი და მრავალსახოვანი იქნებოდა იმდროინდელი ორნამენტის, ქანდაკების, პიქტოგრამის, იდეოგრამის და, საერთოდ, ნებისმიერი გამოსახულების ნიმუშებში ჩადებული საზრისი, ვინაიდან, იმ დროისთვის ასეთი გამოსახულებანი დეტერმინატივის ანუ განმსაზღვრელის, მნიშვნელობის მიმთითებლის ფუნქციას ასრულებდნენ.
მეტაფორის და სიმბოლოს შექმნამ ადამიანს განუვითარა სემანტიკური ველის შეგრძნება და, მაშასადამე, სისტემური აზროვნება, მსოფლხედვა.
სემანტიკური ველი წარმოადგენს ჯგუფს სიტყვებისა, რომლებიც მნიშვნელობით (აზრობრივად) ენათესავებიან ერთმანეთს. სიმბოლო წარმოგვიდგენს რაიმეს (გამოსახულებას ან გამონათქვამს), რომელშიც იგულისხმება სხვა რაიმე.  სიმბოლო ხშირად წარმოადგენს გამონათქვამს, დადგენილებას (მაგ. წერილობითს) რწმენის, რელიგიური პრინციპების შესახებ.
მეტაფორა ორი სხვადასხვა საგნის ნაგულისხმევი და მითითებული მსგავსებაა (შედარებაა).  მეტაფორა გამონათქვამია ან გამოსახულებაა, რომელშიც სიტყვა, ფრაზა ან გამოსახულება, რომელიც, ჩვეულებრივ, გულისხმობს ერთ რაიმეს, გამოყენებულია სხვა რაიმეს  მიმართ,  ამ ორს შორის მსგავსების ხაზგასასმელად.
ნეოლითში, ახლო აღმოსავლეთში, ტიგროსისა და ევფრატის ნაპირებზე, აგრეთვე, ნილოსის ხეობასა და ლევანტში ადამიანს თანდათანობით ჩამოუყალიბდა სისტემური აზროვნება, ანუ სამყარო აღიქვა ღმერთების შექმნილ სისტემად, წყობად, მოწყობილობად, რომლის თითოეული კომპონენტი სხვა კომპონენტთან ურთიერთკავშირში იმყოფება და ეს კავშირი, ხშირად, იძენს სუბორდინაციის, მსახურების, მოციქულობის, შუამავლობის სახეს, რაც წესრიგს, წყობას უზრუნველყოფს. სამყარო, როგორც სისტემა, მოწყობილობა, დაირღვეოდა, დაიშლებოდა თუ მისი შემადგენელი ნაწილები შუამავლების, მოციქულების მეშვეობით არ იქნებოდნენ შეკავშირებულნი ყველა დონეზე. ამგვარად, სამყაროში მოძრაობის ე. ი. სიცოცხლის და წესრიგის, წყობის, განმაპირობებელი არის მოციქულობის ფენომენი, რაც ქურუმების სიმბოლური აზროვნების ქვაკუთხედი გახდა.
ბუნებრივია,  ქურუმებმა სამყაროში არსებული საგნებისა და მოვლენების სახელდებისას, ტერმინების შექმნისას ზემოთაღნიშნული ურთიერთკავშირების სიხშირე და მრავალსახეობა გაითვალისწინეს და მრავალი სიტყვის შემადგენლობაში მოციქულობის აღმნიშვნელი მარცვალი შეიტანეს.
თუ სემანტიკური მიმართებების სქემატურად ამსახველ ფრეგეს სამკუთხედს ანუ სემანტიკურ სამკუთხედს დავუბრუნდებით, მაშინ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ  ამ სამკუთხედის წვეროებში განლაგებული საგნის, ცნებისა და სიტყვის სამივე ადგილას შესაძლოა, განლაგებული იყოს მოციქულის (საკრალურის) არსის მქონე საგანი, მოციქულის (საკრალურის) არსის მქონე ცნება და მოციქულის (საკრალურის) არსის მქონე სიტყვა, რაც ხშირად მოხდებოდა  და რაც თავისთავად მიუთითებს, თუ რამდენად იყო ქურუმთა მსოფლხედვა გამსჭვალული მოციქულობის (საკრალურობის) ფენომენით და, მაშასადამე, რამდენად ხშირად და ძლიერად უნდა ასახულიყო ეს ენაში და, შესაბამისად, ორნამენტში, ჩუქურთმაში, ნახატში, ნაწერში, ქანდაკებაში და საერთოდ, ნებისმიერი სახის გამოსახულებებში.
ამგვარად, მოციქულობის, საკრალურობის  მნიშვნელობის მატარებელმა სიტყვებმა და აზრობრივად  მათთან დაკავშირებულმა, მნიშვნელობით მონათესავე მრავალრიცხოვანმა სხვა სიტყვამ ერთად შექმნეს დიდი სემანტიკური ველი, რომელმაც მოიცვა ბუნებაში, სამყაროში არსებული საგნებისა და მოვლენების შესამჩნევი ნაწილი, პირველ რიგში ისინი, რომლებიც ქურუმებისთვის რელიგიური კონცეფციების ჩამოყალიბების თვალსაზრისით იყო საინტერესო.
მოცემული ნაშრომის ძირითად მიზანს წარმოადგენს ჩვენება იმისა, რომ ამ პროცესში, იმთავითვე, ქართველური ენების მატარებელი ხალხებიც იყვნენ ჩართულნი.
ბუნებრივი იქნება პირველი მაგალითის მოყვანა ამირანის ქართველური ეპოსიდან, კერძოდ, მისი მამის სულკალმახის სახელის სახით. უკვე მრავალი წლის წინ, ქართულ მეცნიერებაში ნაჩვენები იქნა  ამ სახელის ეტიმოლოგია: ცუქალ მახი, რომელიც შუმერული ენიდან მომდინარეობს და ნიშნავს „მოციქული მაღალი“ („ცუქალი დიდი“). ასე ეწოდებოდა შუმერიდან ელამში გაგზავნილ მეფისნაცვალს (იხ. გ.მელიქიშვილი). ეს ფაქტი მოწმობს  ქართულის ძველთაგანვე არსებულ კავშირებს შუამდინარეთისა და ზაგროსის უძველეს კულტურებთან. ქართულში დადასტურებული ვარიანტებია: ციქული, ცუქალი, ცოქალი (მოციქულის მნიშვნელობით). მაგ. ხვაშაგ ცოქალი, მოციქულად გაგზავნილი ბანოვანი, ისტორიული პიროვნება (იხ.ქართლის ცხოვრება).
განვიხილოთ მოციქულის აღმნიშვნელი სიტყვების ფონეტიკური და სემანტიკური მიმართებები, ეტიმოლოგიები, და ასევე, რიგი შესაბამისი გამოსახულებებისა.
სამყაროს ერთიანი სისტემის შემადგენელი კომპონენტებიდან, სხეულებიდან, პირველ რიგში, აღსანიშნავია მზე, უძველესი რელიგიური წარმოდგენებით, ქურუმთა მსოფლხედვით იგი მთავარი შუამავალია, მოციქულია ცასა და მიწას შორის, მთავარი მსახურია სამყაროში,  მთავარი ძღვენია ბუნებისა, ყოველ სისხამ დილით, ორდოს, ის იწყებს ნათებას, გამოსცემს სითბოს, გამოეთხოვება მიწას და მიეთხოვება ცას და საღამოს, მწუხრისას, პირუკუ.  ის თავია, თხემია, სახეა, წინამძღოლია, ერთია, მრთელია, მართალია, ცხადია, აშკარაა, მაგრამ როცა ელიან და იგვიანებს - მცხვედია. დღისით იგი ეცხადება თავის სამწყსოს, უცქერს, უჭყეტს, რადგან მწყემსია, თვალია, მეთვალყურეა, მაცხოვარია, მოძღვარია, მცხუნვარეა, ბრწყინვალეა, ვარსკვლავია, მურიცხია, ამტყუასგია, ანტყუასკი, პერწკალია, ბერწყალია, ბურჯღულია, ბრჭყვიალაა, ბრდღვიალაა, ბზრიალაა, ცქრიალაა, ბორჯღალია, ბრჭყალია, ფერცხალია, ვერცხლია, ვარჩხილია, არწივია, ურჩხულია, მარჩენალია, ჩხანაა, ცხონებაა, ტყინებაა, ცეცხლია, ცხოველია, ცხელია, ცოცხალია, საღია, თხემია, ასხივოსნებს, ებრძვის წყვდიადს, მოძრაობს, ცასა და მიწას შორის ლივლივებს, ცეკვავს, ილტვის, ჩქარობს, ცხარობს.  საღამოს კი ცხრება, ჭკნება, წყნარდება, მკრთალდება, მორცხვობს, იკრძალვის, მარხულობს, მარცხდება, მიწის წიაღში, წყვდიადში  იჩქმალება, ქვესკნელში ემწყვდევა, ინასკვება, ეტყვევება, წყვეტს ნათებას, სხივებას, სხივების, სქუების, შვილების სხმას, ზვებას, შობას.  იგი მსხმოიარეა, სხივებთან ერთად ქმნის ჯგუფს, წყობას, მწყობრს, მწკრივს, მარჩბივს, მრჩობლს, წყვილს, ტყუპს, ჭაღს, ქრცხას, კრჩხას, გრჯღას, ბრჯღას, ბუჩქს, ჭკუღელს, ჭუღელს (უღელს). მზე სარტყელია, ერტყმის დედამიწას, მისი სხივები ერთხმის მიწაწყალს. მზე მთავარი მსხვერპლშეწირვის სახეა, ხატია, ვინაიდან, ყოველ საღამოს მსხვერპლად  ეწირება, კვდება, გარდაისახება, სხვა ხდება, იცვლება, გარდაიცვლება, იმარხება, იკრძალება, რომ დილით კვლავ ამობრწყინდეს, აღორძინდეს. ამგვარად, იგი მსხვერპლია, ცხვარია, ზვარაკია, ზვარია, ჯვარია, მოკავშირეა, მოციქულია, საკრალურია, ციკლურია.  ერთდროულად  ერთიცაა, მრთელი, საღი (მისი გული- ბირთვი -საშო) და მრავალიც, მრევლიც  ზვინი, მჭელი, ჭაღი, ძნა, წნული, სკა, სერტყი, ნასკვი (სხივები - შვილები),  იგი სხვებს აკავშირებს ერთმანეთთან, მაგრამ თვითონ მარტოა ცაზე, მარტვილია, მარტ(მ)ყოფია, ვინაიდან, მის უძლიერეს შუქზე  სხვა მნათობები არ ჩანან.
მზე, მისი სხივები, როგორც მოვლენა,  კანონზომიერ სემანტიკურ და ფონეტიკურ კავშირშია ქართველურ ენებში ძველთაგანვე დადასტურებულ სიტყვებთან: დეღი, დღე, შხა, ჩხა, მცხე, ბჟა, მიშ, ოცხე, უაშხუ, მაშხუმ, ოძრხე, ოშკი, მახ, მაყ, მათხ,  მატყლ, მითხ,  მსხემი, მესხი, მარჯვენა, მარცხენა, უთუ, უტუ, უშგული, აშკარა, უჩხული (მზე დრაკონიცაა), დუდი, ოდეს, მარდი, ორძილი, არდი, რთვა, რთული, ზოგი, მარჩბივი, მრჩობლი, არდადეგი, შმაგი, მიზანი, ჟამი, დრო, წამი, წუთი, წვა, წელი, წელიწადი, შარშან და სხვ.  
ზემოთმოყვანილი, მზისა და მზის ღვთაებებთან დაკავშირებული სემანტიკური ველის განხილვისას, შესამჩნევია  ქართველური  ენებისთვის უაღრესად დამახასიათებელი, უმეტესწილად, დეცესიური ჰარმონიული თანხმოვანთკომპლექსების სიმრავლე:  ძღ, სხ, წყ, თხ, ცხ, ცქ, ჭყ, სკ, წკ, ჯღ, დღ, ჩხ, ტყ, ჩქ, ჯგ, ჭკ, სხ, რძ, რთ, რდ, გვ, ზვ, ჯვ   და   ხშირად, მათი მონაწილეობით წარმოქმნილი უფრო რთული თანხმოვანთკომპლექსები:  ძღვ, ცხვ, ბზრ, ცქრ, რცხ, რჯღ, მწყ, რჯვ, მწყს, ბრწყ, ბრჭყ, გრჯღ, ქრცხ, კრჩხ, მკრთ, ბრდღვ და სხვ.
ამავე დროს, თითქმის ყველა ზემოთჩამოთვლილ  სიტყვებსა და თანხმოვანთკომპლექსებში ნათლად ჩანს მზისა და მისი სხივების მოციქულობის,  ციქულობის, ციკლურობის,  საკრალურობის, მსხვერპლობის ფენომენი და ისინი, უმეტესწილად, წარმოადგენენ ერთმანეთის კანონზომიერ  სემანტიკურ  და  ასევე, ფონეტიკურ  ვარიანტებს.
ასევე  უმნიშვნელოვანესნი იყვნენ ამინდის განმაპირობებელი  ღმერთები: ელჭექის, წვიმის, თოვლის, სეტყვის, ქარიშხლის გამომწვევნი. წყალი მათი მეურვეობის ერთ-ერთი  უმთავრესი ობიექტია.  ცხადია, რომ  წყალი ციქულია, საკრალია, ციკლია:  ეს სიტყვები ერთმანეთის არამხოლოდ კანონზომიერ ფონეტიკურ ვარიანტებს წარმოადგენენ, რასაც მოწმობს   წყ - ციქ - საკ - ციკ   ვარიაციის კანონზომიერი ხასიათი,  არამედ,  ანალოგიური საზრისის მატარებელნიც არიან: სემანტიკურ  ველს ქმნიან.  წყლის, წყაროს,  მოციქულობა  ძალიან თვალსაჩინოა ცასა და მიწას შორის წრებრუნვის,  ციკლურობის  გამო:  იგი სხვადასხვა სახით ციდან, ღრუბლებიდან მიწაზე  ჩამოედინება  და ისევ  ცას უბრუნდება ორთქლის სახით.
ქართველურ ენებში ამინდის ღმერთის ერთ-ერთი უძველესი სახელია  თახა (თაყა). მეგრულში და ზანურში სამშაბათს  თახაშხა (თახასდღე) ეწოდება.  ქართველურ ენებში წვიმისა და სხვა სახის ნალექებიდან მოვიყვანთ მხოლოდ იმათ, რომელთაც თანხმოვანთკომპლექსების შემცველი სახელები აქვთ: თავსხმა, ზესხმა, ზღველა, დელგმა, თქეში, თქორი, ისხარი, სეტყვა, სკარხალი,  კოხშინშხალი (სეტყვა ქარიშხლიანი), ლეზღმა, ლეშხი, ლიჟღი, ლოშქრი, ჟვავი, მცხვედი, ნავერღვენა, ჟგეთა, ჟინჟღლი, ჟღვიპი, ჟღმურტლი, საფურცლო, ფუნთხი, ქირსლა, ღვართქაფი, ღლოფო, შხაპი, შხეპა, შხაპუნა, შხუმფლვა, ჭყაპი, ჭყუმპალაობა, ჩქაფი, ცვარი, ცრა, წინწკლვა, ჭყიჟორი, ხორხოშა, ზღვა, ტბა, ტბორი, მტკვარი, მტკნარი, ჩანჩქერი, ოჩხამური, ფსა, ფშა, ფშანი, ვსება, ფსება, მსება, წვეთი, წკენტა, წყარო, თხევა, სითხე, რეცხვა, რწყვა, რწყევა, რღვნა, წარღვნა, წყალღვრა, თხრამლი, ზვავი, შვავი, წყალდიდობა, მეწყერი, წყალწყვა, სხურება, წყურვილი, წყლურება, წყალობა, სისხლი, ცხება, ჟღენთვა, ყვინთვა, ლღობა, ლხობა, ლტობა, წვენი, რძე (სძე), ჭყინტი, ჟღვინტი, სკინტი, სკორე, ორთქლი, აორთქლება, ოშხივარი (ოხშივარი) და სხვ.
როგორც ვხედავთ, ამინდისა და წყლის სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენათა სახელებშიც ძალიან ხშირია თანხმოვანთკომპლექსები:  წყ, თქ, სხ, ლგ, ტყ, რხ, შხ, ჟღ, შქ, ჟვ, ჟგ, რტ, ღვ, ღლ, ჭყ, მპ, ჩქ, ცვ, ცრ, რხ, ტბ, ფს, ფშ, ვს, მს, წვ, წკ, თხ, ზვ, ცხ, ყვ, ლღ, ლხ, ლტ, რძ, სძ, სკ, ზღმ, ცხვ, რღვ, ნჟღ, ჟღვ, ჟღმ, რცლ, ნჩქ, რწყ, თხრ, წყვ, მტკვ, მტკნ, რწყვ, რყვნ, ნწკლვ, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ერთმანეთის კანონზომიერ ფონეტიკურ ვარიანტებს წარმოადგენენ.
ვინაიდან, ზემოთმოყვანილ სიტყვათა და მათში შემავალ თანხმოვანთკომპლექსთა  უმრავლესობა მნიშვნელობით  წყლის ფენომენთან ასოცირდებიან ე.ი. წყლის სემანტიკურ ველს ქმნიან, არ არის გასაკვირი, რომ მათი უმეტესობა ერთმანეთის კანონზომიერ ფონეტიკურ ვარიანტებსაც წარმოადგენენ, ხოლო რამდენადაც, როგორც აღვნიშნეთ, ბუნებაში წყალი ციქულს, საკრალს, ციკლს, სისხლს, მსხვერპლს, მსახურებას, მოციქულობას, საკრალურობას, ღვთისმსახურებას უკავშირდება, იმდენადვე, ზემოთმოყვანილი სიტყვებიც და თანხმოვანთკომპლექსებიც  მოციქულობის, ციკლურობის, საკრალურობის, მსხვერპლშეწირვის ფენომენთან ასოცირდებიან.
რაც შეეხება ამინდისა და ელჭექის, ჭექაქუხილის, ცეცხლის ტყორცნის, მეხის ტყორცნის, მეხის ტეხის, ჭექის, ჭეხის, ჩეკის, ჯგრაგის,  ჯახების,  ძგერების, ტყინების, ტყველვის, ტყდომის, სკდომის, წყალობის, თხევის, სხმის, სეტყვის, ცისარტყელას, თაღის, თხემის, თხუმის, თაყვანის, თაყვანისცემის და სხვა მოვლენების  შემოქმედ ღვთაება თახას, თაყას, ტხას, ტყას, მის სახელთან ასოცირება ზემოთჩამოთვლილი სიტყვებისა აშკარაა.       ფონეტიკურადაც და სემანტიკურადაც კანონზომიერი ვარიანტებია:  თახ, თაყ, ჭექ, ჭეხ, ჩეკ, ტაკ, ჯახ, ტეხ, ტახ, თაღ, ძგ, ტყ, ტყვ, ტყდ, სკდ, წყ, თხ, სკ, სხ, ჭხ, ჯგ.
საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა მთას, ამაზე და არა მხოლოდ კონსტრუქციულ საჭიროებებზე მეტყველებს უძველესი პირამიდებისა და ზიქურატების  საფეხურებიანი  ფერდები, რომლებიც  წარმოადგენდნენ „კიბეს ცაში“.  ამის დამადასტურებელ  კიდევ ერთ საბუთს იძლევა მითანის ხურიტული სახელმწიფოს მეფის თუშრათას ცნობილი წერილი ეგვიპტის ფარაონისადმი (დაახლ.1400 წ. ჩ წ-მდე, ამარნას არქივი), რომელშიც იგი ბოდიშს უხდის ფარაონს დაგვიანებული შეხმიანებისთვის და ამის მიზეზად ასახელებს გარდაცვლილი მამისთვის კარასკის მშენებლობას. მიგვაჩნია, რომ კარასკი ფონეტიკურადაც და სემანტიკურადაც  ახლოსაა  ქართულ და სომხურ ენებში კარგად შემონახულ ტერმინთან ხარისხი, რაც ნიშნავს ქვიტკირის კიბეს, საფეხურებს.
ამგვარად, როგორც ჩანს, თუშრათა გარდაცვლილ მამას კარასკს (საფეხურებიან მავზოლეუმს, ყორღანს, ტაგრუცს)  უშენებდა  მისი სულის ცაში ასასვლელად.   მთასთან დაკავშირებული სახელები: ზეგანი, სვან. ზაგარ, ასახავენ  მთის,  როგორც ტერიტორიის  გამყოფის ფუნქციას  და, შესაბამისად, ზაგარ  ფონეტიკურად და სემანტიკურად  გვაძლევს  კანონზომიერ ვარიანტებს  ზღვარი, სანგარი,ზღურბლი,  ზურგი, ზუკი (კუზი), ზღუდე, ძგიდე, ზე, ზეზე, ზემო, სვან. ჟიბე,  დექ, დეგ, ძეგლი, სახლი,  ჯიხური, ციხე, ჯიხა, ცხვირი, შვერილი, შვეული, შვეტი, სვეტი, წვეტი, ჭვინტი, შუბლი, შუპილი, ჭოპი, რომლებიც, თავის მხრივ, ეტიმოლოგიურად  შეგვიძლია დავუკავშიროთ  შუამდინარეთში  გავრცელებულ ტერმინებს საგ „თავი“,  ზიქურატ „ძეგლი, ტაძარი“,  შედუ „მთა“,  ხოლო  შუბლი,  შუპილი, ზემო,  სვან, ჟიბე  ტერმინს - ჯაბალ “მთიანეთი“.
უძველესი დროიდანვე  ადამიანს დაუოკებელი სურვილი გაუჩნდა, გამოესახა  არა მხოლოდ სამყაროში არსებული  და ხილული საგნები, არამედ, მათი ურთიერთობა, კავშირი მასთან და ერთმანეთთან და, უმთავრესად, სწორედ ეს კავშირურთიერთობა დაუდო საფუძვლად თავის რელიგიურ მსოფლხედვას მოციქულის, მსხვერპლის, საკრალურის, ციკლურის და მათთან  ასოცირებულ  ფენომენთა წარმოსადგენად, „გასაცოცხლებლად“ ნახატის, ნაკაწრის, ფერწერის, ნაკეთობის სახით, რასაც თან ერთვოდა შესაბამის სიტყვათა შექმნა და წარმოთქმა. ამგვარად, მსოფლხედვა, ხელოვნება და ენა არა მხოლოდ თანადროულად,  არამედ, საერთო საფუძველზე შეიქმნენ.
გამოსახვის ეს დაუოკებელი სურვილი ცნობისმოყვარეობის  და შემოქმედებისკენ (კრეატიულობისკენ) ზოგადი მიდრეკილების გარდა, ეფუძნებოდა მონადირისა და შემგროვებლის, შემდგომ, მეცხოველისა და მიწათმოქმედის, მკვიდრი მოსახლის, მევენახისა და ლითონმკეთებლის აუცილებელ და სასიცოცხლო საჭიროებებს. ის ამ გამოსახულებებს სიმბოლოებად აღიქვამდა,  ეს სიმბოლური გამოსახულებები მისთვის  განმსაზღვრელებად, დეტერმინატივებად იქცნენ და ამგვარად, ენაში შევიდნენ კლასკატეგორიების სახით, რომელთაც ადამიანი ადვილად „კითხულობდა“ და  ინსტრუქციებად იყენებდა, რის საფუძველზეც, თანდათანობით, ჩამოყალიბდა პიკტოგრაფია  და  სხვა სახის დამწერლობები, მაგრამ  ნახატები, ორნამენტები, ქანდაკებები, ძეგლები არ გაქრნენ, ვინაიდან, უძლიერეს სიმბოლოებს წარმოადგენდნენ  და  უტილიტარულის გარდა,  საკრალურ  დატვირთვას  ატარებდნენ.
ამგვარად, გამოსახულებები, ნახატები, ორნამენტები, ნაკეთობები, ე.ი. სიმბოლოები, განმსაზღვრელებად, დეტერმინატივებად იქცნენ და, შესაბამისად, ენებში  კლასკატეგორიებად  მოგვევლინნენ. თუ რა დიდი როლი ენიჭებოდათ ენებში  დეტერმინატივებს (მაგ. შუმერულ-აქადურ იდეომატურ დამწერლობაში) და  კლასკატეგორიის ნიშნებს მრავალ ენაში (მათ  შორის, ჩრდილოკავკასიურ ენებში  და  ქართულშიც  აღინიშნება მათი ნაკვალევი),  იხ. ივ.ჯავახიშვილი და სხვ.
სწორედ ეს საკრალური ფენომენი აისახა, ჩაშენდა, შესისხორცლდა   და  შენარჩუნდა ქართველურ ენებში, უმთავრესად, ე.წ. ჰარმონიული დეცესიური  თანხმოვანთკომპლექსების  სახით,
ხოლო  თვით  საკრალურობის  აღქმა - შეგრძნება  მომდინარეობდა  უღრმესი  ეკოლოგიური  წვდომისგან, ურომლისოდაც იმდროინდელი მონადირე-შემგროვებელი ადამიანი უეჭველად დაიღუპებოდა ველურ ბუნებაში შიმშილისგან და დაუცველობისგან.  ეკოლოგიის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს ბუნებაში,  ეკოსისტემაში  კვებითი ჯაჭვების დადგენა ციკლში: პროდუცენტი (მცენარე) - პირველადი კონსუმენტი (მძოველი) - მეორადი კონსუმენტი (მტაცებელი) - მესამეული კონსუმენტი (ნიადაგის ლეშისმჭამელები) - ისევ პროდუცენტი (მცენარე).  ნათელია, რომ ამ წრებრუნვაში (ციკლში) რიგრიგობით ყოველი მონაწილე  შემდეგის მსხვერპლი ხდება, მაშასადამე,  ეს არის  მსხვერპლის წრებრუნვა  და  არ არის გასაკვირი, რომ ქვის ხანის ადამიანმა, რომელიც იძულებული იყო მსხვერპლობის ეს უსასრულო ციკლი  არა მხოლოდ  ყოველდღე  ეხილა, არამედ, მისი უშუალო მონაწილეც გამხდარიყო, ამის ანალოგიური მსხვერპლშეწირვა თავის საკრალურ, რელიგიურ რიტუალში შეეტანა ღვთაებისთვის  მსხვერპლის მოციქულად, მსახურად, საჩუქრად მიძღვნის მიზნით.  
ამგვარად, ნათელია, რომ მზის ღვთაების სემანტიკური ველი გაჯერებულია ქართული ჰარმონიული დეცესიური თანხმოვანთკომპლექსების შემცველი სიტყვებით. ამინდის ღვთაების სემანტიკური ველიც, ასევე, გაჯერებულია იმავე თანხმოვანთკომპლექსებით. თანხმოვანთკომპლექსები, უმეტესწილად, წარმოადგენენ ხმოვნის შეკვეცის შედეგს (სინკოპს). მიგვაჩნია, რომ თანხმოვანთკომპლექსების შემცველი ზემოთმოყვანილი ქართული სიტყვები წარმოადგენენ კანონზომიერ ფონეტიკურ და სემანტიკურ ვარიანტებს უძველესი ახლოაღმოსავლური შუმერული: sag “თავი“,  siki “სხივი, მატყლი“, di(n)gir “ღმერთი“, guskin“ოქრო“, iskur “ამინდის ღმერთი“, sukkal makh “მოციქული მაღალი“, ხათური, ხეთური: tukh katte “უფლისწული“, eshkhu “ ღმერთი, კეთილშობილი, საკრალური, მოძღვარი, ვერცხლი“,  ხური-ურარტული: iskhara “ამინდის ქალღვთაება“, itki “საკრალური განბანვა“, ელამური: sunki “მეფე“, shak “უფლისწული“,  და სხვა ტერმინებისა.
ნათელია, რომ ზემოთმოყვანილი თანხმოვანთკომპლექსები, ძალიან ხშირად გვხვდება საკრალური, სიმბოლური ხასიათის სიტყვებში და მათი მრავალფეროვნება, ბუნებრივია, განპირობებულია ქართველურ და საერთოდ, კავკასიურ ენებში თანხმოვნების მრავალფეროვნებით.
შეიძლება ითქვას, თანხმოვანთკომპლექსები ქართველური ენების ჩუქურთმაა, ორნამენტია.
ასეთივე საკრალური, სიმბოლური  დანიშნულების, მაგრამ მატერიალური სახის ძეგლები, ქანდაკებები, ნაძერწები, ნახატები, ორნამენტები, რომლებიც იმავე შინაარსის შემცველნი არიან, როგორისაც ზემოთმოყვანილი თანხმოვანთკომპლექსებიანი სიტყვები, უძველესი დროიდან გვხვდებიან კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში (იხ. სურ).  თუკი შევეცდებით სურათებზე მოყვანილი ამ კარგად ცნობილი, სრულიად სხვადასხვა ეპოქის სახვითი ხელოვნების ნიმუშების სემანტიკური ველის სიტყვიერ აღწერას, შევამჩნევთ, რომ ხშირად გამოვიყენებთ თანხმოვანთკომპლექსების შემცველ იმავე  ტერმინებს, რომლებიც მზის და ამინდის ღვთაებების აღწერისას გამოვიყენეთ, რაც არ აიხსნება მხოლოდ ქართველურ ენებში თანხმოვნების სიმრავლით, არამედ, სახვითი ხელოვნების ამ ნიმუშებში ჩაქსოვილი საკრალური, სიმბოლური მნიშვნელობითაა, უმთავრესად, განპირობებული და საშუალებას გვაძლევს, გამოვიტანოთ დასკვნა ქართველური ენების ზემოთაღნიშნული თვისების უშუალო კავშირზე საკრალურ, სიმბოლურ მსოფლხედვასთან  და მის  გადმომცემ  სახვით ხელოვნებასთან.
ბიბლიოგრაფია:
1. დიმიტრი თუმანიშვილი. ქართული ხუროთმოძღვრების საკითხები. თბილისი, 2022, გვ.210.
2. სამსონ ლეჟავა, მირიან კილაძე, კაცია გიორგობიანი. კოლხური ოდა-სახლები რაჭაში. თბილისი, 2007, გვ.9.
3. სამსონ ლეჟავა. კონფერენცია „ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება“ (წარსული, აწმყო, მომავალი), AKADEMIA, 7, გვ.112.
4. გიორგი მარგიშვილი. ნოეს კიდობნის აგებულების შესახებ. AKADEMIA, 8-9, 2021, გვ.75.
5. გიორგი ჯავახიშვილი. ანთროპომორფული პლასტიკა წარმართული ხანის საქართველოში. თბილისი, 1984, ტაბულები.
6. დევიდ ლენგი.  ქართველები. მოსკოვი, 2004 (რუს. ენაზე, ილუსტრაციები).
7. არჩილ ჭოღოშვილი. ნეოლითური სახლის განვითარების შესახებ. AKADEMIA  7, 2018 – 2019, გვ.29.
8. გიორგი მელიქიშვილი. ნაირი ურარტუ. თბილისი, 1954 (რუს.ენაზე).
9. მზია ანდრონიკაშვილი. ნარკვევები ირანულ - ქართული ენობრივი ურთიერთობიდან. თბილისი, 1966, ტომი 1.
10. მზია ანდრონიკაშვილი. ნარკვევები ირანულ - ქართული ენობრივი ურთიერთობიდან. 1996, ტომი 2, თურქულ - ლაზურ - მეგრული მონაცემების გათვალისწინებით.
11. მზია ანდრონიკაშვილი. ერთის აღმნიშვნელი სიტყვების რიგი ქართულში. პერსპექტივა  - 21, 2005, გვ.18.
12. მზია ანდრონიკაშვილი, არჩილ ჭოღოშვილი. ნარკვევი ქართული საგვარეულო სახელის - ლეჟავას ეტიმოლოგიისათვის. თბილისი, 2005.
13. E.J. Furnee. Die wichtigsten konsonantischen Erscheinungen des Vorgriechischen,The Hague-Paris: Mouton, 1972.
14. E.J. Furnee. Vorgriechisch – Kartvelisches, Studien zum ostmediterranen Substrat nebst einem Versuch zu einer neuen pelasgischen Theorie, Louvain: Editions Peeters,1979.
15. თ.გამყრელიძე. ვ.ივანოვი, ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები. თბილისი,1984, ნაწილი მეორე (რუს.ენაზე).
16. Йозеф Клима.  Общество и культура древнего Диуречья. Прага -  АРТИЯ,  1967.
17. И. М.Дьяконов. Языки древней передней азии. Москва, 1967.
18. В. И.  Авдиев,  История древнего востока,  Ленинград, 1953.
19. გრიგოლ გიორგაძე, უძველესი ახლოაღმოსავლური ეთნოსები და ქართველთა წარმომავლობა. თბილისი, 2002.
20. სულხან საბა ორბელიანი. სიტყვის კონა. თბილისი, 1949.
21. დავით ჩუბინაშვილი. ქართულ - რუსული ლექსიკონი. თბილისი, 1984.
22. ვარლამ თოფურია, მაქსიმე ქალდანი. სვანური ლექსიკონი. თბილისი, 2000.
23. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. თბილისი,1928.
24. რ. გორდეზიანი. ქართული თვითშეგნების ჩამოყალიბების პრობლემა. თბილისი, 1993.
25. რ. გორდეზიანი. წინაბერძნული და ქართველური. თბილისი, 1985.
26. თამაზ გამყრელიძე, ზაზა კიკნაძე, ინგა შადური, ნანა შენგელაია. თეორიული ენათმეცნიერების კურსი. თბილისი, 2003.
27. ნ. ხაზარაძე, საქართველოს ძველი ისტორიის ეთნო - პოლიტიკური პრობლემები. თბილისი,1984.
28. ნ. ხაზარაძე. ბიბლია და მესხების ძველი ისტორია. თბილისი, 2000.   

ნანახია: 535-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani