Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ორნამენტი ქართულ ლითონმქანდაკებლობაში

There are no translations available.

ანა შანშიაშვილი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ტრადიციული რეწვის ასოციაციის ხელმძღვანელი

რეგიონში არსებული მდიდარი ბუნებრივი რესურსების წყალობით, საქართველოში მეტალურგიული ტრადიცია ჯერ კიდევ ადრეული ბრინჯაოს ხანიდან განვითარდა, კერძოდ, ძვ.წ. IV-III ათასწლეულში, როდესაც სამხრეთ კავკასიაში მტკვარ-არაქსის კულტურა იყო გავრცელებული (ძვ წ. 3500-2400). უკვე ამ პერიოდის არქეოლოგიური მასალა მოწმობს ლითონის დამუშავების მაღალ ოსტატობას, რაც კიდევ უფრო მეტად შუა ბრინჯაოს ხანაში, ე.წ. ყორღანულ კულტურაში ვითარდება. ამასთანავე, ადრეული ლითონმქნადაკებლობის ნიმუშებშივე გვხვდება ორნამენტული მოტივების სიმდიდრე, დაწყებული მარტივი გეომეტრიული ფორმებით - სამკუთხედებით, წრეებითა და ხვეულებით,  დასრულებული მცენარეული  (ყურძნის მტევნები, მუხის ფოთლებით და ა.შ.) და  ზოომორფული და ანთროპომორფული ელემენტების სინთეზით მიღწეული დეკორით. 
ყოველივე ეს, უკვე უძველესი დროიდან, მიუთითებს ამ სახეების როგორც მხატვრულ-დეკორატიულ, ისე, სიმბოლურ დანიშნულებაზე.  
ორნამენტული მოტივების ანალიზი თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ წინარექრისტიანული ლითონმქანდაკებლობის სახეების უმეტესობა დაკავშირებულია ნაყოფიერების უძველეს კულტთან და, შესაბამისად, სეზონური კვდომა-განახლების თემასთან, რომელიც ზოგადად დამახასიათებელია უძველესი სამიწათმოქმედო კულტებისთვის. უპირველესად კი, ნაყოფიერების კულტს უკავშირდება ისეთი უნივერსალური სახე, როგორიცაა სიცოცხლის ხე (Axis mundi) - სამყაროს ღერძის განსახიერება, რომელიც ქვესკნელის, მიწიერი სამყაროსა და ზესკნელის შემაკავშირებელია. იგი უძველესი ლითონმქანდაკებლობის ნიმუშებზე სხვადასხვა ფორმით გამოისახება, იქნება ეს მარადმწვანე წიწვოვანი ან ფართოფოთლოვანი ხეები თუ ვაზი. ყოველი მათგანი მარადიულობის და მუდმივი განახლების სიმბოლოს განასახიერებს და უძველეს არქეტიპს წარმოადგენს.
ხის ფართოდ გაშლილი ტოტები, ხშირად, ვარდულის (ასევე ბორჯღალა, ხვეული, სვასტიკა და სხვა) ფორმით წარმოგვიდგება, რადგან ციურ სამყაროსთან სიახლოვის გამო სოლარულ სიმბოლიკას ატარებს. სიცოცხლის ხის უნივერსალური არქეტიპის სხვადასხვა ნაწილთან შესაბამისობაშია ზოომორფული სახეებიც: ფრინველები, რომლებიც ხის კენწეროში ბინადრობენ - მის ზედა გატოტვილ ნაწილს შეესაბამება, ჩლიქოსნები: ირმები, ჯიხვები, თხები და სხვა - მის ღეროს, ხოლო თევზები, გველები, ბაყაყები და სხვა წყლისა და მიწისქვეშ მცხოვრები არსებები - ფესვებს.
სიცოცხლის ხის თემასთან კავშირში განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ირმის გამოსახულება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ლითონმქანდაკებლობის ნიმუშებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.  მას ვხვდებით ქვაცხელების სპილენძის დიადემის (ძვ.წ. III ათასწლეული) დეკორში, სადაც ირმის ფიგურები ასტრალური სიმბოლოებსა და წეროს გამოსახულებასთან ერთად არის წარმოდგენილი. ირმების მწკრივია მოცემული თრიალეთის ვერცხლის თასზეც, (ძვ. წ. XVIII-XVII სს.), სადაც ირმების პროცესია ქურუმის ფიგურასთან გამოსახული სიცოცხლის ხის სახესთან კომბინაციაში წარმოგვიდგება. ირმის ფიგურები მრავლადაა წარმოდგენილი ბრინჯაოს მცირე პლასტიკის (მაგ. წითელგორები, კახეთი, ძვ. წთ. XIV- XIII სს., ნარეკვავის სამაროვანის აღმოჩენები ძვ.წ. VIII-VII სს.), ბრინჯაოს შტანდარტების ნიმუშებზე (მაგ. ბერიკლდეები, ძვ. წთ. XV ს.), კოლხური ცულების (ძვ.წ. XV-VII_VI სს.) და ბრინჯაოს სარტყლების (ძვ.წ. IX-VII სს.) გრავირებულ ორნამენტში. განსაკუთრებით საინტერესოა ვანში აღმოჩენილი ოქროს ჭვირული თავსამკაული (ძვ. წ. IV ს.), სადაც ირმის ცენტრალური ფიგურა მის გარშემო განლაგებული უფრო მცირე ზომის ცხოველებითა და მისი ორნამენტირებული რქებით შექმნილ დეკორშია ჩართული. ანალოგიურ სქემასვე მიჰყვება ანტიკური პერიოდის ბრინჯაოს ჭვირული ბალთების უმეტესობა, რომელთა შთამბეჭდავი რაოდენობა ადგილობრივი ტრადიციის უწყვეტობაზე მიუთითებს.
წინაქრისტიანული მასალის შესწავლის საფუძველზე მკვლევართა უმეტესობა მივიდა დასკვნამდე, რომ ირემი ამ ტერიტორიაზე მოსახლე უძველესი ადამიანის რწმენა-წარმოდგენებში, თავისი, ხშირ შემთხვევაში, უტრირებული რქებით, სიცოცხლის ხის ეკვივალენტად და ზესკნელისა და მიწიერი სამყაროს შემაკავშირებელ სიმბოლოდ მოიაზრებოდა (ფანცხავა, 1988: 40, წერეთელი 2009: 45-50, ხიდაშელი 2010: 415-432).
არანაკლებ საინტერესოა ფრინველის სახის ანალიზი, რომელიც ძალზე ხშირად გვხვდება საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი წინაქრისტიანული არტეფაქტების, მცირე პლასტიკის: ცულების, სარტყლების, ბალთების თუ სამკაულის ორნამენტულ გაფორმებაში. ფრინველები მოიაზრებიან სამყაროს ღერძის (სიცოცხლის ხის) კენწეროს – ზესკნელის ბინადრებად და, ამავდროულად, სხვადასხვა სკნელს შორის გადამფრენ, მედიატორ არსებებად და ადამიანის სულის სიმბოლოდ.      
ამის საუკეთესო მაგალითია უძველესი ქვაცხელების სპილენძის დიადემის გამოსახულება წეროთი (ძვ.წ. III ათასწლეული), სადაც ამ ფრინველის სიმბოლიკა მზის სხვადასხვა ფაზასთან და ნაყოფიერების კულტთან უნდა იყოს დაკავშირებული (კლდიაშვილი, 2005: 11-20). ჩიტის ასტრალურ სიმბოლიკასთან კავშირზე მიგვანიშნებს მელაანის ძვ. წელთაღრიცხვით XIV-XII სს-ით დათარიღებული საკიდი, სვასტიკებისა და ჯაჭვზე დაკიდებული ფრინველთა გამოსახულებებით, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძვ. წ.  XVI-XIV სს. ბრინჯაოს ჭვირული დისკოები, რომელთა უმეტესობა აღმოჩენილია ბორჯომის ხეობაში სამაროვნების ტერიტორიაზე, ქალების სამარხებში (ღამბაშიძე: 1999). დისკოების უმეტესობისთვის დამახასიათებელია ცენტრალური კოპის გარშემო წრიულად დაჯგუფებული ჭვირული ბორჯღალების გამოსახვა და, ასევე, ჯაჭვებზე დაკიდებულ ფრინველთა ფიგურების არსებობა, რაც ჩიტისა და მზის სიმბოლური ურთიერთკავშირის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულებაა.  ფრინველის ასტრალურ სიმბოლიკასთან კავშირზე მიგვანიშნებს ვანისა და საირხის (ძვ. წ. V-IV სს.) გათხრებისას აღმოჩენილი ე.წ. სხივანა და ბურთულიანი საყურეები და სასაფეთქლეები (სურ.), სადაც ცვარას ურთულესი ტექნიკით გაფორმებული ჩიტების გამოსახულებები პირდაპირ უკავშირდება ვარდულის ასტრალურ სიმბოლიკას. ამ მხრივ, ასევე, განსაკუთრებით საინტერესოა ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ჭვირული ბალთა, მზის დისკოს ცენტრალური გამოსახულებით, რომელსაც ფრინველები ატრიალებენ.
საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ, სიცოცხლის ხის თემა ვაზის ევქარისტიული სიმბოლიკით იცვლება, ხოლო, ამ კულტთან დაკავშირებული ზოომორფული სახეები ახლებურ ქრისტიანულ კონოტაციას იძენს. ვაზის თემის მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს წმ. ნინოს ვაზის ჯვრის ისტორია, რაც კიდევ უფრო ამყარებს ვაზის, ცხოველმყოფელი  ჯვრისა და სიცოცხლის ხის, როგორც ეკვივალენტი სახეების კავშირს. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ საეკლესიო ლითონმქანდაკებლობის ნიმუშების ორნამენტიკაში, რომელთა უმეტესობა თეგური ტექნიკითაა შესრულებული, წამყვანი როლი ვაზის ფოთლის ვარიაციებს უჭირავს (ხახულის კარედი, ბექა ოპიზრის შემოქმედება და სხვა).
ქრისტიანულ ხელოვნებაში საყოველთაოდ გავრცელებული ორნამენტული მოტივების პარალელურად, განსაკუთრებით საგულისხმოა ქართული ლითონმქანდაკებლობის ისეთი ნიმუშები, სადაც დასტურდება ისეთი სახეების არსებობაც, რომლებიც პირდაპირ კავშირს ავლენს წინარექრისტიანულ წარმართულ კულტებთან.
ამის მაგალითია სვანეთის ეკლესიებისთვის ტიპური მოჭედილი საკურთხევლის წინ აღსამართი X-XI საუკუნეების ჯვრების მთელი სერია (ჩაჟაშის, მურყმელის, ლაჰილის, ფხოტრეტის, ფარის, იელის ეკლესიების  და სხვა), სადაც ცენტრალური ადგილი მზის, კონცენტრული წრეების და ამობურცული კოპების მაგვარ სახეებს უჭირავს (ყენია: 1991, 171-179). ეს ნიშან-სიმბოლოები მზის ქალღმერთის  წინაქრისტიანული ასტრალური კულტთან უნდა იყოს დაკავშირებული, რომელიც, შემდეგ, წმ. ბარბარეს (სვანურად ბარბალ) სახესთან სინთეზირდა.
ქრისტიანულ-წარმართული ელემენტების სინთეზის მხრივ, განსაკუთრებით საინტერესო ნიმუშია X-XI საუკუნეების უღვალის ეკლესიის კარი, რომელზეც მზის დისკოების, ითიფალური ფიგურების, რქოსანი ცხოველების და თევზის გამოსახულებებია წარმოდგენილი (ყენია: 1991, 171-179). ყოველივე ეს ნაყოფიერების უძველეს კულტთან კავშირზე მეტყველებს, რაც, როგორც ჩანს, საქართველოს მთისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ გარემოში ქრისტიანულ პერიოდშიც არ კარგავს აქტუალობას.
წარმართულ არქეტიპულ სახეებს ვხვდებით საქართველოს მთიანი რეგიონებისთვის დამახასიათებელი სალოცავების ლითონის ჭურჭლის, სალუდე კოჭობებისა და თასების მორთულობაში, რომელთა უმეტესობა XVII საუკუნის შემდგომი პერიოდისაა.  გაფორმება მოიცავს ვარდულებისა და ჩამოსხმული ფრინველების ფიგურებს, რომლებიც ჭურჭლის ცენტრალურ ნაწილსა და სახელურებს ამშვენებს. აქვე ხშირად გვხვდება ჯაჭვზე დაკიდებული ზოომორფული ფიგურები, რაც, თავის მხრივ, წინაქრისტიანული ლითომქანდაკებლობის არაერთ ნიმუშთან (მაგ. მზის დისკოები) ავლენს პარალელს.
სიცოცხლის ხის არქეტიპს არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი უჭირავს XIX საუკუნის თბილისური ვერცხლის ჭურჭლის მორთულობაში (შანშიაშვილი: 2018). ამ უკანასკნელთაგან უმეტესობა საღვინე ჭურჭელია: აზარფეშები, თასები, ბადიები, სურები, ყარყარები, კულები, ორშიმოები, კვანჩხები, მათარები, ყანწები და სხვა. ამ სტილისთვის დამახასიათებელია მცენარეული ორნამენტი - მოგრძო, ტალღოვანი ფოთოლი და ხუთფურცლა/ექვსფურცლა ყვავილი (იშვიათ შემთხვევაში - მზესუმზირას მაგვარი დიდი ზომის ყვავილებიც), რომელიც, ხშირად, მთლიანად ფარავს ლითონის ნაკეთობათა ზედაპირს. საერთო ხალიჩისებურ ორნამენტში ჩართულია ფიგურატიული და ზოომორფული გამოსახულებები, რომლებიც ფონიდან პროფილირებული ჩარჩოებით, ე. წ. „კარტუშებითაა“ გამოყოფილი.
ძირითადად, ვერცხლის ჭურჭლის გამოყენება სადღესასწაულო სუფრაზე ხდებოდა. ამასთან, ცალსახად იკვეთება მათი საქორწინო/სამზითვო დანიშნულებაც, რასაც თავად ჭურჭელზე ასახული სიუჟეტების ანალიზიც ადასტურებს. ჯვრისწერისა და საქორწინო სუფრის სცენების პარალელურად, აქვე გვხვდება მცენარეული და ზოომორფული მოტივების მთელი სერია, რომელიც სიცოცხლის ხეს, როგორც ნაყოფიერებისა და ოჯახის კეთილდღეობის სიმბოლოს  უნდა უკავშირდებოდეს.
ვერცხლის ჭურჭლის გამოსახულებებს შორის პოპულარული სახეებია: ლომი, ავაზა, ჯიქი, რომლებიც ნანადირევს მიირთმევენ, არწივები და სხვა მტაცებელი ფრინველები, რომელთაც კლანჭებში ფრინველები, ასევე,  კურდღლები, ირმები, ჯიხვები ან სხვა ცხოველები ჰყავთ მოქცეული. მსგავსი ორთაბრძოლების ფესვები უძველესი წინაქრისტიანული ხელოვნების სათავეებშია საძიებელი. საკმარისია, გავიხსენოთ ვანის ძვ.წ.აღ. VI-V საუკუნის დიადემები და მრავალი ადგილობრივი თუ სხვა უძველესი ცივილიზაციებიდან მოხმობილი მაგალითები.
ძალზე პოპულარული სახეა ირემი, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება აზარფეშების ცენტრში, ხშირად მწოლიარე, სამგანზომილებიანი მბრუნავი თავითა და გამოყოფილი ენით, რომელიც თითქოს ჭურჭელში ჩასხმულ ღვინოს ეწაფება. ირემი, განსაკუთრებით წყალს დაწაფებული, ქრისტიანობასთან ზიარების მოსურნე სულის უნივერსალური სახეა. შესაბამისად, აზარფეშების გაფორმების ეს გავრცელებული მოტივი, შესაძლოა, სწორედ ევქარისტიული სიმბოლიკის მატარებელი იყოს. ანალოგიურ ასოციაციებს იწვევს აზარფეშების მორთულობაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავრცელებული ზოგადქრისტიანული და ევქარისტიული სიმბოლოს - თევზის გამოსახულების ჩართვის პრეცედენტებიც (მუხრანის სასახლეში და თელავის ისტორიულ მუზეუმში დაცული ვერცხლის აზარფეშები).
საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ XIX საუკუნის თბილისურ ვერცხლის ნაკეთობებზე ცალკეული ცხოველების გამოსახულებები ხშირად ხის/მცენარის თემასთან კომბინაციაშია წარმოდგენილი. განსაკუთრებით საინტერესოა ხესთან დაბმული ლომის სახე, რომელიც (ისევე, როგორც გველი/გველეშაპი) სიცოცხლის ხის/ედემის ბაღის მცველად წარმოგვიდგება.
ვერცხლის ჭურჭლის, როგორც საქორწინო ცერემონიის მნიშვნელოვანი ატრიბუტის, ფუნქციას უნდა უკავშირდებოდეს სასმისებზე ცხოველთა წყვილების გამოსახვაც (მაგ. ქუთაისის ისტორიული მუზეუმის კოლექციაში დაცული ვერცხლის სურა). დედალ-მამალი ლომები, ირმები, ჯიხვები და აქლემები ჭურჭლის ქვედა ნაწილში არიან წარმოდგენილნი, ფრინველების წყვილები კი მის ყელს ამშვენებენ.  
XIX საუკუნის ვერცხლის ჭურჭელზე ცხოველთა ქვედა, ხოლო ფრინველთა - ჭურჭლის ზედა ნაწილზე გადანაწილება, თავისთავად, შეესაბამება სამყაროს ხის ღერძის ბინადართა უნივერსალურად გავრცელებულ სქემას, რაც, თავის მხრივ, თავად ჭურჭლის ვერტიკალურ ღერძსაც ერთგვარ „სიცოცხლისხისეულ“ კონტექსტს ანიჭებს.
საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტებიდან მოყოლებული, XIX საუკუნის ვერცხლის ჭურჭლის დეკორის ჩათვლით, ლითონქანდაკებლობის ორნამენტული რეპერტუარის ანალიზი წარმოაჩენს, რომ  სიცოცხლის ხე და მასთან დაკავშირებული ზოომორფული გამოსახულებები  ერთ-ერთი ძირითადი, წამყვანი თემაა, რაც, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ თვალსაჩინოს ხდის ამ არქეტიპული სახეების, როგორც ერთგვარი თანმდევი და ღრმად ფესვგადგმული „კონსტანტების“ არსებობას.

გამოყენებული ლიტერატურა:
კლდიაშვილი 2001:  კლდიაშვილი ა. მხატვრული ფორმისა და ფუნქციის          მიმართებისთვის წინარექრისტიანულ ხელოვნებაში. თბილისი: გამომცემლობა „გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი“. 2001.
ფანცხავა, 1988: ფანცხავა ლ. კოლხური კულტურის მხატვრული ხელოსნობის ძეგლები. თბ., 1988;
ღამბაშიძე 1999:   ღამბაშიძე ი. სამცხე II ათასწლეულის შუა ხანებში. (ბორჯომის ხეობის არქეოლოგიური მასალების მიხედვით) სადისერტაციო ნაშრომი. თბილისი, 1999.
ყენია 1991:  ყენია რ. სიმბოლური გამოსახულებები შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების ძეგლებზე. ARS GEORGIACA, სერია A, ჟ. ქართული ხელოვნება. თბილისი,  1991 წ, გვ. 171-179.
შანშიაშვილი 2018: შანშიაშვილი ა., XIX საუკუნის თბილისური ვერცხლის ჭურჭელი, თბილისი, 2018
ხიდაშელი 2010: ხიდაშელი მ., ირმის ხატი ქართულ კულტურაში, ქართული კულტურისა და ხელოვნების სათავეებთან, თბილისი, 2010; გვ. 415-432;
წერეთელი 2009: Tsereteli M., Colchian ritual Axe (Semantics and artisctic style), V. Beridze 1st International Symposium of Georgian art, Proceedings, Tbilisi, 2009, pp. 45-50.

ნანახია: 578-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani