Georgian (Georgia)English (United Kingdom)
კოსმოცენტრული კულტურის სამყაროს ხატი მტკვარ-არაქსული კერამიკის ორნამენტულ დეკორში

There are no translations available.

ანა კლდიაშვილი
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

უძველეს დროში, ორნამენტი მხოლოდ ნივთის სამკაულს როდი წარმოადგენდა. ის მოიცავდა იმგვარ ნიშან–სიმბოლოებს, რომლებშიც მისი შემქმნელი ადამიანისა და საზოგადოების რწმენა–წარმოდგენები ცხადდებოდა. ამ მხრივ, ძალზე მნიშვნელოვან მასალას გვაწვდის მტკვარ–არაქსის კულტურა,
რომელიც ძვ.წ. IV ათასწლეულის II ნახევრითა და III ათასწლეულის I ნახევრით თარიღდება.ო. ლორთქიფანიძე. ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან, თბ., 2002, გვ., 68ის საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული და მოიცავდა ცენტრალურ კავკასიას, ჩრდილო-დასავლეთ ირანსა და აღმოსავლეთ ანატოლიას.ამ კულტურისადმი მიძღვნილ საკმაოდ მრავალრიცხოვან სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა მისი დათარიღების, ქრონოლოგიის, გავრცელების არეალის, გენეზისისა და ეთნიკური ატრიბუციისა და სხვა საკითხებზე. იხ.: ო. ლორთქიფანიძე. ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან, თბ., 2002, გვ., 68ეს იყო თავისებური, თვითმყოფადი კულტურა, რომლის წიაღში საფუძველი ეყრება მეტალურგიასტ. ჩუბინიშვილი, ადრებრინჯაოს ხანა, სინ, I, 1970, გვ. 189-190,ვითარდება მიწათმოქმედება და მესაქონლეობა, ყალიბდება ადამიანის საცხოვრებლის სახე. ამ კულტურის ერთ-ერთი წამყვანი დარგი კი მეთუნეობაა. ამ დროს ჯერ არ არსებობს სამეთუნეო ჩარხი და ჭურჭელი ხელით ამოჰყავთ.  
მტკვარ-არაქსულ კერამიკას თავისებური სახე აქვს, რასაც, პირველ რიგში, ლაკონიური ფორმები და ჭურჭლის შავი ფერი განაპირობებს. მას შავი მბზინვარე ზედაპირის გამო, „შავპრიალა“ კერამიკას უწოდებენ. შავპრიალა კერამიკა ძალზე გავრცელებულია ამ დროს, თუმცა, გვხვდება წითელკეცა და ჩალისფერი მოხატული ნიმუშებიც.ნ. შანშაშვილი. მტკვარ–არაქსის მოხატული კერამიკა სამხრეთ კავკასიიდან. ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში #21, 2013, გვ. 110–128
მტკვარ-არაქსული კერამიკის დეკორი მეტად თავისებური ხასიათისაა. „ორნამენტი ჭურჭლის ზედაპირზე ან ამოტვიფრულია, ან ზემოდანაა დაძერწილი. ორივე შემთხვევაში ორნამენტი ფერით არ არის გამოყოფილი“.ა. კლდიაშვილი, მ. იზორია. საქართველო I, თბ., 2001, გვ., 25.დეკორი ჭურჭლის სხეულს ჰარმონიულად ერწყმის და თავისი სადა, ლაკონიური ფორმებით, შავი ფერითა და ზომიერი დეკორატიული შემკულობით საკმაოდ თავშეკავებულ და, შეიძლება ითქვას, მკაცრ ხასიათს ატარებს.  არც მტკვარ-არაქსის კერამიკული ჭურჭლის შემამკობელი მოტივები გამოირჩევა დიდი მრავალფეროვნებით. გვხვდება ტეხილი და ტალღოვანი ჩაკვეთილი ხაზები, რომბები, სამკუთხედები, ზიგზაგები, წრეები, ასევე, ზოომორფული გამოსახულებები. „ეს ორნამენტული სახეები, სიმბოლოები თუ ნიშან-სიმბოლოები, ხშირად, მეორდება დიდი ქრონოლოგიური პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენი აზრით, მათ ტრადიციულობასა და, შესაძლოა, კანონიკურობაზე მიუთითებდეს“.ნ. შანშაშვილი. დიდი დედის სახეები და მისი სიმბოლური სახეები მტკვარ-არაქსის კულტურაში. (ძვ.წ. ათასწლ.), ენა და კულტურა, #1, 2000, გვ. 80.ეს კი საშუალებას გვაძლევს, ვცადოთ მტკვარ-არაქსელთა რწმენა-წარმოდგენების გარკვეულწილად აღდგენა.
მტკვარ–არაქსის კულტურის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მოტივია სპირალი და სპირალებით შექმნილ სხვადასხვა კომბინაცია. მათ შორის ერთ-ერთია ე.წ. ორმაგი სპირალი, რომელიც, კერამიკის გარდა, სხვადასხვა დანიშნულების ნივთებზეც (მაგ., საკინძებზე) გვხვდება. ამ ფორმას სათვალისებურს ან თვალისებურსაც უწოდებენ, რადგან ის მართლაც მოგვაგონებს ადამიანის თვალებს, რის გამოც, ზოგიერთი მეცნიერი მის ანთროპომორფულობას განსაკუთრებულად უსვამს ხაზს და დიდ დედას უკავშირებს,ნ. შანშაშვილი. დასახ. ნაშრ. გვ., 79-85ზოგი კი სამყაროული ხის გამოსახულებად მიიჩნევსК. Кушнарева, Т. Чубинашвили. Древние культуры южного Кавказа. М. 1970, с. 127.თუმცა, მეცნიერთა უმეტესობა სპირალს მზის აღმნიშვნელ ნიშნად მიიჩნევს.მ. ხიდაშელი.  სამყაროს სურათი არქაულ საქართველოში, თბ., 2001, გვ.64; ა. კლდიაშვილი, მ. იზორია. დასახ. ნაშრ. გვ. 26.თვალთან მისი კავშირი კი სულაც არაა შემთხვევითი, რასაც  ენობრივი თუ ეთნოგრაფიული მასალაც გვიდასტურებს. ქართული ტრადიციის მიხედვით, მზე „სამყაროს თვალია.“ მას ქართულ ზეპირსიტყვიერებაში, ხშირად, „ცხრათვალადაც“ მოიხსენიებენ. ივ. ჯავახიშვილის აზრით, მზის სახელის უძველესი ფორმა „მზირა“ (მზერა) ან „მჟარი“ უნდა ყოფილიყო. სიტყვა „ბზინვას“ თავდაპირველი ფორმაც. ნ. მარის აზრითაც, მზე და მზერა, ერთი ძირის მქონე სიტყვებია. თვალისა და მზის ეს ურთიერთმიმართება ძველთაგანვე იყო ცნობილი და სხვადასხვა კულტურაში დასტურდება.ამ საკითხის შესახებ იხ. ა.კლდიაშვილი, მზის სემანტიკა ერთი ქართული საწესო სიმღერის მიხედვით. მოხსენება  წაკითხული თსსა სამეცნიერო კონფერენციაზე,  2019
მტკვარ-არაქსული ე.წ. ორმაგი სპირალის სიმეტრიის ღერძზე აგებული, გაწონასწორებული, „კლასიკური“ კომპოზიცია, ერთი შეხედვით, მყარი, დასრულებული და სტატიკურია. მაგრამ, მისი აღქმისას ადამიანის მზერა მუდმივად მის შემადგენელ ელემენტებზე სრიალებს ანუ თავად  ამ საკუთარ თავში ჩაკეტილი  კომპოზიციის შიგნით ტრიალებს: ჯერ ერთ სპირალზე ეხვევა, შემდეგ ღერძზე ეშვება, შემდეგ მეორე  სპირალზე გადადის, მის ხვეულს მიუყვება და უკან ბრუნდება. ამგვარად, მისი აღქმის პროცესი დინამიკურია, მოძრაობა კი - ურთიერთშექცევადი. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ამგვარი კომპოზიციური სტრუქტურა  მზის სადღეღამისო მოძრაობას აღნიშნავს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ უძველესი ადამიანისათვის მზე (ისევე, როგორც მთელი ბუნება) ცოცხალი არსებაა, სრულიად სარწმუნო იქნება, რომ ეს ნიშანი მზის ამოსვლას ანუ მის დაბადებას და მის ჩასვლას, ანუ სიკვდილს/გარდაცვალებას განასახიერებს.
ორმხრივ დახვეული შეწყვილებული სპირალების ურთიერთგადადენა ერთგვარ რიტმს ქმნის, რიტმი კი დროის კატეგორიად განიხილება.Б Виппер. Проблема времери в изобразительном искусстве, 50 лет гос музея изобразительных искусств им А. С. Пушкина, М. 1962, с. 134-137ცხადია, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ დრო მზესთანაა კავშირში, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ის დრო არაა, რომელსაც ჩვენ, თანამედროვე ადამიანები მზის საათის საშუალებით ავითვლით. ესაა ჟამთა ცვლა, მარადიულად განმეორებადი სიკვდილ-სიცოცხლის მონაცვლეობა, ანუ ამ ადამიანისათვის ესაა დროის არა ამსოფლიური, არამედ, კოსმიური განცდა - კოსმიური დრო-ჟამი.
ამ მარტივ კომპოზიციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვერტიკალური ღერძი, რომლის მიმართაც სპირალი-მზე  ხან ერთ მხარეს ბრუნავს და ხანაც მის მეორე მხარეს ექცევა. ცხადია, ვერტიკალური ღერძი სამყაროს ღერძია, რომელზეც ძველი ადამიანის წარმოდგენით, ასხმულია სამყაროს სკნელები - ზესკნელი, სკნელი და ქვესკნელი.
თუ ამ კომპოზიციის რიტმის გაანალიზებამ დროის კატეგორიასთან მიგვიყვანა, მისი წონასწორობის პრინციპზე აგებული კომპოზიციური სტრუქტურა, სივრცის გააზრებაზე უნდა მიგვითითებდეს. როგორც ვარაუდობენ, სიმეტრია ყოველთვის სივრცობრივ ძიებებთან არის დაკავშირებული.М. Каган. Пространство и время как проблема эстетической науки. в сб. Ритм пространство и время в литературе и искусстве, Л. 1974, с. 76როგორც კი ჩნდება მწყობრი კომპოზიცია, ჩნდება სივრცეც და მისი გააზრების კონცეფციაც.M. Eliade. The Sacred and the Profane, The Nature of Religion. 1959, გვ.21–22პალეოლითის ხანის კედლის მხატვრობის ნიმუშებში გამოსახულებები ნებისმიერად, ყოველგვარი კომპოზიციური სტრუქტურის გარეშეა განლაგებული სიბრტყეზე. ამ კომპოზიციებს ერთგვარი „ღიაობა“ ახასიათებს;В Топоров. К происхождению некоторых поэтических символов. Ранние формы искусства, 1, М. 1972, с. 81ეს კი განპირობებულია სივრცის აღქმის თავისებურებით. მათ შემქმნელებს ჯერ კიდევ არა აქვთ ჩამოყალიბებული სამყაროს მწყობრი სურათ-ხატი და როგორც ა. ლერუა-გურანი ამბობს, პალეოლითის კულტურაში სივრცე, უპირველეს ყოვლისა, იყო ის გზა, რომელზეც მომთაბარე ტომები გადაადგილდებობდნენ. ადრესამიწათმოქმედო ტომთა ერთ ადგილას დაფუძნებამ კი განსაზღვრა სივრცის გააზრების ე.წ. სტატიკური თვალსაზრისი,A.leroir-Gourhan. Prehistoire de L’art ocientale, Paris, 1965, გვ., 155რადგან გაჩნდა სამყაროს ღერძი - axis mundi, ხოლო მის გარშემო არსებული სივრცე იქცა სამყაროულ, კოსმიურ სივრცედ, თავისი ტრიქოტომიული სტრუქტურით.  
ამგვარად, ამ კულტურაში არც დრო და არც სივრცე არაა ამსოფლიური. დრო მარადიულად განმეორებადი, სიკვდილ-სიცოცხლის მონაცვლეობით აგებული ჟამთა ცვლაა, და, ამავე დროს, დრო სივრცეთა მონაცვლეობაშიც მჟღავნდება. ეს დრო ადამიანის წარმოსახვაში არსებობს და სამივე სკნელის დროს აერთიანებს, ერთგვარ მთლიანობას წარმოადგენს, ისევე, როგორც სამყარო, რომელიც ამ ადამიანებისათვის მხოლოდ საკუთარი საარსებო სივრცე ანუ სკნელის სივრცე როდია. მათთვის სამყარო მთელი კოსმოსია, სკნელთა ერთობლიობაა და თვალით უხილავი ზესკნელი და ქვესკნელი ისეთივე რეალობაა, როგორც სკნელი – ხილული მატერიალური სამყარო. შეწყვილებული სპირალები სამყაროს მათეული ხატია, იდეოგრამაა, როგორც მ. ხიდაშელი უწოდებს, „კოსმოლოგიური ფორმულაა“,მ. ხიდაშელი. დასახ. ნაშრ., გვ., 61.
რომელიც აღწერს კოსმოსს - კოსმიურ დროსა და სივრცეს. შეწყვილებულ სპირალთა ნიშნის სტრუქტურის საფუძველია ქვეყნიერების უზოგადესი კანონები. ადრესამიწათმოქმედო საზოგადოებათა მსოფლხატს თ. გასტერი განსაზღვრავს, როგორც ტოპოკოსმს, რომელშიც მიწიერი (დრო და სივრცე) მუდმივად გადაედინება მიღმიერსა და ტრანსცენდენტურში, ხოლო დროებითი - მარადიულში და პირიქით.Jh.H. Gaster. Thespis, Ritual, Myth and Drama in Ancient Near East. N.Y. 1950, გვ., 5.სწორედ ამ ტოპოკოსმის განსახიერებაა ორმაგი სპირალი.
მტკვარ-არაქსის კულტურაში სპირალის მოტივი სხვაგვარი კომბინაციებითაც გვხვდება, თუმცა, ინარჩუნებს ამ მნიშვნელობას. ამ მრავალფეროვან სახეებს შორის გამოირჩევა ჯვრის პრინციპზე აგებული ოთხი სპირალით შექმნილი კომპოზიცია.ლ. ღლონტი, ც. დავლიანიძე. საკინძეები ქვაცხელას ნამოსახლარიდან. კავკასია, ნეოლით–ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიის საკითხები, თბ., გვ., 96.მსგავსი ორნამენტული სახე ფართოდაა გავრცელებული სხვა ადრესამიწათმოქმედო კულტურებში, მათ შორის, ევროპის ტერიტორიაზეც.ი. სურგულაძე. ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, თბ., 1993, 44-53.
როგორც აღვნიშნეთ, ეს ჯვრის პრინციპზე აგებული კომპოზიციაა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჯვარი გამოსახული არაა, თუმცა, სპირალთა განლაგება წარმოსახვით ჯვარს ქმნის, რომლის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მკლავებს შორის ოთხი სპირალია განთავსებული და მათი თითო წყვილი ვერტიკალურადაა გადაბმული ერთმანეთზე. ცნობილია, რომ ჯვარი ქვეყნიერების ოთხი მხარის ნიშანი ყოფილა ჯერ კიდევ შემგროვებელი ტომების კულტურებში.გ. ჩიტაია. “საკურცხილ“, სსმმ, II, 106.ეს ვარაუდი ადრესამიწათმოქმედო ხანის მიმართ უდავო ფაქტად იქცა.ი. სურგულაძე. ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, თბ., 1993, გვ., 63.ბ. რიბაკოვი ტრიპოლიეს ჭურჭლის ორნამენტული დეკორის ანალიზის დროს ასკვნის, რომ აქ გავრცელებული როგორც ცალკეული ნიშან-სიმბოლოები, ისე, მთელი დეკორის სტრუქტურა ჯვრის პრინციპზეა აგებული და ჯვარი აქ ყველგან იკითხება მაშინაც კი, როდესაც ის კონკრეტულად არ არის გამოსახული და ჯვარი ამ შემთხვევაში ქვეყნიერების ოთხ მხარეზე მიგვითითებს.Б. Рыбаков. Космогония и мифология земледельцев энеолита. Советская археология, №1, 1965, с. 31როგორც ჩანს, ეს პრინციპი მტკვარ-არაქსის კულტურის წიაღშიც მოქმედებს და ამის მაგალითია სწორედ ვერტიკალურად შეწყვილებული, ოთხი სპირალისაგან შემდგარი, ჩვენ მიერ ნახსენები ორნამენტული მოტივიც. მაგრამ, ვფიქრობთ, წარმოსახვით ჯვარს, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყნიერების მხარეების მინიშნებასთან ერთად, სხვა მნიშვნელობაც ჰქონდეს. ცნობილია, რომ ჯვარი სამყაროს სივრცობრივ სტრუქტურასაც მოიცავს საკუთარ თავში და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუ მის ვერტიკალურ ღერძზე სამი სკნელია ასხმული (ზესკნელი, სკნელი და ქვესკნელი), მის გადამკვეთ ჰორიზონტალურ ღერძზე, ძველი ადამიანის წარმოდგენით, წინასკნელი და უკანასკნელია განთავსებული.  თუ ამ ჭრილში განვიხილავთ ჩვენს ორნამენტს, აღმოვაჩენთ, რომ ვერტიკალურად გადაბმული სპირალები მზის ერთი მდგომარეობიდან, ერთი სკნელიდან მეორეში გადასვლას აღნიშნავს. ამგვარად, აქ კვლავ მზის დღე-ღამის მოგზაურობა, მისი დაბადება-კვდომის მისტერიაა დაშიფრული, როგორც ეს შეწყვილებული სპირალების შემთხვევაში იყო. თუმცა, აქ ამ მისტერიის სახე-ხატი უფრო დაწვრილებითია, თუ შეიძლება ასე ითქვას, „თხრობა“ უფრო დეტალურია და  კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩენს ამ გამოსახულების შემქმნელი საზოგადოების  წარმოდგენას სამყაროს აგებულებაზე, სივრცესა და დროზე. ამ საზრისის მქონე ნიშან-სიმბოლოების გამოსახვის ფაქტი მოცულობით-სივრცობრივ ფორმაზე – კერამიკულ ჭურჭელზე – კიდევ უფრო ამყარებს ყოველივე ზემოთქმულს.
ჭურჭელი ძველი ადამიანისათვის არაა მხოლოდ მოხმარების საგანი, ისევე, როგორც საცხოვრებელი სახლი არაა მისთვის მხოლოდ მეტ–ნაკლებად მოსახერხებელი თავშესაფარი. ყველაფერს, რასაც იგი ხელით აკეთებს, მხოლოდ სააქაოსათვის როდი ქმნის, იგი მთელი სამყაროს კონტექსტში, სამყაროს მოდელის ანალოგიით მოიაზრებს საკუთარ ნახელავს. ჭურჭლის შექმნა საკრალური ქმედება იყო და ქაოსიდან წესრიგის შექმნის აქტთან, ანუ კოსმოსის შექმნასთან ასოცირდებოდა. ამ პროცესში უკიდეგანო დაუსაზღვრავი სივრციდან კონკრეტული ფორმის მეშვეობით ახალი  მოწესრიგებული სივრცის გამოცალკევება –
კოსმოსის დასაზღვრა/დაბადება ხდებოდა. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მტკვარ-არაქსის კერამიკული ჭურჭლის ზედაპირის შავი ფერი გარესკნელთან, ანუ კოსმოსის შემომსაზღვრავ გარსთან ასოცირდებოდა, რომელიც ტრადიციის მიხედვით, ბინდისფერი იყო.ცნობილია, რომ მტკვარ–არაქსის კერამიკული ჭურჭლის შიდა კედელი ვარდისფერი იყო.სპირალებით შექმნილი კომპოზიციების ჭურჭლის ზედაპირზე დატანით ხდებოდა სამყაროს სივრცობრივი აგებულებისა და კოსმიური დროის რიტმული, ციკლური ცვალებადობის ჭურჭლის გარე პირზე – გარესკნელზე  დატანა და ამით მის „შიდა სივრცეზე“ პროეცირება. ანუ ჭურჭელი, მისი ზედაპირითა და „შიდა სივრცით“ გაიაზრებოდა როგორც კოსმოსის ხატი, მასზე დატანილი ორნამენტი კი ამ კოსმოსის  უზოგადეს, მასტრუქტურირებელ კანონზომიერებებს ასახავდა, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონზომიერება, ამ კულტურის ადამიანის წარმოდგენით, სამყაროს
ციკლურობა, მისი მარადიული წრე-ბრუნვა იყო. ამ ფერხულში ჩაბმული იყო არა მარტო მზე და ციური სხეულები, არამედ, მიწიერი სამყაროც, რასაც მტკვარ-არაქსის კერამიკაზე ზოომორფული გამოსახულებების გაჩენაც ადასტურებს.
მტკვარ–არაქსის კულტურაში ზოომორფულ გამოსახულებათაგან ყველაზე ხშირად ირმისა და წეროს ფიგურებს ვხვდებით. აღსანიშნავია, რომ ისინი ჩვენ მიერ განხილულ ორნამენტულ კომპოზიციებში ორგანულად არიან ჩართულნი.  სპირალებით შექმნილი კომპოზიცია ყოველთვის მტკვარ-არაქსის კერამიკის დეკორის ცენტრალურ ბირთვს წარმოადგენს, ცხოველთა გამოსახულებები კი მის ორსავ მხარეს სარკისებური პრინციპით არის განლაგებული და მთლიანობაში ჩაკეტილ, გაწონასწორებულ ჰერალდიკურ კომპოზიციას ქმნის. ძალზე დაბალი რელიეფით გამოყვანილი ცხოველთა ფიგურები ლაკონიური და უკიდურესად პირობითია და ისინიც, გარკვეულწილად, გეომეტრიული ფიგურების მსგავსად, ერთგვარ ნიშნებად აღიქმება.
სპირალებთან თანწყობაში ყველაზე ხშირად წეროს გამოსახულება გვხვდება.ლ.ღლონტი, ც. დავლიანიძე. დასახ, ნაშრ. გვ., 96მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო მოტივია წერო, რომელსაც ნისკარტით სპირალი უჭირავს. წერო გადამფრენი ფრინველია, ის გაზაფხულის მაცნეა და, ამდენად, წელიწადის წრებრუნვაზე, ბუნების ნაყოფიერებაზე მიგვანიშნებს. ამავე დროს, წერო სამყაროებს შორის მაკავშირებელ ფრინველად  მოიაზრება.ა. კლდიაშვილი. წეროს გამოსახულების სიმბოლური მნიშვნელობის შესახებ მტკვარ–არაქსის კულტურაში (ქვაცხელების დიადემის მაგალითზე). საქართველოს სიძველენი # 7–8, 2005. გვ. 11-21ამიტომაც სხვადასხვა ხალხის მითოლოგიაში, განსაკუთრებით კი ევროპის ხალხების რწმენა-წარმოდგენებში  წერო ბავშვის დაბადებასთან არის დაკავშირებული.M. Gimbutas. The Goddesses and Gods of Old Europe. 6500-3500 B.C.  Myths and Cult Images, Berkley, Los-Angeles, New-York, 1932, გვ,. 135ისინი თვლიდნენ, რომ ჩვილი ბავშვები ოჯახებში გაზაფხულზე სწორედ წეროებს მოჰყავდათ. ანუ ის დასაბადებელი სულების მეგზურის ფუნქციას ასრულებდა.ამის შესახებ დეტალურად იხ. ა. კლდიაშვილი. წეროს გამოსახულების სიმბოლური....  გვ., 14-15
მითოლოგიური სახე-ხატი – წერო, რომელსაც ნისკარტით უჭირავს ქსოვილში გახვეული ჩვილი, დღესაც საკმაოდ გავრცელებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, თუმცა კი, ის დღევანდელ ადამიანს, ფაქტობრივად, აღარაფერს ეუბნება, მას ის გულუბრყვილო ზღაპრულ სახე-ხატად მიაჩნია, რადგან დაკარგულია მისი იდეური საფუძვლების ცოდნა.
საინტერესოა, რა მნიშვნელობას იძენს სპირალი-მზე წეროსთან მიმართებით? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სპირალი მზის მარადიული წრებრუნვის აღმნიშვნელ გამოსახულებას წარმოადგენს,  მზე მარადიულია და სამზეოს (სკნელის) ყველა ცოცხალი არსებისათვის (მცენარე, ცხოველი, ადამიანი) სიცოცხლის მიმნიჭებელია. ანუ, მაკროკოსმიურ დონეზე მზე სიცოცხლის წყაროა. მიკროკოსმიურ დონეზე, ანუ ადამიანისათვის მისი ანალოგი, მისთვის სიცოცხლის მიმნიჭებელი და მარადიული გახლავთ სული, ანუ ადამიანის მზე. ამ აზრს ადასტურებს ქართულ ენაში შემორჩენილი გამოთქმები: „შენს მზეს ვფიცავ, „შენმა მზემ“ და ა.შ.ამ საკითხის შესახებ იხ.: ა.კლდიაშვილი, მზის სემანტიკა ერთი ქართული საწესო სიმღერის მიხედვით. მოხსენება  წაკითხული თსსა სამეცნიერო კონფერენციაზე,  2019. ამგვარად, ყველა ადამიანს თავისი მზე-სული ანუ თავისი წილი მზე ჰქონდა.ნაწილიანობის შესახებ იხ.: В. Бардавелидзе, Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племён, Тб., 1957, gv. 111-114. ამრიგად, წერო, რომელსაც ნისკარტით სპირალი უჭირავს, განასახიერებს მის მიერ ახალშობილის სულის სულეთიდან სამზეოში შემოყვანას, რაც, ამ რწმენა-წარმოდგენის მიხედვით, ადამიანსაც წრებრუნვის მარადიულ ციკლში აქცევს. ეს წარმოდგენა რომ ოდესღაც ჩვენშიც არსებობდა, მეტყველებს განძის მენჰირი, რომელზეც წეროების წყვილი და თვალებია გამოსახული.
ცხოველთა გამოსახულებიდან, მტკვარ-არაქსის კულტურაში, ყველაზე ხშირად ირმის გამოსახულებას ვხვდებით. მაგ., ამ პერიოდით დათარიღებულ ერთ-ერთ დერგზე, ცენტრში გამოსახული ოთხსპირალიანი მოტივის ორივე მხარეს სარკისებურად განლაგებულ თითო ირემს ვხედავთ. ცალ მხარეს შველია გამოსახული, მეორე მხარეს კი - ქორბუდა ირემი მაღალი დატოტვილი რქებით. ირმის გამოსახულება ფართოდ იყო გავრცელებული ადრესამიწათმოქმედო კულტურებში და არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე.სამხრეთ კასპიისპირეთი-პაკისტანიდან დაწყებული, კავკასიის, წინა აზიის, ეგეოსის ზღვის აუზისა და აღმოსავლეთ ევროპაში. ი. სურგულაძე. დასახ. ნაშრ. გვ., 152
ირემი საქართველოს უძველესი მოსახლეობის რწმენა-წარმოდგენებში უკვე ენეოლითის ხანიდან მონაწილეობსტ. ჩუბინაშვილი. მტკვრისა და არაქსის ორმდინარეთის კულტურა, თბ., 1965, გვ., 167.ის, სამონადირეო ეპოსისა თუ ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, წმინდა ცხოველად ითვლებოდაი. სურგულაძე. მითოსი, კულტი, რიტუალი საქართველოში, თბ., 2003, გვ., 132.და მას მრავალი სიმბოლური შრე ჰქონდა.
ირმის გამოსახულების ერთ-ერთი ასპექტი უკავშირდება მის ტყავს, ბეწვს. ი. სურგულაძის აზრით, ცხოველის ბეწვი - გარეთმა, როგორც მას ქართველები უწოდებენ, განიხილება, როგორც მეტაფორა განაყოფიერებული აყვავებული მიწისა.ი. სურგულაძე. ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, თბ., 1993,ზ გვ., 109–146 „სადავო არ არის, რომ მიწათმოქმედების საწყისი ხანიდან ტყავი/ბეწვი მიწის ანალოგიურად განიხილებოდა და შეადგენდა სიმბოლურად ადეკვატურ მწკრივებს: მიწა - სხეული, მცენარე - ბეწვი“.ი. სურგულაძე. მითოსი, კულტი, რიტუალი საქართველოში, თბ., 2003, გვ., 132.ამგვარად, ირმის გარეთმა/ბეწვი ბუნების, მცენარეული საფარის კვდომა-აღდგომას, ანუ ბუნების წლიურ ციკლურ წრებრუნვას, მის ყოველწლიურ განახლებას გულისხმობს. (ნადირის ბეწვის ცვლაც წელიწადის სხვადასხვა დროს ამ კონტექსტში ლოგიკურად ჯდება).
ცხოველთა სამყაროც რომ ჩართულია ამ ციკლურ წრებრუნვაში. ამაზე დერგზე გამოსახული ორი ირმის  ფიგურა მეტყველებს. შველი დაბადების აქტს განასახიერებს, ხოლო ქორბუდა ირემი - კვდომის. ამ აზრს კიდევ უფრო განამტკიცებს მათი კომპოზიციური განაწილება. დერგის მუცელზე სპირალთა ჯგუფის მიმართ მათი ერთმანეთისაკენ  მიმართვა გვაფიქრებინებს, რომ ისინი სხვადასხვა დროსა და სივრცეში მყოფებად გაიაზრებიან და მთელი სამყაროს საერთო ციკლურ წრებრუნვაში არიან ჩართულნი.
ირმის კიდევ ერთი, და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, მისი რქებიდან იღებს სათავეს. ქართულ ფოლკლორში ირემი ზებუნებრივი ზნის მატარებელ და ზეციურ სამყაროსთან დამაკავშირებელ არსებად მოიაზრება სწორედ დატოტვილი, მაღალი რქების გამო. ქართულ ზღაპრებში ხშირად ვხვდებით გმირს, რომელიც ირმის ქორბუდა რქების მეშვეობით ზეცაში ადის,გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ., 212.რაც ჭეშმარიტების წვდომას, სამყაროს კანონზომიერებათა შესახებ ცოდნის მოპოვებას, ინიციაციას ნიშნავდა. ინიციაცია კი ერთგვარ სიკვდილს და ახალ ხარისხში ასვლას, ხელახალ დაბადებას გულისხმობდა. სწორედ აქ იგულისხმება ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოსახულება ამ კულტურის ძეგლებზე არ გვხვდება. ამ მოსაზრებას გვიდასტურებს უფრო მოგვიანო ხანის ნიმუში ყაზბეგის განძიდან. ესაა ზარაკი, რომელიც ერთმანეთზე შედგმული მაღალი, დაგრეხილ-დატოტვილი რქებით შექმნილ კონსტრუქცია წარმოადგენს და მის თავზე ფალიკური ფიგურაა დასმული.ლ. წითლანაძე. ყაზბეგის განძის ზოგიერთი საკითხისათვის, მსკა, III, ტაბ. I-VII
ირემი მხოლოდ ზეცასთან მაკავშირებლად როდი მოიაზრებოდა, ის სულეთთან/ ქვესკნელთან და, შესაბამისად, წინაპრებთან კავშირშიც „ეხმარებოდა“ ადამიანს, რაც რიტუალის საშუალებით ხორციელდებოდა. ამის დასტურია ქვაცხელების ნამოსახლარის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილი მასალა.ლ. ღლონტი, ალ. ჯავახიშვილი. ურბნისი, თბ., 1965, გვ., 9აქ, ოთახის ცენტრში მოწყობილ დიდ კერიასთან (მარცხენა მხარეს), სხვადასხვა დანიშნულების ნივთების გვერდით, აღმოჩენილი იყო ჭურჭელი, იარაღი, გადასატანი კერიის ნაწილები, ხელსაფქვავები და სხვ. იხ.: ლ. ღლონტი, ალ. ჯავახიშვილი. ურბნისი, თბ., 1965აღმოჩნდა ირმის ჩონჩხი. ირემი დაწვენილი იყო მარცხენა გვერდზე, ხოლო მენჯის ძვალთან მიბჯენილი ჰქონდა სპილენძის პატარა ისრის წვერი. როგორც ჩანს, ირემი დაჭრილი იყო. მანანა ხიდაშელი ვარაუდობს, რომ „...სამყაროს ცენტრში, კერასთან ირმის რიტუალური სიკვდილით კოსმოგონიის აქტი სრულდებოდა“.მ. ხიდაშელი, დასახ. ნაშრ., გვ., 74.თუმცა, ჩვენ ამ რიტუალის – კოსმოგონიური აქტის – შინაარსის უფრო მეტად დაკონკრეტება შეგვიძლია. საცხოვრებლის ცენტრალურ ღერძზე განლაგებული კერია ქვესკნელს უკავშირდება. ესაა ღამის მზე, რომელიც ქვესკნელშია ჩასული და იქ მოგზაურობს. თავად კერიის ფორმაც ამაზე მიგვითითებს, ის წრიული ფორმისაა, ჩაღრმავებულ-ჩალესილია მიწაში, გარს აკრავს ბორდიური, რომელიც წითლადაა შეღებილი. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ადრესამიწათმოქმედო ტომები, ხშირად, თავიანთ წინაპრებს სწორედ კერიის ქვეშ მარხავდნენ. გარდა ამისა, საინტერესოა, რომ ირმის მენჯის ძვალთან მიბჯენილი სპილენძის პატარა ისრის წვერი მიგვანიშნებს, რომ ირემი მკვდარი არაა, ის დაჭრილია. საგულისხმოა, რომ როგორც პალეოლითის ხანის მხატვრობაში, ისე ადრესამიწათმოქმედო ტომების მიერ შექმნილ ნადირობის ამსახველ გამოსახულებებში, არასდროს ვხვდებით მოკლულ ცხოველს, ის ყოველთვის დაჭრილია. ვფიქრობთ, რომ ძველი ადამიანის წარმოდგენით, დაჭრილი ანუ ორი სამყაროს ზღვარზე მყოფი ცხოველის საშუალებით ისინი კავშირს ამყარებდნენ სულეთის სამყაროსთან, საკუთარ წინაპრებთან, რაც მკვდარი ცხოველის შემთხვევაში ვერ მოხერხდებოდა. დაჭრილი ირმის კერიასთან – სულეთში მოგზაურ ღამის მზესთან – განთავსება წარმოაჩენს, რომ ქვაცხელებში სულეთთან, მიცვალებულებთან, წინაპრებთან კავშირის დამყარების რიტუალი ხორციელდებოდა და ეს ირმის საშუალებით ხდებოდა.
ამგვარად, ირემი სხვადასხვა სკნელს შორის კავშირს განასახიერებს და ის კოსმოგონიური ხის ადეკვატურ მნიშვნელობას იძენს; ის, ხის მსგავსად, სამყაროს უნივერსალურ ხატს განასახიერებს და სამივე სკნელს მოიცავს. ამ შემთხვევაში ირემი სამყაროს მთლიანობის იდეას, სამყაროში მოქმედ კანონზომიერებათა ერთიანობის პრინციპსაც გადმოგვცემს.
ამგვარად, თუ მტკვარ-არაქსის კულტურის ჩვენ მიერ განხილულ ნიშან-სიმბოლოების შესახებ მსჯელობას შევაჯამებთ, დავინახავთ, ამ კულტურის სახე-ხატი მთელ სამყაროს, კოსმოსს მოიცავს. სპირალი-მზე ასტრალური სამყაროსა და, ასევე, ადამიანის სულის ნიშანია, წერო - ბუნების წლიური ციკლურობისა და ადამიანის რეინკარნაციის, ხოლო ირემი, ერთი მხრივ, ბუნების (ფლორისა და ფაუნის) წლიური წრებრუნვისა და ნაყოფიერების აღმნიშვნელია, მეორე მხრივ კი, სამყაროს მთლიანობის, მასში მოქმედ კანონზომიერებათა ერთიანობის პრინციპის ნიშან-სიმბოლოა. ამ სემანტიკურ მწკრივს (მზე, წერო, ირემი, ადამიანი,) ერთი იდეა, სამყაროში მოქმედი ერთი კანონზომიერება – ციკლურობა, მუდმივი რეინკარნაცია – აერთიანებს. რეინკარნაციის პრინციპი მოქმედებს როგორც ასტრალურ/საკრალურ სფეროში, ანუ ზესკნელში (მზე), ასევე, პროფანული სამყაროს ყველა სფეროში. ამ მწკრივში ჩართულია ადამიანიც.  ნაყოფიერება, რომელიც მეცნიერებს სრულიად სამართლიანად მიაჩნიათ ამ ეპოქის წამყვან იდეად, ადამიანზეც ვრცელდება და, როგორც ვხედავთ, არა მარტო სხეულებრივ, არამედ, მისი სულის ნაყოფიერებას – რეინკარნაციასაც გულისხმობს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მტკვარ-არაქსის კერამიკის ორნამენტული დეკორის მოწესრიგებული, სიმეტრიის ღერძზე აგებული კომპოზიციური სტრუქტურა აქვს. ჭურჭლის, იგივე კოსმოსის სხეულზე დატანილია თავად ამ კოსმოსის ფორმულა, მისი სტრუქტურირებული ხატი, რომელიც მოიცავს არსებობის ძირითად კატეგორიებს – დროსა და სივრცეს და მისი არსებობის ძირითად პრინციპებს – ციკლურობას, წრებრუნვას, ნაყოფიერებასა და რეინკარნაციას.
მიუხედავად იმისა, რომ მტკვარ-არაქსის კერამიკაზე დეკორის ჩაღარულ, ტალღოვან, ხაზოვან ელემენტებსაც ვხვდებით (ისინი ვიზუალურად თითქმის შეუმჩნეველია), მთავარი გამოსახულება მაინც სიმეტრიის პრინციპზე აგებული, გაწონასწორებული, ხშირად, სარკისებური კომპოზიციაა, რომელიც მთავარ აზრობრივ და კომპოზიციურ მახვილს წარმოადგენს და ჭურჭლის ერთგვარ  მთავარ ფასადს ქმნის. დეკორის ეს ელემენტი აღიქმება, როგორც მჟღერი, მრავალხმიანი „აკორდი“, რომელსაც მომდევნო ხანის თრიალეთის კულტურაში კერამიკული ჭურჭლის სხეულზე დენადი ორნამენტული მრავალხმოვანი „მრავალჟამიერი“ ცვლის. ეს უკვე ტიპური ორნამენტია, რომელიც ელემენტთა უსასრულო განმეორებადობის პრინციპითაა აგებული. აქ ერთმანეთში მელოდიასავით გადაედინება შედარებით რთული სხვადასხვაგვარი ორნამენტული ფორმები; ისინი გარს ურბენს ჭურჭელს და ადრესამიწათმოქმედო კულტურაში ჩამოყალიბებულ სამყაროს მუდმივი ციკლური წრებრუნვის, ტრანსფორმაციისა და რეინკარნაციის იდეას კიდევ უფრო სახიერად წარმოაჩენს.
მითოსური ცნობიერება არ ცნობს სიკვდილის არსებობის ფაქტს.ე. კასირერი. რა არის ადამიანი? თბ., 1983, გვ., 154ყველაფერი, რაც ცოცხალია (მზე და ციური სხეულები, ბუნება (მცენარეები და ცხოველები) და ადამიანიც) გარდა-ცვლათა მრავალ ჟამს გადის, ამჟამიერ და იმჟამიერ „სიცოცხლეთა“ მონაცვლეობას სამყაროს უმთავრეს კანონს – მარადიულ გარდასახვას – დაბადება-გარდაცვალებას გულისხმობს (ამ კონტექსტში საინტერესოა ქართული საწესო სიმღერის „მრავალჟამიერის განხილვაც). ეს ხედვა სწორედ ადრესამიწათმოქმედო კულტურების წიაღში ჩამოყალიბდა და მოგვიანებით, მთელი წარმართული სამყაროს ცნობიერების ქვაკუთხედად იქცა. როგორც  მ. ხიდაშელი ამბობს, ადრესამიწათმოქმედო ტომების, კერძოდ, მტკვარ-არაქსელების მიერ შექმნილი სამყაროს მოდელი იმ ეპოქის სულიერი კულტურის უმთავრესი მიღწევაა, რომელმაც მტკიცედ მოიპოვა ადგილი, დიდი ხნით დამკვიდრდა და გარკვეული ცვლილებებით თვით ქრისტიანობის შემოსვლამდე მოაღწია“.მ. ხიდაშელი, დასახ. ნაშრ., გვ., 67უფრო მეტიც, თავად ქრისტიანობაშიც კი შემოაღწია.
თუ ყოველივე ზემოთქმულს შევაჯამებთ და თან კაცობრიობის განვითარების ეტაპებს გადავხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ: თუ ქრისტიანობა თეოცენტრულია, რენესანსი – ანთროპოცენტრული, XVII-XIX საუკუნეები – სციენტოცენტრული, თანამედროვე ეპოქა (XX-XXI საუკუნეები) – ტექნოცენტრული, მაშინ ეპოქა და კულტურა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ და, ალბათ, მთელი წარმართობაც, კოსმოცენტრულად შეიძლება განვსაზღვროთ.

ნანახია: 487-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani