Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ძმები ზდანევიჩების შემოქმედება - ავანგარდული წიგნი, ფუტურიზმი და სხვა

There are no translations available.

მზია ჩიხრაძე
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

„კავკასიამ რუსულ ფუტურიზმს მისცა ვლადიმერ მაიაკოვსკი და ძმები ილია და კირილე ზდანევიჩები“  - წერდა იური დეგენი ჟურნალ „ფენიქსში“ 1919 წელს. თბილისელი ძმების, ილია და კირილე ზდანევიჩების ღვაწლი უსაზღვროდ დიდია ავანგარდული ხელოვნების განვითარებაში.
1.-1
ძმები ზდანევიჩების ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების აღმოჩენა იყო. შემდეგ, კირილე ზდანევიჩი თავის დღიურში ჩაწერს: „ახლა, ფიროსმანის გაცნობის შემდეგ, მე ვიცი, რა არის ცხოვრება“. ასე გახდა კირილეს და მისი ძმის, ილიას მთელი ცხოვრების თანამდევი ნიკო ფიროსმანის ხელოვნებით გატაცება. ზდანევიჩები ცხოვრების ბოლომდე ეწეოდნენ ფიროსმანის ხელოვნების პოპულარიზაციას, წერდნენ სტატიებს, წიგნებს მის შემოქმედებაზე, აწყობდნენ მის გამოფენებს. 1913 წელს მიხეილ ლარიონოვმა ძმები ზდანევიჩებისა და ლე-დანტიუს შეთავაზებით, ნიკო ფიროსმანაშვილის 4 ნამუშევარი გამოფენა „მიშენზე“ წარადგინა. აღსანიშნავია, რომ „მიშენში“ თავად კირილეც მონაწილეობდა მ. ლარიონოვის ჯგუფთან - გონჩაროვასთან, მალევიჩთან, შაგალთან, შევჩენკოსთან, ლე-დანტიუსთან ერთად. გამოფენას წინ უძღოდა დისპუტი თემაზე „აღმოსავლეთი, ეროვნულობა და დასავლეთი“, სადაც ილია ზდანევიჩმა პირველად წარმოადგინა თავისი კონცეფცია  „ვსიოჩესტვო“. კირილემ, გარდა ზემოთ დასახელებული „მიშენისა“ (1913წ.), ლარიონოვის მიერ ორგანიზებულ კიდევ ორ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა: „ოსლინიი ხვოსტ“ (1912წ.) და „N 4. ფუტურისტი, ლუჩისტი ი პრიმიტივ“ (1914წ).
2-2
1913 წელს კირილე პარიზს სტუმრობს. პარიზში ზდანევიჩი უკვე ჩამოყალიბებული ხელწერის მხატვარი მიდის, თავისი გამოხატული ოსტატობით. პარიზში ის ეცნობა თანამედროვე ფრანგული ხელოვნების მრავალ  სტილსა და მიმდინარეობას, დადის ჟულიანის აკადემიაში, სტუმრობს მატისის და პიკასოს სტუდიებს, მუზეუმებსა და გამოფენებს, უკრაინელი მოქანდაკის, ალექსანდრე არხიპენკოს სახელოსნოში თავისი ნამუშევრების გამოფენასაც კი აკეთებს.ამ გამოფენასთან დაკავშირებით ერთი ფაქტია ცნობილი: გამოფენას პიკასო ეწვია, თავად კირილე ადგილზე არ იყო და როცა უკან დაბრუნდა, კედელზე დახვდა  პიკასოს მიერ მიწერილი „5+“. ასეთი  შეფასება მიიღო ჯერ კიდევ დამწყებმა მხატვარმა დიდი მაესტროსგან.
პარიზიდან თბილისში დაბრუნებული კირილე 1914 წელს ომში გაიწვიეს, როგორც უმცროსი ოფიცერი. მხატვარს არც ფრონტზე დაუკარგავს უქმად დრო, მან სანგრებში, მცირე შესვენებების დროს, მრავალი ნახატი თუ ესკიზი შეასრულა.
1917 წელს დემობილიზებული კირილე ზდანევიჩი თბილისში ჩამოდის და მაშინვე ქალაქის მხატვრულ-კულტურულ ცხოვრებაში ერთვება, ქალაქის, რომელიც „ძალიან მცირე დროის განმავლობაში მსოფლიოს იმ ადგილად იქცა, სადაც თავისუფლებას თავისი ნავსაყუდელი ეგულებოდა“.რეჟის გაირო, მარტივი შენიშვნები და მოკრძალებული რეფლექსიები კირილე ზდანევიჩის წიგნების ილუსტრაციების შესახებ, კირილე ზდანევიჩი 1892-1969, ცხოვრება და შემოქმედება, თბილისი 2018, გვ.104.
3.-3
4.-4
მაშინდელი თბილისი დასავლეთის მოდერნიზაციის რიტმს საკმაოდ ჩამორჩებოდა, თუმც, ქალაქის კულტურულ-ისტორიული ფონი მის ფანტასმაგორიას განსაზღვრავდა. ქალაქი სხვადასხვა ფერადებით ნაქსოვ სპარსულ ხალიჩას ჰგავდა, სადაც თითოეულ დეკორს თვისი ადგილი ჰქონდა და საოცარი სილამაზე შეჰქონდა ერთიან  ჰარმონიაში. ეს აზიურ-ევროპული ქალაქი სავსე იყო მრავალგვარი ჟღერადობით, სურნელით, სამოსით, ენითა თუ ტრადიციით. აქ მართლაც შეერწყა აღმოსავლეთი დასავლეთს და სრულიად სპეციფიკური, გამორჩეული ქალაქის სახე შექმნა. როგორც უკვე ვთქვით, 1910-იანი წლების მეორე ნახევარში, აქ რუსი თუ ქართველი ავანგარდისტებიც გამოჩნდნენ და თავიანთი უცნაური მხატვრული სახეებით კიდევ უფრო ააფერადეს თბილისის მრავალფეროვნება. ამ „ფანტასტიკურ ქალაქში“ ძმები ზდანევიჩები ავანგარდული ხელოვნების მესაჭეები არიან.
კირილე, თავისი შემოქმედების საწყის ეტაპზე, 1909-10 წლებში, რეალისტურ, იმპრესიონისტულ და პოსტიმპრესიონისტულ ნამუშევრებს ქმნის. 1910-იანი წლებიდან მის შემოქმედებაში კუბისტური და კუბო-ფუტურისტული ძიებები ჩნდება. ამ ძიებებმა მხატვარი „ორკესტრულ ფერწერამდე“ მიიყვანა, რაც ილია ზდანევიჩისა და მიხეილ ლე-დანტიუს „ვსიოჩესტვოს“ ვიზუალური განსახიერება იყო ფერწერაში.  1918 წელს „ფუტურისტთა სინდიკატის“ მიერ მოწყობილ გამოფენაზე კირილე ზდანევიჩის 1912-1916 წლების ნამუშევრები გამოიფინა. გამოფენის კატალოგს ა. კრუჩონიხის და ელი ეგანბიურის (ი. ზდანევიჩი) შესავალი სტატია უძღვის. აქ ავტორები კ. ზდანევიჩის ფერწერას „Оркестровая живопись“-ს უწოდებენ და ადარებენ რა ზდანევიჩს მიხეილ ლარიონოვს, რომელიც სხვადასხვა სტილში მუშაობდა, თვლიან, რომ ის უფრო შორს წავიდა და შეძლო, ერთ ტილოზე გაეერთიანებინა სხვადასხვა სტილი. თუმცა, როგორც ჟურნალი „ARS“-ი (1918 წ.) გვამცნობს, მაყურებელმა მხატვრის შემოქმედება არც თუ ისე თბილად მიიღო, რადგანაც მისთვის ძნელი აღმოჩნდა ზდანევიჩის „ახალი სილამაზის ფორმების“ აღქმა.
5.-56. -6
7.-78. -8
ძმები ზდანევიჩებიდან უმცროსი, ილია (1894-1975), თავის უფროს ძმაზე არანაკლებ რთულ და საინტერესო გზას დაადგა ხელოვნებაში. როგორც ზემოთ ვთქვით, ის თვიდანვე ლიტერატურისა და მემარცხენე პოეზიის მორევში ჩაერთო. პოეტი, მწერალი, არტისტი ილია ზდანევიჩი ავტორია ნოველების, სონეტების, ზაუმის ენაზე დაწერილი დრამების, თავისი გაბედული ექსპერიმენტებით, ილია, ყველაზე გამორჩეული გამომცემელი გახდა თანამედროვე წიგნის ხელოვნების სამყაროში.
მაშინ, როცა მისი ძმა,  კირილე იმპრესიონისტულ და პოსტიმპრესიონისტულ ხერხებს ეუფლებოდა მხატვრობაში, დამწყები პოეტი, ილია ზდანევიჩი, სიმბოლისტური პოეზიის გავლენით ქმნიდა ლექსებს; ამ დროს (1908-1909წწ.), 14 წლის ასაკში აქვს მას დაწერილი ეს ლექსიც - „სტეპებში“ (В степях): 9
Ворон расклюй васильковые очи,
Ширь убаюкает: тихо усну;
Синим окутают саваном ночи,
Тучей холодной задернут луну
Черные призраки сон не встревожат,
...
Вольно душе. На просторе рыдая
Гаснет закат. Потонули года.
Степи, я к вам ухожу засыпая!...
Умерло солнце. Со мной. Навсегда.
თბილისის ვაჟთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1911 წელს ილია თავის ძმას შეუერთდა პეტერბურგში. პეტერბურგის უნივერსიტეტში ის იურისპრუდენციას სწავლობდა. ყველაფერში გამორჩეული ნიჭის  მქონე ილიამ, უნივერსიტეტიც წარჩინებით დაამთავრა. იქვე გაეცნო რუსულ ავანგარდულ წრეებს. ჯერ კიდევ თბილისში ჩასახული მისი ინტერესი ფუტურიზმისადმი, ამ რადიკალური მიმართულების თეორიული საფუძვლების შესწავლა-ევოლუციაში გადაიზარდა.
9.-9
ილია ზდანევიჩის ღვაწლი ფასდაუდებელია ზაუმური პოეზიის განვითარების საქმეში. თავისი თეორიული ნაშრომებითა და საჯარო გამოსვლებით მან რუსული ავანგარდული პოეზიის სრულყოფა-პოპულარიზაციას დიდად შეუწყო ხელი.
ილია ზდანევიჩის 1912 წლის 18 იანვრის გამოსვლა „სოიუზ მოლოდიოჟის“ დისპუტზე პეტერბურგის ტროიცკის თეატრში, გახდა რუსეთში ფუტურიზმის ერთგვარი ადგილიდან დაძვრის საფუძველი. ლუიჯი მაგაროტო სტატიაში „ილია ზდანევიჩი: იტალიური ფუტურიზმიდან დრამატულ პენტოლოგიამდე“ლუიჯი მაგაროტო სტატიაში, ილია ზდანევიჩი: იტალიური ფუტურიზმიდან დრამატულ პენტალოგიამდე, დადა რუსულად, გვ. 40.წერს: „[ილია ზდანევიჩი] ტრაბახობდა იმით, რომ სწორედ მან წარმოთქვა მთავარი სიტყვა, რასაც დიდხანს ელოდნენ ახალგაზრდა რუსი ექსპერიმენტატორები, - „ფუტურიზმი. ამ სიტყვამ სწრაფად მოიპოვა თავისი უფლებები რუსეთში...“ ანუ, სწორედ ამ დროიდან ეყრება ახალ ესთეტიკას საფუძველი რუსეთში და მის სათავეებთან სწორედ ილია ზდანევიჩი იდგა.
10. -10
11-11
12-12
ილიას ბიოგრაფიიდან  ერთ მნიშვნელოვან ფაქტს გავიხსენებთ. 1913 წელს მოსკოვის პოლიტექნიკური მუზეუმის აუდიტორიაში ჯგუფი „მიშენის“ დისპუტზე, 18 წლის ილიამ თვისი ეპიტაჟური გამოსვლით დამსწრე პუბლიკისა და ხელოვნების კრიტიკოსების აღშფოთება გამოიწვია. მან ვენერა მილოსელის გამოსახულებას ბორის ლოპატინსკისბორის ლოპატინსკი - პოეტი.ძველი მაღალყელიანი ფეხსაცმელი დაუპირისპირა და განაცხადა: „აი, თქვენ წინ არის ვენერა. რატომ არის ის ლამაზი? რადგანაც ამას გასწავლიდნენ. ფეხსაცმლის სილამაზე უფრო მშვენიერია, რადგან ის ავტონომიური და შეუცნობელია.“ აქვე უნდა ითქვას, რომ მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი მაღალყელიანი ფეხსაცმელი სწორედ იმ ლოპატინსკის ეკუთვნოდა, ვინც პირველად გააცნო მას ტომაზო მარინეტის ფუტურიზმის მანიფესტი.1910 წელს მან პირველმა ჩამოიტანა პარიზიდან თბილისში 1909 წელს „ფიგაროში“ დაბეჭდილი მარინეტის „ფუტურიზმის მანიფესტი“.ამ შემთხვევის შემდეგ, პრესა ილიას „უცერემონიო ახალგაზრდას“, „უწვერო ახალგაზრდას ცუდი ტონის პათოსით“, „უტიფარ ლექტორს“ და რას აღარ უწოდებდა.
13-13
ასეთივე აგრესიულობა და გაბედულება ახასიათებს ილია ზდანევიჩის ლიტერატურულ და პოეტურ შემოქმედებას. ის ისტორიაში ჩაეწერა, როგორც ავანგარდის ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ფიგურა. თავისი მხატვრულ-ესთეტიკური თუ ტიპოგრაფიული ექსპერიმენტებით ის ქართული, რუსული და ფრანგული ლიტერატურული ავანგარდის გამორჩეული ლიდერია.
იმავე 1913 წელს ილიამ „ვსიოჩესტვოს“ თეორია განავითარა: „... ყველა მანერა ძალიან შეზღუდულია მისი ავტორის ამოცანებით. განზოგადებისკენ მისწრაფებისას ოსტატი შეიძლება დღეს წერდეს ერთ მანერაში, ხვალ სხვაში. შეიძლება წერო არა მხოლოდ სხვადასხვა მანერით, არამედ შეიძლება შეაერთო ფერწერის მრავალი გაგება ერთ ტილოზე. თითოეული მანერა ამა თუ იმ ამოცანას ახსნის, მაგრამ ვერ ახსნის ფერწერას მთლიანად. მანერების გაერთიანებით ოსტატი ათავისუფლებს ხელოვნებას დროითი ამოცანების გავლენისგან და, ანადგურებს რა ნებისმიერი სტილის შემთხვევით ხასიათს, ნაწარმოებს არაჩვეულებრივ სისრულეს ანიჭებს. ასე იქნა ორკესტრული ფერწერა აღმოჩენილი.“ (ილია ზდანევიჩი, ვსიოჩესტვო, ხელნაწერი, გვ. 31-32). როგორც ვხედავთ, ილიასეული „ვსიოჩესტვო“ დროის და სივრცის უარყოფაა. ავტორი ამტკიცებს, რომ ყველა დროისა და ხალხის ხელოვნების ყველა ფორმა შეიძლება თანამედროვე იყოს, თუკი ის მაყურებლის აღქმას ეთანხმება.   შესაბამისად, გასაგებია ილიას დაინტერესება წარსულის ხელოვნებით, კერძოდ კი, შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებით.
14. -1415-15
1917 წელს ილია რუსეთიდან თბილისში ბრუნდება, სადაც აგრძელებს აქტიურ მოღვაწეობას ზაუმური პოეტური ენის გასავითარებლად. ის კრუჩიონიხთან, ტერენტიევთან და კირილე ზდანევიჩთან ერთად აარსებს ორგანიზაცია „410“-ს, თავისი უნივერსიტეტით, რომელიც პოეზიის ახალ სკოლას წარმოადგენს.  ილია ზდანევიჩის რადიკალური მხატვრულ-პოეტური და ტიპოგრაფიული ექსპერიმენტები, რაც 410-ის პუბლიკაციებში აისახა, თბილისში დადაიზმის არსებობაზე საუბრის საფუძველს იძლევა, ხოლო ამ მხატვრული მიმდინარეობის დამაარსებლად, საქართველოში, სწორედ ილია მოიაზრება. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი დადა საქართველოში მხოლოდ 1920-იანი წლებიდან შემოვიდა ხმარებაში,მას შემდეგ, რაც ლადო გუდიაშვილმა ილია ზდანევიჩისადმი პარიზიდან გამოგზავნილ წერილში პირველად ახსენა ეს ტერმინი.ილია ზდანევიჩი დადაისტურ ექსპერიმენტებს ჯერ კიდევ 1910-იანი წლების ბოლოს მიმართავდა.
ძალიან მნიშვნელოვანია ის ტიპოგრაფიული ექსპერიმენტები, რაც ილიამ პარიზში მოღვაწეობისას გააგრძელა და თვისი მხატვრულ-ლიტერატურული ენა ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ილიაზდის მიერ პარიზში გამოცემული თითოეული წიგნი ავანგარდული ხელოვნების შედევრია: ლედანტიუ ფარამ (1923წ.), აფატ (1940წ. პიკასოს გაფორმებით), რაჰელ (1941წ. ლეოპოლდ სუვაჟის მიერ დეკორირებული, შიგ ჩართულია პოლ ელუარის მიერ შესრულებული ფრანგული თარგმანი), პისმო (1948წ. პიკასოს გაფორმებით), ბუსტროფედონი სარკეში (1971წ. ჟორჟ რიბმონ-დესენის ილუსტრაციებით) და სხვ. ზოგიერთ მათგანზე შემდგომ მოგახსენებთ.
16. -16
„410“-ის საგამომცემლო საქმიანობა მნიშვნელოვანი ფურცელია თბილისის კულტურულ ცხოვრებაში. ორგანიზაციამ მრავალი საინტერესო წიგნი დაბეჭდა. ესენი იყო 1912-1913 წლებში პეტერბურგში გამოშვებული წიგნების ხელახალი გამოცემები (1917-1918წწ.): კრუჩონიხის „უჩიტეს ხუდოგი“, „ოჟირენიე როზ“, „მალოხოლია ვ კაპოტე“, ტერენტიევის „ო სპოლშნომ ნეპრილიჩიი“, ილია ზდანევიჩის „იანკო, კრულ ალბანსკაი“, 1919 წელს გამოიცა კრუჩონიხის „მილლიორკ“, „ლაკიროვანნოე ტრიკო“, ტერენტიევის „რეკორდ ნეჟნოსტი“, ი. ზდანევიჩის „ოსტრაფ პასხი“, „ზგა იაკაბი“ და სხვა... წიგნები გამოდიოდა ძალიან მცირე ტირაჟით და თითოეული მათგანი, ფაქტობრივად, ხელით მზადდებოდა. თბილისურ ავანგარდულ წიგნებში კარგად აისახა ის თავისუფლება და აკადემიური ჩარჩოების მსხვრევა, რაც, ზოგადად, ახასიათებდა ფუტურიზმს. შეიძლება ითქვას, რომ თბილისური ავანგარდული წიგნი არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი არა მარტო ქართულ და რუსულ, არამედ, თანამედროვე დასავლური წიგნის გრაფიკის ხელოვნებაშიც.
17. -1718. -18
19. -19
თბილისში გამოცემული ფუტურისტული წიგნებიდან მინდა გამოვყო ალექსეი კრუჩონიხის „უჩიტეს ხუდოგი“. წიგნის ყდას მალევიჩისებური „შავი კვადრატი“ ამშვენებს, როგორც მინიშნება იმაზე, რომ შავი ფერიდან, „არა-ფერიდან“, 0-დან უნდა დაიწყოს ახალი ხელოვნება, ახალი პოეზია, რომელსაც ახლა, აქ ქმნიან არტისტები. ისწავლეთ მხატვრებო! ეუბნება მათ კრუჩონიხი და გზის დასაწყისს - ნულოვან ფორმასა და ფერს სთავაზობს მკითხველს, რომელზეც უნდა აიგოს მომავლის ფუტურისტული პოეზია.
წიგნის შემდეგ ფურცლებზე უცნაური სამყარო იშლება კრუჩონიხის ზაუმური პოეზიითა და კირილე ზდანევიჩის „ორკესტრული“ ნახატებით. წიგნს ავტორებმა ზიგა ვალიშევსკის წანამძღვარი გაუკეთეს. ავტორებს ვამბობთ, რადგან თბილისში გამოცემული ავანგარდული პოეტური წიგნები მხოლოდ პოეტისა და მხატვრის თანაბარი თანაარსებობით, თანამშრომლობით იქმნება. აკი, განსაზღვრავს კიდეც კრუჩონიხი თავის „მილლიორკში“ (1919წ.) მხატვრის ფუნქციას:
„მხატვარი - ცარიელი ადგილების შემქმნელი
ასე აღმოცენდება მთელი ქალაქი იქ, სადაც
ფეხი დაგიცდა“
წიგნის წანამძღვარში, პირველსავე გვერდზე, ზიგა ვალიშევსკი აკეთებს უცნაურ განაცხადს:
„ჭამე, მხატვარო, ძროხის ხორცი,
რუვენსს მიაყოლე სეზანის ფუნთუშა!
ფრთხილად, ნუ გაღორმუცელდები,
ვერ დანაყრდები!“
ეს გაფრთხილებაა მხატვრებისთვის, რომ ზედმეტი არ მოუვიდეთ სეზანი და რუბენსი, ახლა სხვა მხატვრების დროა, ახალი დროის ახალი მხატვრების დრო! და ასეთებად კრუჩონიხ-ზდანევიჩი წარდგებიან მკითხველის წინაშე. კრუჩონიხს თანამედროვე სამყაროში არსებული ხმები თავის პოეზიაში შემოაქვს და ფუტურისტულ ჟღერადობას აძლევს მათ. აი, მატარებელი ადის აღმართზე და ასეთ პოეტურ ხმებს გამოსცემს: „ბორო ჩორო… გა გიშ! ბორო სორკო ვა/ საყვირის ხმა/ სიან ლინ კსუ“ გვესმის მატარებლის ბოლო ამოგმინვა და ის ჩერდება. ასეთია კრუჩონიხის პოეტური იმიჯი, მას აღარ ხიბლავს რუბენსისეული ლამაზმანები, არც სეზანის მობანავეები იპყრობს მის ყურადღებას. კირილე ზდანევიჩს კი „მობანავე ქალის“  „ახალი სილამაზის ფორმები“  შემოაქვს წიგნში. განსხვავებულია მისი პეიზაჟები, ადამიანი მზის ქვეშ, კაფე… მხატვრის კუბოფუტურისტული ხედვა ლუჩისტურ ელემენტებსა და ნეოპრიმიტივისტურ სახეებს შეითავსებს, მარტივი, გეომეტრიული ფორმები, დახვეწილი მონახაზები დეკორივით ედება სახატავ სიბრტყეს. წარწერები ისეა ნახატში ინტეგრირებული, რომ სად იწყება კალიგრაფიული ჩანართი და სად ნახატი, ძნელი გასარჩევია, აქ ეს ორი მთავრი კომპონენტი ერთიან, ინტეგრალურ სისტემას ქმნის და კრუჩონიხის ხმაურიან თანამედროვე სამყაროს ვიზუალურ სახე-ხატს წარმოადგენს.

20.-20

აქ გვინდა რეჟის გეიროს ერთი ციტატა მოვიყვანოთ:  „...ეს სახელი ფუტურისტული წიგნის ხელოვნების ერთ-ერთ შედევრშიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს - „ჟელეზობიტონნია პოემი. 1918“
კამენსკი-კრუჩონიხის „1918“, თბილისში, 1917 წელს გამოდის. წიგნში შესულია კამენსკის ორი პოემა: „ტიფლისი“ და „მზე“, ასევე, კრუჩონიხის ლექსები. როგორც რეჟის გაირო გვამცნობს, წიგნის გაფორმება კირილე ზდანევიჩს ეკუთვნის, ხოლო „ნაწებობები“, იგივე, კოლაჟები, როგორც ამას ყდაზე გაკეთებული წარწერა გვეუბნება, კრუჩონიხის შემოქმედებაა. „1918“ რარიტეტულ იშვიათობას წარმოადგენს, რადგან მსოფლიოში სულ დარჩენილია მისი მაქსიმუმ 10-მდე ეგზემპლარი. გარდა ამისა, წიგნს გამორჩეულს ხდის მისი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულება.
21-21
კამენსკიმ 1914 წელს დაბეჭდა „ჟელეზობეტონნია პოემის“ პირველი გამოცემა, დავით და ვლადიმირ ბურლიუკების გაფორმებით, წიგნში შესულია კამენსკის პოემები: „ტანგო ს კოროვამი“, „ბოსიკომ პო ტრავე“, ტექსტები: „პოლიოტ ვასი კამენსკოგო“, „დვორეც ს.ი. შჩუკინა“, რომლებიც შპალერის უკანა მხარის ყვითელ ფონზეა ამობეჭდილი. ფუტურისტული პოეზიისთვის დამახასიათებელი რუსული ენის სინტაქსის დარღვევით, აზრის გაბუნდოვანებითა და მაშინიზმის გაფეტიშებით შექმნილი ეს პოეტური ნაწარმოებები ერთგვარ „დამაინტრიგებელ“ წიგნს წარმოადგენს, რომელსაც თავად შპალერის სილამაზე და წიგნის ხუთკუთხა მოხაზულობა თავისებურ დამატებით მომხიბვლელობას ანიჭებს. მაგრამ, თუკი ამ გამოცემაში წამყვანია შპალერის ესთეტიკა და სხვადასხვა ზომის ნაბეჭდი ასოებით კომპოზიციური მთლიანობის შექმნა, ასევე, განსხვავებული სტრუქტურული კონფიგურაციებისა და წასაკითხი ტექსტების მიმართულებების მრავალგვარობა (ქვემოდან ზევით, ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად და ა.შ.), „ჟელეზობეტონნია პოემის“ მეორე, თბილისურ გამოცემაში სრულიად სხვაგვარ მიდგომებს ვხედავთ. წიგნი თავიდანვე იპყრობს მკითხველის ყურადღებას მხატვრულ-გამომსხველობითი ხერხების მინიმალიზმით. აშკარაა შემოქმედთა გატაცება მალევიჩის სუპრემატიზმით, ეს განსაკუთრებით კრუჩონიხის „ნაკლეიკი“-ში (ანუ, კოლაჟებში) ჩანს. მინიმალისტური გეომეტრიული ფერადოვანი ფიგურებით შექმნილი საოცრად დახვეწილი კომპოზიციები ნეიტრალურ ფონებზეა განთავსებული (ზოგან ფონზე მუყაოს უხეში ფაქტურა იკითხება, ზოგან კი ერთი ფერის ქაღალდია ფონად გამოყენებული). მაგრამ წიგნის ავტორები მხოლოდ სუპრემატიზმით არ შემოიფარგლნენ, მათი მხატვრულ-გამომსახველობითი ენა მრვალფეროვანია, თუმც, „სუპრემატისტულ მინიმალიზმს“ მისადაგებული. კრუჩონიხი, როგორც ზოგადად თავის ფუტურისტულ შემოქმედებაში, აქაც ხელნაწერ ტექსტებს გვთავაზობს და უარს ამბობს ბეჭდურ ტექსტებზე. ასეთი მხატვრული ხერხი კარგად შეესაბამება მისი ზაუმური პოეზიის ენას, უფრო მოძრავს და ცოცხალს ხდის მისი პოეზიის ვიზუალურ გამომსახველობას. კრუჩონიხის ფუტურისტულ ტექსტებს ორგანულად ეხმიანება კირილე ზდანევიჩის მხატვრობა. წიგნის ოთხივე ფურცელს, რომლებზეც კრუჩონიხის ლექსებია განთავსებული, გვერდს უმშვენებს ზდანევიჩის გრაფიკული ნამუშევრები, ზოგან - კოლაჟური ჩანართებით. მიუხედავად იმისა, რომ ზდანევიჩი კუბო-ფუტურისტული ფორმებით, პლასტიკური მონახაზებითა და დახვეწილი დენადი ხაზებით ვარირებს, ის მაინც ინარჩუნებს იმ უბარლოებას, რაც წიგნის მთელს ორგანიზმს ახასიათებს.
22-22
კამენსკის ორივე პოემა სრულიად უნიკალური ვიზუალური სახის მატარებელია. „ტიფლისი“ კამენსკი-ზდნევიჩის ერთობლივი ნამუშევარია, ხოლო „მზე“-ში ვიზუალურად განსახიერებული პოეტური ხედვა თავად ავტორის მიერაა შექმნილი. ესაა პოემის ერთგვარი დიაგრამა, სქემა, რომელიც სიმბოლოებისა და სიტყვების (მათ, უმეტეს შემთხვევაში, ასევე, სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ) ერთიანობით შეიქმნა. თუმც, პოემის აზრობრივი დატვირთვა მაინც ბუნდოვანია და მკითხველმა ამ სიმბოლოებსა და სიტყვებში უნდა ეძებოს პოემის არსი.
რაც შეეხება „ტიფლისს“, აქ წარმოდგენილია ქალაქის რუკა, უფრო სწორად, თბილისის პოეტური ხედვა, რომელიც ქალაქის რეალურ საზღვრებს სცილდება და ბაქოდან ყაზბეგამდეა გადაჭიმული. ეს ის თბილისია, რომელზეც პაუსტოვსკიმ თქვა: „... მე ჯერ არსად მინახავს ასეთი აბურდული, ჭრელი, და მსუბუქი, და დიდებული ქალაქი, როგორც ტიფლისია“. კ.პაუსტოვსკი, ჩემი ცხოვრების ისტორია, Бросок на юг, https://www.e-reading.club/chapter.php/1049156/25/Paustovskiy_-_Brosok_na_yug.html  როგორც გეირო ამბობს, „ის ვიზუალური ტფილისის ერთგვარი პანორამაა, დანახული მამა დავითის მთის მოპირდაპირე მტკვრის სანაპიროდან, კუბისტების მსგავსად ხან-პანორამაა, ხან-კადრი, ხაზები, რომლებიც სივრცეში აგებს პოემას - ბეტონის ჩარჩოები - ხან - ქუჩებია, ხან - მდინარე, ხან - მთების ხაზი და ფუნიკულიორი. პოემის სიტყვები ნაცნობი ადგილების სახელებია, სადაც ძმები ზდანევიჩების სახლიცაა გამოსახული აგურის შესახვევში (შემდგომ ბაქრაძის ქუჩა).“რეჟის გეირო, მარტივი შენიშვნები და მოკრძალებული რეფლექსიები კირილე ზდანევიჩის წიგნების ილუსტრაციების შესახებ, კირილე ზდანევიჩი 1892-1969, ცხოვრება და შემოქმედება, თბილისი 2018, გვ.109.
ილია ზდანევიჩის მდიდარი ავანგარდული შემოქმედებიდან აუცილებლად აღსანიშნავია პენტალოგია - „ასლააბლიჩია, პიტიორკა დეისტფ“, რომელშიც შევიდა ხუთი წიგნი, აქედან პირველი ოთხი: „იანკო კრულ ალბანსკაი“ (1918წ., სინდიკატი), „ოსტრაფ პასხი“ (1919წ., 41°),  „ასიოლ ნაპრაკატ“ (1919წ., 41°), „ზგა იაკაბი“ (1920წ., 41°) თბილისში დაიბეჭდა, ხოლო მეხუთე -  „ლედანტიუ ფარამ“ პარიზში გამოვიდა. პენტალოგიაში გამოყენებული ახალი პოეტური ენითა თუ ბეჭდური ექსპერიმენტებით და ნოვატორული მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხებით ილია ზდანევიჩი მართლაც ფუტურისტული წიგნის ხელოვნების ავანგარდშია. შინაარსისა თუ გამომსახველობითი ფორმის თავისუფალი, რადიკალური ინოვაციებით, ის მუდამ  თამაშისა და სერიოზულობის ზღვარზეა. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც უწოდეს მის პენტალოგიას „შტუკი ილიაზდა“.
ილია ზდანევიჩს ზაუმური ენის მიღმა ძნელია ამოიკითხოთ ზუსტი აზრი, თუმც, მკითხველი მაინც ახერხებს პოეტის მიერ დახლართულ ლაბირინთებში, დაჩეხილ სიტყვებსა და ვერბალურ ჟღერადობად ქცეულ რითმებში გროტესკულ-იუმორისტული, ხშირად, სექსუალური კარიკატურის ელემენტები ამოიცნოს. ამიტომ მის „ასლააბლიჩიას“ ხან „ანალურ ეროტიზმს“, ზოგჯერ კი „უწმაწური სიტყვების პატარა კრებულსაც“ უწოდებენ. თოჯინების თეატრისთვის დაწერილი ეს პიესები, იგივე „დრა“, როგორც ამას ილიაზდი უწოდებს, მეტად საინტერესო ვიზუალურ ფორმებს იღებს და თითოეულ წიგნში განსხვავებულ მხატვრულ-პოეტურ იმიჯს ქმნის.
„ზგა იაკაბიში“ ზდანევიჩი თავის ზაუმურ ენას თითქოს „ფარდების“ უკან მალავს. მაგრამ ფაქიზი, თხელი, გამჭვირვალე პაპირუსის ფერადი ფურცლების მიღმა სხვადასხვა ზომისა და კომპოზიციური წყობის სტროფები მაინც მოჩანს. ფურცლებს შორის ჩამაგრებული ეს პაპირუსის ქაღალდები სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ფერისაა, რითაც საოცრად ლამაზი ესთეტიკა შემოქვს წიგნში.
„ასლააბლიაჩიაში“ გარდასახვა, სარკე, გაორება, უკურეფლექცია, ორკესტრული ხმოვანება, ცეკვა-როკვა, ვირი, ილია ზდანევიჩი, მელნიკოვა, სიყვარული და სიკვდილი თითქმის ყველგან გვხვდება, დრამა კომედიად იქცევა და ისევ დრამატულ ჟღერადობას იძენს, ესაა წრე, რაზეც ცხოვრება ტრიალებს. ცხოვრება კი თეატრს ძალიან ჰგავს, სადაც ნამდვილისა და ორეულის გარჩევა თითქმის შეუძლებელია. ასეთია ილია ზდანევიჩის დრამების პოეტური სამყარო.
მიხაილ ლე დანტიუმ (1891-1917), ფრანგული წარმოშობის რუსმა ავანგარდისტმა მხატვარმა, დიდი როლი შეასრულა ძმები ზდნევიჩების ცხოვრებაში.სამწუხაროდ, ლე დანტიუს შემოქმედება ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. 1915 წელს ის I მსოფლიო ომში გაიწვიეს და 1917 წელს, დემობილიზებული, ფრონტიდან მომავალი მიხაილი, მატარებლის კატასტროფის დროს დაიღუპა.მათი ხანმოკლე მეგობრობა და შემოქმედებითი იდეების თანაგაზიარება მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ძმებისთვის. აკი, ლე დანტიუს შესახებ წინასწარმეტყველებასავით ჩაწერა კირილე ზდნევიჩმა თავის დღიურში: „ის ნიჭიერია და ჭკვიანი. ახალგაზრდა და მშვენივრად ხატავს… ნეტა მისი მეგობარი გავხდე… გუშინ ველაპარაკე მას, ის - ჭკვიანია, მშვენიერი.“ ლურჯი  დღიური. 1910-1915, 1912 წლის 26 იანვარი, კირილე ზდანევიჩი 1892-1969, ცხოვრება და შემოქმედება, თბილისი 2018.
ძმები ზდანევიჩებისა და ლე დანტიუს ბიოგრაფიებს ერთი გამორჩეული ფაქტი აერთიანებს - ფიროსმანის ხელოვნების აღმოჩენა. გარდა ამისა, მათ ახლო მეგობრობა და აქტიური შემოქმედებითი ურთიერთობაც აკავშირებდათ. ალბათ, ამანაც განაპირობა ილია ზდანევიჩის ხელოვნებაში ლე დანტიუს მხატვრული გმირის განსაკუთრებული ადგილი. ილიაზდის მიერ 1923 წელს პარიზში გამოცემული წიგნი მთლიანად მიხაილ ლე დანტიუს ეძღვნება - „ლედანტიუ ფარამ“ (ლედანტიუ შუქურა).
წიგნში ავტორი იყენებს დიდი, პატარა, სწორი, ოდნავ წაქცეული და ამოყირავებული ნაბეჭდი ასოების კომბინაციებს. ზოგიერთ გვერდზე უზარმაზარი, სხვებისგან გამორჩეული ასოები, რომლებიც გეომეტრიული ფიგურებისა თუ სხვა ერთნაირი გამოსახულებების (მაგ., ვარსკვლავისებური, პეპლისმაგვარი, ჯვროვანი მოხაზულობები) გაერთიანებით იქმნება, ფურცლის კომპოზიციურ აქცენტებს ქმნის. ზოგან ასოთა დაჯგუფება იმგვარად ნაწილდება, რომ თავად ეს ჯგუფები იკითხება ასოებად, რომლებიც, იმავდროულად, გვერდის ესთეტიკურ ელემენტებად იქცევა.
ილიაზდის ზაუმური ენა „ლედნტიუ ფარამში“ კულმინაციას აღწევს, ის იმდენად არის დაწმენდილი მნიშვნელობებისგან და შორსაა მიამიტური მიმსგავსებისგან, რომ ძალიან ჭირს აზრების ამოკითხვა. ტექსტის პოეტური ჟღერადობა მხოლოდ რუსული ენის ფონეტიკურ მუსიკალობას ინარჩუნებს, მაგრამ ამ „დანგრეულ“ ვერბალურ პწკარებში მაინც გამოკრთება ილიაზდისთვის ასე საყვრელი სიტყვები, უმეტესად დამახინჯებული - მელნიკავაი, ზდანევიჩია ილიუ, ნივესტი... ერთგან მთელი ფრაზაც ამოიკითხება - ვაიმია ბოგა ასლა.ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ ნანა ყიფიანის ნაშრომი „მოგზაური ვირი“, გამოიფინა ციურიხში Speak, Lokal-ზე http://kunsthallezurich.ch/en/speak-lokal
ილია ზდანევიჩის პარიზში გამოცემული წიგნებიდან გამოვყოფთ „ბუსტროფედონი სარკეში“, რომელიც პოეტმა გარდაცვალებამდე 4 წლით ადრე, 1971 წელს დაბეჭდა. წიგნში შევიდა „ბუსტროფედონის ფორმით“ დაწერილი 10 ლექსი (ფრანგულ ენაზე). თითოეული ლექსი მიეძღვნა ილიზდისთვის გამორჩეულ და მნიშვნელოვან ადამიანებს, მათ შორის, მის ძმას - კირილეს, ნიკო ფიროსმანაშვილს, მიხაილ ლე დანტიუს და ა.შ. წერის აღნიშნული წესი, რომელიც გვხვდება ძველ ბერძნულ, ეტრუსკულ და ლათინურ დამწერლობებში, სადაც წერის მიმართულება ხაზების მიხედვით იცვლება - მარჯვნიდან მარცხნივ და მარცხნიდან მარჯვნივ, კარგად შეესაბამება ილია ზდანევიჩის ზაუმურ პოეზიას. როგორც ადრეც ვთქვი, სარკე, გაორება, უკურეფლექცია ზდანევიჩის ინსპირაციის წყარო იყო. აქ გვახსენდება გრიგოლ რობაქიძის წერილი ქართულ მოდერნიზმზე, როცა ის ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზიაზე წერს: „[პოეტი] აღფრთოვანებულია ყოფის „სარკისებური“ აღქმის შიშით, სადაც ყოველ საგანს თავისი ორეული აქვს და ყოველი ორეული თავის საგნობრივ სახეს ეძებს. ორეულისა და საგნის გადაკვეთის ხაზი - აი, ასტრალური ჭავლი გაფრინდაშვილის მხატვრული მსოფლაღქმისა. პოეტი დემონური ლოგიკით ყოველ საგანს გადააქცევს ორეულად და ყოველი ორეული მიჰყავს საგნობრივ განსახიერებამდე. მიიღება ჩრდილების რაღაც ნიღბები. პოეტი „აჩრდილების ქარავანის“ მზიურ ნისლში იძირება - და ლირიკული ყოფის ქვესკნელიდან ისმის მისი ყვირილის ყრუ გუგუნი.“ ძალიან ჰგავს აქ დახატული სამყარო ილიაზდის პოეტურ ხედვას. მისი ბუსტროფედონი სარკეში ხედავს თავის ანარეკლს, ამიტომ, უფრო მოზრდილი ასოებით მარცხნიდან მარჯვნივ ნაწერ ხაზებს უფრო მომცრო ზომის მარჯვნიდან მარცხნივ ნაწერი მოსდევს, რომელიც ზუსტად იმეორებს ზედა ხაზს, ოღონდ, სარკისებურად შეტრიალებულად.
ილიაზდი, გარდა იმ წარმოსახვითი სამყაროსი, სადაც ანარეკლების, უკურეფლექციებისა თუ რეალობისა და გამოსახულების „სიურრეალისტურ“ ერთობას ხატავს, პოეზიის საოცარ ფონეტიკურ ჟღერადობასაც ქმნის. წიგნის - „ბუსტროფედონი სარკეში“ ილუსტრაციები დადაისტ მხატვარსა და მწერალ ჟორჟ რიბმონ-დესენს ეკუთვნის. მისი ოფორტები ილიაზდის ზე-რეალისტურ აბსურდულ პოეტურ სამყაროს შეესაბამება და თავად მხატვრის დადაისტურ ხედვებსაც გვაჩვენებს. ფაქიზი, წვრილი ხაზებით შესრულებული კომპოზიციები შეუსაბამო საგანთა ერთობლიობას წარმოგვიდგენს: თევზები, ნავი, ჭიამაიები, გველები, ხის ტანიდან ამოზრდილი ადამიანის თავები, კარტი და განგმირული გულები... თითქოს სიზმრისეული წარმოსახვის ხილულ სახეებს ქმნის. ფონეტიკური ჟღერადობა, მხატვრული ენის გაბედულება, გრაფიკული გაფორმება ქმნის წიგნს, რომელიც ილიაზდის ავანგარდული შემოქმედების ერთ-ერთი შედევრია.
ასეთია მოკლე მიმოხილვა ძმები ზდანევიჩების შემოქმედებისა, რომელთაც უდიდესი ღვაწლი გასწიეს თბილისური ავანგარდის და, კონკრეტულად, ავანგარდული წიგნის ხელოვნების განვითარების საქმეში.

ნანახია: 1960-ჯერ  
Copyright © 2010 http://gch-centre.ge
Contact information: (+995 32)931338, (+995 32)931538, e-mail: research@gch-centre.ge
Designed and Developed By David Elbakidze-Machavariani