Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ცეკვა „ქართულის“ გრაფიკული სიმბოლიკის შესახებ

There are no translations available.

ანანო სამსონაძე
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ასოცირებული პროფესორი
ქორეოგრაფ-ქორეოლოგი

ქორეოგრაფია სინთეზური ხელოვნების დარგია. იგი მოიაზრებს სხვადასხვა ხელოვნების დარგისათვის დამახასიათებელი  გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებას. ცეკვა არის სიტყვის, ბგერის, ფერისა და, საკუთრივ, ქორეოგრაფიული ხელოვნებისათვის დამახასიათებელი ძირითადი გამომსახველობითი საშუალების, მოძრაობის მატარებელი.
ამ ელემენტების  ურთიერთმიმართება ცეკვის კომპოზიციური სტრუქტურის საფუძველს წარმოადგენს, ხოლო მათი ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი ქმნის ქორეოგრაფიული ნიმუშის მხატვრული ღირებულების ხარისხს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კონკრეტული საცეკვაო ნიმუშის შემოქმედებითი მნიშვნელობის დადგენა  გულისხმობს მასში არსებული ყველა პლასტის (შინაარსობრივი, მუსიკალური, მხატვრული და პლასტიკური შრეების)  შეფასებასა და კრიტიკულ ანალიზს. შეფასების თვალსაწიერში ეს პლასტები ექცევა დამოუკიდებელი კომპონენტების სახით, მაგალითად, ცეკვის სიუჟეტი, მუსიკალური ქარგა, სამოსი თუ დეკორატიული გაფორმება. თუმცა,  გაცილებით მნიშვნელოვანია მათი ურთიერთგავლენის შედეგად შექმნილი კომპოზიციური ერთიანობის ანალიტიკური შეფასება, მაგალითად, სიუჟეტური პლასტის ასახვა საცეკვაო ილეთთა ნაერთებში, მუსიკალური და ქორეოგრაფიული რიტმული სტრუქტურების თანაზიარება, ფერთა ვიზუალური გამოსახულების  თანხვედრა მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ გამომსახველობასთან და ა.შ.  ყველა ეს საკითხი, ცალ-ცალკე თუ ერთიან კონტექსტში, საცეკვაო ნიმუშის შეფასებით კატეგორიას მიეკუთვნება, რასაც ქორეოლოგიაში ანალიტიკურ კრიტიკას ვუწოდებთ.
თუ გავიხსენებთ სახელოვნებო მეცნიერებათა სისტემაში, მათ შორის ქორეოლოგიაშიც არსებულ ძირითად მიმართულებებს - ისტორია, თეორია, კრიტიკასამსონაძე ა., ქორეოლოგიის საფუძვლები, თბ., 2020, გვ.43-57და, ამასთანავე,  განვმარტავთ თითოეულის სემანტიკას, შეგვიძლია მათ შორის მყარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები დავადგინოთ.  ისტორია, როგორც დარგის განვითარების კონცეფცია; თეორია, როგორც დარგის შემოქმედებითი ფორმის თავისებურებების სისტემა; კრიტიკა, როგორც კონკრეტული სახელოვნებო ნიმუშის ანალიტიკური შეფასების კატეგორია - ქმნიან ერთიან ლოგიკურ ჯაჭვს, სადაც  თეორიული კრიტერიუმების გამოყენებით, ვახდენთ ნიმუშის კრიტიკულ შეფასებას, რითაც განვსაზღვრავთ დარგის ისტორიული განვითარების მომდევნო ეტაპებს და ტენდენციებს.  
მოვახდინოთ ამ მსჯელობის პროეცირება უშუალოდ ქორეოგრაფიულ ხელოვნებაზე. კონკრეტული საცეკვაო ნიმუშის კრიტიკული ანალიზი, მსგავსად ხელოვნების ნებისმიერი სხვა დარგის კრიტიკულ-ანალიტიკური შეფასებისა, მსჯელობის ინდუქციური მეთოდის გამოყენებით, რამდენიმე კონკრეტული და ზოგადი ამოცანის გადაჭრას ემსახურება:
•    ნიმუშის მხატვრული ღირებულების დადგენით, მისი ისტორიული კუთვნილების განსაზღვრა;  
•    ზოგადად დარგის ისტორიული განვითარების პროცესების განსაზღვრა და ფორმირება;
•    საზოგადოების (სოციუმის) კულტურულ-ესთეტიკური ღირებულებების განსაზღვრა და  ფორმირება.
ეს ჩამონათვალი შეიძლება გავაგრძელოთ. . .
წარმოდგენილი ვრცელი შესავალი დაგვჭირდა იმისათვის, რომ გაგვემახვილებინა ყურადღება ორ გარემოებაზე: პირველი, ქორეოგრაფიული ნიმუშის პოლისტრუქტურულობასა და, მეორე, ამ სტრუქტურის ანალიტიკური შეფასების მნიშვნელობაზე.  ამავე კონტექსტში, თავს იჩენს კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ეჯაჭვება ორ წინას და რომელსაც მივყავართ ჩვენი კვლევის ძირითად სათქმელთან. ეს არის ქორეოგრაფიულ ნიმუშში აკუმულირებული იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრი, რომლის თხრობის ფორმას  ადამიანის სხეულის პლასტიკური შესაძლებლობები წარმოადგენს. რას მოგვითხრობს  მოცეკვავე და რა აზრს ამოიკითხავს ამ მონათხრობიდან მაყურებელი. . .
თუ ხელოვნების ფუნდამენტური დანიშნულების თვალსაწიერიდან შევხედავთ ამ საკითხს, დავრწმუნდებით, რომ ცეკვის პირვანდელი ფუნქციაა დააკმაყოფილოს ადამიანის ესთეტიკური მოთხოვნილებები ან, სხვაგვარად, მიანიჭოს მას ესთეტიკური სიამოვნება (როგორც მაყურებელს, ასევე, მოცეკვავეს). ესთეტიკის, როგორც დარგის, ძირითადი პარადიგმა ხომ სილამაზის, მშვენიერების, ნატიფი ტკბობის ობიექტის ამოცნობა და მისადმი ემოციური უკუკავშირის გამოხატვაა. ის უხილავი ხიდები, რომელიც ჩნდება ცეკვის შესრულების დროს მოცეკვავისა და მაყურებელს შორის, შეიძლება აიგოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს თანხვედრა შემქმნელ-შემსრულებლისა და შემფასებლის მსოფლმხედველობით პარადიგმებს შორის, თუ ისინი აზროვნებენ მსგავსი ესთეტიკური კატეგორიებით და მშვენიერების ერთნაირი აღქმა აქვთ, თუ მათი ქვეცნობიერი იდენტურ არქეტიპებს ინახავს. სახელოვნებო სამეცნიერო ლიტერატურაში ამ პროცესს ასახვა-აღქმის ფსიქოლოგიურ კონცეფციას ვუწოდებთ, რომელიც, სწორედ რომ, არქეტიპულ აზროვნებას ეფუძნება. თავად ამ ტერმინის ავტორმა, კარლ გუსტავ იუნგმა, ერთ-ერთ ნაშრომში ტერმინ „არქეტიპს“ მიუსადაგა ტერმინი „სიმბოლო“Jung C.G., The Archetypes and The Collective Unconscious, (Collected Works of C.G. Jung Vol.9 Part 1), 1981და კოლექტიური ქვეცნობიერის ფორმად სიმბოლური აზროვნება მიიჩნია.
ყოველივე ზემოხსენებული მიგვითითებს სიმბოლური აზროვნების მნიშვნელობაზე ხელოვნების ნიმუშის მხატვრული ღირებულების განსაზღვრაში, მათ შორის, საცეკვაო ნაწარმოების შეფასებისას. ამავე კონტექსტში, განიხილება შეფარდება სიმბოლურ აზროვნებასა და ხელოვნების მთავარ მახასიათებელს, პირობითობას შორის. პირობითობა, როგორც რეალური სამყაროს, სინამდვილის  მხატვრული ასახვის განზოგადებული ფორმა, წარმოადგენს სიმბოლოთა სისტემების ჩამოყალიბების  ნოყიერ ნიადაგს. სიმბოლო  უფრო მკაფიო, მკვეთრი და კონკრეტული ნიშანია. შესაბამისად, მისი ტრანსფერი, მისი მნიშვნელობის გააზრება ხელოვნების ნიმუშის ასახვა-აღქმის პროცესში, მისი გზა მოცეკვავიდან მაყურებლამდე გაცილებით სახიერია, ვიდრე განზოგადებული პირობითი ნიშნებისა.  
ცეკვა, როგორც ქორეოგრაფიული ხელოვნების ნიმუში, რამდენიმე სიმბოლური სისტემის მატარებელია.სამსონაძე ა., ქორეოლოგიის საფუძვლები, თბ., 2020, გვ.148-156 ქორეოგრაფიაში სიმბოლური სისტემების მრავალფეროვნება უკავშირდება ცეკვის სინთეზურ ბუნებასა და მის პოლისტრუქტურულ წყობას.  ეს არის:
•    ფერთა სიმბოლიკა, რომელიც წარმოადგენს ცეკვის ვიზუალურად აღქმადი კომპონენტების, ცეკვის მხატვრული გაფორმების - საცეკვაო კოსტიუმის, დეკორაციის და განათების  ფერადოვანი პალიტრისათვის მინიჭებულ სიმბოლურ დატვირთვას. მაგ., თეთრი, შავი, წითელი და ა.შ.
•    რიცხვთა სიმბოლიკა, რომელიც, მეტწილად, წარმოადგენს ცეკვის შემსრულებელთა რაოდენობისათვის მინიჭებულ სიმბოლურ დატვირთვას. მაგ., დუეტი - ორი მოცეკვავე, ტრიო - სამი, კვარტეტი - ოთხი და ა.შ.
•    გრაფიკულ ნიშანთა (ან ორნამენტული) სიმბოლიკა, რომელიც ეფუძნება ცეკვის ნახაზს, ჰორიზონტალურ სიბრტყეში მოცეკვავეთა გადაადგილებით მიღებულ გრაფიკულ ფიგურებს და წარმოადგენს ამ ფორმებისა და ფიგურებისათვის  მინიჭებულ სიმბოლურ დატვირთვას. მაგ., ხაზი, რკალი, წრე და ა.შ.
•    მოძრაობათა სიმბოლიკა, რომელიც  არის ქორეოგრაფიული ხელოვნებისათვის დომინირებული სისტემა. იგი წარმოადგენს ადამიანის სხეულის ენით შექმნილ მოძრაობათა ლექსიკურ მარაგს, რომელთა სიმბოლური დატვირთვა გამომდინარეობს  ყოფითი ხასიათის მოძრაობა-მდგომარეობების, ჟესტიკულაციის, პოზებისა და რაკურსების  შინაარსობრივი და ემოციური  დატვირთვიდან.

ქორეოგრაფიაში არსებული თითოეული სიმბოლური სისტემა შეიძლება   კონკრეტული ცეკვის დამოუკიდებელ სეგმენტებად მოვიაზროთ და შემდეგ, მათი შეჯერების გზით, ცეკვის ერთიანი მხატვრული ანალიზი მოვახდინოთ. (ილ. 1)
ცეკვა „ქართული“ -  ჩვენი საცეკვაო ფოლკლორის გამორჩეული ნიმუშია, რომელიც თავად წარმოადგენს ქართული საცეკვაო ტრადიციების სიმბოლოს. ამ ცეკვის ფილოსოფიური ბუნება აისახება ზემოჩამოთვლილ ყველა  სიმბოლურ სისტემაში. თუმცა, მისი გრაფიკული სიმბოლიკა, რომელიც ისე არ დევს ზედაპირზე, როგორც ფერთა (თეთრი-შავი) ან რიცხვთა (ქალ-ვაჟთა დუეტი) სიმბოლოები, ყველაზე ზუსტად ასახავს ამ ცეკვის საკრალურ შინაარსს და ნაბიჯ-ნაბიჯ, ცეკვის დაწყებიდან მის ფინალამდე, გაჯერებულია გრაფიკული ფორმების სიმბოლიზმით.
ცეკვა „ქართულის“ სატრფიალო ხასიათი სათავეს შორეულ ისტორიულ წარსულში იღებს და უკავშირდება ნაყოფიერების უნივერსალურ რელიგიურ რიტუალებს, რომლებსაც ახასიათებთ  შესრულების ციკლურობა. ბუნებათა ცვლა, კვდომა-აღორძინების  კალენდარული ციკლის სახით, სამყაროს დუალისტური შინაარსის მატარებელია და საფუძვლად უდევს კოსმოგონიურ  ფილოსოფიას (სააქაო-საიქიო, სკნელი-ზესკნელი და ა.შ.). მსგავსი ორპოლუსიანობის, ორნაწილიანობის მაგალითები უხვად მოგვეპოვება ბუნებრივ მოვლენებს შორის: ზამთარი-ზაფხული, დღე-ღამე, მზე-მთვარე, თეთრი-შავი, სიკეთე-ბოროტება, სიყვარული-სიძულვილი, სინათლე-სიბნელე . . . .    ანტონიმების ეს რიგი შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ და მათ შორის დავასახელოთ უმნიშვნელოვანესი სიტყვათა წყვილი - „ქალი-კაცი“. ამ სიტყვათშეთანხმების ფილოსოფიური არსი კიდევ ერთი მყარი არგუმენტია სამყაროს დუალისტური ბუნებისა და, ასევე, კაცობრიობის არსებობის მარადიულობის გარანტია.
საჭიროებას წარმოადგენს ამ ორი პოლარული საწყისის არა მხოლოდ როგორც  ერთიანი, ჰარმონიულად შერწყმული ურყევი სტრუქტურის გააზრება, არამედ, როგორც ცალკეული ელემენტების, უკიდურესად განსხვავებული მახასიათებლების მქონე დამოუკიდებელი ერთეულების იდენტობის დადგენა.
ახლა კი ვნახოთ, როგორ ვლინდება ეს იდეა და რა ფორმით აისახება ეს შინაარსი ცეკვა „ქართულის“ გრაფიკულ ნახაზში.  პირველ რიგში, თვალი გადავავლოთ ცეკვა „ქართულის“ სრულ ნახაზს  და გავიაზროთ რა დატვირთვას ატარებს ქორეოგრაფიული კომპოზიციის ეს კომპონენტი.
ცეკვის ნახაზი არის მოცეკვავის ან მოცეკვავეთა ჯგუფის გადაადგილების ტრაექტორიის დაფიქსირება ფურცელზე გრაფიკული ფიგურების მეშვეობით. იგი წარმოადგენს ჰორიზონტალურ ჭრილში გადატანილი ცეკვის ცალკეული მიზანსცენის თანმიმდევრობას. ზოგადად, ცეკვის ნახაზში ფიგურირებს რამდენიმე დომინანტი ფორმა და ფიგურა. მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია ხაზისა  და წრის ნაირსახეობები, ასევე, სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების - სამკუთხედების, ოთხკუთხედების, ჯვრების  სიმეტრიული და ასიმეტრიული განლაგებები. (ილ. 2)
ამ ნახაზის განხილვა შესაძლებელია მხოლოდ ცეკვის დრამატურგიული სტრუქტურის გათვალისწინებით, სადაც გამოიკვეთება ექსპოზიცია, კვანძის შეკვრის, მოქმედების განვითარებისა და კვანძის გახსნის  ნაწილები.
ცეკვის ნახაზის მიხედვით, ექსპოზიციურ ნაწილში ფიგურირებს წრეზე დავლა,  ცალად და წყვილად, სრულად და რკალად. წრე ინარჩუნებს თავის დომინირებულ ადგილს ცეკვის  ფინალურ ნაწილამდე. რიგ შემთხვევაში, წრის ნაირსახეობად შეიძლება ბრუნი ან ტრიალიც განვიხილოთ. სიმბოლოთა განმარტებითი ლექსიკონების მოშველიებით, მარტივად დავადგენთ წრის, როგორც გეომეტრიული ფიგურის სიმბოლურ დატვირთვას მითო-კულტურულ ჭრილში. წრე სამყაროს სრულყოფილებისა და უსასრულობის ნიშანია. წრე, ასევე, ასოცირდება მარადიულ მოძრაობასთან, რაც სიმშვიდის, ნეტარებისა და გაწონასწორებულობის ნიშანია.   
კვანძის შეკვრისა და მოქმედების განვითარების ნაწილში წრეზე დავლებს ენაცვლება პერსონაჟების  წარდგენის სწორხაზოვანი მიზანსცენები, ქალისა და ვაჟის ე. წ. სოლოები, მათი სხივისებრი გადაადგილებებით: ვაჟისთვის უკუსვლისა და წინსვლის მონაცვლეობით, დიაგონალზე და ქალისთვის გვერდზესვლით,  ჰორიზონტალურ ხაზზე, შეჭრილი ბრუნით. ამ შემთხვევაში, ფორმის სიმბოლური დატვირთვის დასადგენად მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ სწორი ხაზის  მიმართულებას სასცენო სივრცესთან მიმართებაში, რომელიც განსხვავებული ემოციური დატვირთვით ხასიათდება: ჰორიზონტალური ხაზი - მშვიდი, პასიური განწყობა; ვერტიკალი - ამაღლებული მზარდი ემოცია; დიაგონალი - აქტიური, დინამიკური, აღმავალი  განწყობა. თუ გავიხსენებთ, რომ, ხშირ შემთხვევაში,  ვაჟის  „გასმების“ სოლო დიაგონალზე სრულდება, ცეკვის ეს მონაკვეთი სრულ თანხვედრაშია ვაჟის ემოციურ განწყობასთან. მისი სწრაფი, შემტევი  და დინამიკური მოძრაობები ქალის დაუფლების სურვილით არის ნაკარნახევი. სწორედ „გასმაში“ იკითხება სიყვარულის ახსნის თავბრუდამხვევი და მომხიბვლელი სიტყვები.
ქალის „სოლო“ გაცილებით მშვიდ და გრაციოზულ ხასიათს ატარებს, თანაც, ქალი მამაკაცისგან განსხვავებით, არ მოძრაობს  პარტნიორისკენ ფრონტალურად გადაშლილი სხეულით. იგი ნელი, სამდაკვრითი გვერდითი ნაბიჯებით ავანსცენის ჰორიზონტალური ხაზით უახლოვდება პარტნიორს. მისი მკლავების მოძრაობა, ზედატანის ნახევრადპროფილში შეტრიალებები, მტევნების ნაზი ბრუნი, გადაშლა და დახურვა - ყველაფერი ეს ქალის კდემამოსილების, მოკრძალებისა და მორცხვობის ნიშანია. იგი ორჭოფობს და ამ განწყობას ამძაფრებს ცენტრში შეყოვნება და ბრუნი, რომლის შემდეგ, ნდობის ნიშნად, ორივე გაშლილი ხელით აგრძელებს გზას მამაკაცისკენ. როგორც კი მანძილი მათ შორის შემცირდება, ქალი შეკრთება და უკუსვლით დაიხევს უკან. იგი საკუთარ ადგილს უბრუნდება.
ცეკვის კულმინაციურ ნაწილში, რომელსაც ქორეოგრაფები „დოზადოს“ ვუწოდებთ, საპირისპირო კულისებთან მდგომი ქალიც და ვაჟიც იწყებენ ერთდროულად დიდ წრეზე მოძრაობას და შემდეგ, ნელ-ნელა უახლოვდებიან ერთმანეთს. ცეკვის ნახაზში ეს მონაკვეთი, თავისი  მოხაზულობით,  ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, თუ დავაკვირდებით, მისი გრაფიკული ფორმა სრულად იმეორებს „ინ-იანის“ ჩინური სიმბოლოს. სიმბოლო, რომელიც არის სამყაროს ორპოლუსიანი, საპირისპირო საწყისების ჰარმონიული თანაარსებობის ნიშანი. ასევე, დიამეტრულად განსხვავებული ქალური და მამაკაცური საწყისების დაბალანსებული, გაწონასწორებული ერთობა. (ილ.3)
ამ  სიმბოლოზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას.  ერთი კი ცხადია - მისი სემიოტიკური კავშირი ცეკვა „ქართულის“ სიმბოლურ გააზრებასთან სრულ თანხვედრაშია. შეიძლება ითქვას, რომ ცეკვის კულმინაციურ ნაწილში, სადაც ქალისა და მამაკაცის ემოციური ნაკადი  სასიყვარულო მორევში ერთიანდება, სწორედ ეს სიმბოლოა, რომელიც ყველაზე ზუსტად გამოხატავს  დუალისტური სამყაროს ჰარმონიას. ჩვენ  შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ცეკვა „ქართულის“ ნახაზში  ეს გრაფიკული სიმბოლო შეგნებულად იქნა გამოყენებული (ისე, როგორც ქორეოგრაფები ქმნიან ცეკვის ნახაზებს). მაგრამ, ძნელია უარყო მისი არსებობა ამ ცეკვაში. ამ ფაქტის ახსნა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ კვლავ მოვიშველიებთ იუნგის „არქეტიპებს“ და დავასკვნით, რომ ცეკვა „ქართულში“ „ინ-იანის“ გრაფიკული სიმბოლოს არსებობა არის მარადიული იდეის  ქვეცნობიერი გამოვლინება.   
გამოყენებული ლიტერატურა
1.    გვარამაძე ლ., ქართული საცეკვაო ფოლკლორი, თბ., 1997
2.    თათარაძე ა., ქართული ხალხური ცეკვა, „საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“, თბ. 2010
3.    სამსონაძე ა., ქორეოლოგიის საფუძვლები, თბ., 2020
4.    ქართული ნაციონალური ბალეტი -50 (წიგნი-ალბომი), სტამბ., 1996
5.    ჯავრიშვილი დ., ქართული ხალხური ცეკვები, ნაკვეთი პირველი, ცეკვა ქართული,  თბ., 1951.
6.    Jung C.G., The Archetypes and The Collective Unconscious, (Collected Works of C.G. Jung Vol.9 Part 1), 1981

ნანახია: 609-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani